როგორ შევინარჩუნოთ ტანდეგობა მშობიარობის შემდეგ

გააზიარე:

ახალბედა დედები ფიზიკურად და ემოციურად ისე იღლებიან, ხშირად ვერც კი აცნობიერებენ, რამხელა დატვირთვაა მათი სხეულისთვის ბავშვის მოვლა.

თუ ქალი რამდენიმე სასარგებლო რჩევას დაიმახსოვრებს და გაითვალისწინებს, ის ადვილად შეინარჩუნებს ტანდეგობას, რაც მის ჯანმრთელობასაც წაადგება.

რითია საშიში ტანდეგობის დარღვევა

ტანდეგობის დარღვევას შეუძლია, სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანის ზოგად ჯანმრთელობას. ამ დროს იმატებს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის დაჭიმულობა და სტრესი, რამაც შესაძლოა სახსრების სწრაფი და ძლიერი განლევა გამოიწვიოს.

ხანგრძლივ პერსპექტივაში შესაძლოა განვითარდეს სკოლიოზი, მაჯის გვირაბის სინდრომი (კარპული არხის სინდრომი) და წელის ქრონიკული ტკივილი.

ხანმოკლე პერსპექტივაში ტანდეგობის დარღვევის შედეგად ქალს შესაძლოა დაეწყოს კისრის ძლიერი ტკივილი, თავის პერიოდული ტკივილები.

რა არღვევს ტანდეგობას?

უპირველეს ყოვლისა, დღის განმავლობაში უამრავჯერ დახრა და გამართვა, სიმძიმეების აწევა, თუნდაც მხოლოდ ჩვილის გამუდმებით ხელში ჭერა და საწოლში ჩაწვენა-ამოყვანა.

ბავშვის ხელით ტარების წესები

ჩვილი ნამდვილად არ არის ძნელი სატარებელი, მაგრამ დღის განმავლობაში დედა მას იმდენჯერ სვამს საწოლში, მანქანის სავარძელში, მანეჟში, მერე კი უკანვე ამოჰყავს, რომ მისი სხეული გამუდმებით სტრესშია.

პატარა კი თვიდან თვემდე იზრდება და წონა ემატება, ასე რომ, ბავშვის დაბადებიდან სულ ცოტა ხანში დედას უკვე საკმაოდ მძიმე ტვირთი დააქვს.

გთავაზობთ პრაქტიკულ რჩევებს, რომლებიც ამ ტვირთს შეგიმსუბუქებთ:

* ნუ გეჭირებათ ბავშვი მუდამ ერთსა და იმავე მხარეს! ეს შეცდომა ძალიან ხშირად მოსდით ახალბედა დედებს – ბავშვი გამუდმებით ცალ თეძოზე შემოსმული დაჰყავთ, რადგან ასე უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს. ბავშვის გამუდმებით მხარეს ჭერა, უპირველეს ყოვლისა, წელის ტკივილებს გამოიწვევს, ხოლო თუ ასე გააგრძელეთ, სკოლიოზსაც ვერ გადაურჩებით.

აუცილებლად გადაანაწილეთ წონა. თუ ბავშვის თეძოზე შემოსმული ტარება თქვენთვის უფრო მოხერხებულია, 15 წუთი ერთ მხარეს შემოისვით, 15 წუთი — მეორე მხარეს და ასე განაგრძეთ.

* ყოველთვის დააკვირდით, როგორ აწვენთ ბავშვს საწოლში და როგორ ამოგყავთ იქიდან. ამ დროს, ისევე როგორც ნებისმიერი მძიმე ნივთის აწევა-დაშვებისას, ფრთხილად უნდა იყოთ, რომ წელის კუნთები არ დაგეჭიმოთ და ბევრ სხვა რამესაც მიაქციოთ ყურადღება.

ბავშვის საწოლში ჩაწვენისას და ამოყვანისას ეცადეთ, საწოლისკენ არ გადაიხაროთ. ნაცვლად ამისა, მუხლებში ჩაიკეცეთ, ბავშვი მკერდზე მიიკარით და გაიმართეთ. პატარა ვარჯიშიც გამოგივათ და არც ხერხემალი დაიტვირთება ზედმეტად.

* როგორც უკვე ვთქვით, ბავშვის ცალ თეძოზე შემოსმული ტარება ძალიან ცუდი ჩვევაა. თუ კენგურუს ან ეტლის გამოყენება არ გსურთ ან უბრალოდ იმ მომენტში ბავშვის ხელში ჭერა საუკეთესო ვარიანტია, მაშინ ეცადეთ, წინიდან შემოისვათ, ისე, რომ ფეხები მუცელსა და წელზე შემოგხვიოთ, თქვენ კი საჯდომის ქვეშ ამოუდოთ ხელები. ასე ბალანსს უფრო ადვილად შეინარჩუნებთ და სხეულის ცალი მხარე არაპროპორციულად არ დაგეტვირთებათ.

*  თავიდანვე შეიძინეთ ისეთი საწოლი, მანეჟი, სარწეველა და სხვა მოწყობილობები, რომელთა კონსტრუქცია სიმაღლის რეგულირების საშუალებას იძლევა, რათა მათი სიმაღლე ისე მოარგოთ საკუთარს, რომ აღარ დაგჭირდეთ ზედმეტად მოხრა და ტანადობას ზიანი არ მიაყენოთ.

* საყიდლებზე წასვლა თუ მოგიწიათ, ნუ დაიჭერთ ხელში ბავშვსაც და ბარგსაც. თუ დამხმარე არავინ გყავთ, უმჯობესია, ბავშვით ხელში რამდენიმე რეისი გააკეთოთ და პროდუქტები ნელ-ნელა აიტანოთ სახლში.

* როდესაც ბავშვი შედარებით დიდ მანძილზე მანქანის სავარძლით ან კალათით მიგყავთ, ნუ გეჭირებათ ის ცალ ხელში. საუკეთესო ვარიანტია, დაიჭიროთ თქვენ წინ ორივე ხელით ან წონა გაანაწილოთ — ჯერ ერთ ხელში გეჭიროთ, მერე მეორეში.

* როგორც კი ბავშვი საკმარისად წამოიზრდება, მიაჩვიეთ საკუთარი ნივთების დალაგებას, თავის ადგილას დაწყობას – ამით ზედმეტ სტრესსაც აარიდებთ საკუთარ, ისედაც სტრესში მყოფ სხეულს და ბავშვსაც მიაჩვევთ წესრიგს სამომავლოდ, რაც ძალიან საჭირო უნარია.

* ჩვილის დაბადებისთანავე ოჯახში სარეცხის რაოდენობა ათმაგდება, ამიტომ ეცადეთ, რეცხოთ ხშირ-ხშირად და ცოტ-ცოტა, რათა აივანზე უზარმაზარი კალათით სიარული არ მოგიწიოთ.

როგორ უნდა მოიქცეს ახალბედა დედა ტანდეგობის გასაუმჯობესებლად

თუ ყველა ზემოთ მოყვანილ რჩევას გაითვალისწინებთ და, ამავე დროს, მოახერხებთ, დღის განმავლობაში სულ თავს, ტანდეგობის შენარჩუნება გაცილებით გაგიადვილდებათ.

თქვენს გინეკოლოგთან შეთანხმებით დაიწყეთ მცირედით. მაგალითად, იოგას ილეთებით, რომლებიც დამწყებთათვისაა განკუთვნილი. ამისთვის დღეში 15-20 წუთიც საკმარისია. შეასრულეთ მარტივი, სახსრების გამხსნელი და კუნთების გამააქტიურებელი ვარჯიშები.

დროთა განმავლობაში, როდესაც შეატყობთ, რომ უკვე შეგიძლიათ, უფრო დიდ დატვირთვას გაუძლოთ, უფრო ინტენსიურად გააგრძელეთ ვარჯიში. თუ დამხმარე გყავთ და სპორტდარბაზში სასიარულოდაც გცალიათ, თქვენს ტანდეგობას საფრთხე ნამდვილად არ დაემუქრება. ყველაზე მეტი იმუშავეთ ხელებისა და ზურგის კუნთების გამაგრებაზე, რადგან ბავშის მოვლისას ისინი ყველაზე მეტად იტვირთება.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: