აუზთან დაკავშირებული დაავადებები

გააზიარე:

ამ სტატიაში დამწყები მოცურავეებისთვის, და არა მხოლოდ მათთვის, საინტერესო ინფორმაციას მოვუყარეთ თავი, რათა აუზზე თქვენი თითოეული ვიზიტი სასიამოვნო და ჯანმრთელობისთვის სიკეთის მომტანი იყოს.

 

აუზის სისუფთავე

აუზისა და წყლის სისუფთავე ჯანმრთელი ცურვის უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. წყალს აბინძურებს თვითონ ადამიანი, თუ აუზი ღიაა - ჩიტების ექსკრემენტები, წვიმის წყალი... ასე რომ, დეზინფექცია აუცილებელია.

დეზინფექციის რამდენიმე მეთოდი არსებობს: დაქლორვა, ბრომირება, ოზონირება, ულტრაიისფერი დასხივება და სხვა.

დაქლორვა ყველაზე გავრცელებული გზაა, რადგან იაფი და საკმაოდ ეფექტურია. ქლორი გვიცავს ისეთი საშიში პათოგენებისგან, როგორიცაა ნაწლავის ჩხირი, როტავირუსი, სალმონელა, შიგელა (აზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს), ადენოვირუსი (იწვევს ნაწლავის ანთებას, სასუნთქი სისტემისა და თვალის ინფექციას), ფსევდომონა (ფილტვების ანთებისა და საშარდე გზების ინფექციის გამომწვევია).

შესაბამისი ვაქცინების შექმნამდე ქლორი პოლიომიელიტისა და A ჰეპატიტისგან დაცვის ერთადერთი საშუალება იყო.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიხედვით, დაქლორილი წყლის PH 7.2-7.8 უნდა იყოს. ამაზე მაღალი PH-ის (>8.0) შემთხვევაში იკლებს თავისუფალი ქლორის ინფექციებთან ბრძოლის ხარისხი, ხოლო თუ PH 7.0-ზე ნაკლებია, წყალმომარაგების სისტემის მილები ზიანდება. PH-ის 7.2-დან 7.8-მდე დიაპაზონში შენარჩუნება მოცურავეთა კომფორტის საწინდარიცაა - მინიმუმამდე დადის თვალებისა და კანის გაღიზიანების ალბათობა.

ქლორიან წყალში კორონავირუსი ნადგურდება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კოვიდ-19 რესპირატორული ვირუსია, რაც ნიშნავს, რომ ის ცხვირ-პირიდან გამოყოფილი წვეთებით ვრცელდება ჰაერში. მაშასადამე, აუზში იმდენად არ გემუქრებათ საფრთხე, რამდენადაც აუზიდან ამოსვლის შემდეგ: თავშეყრის ნებისმიერ ადგილას, სადაც ადამიანები ჩვენს სიახლოვეს საუბრობენ, ახველებენ ან აცემინებენ, არსებობს ინფიცირების რისკი.

სრულყოფილ დაცვას დაქლორვა ვერ უზრუნველყოფს, რადგან ზოგიერთი პარაზიტი, მაგალითად, ლამბლია (იგივე გიარდია) და კრიპტოსპორიდიუმი, ქლორით დამუშავებულ წყალშიც გადარჩება. კრიპტოსპორიდიუმი, მაგალითად, აუზში ერთი კვირა ცოცხლობს. ეს მიკროსკოპული პარაზიტი ადამიანისა და ცხოველის ნაწლავებში ბინადრობს და ფეკალიებით ვრცელდება. კრიპტოსპორიდიუმით გამოწვეული დაავადების ყველაზე გავრცელებული სიმპტომებია დიარეა, გაუწყლოება, უმადობა, წონის კლება, კუჭისა და ნაწლავების ყურყური და ტკივილი, სიცხე, გულისრევა. წელიწადში ათასიდან 25 მოცურავის დიარეით დასნებოვნების მიზეზიც სწორედ ისაა.

ზოგიერთი ინფექციური აგენტი ქლორიან წყალში მოხვედრიდან  მხოლოდ 20 წუთის შემდეგ კვდება. მაშასადამე, თუ ცურვის დროს დაავადებული ადამიანის ფეკალიებით ახლად დაბინძურებულ წყალში აღმოჩნდით, ინფიცირების შანსი ძალიან დიდია.

ძალიან სახიფათოა ბავშვების ერთჯერადი საცურაო საფენები - მეცნიერებმა გამოიკვლიეს, რომ მათი დასვრიდან  დაახლოებით ხუთ წუთში თავისუფლდება პათოგენები, რომლებიც ადამიანის ინფიცირებას იწვევს. ნუ მისცემთ დიარეის ან ვირუსული ინფექციის სხვა სიმპტომების მქონე ბავშვებს აუზით სარგებლობის ნებას, რადგან, უფროსებისგან განსხვავებით, მათ უჭირთ ფიზიკური მოთხოვნილებების შეკავება. ჯანმრთელ პატარებს საფენი 30-45 წუთში ერთხელ გამოუცვალეთ. ბავშვებს აუცილებლად ასწავლეთ, პირში მოხვედრილი წყალი არ გადაყლაპონ, გადმოაფურთხონ.

ქლორი +ჭუჭყი = მავნე ნარევს

ჭარბი ქლორი იწვევს ალერგიულ რეაქციებს - თვალების, კანის ქავილს, ცემინებას, ხველას, ამიტომ მკაცრად უნდა კონტროლდებოდეს წყალში მისი რაოდენობა, მაგრამ ეს არ არის ამ ნივთიერებისგან მომდინარე ერთადერთი საფრთხე.

ქლორის მძაფრი სუნი სულაც არ ნიშნავს, რომ წყალი სუფთაა და თქვენც ზედმიწევნით ხართ დაცული. პირიქით, დაუყოვნებლივ უნდა აცნობოთ ამის შესახებ აუზის თანამშრომლებს, რადგან მძაფრი სუნი სინამდვილეში სადეზინფექციო საშუალებებისა და არასასურველი ორგანული ნივთიერებების (ოფლი, შარდი, ფეკალიები, მზისგან დამცავი და პირადი ჰიგიენის საშუალებები) შერევის შედეგია, შერევისას წარმოქმნილი ნივთიერებები, ქლორამინები, კი საშიშია ჯანმრთელობისთვის, რადგან სასუნთქ და საჭმლის მომნელებელ სისტემებში ადვილად ხვდება.

ქლორამინები ნებისმიერი ტიპის აუზში ჩნდება, მაგრამ ყველაზე შემაწუხებელია დახურულში, რადგან იქ ვენტილაცია შეზღუდულია.

ამ ნივთიერებების წარმოქმნისგან თავის არიდების ერთადერთი მარტივი საშუალება აუზში ჩასვლამდე შხაპის მიღება და ყოველგვარი საცხის, მტვრისა თუ ჭუჭყის საგულდაგულოდ ჩამობანაა.

ცურვა ჭამის შემდეგ

არსებობს მოარული აზრი, რომ ჭამიდან ცურვამდე 30-60 წუთი მაინც უნდა გავიდეს. ეს აზრი ემყარება მითს, თითქოს ჭამის შემდეგ სხეულის მთელი ენერგია საჭმლის მონელებას ხმარდება, რაც ასუსტებს ადამიანს და დახრჩობის ალბათობას ზრდის.

ამ მოსაზრების დამადასტურებელი მეცნიერული მონაცემები არ არსებობს, ასე რომ, თუ "სავსე მუცლით" ცურვა დისკომფორტს არ გიქმნით, თამამად ჩადით წყალში.

მოცურავის ყური და სხვა პრობლემები

გარდა ინფექციისა, რა ემუქრებათ აუზის ხშირ სტუმრებს?

ერთი ასეთი პრობლემაა მოცურავის ყური - გარეთა ყურის ანთება, რომელსაც ხშირად ყურის წვეთებით მკურნალობენ. მის თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია:

* ცურვის დროს ყურის არხში ჩაიდოთ სპეციალური სილიკონის საცობი;

* აუზიდან ამოსვლის შემდეგ ყური გაიმშრალოთ რბილი პირსახოცით და`ან თმის საშრობით (ამისთვის საშრობი ყველაზე დაბალ რეჟიმზე ჩართეთ და ყურიდან 30 სანტიმეტრის მოშორებით დაიჭირეთ);

* არ შეიყოთ ყურში უცხო საგნები, მათ შორის - არც ბამბის ჩხირი. მას შეუძლია, გააღიზიანოს და დააზიანოს გარეთა სასმენი არხის თხელი კანი.

ქლორიან წყალში ცურვის შემდეგ შესაძლოა განვითარდეს წითელი თვალის სინდრომიც. დისკომფორტის შესამსუბუქებლად ცურვის შემდეგ ჩამოიბანეთ თვალები თბილი წყლითა და ანტიალერგიული საპნით ან ჩაიწვეთეთ ხელოვნური ცრემლი. თვალების გაწითლებისა და შეშუპების თავიდან ასაცილებლად კი ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის წყლის სათვალით ცცურვაა რეკომენდებული.

კანის დაავადებათა შორის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია სოკოვან დაავადებებს - მიკოზებს. განსაკუთრებით გავრცელებულია ტერფისა და ფრჩხილების სოკო. ის შეიძლება შეხვდეს ნებისმიერ ადამიანს, რომელიც აუზზე დადის. მაპროვოცირებელ ფაქტორებს მიეკუთვნება მჭიდრო და დახურული ფეხსაცმელი, ზოგიერთი ქრონიკული დაავადება, იმუნური სისტემის დასუსტება. ფეხის ჰიგიენა საგრძნობლად ამცირებს სოკოვანი დაავადების რისკს:

. ნუ ივლით ფეხშიშველი საერთო საშხაპეებსა და გასახდელებში.

. დაბანის შემდეგ კარგად გაიმშრალეთ კანი თითებს შორის, ჭარბი ოფლიანობის შემთხვევაში გამოიყენეთ ფეხის ტალკი.

როცა სველი საცურაო კოსტიუმი დიდხანს გვაცვია, სასქესო ორგანოების ლორწოვანი გარსი დიდხანს რჩება თბილ და ტენიან გარემოში, რაც ხელს უწყობს ვაგინალური ინფექციის განვითარებას. აუზში დამატებით რისკფაქტორს წარმოადგენს სადეზინფექციო ნივთიერებებიც. გაღიზიანებული და დაზიანებული ლორწოვანი ორგანიზმისკენ გაჭრილი კარია მიკრობებისთვის, რომლებიც მრავლად არიან აუზის წყალში. სწორედ აღნიშნული ფაქტორების კომბინაციაა მიზეზი იმისა, რომ საცურაო აუზები მთელ მსოფლიოში სასქესო ორგანოების ინფექციურ დაავადებათა განვითარების მძლავრ რისკფაქტორებად მიიჩნევა.

პრევენცია

პრევენცია ჰიგიენის ადეკვატურ დაცვას გულისხმობს:  შეძლებისდაგვარად მალე გაიხადეთ სველი საცურაო კოსტიუმი; ერიდეთ ნოტიო რბილ შეზლონგზე დიდხანს ჯდომას, ნურც აუზის ნაპირზე ჩამოჯდებით. ცურვის შემდეგ წყლის გადავლება არ არის საკმარისი - აუცილებელია დაბანა საპნით ან შხაპგელით და ღრუბლით, ისე, რომ კანი მთლიანად გასუფთავდეს ქიმიური (ქლორისა და სხვა სადეზინფექციო საშუალებების) ნარჩენებისგან.

დაიცავით ინტიმური ჰიგიენა. გენიტალიების მიდამოს დასაბანად ხელი და წყლის ჭავლი ამოძრავეთ წინიდან უკან, რათა სწორი ნაწლავის პათოგენები საშოში არ მოხვდეს. გენიტალიები შეიმშრალეთ რბილი პირსახოცით, ფრთხილი მოძრაობებით.

გახსოვდეთ: აუზით სარგებლობა იკრძალება გულისა და თირკმელების  თანდაყოლილი პათოლოგიების, ინფექციური დაავადებების, კანის მწვავე დაავადებების დროს.

მარი მარღანია

გააზიარე: