ბავშვები და ნიღბები

გააზიარე:

თავდაპირველად ნიღბებს მხოლოდ სამედიცინო პერსონალის სახეებზე ვხედავდით, ახლა კი ისინი თითქმის ყველას უკეთია. როგორი რეაქცია აქვთ ამაზე ბავშვებს? როგორი რეაქციაა მოსალოდნელი, თუ მათაც მოუწიათ პირბადის ტარება?

დღეს ბავშვები გაცილებით ნაკლებ დროს ატარებენ გარეთ. შინ ისინი მიჩვეულები არიან ოჯახის წევრების უნიღბო სახეების ყურებას, ამიტომ, როდესაც გარეთ გადიან და ერთბაშად ბევრ ნიღბიან ადამიანს ხედავენ, ეს შესაძლოა ეუცხოოთ და ოდნავ შეშინდნენ კიდეც.

მართალია, ნიღაბი უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილად იქცა, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ბავშვებს მათთან შესაჩვევად შესაძლოა მეტი დრო და მშობლების დახმარება დასჭირდეთ.

ბავშვი თავს მშვიდად და დაცულად გრძნობს, როდესაც მშობელი:

. მარტივად, მისთვის გასაგები ენით უხსნის, რა საჭიროა ნიღბის გაკეთება;

. აძლევს საშუალებას, დააკვირდეს ნიღბიან ადამიანებს, დაათვალიეროს და შეისწავლოს ნიღაბი;

. პასუხობს მის კითხვებს;

. გვერდით უდგას მას და ამხნევებს.

ნიღაბთან შეგუება ყველაზე მეტად ბაღის ასაკის ბავშვებს უჭირთ. მათთვის შეგიძლიათ შეიძინოთ ფერადი, მოხატული, საყვარელი მულტფილმების გმირების გამოსახულებიანი ნიღბები – დღეს ისინი მრავლადაა ბაზარზე – და ასე გაუხალისოთ შეჩვევის პროცესი.

რას ველოდეთ ბავშვისგან და როგორ მოვიქცეთ თავად

ნიღაბზე ბავშვის რეაქცია უმთავრესად მის ასაკზეა დამოკიდებული.

სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებს შესაძლოა არავითარი რეაქცია არ ჰქონდეთ. ისინი მალე ეჩვევიან ახალ რეალობას და ნიღბის ტარების ჩვევასაც იოლად გამოიმუშავებენ. ერთადერთი, შესაძლოა პრეტენზია გამოთქვან იმის გამო, რომ დასცხათ, ყურები ეტკინათ ან სათვალე დაეორთქლათ.

დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ მიაწვდის მშობელი ბავშვს ინფორმაციას ნიღბის ტარების აუცილებლობის შესახებ. სწორად გადაცემულმა ინფორმაციამ შესაძლოა მოანდომოს კიდეც ნიღბის გაკეთება, რომ თავი სუპერგმირად ან ბოროტ ვირუსებთან მებრძოლ უძლეველ ექიმად წარმოიდგინოს.

მცირეწლოვანი ბავშვებისთვის კი მხოლოდ ნიღბიანი სახეების ყურება დისკომფორტის წყაროა. მათ მეტი დრო სჭირდებათ შესაჩვევად. თავდაპირველად შესაძლოა შეშინდნენ კიდეც, ეჭვის თვალით შეხედონ ნიღბიან ადამიანებს, შესაძლოა იტირონ და მშობლის მკლავებში დამალვა არჩიონ. ასეთ დროს ბევრი რამაა დამოკიდებული მშობლის სითბოსა და ყურადღებაზე. აჩვენეთ, რომ ნიღბის უკან ჩვეულებრივი ადამიანები არიან. უმჯობესია, გარეთ გაყვანამდე, სახლშივე შეაჩვიოთ ამ სიახლეს. აიღეთ ნიღაბი, მის დასანახად გაიკეთეთ და მოიხსენით, ისევ გაიკეთეთ, მიეცით საშუალება, თვითონვე მოგხსნათ და დაათვალიეროს. ასეთი მომზადების შემდეგ ნაკლებად შეაშფოთებს ნიღბიანი ხალხის დანახვა.

რატომ ეშინიათ ბავშვებს ნიღბის

ნიღაბი მალავს ადამიანის სახის მნიშვნელოვან ნაწილს.

პატარა ბავშვები ადამიანებს სახეზე აკვირდებიან. მიმიკები, ღიმილი მათთვის კომუნიკაციის ძირითადი საშუალებაა. ბავშვმა უნდა დაინახოს უფროსის სახე, რომ თავი დაცულად იგრძნოს.

როდესაც საყვარელი ადამიანის სახე სანახევროდ ნიღბითაა დაფარული, პატარა ვეღარ ხედავს მის ღიმილს, ნაცნობ მიმიკებს და კომფორტულად ვეღარ გრძნობს თავს. შიში ამ დროს ნორმალური რეაქციაა, მაგრამ გახსოვდეთ, რომ თუ დაეხმარებით, ნებისმიერი ასაკის ბავშვი შეეწყობა ვითარებას და მიხვდება, რომ ნიღაბი არცთუ ისე საშიში რამაა.

როგორ ვესაუბროთ ბავშვს ნიღბის შესახებ

* ესაუბრეთ ასაკისა და განვითარების დონის შესაბამისად. აუხსენით, რომ სამედიცინო პირბადით სიარული არავის სიამოვნებს, რომ ყველა, დიდი თუ პატარა, ახლა ეჩვევა ამას. უთხარით ისიც, რომ პირბადის ტარებით შეგვიძლია ხელი შევუწყოთ გარშემო მყოფი ადამიანების, მათ შორის – მოხუცების (ჩვენი საყვარელი ბებიების და ბაბუების) და საზოგადოების სხვა, შედარებით სუსტი წევრების უსაფრთხოებას, რომ ეს ერთმანეთზე ზრუნვის ფორმაა.

როგორ დავეხმაროთ ნიღბის ტარებაში

* შეარჩიეთ იმ ზომისა, რომ ცხვირს, პირს და ნიკაპს უფარავდეს ბავშვს და მჭიდროდ ჰქონდეს მორგებული (გვერდებზე არ რჩებოდეს ფართო ღრიჭოები, არ ეფარებოდეს თვალებზე). ბოლოს შეამოწმეთ, კარგად სუნთქავს თუ არა ბავშვი პირბადით სწრაფად სიარულისას ან საუბრისას.

* ეცადეთ, თამაშ-თამაშით მანამდე შეაჩვიოთ ნიღბის ტარებას, სანამ გარემოებათა გამო მართლა დასჭირდება მისი გაკეთება. უყიდეთ პირადი ნიღაბი და მიეცით ამ ნივთით თამაშის საშუალება, ასწავლეთ, როგორ გაიკეთოს და მოიხსნას სწორად.

* წაახალისეთ, თვითონვე შეარჩიოს ნიღბის დიზაინი ან გააფორმოს თავისი ნიღაბი. თუ სასურველი დიზაინისა ვერსად იპოვეთ, უყიდეთ ჩვეულებრივი, სადა, და მიეცით საშუალება, სურვილისამებრ მოხატოს, დააკრას სტიკერები, შეღებოს საღებავებით. ასე მას მიკუთვნებულობის განცდა გაუჩნდება ამ ნივთის მიმართ და მისი ტარებაც ნაკლებად ეუცხოება.

* შეგიძლიათ, ნიღბები ერთად დაამზადოთ. ინტერნეტში უამრავ რჩევას და დაწვრილებით ინსტრუქციას იპოვით. მოიმარაგეთ საჭირო მასალა და ბავშვთან ერთად შეუდექით საქმიანობას. ეს მას გაახალისებს კიდეც,  დროის ერთადაც გატარებით საშუალებასაც მოგცემთ და საკუთარი ხელით დამზადებული ორიგინალური ნიღაბიც შეგრჩებათ, რომელიც ბავშვს ნიღბების შიშს დააძლევინებს.

ეთამაშეთ ბავშვს  ნიღბის გამოყენებით – ექიმობანა, სუპერგმირობანა... ჯერ თქვენ იყავით ექიმი, მერე – ის. შეგიძლიათ, თამაშში მისი საყვარელი სათამაშოებიც ჩართოთ. თამაშით ბავშვი ბევრ რამეს სწავლობს. ნუ უგულებელყოფთ ამ საშუალებას, რათა პატარა ყოველდღიურ ცხოვრებაში ნიღბის სწორად გამოყენებას შეაჩვიოთ.

ექსპერტთა რჩევები

COVID-19 პანდემიის პერიოდში ბავშვების მიერ ნიღბების გამოყენების შესახებ

სხვადასხვა ასაკის ბავშვების ფსიქოსოციალური საჭიროებებისა და განვითარების მახასიათებლების შესწავლის შემდეგ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და გაეროს ბავშვთა ფონდმა შემდეგი რეკომენდაციები გამოსცეს:

* 5 წლის და ამაზე უმცროსი ასაკის ბავშვებმა ნიღბები არ უნდა ატარონ. ეს რეკომენდაცია ფორმულირებულია ბავშვის ზოგადი ინტერესებისა და უსაფრთხოების  გათვალისწინებით, ასევე – მისი უუნარობით, დაიცვას ნიღბის ტარების წესები.

* 6-დან 11 წლამდე – სანამ ბავშვსაც გავუკეთებდეთ ნიღაბს, უნდა გავითვალისწინოთ:

. ფართომასშტაბიანია თუ არა ინფექციის გავრცელება თქვენს საცხოვრებელ არეალში;

. შესწევს თუ არა ბავშვს უნარი, სწორად გამოიყენოს ნიღაბი. გამოყენების წესები, რასაკვირველია, მოზრდილებმა უნდა ასწავლონ და პირველ ხანებში სათანადო მეთვალყურეობაც გაუწიონ;

. იმ გარემოს სპეციფიკური თავისებურებები, რომელშიც ბავშვი იმყოფება, ასევე – ურთიერთობის შესაძლებლობა მძიმე დაავადების ან მაღალი რისკის მქონე ადამიანებთან, კერძოდ, მოხუცებთან და თანმხლები დაავადებების მქონე პირებთან.

* 12 წლის და ამაზე უფროსი ასაკის ბავშვებმა ნიღბები უნდა ატარონ მოზრდილებისთვის განსაზღვრული წესების შესაბამისად.

* ბავშვის სწავლასა და ფსიქოსოციალურ განვითარებაზე ნიღბის ტარების გავლენა პედაგოგების, მშობლების, აღმზრდელების და`ან ჯანდაცვის პროფესიონალების მონაწილეობით უნდა შეფასდეს.

* განვითარების დარღვევის, შეზღუდული შესაძლებლობის ან სხვა სამედიცინო პრობლემის მქონე ბავშვებისთვის, განურჩევლად ასაკისა, ნიღბის ტარება არ არის სავალდებულო. ის შეიძლება გამოყენებულ იქნეს ბავშვის მშობლის ან მეურვის, მზრუნველის ან`და ჯანდაცვის პროფესიონალის მიერ კონკრეტული გარემოებების ინდივიდუალური შეფასებების საფუძველზე.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: