პერფექციონიზმი

გააზიარე:

ადამიანი, რომელიც განუწყვეტლივ სრულყოფილებას ეძიებს, პერფექციონისტია. სრულყოფილებისკენ სწრაფვისას ის ცდილობს, აკონტროლოს სიტუაცია და ამისთვის უამრავ ძალისხმევას ხარჯავს, ხშირად აკრიტიკებს საკუთარ თავს ან სხვებს.

პერფექციონიზმი ორგვარია: საკუთარი თავისკენ მიმართული და სხვისკენ მიმართული. საკუთარი თავისკენ მიმართული პერფექციონიზმი ნიშნავს, რომ ჩვენს თავს არარეალისტურ მოთხოვნებს ვუყენებთ, ვცდილობთ, საუკეთესოები ვიყოთ. სხვაზე ორიენტირებული პერფექციონიზმი სხვის მიმართ არარეალისტურ მოლოდინებს გულისხმობს. საბოლოოდ ერთიც მიუღწეველია და მეორეც.

მინახავს ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავსაც შეუძლებელს სთხოვენ და სხვასაც და თავს იმით იმართლებენ, რომ რაკი საკუთარ თავს მაღალ სტანდარტებს უწესებენ, აქვთ მორალური უფლება, სხვისგანაც იმავეს მოითხოვდნენ.

პერფექციონიზმს მრავალი მიზეზი აქვს. მაგალითად, შეიძლება გვეშინოდეს მარცხის, გაკიცხვის, გვინდოდეს ქების დამსახურება... პერფექციონიზმის ჩამოყალიბებაში დიდ როლს ასრულებს სოციალური ფაქტორებიც, რადგან პერფექციონიზმის დონე კულტურიდან კულტურამდე და ოჯახიდან ოჯახამდე განსხვავებულია. ისიც აღსანიშნავია, რომ ბოლო ხანს ახალგაზრდებში შესამჩნევად მომძლავრდა პერფექციონიზმის ტენდენციები _ ეს ალბათ იმ მუდმივი შეჯიბრების ბრალია, რომლისკენაც სოციალური მედია გვიბიძგებს.

პერფექციონისტები შეუძლებელ, აუსრულებელ მოლოდინებს იქმნიან, რის გამოც ყოველ შეცდომასა და მარცხს ძალიან განიცდიან. პერფექციონიზმის მთავარი პრობლემა პარადოქსულია _ პერფექციონისტი სინამდვილეში გაცილებით ნაკლებს აღწევს, ვიდრე ადამიანი, რომელიც მარცხისადმი ღიაა. შეცდომების გაზვიადებული შიში პერფექციონისტს კვლევისა და მრავალჯერ ცდის საშუალებას არ აძლევს. მან შესაძლოა დიდხანს არ დაიწყოს რთული პროექტი, რადგან ეშინია, რომ არ გამოუვა. პერფექციონისტი ეძიებს ქებას, მაგრამ ბოლომდე არასოდეს სჯერა დადებითი უკუკავშირის, არ ენდობა კომპლიმენტებს, ვერ ტკბება მიღწევებით.

რთულ შემთხვევებში სრულყოფილების მუდმივ დევნას უარყოფითი შედეგები მოჰყვება: საქმის უსასრულოდ გადადება, სირთულეებისთვის თავის არიდება, განწყობა „ყველაფერი ან არაფერი“ (ან კარგად გავაკეთებ, ან სულ არ გავაკეთებ), ტოქსიკური შედარებები, შემოქმედებითობის კრიზისი.

პერფექციონიზმის უკან დგას მარცხის შიში, საკუთარი თავის მიუღებლობა, დაბალი თვითშეფასება. ის ხშირად ტრავმული გამოცდილების შედეგია. მაგალითად, შეიძლება ახასიათებდეს ადამიანს, რომელსაც ბავშვობაში მშობლები არასოდეს აქებდნენ, არ უფასებდნენ ძალისხმევას. ამიტომ ის გამუდმებით ცდილობს, დაიმსახუროს სიყვარული, დაიმსახუროს მოწონება, მაშინაც კი, როდესაც იზრდება და ამისი საჭიროება აღარ აქვს.

პერფექციონისტს უპირობო სიყვარულის არ სჯერა და მუდამ ეშინია, რომ თუ შეეშალა, გაკიცხავენ, მიატოვებენ. იმდენად ეშინია, რომ შეიძლება საერთოდ არ მოჰკიდოს საქმეს ხელი, თუ თავის შესაძლებლობებში დაეჭვდა.

ამიტომაც არის, რომ პერფექციონიზმს ხშირად თან ახლავს დეპრესია, შფოთვა, კვებითი აშლილობები და ობსესიურ-კომპულსიური სიმპტომები.

როგორ მივხვდეთ, რომ პერფექციონისტი ვართ?

ერთი შეხედვით, პერფექციონისტი ძალიან ჰგავს უბრალოდ წარმატებაზე ორიენტირებულ ადამიანს, მაგრამ არსებობს რამდენიმე ნიშანი, რომლებიც მათ გამოარჩევს:

* „ყველაფერი ან არაფერი“ _ ისევე, როგორც წარმატებაზე ორიენტირებული სხვა ადამიანები, პერფექციონისტები ისახავენ საინტერესო მიზნებს და ბევრს მუშაობენ მათ მისაღწევად, თუმცა ნორმალური და მოსალოდნელია, ყველა მიზანს ვერ მიაღწიონ, ან ნაწილობრივ მიაღწიონ. ადამიანი, რომელიც წარმატებაზეა ორიენტირებული, კმაყოფილდება კარგი შედეგით და აფასებს იმ ძალისხმევას, რომელიც მუშაობის პროცესში გაიღო. პერფექციონისტს კი არ აკმაყოფილებს ნაწილობრივ მიღწეული, არ აფასებს დაბრკოლებების გადასალახავად დახარჯულ ენერგიას, ვერ აცნობიერებს, რომ ხანდახან ყველაფერი ისე არ გამოდის, როგორც ჩავიფიქრეთ _ მისთვის ეს ნიშნავს, რომ საერთოდ არ გამოდის. პერფექციონისტი თითქმის არასოდეს არის კმაყოფილი, რადგან თითქმის ვერასოდეს ახერხებს დასახული მიზნების სრულყოფილად მიღწევას _ მას უბრალოდ არარეალისტური მოლოდინი აქვს.

* კრიტიკულობა _ პერფექციონისტები მუდამ საკუთარი თავის ან სხვების კრიტიკაში არიან. ადამიანი, რომელიც ბევრს მუშაობს და თავს არ ზოგავს, ამაყობს თავისი მიღწევებით. პერფექციონისტი კი, როგოც წესი, მხოლოდ შეცდომებს ამჩნევს, მხოლოდ ნეგატივზე კონცენტრირდება. ის ძალიან მკაცრად განსჯის საკუთარ თავსაც და სხვებსაც.

* შიში _ როდესაც ადამიანი მიზნებს ისახავს და მათ მიღწევას ცდილობს, მას თავად ეს მიზნები იზიდავს. მას ახარებს სასურველი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, სიამოვნებს მთელი პროცესი და ბედნიერია, როდესაც მიზანს აღწევს. პერფექციონიტის მოტივაცია სიხარული არ არის, შიშია. მას ხელის მოცარვის ეშინია და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მარცხი არ განიცადოს.

* არარეალისტური სტანდარტები _ პერფექციონისტის მიზნები ხშირად მიუღწეველია, რადგან ის სრულყოფილებას ეძებს, რაც, თავისთავად, შეუძლებელია. სამყარო არ არის სრულყოფილი და სწორედ ამაშია მისი ხიბლი.

* შედეგზე ორიენტირებული აზროვნება _ პერფექციონისტი მხოლოდ შედეგზე ფიქრობს და უგულებელყოფს იმ გზას, რომელიც უნდა გაიაროს. მას არ უხარია პატარა მიღწევები, სიამოვნებას არ ანიჭებს კეთების პროცესი. მას მხოლოდ შედეგი სჭირდება.

* შფოთვა _ პერფექციონისტი, საზოგადოდ, მშფოთვარე ადამიანია. მას უჭირს დაცემის შემდეგ ფეხზე წამოდგომა, რადგან ძალიან განიცდის თავად დაცემის ფაქტს. ის მუდამ ნეგატივზეა კონცენტრირებული, არ ძალუძს, გაწყვიტოს ემოციური კავშირი მიუღწეველ მიზანთან და ახალზე გადაერთოს.

* მარცხის შიში _ პერფექციონისტი ერთგვარ ნეგატიურ ციკლში ცხოვრობს: მას სურს სრულყოფილება, რადგან ეშინია მარცხის და, ამავე დროს, სრულყოფილების გარდა ყველაფერს მარცხად მიიჩნევს. ამის გამო ცხოვრების უმეტესს ნაწილს ის უკმაყოფილებასა და სტრესში ატარებს.

* საქმის გადადება _ ერთი შეხედვით, უცნაურია, რომ პერფექციონისტები დროულად არ იწყებენ საქმეს, რადგან ეს პროდუქტიული არ არის (შესაბამისად, ზრდის მარცხის შანსს), მაგრამ პერფექციონიზმი და საქმის გადადება ურთიერთგადაჯაჭვული მოვლენებია. საქმე ის არის, რომ პერფექციონისტმა შესაძლოა წინასწარ იმდენი იშფოთოს შესაძლო მარცხზე, შფოთვამ გააშეშოს და საქმის დაწყება ვერ შეძლოს. რაც უფრო აგვიანებს პერფექციონსიტი საქმის დაწყებას, მით უფრო შფოთავს, რომ არ გამოუვა, და რაც უფრო შფოთავს, მით უფრო ვერ იწყებს, რაც ხშირად იმით მთავრდება, რომ საერთოდ არ ჰკიდებს ხელს საქმეს.

* თავდაცვა _ ვინაიდან მარცხის განცდა ასეთი მტკივნეულია, პერფექციონისტს უჭირს კრიტიკის მოსმენა. ის მყისვე თავდაცვაზე გადადის.

* დაბალი თვითშეფასება _ პერფექციონისტებს დაბალი თვითშეფასება აქვთ. ისინი მუდამ საკუთარი თავის კრიტიკით არიან დაკავებულები. თვითკრიტიკულობის გამო ისინი შესაძლოა დისტანცირდნენ სხვებისგან, რაც კიდევ უფრო აქვეითებს მათ თვითშეფასებას.

საბოლოო ჯამში, პერფექციონისტები ისე ეფექტიანად ვერ მუშაობენ, როგორც უბრალოდ წარმატებული და მიზანდასახული ადამიანები და ვერც კმაყოფილებას განიცდიან. ისინი ხშირად ებმებიან სხვადასხვა უარყოფით ციკლში, როდესაც ერთი ქმედება მეორეს განაპირობებს, მესამე კი _ ისევ პირველს, როგორც ეს საქმის გადადებისა და მარცხის შიშის დროს ხდება. პერფექციონიზმი ყოველთვის დაკავშირებულია ძლიერ შფოთვასთან, სამყაროს კონტროლის სურვილთან, შეცდომების მიუტევებლობასთან, განკიცხვასა და მიუღებლობასთან.

პერფექციონიზმთან ბრძოლა საკმაოდ რთულია, რადგან მას, როგორც წესი, ტრავმული გამოცდილება უდევს საფუძვლად, რომელთან მუშაობაც ბევრ დროს, დისკომფორტის განცდას და გადალახვას მოითხოვს. ამ დროს თერაპევტის უპირველესი ამოცანა იმ პროცესის ნორმალიზებაა, რომელსაც პერფექციონისტი გადის _ იმის გააზრებაში დახმარება, რომ ყველაფერი მაშინვე არ გამოუვა, რომ პერფექციონიზმს ერთბაშად ვერ მოერევა, რომ არ უნდა ეცადოს კარგი კლიენტის როლის თამაშს, "სწორი" პასუხების გაცემას, იყოს ის, ვინც არის და საკუთარ შეცდომებზე ისწავლოს. პერფექციონისტი ნელ-ნელა გაიაზრებს, რომ საკუთარი თავის სიყვარული უპირობოა _ ჩვენ იმიტომ კი არ გვიყვარს ჩვენი თავი, რომ დავიმსახურეთ, არამედ უბრალოდ გვიყვარს. ისეთი, როგორიც ვართ, არასრულყოფილი.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: