პანკრეასის შესახებ

გააზიარე:

ხანძარი პანკრეასში - პანკრეატიტი

დიაბეტი – ჰორმონული ცვლილებები

ცისტური ფიბროზი – რა შუაშია პანკრეასი

პანკრეასის კიბო

პანკრეასის ასავალ-დასავალი

პანკრეასის შესახებ

პანკრეასი, მუცლის სიღრმეში მდებარე პატარა ორგანო, ორ მნიშვნელოვან და ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ ფუნქციას ასრულებს: საჭმლის მონელების პროცესში მონაწილეობს და სისხლში გლუკოზის დონეს არეგულირებს. ერთმანეთისგან განსხვავდება პანკრეასის დაავადებებიც: მისი ზოგიერთი უჯრედის დაზიანება დიაბეტს იწვევს, ძლიერი ჩივილებით ვლინდება მწვავე პანკრეატიტი; ამის საპირისპიროდ, პანკრეასის კიბო, ერთ-ერთი ყველაზე ვერაგი დაავადება, დიდხანს შეუმჩნევლად მიმდინარეობს...

ვიდრე პანკრეასის პრობლემების განხილვაზე გადავიდოდეთ, მისი მუშაობის მექანიზმები გავიხსენოთ.

პანკრეასი მუცლის ზედა მარცხენა ნაწილში, კუჭსა და ხერხემალს შორის მდებარეობს. ამის გამო მას კუჭუკანა ჯირკვალსაც უწოდებენ. პანკრეასს გარს არტყია წვრილი ნაწლავი, ღვიძლი, ელენთა. 16-22 სმ სიგრძისა და 3-9 სმ სიგანის ღრუბლისებრი, რბილი, მოგრძო, მსხლის ფორმის ორგანო ჰორიზონტალურადაა მოთავსებული. მისი ფართო ნაწილი, პანკრეასის თავი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის შეერთების ადგილს ებჯინება. თავს მოსდევს ყელი, სხეული და კუდი, რომელიც მარცხენა ფერდქვეშა მიდამოში, ბოლო ნეკნების დონეზე მდებარეობს.

ფერმენტები

პანკრეასის ძირითადი ნაწილი საჭმლის მომნელებელ ფერმენტებს წარმოქმნის. როგორც ყველა იმ ჯირკვალს, რომლებიც სეკრეტს სპეციალური სადინარებით გამოყოფს, პანკრეასის ამ ქსოვილსაც ეგზოკრინული ეწოდება. მას შემდეგ, რაც საკვები კუჭში მოხვდება, ფერმენტებით გაჯერებული პანკრეასის წვენი პანკრეასის სადინარებში მიედინება. ამ სადინართა გაერთიანებით მიღებული პანკრეასის მთავარი სადინარი უერთდება ნაღვლის საერთო სადინარს და მასთან ერთად იხსნება თორმეტგოჯა ნაწლავში.

პანკრეასის ფერმენტებია:

. პროტეაზა (ტრიფსინი, ქიმოტრიფსინი), რომელიც ცილების მონელებაში მონაწილეობს. ის ინელებს როგორც საკვებში არსებულ ცილებს, ისე ნაწლავებში მცხოვრებ ბაქტერიებსა და სოკოებსაც.

. ამილაზა, რომელიც ნახშირწყლების მონელებას უზრუნველყოფს. ის მონაწილეობს სახამებლის გლუკოზად დაშლაში, რომელსაც სხეული ენერგიის წყაროდ იყენებს. ამილაზის უკმარისობისას შესაძლოა განვითარდეს დიარეა, რომლის დროსაც განავლოვანი მასა დაუმუშავებელ ნახშირწყლებს შეიცავს.

. ცხიმების მონელებაში მონაწილე ლიპაზა. ნაღვლის წვენში არსებული ნაღვლის მჟავები ცხიმებს უფრო მცირე ნაწილებად შლის და ლიპაზას მათ მონელებაში ეხმარება. ლიპაზის უკმარისობისას ორგანიზმი კარგად ვერ ითვისებს ცხიმს და ცხიმში ხსნად (A, D, E, K) ვიტამინებს. ნაწლავის მიერ ცხიმის ცუდ შეწოვაზე მეტყველებს დიარეა და ცხიმიანი განავალი.

ჰორმონები

ადამიანის სხეულში არის ჯირკვლები, რომლებსაც გამომტანი სადინრები არ გააჩნია და რომლებიც გამომუშავებულ ჰორმონებს, ინფორმაციის გადამტან მოლეკულებს, პირდაპირ სისხლში ათავისუფლებს. ასეთ ჯირკვლებს ენდოკრინული ეწოდება.

პანკრეასი ენდოკრინული ჯირკვალიცაა. მის ძირთად ქსოვილში გაფანტულია უჯრედების პატარა გროვები, რომლებსაც, მათი აღმომჩენის პატივსაცემად, ლანგერჰანსის კუნძულები ჰქვია. ეს კუნძულები პანკრეასის ქსოვილის დაახლოებით 2%-ს შეადგენს. მათში წარმოიქმნება ჰორმონები, რომლებიც პირდაპირ სისხლში გადადის და მასში გლუკოზის შემცველობას არეგულირებს. სისხლში გლუკოზის სათანადო დონის შენარჩუნება კი ძალიან მნიშვნელოვანია ტვინის, ღვიძლის, თირკმელებისა და სხვა ორგანოების ნორმალური ფუნქციობისთვის.

ალფადან ეფსილონამდე

პანკრეასის კუნძულები ხუთი ტიპის უჯრედებს შეიცავს:

. ალფა უჯრედები კუნძულოვანი უჯრედების დაახლოებით მეხუთედს ან მეექვსედს შეადგენს და ჰორმონ გლუკაგონს წარმოქმნის. გლუკაგონი მონაწილეობს შაქრის მარაგად შენახული სახამებლის, გლიკოგენის, დაშლაში, რასაც სისხლში გლუკოზისა და ცხიმოვანი მჟავების კონცენტრაციის მატება მოჰყვება.

. ბეტა უჯრედები კუნძულოვანი უჯრედების ყველაზე მრავალრიცხოვანი ნაწილია – მათ წილად მოდის 65-80%. ისინი ინსულინს და ამილინს წარმოქმნიან. ინსულინი ამცირებს სისხლში გლუკოზის დონეს, რადგან სისხლის ნაკადში არსებულ გლუკოზას ღვიძლის, ჩონჩხის კუნთებისა და ცხიმოვანი ქსოვილის უჯრედებში შეღწევაში ეხმარება, ამილინი კი ანელებს კუჭის დაცლას, რითაც ხელს უშლის სისხლში გლუკოზის დონის სწრაფ მატებას.

. დელტა უჯრედები კუნძულოვანი უჯრედების 3-10%-ს შეადგენს. ისინი წარმოქმნიან სომატოსტატინს – ჰორმონს, რომელიც თრგუნავს პანკრეასში სხვა ჰორმონების გამოყოფას.

. გამა უჯრედების წილი 3-5%-ია. ისინი წარმოქმნიან პანკრეასულ პოლიპეპტიდს, რომელიც არეგულრებს პანკრეასის როგორც ენდოკრინულ, ისე ეგზოკრინულ სეკრეციას, ანელებს კუჭის მჟავას გამოყოფას, კუჭის დაცლას და წვრილი ნაწლავის მოტორიკას.

. ეფსილონ უჯრედების წილი კუნძულოვანი უჯრედების 1%-ზე ნაკლებია. ისინი გამოიმუშავებენ ცილა გრელინს, რომელიც აღძრავს მადას, ზრდის ცხიმის მარაგს და ასტიმულირებს ჰიპოფიზიდან ზრდის ჰორმონის გამოყოფას.

ლანგერჰანსის კუნძულების უჯრედები ერთმანეთზეც ზემოქმედებს. მაგალითად, ალფა უჯრედების მიერ გლუკაგონის გამოყოფა თრგუნავს ინსულინის გამოყოფას ბეტა უჯრედების მიერ და პირიქით, ხოლო დელტა უჯრედების მიერ სომატოსტატინის გამოყოფა აფერხებს ალფა და ბეტა უჯრედების მიერ გლუკაგონის და ინსულინის გამოყოფას.

ცხოვრება პანკრეასის გარეშე

შესაძლებელია თუ არა ამდენი ფუნქციის მქონე ორგანოს გარეშე ცხოვრება?

თურმე კი.

პანკრეასის კიბოს დროს ექიმებს ზოგჯერ ამ ორგანოს ამოკვეთა უწევთ. არსებობს ოპერაციები, რომლებიც მისი მხოლოდ ნაწილის ამოკვეთას გულისხმობს. მაგალითად, დისტალური პანკრეატექტომია (ამოიკვეთება მხოლოდ პანკრეასის კუდი ან კუდთან ერთად – პანკრეასის სხეულის ნაწილი). ზოგიერთ შემთხვევაში კი ამოიკვეთება პანკრეასიც, ნაღვლის ბუშტიც, კუჭისა და წვრილი ნაწლავის ნაწილიც და ელენთაც.

პანკრეასის ამოკვეთის შემდეგ ადამიანი მნიშვნელოვანი ჰორმონებისა და ფერმენტების წამომქმნელი უჯრედების გარეშე რჩება, უვითარდება დიაბეტი, გლუკოზის დონის რეგულირებისთვის უწევს ინსულინის მიღება, საჭმლის მოსანელებლად კი – პანკრეასის ფერმენტების შემცველი აბების სმა.

სხვისი პანკრეასი

მრავალ ქვეყანაში არსებობს გარდაცვლილი დონორის პანკრეასის გადანერგვის პრაქტიკა. პანკრეასის გადანერგვას უმთავრესად მაშინ მიმართავენ, როცა ის ვეღარ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის ინსულინს, რაც 1 ტიპის დიაბეტისთვის არის დამახასიათებელი, ამიტომ პანკრეასის ტრანსპლანტაციაც უმეტესაც ამ დაავადების სამკურნალოდ ტარდება, გაცილებით იშვიათად – დიაბეტი ტიპი 2-ის, ხოლო კიდევ უფრო იშვიათად – პანკრეასის, სანაღვლე გზების ან სხვა ორგანოთა სიმსივნეების სამკურნალოდ.

პანკრეასს თირკმელთან ერთად უნერგავენ იმ ადამიანებს, რომლებსაც დიაბეტის გამო თირკმელებიც დაზიანებული აქვთ.

შესაძლებელია მხოლოდ ინსულინწარმომქმნელი კუნძულების უჯრედების გადანერგვაც. გარდაცვლილი დონორის პანკრეასისგან მიღებული ლანგერჰანსის კუნძულების უჯრედები შეჰყავთ ვენაში, საიდანაც სისხლს ისინი ღვიძლამდე მიაქვს. საჭიროებისამებრ, შეიძლება ჩატარდეს უჯრედების განმეორებითი ინექციაც.

პანკრეასის გადანერგვის შემდეგ ადმიანმა მთელი სიცოცხლე უნდა მიიღოს მედიკამენტები, რომლებიც არ მისცემს სხეულს უცხო ორგანოს გაძევების საშუალებას. სამწუხაროდ, ეს წამლები იწვევს ოსტეოპოროზს, ქოლესტეროლის მატებას, არტერიული წნევის მატებას, გულისრევას, დიარეას, ღებინებას და სხვა გვერდითი მოვლენებს, ამცირებს სხეულის შეუვალობას ინფექციის მიმართ... ასე რომ, პანკრეასის გადანერგვაც არ არის იდეალური გამოსავალი.

ჯანმრთელი ჯირკვალი რომ შევინარჩუნოთ

პანკრეასის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანია მეზობელი ორგანოების ჯანმრთელობაც. მაგალითად, ნაღვლის ბუშტის კენჭებმა შესაძლოა პანკრეატიტი გამოიწვიოს, ამიტომ საჭიროა მათი მკურნალობა.

პანკრეასზეც მოქმედებს ჯანმრთელობის ზოგადი წესები: გაიმდიდრეთ რაციონი ახალი ხილითა და ბოსტნეულით, ყოველდღე სვით 8-10 ჭიქა წყალი, ერიდეთ მძიმე, ცხიმიან საკვებს, რომელიც პანკრეასს ზომაზე მეტი ფერმენტის წარმოქმნას აიძულებს, ნუ შეჭამთ ღამით, დროდადრო მიეცით პანკრეასს დასვენებისა და აღდგენის საშუალება ნორმალური ძილით, მსუბუქი კვებით, კვებათა შორის ნორმალური შუალედების დაცვით, ზომიერად სვით ალკოჰოლიანი და კოფეინიანი სასმელები, მათ შორის – ყავა და ჩაი. რეგულარულად ივარჯიშეთ: სხვა ორგანოების მსგავსად, პანკრეასსაც სჭირდება სისხლით კარგი მომარაგება, რასაც სწორედ ფიზიკური აქტიურობა უზრუნველყოფს.

ხანძარი პანკრეასში - პანკრეატიტი

პანკრეატიტი, პანკრეასის ანთება, ვითარდება, როდესაც საჭმლის მომნელებელი ფერმენტები თავს ესხმიან თავიანთ წარმომქმნელ ორგანოს – პანკრეასს.

პანკრეატიტი ან მწვავეა, ან ქრონიკული. მწვავე პანკრეატიტი ერთბაშად ვითარდება და, წესისამებრ, ცოტა ხანს გრძელდება, პანკრეასი მალევე უბრუნდება ნორმალურ, ჯანმრთელ მდგომარეობას, თუმცა არც ის არის გამორიცხული, ჯანმრთელობის სერიოზულმა პრობლემებმა იჩინოს თავი ან მდგომარეობა ისე დამძიმდეს, რომ სიკვდილით დასრულდეს.

ქრონიკული პანკრეატიტი კი ისეთი ანთებაა, რომელიც წლობით გრძელდება, დროდადრო მწვავდება და პანკრეასის შეუქცევად დაზიანებას იწვევს. ქრონიკული ანთების შედეგად პანკრეასის ქსოვილში ხშირად ნაწიბურები წარმოიქმნება. მძიმე შემთხვევებში პანკრეასმა შესაძლოა ფერმენტებისა და ჰორმონების გამომუშავება შეწყვიტოს.

რა იწვევს

პანკრეატიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება და ნაღვლის ბუშტის კენჭები, რომლებიც ბლოკავს პანკრეასის სადინარს და ორგანოდან ფერმენტების გადმოსვლას აფერხებს.

სხვა მიზეზებია:

* მუცლის ტრავმა;

* ოპერაცია მუცლის ღრუს ორგანოებზე;

* სისხლში ტრიგლიცერიდების (ცხიმის ნაწილაკების) მაღალი დონე;

* სისხლში კალციუმის ძალიან მაღალი დონე (ხშირად განპირობებულია ფარისებრახლო ჯირკვლის დაავადებით, ჰიპერპარათირეოიდიზმით);

* ისეთი მედიკამენტების მიღება, როგორიცაა ესტროგენები, სტეროიდები და თიაზიდური შარდმდენები;

* ინფექციები – ყბაყურა, A ჰეპატიტი,  B ჰეპატიტი, სალმონელოზი;

* ცისტური ფიბროზი (მუკოვისციდოზი);

* სიმსივნე;

* გენეტიკური დეფექტები;

* პანკრეასის თანდაყოლილი ანომალიები;

* პანკრეასის ტრავმა;

* თამბაქოს წევა.

რისკის ფაქტორები

პანკრეატიტის განვითარებას ხელს უწყობს ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, თამბაქოს წევა (მწეველებს არამწეველებზე სამჯერ უფრო ხშირად უდასტურდებათ ქრონიკული პანკრეატიტი, თუმცა მოწევაზე უარის თქმა რისკს დაახლოებით ორჯერ ამცირებს), სიმსუქნე, პანკრეატიტის ოჯახური ისტორია. ქრონიკული პანკრეატიტის განვითარებაში გენეტიკის როლი აშკარაა, ამიტომ ვისაც ამ დაავადების მქონე ოჯახის წევრები ჰყავს, ავად გახდომის უფრო მაღალი რისკი აქვს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დატვირთული გენეტიკა სხვა რისკფაქტორებთან არის შერწყმული.

სიმპტომები

პანკრეატიტი სხვადასხვანაირად ვლინდება. მწვავე პანკრეატიტის დროს მოსალოდნელია:

* მუცლის ძლიერი ტკივილი, რომელიც ზოგჯერ ზურგისკენ ან გულმკერდისკენ ვრცელდება და ძლიერდება ჭამის შემდეგ;

* გულისრევა;

* ღებინება;

* აჩქარებული გულისცემა;

* ცხელება;

* მუცლის ზედა ნაწილის შებერილობა და შეხებისას მტკივნეულობა;

* მუცელში სითხის დაგროვება;

* დაქვეითებული არტერიული წნევა;

* კანისა და თვალების სიყვითლე.

ქრონიკულ პანკრეატიტზე მიუთითებს მუცლის ზედა ნაწილის ტკივილი, წონის უმიზეზო კლება, ცხიმიანი, სუნიანი განავალი (სტეატორეა).

პანკრეატიტის სიმპტომები სპეციფიკური არ არის – ისინი ზოგიერთი სხვა დაავადების დროსაც გვხვდება, ამიტომ ექიმი მხოლოდ მათ ვერ დაეყრდნობა. ზუსტი დიაგნოზისთვის აუცილებელია დამატებითი გამოკვლევა.

დიაგნოზი

ექიმი ითვალისწინებს ჯანმრთელობის ისტორიას, სინჯავს პაციენტს და საჭიროების შემთხვევაში ლაბორატორიულ და ინსტრუმენტულ გამოკვლევებს უნიშნავს. ლაბორატორიაში იკვლევენ  სისხლში პანკრეასის ფერმენტების დონეს, განავალში ცხიმის შემცველობას. ტარდება მუცლის ღრუს ექოსკოპია ნაღვლის ბუშტში კენჭების აღმოსაჩენად და პანკრეასის ანთების დასადგენად, კომპიუტერული ტომოგრაფია - კენჭების აღმოსაჩენად და ანთების მასშტაბის შესაფასებლად, ენდოსკოპიური ექოსკოპია – პანკრეასის ან ნაღვლის სადინარში ანთების აღმოსაჩენას და ბლოკირებული უბნის საპოვნელად, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია - ნაღვლის ბუშტის, პანკრეასისა და მათი სადინარების შესასწავლად და ანომალიების აღმოსაჩენად.

ინდივიდუალური მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმმა შესაძლოა სხვა გამოკვლევებიც დანიშნოს.

მკურნალობა

მკურნალობის მიზანი პანკრეასის დასვენებაა, რაც მას განკურნების საშუალებას მისცემს, ამიტომ პაციენტს უმეტესად რამდენიმე დღით საავადმყოფოში აწვენენ და აშიმშილებენ.  მხოლოდ მას შემდეგ, რაც ანთება დაიკლებს, შეიძლება მისცენ სითხის და მსუბუქი, უცხიმო საკვების მიღების უფლება, დროთა განმავლობაში კი ის ჩვეულ დიეტას უბრუნდება. თუ ნაოპერაციები ადამიანი ჭამის დროს კვლავ უჩივის ტკივილს, ექიმმა შესაძლოა შესთავაზოს ზონდით კვება. რამდენიმე დღეში, წესისამებრ, მდგომარეობა უმჯობესდება.

პანკრეატიტს ზოგჯერ ძლიერი ტკივილის გამოწვევა შეუძლია. ამ შემთხვევაში პაციენტს ტკივილის საწინააღმდეგო მედიკამენტებს აძლევენ, გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად კი ვენიდან უსხამენ სითხეებს.

მას შემდეგ, რაც პანკრეატიტის სიმპტომები ჩაცხრება, მისი გამომწვევი მიზეზის მკურნალობაც შეიძლება.

თუ პანკრეატიტის ანთება ნაღვლის სადინარის შევიწროების ან დახშობის ბრალია, მიმართავენ ენდოსკოპიურ რეტროგრადულ ქოლანგიოპანკრეატიოგრაფის (EღჩP). ამ პროცედურით დიაგნოსტიკაც ტარდება და ნაღვლისა თუ პანკრეასის სადინარში არსებული პრობლემების აღმოფხვრაც ხერხდება, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც თავად ეს პროცედურა იწვევს მწვავე პანკრეატიტს, განსაკუთრებით - მოხუცებში.

თუ პანკრეატიტის მიზეზი ნაღვლის ბუშტის კენჭებია, ტარდება ქოლეცისტექტომია - ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა.

შესაძლოა საჭირო გახდეს ოპერაცია პანკრეასზეც –  სითხის დრენირებისთვის ან დაზიანებული ქსოვილის მოსაშორებლად.

თუ პანკრეატიტის მიზეზი ალკოჰოლის ჭარბი მიღებაა, პაციენტს სთავაზობენ ალკოჰოლზე დამოკიდებულების მკურნალობის პროგრამაში ჩართვას. სმის გაგრძელებამ შესაძლოა დაამძიმოს მდგომარეობა და სერიოზული გართულებები გამოიწვიოს.

ქრონიკულ პანკრეატიტს შესაძლოა დასჭირდეს დამატებითი მკურნალობა, ტკივილის მართვა, რადგან მუცლის მუდმივი ტკივილის მიზეზად იქცევა. თუ მედიკამენტებმა სათანადოდ არ იმოქმედა, შესაძლოა ჩატარდეს ენდოსკოპიური ან ქირურგიული ოპერაცია იმ ნერვების ბლოკირებისთვის, რომლებიც პანკრეასისგან ტკივილის სიგნალებს გზავნის თავის ტვინში.

ფერმენტების მიღება საჭმლის მონელების გასაუმჯობესებლად ყოველი ჭამის დროს აუცილებელია. საკვები უნდა იყოს ცხიმის მცირე შემცველობისა და მაღალი კვებითი ღირებულების მქონე. ჭამოთ ცოტ-ცოტა.

ქრონიკული პანკრეატიტის მქონე ადამიანმა უარი უნდა თქვას სიგარეტზეც. თუ დიაბეტი აქვს, შესაძლოა, ინსულინის გამოყენება ან ლანგერჰანსის კუნძულების გადანერგვაც კი დასჭირდეს.

გართულებები

მწვავე პანკრეატიტის შემთხვევაში ჯანმრთელობის მდგომარეობა დროთა განმავლობაში თავისთავად უმჯობესდება, დაავადებულთა უმრავლესობა ადვილად ჯანმრთელდება, იშვიათად კი პანკრეასის გარშემო გროვდება სითხე (ფსევდოცისტა), რომელიც დრენირებას მოითხოვს. დიდი ფსევდოცისტა შეიძლება გასკდეს და გამოიწვიოს შინაგანი სისხლდენა ან ინფექცია.

მწვავე პანკრეატიტის დროს პანკრეასი დაუცველი ხდება ბაქტერიებისა და ინფექციების მიმართ. ზოგიერთი სერიოზული ინფექციის სამკურნალოდ  საჭირო ხდება ინფიცირებული ქსოვილის ამოკვეთა.

მწვავე პანკრეატიტმა შეიძლება გამოიწვიოს თირკმლის უკმარისობაც, რომელსაც დიალიზით მკურნალობენ, და სუნთქვის პრობლემები სხეულში განვითარებული ქიმიური ცვლილებების გამო.

ქრონიკული პანკრეატიტის შემთხვევაშიც შეიძლება, მდგომარეობა თავისთავად გაუმჯობესდეს, თუმცა ამას გაცილებით მეტი დრო სჭირდება. ამ ხნის განმავლობაში ადამიანი  რამდენიმე შეტევას გადაიტანს. ქრონიკული პანკრეატიტის შემდეგ უფრო მაღალია გახანგრძლივებული პრობლემების რისკი: დიაბეტისა ინსულინის მწარმოებელი უჯრედების დაზიანების გამო, ქრონიკული ტკივილისა, დიარეისა, წონის კლებისა, ვიტამინების დეფიციტისა მალნუტრიციის გამო, სანაღვლე გზების ბლოკირებისა, პანკრეასის სიმსივნისა.

შინ

საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ პაციენტმა უნდა შეასრულოს განსაზღვრული რეკომენდაციები:

*თავი დაანებოს ალკოჰოლს და სიგარეტს;

* მიიღოს უმთავრესად უცხიმო, ცილებით მდიდარი საკვები, ახალი ხილი და ბოსტნეული, მთლიანი, გაუფქცვნელი მარცვლეული;

* მიიღოს მეტი სითხე. პანკრეატიტს შეუძლია, გაუწყლოება გამოიწვიოს, ამიტომ პაციენტს მუდამ ხელთ უნდა ჰქონდეს წყლიანი ბოთლი და მთელი დღის განმავლობაში ცოტ-ცოტა სვას.

ალტერნატიული მედიცინა

ალტერნატიული მედიცინით პანკრეატიტი არ იკურნება, მაგრამ შესაძლოა, დაეხმაროს ავადმყოფს ტკივილთან გამკლავებაში. ეს განსაკუთრებით აქტუალურია მათთვის, ვისაც ქრონიკული პანკრეატიტი აქვს და აწუხებს მუდმივი ტკივილი, რომელიც ადვილად არ ემორჩილება მედიკამენტებს. ამ შემთხვევაში წამლებთან ერთად შესაძლოა შედეგიანი აღმოჩნდეს მედიტაცია, სარელაქსაციო სავარჯიშოები, იოგა, აკუპუნქტურა.

დიაბეტი – ჰორმონული ცვლილებები

დიაბეტი, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომელიც სისხლში გლუკოზის დონის მომატებით ვლინდება, პანკრეასის ენდოკრინული ფუნქციის დარღვევის შედეგია. გლუკოზა ორგანიზმისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია. ის ნებისმიერი უჯრედისთვის ენერგიის მნიშვნელოვანი წყაროა, ტვინისთვის კი – მთავარი საწვავი, მაგრამ მისი სიჭარბე ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იწვევს. პოტენციურად შექცევადია პრედიაბეტი, დიაბეტის წინამორბედი მდგომარეობა, და გესტაციური ანუ ორსულთა დიაბეტი, ქრონიკული დიაბეტი კი, რომელიც ორი სახისაა: ტიპი 1 და ტიპი 2, – არ იკურნება.

ჰორმონი ინსულინი პანკრეასის ლანგერჰანსის კუნძულების ბეტა უჯრედებში წარმოიქმნება. პანკრეასიდან ის პირდაპირ სისხლში გადადის და მასში არსებულ გლუკოზას (შაქარს) უჯრედებში შეღწევაში ეხმარება. ამის შედეგად სისხლში გლუკოზის ოდენობა მცირდება, რასაც პანკრეასიც აღიქვამს და ინსულინის გამოყოფას ამცირებს. მაშინ კი, როდესაც სისხლში გლუკოზის დონე ეცემა, – მაგალითად, როცა ადამიანი მშიერია, – ღვიძლში შენახული გლიკოგენი გლუკოზად გარდაიქმნება და სისხლში გადადის.

მიზეზები

დიაბეტი ტიპი 1-ის უშუალო მიზეზი უცნობია. მიიჩნევენ, რომ მას გენეტიკური განწყობისა და გარემო ფაქტორების კომბინაცია იწვევს. იმუნური სისტემა, რომელიც, წესით, ინფექციებს და გადაგვარებულ ქსოვილებს უნდა ებრძოდეს, გაურკვეველი მიზეზით თავს ესხმის და ანადგურებს ბეტა უჯრედებს, რაც ინსულინის გამომუშავების შემცირებას ან შეწყვეტას იწვევს. ინსულინის უკმარისობის გამო კი გლუკოზა სისხლში გროვდება.

პრედიაბეტის შემთხვევაში, რომელიც ხშირად დიაბეტი ტიპი 2-ის წინამორბედია, ორგანიზმის უჯრედები ინსულინის მიმართ უგრძნობი ხდება, რასაც საბოლოოდ გლუკოზის სისხლში დაგროვებამდე მივყავართ. ამ ტიპის დიაბეტის განვითარებაში გენეტიკურ და გარემო ფაქტორებთან ერთად ჭარბი წონაც ასრულებს თავის როლს, თუმცა ყველას, ვისაც დიაბეტი ტიპი 2 ემართება, არ აქვს ჭარბი წონა.

გესტაციურ ანუ ორსულთა დიაბეტს იწვევს პლაცენტის მიერ გამომუშავებული ჰორმონები, რომლებიც ზრდის უჯრედების მდგრადობას ინსულინის მიმართ. პანკრეასი იწყებს მეტი ინსულინის წარმოქმნას, მაგრამ ზოგჯერ სიტუაციას ბოლომდე ვერ უმკლავდება, რაც გესტაციურ დიაბეტს იწვევს. 

რისკის ფაქტორები

დიაბეტი ტიპი 1-ის მომატებულ რისკზე მიუთითებს:

. დაავადების ოჯახური ისტორია (მშობელს ან და-ძმას აქვთ პირველი ტიპის დიაბეტი);

. ვირუსული დაავადებები;

. ავტოანტისხეულების – იმუნური სისტემის დაზიანებაზე მიმანიშნებელი უჯრედების – არსებობა სისხლში.

პრედიაბეტისა და დიაბეტი ტიპი 2-ის რისკი იმატებს: ჭარბი წონის (რაც უფრო მეტი ცხიმოვანი ქსოვილი აქვს ადამიანს, მით უფრო მდგრადია მისი უჯრედები ინსულინის მიმართ), პასიური ცხოვრების წესის, დაავადების ოჯახური ისტორიის, მაღალი არტერიული წნევის, სისხლში ქოლესტეროლისა და ტრიგლიცერიდების პათოლოგიური დონის შეთხვევაში, ასაკთან ერთად (თუმცა ბოლო ხანს აღრიცხულია მისი შემთხვევების მატება ბავშვებთან, მოზარდებსა და ახალგაზრდებთანაც), ქალებთან, რომლებსაც ორსულობის დროს გესტაციური დიაბეტი ჰქონდათ, გააჩინეს 4 კილოგრამზე მეტი წონის ბავშვი ან აქვთ საკვერცხის პოლიკისტოზური სინდრომი.

სიმპტომები

შაქრიანი დიაბეტის სურათი სისხლში გლუკოზის დონეზეა დამოკიდებული. ზოგიერთი, განსაკუთრებით – პრედიაბეტის ან ტიპი 2-ის შემთხვევაში, არაფერს უჩივის, მაგრამ პირველი ტიპის დიაბეტის დროს სიმპტომები უმეტესად სწრაფად ვითარდება და სწრაფადვე მძიმდება.

ორივე ტიპის დიაბეტს ახასიათებს:

* წყურვილის მძაფრი შეგრძნება;

* ხშირი შარდვა;

* ძლიერი შიმშილის შეგრძნება;

* წონის აუხსნელი კლება;

* შარდში კეტონური სხეულების არსებობა;

* დაღლილობა;

* გაღიზიანება;

* დაბინდული მხედველობა;

* ძნელად შეხორცებადი ჭრილობები;

* ღრძილების, კანის, საშოს ხშირი ინფექციები.

დიაბეტი ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს, თუმცა ტიპი 1 უმეტესად ბავშვობაში ან მოზარდობაში იჩენს თავს, ტიპი 2 კი 40 წელს გადაცილებულებთან უფრო ხშირად გვხვდება.

გართულებები

რაც უფრო ხანდაზმულია დიაბეტი და რაც უფრო ცუდად კონტროლდება სისხლში გლუკოზის დონე, მით უფრო მაღალია გართულების რისკი.

დიაბეტის გართულებებია:

* გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, მათ შორის – კორონარული არტერიების დაავადება, ინფარქტი, ინსულტი;

* ნეიროპათია – ვითარდება ნერვების მკვებავი კაპილარების კედლის დაზიანების გამო, ყველაზე მეტად – ფეხებში. ვლინდება ჩხვლეტით, დაბუჟებით, წვით ან ტკივილით. სხვა ნერვების დაზიანებამ შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა, ღებინება, დიარეა ან ყაბზობა, მამაკაცებთან – ერექციული დისფუნქცია;

* ნეფროპათია – თირკმლის დაზიანება, რომელმაც შესაძლოა თირკმლის უკმარისობამდე მიგვიყვანოს და დიალიზის ან თირკმლის გადანერგვის საჭიროება წარმოშვას;

• დიაბეტური რეტინოპათია – ის ბადურას სისხლძარღვების დაზიანების შედეგია და სიბრმავეს იწვევს. მომატებულია კატარაქტისა და გლაუკომის რისკიც;

* დიაბეტური ტერფი – ნერვების დაზიანებისა და სისხლის ცუდი მოძრაობის გამო პატარა ჭრილობებიც კი (გადაცქვლეფილი კანი, ნახეთქები, ბებერები) ადვილად ინფიცირდება და ძნელად ხორცდება. ნებაზე მიშვებულ ამ პროცესებს საბოლოოდ თითის, ტერფის ან ფეხის ამპუტაციამდე მივყავართ.

* კანის დაზიანება – კანზე უფრო ადვილად ვითარდება ბაქტერიული და სოკოვანი ინფექციები;

* ალცჰაიმერის დაავადება (ტიპი 2-ის დროს);

* სმენის დაქვეითება;

* დეპრესია.

გესტაციური დიაბეტით დაავადებული ქალების უმეტესობა ჯანმრთელ ბავშვს აჩენს, მაგრამ თუ დიაბეტი ნებაზეა მიშვებული, ახალშობილი შესაძლოა დიდი წონისა დაიბადოს, მალევე განუვითარდეს ჰიპოგლიკემია (თუმცა ამის გამოსწორება შესაძლებელია) და მოგვიანებით სიმსუქნისა და დიაბეტი ტიპი 2-ის განვითარებისკენ ჰქონდეს მიდრეკილება, თავად დედას კი პრეეკლამფსია დაემუქროს. ეს არის მაღალი წნევით, შარდში ჭარბი ცილით და ფეხების შეშუპებით მიმდინარე პათოლოგია, რომელსაც შეუძლია, როგორც დედის, ისე ნაყოფის ორგანიზმში მძიმე, სიცოცხლისთვის საშიში გართულებები გამოიწვიოს.

დიაგნოზი

დიაბეტი ტიპი 1-ის სიმპტომები უმეტესად ერთბაშად იჩენს თავს და სისხლის ანალიზის საჭიროებაზე მიგვანიშნებს, პრედიაბეტის, დიაბეტი ტიპი 2-ისა და გესტაციური დიაბეტის სურათი კი ნელ-ნელა ვითარდება, ამიტომ, ერთ დღესაც შორს წასული პროცესი რომ არ შეგვრჩეს ხელში, გვირჩევენ, სკრინინგს მივმართოთ.

სკრინინგული გამოკვლევა უნდა ჩაიტარონ მათ, ვისაც აქვთ: სხეულის მასის 25-ზე მაღალი ინდექსი, მაღალი წნევა, ქოლესტეროლის პათოლოგიური დონე, მჯდომარე ცხოვრების წესი, პოლიკისტოზი ანამნეზში, გულის დაავადება, დიაბეტის ოჯახური ანამნეზი. სკრინინგი სასურველია 45 წელს გადაცილებული ნებისმიერი ადამიანისთვის. თუ შედეგი ნორმალურია, მდგომარეობა სამ წელიწადში ერთხელ უნდა გადამოწმდეს, ისევე როგორც გესტაციური დიაბეტის შემდეგ, პრედიაბეტის მქონე ადამიანმა კი ტესტირება ყოველწლიურად უნდა ჩაიტაროს.

დიაბეტის დიაგნოსტიკისთვის სისხლში განისაზღვრება:

* გლუკოზა უზმოზე (ნორმაა არა უმეტეს 100 მგ`დლ-ისა, ანუ 5.6 მმოლ`ლ);

* გლუკოზა ნებისმიერ დროს, ჭამისგან დამოუკიდებლად (გლუკოზის დონე არ უნდა აღემატებოდეს 200 მგ`დლ-ს ან 11,1 მმოლ`ლ-ს).

* გლუკოზა უზმოზე და შაქრიანი სითხის მიღებიდან ორ საათში (ტოლერანტობის ტესტი). ორი საათის შემდეგ 140 მგ`დლ (7,8 მმოლ`ლ) ნორმაა, 200 მგ`დლ (11,1 მმოლ`ლ)-ზე მეტი შაქრიან დიაბეტზე მიუთითებს, მათ შორის არსებული მაჩვენებელი კი – პრედიაბეტზე.

* გლიკოზირებული ჰემოგლობინი (A1ჩ). ამ ტესტს არ სჭირდება უზმოდ ყოფნა. მისი შედეგები მიუთითებს სისხლში გლუკოზის საშუალო დონეზე ბოლო ორი-სამი თვის განმავლობაში.

დიაბეტი ტიპი 1-ის დროს მოწმდება შარდი კეტონური სხეულების და სისხლი ავტოანტისხეულების აღმოსაჩენად.

მკურნალობა

დიაბეტის ტიპისა და მდგომარეობის მიხედვით, ინიშნება ინსულინის ინექციები, დასალევი წამლები ან ორივე ერთად. აუცილებელია სისხლში გლუკოზის დონის რეგულარული შემოწმება. უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ჯანსაღ კვებას, ჯანსაღი წონის შენარჩუნებას და რეგულარულ ფიზიკურ დატვირთვას.

დიაბეტით დაავადებულის რაციონი ხილის, ბოსტნეულის, მარცვლეულისა და ცილებით მდიდარი ნაკლებცხიმიანი საკვებისგან უნდა შედგებოდეს. ნაჯერი ცხიმები, რაფინირებული ნახშირწყლები და ტკბილეული უნდა შეიზღუდოს. შესაძლოა, პაციენტს ნახშირწყლების თვლაც მოუწიოს, განსაკუთრებით მაშინ, თუ პირველი ტიპის დიაბეტი აქვს ან ინსულინით მკურნალობს.

აერობული ვარჯიში ხელს უწყობს გლუკოზის უჯრედებში შეტანას. შესაბამისად, ამცირებს სისხლში მის დონეს. შედეგად ორგანიზმს იმდენი ინსულინი აღარ სჭირდება. კარგია ფეხით სიარული, ცურვა, ველოსიპედით სიარული. მთავარია, ეს ყველაფერი ყოველდღიური რუტინის ნაწილი გახდეს. რეკომენდებულია, სულ მცირე, 30-წუთიანი აერობული ვარჯიში კვირაში არანაკლებ 5-ჯერ ან 150-წუთიანი საშუალო ინტენსივობის ფიზიკური დატვირთვა მთელი კვირის განმავლობაში (შეიძლება მისი დაყოფა 10-15-წუთიან პერიოდებად). არასასურველია დიდხანს ჯდომა. თუ მაინც მოგიწიათ, მაგალითად, სამსახურებრივი მოვალეობის გამო, ნახევარ საათში ერთხელ წამოდექით და გაიარ-გამოიარეთ, მარტივი ვარჯიში შეასრულეთ...

ვინაიდან დიაბეტი ტიპი 1-ის წარმოშობის მიზეზი არ ვიცით, უცნობია მისი თავიდან აცილების გზებიც, პრედიაბეტის, დიაბეტი ტიპი 2-ისა და გესტაციური დიაბეტის პრევენცია კი ცხოვრების ჯანსაღ წესს გულისხმობს, რომელიც, ამასთანავე, მკურნალობის აუცილებელი ელემენტიცაა.

 

ცისტური ფიბროზი – რა შუაშია პანკრეასი

ცისტური ფიბროზი, იგივე მუკოვისციდოზი, გენეტიკური დაავადებაა, რომელიც აზიანებს ფილტვებს, საჭმლის მომნელებელ სისტემას და სხვა ორგანოებს, თუმცა სახელი “ცისტური ფიბროზი” მან სწორედ პანკრეასის პრობლემების გამო მიიღო.

ეს დაავადება პირველად 1938 წელს აღწერა კოლუმბიის უნივერსიტეტის ექიმმა დოროთი ანდერსენმა მალნუტრიციის შედეგად გარდაცვლილ ბავშვებთან და მას პანკრეასის ცისტური ფიბროზი უწოდა.

ანდერსენის მიერ აღწერილი სურათი მოიცავდა სასუნთქი გზების პრობლემებს, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევებს, მათ შორის – პანკრეასის პრობლემებსაც, და მეკონიუმის ილეუსს – პათოლოგიას, რომლის დროსაც ახალშობილის პირველი განავალი ზომაზე სქელი და წებოვანია და შეუძლია, დაახშოს წვრილი ნაწლავი, –  მედიცინის ენით რომ ვთქვათ, გამოიწვიოს მისი ობსტრუქცია. მეკონიუმის ილეუსის მქონე ჩვილების 80-90%-ს ცისტური ფიბროზი უდასტურდება.

ცისტური ფიბროზი აზიანებს ლორწოს, ოფლისა და საჭმლის მომნელებელი წვენების წარმომქმნელ უჯრედებს. ნორმაში ეს სითხეები თხელი და სლიპინაა, მაგრამ ცისტური ფიბროზის მქონე ადამიანებთან დეფექტური გენი განაპირობებს სეკრეტის წებოვნებასა და სისქეს. ასეთი სითხეები, ნაცვლად იმისა, რომ საპოხივით მოქმედებდეს, იჭედება და ახშობს ბრონქებს და პანკრეასის სადინარებს.

მიზეზები

ცისტური ფიბროზის დროს ერთ–ერთი (კერძოდ, ჩFთღ) გენის დეფექტი, მუტაცია, იწვევს იმ ცილის ცვლილებას, რომელიც უჯრედების შიგნით და გარეთ მარილის მოძრაობას არეგულირებს. ამის შედეგია სქელი, წებოვანი ლორწო სასუნთქ, საჭმლის მომნელებელ და რეპროდუქციული სისტემებში და ოფლის დამლაშება.

გენმა შეიძლება მრავალი სახის მუტაცია განიცადოს. მდგომარეობის სიმძიმე მუტაციის ტიპზეა დამოკიდებული. ცისტური ფიბროზი რომ განუვითარდეს, ბავშვმა დეფექტური გენი ორივე მშობლისგან უნდა მიიღოს. მხოლოდ ერთი მშობლისგან მიღებული დაავადებას არ გამოიწვევს. ამ შემთხვევაში ადამიანი უბრალოდ დეფექტური გენის მატარებელი იქნება და მას შთამომავლობას გადასცემს.

ცისტური ფიბროზი ყველაზე მეტად ჩრდილოეთევროპული წარმოშობის ადამიანებს შორისაა გავრცელებული.

სიმპტომები

ცისტური ფიბროზის ნიშნები, დაავადების სიმძიმის კვალობაზე, სხვადასხვანაირია. დროთა განმავლობაში ერთსა და იმავე ადამიანსაც კი შეიძლება სიმპტომები დაუმძიმდეს ან შეუმსუბუქდეს. ზოგიერთს დაავადება მოზარდ ასაკამდე, შესაძლოა სრულწლოვანებამდეც კი არ გამოაჩნდეს. ასეთ ავადმყოფებთან ცისტური ფიბროზი მსუბუქად მიმდინარეობს ატიპური სიმპტომებით – პანკრეასის ანთებით (პანკრეატიტი), უნაყოფობით და განმეორებითი პნევმონიით.

საყურადღებოა, რომ ცისტური ფიბროზის მქონე ადამიანებს ოფლში ნორმაზე მეტი მარილი აქვთ, რაც შესაძლოა ბავშვის კოცნისას შეამჩნიოს მშობელმა.

დაავადება ძირითადად სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემების სიმპტომებით ვლინდება.

სასუნთქი სისტემის სიმპტომებს განაპირობებს სასუნთქ გზებში სქელი და წებოვანი ლორწოს არსებობა. ავადმყოფი შესაძლოა უჩიოდეს:

* მუდმივ ხველას სქელი ნახველით;

* ხიხინს;

* ფიზიკური ვარჯიშის აუტანლობას;

* ფილტვის განმეორებითი ინფექციებს;

* გაჭედილ ცხვირს;

* განმეორებით სინუსიტს.

პანკრეასის სადინარები, რომელთა გავლითაც საჭმლის მომნელებელი ფერმენტებით სავსე წვენი ნაწლავებში გადადის, ცისტური ფიბროზის დროს ლორწოთი იხშობა. ფერმენტები პანკრეასში გროვდება და მის ანთებას იწვევს. ამავე მიზეზით ცისტური ფიბროზის მქონე ადამიანები იძულებული არიან, ფერმენტები დანამატის სახით მიიღონ.

ვინაიდან ცისტური ფიბროზით დაავადებულის ორგანიზმი ცხიმს ცუდად ითვისებს, მისთვის ჩვეულებრივზე კალორიული და ცხიმიანი საკვებია რეკომენდებული.

საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული სიმპტომებია:

* უხვი, ცხიმიანი განავალი;

* ნაწლავის ხშირი ან`და გაძნელებული მოქმედება;

* ყაბზობა, რომელმაც ადამიანს შესაძლოა გაჭინთვა აიძულოს და სწორი ნაწლავის ნაწილი ანუსის გარეთ გამოვიდეს (რექტალური პროლაფსი);

* გულისრევა;

* მუცლის შებერილობა;

* უმადობა;

* წონის მატებისა და ზრდის შეფერხება.

გართულებები

სასუნთქი სისტემის მხრივ:

* ბრონქოექტაზია – ბრონქების პათოლოგიური გაფართოება და ნაწიბურების წარმოქმნა, რაც ართულებს ფილტვებში ჰაერისა და ლორწოს მოძრაობას;

* ქრონიკული ინფექციები – ფილტვებსა და სინუსებში სქელი ლორწო ქმნის იდეალურ ნიადაგს ბაქტერიებისა და სოკოების გამრავლებისთვის. ცისტური ფიბროზის მქონე ადამიანებს ხშირად აქვთ სინუსური ინფექციები, ბრონქიტი, პნევმონია. ხშირია ავადობა ანტიბიოტიკების მიმართ მდგრადი და ძნელად სამკურნალო ბაქტერიებით;

* ცხვირის პოლიპები – ჩნდება ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებისა და შეშუპების შედეგად;

* სისხლიანი ხველა – შესაძლოა გამოიწვიოს ბრონქოექტაზიაზე ინფექციის დართვამ. სისხლი უმეტესად ცოტაა, მაგრამ არც სიცოცხლისთვის საშიში სისხლდენაა გამორიცხული;

* პნევმოთორაქსი – მდგომარეობა, რომლის დროსაც ჰაერი შედის ფილტვებსა და გულმკერდს შორის არსებულ სივრცეში და ფილტვის ნაწილი ან მთელი ფილტვი იჩუტება, კოლაფსს განიცდის. პნევმოთორაქსი  უფრო ხშირად ცისტური ფიბროზის მქონე მოზრდილებს ემართებათ. შესაძლოა გამოიწვიოს გულმკერდის უეცარი ტკივილი და ქოშინი;

* სუნთქვის უკმარისობა –  დროთა განმავლობაში ცისტურმა ფიბროზმა შესაძლოა ისე დააზიანოს ფილტვის ქსოვილი, რომ მან თავისი ფუნქცია ვეღარ შეასრულოს. სუნთქვის უკმარისობა ცისტური ფიბროზით დაავადებულთა სიკვდილის ყველაზე გავრცელებული მიზეზია;

* გამწვავება – ვლინდება სასუნთქი სისტემის სიმპტომების დამძიმებით. ამ დროს ტარდება ანტიბიოტიკებით მკურნალობა ბინაზე. ზოგჯერ  საჭიროა ჰოსპიტალიზაციაც.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ:

* კვებითი დეფიციტი – პანკრეასის სადინარების დაბლოკვისა და ნაწლავში ფერმენტების უკმარისობის გამო სხეული ვეღარ ითვისებს ცილებს, ცხიმებს, ცხიმში ხსნად ვიტამინებს. საკვები ნივთიერებების ათვისების დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს ზრდის შეფერხება, წონის კლება. ზოგჯერ ვითარდება პანკრეასის ანთება;

* დიაბეტი – პანკრეასი აწარმოებს ინსულინს, რომელიც უჯრედების მიერ შაქრის ათვისებას უზრუნველყოფს. ცისტური ფიბროზით დაავადებულთა დაახლოებით მესამედს დიაბეტიც უვითარდება;

* ღვიძლის დაავადებებს სანაღვლე გზების დახშობა იწვევს. ვლინდება სიყვითლით, ღვიძლის გაცხიმოვნებით, ციროზით, ზოგჯერ – ნაღვლის კენჭების გაჩენით;

. ნაწლავის გაუვალობა – ცისტური ფიბროზით დაავადებულებს ის ნებისმიერ ასაკში შეიძლება განუვითარდეთ;

* ნაწლავის დისტალური ობსტრუქციის სინდრომი – ნაწილობრივი ან სრული დახშობა, რომელიც წვრილი ნაწლავის მსხვილში გადასვლის ადგილას ვითარდება და სასწრაფო მკურნალობას მოითხოვს.

რეპროდუქციული სისტემის გართულებები

ცისტური ფიბროზით დაავადებული თითქმის ყველა მამაკაცი უნაყოფოა, რადგან თესლგამომტანი სადინარი ლორწოთია გადაკეტილი ან საერთოდ არ არის არსებობს, თუმცა თანამედროვე მედიცინის არსენალში მოიპოვება საშუალებები, რომ ასეთი მამაკაცები ბიოლოგიური მამები გახდნენ.

დაქვეითებულია ქალების ნაყოფიერებაც, თუმცა მათ შეუძლიათ დაორსულება და ორსულობის ბოლომდე მიყვანა.

სხვა გართულებებიდან აღსანიშნავია ოსტეოპოროზი, სახსრების ტკივილი, ართრიტი და კუნთების ტკივილი, ელექტროლიტების დისბალანსი და გაუწყლოება, შიში, დეპრესია, შფოთვა.

დიაგნოსტიკა

ახალშობილებს უტარებენ ცისტური ფიბროზის სკრინინგს სხვადასხვა მეთოდით (იმუნორეაქტიული ტრიფსინოგენის განსაზღვრა, ოფლის ტესტი...). შეიძლება გენეტიკური ტესტების ჩატარებაც ცისტურ ფიბროზზე პასუხისმგებელ გენზე სპეციფიკური დეფექტების აღმოსაჩენად. თუ მოზრდილ ადამიანს აქვს ხშირად განმეორებდი პანკრეატიტი, ცხვირის პოლიპები, სინუსების ან ფილტვების ქრონიკული ინფექცია, ბრონქოექტაზია, უნაყოფობა, საჭიროა ცისტური ფიბროზის გამორიცხვა.

მკურნალობა

ცისტური ფიბროზი არ იკურნება, მაგრამ შესაძლებელია სიმპტომების შემსუბუქება, გართულებების ალბათობის შემცირება და ცხოვრების ხარისხის ამაღლება. ამისთვის რეკომენდებულია ხშირი მონიტორინგი და ადრეული აგრესიული ჩარევა დაავადების პროგრესირების შესაფერხებლად. ჩარევის მიზანია:

. ფილტვის ინფექციების პროფილაქტიკა და კონტროლი;

. სასუნთქ გზებში ლორწოს  გათხელება და ამოღება;

. გაუვალობის მკურნალობა და პრევენცია;

. ადეკვატური კვების უზრუნველყოფა.

ამ ყველაფრისთვის გამოიყენება მედიკამენტები, სასუნთქი გზების გაწმენდის ტექნოლოგიები, ქირურგიული ჩარევა და სხვა პროცედურები. დიდი მნიშვნელობა ენიჭება კვებას, ვარჯიშს და ინფექციებისგან თავის დაცვას.

პროგნოზი

მიუხედავად იმისა, რომ ცისტური ფიბროზი პროგრესირებადი დაავადებაა და ყოველდღიურ პროცედურებს მოითხოვს, პაციენტებს შეუძლიათ სწავლა და მუშაობა. დღეს მათი ცხოვრების ხარისხი გაცილებით მაღალია, ვიდრე  ათწლეულების წინათ. ცისტური ფიბროზით დაავადებულმა, შესაძლებელია, 50 წელი და მეტიც კი იცოცხლოს.

პანკრეასის კიბო

სხეულის ნებისმიერი უჯრედი შეიძლება გადაგვარდეს და უკონტროლო გამრავლება დაიწყოს. გამონაკლისი არც პანკრეასის უჯრედებია. ამ ორგანოდან რამდენიმე ტიპის სიმსივნის აღმოცენებაა შესაძლებელი.

არის ერთი თვისება, რომელიც პანკრეასის კიბოს სხვა ორგანოთა სიმსივნეებისგან განასხვავებს – მას ძალიან იშვიათად აღმოაჩენენ ადრეულ სტადიაზე. შესაბამისად, მკურნალობაც უმეტესად გვიან იწყება და არც შედეგია ყოველთვის სასურველი.

პანკრეასის კიბო პანკრეასის უჯრედებში მომხდარი დნმ-ს ცვლილებების (მუტაციების) შედეგია. ეს მუტაციები უჯრედებს უკონტროლო ზრდას აიძულებს.  მკურნალობის გარეშე კიბოს უჯრედები შეიძლება გავრცელდეს როგორც ახლომდებარე ორგანოებში, ისე მოშორებითაც.

პანკრეასის კიბო ყველაზე ხშირად პანკრეასის სადინართა უჯრედებიდან აღმოცენდება. მას პანკრეასის ადენოკარცინომა ან პანკრეასის ეგზოკრინული კიბო ეწოდება. შედარებით იშვიათად კიბო ყალიბდება ჰორმონის გამომმუშავებელ ნეიროენდოკრინულ უჯრედებში. ასეთ წარმონაქმნს პანკრეასის ნეიროენდოკრინულ სიმსივნეს, კუნძულოვანი უჯრედების სიმსივნეს ან პანკრეასის ენდოკრინულ კიბოს ვუწოდებთ.

პანკრეასის კიბოს უშუალო მიზეზი უცნობია. გამოვლენილია რამდენიმე ფაქტორი, რომლებმაც შეიძლება გაზარდოს ამ ტიპის კიბოს განვითარების რისკი, მათ შორის – მოწევა და ზოგიერთი მემკვიდრეობითი გენური მუტაცია. რისკის ფაქტორებს ასევე მიეკუთვნება დიაბეტი, პანკრეასის ქრონიკული ანთება (ქრონიკული პანკრეატიტი), პანკრეასის კიბოს ოჯახური ისტორია, სიმსუქნე, ასაკი – პანკრეასის კიბოს დიაგნოზს უმეტესად  65 წლის შემდეგ სვამენ.

ფართომასშტაბიანმა კვლევამ აჩვენა, რომ სამი ისეთი ფაქტორის კომბინაცია, როგორიცაა მოწევა, დიდი ხნის შაქრიანი დიაბეტი და არასრულფასოვანი კვება, მკვეთრად ზრდის კიბოს განვითარების რისკს.

სიმპტომები

პანკრეასის კიბო ხშირად მანამდე არ ავლენს თავს, სანამ სხეულში მტკიცედ არ მოიკიდებს ფეხს. მან შეიძლება გამოიწვიოს:

* მუცლის ტკივილი, რომელიც ზურგისკენ გადაეცემა;

* მადის დაკარგვა ან წონის უმიზეზო კლება;

* კანისა და სკლერების სიყვითლე;

* ბაცი განავალი;

* მუქი შარდი;

* კანის ქავილი;

* დიაბეტის განვითარება ან უკვე არსებული დაავადების კონტროლის გართულება;

* თრომბების წარმოქმნა;

* დაღლილობა.

ეს სიმპტომები მაინცდამაინც პანკრეასის კიბოზე არ მიუთითებს, შესაძლოა, სხვა მდგომარეობითაც იყოს გამოწვეული, მაგრამ რისკის გაწევა არ ღირს – აუცილებლად მიმართეთ ექიმს მიზეზის დასადგენად.

გართულებები

პროგრესირებად პანკრეასის კიბოს მოჰყვება გართულებებიც:

წონის კლება რამდენიმე ფაქტორითაა გამოწვეული: კიბო იყენებს და ხარჯავს სხეულის ენერგიას; ადამიანს უჭირს ჭამა მკურნალობით გამოწვეული გულისრევისა და ღებინების ან მუცელზე სიმსივნის  ზეწოლის გამო; ორგანიზმს შესაძლოა გაუჭირდეს საკვები ნივთიერებების გადამუშავება, რადგან პანკრეასი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი რაოდენობის საჭმლის მომნელებელ წვენს.

სიყვითლეს იწვევს პანკრეასის კიბოს მიერ ნაღვლის სადინარის დაბლოკვა. კანისა და სკლერების გაყვითლებას თან ახლავს მუქი შარდი და ბაცი განავალი. სიყვითლე  მუცლის ტკივილის გარეშე ვითარდება. მის სამკურნალოდ ზოგჯერ მიმართავენ სადინარის სტენტირებას (ნაღვლის სადინარში დგამენ პლასტმასის ან ლითონის მილს). პროცედურა ტარდება ენდოსკოპიური რეტროგრადული ქოლანგიოპანკრეატიოგრაფის დახმარებით: ენდოსკოპი საყლაპავის გავლით ჩადის კუჭსა და წვრილი ნაწლავის ზედა ნაწილში და მანიპულაცია ისე ტარდება.

ტკივილის  მიზეზი შეიძლება იყოს სიმსივნის ზეწოლა მუცელში არსებულ ნერვებზე. მას ტკივილის საწინააღმდეგო წამლებით ებრძვიან. ტკივილი შეიძლება შეამსუბუქოს სხივური თერაპიისა და ქიმიოთერაპიის შედეგად სიმსივნის ზრდის შეფერხებამაც. ძალიან ძლიერი ტკივილის შემთხვევაში შეიძლება ალკოჰოლის შეყვანა კონკრეტულ ნერვებში – ეს მანიპულაცია  ტვინში ტკივილის სიგნალების გაგზავნას აფერხებს.

გაუვალობა ვითარდება, როცა პანკრეასის კიბო ან ჩაზრდილია თორმეტგოჯა ნაწლავში, ან გარედან აწვება მას და ხელს უშლის მისი შიგთავსის გადაადგილებას. ამ შემთხვევაში შეიძლება ნაწლავში სტენტის ჩადგმა ან დროებით ზონდით კვება.

დიაგნოსტიკა

პანკრეასის კიბოზე ეჭვის შემთხვევაში შეიძლება ჩატარდეს ჩამოთვლილთაგან ერთი ან რამდენიმე გამოკვლევა:

* გამოსახვითი, რომლის დახმარებითაც შინაგანი ორგანოების სურათების მიღება შეიძლება. პანკრეასის კიბოს დიაგნოსტიკისთვის გამოიყენება ულტრაბგერა, კომპიუტერული ტომოგრაფია (ჩთ), მაგნიტურ-რეზონანსული გამოსახვა (MღI) და ზოგჯერ – პოზიტრონულ ემისიური ტომოგრაფია (PEთ).

* ენდოსკოპიური ულტრაბგერითი, რომელიც იძლევა როგორც პანკრეასის მუცლის შიგნიდან დათვალიერების, ისე  ქსოვილის ნიმუშის აღების (ბიოფსია) საშუალებას. ამ ქსოვილს შემდეგ მიკროსკოპით გამოიკვლევენ.

* სისხლის –  შეიძლება შემოწმდეს სისხლში სპეციფიკური ცილების, სიმსივნის მარკერების არსებობა და განისაზღვროს, როგორ რეაგირებს კიბო მკურნალობაზე. ერთ-ერთი ასეთი მარკერია ჩA19-9 , მაგრამ ეს გამოკვლევა ყოველთვის საიმედო არ არის, რადგან პანკრეასის კიბოთი დაავადებულ ზოგიერთ ადამიანს მომატებული არ აქვს ჩA19-9 პროტეინი.

როდესაც პანკრეასის კიბოს დიაგნოზი დადასტურებულია, ზუსტდება კიბოს სტადია და ინიშნება შესაბამისი მკურნალობა. განსხვავებენ სიმსივნის განვითარების ოთხ სტადიას: 0-დან IV-მდე. ძალიან უხეშად თუ აღვწერთ, დაბალი სტადიების დროს კიბო შემოფარგლულია პანკრეასით, ბოლო, IV სტადიაზე კი უკვე სხეულის სხვა ნაწილებშიცაა გავრცელებული.

მკურნალობა

პანკრეასის კიბოს მკურნალობა დამოკიდებულია კიბოს სტადიასა და მდებარეობაზე, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მის სურვილებზე. მკურნალობის უპირველესი მიზანია კიბოს აღმოფხვრა, მაგრამ როდესაც ეს შეუძლებელია, აქცენტი დაისმის პაციენტის ცხოვრების ხარისხის ამაღლებაზე, კიბოს ზრდის შეფერხებაზე, მის მიერ მიყენებული ზიანის შემცირებაზე.

მკურნალობენ ქირურგიულად, სხივური თერაპიით, ქიმიოთერაპიით ან ამ მეთოდების კომბინაციით.

ქირურგიულ ჩარევას ორი მიზანი აქვს: სიმსივნის სრული ამოკვეთა (რეზექცია), თუ ის ამის საშუალებას იძლევა და პალიატიური ოპერაცია –  თუ კიბო ძალიან ფართოდაა გავრცელებული და მისი სრულად ამოკვეთა შეუძლებელია, მანიპულაცია მიზნად ისახავს სიმპტომების შემსუბუქებას ან ზოგიერთი გართულების თავიდან აცილებას, მაგალითად, ისეთის, როგორიცაა ნაღვლის სადინარის ან ნაწლავის ბლოკირება.

ქიმიოთერაპიის დროს კიბოს უჯრედებს წამლებით ანადგურებენ. ამ წამლებს ან ვენაში უსხამენ, ან ასმევენ ავადმყოფს. ქიმიოთერაპია სხივურ თერაპიასთან (ქიმიორადიაცია) ერთად გამოიყენება ისეთი კიბოს სამკურნალოდ, რომელიც პანკრეასის გარეთ, სხვა ორგანოებზე, არ არის გავრცელებული. ზოგჯერ მას ოპერაციამდეც მიმართავენ, რათა სიმსივნის ზომა შეამცირონ, ოპერაციის შემდეგ ჩატარებული ქიმიორადიაციული მკურნალობის მიზანი კი კიბოს გამეორების, რეციდივის რისკის შემცირებაა. სხეულის სხვა ნაწილებზე გავრცელებული პანკრეასის კიბოს დროს ქიმიოთერაპია შეიძლება გამოყენებულ იქნეს მისი ზრდის შესაფერხებლად, სიმპტომების შესამსუბუქებლად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.

კიბოს სხივური მკურნალობა ტარდება ოპერაციამდე ან მის შემდეგ, ხშირად – ქიმიოთერაპიასთან ერთად, ხოლო თუ ქირურგიული მკურნალობა ვერ ხერხდება, შეიძლება მხოლოდ სხივური და ქიმიოთერაპიული მეთოდების კომბინაციის გამოყენებაც.

თუ პანკრეასის კიბო პროგრესირებს, ხოლო მკურნალობა უშედეგოა, ექიმის მთავარი მიზანი ხდება სიმპტომების შემსუბუქება (პალიატიური მზრუნველობა), რათა პაციენტმა მშვიდად და კომფორტულად იგრძნოს თავი. საინტერესოა, რომ როცა პალიატიურ მზრუნველობას დიაგნოზის დასმის შემდეგ მალევე რთავენ სქემაში ძირითად მკურნალობასთან ერთად, კიბოთი დაავადებულები თავს უკეთესადაც გრძნობენ და უფრო მეტხანსაც  ცოცხლობენ.

ალტერნატიული მედიცინა

კიბოს ან მისი მკურნალობის შედეგად განვითარებული ზოგიერთი სიმპტომის სამკურნალოდ ალტერნატიულ მედიცინას მიმართავენ.

კიბოთი დაავადებული ადამიანები ხშირად განიცდიან დისტრესს, ცხოვრებისეული სირთულეების წინააღმდეგ ბრძოლის უნარის დაქვეითებას, ფიზიკურ ან ფსიქიკურ დაძაბულობას. ზოგიერთი გამოკვლევის თანახმად, ეს მდგომარეობა პანკრეასის კიბოთი დაავადებულებთან უფრო ხშირია, ვიდრე სხვა ტიპის კიბოთი დაავადებულებთან. კიბოთი გამოწვეული დისტრესი ვლინდება ძილის დარღვევით, ბრაზით, მოწყენილობით. ზოგიერთ შემთხვევაში მათ ეფექტურად უმკლავდება ალტერნატიული თერაპია, მაგალითად, აკუპუნქტურა, არტთერაპია, ვარჯიში, მასაჟი, მედიტაცია, მუსიკალური თერაპია, სარელაქსაციო სავარჯიშოები, სულიერი ცხოვრება...

პრევენცია

პანკრეასის კიბოს რისკს ამცირებს მოწევაზე უარის თქმა, ჯანმრთელი წონის შენარჩუნება. ამისთვის მნიშვნელოვანია წონის ნელა, სტაბილურად კლება (კვირაში 0,5-დან 1 კილოგრამამდე), ყოველდღიური ვარჯიში, ბოსტნეულით, ხილითა და გაუფცქვნელი მარცვლეულით მდიდარი რაციონი, მცირე ულუფებით ჭამა.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: