რას ავრცელებენ ცხოველები

გააზიარე:

ძაღლები

კატები

ზაზუნები, კურდღლები და სხვები

ფრინველები

რეპტილიები და ამფიბიები

ფერმის ცხოველები

დაავადებები, რომლებსაც ცხოველები ავრცელებენ

 

 

უამრავ ოჯახს ჰყავს ძაღლი, კატა, ზაზუნა, თუთიყუში... შინაურ ცხოველებს ადამიანები ოჯახის სრულფასოვან წევრებად აღიქვამენ, მათთან ურთიერთობა, მათი უპირობო სიყვარული ახარებთ. ცხოველებთან ერთად დროის გატარება, მათზე ზრუნვა ამცირებს სტრესს, აუმჯობესებს ჯანმრთელობას, ბავშვებს უვითარებს ემოციურ და სოციალურ უნარ-ჩვევებს. არსებობს არაერთი დაავადება, რომელთა მკურნალობაშიც შინაურ ცხოველებთან ურთიერთობა დადებით როლს ასრულებს. მაგრამ ცხოველებმა თვითონვე შეიძლება გაავრცელონ დაავადების გამომწვევი მიკრობები და ადამიანი დააავადონ.

საფრთხე რომ შევამციროთ, მეტი უნდა ვიცოდეთ როგორც თავად ამ დაავადებების, ისე მათი პრევენციის შესახებ. ეს ჩვენც და ჩვენს ცხოველებსაც ჯანმრთელობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება.

თავდაპირველად გავიგოთ, რომელი ცხოველი რა დაავადების წყაროდ შეიძლება მოგვევლინოს და ქცევის რომელი წესები დავიცვათ მათთან ურთიერთობისას.

ძაღლები

ძაღლისა და ადამიანის მეგობრობას დიდი ხნის ისტორია აქვს. ამ ცხოველთან ურთიერთობა ხელს უწყობს ბავშვის სოციალურ, ემოციურ და კოგნიტიურ განვითარებას, უბიძგებს ადამიანს ცხოვრების აქტიური წესისკენ. ძაღლი კომპანიონობას უწევს პატრონს, გრძნობს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ეხმარება სტრესისა და შფოთვის მოხსნაში.

მიუხედავად ამისა, უნდა ვიცოდეთ, რომ ნებისმიერი ასაკის ძაღლი შეიძლება მავნე მიკრობების გადამტანი იყოს.

იმ დაავადებების ჩამონათვალი, რომლებსაც ძაღლი ავრცელებს ასე გამოიყურება: ცოფი, ბრუცელოზი, სალმონელოზი, ექინოკოკოზი, ლამბლიოზი, ანკილოსტომოზი, ლეპტოსპიროზი, შავი ჭირი, კამპილობაქტერიოზი, კრიპტოსპორიდიოზი, დერმატოფიტოზი, ტოქსოკაროზი, ლაიმის დაავადება, ტულარემია, მეთიცილინრეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკით (MRSA) გამოწვეული ინფექცია.

ქცევის წესები

ძაღლების მიერ  გავრცელებული დაავადებებისგან თავის დაცვის ერთ-ერთი საუკეთესო გზაა ჰიგიენა და რუტინული ვეტერინარული ზრუნვა:

*დაიბანეთ ხელები საპნითა და გამდინარე წყლით ძაღლთან, მის ჭურჭელთან ან სათამაშოებთან, საკვებთან, ნერწყვთან ან განავალთან შეხების შემდეგ (თუნდაც განავალს სპეციალური ჩანთით იღებდეთ). აკონტროლეთ ბავშვის ჰიგიენაც, განსაკუთრებით _ ხელების ბანა ჭამის წინ. საპნითა და წყლით ხელების ბანა უმეტესად მიკრობებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა. თუ წყალი და საპონი მიუწვდომელია, შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელის სადეზინფექციო საშუალება, რომელიც შეიცავს, სულ მცირე, 60% ალკოჰოლს.

*ყოველთვის აიღეთ ძაღლის განავალი და ბიოდეგრადირებადი ცელოფნით ურნაში ჩააგდეთ. ეს ხელს შეუწყობს გარემოს სისუფთავის შენარჩუნებას და შეამცირებს ადამიანებსა და სხვა ცხოველებზე დაავადებების გავრცელების რისკს. განავალი საკუთარ ეზოშიც კი უნდა აიღოთ, განსაკუთრებით იმ ადგილებიდან, სადაც შეიძლება ბავშვებმა ითამაშონ.

*ეცადეთ, ძაღლმა არ დაგკაწროთ და არ დაგბინოთ _  ამ დროს თქვენს ორგანიზმში შესაძლოა ინფექციის გამომწვევი მიკრობები მოხვდეს. გაითვალისწინეთ, რომ ძაღლის მიერ დაკბენილი ხუთი ადამიანიდან ერთს სამედიცინო დახმარება სჭირდება. ნებისმიერმა ძაღლმა, რაც უნდა მშვიდი იყოს, შეიძლება გიკბინოთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ შეშინებულია, ჭამს, თამაშობს, იცავს სათამაშოებს ან ლეკვებს, თავს ცუდად გრძნობს და მარტო დარჩენა სურს. სტატისტიკის მიხედვით, ძაღლები უფრო ხშირად ბავშვებს კბენენ. ამიტომ ყურადღებით იყავით, როცა ბავშვი ძაღლს ეთამაშება.

კბენის რისკის შესამცირებლად:

* არ მიუახლოვდეთ უცხო ძაღლს.

* უნებართვოდ არ მოეფეროთ სხვის ძაღლს, რაც უნდა მეგობრულად გამოიყურებოდეს.

* უცხო ძაღლს საშუალება მიეცით, პირველი ის მოგიახლოვდეთ.

* როდესაც ძაღლი მოგიახლოვდებათ, იდექით მშვიდად.

* სანამ მის მოსაფერებლად ხელს გაიწვდიდეთ, დარწმუნდით, რომ ძაღლმა დაგინახათ და დაგყნოსათ.

* არ მისცეთ ბავშვს უმეთვალყურეოდ ძაღლთან (თუნდაც საკუთართან) თამაშის უფლება.

* არ შეაწუხოთ ძაღლი, როდესაც ჭამს, სძინავს ან ლეკვებთან არის.

* ნუ ეცდებით მის მოფერებას, თუ იმალება, შეშინებულია, გაბრაზებულია ან ავად არის.

* თუ ძაღლი თავს დაგესხათ, მოიხარეთ, ბურთივით დამრგვალდით, თავი ჩაღუნეთ, ყურები და ყელი ხელებით დაიფარეთ. შეგიძლიათ, თქვენსა და ძაღლს შორის რამე ჩადოთ, მაგალითად, ჩანთა ან ქურთუკი.

* არ გამოსცეთ ხმამაღალი ხმები, არ გაიქცეთ.

* ნუ ეცდებით მოჩხუბარი ძაღლების დაშლას.

* ნუ წაახალისებთ თქვენს ძაღლს აგრესიული ან უხეში თამაშისკენ.

თუ უცხო ძაღლი მოგიახლოვდათ, იდექით მშვიდად. ერიდეთ ძაღლთან თვალით პირდაპირ კონტაქტს. მტკიცე ხმით უთხარით: "არა!" ან "წადი სახლში!" სახით ძაღლისკენ, ტანით კი გვერდულად დადექით. ნელა ასწიეთ ხელები ყელისკენ იდაყვებით შიგნით, მოხარეთ და მიიკარით გულმკერდზე და დაელოდეთ ძაღლის წასვლას ან ნელა დაიხიეთ უკან.

 ***

კატები

გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ კატები აუმჯობესებენ პატრონის განწყობას, უზრუნველყოფენ ემოციურ მხარდაჭერას, ეხმარებიან სოციალიზაციაში ხანდაზმულებს, ფიზიკურად ან გონებრივად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. შეერთებულ შტატებში 40 მილიონ ოჯახს ჰყავს შინაური კატა. ისინი შესანიშნავ კომპანიონებად ითვლებიან, თუმცა, ისევე როგორც სხვა ცხოვლები, ზოგჯერ მავნე მიკრობებს ავრცელებენ.

კატებმა შეიძლება გაავრცელონ: ცოფი, კატის ნაკაწრის დაავადება, ტოქსოპლაზმოზი, კამპილობაქტერიოზი, კრიპტოსპორიდიოზი,  ლამბლიოზი,  ანკილოსტომოზი, მეთიცილინრეზისტენტული ოქროსფერი სტაფილოკოკით გამოწვეული ინფექცია, შავი ჭირი, დერმატოფიტოზი, ტოქსოკაროზი, სალმონელოზი, სპოროტრიქოზი, ლაიმის დაავადება, ტულარემია, ერლიქიოზი.

ქცევის წესები

დაიბანეთ ხელები საპნით და გამდინარე წყლით:

* კატის, მისი ჭურჭლის ან სხვა ნივთების შეხების შემდეგ;

*  კატის ნერწყვთან ან განავალთან შეხების, კატის ტუალეტის გაწმენდის შემდეგ (სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებმა და ორსულებმა კატის ტუალეტი არ უნდა გაასუფთაონ);

* მიწასთან შეხების შემდეგ, თუ ირგვლივ კატები ცხოვრობენ;

* ჭამის წინ.

თუ საპონსა და წყალზე ხელი არ მიგიწვდებათ, გამოიყენეთ ხელის სადეზინფექციო საშუალება, ხოლო ბაღში მუშაობისას ჩაიცვით ხელთათმანები.

ეცადეთ, კატამ არ დაგკაწროთ და არ დაგკბინოთ. მაგალითად, კატის ნაკაწრის დაავადება რომ განვითარდეს, კანის ზედაპირული ნაკაწრიც საკმარისია.

იფრთხილეთ უცხო კატასთან კონტაქტის დროს, თუნდაც ის მეგობრულად გამოიყურებოდეს. ერიდეთ კატებსა და კნუტებთან უხეშ თამაშს _ თქვენი უხეშობა მათ თავის დაცვას აიძულებს. თანაც კატა მით უფრო მძაფრად რეაგირებს, რაც უფრო ახალგაზრდაა. რეგულარულად დააჭერით ბრჭყალები. ბავშვები გააფრთხილეთ, რომ აუცილებლად გაცნობონ, თუ კატა დაკაწრავს ან უკბენს.

***

ზაზუნები, კურდღლები და სხვები

ბევრს ჰყავს შინ მღრღნელები და სხვა პატარა ძუძუმწოვრები: ზაზუნა, ზღვის გოჭი, ვირთხა, თაგვი, ზღარბი, კურდღელი. ამ ცხოველების მიერ გავრცელებულ დაავადებებს მიეკუთვნება: კამპილობაქტერიოზი, ლამბლიოზი, ლეპტოსპიროზი, ლიმფოციტური ქორიომენინგიტი, ვირთხის ნაკბენის ცხელება, დერმატოფიტოზი, სალმონელოზი, თუ ცხოველის სადგომი განთავსებულია ღია ცის ქვეშ ან ის კონტაქტშია ველურ ბუნებასთან, შესაძლოა ცოფიც გაავრცელოს.

ასეთი პატარა ცხოველების შინ ყოლა არ არის რეკომენდებული ორსულებისთვის _ არსებობს ლიმფოციტური ქორიომენინგიტის ვირუსით ინფიცირების რისკი.

რაც შეეხება უსაფრთხოების წესებს:

* თუ შეეხეთ ცხოველს ან მის რომელიმე ნივთს, ხელები  საპნითა და გამდინარე წყლით დაიბანეთ.

* ცხოველის საკვები და ნივთები სამზარეულოდან ან თქვენი საკვები მარაგებიდან შორს შეინახეთ.

* არ მისცეთ ცხოველს სახლში ან საცხოვრებელ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების ნება.

* არ აკოცოთ, არ ჩაიხუტოთ, არ დაიჭიროთ სახესთან ახლოს, არ მიაკაროთ ხელი ტუჩებს, თუ მანამდე ცხოველს შეეხეთ.

* ფრთხილად გაასუფთავეთ ცხოველის საცხოვრებელი.

* იქ, სადაც საკვებს ამზადებთ, არასოდეს დაასუფთაოთ ცხოველის საცხოვრებელი ან აღჭურვილობა.

* თუ შესაძლებელია, გაწმინდეთ ცხოველების ნივთები სახლის გარეთ, ოღონდ  მოარიდეთ ბაღჩას, სასმელი წყლის წყაროს.

* თუ სახლის გარეთ გაწმენდა შეუძლებელია, გაწმინდეთ სამრეცხაოში ან სააბაზანოში და შემდეგ სათავსიც დაასუფთავეთ ან დეზინფექცია ჩაუტარეთ.

როგორ ავიცილოთ თავიდან ნაკბენები და ნაკაწრები

არ დაიჭიროთ პატარა ძუძუმწოვარი სახესთან ახლოს, არ აკოცოთ _ შესაძლოა შეშინდეს და თავის დასაცავად გიკბინოთ.

სანამ აიყვანთ, დარწმუნდით, რომ ცხოველმა დაგინახათ _ მოულოდნელი შეხებისას შეშინებულმა ცხოველმა შესაძლოა გიკბინოთ.

ფრთხილად იყავით უცნობ ცხოველებთან, თუნდაც მეგობრულად გამოიყურებოდნენ.

 ***

ფრინველები

ფრინველები საკმაოდ ჭკვიანი და მხიარული კომპანიონები არიან, მაგრამ მათაც შეიძლება დაავადებების გამომწვევი მიკრობებით დაგვასაჩუქრონ. მათ მიერ გავრცელებული დაავადებების სია ასე გამოიყურება: კრიპტოკოკოზი, ჰისტოპლაზმოზი, ფსიტაკოზი. 

ზოგიერთი ფრინველის ყოლა არ არის რეკომენდებული ოჯახისთვის, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ან  სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანები არიან.

დაავადებების თავიდან ასაცილებლად:

* ხელები კარგად დაიბანეთ საპნითა და წყლით, თუ შეეხეთ ფრინველს, მის სათამაშოებს, ჭურჭელს ან სხვა ნივთებს.

* გალიის ახლოს დადეთ ხელის სადეზინფექციო საშუალება, რათა გამოიყენონ სტუმრებმა და ბავშვებმა ფრინველებთან ურთიერთობის შემდეგ.

* შიშველი ხელებით ნუ აიღებთ ნაგავს გალიიდან.

* არ გარეცხოთ სამზარეულოში გალია, წყლისა და საკვების კონტეინერები _ ამან შესაძლოა საკვების ჯვარედინი დაბინძურება გამოიწვიოს.

მართალია, ფრინველებს კბილები არ აქვთ, მაგრამ ნისკარტითა და ბრჭყალებითაც საკმარისი ზიანის მიყენება შეუძლიათ. მიკრობები მსუბუქი ჩანისკარტებისა და დაკაწვრის შემთხვევაშიც კი შეიძლება გადმოგედოთ. თუ ჩიტმა დაგაკაწრათ ან ჩაგინისკარტათ, დაუყოვნებლივ ჩამოიბანეთ ჭრილობა საპნითა და წყლით.

 ***

ეზოს ფრინველები

თუ ქათმებს, იხვებს, ბატებს ან ინდაურებს ამრავლებთ, ისიც უნდა იცოდეთ, რომ მათ შეუძლიათ გაავრცელონ ფრინველის გრიპი, კამპილობაქტერიოზი, ნაწლავის ჩხირი, ჰისტოპლაზმოზი, სალმონელოზი.

როგორ ვიქცევით

ხელების საპნითა და გამდინარე წყლით დაბანა, რა თქმა უნდა, შინაურ ფრინველებთან ურთიერთობის შემდეგაც აუცილებელია. ხელები ასევე უნდა დაიბანოთ:

* კვერცხების შეგროვების შემდეგ;

* საკვების, წყლის კონტეინერისა და ფრინველისთვის გამოყენებული სხვა ნივთების დამუშავების შემდეგ;

* ფრინველის მახლობლად ყოფნის შემდეგ, თუნდაც თავად ფრინველს არ შეეხოთ.

აკონტროლეთ მცირეწლოვანი ბავშვების ჰიგიენა.

თუ საპონსა და წყალზე ხელი არ მიგიწვდებათ, გამოიყენეთ ხელის სადეზინფექციო საშუალება.

უსაფრთხოების მიზნით

არ აკოცოთ ფრინველს, არ ჩაეხუტოთ და ამის შემდეგ არ შეახოთ საკუთარ სახეს.

არ შემოუშვათ შინაური ფრინველი სახლში, განსაკუთრებით იმ ოთახებში, სადაც საკვები ან სასმელი მზადდება ან ინახება.

არ ჭამოთ და არ დალიოთ რამე ისეთ ადგილას, სადაც ფრინველი ცხოვრობს ან ტრიალებს.

გამოყავით ფეხსაცმელები, რომლებსაც მხოლოდ ფრინველის მოვლის დროს ჩაიცვამთ. შეინახეთ ისინი სახლის გარეთ.

გალია, საკვებისა და წყლის კონტეინერები გარეთ, ეზოშივე გარეცხეთ.

არ მისცეთ უფლება 5 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებს, ხელით შეეხონ  ფრინველს. მცირეწლოვანი ბავშვები უფრო ხშირად ავადდებიან სალმონელოზით, კამპილობაქტერიოზით, ნაწლავის ჩხირით გამოწვეული ინფექციით.

არ აჩუქოთ პატარა ბავშვებს წიწილა და იხვის ჭუკი.

კვერცხები

კვერცხის ნაჭუჭი შეიძლება დაბინძურებული იყოს სალმონელებით და სხვა მიკრობებით, ამიტომ ყოველთვის დაიბანეთ ხელები კვერცხებთან შეხების შემდეგ, ხშირად დაასუფთავეთ ფრინველების სადგომი, კვერცხები დიდხანს არ დატოვოთ საბუდარში.

  • გაბზარული და გატეხილი კვერცხები გადაყარეთ _ დაზიანებული ნაჭუჭიდან ბაქტერიები ადვილად ხვდებიან კვერცხში.
  • დასვრილი კვერცხები ფრთხილად გაიწმინდეთ ზუმფარის ქაღალდით, ფუნჯით ან ქსოვილით.
  • არ გარეცხოთ თბილი, ახალდადებული კვერცხები _ ცივი წყლით რეცხვისას ბაქტერიები შეიძლება მათში შეიჭრან.
  • შეგროვებული კვერცხები მაცივარში შეინახეთ _ უკეთაც შეინახება და ბაქტერიების ზრდაც შენელდება.
  • კვერცხი იქამდე ხარშეთ, სანამ გულიც და ცილაც არ გამაგრდება. უმმა და არასაკმარისად მოხარშულმა კვერცხმა შეიძლება სალმონელოზით დაგასაჩუქროთ.
  • ეცადეთ, ფრინველმა არ ჩაგინისკარტოთ და არ დაგკაწროთ.
  • ეზოს ფრინველებს კბილები არ აქვთ, მაგრამ ჩანისკარტება და ბრჭყალებით დაკაწვრა შეუძლიათ, ადამიანი კი ზედაპირული დაზიანების შემთხვევაშიც შეიძლება მიკრობებით დასნებოვდეს.
  • თუ ფრინველმა მაინც დაგკაწრათ ან ჩაგინისკარტათ, დაუყოვნებლივ მოიბანეთ ჭრილობა საპნითა და თბილი წყლით. თუ ჭრილობა სერიოზულია, მიმართეთ ექიმს.

***

რეპტილიები და ამფიბიები

ბევრს სახლში ჰყავს კუ, ხვლიკი, გველი, ბაყაყი, სალამანდრა... ყველაზე გავრცელებული მიკრობი, რომელსაც ქვეწარმავლები და ამფიბიები ავრცელებენ, სალმონელაა. ის ხშირად ბუდობს მათ საჭმლის მომნელებელ ტრაქტში. ადამიანი სალმონელათი შეიძლება დაავადდეს ცხოველთან ან მის საცხოვრებელ გარემოსთან (აკვარიუმი, წყლის ავზი) კონტაქტის გზით.

ჰიგიენის თაობაზე რეკომენდაციები იგივეა, რაც სხვა ცხოველებთან, 5 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებს კი ქვეწარმავლებსა და ამფიბიებთან შეხება საერთოდ არ უნდა ჰქონდეთ.

რეპტილიის ბინა სამზარეულოდან შორს უნდა იყოს.  არ მისცეთ ცხოველს საცხოვრებელ ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილების საშუალება. გამოიყენეთ სპეციალური კონტეინერი მისთვის გაყინული საკვების შესანახად და გასალღობად, ცხოველის საკვები ადამიანების საკვებისგან მოშორებით შეინახეთ.

მღრღნელებს, რომლებითაც რეპტილიებს კვებავენ, გაყინულებსაც კი შეუძლიათ საშიში მიკრობების გადატანა, ამიტომ ყოველთვის დაიბანეთ ხელები როგორც მღრღნელებთან, ისე მათთან შეხებაში მყოფ ნივთებთან კონტაქტის შემდეგ.

ცხოველის სადგომი და სხვა აღჭურვილობა გაასუფთავეთ სახლის გარეთ, ბაღჩისგან, საკვებისა და სასმელი წყლის რეზერვუარებისგან მოშორებით. თუ სახლის გარეთ გაწმენდა შეუძლებელია, გაწმინდეთ აბაზანაში და შემდეგ მას დეზინფექცია ჩაუტარეთ.

ჩაცალეთ ცხოველის კონტეინერი უნიტაზში და არა ნიჟარაში.

როგორ ავიცილოთ ნაკბენები და ნაკაწრები:

* არ აკოცოთ ცხოველს, არ დაიჭიროთ სახესთან ახლოს _ შეიძლება შეეშინდეთ და თავის დასაცავად გიკბინონ.

* სანამ ცხოველს ხელში აიყვანთ მას, დარწმუნდით, რომ მან დაგინახათ.

* რეპტილიას საკვებს ხელით ნუ მიაწვდით, გამოიყენეთ მაშა.

* ხშირად აიყვანეთ ხელში თქვენი ცხოველი, რათა ხელში ჭერას მიეჩვიოს. თუ მხოლოდ ჭამის დროა აიყვანთ, შესაძლოა, თქვენი ხელი საკვები ეგონოს.

 ***

ფერმის ცხოველები

დაავადებს ასევე ავრცელებენ ძროხა, ღორი, ცხვარი, თხა. ეს დაავადებებია ჯილეხი (ციმბირის წყლული), ბრუცელოზი, კამპილობაქტერიოზი, კრიპტოსპიროიდოზი, ნაწლავის ჩხირით გამოწვეული ინფექცია, ღორის გრიპი,  ლეპტოსპიროზი, ლისტერიოზი, მეთიცილინრეზსიტენტული სტაფილოკოკური ინფექცია, ქიუ ცხელება, ცოფი, დერმატოფიტოზი, სალმონელოზი.

როგორ ვიქცევით

რა თქმა უნდა, ვიბანთ ხელებს საპნითა და გამდინარე წყლით ცხოველებთან, მათ რძესთან, ნერწყვთან ან სხეულის სხვა სითხეებთან (მაგალითად, სამშობიარო წყლებთან) კონტაქტის, ცხოველების სადგომის, მათი საკვების, აღჭურვილობის დამუშავების შემდეგ.

ცხოველის ან მისი სადგომის მოვლა-დასუფთავებისას, ასევე მშობიარობაში დახმარებისას გეკეთოთ ნიღაბი, გეცვათ სპეციალური ხელთათმანები და ჩექმები.

თუ ღია ჭრილობა გაქვთ, კარგად დაიფარეთ.

არ დაუდგეთ ცხოველის უკან, არც უკნიდან მიუახლოვდეთ.

თუ ცხოველმა თავი ან ფეხი მოგარტყათ, მოშორდით რაც შეიძლება სწრაფად და მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, განსაკუთრებით მაშინ, თუ თავში მოგხვდათ.

თვალყური ადევნეთ ბავშვებს, როდესაც ისინი ფერმის ცხოველებთან არიან. გააფრთხილეთ, არ მოიკვნიტონ ფრჩხილები, პირში არ ჩაიდონ თითები.

არ შეიტანოთ საბავშვო ნივთები (სათამაშო, საწოვარა, ჭიქა, ბავშვის ბოთლი, ეტლი) ცხოველების ზონაში.

დაზიანების შემდეგ

მიკრობებით შეიძლება ზედაპირული დაზიანების შემთხვევაშიც კი დასნებოვნდეთ, ამიტომ ჭრილობას თუ ნაკაწრს აუცილებლად სჭირდება დამუშავება. თუ ჭრილობა პატარაა, კარგად ჩამოიბანეთ თბილი საპნიანი წყლით, წაისვით ანტიბიოტიკის შემცველი კრემი, ზემოდან დაიფარეთ სუფთა ბინტი.

ღრმა ჭრილობის შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, სისხლდენა უნდა შეაჩეროთ. დააწექით ჭრილობას სუფთა, მშრალი ქსოვილით და მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. თუ სისხლდენა ვერ შეაჩერეთ, გრძნობთ სისუსტეს ან გული მიგდით,  დაუყოვნებლივ დარეკეთ 112-ზე.

მიმართეთ სამედიცინო დახმარებას, თუ:

* ჭრილობა დიდი ან ღრმაა;

* ჭრილობა გაწითლდა, გაცხელდა, შეშუპდა, ტკივილმა მოიმატა, განსაკუთრებით მაშინ, თუ დაკბენილი პირი 5 წელზე უმცროსი ან 65 წელზე უფროსი ასაკისაა, ორსულია ან სუსტი იმუნური სისტემა აქვს;

* აგიწიათ სიცხემ;

* არ იცით, აცრილია თუ არა ცხოველი (ძაღლი, კატა) ცოფზე;

* ნაკბენი ღრმაა;

* ცხოველი შხამიანია ან გამოიმუშავებს ტოქსიკურ ნივთიერებებს;

* ცხოველი ავადმყოფს ჰგავს ან უჩვეულოდ იქცევა;

* ჭრილობა ან დაზიანება სერიოზულია (აღინიშნება უკონტროლო სისხლდენა, მოძრაობის შეუძლებლობა, ძლიერი ტკივილი, ჩანს კუნთი ან ძვალი, ნაკბენი სახსარზეა) ან ფიქრობთ, რომ საჭიროა ნაკერის დადება;

* ტეტანუსის ბოლო აცრიდან 5 წელზე მეტია გასული.

თუ ადამიანის კბენის შემდეგ ცხოველი ავად გახდა ან მოკვდა, აცნობეთ ვეტერინარს.

***

დაავადებები, რომლებსაც ცხოველები ავრცელებენ

იმ დაავადებებს შორის, რომლებიც შეიძლება ცხოველებისგან გადმოგვედოს, არის ვირუსულიც, ბაქტერიულიც, სოკოვანიც და პარაზიტულიც. მოკლედ განვიხილავთ რამდენიმე მათგანს, რომლებიც შედარებით ხშირი და საშიშია. საშიშროების თვალსაზრისით ამ დაავადებებს შორის ცოფი ლიდერობს.

ცოფი

ცოფი მომაკვდინებელი, მაგრამ პრევენციული ვირუსული დაავადებაა. ის ადამიანს ცოფიანი ცხოველისგან გადაედება, თუ მან დაკბინა ან დაკაწრა.

როგორ ვრცელდება

ადამიანი ცოფით უმეტესად ცოფიანი ცხოველის კბენის შედეგად ავადდება, იშვიათად – დაკაწვრის ან დაზიანებულ კანზე, თვალის, პირის, ცხვირის ლორწოვანზე მისი ნერწყვის მოხვედრის შედეგად. სხვა სახის კონტაქტი, მაგალითად, ცოფიანი ცხოველის მოფერება, მის სისხლთან, შარდთან ან განავალთან შეხება, სარისკოდ არ მიიჩნევა.

გამოშრობის, ასევე მზის სხივების ზემოქმედების შედეგად ცოფის ვირუსი დასნებოვნების უნარს კარგავს, ამიტომ თუ ვირუსის შემცველი მასალა მშრალია, ვირუსი შეიძლება არაგადამდებად ჩაითვალოს.

ცოფი მხოლოდ ძუძუმწოვრებს ემართებათ, ფრინველებისგან, ქვეწარმავლებისა და თევზებისგან ის არ გადმოგედებათ. მაგრამ ძუძუმწოვართაგან ნებისმიერი შეიძლება დაავადდეს ცოფით: ძაღლი, კატა, ძროხა, ცხენი, ბოცვერი, ენოტი, ღამურა, მელა... ამიტომ ნებისმიერ მათგანთან არასასურველი კონტაქტის (კბენის ან დაკაწვრის) შემთხვევაში უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან, რომელიც გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა ცოფის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება.

პრევენცია

ცოფის პოსტექსპოზიციური პროფილაქტიკა ადამიანის ცოფის იმუნოგლობულინისა და ცოფის საწინააღმდეგო ვაქცინის შეყვანას გულისხმობს. ვაქცინაცია ტარდება ცხოველთან საეჭვო კონტაქტის დღეს და შემდეგ კიდევ რამდენჯერმე. იმუნოგლობულინის საჭიროებას ექიმი განსაზღვრავს. თანამედროვე ვაქცინები ნაკლებ გვერდით რეაქციას იწვევს, ვიდრე ვაქცინები, რომლებსაც წინათ იყენებდნენ.

გახსოვდეთ: თუ ადამიანს ცოფი დაემართა, მისი მკურნალობა შეუძლებელია, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ცხოველთან საეჭვო კონტაქტის შემდეგ ვაქცინაციის დროულად დაწყება და მისი გრაფიკის ზედმიწევნით დაცვა.

 ***

ტოქსოპლაზმოზი

ტოქსოპლაზმოზი პარაზიტული დაავადებაა, მის გამომწვევ პარაზიტს ბევრი ატარებს, მაგრამ სიმპტომები ცოტას უვითარდება. ქალებისთვის, რომლებიც ორსულად არიან ან მოკლე ხანში აპირებენ დაორსულებას, ტოქსოპლაზმათი ინფიცირება საშიშია: შეუძლია გამოიწვიოს სპონტანური აბორტი, ნაყოფის ანომალია (მაგალითად, თავის არანორმალური გადიდება ან სიმცირე), თითქოსდა ჯანმრთელი ბავშვის გონებრივი ჩამორჩენილობა, კრუნჩხვები ან დაბრმავება ზრდასრულ ასაკში.

ჯანმრთელ ადამიანებთან ტოქსოპლაზმოზი მიმდინარეობს გრიპის მსგავსი სიმპტომებით: ლიმფური კვანძების მტკივნეულობით, კუნთების ტკივილით და სხვ., – რომლებიც კვირების ან თვეების განმავლობაში გრძელდება და შემდეგ გაივლის, მაგრამ პარაზიტი არააქტიურ მდგომარეობაში რჩება სხეულში და შესაძლოა ისევ გააქტიურდეს, თუ იმუნური სისტემა დასუსტდა.

ტოქსოპლაზმოზი ადამიანისგან ადამიანს არ გადაედება. გადადება შესაძლებელია მხოლოდ დედისგან ნაყოფზე (თანდაყოლილი შემთხვევები), სისხლის გადასხმისას ან ორგანოს გადანერგვისას.

ადამიანი ინფიცირდება არასაკმარისად მოხარშული დაბინძურებული ხორცის (განსაკუთრებით – ღორის, ცხვრისა და ძროხის) ან მოლუსკის (ხამანწკების, მიდიების) ჭამის, არაპასტერიზებული თხის რძის დალევის, კატის განავლიდან გამოყოფილი ტოქსოპლაზმის ოოცისტების შემთხვევით ჩაყლაპვის შედეგად, რაც მოსალოდნელია კატის განავლით დაბინძურებული ნივთის ან ნიადაგის შეხებისას, გაურეცხავი ხილ-ბოსტნეულის ჭამისას, დაბინძურებული წყლის დალევისას.

თავად კატები ინფიცირებული მღრღნელების, ფრინველების ან სხვა პატარა ცხოველების ჭამის შედეგად ინფიცირდებიან. დაავადებული კატა ინფიცირებიდან 3 კვირის განმავლობაში მილიონობით ოოცისტას გამოყოფს.

დაავადების არსებობას სისხლში სპეციალური იმუნოგლობულინების განსაზღვრით ადგენენ. ჯანმრთელი ადამიანების უმეტესობა ტოქსოპლაზმოზისგან თავისთავად გამოჯანმრთელდება.

 ***

ექინოკოკოზი

ექინოკოკს ლენტისებრი ჰელმინთი იწვევს. მისი ოთხი ფორმიდან ადამიანისთვის საშიშია ორი: ცისტური და ალვეოლური. საქართველოში უმეტესად ცისტური ექინოკოკი გვხვდება. მისი გადამტანები არიან ძაღლები, ცხვრები, თხები, ღორები, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი.

ადამიანებთან ექინოკოკოზი უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, წლების განმავლობაში ცისტები შეუმჩნევლად იზრდებიან ღვიძლში, ფილტვებსა და სხვა ორგანოებში. სიმპტომების გამოვლენის სიჩქარე, წესისამებრ, ცისტის მდებარეობაზეა დამოკიდებული. დიდი ცისტა იწვევს დისკომფორტს, ტკივილს, გულისრევას, ღებინებას, ტრავმის შედეგად შესაძლოა გასკდეს და ანაფილაქსიური რეაქცია გამოიწვიოს.

ცისტური ექინოკოკი ადამიანის ორგანიზმში უმეტესად ინფიცირებული ძაღლის ფეკალური მასით დაბინძურებულ ნიადაგთან კონტაქტის, ასეთივე წყლის ან საკვების მოხმარების შედეგად ხვდება. ექინოკოკის კვერცხები ერთ წლამდეა სიცოცხლისუნარიანი. დაავადება ყველაზე ხშირად მეცხვარეებს ემართებათ, რადგან ცხვარი პარაზიტის შუალედური მასპინძელია, ხოლო ძაღლებს მათი ნარჩენების ჭამის უფლებას აძლევენ.

ალვეოლური ექინოკოკი ძაღლებში, მელიებსა და კოიოტებშია გავრცელებული. ადამიანი კვერცხებით დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღების შედეგად ინფიცირდება. ალვეოლური ექინოკოკი ცისტას ახასიათებს მეზობელ ორგანოებში ჩაზრდა და როგორც ახლო, ისე შორს მდებარე ორგანოებში მეტასტაზირება. ის უფრო აგრესიულია, ვიდრე ცისტური ექინოკოკი.

დაავადების არსებობას ექოსკოპიის, კტ-ს ან მრტ-ს საშუალებით ადგენენ. წინათ ექინოკოკოზის მკურნალობის ერთადერთი გზა ქირურგიული ოპერაცია იყო. დღეს ცისტური ექინოკოკოზის სამკურნალოდ იყენებენ ქიმიოთერაპიას, ცისტის პუნქციას. ზოგიერთი უსიმპტომო, არააქტიური ცისტა თავისთავად, მკურნალობის გარეშეც ქრება.

ალვეოლური ექინოკოკოზი უფრო რთული სამკურნალოა, ვიდრე ცისტური და მოითხოვს რადიკალურ ქირურგიულ ჩარევას, ხანგრძლივ ქიმიოთერაპიას ან ორივეს ერთად.

*** 

სალმონელოზი

სალმონელა ბაქტერიაა, რომელიც ცხოველის ნაწლავში იბუდებს და ადამიანებსაც და ცხოველებსაც აავადებს. ამ მიკრობებს ბევრი ცხოველი ავრცელებს, ერთი შეხედვით ჯანსაღიც კი. ადამიანს სალმონელლა გადაედება ქათმისგან, იხვისგან, ბატისგან, ინდაურისგან, გარეული ფრინველებისგან, კუსგან, ხვლიკისგან, გველისგან, ბაყაყისგან, გომბეშოსგან, თაგვისგან, ვირთხისგან, ზაზუნასგან, ზღვის გოჭისგან, ზღარბისგან, თხისგან, ძროხისგან, ცხვრისგან, ღორისგან, მაგრამ სალმონელოზის ძირითად წყაროს მაინც ქვეწარმავლები, ამფიბიები და მღრღნელები წარმოადგენენ.

ცხოველი სალმონელათი დაბინძურებული საკვების საშუალებით ინფიცირდება ან დაბადებამდე იღებს დედისგან. ცხოველების უმეტესობა თავად არ ავადდება. მაგრამ განავალთან ერთად გამოყოფს სალმონელებს. ასე ხვდება მიკრობი მათ სხეულზე (ბეწვზე, ბუმბულზე, ქერცლზე) და საცხოვრებელ ადგილზე.

ცხოველს სალმონელოზი შესაძლოა დიარეით, ღებინებით ან სიცხით გამოუვლინდეს.

ადამიანი შესაძლოა სალმონელოზით დაავადდეს, თუ არ დაიბანა ხელები სალმონელას მატარებელ ცხოველთან ან მის ნივთებთან შეხების შემდეგ.

გასათვალისწინებელია, რომ სალმონელებით შესაძლოა დაბინძურებული იყოს ცხოველების წყალი და საჭმელი, აგრეთვე – სახლის კვერცხი.

სალმონელოზის განვითარების მეტი ალბათობა აქვთ 5 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვებს, 65 წელს გადაცილებულებს და დასუსტებული იმუნური სისტემის მქონე პირებს.

ადამიანებთან სალმონელოზი უმთავრესად ვლინდება დიარეით, რომელიც შეიძლება სისხლიანი იყოს, ცხელებით, მუცლის ტკივილით, გულისრევით, ღებინებით, თავის ტკივილით. სიმპტომები იწყება ინფიცირების შემდეგ 6 საათიდან 6 დღემდე ხანგრძლივობის პერიოდში და 4-7 დღე გრძელდება.

სალმონელოზის დიაგნოზს ადამიანის განავალში ან სხვა მასალაში სალმონელას ლაბორატორიული აღმოჩენის შემდეგ სვამენ. პაციენტთა უმეტესობა სპეციალური მკურნალობის გარეშე გამოჯანმრთელდება. ანტიბიოტიკებს მხოლოდ მძიმე შემთხვევებში იყენებენ. ავადმყოფმა უნდა სვას ბევრი სითხე, სანამ დიარეა აქვს. ზოგიერთ შემთხვევაში საჭიროა ჰოსპიტალიზაცია.

 ***

კატის ნაკაწრის დაავადება

კატის ნაკაწრის დაავადება ბაქტერიული ინფექციაა, რომელიც ადამიანს კატის ნაკბენიდან ან ნაკაწრიდან გადაედება. მას იწვევს ბაქტერია ბარტონელლა ჰენსელაე, რომელსაც სიცოცხლის განსაზღვრულ პერიოდში, უმთავრესად – ერთ წლამდე, ათიდან ოთხი კატა მაინც ატარებს. დაავადებას უმეტესად კნუტები ავრცელებენ, რადგან ინფიცირებულებიც ისინი არიან ყველაზე ხშირად და მეტადაც იკაწრებიან`იკბინებიან თამაშის დროს. თავად კატები რწყილებისგან ან სხვა ინფიცირებული კატებისგან ინფიცირდებიან.

დაკაწვრიდან ან დაკბენიდან 3-14 დღეში ნაკაწრის`ნაკბენის მიდამო შუპდება, წითლდება, კანის ზედაპირიდან წამოიწევს, ზოგჯერ ჩირქდება. ამას შესაძლოა დაერთოს ცხელება, თავის ტკივილი, უმადობა, დაღლილობა. მოგვიანებით ინფიცირებული ადგილის მახლობლად მდებარე ლიმფური კვანძები შუპდება, მგრძნობიარე ან მტკივნეული ხდება. სუსტი იმუნიტეტის მქონე პირებს შესაძლოა განუვითარდეთ თვალის, ღვიძლის, ელენთის, ტვინის, ძვლების ან გულის სარქველების ანთება.

კარგად ჩამოიბანეთ ნაკბენი`ნაკაწრი საპნითა და გამდინარე წყლით. არ მისცეთ კატას ჭრილობის ალოკვის უფლება. თუ კატის ნაკაწრის დაავადების სიმპტომები გამოგაჩნდათ, დაუკავშირდით ექიმს.

შემთხვევების უმეტესობა მკურნალობის გარეშე იკურნება, თუმცა ზოგიერთ პაციენტს შესაძლოა გართულებები განუვითარდეს.

ზოგჯერ ინიშნება ანტიბიოტიკი (აზითრომიცინი), რომელიც ლიმფური კვანძების დაპატარავებას აჩქარებს.

 ***

ბრუცელოზი

ბრუცელოზიც ბაქტერიებით გამოწვეული ინფექციური დაავადებაა. მას Bრუცელლა-ს გვარის ბაქტერია იწვევს. ადამიანი ავადდება ინფიცირებულ ცხოველთან ან ბაქტერიებით დაბინძურებულ ცხოველურ პროდუქტებთან კონტაქტის შედეგად. ინფიცირების ძირითადი წყაროა მსხვილი რქოსანი პირუტყვი, ცხვარი, თხა, ღორი, ძაღლი.

ბრუცელოზი ყველაზე ხშირად არასაკმარისად მოხარშული ხორცის ან უმი რძის ნაწარმის, მაგალითად, ყველის ჭამის შედეგად ვითარდება. ბაქტერია ადამიანის ორგანიზმში შესაძლოა დაზიანებული კანიდან ან ლორწოვანი გარსიდანაც მოხვდეს. ადამიანისგან ადამიანს ბრუცელოზი ძალიან იშვიათად გადაედება.

დაავადება ვლინდება ინფიცირების შემდეგ რამდენიმე დღიდან რამდენიმე თვემდე ხანგრძლივობის პერიოდში, უმეტესად – 2-4 კვირაში. საწყის ეტაპზე ახასიათებს ცხელება, ოფლიანობა, სისუსტე, წონის არანორმალური კლება, თავის, კუნთების, სახსრების, ზურგის ტკივილი, დაღლილობა.

ზოგიერთი სიმპტომი შესაძლოა გახანგრძლივდეს, ზოგი არც გაქრეს ან პერიოდულად გამეორდეს. მაგალითად, ცხელება, ართრიტი, სათესლე ჯირკვლისა და პარკის შეშუპება, ენდოკარდიტი, ნევროლოგიური სიმპტომები, ქრონიკული დაღლილობა, დეპრესია, ღვიძლის და`ან ელენთის შეშუპება.

გამოკვლევის მიზანია სისხლში, ძვლის ტვინში ან სხეულის სხვა სითხეებში ბაქტერიების ან სისხლში ბაქტერიების საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენა. დაავადების დადასტურების შემთხვევაში ინიშნება ანტიბიოტიკები.

მკურნალობის ხანგრძლივობისა და დაავადების სიმძიმის გათვალისწინებით, გამოჯანმრთელებას შესაძლოა რამდენიმე კვირიდან რამდენიმე თვემდეც კი დასჭირდეს.

 ***

კრიპტოსპორიდოზი

კრიპტოსპორიდოზი დაავადებაა, რომელიც წყლიან დიარეას იწვევს. მისი გამომწვევია მიკროსკოპული პარაზიტი ჩრყპტოსპორიდიუმ-ი, რომლის მრავალი სახეობა აინფიცირებს ცხოველებს, ზოგიერთი მათგანი კი – ადამიანსაც. პარაზიტი რამდენიმე გზით ვრცელდება, უმეტესად – წყლით. სუსტი იმუნური სისტემის მქონე პირებთან კრიპტოსპორიდოზი მძიმედ მიმდინარეობს.

დაავადება იწყება ინფიცირებიდან 2-10 დღეში. მისი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია წყლიანი დიარეა, მუცლის ტკივილი, გაუწყლოება, გულისრევა, ღებინება, ცხელება, წონის კლება. სიმპტომები 1-2 კვირა გრძელდება და ზოგჯერ მეორდება, ვიდრე ადამიანი ბოლომდე არ გამოჯანმრთელდება. ეს შესაძლოა 30 დღემდე ხანგრძლივობის პერიოდში მოხდეს.

კრიპტოსპორიდოზის დიაგნოზს განავლის ნიმუშების გამოკვლევით სვამენ, თუმცა პარაზიტის აღმოჩენა შესაძლოა გართულდეს. ჯანსაღი იმუნური სისტემის მქონე ადამიანების უმეტესობა მკურნალობის გარეშე გამოჯანმრთელდება.

დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად საჭიროა დიდი რაოდენობით სითხის მიღება.

 ***

დერმატოფიტოზი

დერმატოფიტოზი, იგივე ტინეა, მიკოზია – სოკოვანი დაავადება, რომელიც რგოლისმაგვარ წითელ გამონაყარს იწვევს. სახელს მას სხეულზე მდებარეობის მიხედვით არქმევენ, მაგალითად, ტერფის მიკოზს ათლეტის ტერფსაც უწოდებენ, არსებობს ასევე საზარდულის, სკალპის, წვერის, მტევნების, ფრჩხილების მიკოზი (ონიქომიკოზი). მათი გამოწვევა 40 მდე სახეობის სოკოს შეუძლია.

დერმატოფიტოზის ძირითადი სიმპტომებია ქავილი, ბეჭდის ფორმის გამონაყარი, კანის სიწითლე, აქერცვლა, დაშაშვრა, თმის ცვენა. ეს სიმპტომები ვლინდება გამომწვევთან კონტაქტიდან 4-დან 14 დღეში.

დერმატოფიტოზის გამომწვევი სოკო ადამიანს გადაედება:

1. ადამიანისგან, ამიტომ დაავადებულმა პირმა არ უნდა გაუზიაროს სხვას ტანსაცმელი, პირსახოცი, სავარცხელი და სხვა პირადი ნივთები;

2. დაავადებული ცხოველისგან: ძაღლისგან, კატისგან (განსაკუთრებით – კნუტებისა და ლეკვებისგან), ასევე – ძროხისგან, თხისგან, ღორისგან, ცხენისგან;

3. გარემოდან – სოკოები ბუდობენ სხვადსხვა ზედაპირზე, განსაკუთრებით – ნესტიან ადგილებში, მაგალითად, გასახდელებში, საშხაპეებში, ამიტომ ასეთ ადგილებში ფეხშიშველმა არ იაროთ.

სოკოს აღმოსაჩენად ფრჩხილის ან კანის ნიმუშს მიკროსკოპით შეისწავლიან. მკურნალობა დამოკიდებულია სხეულზე მდებარეობასა და გავრცელებაზე. ზოგიერთ შემთხვევაში საკმარისია სოკოს საწინააღმდეგო კრემის ან ლოსიონის გამოყენება 2-4 კვირის განმავლობაში, ზოგჯერ კი – სოკოს საწინააღმდეგო წამლის ხანგრძლივი მიღება.

 ***

კამპილობაქტერიოზი

კამპილობაქტერია ბაქტერიული დიარეის ერთ-ერთი ხშირი გამომწვევია. კამპილობაქტერიოზის შემთხვევათა უმეტესობა ზაფხულში ვითარდება.

დიარეა ხშირად სისხლიანია. მას ერთვის ცხელება და მუცლის ტკივილი, ზოგჯერ – გულისრევა და ღებინება. სიმპტომები იწყება ინფიცირებიდან ორ-ხუთ დღეში და დაახლოებით ერთი კვირა გრძელდება.

დაავადების გართულებებია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, დროებითი დამბლა და ართრიტი. სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებთან მან შესაძლოა სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია გამოიწვიოს.

ბევრ ფრინველსა და ცხოველს (ქათამს, ინდაურს, ძროხას) არ აქვს დაავადების ნიშნები, მაგრამ ბაქტერია მათ ნაწლავებში, ღვიძლში ან სხვა ორგანოებში ბუდობს. ასეთი ფრინველის ან ცხოველის დაკვლის დროს ბაქტერიები შესაძლოა მათი სხეულის სხვა ნაწილებზეც მოხვდეს. კამპილობაქტერია შესაძლოა აღმოჩნდეს რძეშიც, თუ ძროხას ჯიქანში აქვს ინფექცია ან რძეში ნაკელი მოხვდა. ფრინველის ან ცხოველის განავლის შემცველ ნიადაგთან ან წყალთან კონტაქტის შედეგად შესაძლოა დაბინძურდეს ხილი, ბოსტნეული; შესაძლოა, დაბინძურებული იყოს ტბები და სხვა წყლები.

ადამიანის დაავადებისთვის ძალიან ცოტა კამპილობაქტერიაა საჭირო. შესაძლოა, დაკლული ქათმის ერთი წვეთი სითხეც კი საკმარისი აღმოჩნდეს. თუმცა კამპილობაქტერიული ინფექცია უმეტესად მაშინ ვითარდება, როდესაც ადამიანი ჭამს ცუდად მოხარშულ ხორცს ან საკვებს, რომელსაც დაავადებული ფრინველი შეეხო.

ბაქტერია ასევე გადაეცემა ზღვის პროდუქტების, დაბინძურებული წყლის, ცხოველებთან კონტაქტის საშუალებით. ადამიანი შესაძლოა დაინფიცირდეს, თუ ისეთ დაფაზე დაჭრილი სალათა შეჭამა, რომელზეც მანამდე უმი ქათამი იდო. არც ძაღლის ან კატის განავალთან კონტაქტის შედეგად ინფიცირებაა გამორიცხული.

კამპილობაქტერიოზს მოგზაურთა დიარეასაც უწოდებენ, რადგან დაბალგანვითარებულ ქვეყნებშია გავრცელებული და იქ მოგზაურობისას მეტია ინფიცირების შანსი.

კამპილობაქტერიოზის დიაგნოზს განავალში, სხეულის ქსოვილებში ან სითხეებში ბაქტერიის აღმოჩენის საფუძველზე სვამენ. ადამიანების უმეტესობა თავისთავად გამოჯანმრთელდება, მხოლოდ დიარეის პერიოდში უნდა მიიღოს ბევრი სითხე, ზოგიერთს კი შესაძლოა ანტიბიოტიკოთერაპია დასჭირდეს.

*** 

ლეპტოსპიროზი

ლეპტოსპიროზი ბაქტერიული დაავადებაა, რომელსაც ლეპტოსპირას გვარის ბაქტერია იწვევს. ადამიანებთან ის მიმდინარეობს სიმპტომების ფართო სპექტრით, რომელთაგან ზოგიერთი სხვა დაავადებებისთვისაც არის დამახასიათებელი, თუმცა ზოგიერთ ინფიცირებულს შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეს სიმპტომები.

ლეპტოსპიროზის გამომწვევი ვრცელდება ინფიცირებული ცხოველების შარდით, რომელიც შეიძლება წყალში ან ნიადაგში მოხვდეს. ასეთ გარემოში ბაქტერია ხშირად თვეობითაც კი ძლებს. ლეპტოსპირას მატარებლები არიან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, ღორები, ცხენები, ძაღლები, მღრღნელები, გარეული ცხოველები.

ორგანიზმში ბაქტერია იჭრება კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან, განსაკუთრებით ადვილად – ჭრილობიდან და ნაკაწრიდან. ინფიცირება დაბინძურებული წყლის საშუალებითაც შესაძლებელია.

ლეპტოსპიროზის ნიშნებია მაღალი სიცხე, თავის ტკივილი, შემცივნება, კუნთების ტკივილი, ღებინება, სიყვითლე, თვალების სიწითლე, მუცლის ტკივილი, დიარეა, გამონაყარი.

ინფიცირებიდან დაავადების გამოვლენამდე 2 დღიდან 4 კვირამდე დრო გაივლის.

ლეპტოსპიროზი შესაძლოა ორ ფაზად გამოვლინდეს. პირველი ფაზისთვის დამახასიათებელია უეცრად განვითარებული ცხელება, შემცივნება, თავის ტკივილი, კუნთების ტკივილი. ამის შემდეგ პაციენტი ერთხანს თავს კარგად გრძნობს, მაგრამ შემდეგ იწყება მეორე ფაზა. ის უფრო მძიმეა: შესაძლოა განვითარდეს თირკმლის უკმარისობა, ღვიძლის უკმარისობა ან მენინგიტი.

დაავადება გრძელდება რამდენიმე დღიდან 3 კვირამდე ან მეტხანს. მკურნალობის გარეშე გამოჯანმრთელებას შესაძლოა რამდენიმე თვე დასჭირდეს

ლეპტოსპიროზს ანტიბიოტიკებით (დოქსიციკლინით, პენიცილინით) მკურნალობენ. ისინი დაავადების ადრეულ ეტაპზე უნდა დაინიშნოს, რადგან მკურნალობის გარეშე ლეპტოსპიროზმა შესაძლოა სერიოზული გართულებები და სიკვდილიც კი გამოიწვიოს.

*** 

ლისტერიოზი

ლისტერიოზი Lისტერია მონოცყტოგენეს-ით გამოწვეული ინფექციაა. ადამიანი ავადდება დაბინძურებული საკვების მიღების შედეგად. დაავადება უმეტესად ემართებათ ორსულებს, ახალშობილებს, ხანდაზმულებს და სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს.

ორსულებთან ის მსუბუქად მიმდინარეობს, ცხელებით და სხვა გრიპის მსგავსი სიმპტომებით (დაღლილობა, კუნთების ტკივილი), მაგრამ შეუძლია გამოიწვიოს სპონტანური აბორტი, მკვდრადშობადობა, ნაადრევი მშობიარობა ან ახალშობილის სიცოცხლისთვის საშიში ინფექცია.

სუსტი იმუნური სისტემის მქონე ადამიანებს ადვილად ემართებათ სეფსისი, მენინგიტი, ენცეფალიტი.

სხვა ნაწლავური ინფექციების მსგავსად, ლისტერიოზმა შესაძლოა გამოიწვიოს ცხელება და ფაღარათი. თუ ბაქტერია ნაწლავის მიღმა გავრცელდება, სიმპტომები საკმაოდ გვიან, ლისტერიით დაბინძურებული საკვების ჭამიდან 1-4 კვირის შემდეგ გამოვლინდება.

ლისტერიოზს ანტიბიოტიკებით მკურნალობა სჭირდება.

 ***

ჯილეხი

ჯილეხი, ციმბირის წყლული, მძიმე ინფექციური დაავადება, რომელსაც Bacillus anthracis-ი იწვევს. ეს ბაქტერია ბუნებრივად გვხვდება ნიადაგში. ადამიანი შესაძლოა დაავადდეს ინფიცირებულ ცხოველთან ან დაბინძურებულ ცხოველურ პროდუქტებთან კონტაქტის შედეგად.

დაავადების გამომწვევი ბაცილა სხეულში მოხვედრის შემდეგ მრავლდება, გამოიმუშვებს ტოქსინებს და მძიმე დაავადებას იწვევს. სპორები ორგანიზმში ხვდება შესუნთქვით, დაბინძურებული საკვების ან წყლის მიღებით, ჭრილობიდან ან ნაკაწრიდან. ცხოველებიც ამავე გზით ინფიცირდებიან.

ჯილეხი შეიძლება ჰქონდეს ძროხას, ცხვარს, თხას, ანტილოპას, ირემს.

არსებობს ჯილეხის რამდენიმე ტიპი. საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია კანის ჯილეხი, რომლის სიმპტომებია პატარა, მქავანა ბუშტუკების ან მუწუკების დაჯგუფება, მის გარშემო შეშუპება, ბუშტუკების ადგილას უმტკივნეულო შავი ცენტრის მქონე წყლულის წამოქმნა. წყლული ყველაზე ხშირად სახეზე, კისერზე, ხელებზე ჩნდება.

ჯილეხით დაავადებულს ანტიბიოტიკებით და ანტიტოქსინებით მკურნალობენ. რთული ფორმის დროს საჭიროა ჰოსპიტალიზაცია, ზოგჯერ – გადასხმები და მართვითი სუნთქვაც კი.

მოამზადა მარი აშუღაშვილმა

გააზიარე: