კრიტიკულად მოაზროვნე ბავშვი

გააზიარე:

სკოლაში, ტელევიზორიდან თუ სოციალური მედიის საშუალებით ბავშვი ყოველდღე უამრავ ინფორმაციას იღებს. მას უნდა შეეძლოს, გზა გაიკვლიოს ინფორმაციის ამ ნაკადში და ტყუილი სიმართლისგან გაარჩიოს.

განურჩევლად იმისა, რა პროფესიას აირჩევს ბავშვი მომავალში, კრიტიკული აზროვნება მისი წარმატების საწინდარი იქნება.

რა არის კრიტიკული აზროვნება

კრიტიკული აზროვნება არის უნარი, წარმოიდგინო, გააანალიზო და შეაფასო ინფორმაცია მისი ავთენტურობის განსაზღვრისთვის. ის აუცილებელია მიზნების დასახვისას, გადაწყვეტილებების მიღებისას, პრობლემების გადაჭრის გზების ძიებისას.

რითია მნიშვნელოვანი კრიტიკული აზროვნების უნარი

კრიტიკული აზროვნება მრავალი კუთხითაა მნიშვნელოვანი. კვლევები მოწმობს, რომ ბავშვები, რომლებსაც ეს უნარი აკლიათ, უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ქცევითი დარღვევებისკენ.

თუ ბავშვს არ შესწევს უნარი, კრიტიკულად იაზროვნოს, ის გაუაზრებელ, ზოგჯერ მისთვისაც და სხვებისთვისაც საფრთხის შემცველ გადაწყვეტილებებს იღებს, რაც ხშირად ქცევითი დარღვევების მიზეზი ხდება.

კრიტიკული აზროვნება ეხმარება ბავშვს, უკეთ გაიცნოს საკუთარი თავი, ადამიანები თავის გარშემო და მთელი მსოფლიო, დაძლიოს ყოველდღიური სირთულეები და მზად იყოს ახალ გამოწვევებთან შესახვედრად.

რა სარგებლობა მოაქვს კრიტიკულ აზროვნებას

კრიტიკული აზროვნების საშუალებით ბავშვი უმკლავდება პრობლემებს, თავს იმკვიდრებს თანატოლებს შორის, აყალიბებს საკუთარ აზრს და დამოკიდებულებას ამა თუ იმ საკითხის მიმართ. ეს ყველაფერი მას ამზადებს ზრდასრული ცხოვრებისთვის, როდესაც მოუწევს, გაცილებით რთულ საკითხებს გაართვას თავი.

კრიტიკულად მოაზროვნე ბავშვი ნაკლებად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ, რადგან საკუთარი აზრი აქვს, შესწევს უნარი, ეს აზრი გამოხატოს, იმსჯელოს, იკამათოს და ბრმად არ დაეთანხმოს სხვებს.

ბავშვები, რომლებსაც მცირე ასაკიდანვე აჩვევენ კრიტიკულ აზროვნებას, თამამად სვამენ კითხვებს, ინტერესდებიან საგნებისა და მოვლენების არსით, არ სჯერდებიან მიღწეულს. ეს ძალიან კარგია – ესე იგი, ბავშვს გახსნილი გონება აქვს და მზადაა ახლის შესაცნობად, რაც ესოდენ მნიშვნელოვანია პიროვნების განვითარებისა და ჩამოყალიბებისთვის.

კრიტიკული აზროვნება ბავშვს ურთიერთობების დამყარებაშიც ეხმარება. მოზარდი, რომელიც ადვილად ართმევს თავს ყოველდღიურ პრობლემებს, თავდაჯერებულია, თავდაჯერებული ადამიანი კი ურთიერთობებსაც ადვილად ამყარებს და ჰარმონიაშია საკუთარ თავთან.

როგორ ვასწავლოთ

ბავშვისთვის კრიტიკული აზროვნების უნარის ჩამოყალიბებაზე ზრუნვა აღზრდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ამ უნარის განვითარებით მშობელი შვილს დამოუკიდებლობასაც ასწავლის, ასწავლის, როგორ გაუძლოს სხვის ზეგავლენას, შეძლოს საკუთარი აზრის ფორმირება, მისი გამოხატვა და დასაბუთება.

მიეცით მაგალითი

ეცადეთ, ბავშვი თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხედავდეს კრიტიკული აზროვნების მაგალითებს. მისი თანდასწრებით იმსჯელეთ ისეთ თემებზე, რომლებსაც ის გაიგებს და რომლებიც მისი ასაკისთვის მისაღებია. აჩვენეთ ჯანსაღი კამათის მაგალითი; აჩვენეთ, როგორ განიხილავთ პრობლემის მოგვარების სხვადასხვა გზას, ადარებთ ერთმანეთს და მათგან საუკეთესოს ირჩევთ.

შეგიძლიათ, სულ მცირე მაგალითებით დაიწყოთ, მაგალითად, საყიდლებზე წასვლისას ჩამოწეროთ სია პრიორიტეტების მიხედვით, ხმამაღლა განიხილოთ, რა მნიშვნელოვანია და რა – არც ისე საჩქარო, პროცესში ბავშვიც ჩართოთ.

ხშირად ეთამაშეთ

თამაშს აღზრდის პროცესში ძალიან დიდი როლი ეკისრება. თანატოლებთან თამაშით ბავშვი ბევრ საჭირო უნარს იძენს, ხოლო როდესაც მას მშობელი ეთამაშება, თამაში შეიძლება კიდევ უფრო სასარგებლო აქტივობად იქცეს.

როგორი თამაშები მოსწონს, როგორ დიალოგებს მართავს თამაშის დროს, როგორ პერსონაჟებს ქმნის – ყველაფერი ეს მიგვანიშნებს ბავშვის ინტერესებზე და იმაზე, როგორ ჯობია მივუდგეთ მას კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებისთვის.

თამაშის დროს შექმენით ისეთი გარემო, სადაც პერსონაჟებს სიტუაციის შეფასება, გადაწყვეტილების მიღება, სიცრუის ამოცნობა მოუწევთ. მერე ამ ყველაფერზე იმსჯელეთ. ახსენით, რატომ ჰგონია პერსონაჟს, რომ ატყუებენ ან პირიქით. შეგიძლიათ, ჰკითხოთ ბავშვს, თავად როგორ მოიქცეოდა ასეთ სიტუაციაში.

მიაჩვიეთ ფიქრს

მიეცით საინტერესო დავალებები, რომელთა შესრულებისას სწორი გადაწყვეტილების მისაღებად დაფიქრება მოუწევს. აჩვენეთ, რომ პრობლემის გადაჭრა რამდენიმე გზით შეიძლება და სწორედ კრიტიკული აზროვნების დახმარებით აარჩევს მათგან საუკეთესოს.

მაგალითად, დადეთ რამე ნივთი ოთახის ერთ ბოლოში და სთხოვეთ, მეორე ბოლომდე ისე მიიტანოს, რომ ხელი არ შეახოს. თავდაპირველად შესაძლოა მოეჩვენოს, რომ შეუძლებელს ითხოვთ მისგან, ამიტომ დაეხმარეთ, ფიქრი სწორი მიმართულებით წარმართოს. ნელ-ნელა მიხვდება, რომ ამის გაკეთების რამდენიმე გზა არსებობს: შეუძლია, მიაწვეს ზურგით, ფეხით ან სულაც ხელთათმანები ჩაიცვას  – არც ხელს შეახებს და დავალებასაც შეასრულებს.

ფიქრის ჩვევის ჩამოყალიბების ხელშემწყობ რესურსებს ინტერნეტშიც მოიძიებთ. უამრავი წიგნიც არსებობს, რომლებიც ბავშვებს არაორდინარულ აზროვნებას და პრობლემის სხვადასხვა კუთხით დანახვას ასწავლის.

შეაყვარეთ კითხვების დასმა

რა დამღლელიც უნდა იყოს ბავშვის კითხვებზე პასუხის გაცემა, არ აგრძნობინოთ. თუ არ გცალიათ, სთხოვეთ, დაიმახსოვროს, რაც აინტერესებდა და დაპირდით, რომ როდესაც მოიცლით, აუცილებლად გასცემთ პასუხს. თუ მის რომელიმე კითხვაზე პასუხი არ გაქვთ, შესთავაზეთ, ერთად მოიძიოთ ინფორმაცია. ასე იმასაც ისწავლის, სად ეძებოს ინფორმაცია, როგორ გაარჩიოს სანდო წყარო არასანდოსგან და კრიტიკულად როგორ შეაფასოს მიღებული ინფორმაცია.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: