ჟოჟობას ზეთის საიდუმლო

გააზიარე:

მცენარეული ზეთი კარგი არჩევანია მათთვის, ვინც კანის მოვლას ბუნებრივი საშუალებებით ამჯობინებს. ზეთი ატენიანებს კანს და ხელს უწყობს მასში ტენის შეკავებას, ათანაბრებს ფერსა და სტრუქტურას, ხელს უშლის დეპიგმენტაციას, დაბოლოს, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს, რომლებიც ნაადრევი დაბერების მთავარი მიზეზია.

რა უნდა ვიცოდეთ

სხვადასხვა ზეთი სხვადასხვა ტიპის კანს უხდება. არსებობს კომედოგენური და არაკომედოგენური ზეთები. კომედოგენურებს, როგორც წესი, უფრო მკვრივი შემადგენლობა აქვს, ამიტომ უფრო ნელა შეიწოვება. შესაძლოა, დაახშოს ფორები, ამიტომ არ არის რეკომენდებული ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის. ასეთია ქოქოსის, აბუსალათინის, ხორბლის ჩანასახის, ზეითუნის ზეთი.

მგრძნობიარე, ცხიმიანი და კომბინირებული კანისთვის, ასევე მათთვის, ვისაც როზაცეა აქვს, უკეთესია არაკომედოგენური ზეთები, რომლებიც გაცილებით მსუბუქია, ამიტომ სწრაფად შეიწოვება. არაკომედოგენურია ჟოჟობას, კანაფის, ნუშის, გარგარის კურკის ზეთი.

კანის მოვლის ბუნებრივ საშუალებათაგან ერთ-ერთი საუკეთესოა ჟოჟობას ზეთი, რომელსაც აქტიურად იყენებენ კოსმეტოლოგიაში.

ცოტა რამ ისტორიიდან

ამერიკის უძველესი მოსახლეობა, ტოჰონო ო’ოდჰამის ტომის ინდიელები, მცენარეს ჰო-ჰო-წი-ს ეძახდნენ და მისი თესლისგან გამოხდილ ზეთს მაგიურ ძალას მიაწერდნენ. ჟოჟობა მას შემდეგ გაიცნეს ევროპაში, რაც XVIII საუკუნეში ერთმა იეზუიტმა ის თავის წიგნში ახსენა. მისი ზეთის განსაკუთრებული თვისებები მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში გახდა ცნობილი. მანამდე მას ავეჯისა და მანქანების საპოხად იყენებდნენ. მეოცე საუკუნის ბოლოს კი ჟოჟობას ზეთის კოსმეტიკურ გამოყენებაზეც დაიწყეს ფიქრი (რასაც ამერიკის ინდიელები, სხვათა შორის, მრავალი საუკუნით ადრე აკეთებდნენ).

მას შემდეგ უამრავმა კვლევამ დაადასტურა კანზე, თმასა და ფრჩხილებზე ჟოჟობას ზეთის სასარგებლო მოქმედება, რაც მისი განსაკუთრებული შემადგენლობით აიხსნება.

სხვა მცენარეული ზეთებისგან ჟოჟობას ზეთი იმით განსხვავდება, რომ სინამდვილეში ზეთი კი არა, ცვილია, რომელსაც საკმაოდ დაბალი დნობის წერტილი აქვს. და ვინაიდან ოთახის ტემპერატურაზე თხევადდება, ზეთს ეძახიან.

კანისთვის

ჟოჟობას 100%-ით ბუნებრივი ზეთი ძალიან უხდება კანს. ის არ შეიცავს მავნე ინგრედიენტებს, რომლებიც ხშირად გვხვდება სხეულის მოვლის თანამედროვე საშუალებათა შემადგენლობაში. დერმატოლოგების აზრით, ჟოჟობას ზეთი ნებისმიერი ტიპის კანისთვის იდეალურია. ის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი დამატენიანებელია, ამასთან, კვებავს და აღადგენს კანს, ხელს უშლის სხეულიდან ტენის აორთქლებას.

ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის წყალობით ჟოჟობას ზეთს სხვა უპირატესობებიც აქვს: მოქმედებს ანთების საწინააღმდეგოდ, იცავს კანს გარემოს მავნე ზემოქმედებისგან, არეგულირებს ცხიმის სინთეზს, ებრძვის დაბერების პირველ ნიშნებს.

ამ ყველაფერს მის შემადგენლობაში შემავალ ძვირფას ნივთიერებებს უნდა ვუმადლოდეთ:

* E ვიტამინი ძლიერი ანტიოქსიდანტი და კოსმეტიკური საშუალებების ძალიან მნიშვნელოვანი ინგრედიენტია. ის აფერხებს კანის ნაადრევ დაბერებას, ხელს უწყობს მისი ელასტიკურობის შენარჩუნებას. E ვიტამინის რეგულარული გამოყენებისას კანი უკეთ არის დაცული მცხუნვარე მზისა და სიცივისგან.

* პროვიტამინი A, იგივე ბეტა კაროტინი, ასევე საჭიროა კანისა და თმის სიჯანსაღისთვის. ის აძლიერებს კანის დამცავ ფუნქციას, ასე რომ, ბაქტერიები ადვილად ვეღარ აღწევენ კანში. ეფექტურია კანის ბაქტერიული ანთების, მაგალითად, მუწუკებისა და მსუბუქი აკნეს დროს.

* ჟოჟობას ზეთში შემავალი ცხიმები განსაკუთრებით ხელსაყრელი შემადგენლობით გამოირჩევა. ხელს უწყობს კანის ტენიანობის ამაღლებას. ეფექტურია მშრალი და ქავილისგან გაღიზიანებული კანისთვის.

როგორ გამოვიყენოთ

ჟოჟობას ზეთს, როგორც ვთქვით, მოვლის არაერთი საშუალების შემადგენლობაში აღმოაჩენთ, თუმცა სუფთა სახით მისი გამოყენებაც მრავალმხრივაა შესაძლებელი.

დამატენიანებლად: შეგიძლიათ, თხევადი ცვილი კანის დატენიანების ყოველდღიურ რუტინაში ჩართოთ. დაიწვეთეთ 7-8 წვეთი სახეზე, ყელსა და დეკოლტეზე დილა-საღამოს და კარგად შეიზილეთ. საღამოს კანი დაწოლამდე 1-2 საათით ადრე დაიტენიანეთ, შეწოვა რომ მოასწროს. თან ნაზად დაიზილეთ – პატარა წრეებით ნიკაპიდან შუბლისკენ. თუ წინასწარ კანს ოდნავ დაინოტივებთ მიცელარული წყლით, ზეთი უფრო უკეთესად შეიწოვება.

გამწმენდად: თუ ძალიან მგრძნობიარე კანი გაქვთ და გამწმენდი საშუალებები გიღიზიანებთ, ჟოჟობას ზეთით მოსინჯეთ კანის გაწმენდა. ის ნაზად ასუფთავებს კანს, არ აცლის დამცავ ბარიერს, შესაბამისად, დამცველობით ფუნქციას უნარჩუნებს.

როგორ გავიწმინდოთ?

რამდენიმე წვეთი ზეთი ხელისგულებზე დაიწვეთეთ და მშრალ სახეზე გადაისვით, მერე პატარა პირსახოცი თბილ წყალში დაასველეთ, გაწურეთ და სახეზე დაიფინეთ რამდენიმე წუთით. ბოლოს ზეთი კანიდან ნაზად მოიცილეთ.

მაკიაჟის მოსაშორებლად: ჟოჟობას ზეთით მაკიაჟის ნარჩენების მოშორებაც ადვილად და ნაზადაა შესაძლებელი. ზეთი მშრალ სახეზე კარგად შეიზილეთ, მერე მშრალი ხელსახოცით მოიშორეთ და სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ.

საპოხად მასაჟისთვის.

მუწუკებთან საბრძოლველად: ჟოჟობას ზეთი, როგორც გითხარით, არეგულირებს ცხიმის წარმოქმნას და აძლიერებს კანის დამცავ ფუნქციას. თუ თქვენს კრემს რამდენიმე წვეთს დაამატებთ ან სუფთა სახით წაისვამთ ინფიცირებულ ადგილებზე, კანი შესამჩნევ შვებას იგრძნობს.

ტუჩების დამატენიანებლად: ჟოჟობას ზეთს ტუჩების დამატენიანებლადაც იყენებენ. საცხის დამზადება თავადაც შეგიძლიათ. 30 გრ ჟოჟობას ზეთი და 10 გ ფუტკრის ცვილი ორთქლზე გაათბეთ, კარგად აურიეთ, პატარა ქილაში ჩაასხით და ადგილი ხელჩანთაში მიუჩინეთ.

თმისთვის

ჟოჟობას ზეთი იმ საუკეთესო ზეთების ჩამონათვალში შედის, რომლებიც ეფექტურია თმის მოსავლელად. მასში შემავალი ნივთიერებები ადვილად შეიწოვება თმის ღერში და აძლიერებს მას.

ჟოჟობას ზეთი განსაკუთრებით რეკომენდებულია მშრალი და მტვრევადი თმისთვის. მოვლის სხვა საშუალებებისგან განსხვავებით, ის კი არ აშრობს თმას, არამედ ხელს უწყობს ცხიმის წარმოქმნის დაბალანსებას თავის კანში. ძალიან უხდება გამომშრალ, ქერტლისკენ მიდრეკილ კანსაც – მისი კეთილისმყოფელი მოქმედება ამჯერადაც ცხიმის სინთეზის შემცირებით არის გამოწვეული.

ანიჭებს თმას ბუნებრივ ბრწყინვალებასა და სირბილეს.

როგორ გამოვიყენოთ

ნიღაბი: კვირაში ერთხელ ან ორჯერ ჟოჟობას ზეთის ნიღაბი გაიკეთეთ. რამდენიმე სუფრის კოვზი ზეთი ორთქლზე გაათბეთ და თმაში შეიზილეთ, განსაკუთრებით –  თმის ძირებსა და კანზე. 20 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ. თუ თმა მეტისმეტად გამომშრალი და დაზიანებულია, 30 წუთი გაიჩერეთ.

მეტი ბრწყინვალებისთვის: დაბანის შემდეგ რამდენიმე წვეთი ზეთი სველ, პირსახოცით შემშრალ თმაში შეიზილეთ, ბოლოს გაიშრეთ. ეს თმას განსაკუთრებულ ბზინვარებას შესძენს და, იმავდროულად, გარეგანი  ზემოქმედებისგან დაიცავს.

ჟოჟობას ზეთი ერთ-ერთი საუკეთესო კონდიციონერია. ის კარგად არბილებს და კვებას თმას.

გაითვალისწინეთ: ჟოჟობას ზეთის მცირე რაოდენობით გამოყენებაა რეკომენდებული. შეძენისას კი ყურადღება მიაქციეთ ხარისხს. უპირატესობა ცივად დაწნეხილ ზეთს მიანიჭეთ – უფრო მეტხანსაც ძლებს და სასარგებლო ნივთიერებებსაც მეტხანს ინარჩუნებს. კარგი ხარისხის ზეთს ფერით ამოიცნობთ: ცივად დაწნეხილი ოქროსფერია, რაფინირებული კი ბაცი ყვითელია ან უფერო.

ხარისხის კიდევ ერთი დასტურია ბუნებრივი კოსმეტიკის სერთიფიკატი.

ჟოჟობას ზეთი გრილ, მშრალ და ბნელ ადგილას შეინახეთ.

ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: