ჩვილი იზრდება - 8-დან 12 თვემდე

გააზიარე:

(II ნაწილი) 

ამ ასაკში შესაძლოა მოგეჩვენოთ, რომ ორი სრულიად სხვადასხვანაირი შვილი გყავთ. ერთი მხიარული და გულღიაა, მეორე კი – გამუდმებით გაღიზიანებული და შეშინებული. ნუ შეშფოთდებით, ამ ასაკისთვის ეს დამახასიათებელია.

ემოციური განვითარება

8-დან 12 თვემდე ასაკის პატარები ნელ-ნელა იწყებენ ნაცნობებისა და უცნობების გარჩევას. უცნობებთან იმორცხვებენ და უცხოობენ, რაც, ცხადია, მათ ნორმალურ განვითარებაზე მეტყველებს – მშობლებსა და უცნობებზე ერთნაირი რეაქცია არც უნდა ჰქონდეთ.

უცხოობასთან ერთად თავს იჩენს შიშიც, რომელიც მშობლისგან მოშორებით ყოფნას უკავშირდება. როცა მშობლები სახლიდან გადიან, პატარა ცუდ ხასიათზე დგება და ტირის კიდეც. ამ ასაკში ის აცნობიერებს, რომ თითოეული პიროვნება უნიკალურია, ხოლო მისთვის განსაკუთრებით საყვარელი და საჭირო ადამიანები მისი მშობლები არიან.

როცა მასთან არ ხართ, პატარამ იცის, რომ სადღაც სხვა სივრცეში არსებობთ, მისგან შორს, და ეს მისთვის დიდი სტრესია. დროის შეგრძნება ჯერ არ აქვს განვითარებული, ასე რომ, არ იცის, რამდენი ხნით წახვედით და როდის დაბრუნდებით. როცა წამოიზრდება, განშორებას ასე მტკივნეულად აღარ აღიქვამს, შეხვედრის სიხარულზე იფიქრებს და ყურადღებას ამაზე გადაიტანს.

საგნების მუდმივობა

რამდენიმეთვიანი დაკვირვების შედეგად ბავშვი სწავლობს ერთ-ერთ მნიშვნელოვან ჭეშმარიტებას – რომ საგნები მაშინაც არსებობს, როცა მისი თვალთახედვის არეში არ არის. ამას საგნების მუდმივობის კონცეფცია ჰქვია.

რვა თვემდე პატარა ფიქრობდა, რომ როცა საყვარელ სათამაშოს ვერ ხედავდა, ის არ არსებობდა, როცა ოთახიდან გადიოდით, უბრალოდ ქრებოდით, ახლა კი იცის, რომ ასე არ არის. თუ თამაშის დროს სათამაშოს ნაჭერი გადააფარეთ, ბავშვი მაშინვე გადასწევს და სათამაშოს "იპოვის". თუ ამ დროს სათამაშოს შეუმჩნევლად დამალავთ, ნაჭრის გადაწევის შემდეგ პატარა დაიბნევა. ათი თვის ასაკისთვის კი ძებნას დაუწყებს ნივთს და მანამდე გააგრძელებს, სანამ არ იპოვის, რადგან დარწმუნებულია მის არსებობაში, მიუხედავად იმისა, რომ ვერ ხედავს.

საკუთარი თავის აღქმა

მშობელი სიცოცხლის ადრეული თვეებიდან იწყებს ბავშვის დამოუკიდებელ პიროვნებად აღქმას, რასაც თავად ბავშვზე ვერ ვიტყვით. ის მშობლის (უფრო მეტად – დედის) ნაწილად მიიჩნევს თავს. იდენტობის განცდა ბავშვს ერთი წლის ასაკისთვის უჩნდება. და როგორც კი ამას მიხვდება, უფრო ცნობისმოყვარე გახდება გარესამყაროს მიმართ.

საკუთარი ინდივიდუალურობის გააზრების ნათელი მაგალითი სარკესთან პატარას დამოკიდებულების ცვლილებაა. რვა თვემდე, როცა ის სარკეში იყურებოდა, ფიქრობდა, რომ სხვა ბავშვს აკვირდებოდა და ეს ართობდა, ახლა კი ხვდება, რომ სარკეში მისი ანარეკლია. ის ეხება ცხვირს, კულულებს და ხედავს, რომ გამოსახულებაც იმავეს იმეორებს. კარგი იქნება, თუ მასთან ერთად ხშირად ჩაიხედავთ სარკეში და ეთამაშებით. მიუთითეთ სხეულის ნაწილებზე: "ეს პატარას ცხვირია, ეს კი დედიკოს ცხვირი".

სიახლის შიში

10-12 თვის ასაკისთვის პატარას სხვადასხვა საგნისა თუ მოვლენის შიში უჩნდება. აშინებს სიბნელე, ჭექა-ქუხილი, მტვერსასრუტისა თუ ბლენდერის ხმა, რომლებსაც მანამდე ყურადღებას არ აქცევდა. როცა ცოტა წამოიზრდება, აუხსნით, რომ საშიში არაფერია, მაგრამ მანამდე სხვა გზა უნდა მოსინჯოთ. თუ სიბნელისა ეშინია, დაუტოვეთ ოთახში სუსტი სინათლე, თუ მტვერსასრუტისა – ეცადეთ, ოთახი მაშინ დაალაგოთ, როცა ის გარეთ იქნება. თუ ატირდა, მოეფერეთ და გაამხნევეთ. აჩვენეთ, რომ არ გეშინიათ. როცა მაგალითს მისცემთ, ისიც დაგიჯერებთ და თავს უსაფრთხოდ იგრძნობს.

კვება

ამ ასაკში ბავშვს დღე-ღამეში 750-900 კალორია სჭირდება. ნახევარს დედის რძიდან ან ხელოვნური ნარევიდან იღებს (რაც დღიურად 720 მლ-ს შეესაბამება). თუნდაც შეამჩნიოთ, რომ პატარამ მადა დაკარგა, ნუ შეშფოთდებით – ეს, ერთი მხრივ, იმით აიხსნება, რომ ბავშვის ზრდის ტემპი სიცოცხლის პირველ რვა თვესთან შედარებით შენელდა, მეორე მხრივ კი იმით, რომ ის ახლა სამყაროს შეცნობით და ახალი თამაშებითაა გართული.

8 თვისთვის გაუფართოეთ ბავშვის რბილი საკვების რაციონი – მიეცით პიურე, იოგურტი, ჟელატინი. ქათმის კვერცხი საკმაოდ მდიდარია ცილებით, მაგრამ თავდაპირველად მხოლოდ გული აჭამეთ, ვინაიდან ის უფრო სასარგებლოა, თანაც ცილასთან შედარებით ნაკლებალერგიული. მთელი კვერცხი შეგიძლიათ 1-2 თვის შემდეგ მისცეთ.

8-9 თვის ასაკისთვის ბავშვს თითების მოძრაობა ეხვეწება, ამიტომ შეგიძლიათ, ანდოთ სილიკონის კოვზი და საშუალება მისცეთ, თავისი ხელით ჭამოს. უმჯობესია, პატარა ამ დროს მოშიებული იყოს, რათა კვებაზე იყოს კონცეტრირებული და არა თამაშზე.

გაითვალისწინეთ, რომ დამოუკიდებლობის ეს პირველი ნაბიჯი მყისვე ვერ გამოიღებს შედეგს – საჭმლის ნახევარი შეიძლება იატაკზე, მაგიდაზე, ბავშვის ტანსაცმელზე აღმოჩნდეს. მთავარია, ბავშვს დაანახოთ, რომ მის დამოუკიდებლობას პატივს სცემთ – ასე უფრო ადვილად მიეჩვევა საკუთარ თავზე ზრუნვას და პასუხისმგებლობის აღებას. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ პატარა კვების დროს მარტო დატოვოთ. ყოველთვის მის ახლოს იყავით!

მიეცით ხელით საჭმელი საკვებიც (finger food) – ორთქლში მოხარშული ბოსტნეულის ნაჭრები, რბილი ხილი (ბანანი, ატამი), კარგად მოხარშული მაკარონი, პურის ნაჭერი, ქათმის ხორცი, შემწვარი ათქვეფილი კვერცხი. თუ ყველს და სოსისს მისცემთ, აუცილებლად კუბებად დაუჭერით.

ეცადეთ, პატარას ფორმის, ტექსტურისა და გემოს მრავალფეროვანი არჩევანი შესთავაზოთ, თანაც ყოველი ახალი პროდუქტი – ერთმანეთისგან დამოუკიდებლად. 2-3 დღე დააკვირდით და თუ ალერგიული რეაქცია არ განუვითარდა, თამამად გააგრძელეთ მიცემა.

ამ ასაკში ბავშვი ჯერ კიდევ არ არის მიჩვეული კარგად დაღეჭვას, ამიტომ ეცადეთ, საკვები მეტისმეტად პატარა ნაჭრებად არ იყოს დაჭრილი – პატარა ლუკმა ბავშვმა შეიძლება დაუღეჭავად გადაყლაპოს, რაც მოხრჩობის საფრთხეს ქმნის.

სასმელი

ძუძუზე მყოფ ჩვილებს სასმელი წყალი არ სჭირდებათ, ვიდრე მყარი საკვების მიღებას არ დაიწყებენ (რაც დაახლოებით 4-6 თვისთვის ხდება), ხოლო ხელოვნურ კვებაზე მყოფებს შესაძლოა მხოლოდ ცხელ დღეებში დასჭირდეთ.

როცა პატარა დამოუკიდებლად ჭამას დაიწყებს, კარგი იქნება, სპეციალური ჭიქიდან წყლის სმასაც მიაჩვიოთ. საბავშვო ჭიქებს ორი სახელური აქვს, ხოლო თავსახურზე – წარზიდული სატუჩე, რაც ძალიან მოხერხებულია ბავშვისთვის.

პირველ ხანებში პატარას წყალი დღეში ერთხელ მიეცით. აჩვენეთ, როგორ დაიჭიროს ჭიქა ხელში და როგორ მიიტანოს სატუჩე პირთან. თავდაპირველად ის შესაძლოა ახალი გასართობი ეგონოს და თამაში დაიწყოს, მაგრამ საბოლოოდ მიხვდება, როგორ მიიტანოს პირთან ჭიქა და როგორ მოსვას სითხე.

რატომ ჭიქა და არა ბოთლი?

წოვის რეფლექსი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი რეფლექსია, მაგრამ როცა პატარა წამოიზრდება და მყარი საკვების ჭამას და ჭიქიდან სმას დაიწყებს, ის უკუგანვითარდება.

თუ ბავშვი ძილის წინ ძუძუს წოვას ან ბოთლით კვებას და ასე ჩაძინებასაა მიჩვეული, ჭიქით სმის სწავლება დაგეხმარებათ, გადააჩვიოთ. ბავშვებს, რომლებსაც უკვე ერთი კბილი მაინც ამოუვიდათ, პირის ღრუს მოუვლელობის შემთხვევაში შესაძლოა ადრეული კარიესი განუვითარდეთ. საქმე ის არის, რომ კბილებსა და ღრძილებზე შერჩენილი რძის (ან ნარევის) ნარჩენები ბაქტერიების გამრავლებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის, ამიტომ ძილის წინ აუცილებლად გამოუხეხეთ კბილები ამ ასაკის პატარებისთვის განკუთვნილი პასტით და ჯაგრისით.

ძილი

8 თვის პატარები დღის განმავლობაში ორჯერ იძინებენ, ღამით კი 10-12 საათი გადაბმულად სძინავთ. ეს ყოველივე, რა თქმა უნდა, ძალიან კარგია, მაგრამ შესაძლოა, სხვა პრობლემებმა იჩინოს თავი. ამ ასაკისთვის ბავშვს უმძაფრდება მშობლებთან (უფრო დედასთან) განშორების შიში, ამიტომ შესაძლოა, ღამით დაძინება გააპროტესტოს ან ღამის განმავლობაში რამდენჯერმე გაიღვიძოს, რათა დარწმუნდეს, რომ ახლოს ხართ.

გირჩევთ, სტრესის შესამსუბუქებლად რამე სტრატეგია შეიმუშაოთ. მაგალითად, ზოგი ბავშვი უფრო მშვიდად იძინებს, როცა საწოლი ოთახის კარს ღიას ტოვებთ – მას თქვენი ხმა ესმის, ეს ამშვიდებს და ჩაძინებაში ეხმარება. ზოგს ცერის წოვა ან რწევა აწყნარებს, ზოგს – საყვარელ სათამაშოსთან ან პლედთან ჩახუტება.

ეს პერიოდი მშობლებისთვისაც საკმაოდ სტრესულია, მაგრამ გირჩევთ, მოთმინება მოიკრიბოთ და გახსოვდეთ, რომ პატარა განზრახ არ იქცევა ასე – ის მხოლოდ და მხოლოდ ახალ შიშს ებრძვის. რამდენიმე დღე ძალიან გაგიჭირდებათ საკუთარ ემოციებთან ბრძოლა, როცა პატარა ატირდება, მაგრამ არ დანებდეთ. შედეგი ნამდვილად გაამართლებს თქვენს მოლოდინს.

* თუ ღამით ბავშვის ტირილმა გაგაღვიძათ, აუცილებლად შეამოწმეთ, რამე ხომ არ სტკივა (მაგალითად, ყური), ან სიცხე ხომ არ აქვს.

* ნუ ამოიყვანთ საწოლიდან და ნუ დაელაპარაკებით, მაგრამ დაენახეთ და აგრძნობინეთ, რომ მის გვერდით ხართ.

* ნუ გადაიწვენთ თქვენს საწოლში – ამის შემდეგ უფრო მეტად გააპროტესტებს ცალკე ძილს.

* ნუ აჭმევთ, დაალევინეთ წყალი.

* შეუმოწმეთ პამპერსი. თუ დასვრილია, გამოუცვალეთ, მაგრამ შეეცადეთ, ეს სწრაფად გააკეთოთ. გამოცვლის დროს ნუ აანთებთ შუქს.

* ვიდრე პატარას ისევ მარტო დატოვებთ, მოეფერეთ, რამე წაუღიღინეთ, რომ დამშვიდდეს. 

დისციპლინა

ბავშვის სურვილი, იკვლიოს გარემო, ძნელად სამართავია – პატარა ცდილობს, ყველაფერს შეეხოს, გემო გაუსინჯოს, ხელში აიღოს, გადააგდოს. ვინაიდან ცნობისმოყვარეობა აუცილებელია მისი პიროვნების განვითარებისთვის, ნურაფერს დაუშლით, თუ ეს თავად მას არ უქმნის საფრთხეს.

ამასთან, უკვე დროა, დისციპლინაზე იფიქროთ. გაითვალისწინეთ, რომ მომდევნო წლებშიც აღზრდის იგივე სტრატეგია უნდა გქონდეთ, რომელსაც ახლა გამოიყენებთ.

საუკეთესო სტრატეგია

ამ ასაკში ბავშვს მეხსიერება ჯერ კიდევ სუსტად აქვს განვითარებული, ამიტომ მისი ყურადღების სხვა საგანზე ან გასართობზე გადატანა უფრო ადვილია.

ეცადეთ, იშვიათად გამოიყენოთ სიტყვები: "არა", "არ შეიძლება". ხშირი აკრძალვა გრძელვადიან პერსპექტივაში უარყოფით ეფექტს გამოიღებს. აკრძალვის ნაცვლად შესთავაზეთ ბავშვს სხვა გასართობი, რომელიც მას ბუნებრივად აღუძრავს ინტერესს.

ყურადღების სხვა რამეზე გადატანა ყველაზე ეფექტური ხერხია არასასურველ ქცევასთან ბრძოლის დროს.

ერთმანეთისგან გამიჯნეთ არასასურველი და სახიფათო ქცევები. მაგალითად, თუ ბავშვი ელექტრომოწყობილობას ეთამაშება, უნდა აუკრძალოთ.

შეიმუშავეთ მარტივი, მაგრამ მკაფიო წესები იმის თაობაზე, რა არის მისაღები და რა – არა. მოითხოვეთ, რომ ეს წესები ბავშვის სხვა მომვლელებმაც (ძიძამ, ბებიებმა, ბაბუებმა და სხვა) დაიცვან, რომ პატარა არ დაიბნეს.

დროული რეაგირება დისციპლინის აუცილებელი კომპონენტია. ეცადეთ, ბავშვისთვის სახიფათო ქცევაზე მაშინვე გამოამჟღავნოთ რეაქცია და არა მოგვიანებით. რაც მთავარია, თქვენი რეაქციით პატარა კი არ უნდა შეაშინოთ (რაც უნდა შეშინებული იყოთ თქვენ თვითონ), არამედ დაარწმუნოთ.

ადროვეთ პატარას, გაიაზროს, რის გამო მიეცით შენიშვნა. შესაძლოა, წამოიტიროს კიდეც, მაგრამ მაშინვე ნუ მოეფერებით და გაუღიმებთ, თორემ დაიბნევა და ვერ მიხვდება, ნამდვილად "ცუდად" მოიქცა თუ არა.

ფიზიკური დასჯა

პირდაპირ გეტყვით: ბავშვის ფიზიკურ დასჯას არაფერი ამართლებს და არც ეფექტურია. შესაძლოა, სიმკაცრემ დროებით სიმშვიდე მოგგვაროთ, მაგრამ სიტუაციას ნამდვილად ვერ გამოასწორებს. ერთადერთი, რასაც ბავშვი ამ დროს სწავლობს, ისაა, რომ როცა თვითონ იქნება ცუდ ხასიათზე (გაღიზიანებული ან გაბრაზებული), თვითონაც აგრესიულად მოიქცეს. უფროსების მკაცრი მოპყრობა არათუ არ ასწავლის პატარას ქცევის ალტერნატიულ გზებს, არამედ ძირსაც უთხრის ბავშვისა და უფროსის ურთიერთობას.

ურჩი ბავშვების მშობლებს ამერიკის პედიატრთა ასოციაცია ალტერნატიულ მეთოდს სთავაზობს. ფიზიკური დასჯის ნაცვლად (ხელში ჩარტყმა, წამორტყმა და ა.შ.) გამოიყენეთ წუთშესვენების (time-out) მეთოდი. თუ პატარამ რამე დააშავა, სხვა ოთახში გაიყვანეთ და რამდენიმე წუთით დატოვეთ, ოჯახის წევრებისგან, ტელევიზორისგან, სათამაშოებისგან მოშორებით. როცა წუთშესვენება დამთავრდება, აუხსენით, რატომ იყო მისი საქციელი მიუღებელი.

კარგი ქცევა

ცუდ საქციელზე მითითებასა და მიზეზშედეგობრივი კავშირების ახსნასთან ერთად არ დაგავიწყდეთ პოზიტიური ქცევის წახალისება. ესეც დისციპლინის მნიშვნელოვანი კომპონენტია. თქვენი ასეთი რეაქცია დადებითად აისახება ბავშვის თვითკონტროლზე. მაგალითად, თუ შეამჩნიეთ, რომ პატარა ყოყმანობს და ვეტ გადაუწყვეტია, მოჰკიდოს თუ არა ხელი ჩაიდანს, შეაქეთ და ჩაეხუტეთ. ასევე წაახალისეთ, როცა ვინმეს რამეს მიუტანს ან სხვანაირად დაეხმარება.

ასეთ გარემოში გაზრდილი ბავშვი, ნაცვლად იმისა, რომ უსაქციელობით მიიპყროს უფროსების ყურადღება, შეეცდება, კარგი ქცევით გამოიჩინოს თავი და სითბო და ალერსი დაიმსახუროს.

განებივრება

მშობლებს ეშინიათ, მეტისმეტად არ გაანებივრონ ბავშვი თავიანთი ყურადღებით. საშიში არაფერია. 8-12 თვის ასაკში პატარას ჯერ კიდევ არ აქვს განვითარებული სხვებით მანიპულაციის ნიჭი, ჯერ კიდევ ვერ აცნობიერებს, რომ მისი ქცევის საპასუხოდ ვინმე რამეს აკეთებს, ამიტომ ლოგიკურია იმის ფიქრი, რომ როცა პატარა ტირის, ე.ი. რაღაც აწუხებს და დახმარებას გთხოვთ.

დროთა განმავლობაში შეამჩნევთ, რომ პატარა სხვადასხვანაირად ტირის, როცა შია, როცა დისკომფორტს განიცდის, როცა სტკივა ან როცა თვითონაც არ იცის რა უნდა. როცა ტირილის ინტონაციების გარჩევას ისწავლით, თვითონვე მიხვდებით, როდის სჭირდება ბავშვს თქვენი ყურადღება და დახმარება დაუყოვნებლივ და როდის შეგიძლიათ, დამშვიდება ადროვოთ. მშობლის მხრივ საუკეთესო პასუხი შვილის გვერდით ყოფნა და მისი დამშვიდებაა (მაგალითად საყვარელი სათამაშოთი). გახსოვდეთ, უფროსების ყურადღება პატარებს ისევე სჭირდებათ, როგორც ფიზიკური მოთხოვნილებების (შიმშილის, წყურვილის) დაკმაყოფილება.

სესილი ცირეკიძე

გააზიარე: