კარგად ყოფნის ჩვევები

გააზიარე:

ბევრს ჰგონია, რომ ბედნიერი ადამიანები ბუნებრივად ხალისიანები არიან და ყველაფერი იოლად გამოსდით. თუმცა ცხოვრების ხარისხის ამაღლება თავისთავად არ ხდება. ის რამდენიმე მიდგომას ეყრდნობა. მაგალითად, აღმოჩნდა, რომ პოზიტიურად განწყობილი ადამიანების უმეტესობა მიზანმიმართულად ცდილობს, მოჰკიდოს ხელი საინტერესო და სასარგებლო საქმიანობას. ისინი პოზიტიურობას ირჩევენ, პრაქტიკულად კი დღის განმავლობაში გეგმავენ ისეთ აქტივობებს, რომლებიც აბედნიერებთ. ყველაფერთან ერთად, ცხოვრებით კმაყოფილ ადამიანებს თვითმიღება და თვითპატიება ახასიათებთ.

დაგეგმილი ბედნიერება ყოველდღიურ ჩვევებში

ნებისმიერი ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია, მიაგნოს საქმიანობას, რომელსაც მისთვის ბედნიერება მოაქვს და ის ჩვევად აქციოს.

მაგალითად, ვცდილობ, ფეხით ბევრი ვიარო. ეს აქტივობა რამდენიმე თვალსაზრისით მეხმარება: ვზოგავ დროს (ნაცვლად იმისა, რომ საცობში გავატარო); ფიზიკურად უკეთ ვარ; გზაში ფიქრისთვის და მუსიკის მოსასმენად მეტი დრო მრჩება; გარემოს ჩემი ტრანსპორტის გამონაბოლქვს არ ვუმატებ. საზოგადოდ, იმ დღეებში, როდესაც სამსახურიდან ფეხით ვბრუნდები შინ (და გაზაფხულობით და ზაფხულობით უმეტესად ასეა), საკუთარი თავითაც ბევრად უფრო კმაყოფილი ვარ, მაქვს განცდა, რომ რაღაც ჩემი თავისთვის სასარგებლო გავაკეთე.

რა მოხდება, თუ ასეთ აქტივობას ერთი-ორი დღით კი არა, დიდი ხნით გამოვაკლდით?

ხშირად ჩვენი პირველი რეაქცია თვითდადანაშაულებაა, რადგან ვერ დავიცავით რუტინა, ვერ მოვახერხეთ პოზიტიურად დარჩენა. ეს ნიშნავს, რომ ჩვევა, რომელიც, წესით, გვაძლიერებდა, ახლა პრობლემად გადაიქცა და საბოლო ჯამში დადებითის ნაცვლად უარყოფითი გამოცდილება დაგვიტოვა – რაღაც დავიწყეთ, თავი ვერ გავართვით და ამის გამო თავს ცუდად ვგრძნობთ.

კარგი იქნება, ამ დროს საკუთარ თავს ისეთივე გაგებით მოვეკიდოთ, როგორითაც სხვებს. მაგალითად, მე ხომ არავის გავკიცხავ იმისთვის, რომ გადატვირთული დღის განრიგის გამო ფეხით სიარულს მოუკლო? ჩემს თავსაც ასეთივე ყურადღებით და სითბოთი უნდა მოვეკიდო.

მუდმივი არაფერია, მათ შორის – არც ჯანსაღი ჩვევები, ამიტომ თუ ერთი აქტივობა ამოვარდა, შესაძლებელია, ის მეორით ჩავანაცვლოთ. საბოლოოდ, ის კი არ არის მნიშვნელოვანი, რას ვაკეთებთ, არამედ ის, რომ საკუთარი თავისთვის ვაკეთებთ რაღაცას, რაც გვაბედნიერებს, რაც ფიზიკურად და ფსიქიკურად გვაძლიერებს. ყოველი ადამიანისთვის სხვადასხვა აქტივობაა ასეთი.

საკუთარი თავის პატიება

ჯანსაღ ჩვევებთან ერთად, ბედნიერების განცდას საკუთარ თავის მიღება და შეცდომების პატიებაც გვანიჭებს. როგორ ხდება ეს?

1.წარსულის გაშვება. ხშირად საკუთარ ცხოვრებას დროის სკალაზე ვუყურებთ – ვიწყებთ წარსულით, სწრაფად გავდივართ აწმყოს და მივემართებით მიმავლისკენ, თუმცა სინამდვილეში ჩვენ მხოლოდ აწმყო გვაქვს, რადგან წარსულმა უკვე ჩაიარა, ხოლო მომავალი ჯერ არ დამდგარა. წარსულის გაშვება – წარსულისა, რომელიც აქ და ახლა მხოლოდ ჩვენს გონებაში არსებობს – გვაშინებს, თითქოს საყრდენის გარეშე ვრჩებით, თუმცა სწორედ წარსულის გაშვებაა ის, რაც საკუთარი თავის პატიებაში გვეხმარება. პატიების დროს ყოველთვის ვეთხოვებით განსაზღვრულ აზრებსა და ემოციებს. ხანდახან წარსულის გაშვება ძალიან ძნელია, რადგან ის ჩვენი  იდენტობის ნაწილი ხდება. ასეთ წარსულს ვებღაუჭებით. მაგალითად, თუ წარსულში ჩავიდინეთ რამე ისეთი, რასაც ვნანობთ - რომ გვცოდნოდა, რამხელა ტკივილი მოჰყვებოდა ამ ნაბიჯს, არ გადავდგამდით. ასეთ დროს კარგი იქნება საკუთარი თავისთვის იმის შეხსენება, რომ თუმცაღა წარსულში შეგვეშალა, გვაქვს შანსი, მეორედ სხვანაირად მოვიქცეთ. პიროვნებას შეცდომები არ განსაზღვრავს – პიროვნებას განსაზღვრავს ის, როგორ იქცევა შეცდომის შემდეგ, როგორ გამოაქვს დასკვნა მომხდარის შესახებ და როგორ იზრდება, რადგან იმავე შეცდომას აღარ უშვებს.

2.ნაკლები განსჯა. ისე მივეჩვიეთ საკუთარი და სხვისი ქმედებების შეფასებას, რომ ვერც კი ვამჩნევთ, ავტომატურად როგორ ვსვამთ კატეგორიებში ჩვენს ემოციებს: “ცუდი” და “კარგი”, “მისაღები” და “მიუღებელი” და ა.შ. რაც უფრო ღია ვიქნებით საკუთარი ემოციების მიმართ, რაც უფრო აღვიქვამთ მათ როგორც ცხოვრებისეულ გამოცდილებას და არა როგორც წესებს, რომლებსაც ავტომატურად უნდა მივყვეთ, მით უფრო ნაკლები დანაშაულის განცდა გვექნება.

3.საკუთარი შეცდომების აღიარება არ ნიშნავს იმის აღიარებას, რომ მოწყვლადები და არასრულფასოვნები ვართ – ეს აზრი ეწინააღმდეგება ყველა იმ პრინციპს, რომლებითაც აღგვზარდეს. ჩვენი განათლების სისტემაც კი აჯილდოებს “კარგ ქცევას” და სჯის “ცუდს”. შესაბამისად, ნებისმიერ ფასად ვცდილობთ, თავი ავარიდოთ შეცდომებს, ხოლო თუ შევცდით, დავმალოთ, რადგან გვესირცხვილება, სისუსტედ მიგვაჩნია იმის აღიარება, რომ რაღაც შეგვეშალა. იმისთვის, რომ საკუთარ თავს რამე ვაპატიოთ, დამალვის ნაცვლად გულახდილად უნდა ვაღიაროთ ჩვენი შეცდომები. შეცდომა სირცხვილი არ არის, ეს ადამიანად ყოფნის ნაწილია.

4.ადვილად ვპატიობთ მას, ვინც გვიყვარს. გვჯერა, რომ მისი შეცდომა ერთჯერადი იყო და ნაცვლად ამ უკანასკნელზე ყურადღების გამახვილებისა, ვიხსენებთ იმას, რისთვისაც ეს ადამიანი მოგვწონს და გვიყვარს. როდესაც ისეთ  ადამიანთან გვაქვს საქმე, რომელსაც არ ვენდობით, პატიებაც რთულდება. იგივე ითქმის საკუთარ თავზეც: თუ საკუთარი თავი არ გვიყვარს, პატიებაც გაგვიჭირდება. ამასთან, თუ სხვას შეგვიძლია არ ვაპატიოთ და ვდისტანცირდეთ, საკუთარ თავს ვერც მივატოვებთ და ვერც თავს ავარიდებთ, ამიტომ უნდა ვეცადოთ, დავინახოთ საკუთარი ღირსებები და დავაფასოთ საკუთარი თავი იმისთვის, რაც გვაქვს. ამის შემდეგ მისი პატიებაც გაგვიადვილდება.

შეჯამება

ყოველდღიური პატარ-პატარა ბედნიერებები, ცხოვრების უფრო მაღალი ხარისხი, ზოგადი კმაყოფილება – ეს მდგომარეობა თავისთავად არ მოდის. ყველა, ვისაც მშვიდად და პოზიტიურად ცხოვრება გვინდა, ამისთვის ძალისხმევას ვხარჯავთ. ეს ძალისხმევა ორმხრივია – ერთი მხრივ, ვცდილობთ დავნერგოთ აქტივობები, რომლებიც ფიზიკურად და ფსიქიკურად გვაბედნიერებს, მეორე მხრივ კი ვსწავლობთ, როგორ ვიყოთ უფრო მიმტევებელნი საკუთარი თავის მიმართ.

რუბრიკას უძღვება ფსიქოთერაპევტი ლიკა ბარაბაძე

გააზიარე: