ძვლოვანი წანაზარდები

გააზიარე:

სათაურის წაკითხვისას ალბათ უხეში, წამახული სტრუქტურები წარმოგიდგათ თვალწინ. სინამდვილეში ძვლოვანი წანაზარდი დამატებითი ძვლოვანი ქსოვილისგან შექმნილი გლუვი, მკვრივი გამობერილობაა, რომელიც ძვლის დაბოლოებაზე ფორმირდება და უმეტესად უწყინარია.

ძვლოვანი წანაზარდები ყველაზე ხშირად ოსტეოართრიტს ახლავს თან. ის არც მოცეკვავეებისთვის არის უცხო, განსაკუთრებით – ბალერინებისთვის, რომელთა ტერფებსაც უდიდესი ჯაფა ადგას.

წანაზარდი ნებისმიერ ძვალზე შეიძლება გაჩნდეს, თუმცა უმეტესად კისრის ან წელის მალებზე, მხრის, მუხლის, ტერფის ძვლებზე, თითების ფალანგებზე წარმოიქმნება. მედიცინაში ძვლოვან წანაზარდებს ოსტეოფიტების სახელითაც იცნობენ.

როგორ ვლინდება

საბედნიეროდ, ოსტეოფიტი ყოველთვის შემაწუხებელი და მტკივნეული არ არის, ზოგიერთი მას ვერც კი ამჩნევს. პრობლემები მაშინ იჩენს თავს, თუ წანაზარდმა დაიწყო სხვა ძვალზე ან ქსოვილზე ხახუნი, შებოჭა მოძრაობა, მიაწვა მეზობელ ნერვებს.

იმის მიხედვით, სად განვითარდება ძვლოვანი წანაზარდები, სიმპტომებიც სხვადასხვანაირია. მაგალითად, ხერხემლის ოსტეოფიტები მეზობელ ნერვებზე ზეწოლის გამო იწვევს ზურგის ტკივილს და შებოჭილობას, ნემსის ჩხვლეტის შეგრძნებას, დაბუჟებას. მხრის ძვალზე განვითარებული წანაზარდები ზოგჯერ ზღუდავს მყესებისა და იოგებისთვის განკუთვნილ სივრცეს და მყესის ანთებას და მხრის მაბრუნებელი კუნთებისა და მყესების გაგლეჯას განაპირობებს. თეძოსა და მუხლის ოსტეიფიტები ამცირებს მოძრაობის დიაპაზონს და არცთუ იშვიათად მტკივნეულ ართრიტთან ასოცირდება, ზღუდავს ფეხის მოხრას და გაშლას, თითის ფალანგებზე არსებული წანაზარდები კი შეშუპებას იწვევს.

ძვლოვანი წანაზარდი შესაძლოა გატყდეს და შეეწებოს სახსრის ამომფენ გარსს. ამ შემთხვევაში ის იქცევა თავისუფალ სხეულად, რომელიც სახსარს კეტავს და მოძრაობაში ხელს უშლის.

ძვლოვანი წანაზარდები უმეტესად 60 წელს გადაცილებულ ადამიანებთან გვხვდება, თუმცა ახალგაზრდებთანაც აღირიცხება.

რა იწვევს

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ძვლოვანი წანაზარდების განვითარება უფრო მეტად მაშინაა მოსალოდნელი, როდესაც სახსრები დაზიანებულია ართრიტის გამო. ოსტეოართრიტი აზიანებს ხრტილებს – ძლიერი, დრეკადი შემაერთებელი ქსოვილის გარსებს, რომლებიც იცავს სახსრებსა და ძვლებს და სახსრების თავისუფალ მოძრაობას უზრუნველყოფს. უმეტესად მუხლის, თეძოს, ხერხემლის მალების, მტევნებისა და ტერფების წვრილი სახსრები ზიანდება. როდესაც სახსრების დაზიანება მზარდია, ჩნდება სახსრების ირგვლივ ახალი ძვლის განვითარების ალბათობა. სწორედ ეს ახალი ძვლოვანი წარმონაქმნებია ოსტეოფიტები.

ოსტეოფიტები შეიძლება ხერხემალში მაანკილოზებელი სპონტილოართრიტის შედეგადაც ჩამოყალიბდეს – ართრიტის ეს ტიპი გამორჩეულად აზიანებს ხერხემალს. ძვლოვანი წანაზარდების განვითარება რევმატოიდული ართრიტის, სისტემური წითელი მგლურას და პოდაგრას დროსაც შეინიშნება.

ზოგჯერ წანაზარდების გაჩენის მიზეზად იქცევა ხერხემლის ძვლებისა და სახსრების ამორტიზაციის დაქვეითება ასაკის მატებასთან ერთად, სახსრის ან მყესის დაზიანება. ოსტეოფიტების განვითარებას შესაძლოა წინ უძღვოდეს ხანგრძლივი ძლიერი დატვირთვაც, მაგალითად, ისეთი, როგორიც აქვთ პროფესიონალ მორბენლებს ან მოცეკვავეებს.

დიაგნოზი

ძვლოვანი წანაზარდების დიაგნოზი ეფუძნება სახსრების მოძრაობის დიაპაზონისა და კუნთების ძალის შეფასებას. პაციენტის სამედიცინო ისტორიასაც ექცევა ყურადღება. რენტგენოლოგიური კვლევით ნახულობენ ართრიტს, ოსტეოფიტებს.

იოგებისა თუ მყესების დაზიანების, გაგლეჯის შესაფასებლად მაგნიტურ-რეზონანსულ გამომსახველობით კვლევას ენიჭება უპირატესობა.

ელექტროგადაცემის ტესტებით ადგენენ, რამდენად სწრაფად გზავნის ნერვები ელექტრულ სიგნალებს. ამგვარად ფასდება ხერხემლის არხიდან გამომავალი ნერვების დაზიანება, რომელიც ოსტეოფიტს შეეძლო გამოეწვია. 

მკურნალობა

როგორც აღვნიშნეთ, ოსტეოფიტები ტკივილს იშვიათად იწვევს. ტკივილის შემთხვევაში ექიმი გამოწერს ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს, რომლებიც შეშუპებას და ანთებას აცხრობს. ჭარბი წონის თანხლებისას მოწოდებულია წონის დაკლება სახსრების დატვირთვის შესამცირებლად. ზოგჯერ საჭიროა ფიზიოთერაპევტის დახმარება, რომელიც ვარჯიშების კომპლექსით პრობლემური ზონის ირგვლივ არსებულ კუნთებს გააძლიერებს და მოძრაობის დიაპაზონს გაფართოებს.

თუ ასეთი მკურნალობა უეფექტო აღმოჩნდა და მოძრაობა შეზღუდული დარჩა, დაისმის ქირურგიული ჩარევის საკითხი. ოპერაცია შესაძლოა დამხმარე მეთოდი იყოს ოსტეოართრიტის დროს, თუ  დაზიანებულია თეძოს, მუხლების ან განსაკუთრებით მტევნის ცერა თითის ფუძის სახსრები. ოსტეოფიტების ქირურგიული მოცილების აუცილებლობა, წესისამებრ, დღის წესრიგში არ დგას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დაზიანებულია ნერვები ან შეზღუდულია სახსრის მოძრაობის დიაპაზონი, რაც ცხოვრების ხარისხს მკვეთრად აქვეითებს.

პრევენცია

ძვლოვან წანაზარდებს თავიდან ვერ აიცილებთ, თუ ისინი ართრიტის გამო განვითარებული ბუნებრივი ცვეთის შედეგია. თუმცა შესაძლებელია სხვა მიზეზებით გამოწვეული ძვლოვანი წანაზარდის განვითარების შეფერხება. ამისთვის:

*ატარეთ ფეხსაცმელი, რომელსაც ექნება ტერფის დიდი თითისთვის საკმარისი სივრცე, კარგი თაღი და სათანადო ამორტიზაცია. მიაქციეთ ყურადღება, რომ ფეხსაცმელი სიარულის დროს არ ეხახუნებოდეს ტერფს. ჩაიცვით შესაფერისი წინდები.

*ძვლების დასაცავად და გასამაგრებლად მიიღეთ კალციუმით მდიდარი საკვები და საკმარისი რაოდენობის D ვიტამინი. აქვე შეგახსენებთ, რომ კალციუმით მდიდარია რძის ნაწარმი, მწვანეფოთლოვანი ბოსტნეული, ნუში.

*ძვლების სიმტკიცის შესანარჩუნებლად რეგულარულად იმოძრავეთ, მაგალითად, იარეთ ფეხით, კიბით. ეცადეთ, მოიცილოთ ჭარბი კილოგრამები.

*ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვთ შესაძლებელია ისეთი სიმპტომების გადავადება, როგორიცაა ტკივილი, სახსრების შებოჭილობა და მოძრაობის შეზღუდვა.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: