ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედები

გააზიარე:

ბავშვის დაბადების შემდეგ დაღლილ და ბედნიერ მშობლებს აზრადაც არ მოსდით იკითხონ, რა ბედი ეწევა პლაცენტასა და ჭიპლარს, რომლებმაც თავიანთი მოვალეობა პირნათლად შეასრულეს.

დაუჯერებელია, მაგრამ უფუნქციოდ დარჩენილი ეს ორი ორგანო შესაძლოა არაერთი დაავადების მკურნალობის  გასაღებად იქცეს.

პლაცენტა და ჭიპლარი

პლაცენტისა და ჭიპლარის გარეშე ნაყოფის განვითარება წარმოუდგენელია. ორივე მათგანი განაყოფიერებული კვერცხუჯრედისგან ვითარდება, შესაბამისად, ნაყოფის იდენტურ გენეტიკურ მასალას შეიცავს. პლაცენტა საშვილოსნოს კედელზეა მიმაგრებული. ნაყოფთან მას ჭიპლარი აკავშირებს. პლაცენტა ნაყოფს ჟანგბადითა და საკვებით ამარაგებს და მისი სისხლიდან ნარჩენი პროდუქტების გამოტანას უზრუნველყოფს.

გარეგნული მსგავსების გამო პლაცენტასა და ჭიპლარს  “სიცოცხლის ხეს” ეძახიან.

მეთოდის სათავეებთან

ჭიპლარის სისხლის შენახვის მსოფლიო ისტორია მეოცე საუკუნის სამოციანი წლებიდან იწყება. ხანგრძლივმა კვლევამ აჩვენა, რომ ჭიპლარის სისხლი დიდი რაოდენობით შეიცავს ღეროვან უჯრედებს, რომლებიც შეიძლება არაერთი დაავადების სამკურნალოდ იქნეს გამოყენებული.

1988 წლის 6 ოქტომბერს საფრანგეთში ჩატარდა ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედების პირველი წარმატებული გადანერგვა. ფანკონის ანემიით (იშვიათი მძიმე დარღვევა, როდესაც ძვლის ტვინი ვერ აწარმოებს სისხლმბად უჯრედებს) დაავადებულ 6 წლის პაციენტს უმცროსი დის ჭიპლარის სისხლი გადაუნერგეს. პაციენტი განიკურნა, ამჟამად დაქორწინებულია, ჰყავს შვილი.

1992 წელს აშშ-ში ჭიპლარის სისხლის პირველი ბანკი დაარსდა. დღეს მთელ მსოფლიოში 150-ზე მეტი ბანკია, რომლებშიც როგორც საკუთარი (აუტოლოგიური), ისე დონორების (ალოგენური) ჭიპლარის სისხლის მილიონამდე ნიმუში ინახება.

კერძო თუ სახელმწიფო?

ჭიპლარის სისხლის შენახვა შესაძლებელია როგორც სახელმწიფო, ისე კერძო ბანკშიც. კერძო ბანკი ფასიანია – მშობლები გარკვეული საფასურის სანაცვლოდ ახალშობილების ჭიპლარის სისხლის ღეროვან უჯრედებს ინახავენ, რათა მომავალში, საჭიროებისამებრ, უჯრედების მფლობელის ან მისი დედმამიშვილის სამკურნალოდ გამოიყენონ. ამ შემთხვევაში ჭიპლარის სისხლის იურიდიული მესაკუთრე ოჯახია და მხოლოდ მას აქვს ამ ბიოლოგიური მასალის განკარგვის უფლება. საფასური მოიცავს მასალის შეგროვების ღირებულებას (1350-დან 2500 დოლარამდე), პლუს ღეროვანი უჯრედების შენახვის ყოველწლიურ გადასახადს (100-350 დოლარს).

ამერიკის პედიატრთა აკადემიის რეკომენდაციით, ჭიპლარის სისხლის კერძო ბანკს ისეთმა ოჯახებმა უნდა მიმართონ, რომლებსაც ჰყავთ ავადმყოფი (როგორც წესი, სისხლის პათოლოგიის მქონე) უფროსი შვილი, რომლის განკურნებაც შესაძლებელია ახალშობილი დის ან ძმის ჭიპლარის ღეროვანი უჯრედებით. ასეთ ოჯახებს ზოგიერთი ბანკი შეღავათიან პირობებს და სპეციალურ პაკეტს სთავაზობს.

ჭიპლარის სახელმწიფო ბანკში შენახული ღეროვანი უჯრედები კი სახელმწიფოს ეკუთვნის და ხელმისაწვდომია ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელსაც ტრანსპლანტაცია სჭირდება. ამრიგად, თქვენი შვილის ღეროვანმა უჯრედებმა შესაძლოა სხვისი სიცოცხლე იხსნას. ასეთი ბანკი უფასოა, მასალის ჩაბარება ნებაყოფლობითია. დონორის დედა განსაზღვრულ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, იყოს პრაქტიკულად ჯანმრთელი და მხოლოდ ერთ ნაყოფს ატარებდეს მუცლით.

ჭიპლარის სისხლის შემადგენლობა

სისხლს, რომელიც ჭიპლარის გადაკვანძვის შემდეგ ჭიპლარის ვენასა და პლაცენტაში რჩება, ჭიპლარის სისხლი ეწოდება.  მისი მოცულობა, საშუალოდ, 20-დან 200 მლ-მდეა. ეს ბიოლოგიური მასალა დიდხანს ინახება თხევად აზოტში და  ნებისმიერ დროსაა ხელმისაწვდომი. ჭიპლარის სისხლი მდიდარია ორგანიზმის მუდმივი განახლებისთვის საჭირო ღეროვანი უჯრედებით.

ყველაზე ცნობილი ღეროვანი უჯრედია განაყოფიერებული კვერცხუჯრედი, რომელიც ორასზე მეტი ტიპის უჯრედებს აძლევს დასაბამს.  პირველ დღეებში ჩანასახი მხოლოდ ღეროვანი უჯრედებისგან შედგება, მერე და მერე კი მათი წილი თანდათან იკლებს, რადგან მათგან დიფერენცირებული (კანის, ძვლის, სისხლის, ხრტილის, კუნთის, ღვიძლის, ნერვული სისტემის) უჯრედები წარმოიქმნება.  თუმცა ორგანიზმში ყოველთვის არის ღეროვანი უჯრედების გარკვეული რაოდენობა, რომელიც თვითრეგენერაციას უზრუნველყოფს.

ჩვილის ორგანიზმში “დედა უჯრედების” წილი და მათი თვითაღდგენის უნარი გაცილებით დიდია, მაგრამ, სამწუხაროდ, ასაკის პროპორციულად მცირდება. მეცნიერთა ნაწილი სიბერესა და სიკვდილს სწორედ ღეროვანი უჯრედების რესურსის ამოწურვას უკავშირებს.

ჭიპლარის სისხლი, გარდა ფორმიანი ელემენტებისა (ლეიკოციტებისა, ერითროციტებისა, თრომბოციტებისა)  და პლაზმისა, მდიდარია სისხლმბადი (ჰემოპოეზური) და მეზენქიმური ღეროვანი უჯრედებით.  სისხლმბადი უჯრედები სისხლის კომპონენტების, მათ შორის – მიელოიდური და ლიმფოიდური უჯრედების, წინამორბედები არიან. მათ უმთავრესად სისხლის ავთვისებიანი სიმსივნეების, ანემიის, იმუნოდეფიციტისა და მეტაბოლური დაავადებების სამკურნალოდ იყენებენ. მეზენქიმური ღეროვანი უჯრედები კი გადამწყვეტ როლს ასრულებს ნერვული, კუნთოვანი და ხრტილოვანი ქსოვილების აღდგენასა და განახლებაში და უმთავრესად ქრონიკული დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება.

ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების  უპირატესობა

როგორც უკვე ვთქვით, განსაზღვრული რაოდენობის ღეროვანი უჯრედი სიცოცხლის ყველა ეტაპზეა სხეულში (ძვლის ტვინში, პერიფერიულ სისხლში). ემბრიონი ამ უჯრედების უხვი წყაროა, მაგრამ მისი გამოყენება არაეთიკურია და ზოგიერთ ქვეყანაში უკანონოდაა გამოცხადებული.

ღეროვან უჯრედებს უშუალოდ მშობიარობის პროცესში იღებენ უკვე “უსარგებლო” ჭიპლარიდან. მასალის მოპოვების პროცესი სრულიად უმტკივნეულო და უსაფრთხოა დედისთვისაც და ბავშვისთვისაც, მაშინ როდესაც ძვლის ტვინიდან ღეროვანი უჯრედების მიღება საკმაოდ მტკივნეული და რთული პროცედურაა.

ეს უჯრედები განსაკუთრებით ძვირფასია, რადგან ქორფა და ხელშეუხებელია – დაცულია გარემოს ყოველგვარი მავნე ზემოქმედებისგან (სტრესი, რადიაცია).

ძვლის ტვინისგან განსხვავებით, ჭიპლარის სისხლის ტრანსპლანტაციის დროს არ არის აუცილებელი დონორისა და რეციპიენტის სრული თავსებადობა. ეს მეტად მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც არ ჰყავთ იმუნურად იდენტური ზრდასრული დონორი.

ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების ზრდის პოტენციალი 10-20-ჯერ ღემატება ზრდასრული ადამიანის ღეროვანი უჯრედების იმავე მაჩვენებელს.

ჭიპლარის სისხლი უნიკალური ღეროვანი უჯრედების უმდიდრესი წყაროა და მისი მოპოვების შანსი მხოლოდ მშობიარობის დროს გვეძლევა.

საჭირბოროტო საკითხები

საკუთარი ღეროვანი უჯრედებით გენეტიკურ დაავადებათა უმეტესობის (კუნთოვანი დისტროფია, სპინა ბიფიდა) მკურნალობა არ არის მიზანშეწონილი, რადგან გენეტიკური დეფექტი ჭიპლარის ღეროვან უჯრედებსაც ექნება.

მიუხედავად იმისა, რომ დედმამიშვილების ღეროვანი უჯრედები მაღალი თავსებადობითაა ცნობილი, რეალურად ეს მაჩვენებელი სისხლის ონკოლოგიური დაავადებების შემთხვევაში 25%-ს არ აღემატება. რაც შეეხება მშობლების სამკურნალოდ შვილის ჭიპლარის სისხლის გამოყენებას, დედ-მამასა და შვილს შორის თანხვედრა დაახლოებით 50%-ს აღწევს.

ამერიკის პედიატრთა აკადემიის მონაცემებით, ალბათობა იმისა, რომ ბანკში შენახული ღეროვანი უჯრედები მესაკუთრეს აუცილებლად დასჭირდება, საკმაოდ მცირეა – 1:1000.

ასევე არ არსებობს გარანტია იმისა, რომ დღეს შენახული ღეროვანი უჯრედები შორეულ მომავალშიც სიცოცხლისუნარიანი იქნება. სათანადო პირობების დაცვით ჭიპლარის ღეროვანი უჯრედები დაახლოებით 20 წელი ინახება. ექსპერტების ვარაუდით, განუსაზღვრელი ვადით ღეროვანი უჯრედების გაყინვა მომავლის პერსპექტივაა.

როგორც უკვე ვთქვით, ჭიპლარში დარჩენილი სისხლის მოცულობა არცთუ ისე დიდია (20-დან 200 მლ-მდე), ამიტომ მისი გამოყენება მომჭირნედ უნდა მოხდეს.

თუ კანონიერი მესაკუთრე გამოყენების შემდეგ დარჩენილი მასალის შენახვას აღარ აპირებს, ხელშეკრულების საფუძველზე ის შეიძლება ბანკს გადაეცეს სამეცნიერო კვლევებისთვის, უარის შემთხვევაში კი უნდა განადგურდეს მესაკუთრის თვალწინ.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მედიცინა ღეროვან უჯრედებს აქტიურად იკვლევს აუტიზმისა და ცერებრალური დამბლის სამკურნალო პოტენციალის გამოსავლენად, აშშ-ში ჭიპლარის სისხლის გამოყენება ოფიციალურად მხოლოდ სისხლის დაავადებების სამკურნალოდ არის ნებადართული.

დღევანდელი მონაცემებით, ჭიპლარის სისხლის პანაცეად – ნებისმიერი დაავადების სამკურნალო “ჯადოსნურ წამლად” – შერაცხვას საფუძველი არ გააჩნია. ზოგიერთ მშობელს მიაჩნია, რომ კერძო ბანკი ჯანმრთელობის ყველაზე პერსპექტიული დაზღვევაა, თუმცა ამ ეტაპზე ეს მხოლოდ ვარაუდია.

აწმყო და მომავალი

დღეისთვის ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების 40 000-მდე გადანერგვაა ჩატარებული. ჭიპლარის სისხლის ტრანსპლანტაცია თანამედროვე თერაპიული მეთოდია სისხლის ონკოლოგიური დაავადებების (ლეიკემიები, ლიმფომები), აუტოიმუნური დაავადებების, თანდაყოლილი ანემიებისა (სისხლნაკლებობის) და იმუნოდეფიციტური დაავადებების სამკურნალოდ.

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ინტენსიურად იკვლევენ ჭიპლარის ღეროვანი უჯრედების სინჯარაში გამრავლებისა და მათგან ღვიძლის უჯრედების (ჰეპატოციტების), ნერვული უჯრედების, სისხლძარღვთა უჯრედების (ენდოთელიოციტების), ხრტილოვანი უჯრედების, კანის უჯრედების მიღების შესაძლებლობას. გვპირდებიან, რომ ჭიპლარის სისხლის ღეროვანი უჯრედებისგან სასურველი უჯრედებისა და ქსოვილის გამოზრდა არცთუ შორეული მომავლის საქმეა.

მარი მარღანია

გააზიარე: