ცვილის, შუგარინგის, ელექტროეპილაციის ჭეშმარიტი ალტერნატივა

გააზიარე:

დეპილაციის უკვე მოძველებული მეთოდებისგან განსხვავებით, რომლებიც თმას მხოლოდ კანის ზედაპირიდან აშორებს, ეპილაციის დროს ზიანდება ფოლიკული, რაც თმის ამოძირკვის საშუალებას იძლევა.

ეპილაციის რამდენიმე მეთოდი არსებობს. ერთი მათგანია ლაზერი, რომელიც არასასურველ თმასთან ბრძოლის ყველაზე ეფექტურ თანამედროვე საშუალებად მიიჩნევა.

რა არის ლაზერული ეპილაცია და როგორია მისი მოქმედების მექანიზმი?

ლაზერული ეპილაცია სხვა მეთოდებთან შედარებით უმტკივნეულო და სწრაფია.  ლაზერის სხივი  თმის ფოლიკულამდე აღწევს და აზიანებს მას. ამაში სხივს მელანინი ეხმარება, რომელიც  კანისა და თმის ფერზეა პასუხისმგებელი. სწორედ ეს ნივთიერება შთანთქავს განსაზღვრული სიგრძის სინათლის ტალღას და წარმოქმნის ენერგიას. უამისოდ ორგანიზმი სხივს ვერ აღიქვამს.

ლაზერი სხვადასხვანაირი არსებობს. მოდი, გავიგოთ, რა განსხვავებაა მათ შორის და რომელი როდის არის უფრო ეფექტური.

ალექსანდრიტი

ალექსანდრიტის ლაზერს მელანინის მიერ შთანთქმისა და შეღწევადობის სიღრმის ოპტიმალური კომბინაცია აქვს. მისი 755 ნმ სიგრძის სხივი 100%-ით შთაინთქმება და  თმის ფოლიკულებში იჭრება. ამ გზით გადაცემული ძალიან მაღალი ენერგია აზიანებს თმის ძირებს და ხელს უშლის ღერების ხელახალ ზრდას.

თმის ზრდის ციკლი  სამად იყოფა: ზრდის ფაზად, გარდამავალ ფაზად და მიძინების ფაზად. ალექსანდრიტის ლაზერით ეპილაცია ეფექტურია ზრდის ფაზაში მყოფ თმაზე. ეს მთელი თმის დაახლოებით 20-30 პროცენტია. ექვსი-რვა კვირის შემდეგ ფაზები იცვლება, ამიტომ შედეგის მისაღებად რამდენიმე პროცედურაა საჭირო.

შედეგი ასევე დამოკიდებულია კანისა და თმის ტიპზე, ცალკეული სხეულის თმიანობის თავისებურებებზე, ჰორმონულ ბალანსზე. თმის საბოლოო ამოძირკვისთვის 6-10 პროცედურის ჩატარება დაგჭირდებათ 4-6-კვირიანი შუალედებით.

პროცედურამდე

ეპილაციამდე სამი-ოთხი კვირის განმავლობაში ნუ გაირუჯებით – გარუჯულ კანში ლაზერის სხივი ფოლიკულამდე ვეღარ აღწევს, კანის ზედა ფენებს აცხელებს და შესაძლოა, დამწვრობაც გამოიწვიოს.

ასევე არ შეიძლება პროცედურამდე, სულ მცირე, 14 დღის განმავლობაში დასამუშავებელ უბნებზე თმის მოცილება სხვა გზით, მაგალითად, პინცეტით ან სადეპილაციო კრემით. გამაუფერულებელი საშუალებების გამოყენებასაც ერიდეთ.

პროცედურის შემდეგ

ხელსაწყოში ინტეგრირებულია გაგრილების სისტემა, რომელიც კანს ამშვიდებს და იცავს. მიუხედავად ამისა, ლაზერული ეპილაციის პროცედურამ შესაძლოა კანის ხანმოკლე სიწითლე გამოიწვიოს, რომელიც ერთ-ორ დღეში თავისთავად გაივლის.

ვისთვის არის შედეგიანი

ალექსანრიტის ლაზერი ეფექტურია მათთვის, ვისაც ბაცი კანი და მუქი თმა აქვს. სხივი ადვილად აღწევს ბაც კანში, ჭარბ მელანინთან კონტაქტის დროს კი წარმოიქმნება ენერგია, რომელიც თმის ძირს აზიანებს. მუქი კანის პატრონებისთვის ეს მეთოდი არც ისე შედეგიანია.

ვინაიდან ქერა თმაში მელანინი ცოტაა, ჭაღარაში კი საერთოდ არ არის, ქერებისა და ჭაღარებისთვის ალექსანდრიტის ლაზერით ეპილაციას აზრი არ აქვს.

დიოდი

დიოდის ლაზერის სხივი უფრო გრძელია – 810 ნანომეტრი სიგრძისა, მაგრამ მოქმედების მექანიზმი ისეთივე აქვს: მელანინის მეშვეობით შთაინთქმება და ფოლიკულამდე აღწევს, სადაც მელანინისავე მეშვეობით სითბოდ (დაახლოებით 65 0C) გარდაიქმნება.  გახურების შედეგად იშლება ცილა, რომელსაც ფოლიკული შეიცავს და რომელიც თმის ზრდაზეა პასუხისმგებელი. ცილის გარეშე თმა საკვებ ნივთიერებებს ვეღარ იღებს და განსაზღვრული ხნის შემდეგ ცვივა. მნიშვნელოვანია, რომ ამ დროს ახლომდებარე ქსოვილი არ ზიანდება.

პროცედურამდე ერთი-ორი დღით ადრე დასამუშავებელ ადგილს თუ გაიპარსავთ, უკეთეს შედეგს მიიღებთ.

ეპილაცია ეფექტიანია, როცა თმა ზრდის ფაზაშია. ვინაიდან თმის ყველა ღერი, რომელზეც ლაზერით ხდება ზემოქმედება, ერთსა და იმავე, ეპილაციისთვის სასურველ ფაზაში ვერ იქნება, საჭიროა პროცედურის გამეორება.

პროცედურამდე

პროცედურამდე 4 კვირის განმავლობაში დასამუშავებელ არეზე თმას სხვა მეთოდით, მაგალითად, ცვილით ან პინცეტით,  ნუ მოიცილებთ.

პროცედურამდე 2 კვირის განმავლობაში არ არის რეკომენდებული მზეზე ან სოლარიუმში გარუჯვა.

პროცედურის შემდეგ

ეპილაციის შემდეგ შესაძლოა მცირე სიწითლე განვითარდეს, რომელიც ერთ-ორ დღეში გაივლის. შეგიძლიათ, კანის გაღიზიანების თავიდან ასაცილებლად დამუშავებულ ადგილზე გვირილისა და ალოე ვერას შემცველი დამამშვიდებელი კრემი წაისვათ.

დიოდური ლაზერით ეპილაცია ეფექტურია მათთვის, ვისაც მუქი კანი და თმა აქვს,  თუმცა ნაკლები მელანინის შემცველ თმის ღერებზეც ალექსანდრიტის ლაზერთან შედარებით უკეთესად მოქმედებს.

Nd:YAG ნეოდიუმი

Nd:YAG ტექნოლოგია თმის მოცილების ერთ-ერთი ეფექტური მეთოდია. ლაზერი მუშაობს თერმული ენერგიით, რომელიც სინათლის იმპულსებით გადაიცემა. ის მიზანმიმართულად აზიანებს თმის ძირს, რითაც მის ზრდას ანელებს.

Nd: YAG წარმოქმნის უკიდურესად მოკლე, ძალიან მაღალი ენერგიის მქონე სინათლის იმპულსებს. მისი ტალღის სიგრძე 1064 ნმ-ია, რისი წყალობითაც ყველაზე ღრმად მდებარე ფოლიკულებამდეც კი აღწევს.

ეს მეთოდი განსაკუთრებით შედეგიანია მუქი კანისა და თმის მქონე ადამიანებისთვის. ეპილაციის ჩატარება შეიძლება გარუჯულ კანზეც.

პროცედურების რაოდენობა ინდივიდუალურია – 6-დან 10-მდე.

სამსხივიანი ლაზერი

ეს უახლესი ტექნოლოგია  ლაზერის სამმაგი ენერგიის გამოყენებას ეფუძნება. ერთ ხელსაწყოში გაერთიანებულია სამი სხვადასხვა სიგრძის ლაზერული სხივი – ალექსანდრიტისა (755 ნმ), დიოდური (810 ნმ) და Nd:YAG (1064 ნმ). ამის წყალობით ის ერთდროულად მოქმედებს სხვადასხვა სიღრმეზე და თმის სხვადასხვა სტრუქტურაზე.

სამსხივიანი ლაზერი ეფექტურია თითქმის ყოველგვარი ტიპის კანისა და თმის მქონე ადამიანებისთვის. პროცედურის ჩატარება შეიძლება გარუჯულ კანზეც. პროცედურა უმტკივნეულოა. მინიმალურია გვერდითი ეფექტებიც – სიწითლე და ლაქები.

პროცედურამდე

თუ  ანტიბიოტიკებს იღებთ, სამსხივიანი ლაზერით ეპილაციის ჩატარებას ერიდეთ. ამასთან, პროცედურამდე 4 კვირის განმავლობაში თმა სხვა ხერხით არ უნდა მოიცილოთ. უკეთესი ეფექტისთვის კი უმჯობესია, პროცედურამდე 1-2 დღით ადრე  გაიპარსოთ.

პროცედურის შემდეგ

ნუ გამოიყენებთ ანტიპერსპირანტებს პროცედურიდან 24 საათის განმავლობაში. ორი დღე ერიდეთ საუნას და ცხელ აბაზანას.

პროცედურების რაოდენობა ინდივიდუალურია, თუმცა გაცილებით ნაკლები დაგჭირდებათ, ვიდრე სხვა ტექნოლოგიებით სარგებლობისას.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: