სოფიო ენუქიძე - მეცნიერების სიყვარულს შეწირული

გააზიარე:

ძნელია, იყო დიდი მეცნიერი და მკვლევარი, კარგი ექიმი, კათედრის ხელმძღვანელი და, ამავე დროს – მზრუნველი შვილი, და და დეიდა. სოფიო ენუქიძისთვის ნევროლოგია მთელი ცხოვრება იყო, მაგრამ  ახერხებდა, არც საყვარელ ადამიანებს მოჰკლებოდათ მისი ყურადღება.

დიდი ნევროლოგის ცხოვრების შესახებ ფაქტების მოძიებაში დახმარებისთვის მადლობას ვუხდით გასტროენტეროლოგ ხუტა პაჭკორიას, ქართული მედიცინის ისტორიის დიდ მოამაგეს, და ნინული ნინუას – ნევროლოგს, პროფესორს, სოფიოს დისშვილს და მის ღირსეულ მემკვიდრეს.

სოფიო ენუქიძე 1904 წლის 30 ოქტომბერს დაიბადა რაჭაში, სოფელ წკადისში. მამამისი, სპირიდონი, ნიჭიერი და ბეჯითი ბავშვი ყოფილა. ვინაიდან მრავალშვილიან ხელმოკლე ოჯახს მისთვის განათლების მიცემის საშუალება არ ჰქონდა, ეს საქმე სოფელმა იკისრა – ფული შეაგროვა და სპირიდონი გორის სემინარიაში გაგზავნა.

სემინარიის შემდეგ სპირიდონმა სანკტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ-სოციოლოგიური ფაკულტეტი დაამთავრა, მშობლიურ რაჭას დაუბრუნდა და თანასოფლელებისადმი მადლიერება იმით გამოხატა, რომ აქტიურად ჩაება ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობაში. სოფელ ხოტევში გახსნა დაწყებითი სკოლა, სადაც ქართულ ენასა და ლიტერატურას თვითონვე ასწავლიდა.

გავიდა რამდენიმე ხანი და სპირიდონი სენაკის მაზრის სასწავლებელთა მზრუნველ ზედამხედველად დანიშნეს.

ცხოვრების თანამგზავრად სპირიდონმა ყოფილი მოსწავლე, ანა ხოჭოლავა აირჩია. მომხიბვლელი, სათნო ქალი მხარში ამოუდგა მეუღლეს. სპირიდონი ძირითადად პედაგოგიური, საზოგადოებრივი და საქველმოქმედო საქმიანობით იყო დაკავებული, ოჯახი და მეურნეობა ანას ებარა, თუმცა საგანმანათლებლო საქმიანობაშიც მონაწილეობდა – მთავრობისგან თვითონვე გამოითხოვა ნებართვა და პატარებისთვის, რომლებსაც ხოტევში სიარული უჭირდათ, წკადისში გახსნა ოთხწლიანი სკოლა.

ასეთ ოჯახში დაიბადნენ და გაიზარდნენ მატილდა, ივანე, სოფიო და ვალოდია. დაწყებითი განათლება ბავშვებს მშობლებმა, გამზრდელმა და მოწვეულმა პედაგოგებმა მისცეს. სწავლა ჯერ ძველი სენაკის სასწავლებელში გააგრძელეს, მერე – ქუთაისში: გოგონებმა – წმინდა ნინოს სასწავლებელში, ვაჟებმა – კლასიკურ გიმნაზიაში.

კიდევ რამდენიმე ხნის შემდეგ ოჯახი თბილისში გადავიდა საცხოვრებლად. პედაგოგიურ და საზოგადობრივ საქმიანობაში სპირიდონის დამსახურების გამო გოგონებს უფლება მიეცათ, საზღვარგარეთ ესწავლათ, მაგრამ მათ ახალდაარსებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი არჩიეს. მატილდა საფინანსო-ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩაირიცხა, სოფიო – სამედიცინოზე. ივანემ და ვალოდიამაც ამავე სასწავლებელში, ფილოსოფიის ფაკულტეტზე ჩააბარეს.

გასაბჭოების შემდეგ ომგამოვლილ თბილისში ოჯახს ძალიან გაუჭირდა. უკვე დაუძლურებულ სპირიდონს "მეფის სამსახურში ყოფნა" გაუხსენეს და პენსიაზე უარი უთხრეს. ვერაფრით დაეხმარა ბიძაშვილი, ფაქტობრივად მის ხელში გაზრდილი აბელ ენუქიძე – ცნობილი რევოლუციონერი, რომელსაც იმხანად მაღალი თანამდებობა ეკავა მთავრობაში...

ნევროლოგიით შთაგონებული

უნივერსიტეტში სოფიო ყველაზე მეტად ანატომიით დაინტერესდა. ჰისტოლოგიის კათედრას იმხანად ცნობილი მეცნიერი ალექსანდრე ნათიშვილი განაგებდა. სოფიო მისი ხელმძღვანელობით მუშაობდა, ამზადებდა პრეპარატებს, ანატომიურ მულიაჟებს. პარალალურად ჰისტოლოგიისა და ანატომიის საფუძვლებს ეუფლებოდა. მისი სიბეჯითით მოხიბლულმა პროფესორმა კათედრაზე დარჩენა შესთავაზა, მაგრამ ამასობაში სოფიო ნევროლოგიამ გაიტაცა. გამოთხოვებისას ნათიშვილმა საყვარელ მოწაფეს თავისი მონოგრაფია აჩუქა სამახსოვრო წარწერით: "ანატომიის დროებით მსხვერპლს, სოფიკოს".

უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე სოფიომ ნერვულ სნეულებათა კათედრაზე დაიწყო მუშაობა. კათედრას სიმონ ყიფშიძე ხელმძღვანელობდა. ორიოდე წლის დაბრუნებული იყო საფრანგეთიდან, საიდანაც საუკეთესო აპარატურა და დიდი გამოცდილება ჩამოეტანა. სოფიოს ახალი შესაძლებლობები გადაეშალა თვალწინ. ჯერ კიდევ ორდინატორმა, ნევროლოგიაში პირველი ქართული სახელმძღვანელოს შექმნაში მიიღო მონაწილეობა. მალე კათედრაზე მასწავლებლობაც შესთავაზეს. გახდა ასისტენტი, სიმონ ყიფშიძის თანაავტორობით შექმნა პირველი ნაშრომები...

იმ წლებში კათედრაზე აქტიურად შეისწავლიდნენ ნერვკუნთოვანი აპარატის პათოლოგიებს. კვლევებში სოფიოც მონაწილეობდა.

სიმონი დიდად აფასებდა მას, ახასიათებდა როგორც მცოდნე პედაგოგს და მოაზროვნე კლინიცისტს, რომელმაც კარგად იცოდა ტოპიკური დიაგნოსტიკის საფუძვლები (ეს უკანასკნელი დიდ მეცნიერს ნევროლოგის კვალიფიკაციის ქვაკუთხედად მიაჩნდა). სიტყვაძუნწი პროფესორისგან ასეთი შეფასება ბევრს ნიშნავდა.

1936 წელს სოფიომ ხარკოვში ექიმთა დახელოვნების კურსები გაიარა. იქიდან დაბრუნებული, ჩაერთო მეტყველების დარღვევის საკითხებზე მუშაობაში, რომლებიც ძალიან აქტუალური იყო იმდროინდელ ნევროლოგიაში. სოფიომ კვლევებით დაადგინა მჭიდრო კავშირი მეტყველების მოშლასა და ინტელექტს შორის, მეტყველებისა და აზროვნების პროცესის ერთიანობა.

ერთი წლის შემდეგ დისერტაცია დაიცვა აფაზიის შესახებ. მოგვიანებით წიგნიც გამოსცა – "მეტყველება და აფაზია", რომელიც დღემდე ერთადერთი ქართული ნაშრომია აფაზიოლოგიაში.

პირველი დოქტორი ნევროლოგი ქალი

1938 წელს სოფიო ლენინგრადში (ახლანდელი სანკტ-პეტერბურგი) გაემგზავრა ბეხტერევის მიერ დაარსებულ ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში ნათხემის ბირთვების ემბრიონული განვითარების შესასწავლად. იქ ცნობილი მეცნიერისა და მკვლევარის ლევ პინესის უშუალო ხელმძღვანელობით დაეუფლა ნეირომორფოლოგიური კვლევის მეთოდებს. იქვე დაამუშავა თემა "ადამიანის ნათხემის ბირთვების ონტოგენეზი" და 1940 წელს წარმატებით დაიცვა დისერტაცია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხის მოსპოვებლად.

ნინული ნინუა:

_  ორი დიდი მეცნიერი, მორფოლოგი ლევ პინესი და ნევროპათოლოგი ივან რაზდოლსკი, რომლებსაც სოფიო ლენინგრადში შეხვდა, მის დანახვაზე აიმრიზნენ და კინაღამ უარით გამოისტუმრეს – ხარისხის მაძიებელი ქალი იმხანად დიდი იშვიათობა გახლდათ, მაგრამ როცა უკეთ გაიცნეს სოფიო, ძალიან დააფასეს. პინესმა მაღალი შეფასება მისცა მის ნაშრომს და აღნიშნა, რომ მან შეავსო ამ საკითხის გარშემო არსებული ხარვეზები, რაზდოლსკის თქმით კი, სოფიოს რამდენიმე განაცხადი რევოლუციური იყო.

ამრიგად, სოფიო ენუქიძე საქართველოში პირველი დოქტორი ქალი გახდა ნევროლოგიაში და მეორე – მედიცინაში, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის საფაკულტეტო ქირურგიის კათედრის გამგის დარია ბერეჟიანის შემდეგ.

1941 წელს სოფიოს მუშაობა შესთავაზეს ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტის ნერვულ სნეულებათა კათედრაზე, რომელსაც პეტრე სარაჯიშვილი ხელმძღვანელობდა. მალე ომი დაიწყო და, ექიმთა უმრავლესობის მსგავსად, სოფიოსაც შეეხო მობილიზაცია. ჯერ გარნიზონის პოლიკლინიკაში გადაიყვანეს ნევროლოგიური კაბინეტის უფროსად, მერე – ევაკოჰოსპიტალში. სწორედ იქ გაიცნო დიდი ოფთალმოლოგი ტატიანა შატილოვა. მათი მეგობრობა მთელი სიცოცხლე გაგრძელდა. ტატიანა ასე იხსენებდა სოფიოს: "სამხედრო ფორმაში გამოწყობილი კოხტა ქალი სევდიანი შავი თვალებითა და მოღიმარი სახით, თავმდაბალი, გულჩვილი და მოსიყვარულე, გაწონასწორებული, თითქოს ყოველგვარ ცხოვრებისეულ უსიამოვნებაზე მაღლა რომ იდგა".

1943 წელს, დემობილიზაციის შემდეგ, სოფიო ექიმთა დახელოვნების ინსტიტუტს დაუბრუნდა და პეტრე სარაჯიშვილთან ერთად აქტიურად ჩაერთო პედაგოგიურ და სამეცნიერო საქმიანობაში. დიდ კლინიკურ მასალაზე დაყრდნობით განიხილა მეტყველების აღდგენის გზები, თუმცა ეს არ ყოფილა მისი კვლევის ერთადერთი საგანი – მისი ნაშრომების დიდი ნაწილი ტრავმულ დაზიანებებს ეძღვნება (რომლებიც ესოდენ ხშირი იყო ომის შემდეგ); თბილისში გამართულ ნევროლოგთა და ფსიქიატრთა კონფერენციაზე წარდგა მოხსენებით ტრავმის დროს ქსონაქსიმეტრიული მეთოდების სადიაგნოსტიკო მნიშვნელობის შესახებ და თვალსაჩინოდ დაანახა კოლეგებს ამ მეთოდის ღირებულება. თავად მას უზადოდ ფლობდა.

ტკივილიანი ამბები

სოფიოს უმცროსი ძმა, ვალოდია, 1934 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს. გადასახლებაში ბედი მისსავე მდგომარეობაში მყოფ ქალს დაუკავშირა და მასთან ორი შვილი შეეძინა.

ნინული ნინუა:

– ბებიამ მხოლოდ ომის შემდეგ გაიგო, რომ ვალოდიას შვილები ჰყავდა. გოგოს კვალს ვეღარ მივაგენით, ბიჭი კი იქაურ ბებიას ობოლთა თავშესაფარში ეპოვა და უკრაინაში, ვოროშილოვგრადში (ახლანდელ ლუგანსკში) წაეყვანა. ბებია ანა გადაირია, ჩემი ვალოდიას შვილი ჩემთან უნდა იზრდებოდესო. დღედაღამე მასზე დარდობდა. ბოლოს, სოფიკომ თქვა, გადაყვება დარდს დედაჩემი, რა ვქნა, უნდა წავიდეო. მეგობარს პალტო სთხოვა და ახალგათავისუფლებულ, გაპარტახებული ვოროშილოვგრადში გაემგზავრა.

ჩამოიყვანეს საშა. იზრდებოდა ჩვენთან. სკოლაც ქართული დაამთავრა. ქართველი ვარო, ამბობდა. მერე მეორე ბებიის მოსაძებნად წავიდა და მას შემდეგ ერთმანეთს აღარ შევხვედრივართ...

ბებიაჩემმა სიცოცხლის ბოლომდე არ იცოდა, რომ ვალოდია 1937 წელს დახვრიტეს და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე ელოდებოდა მის დაბრუნებას.

ივანეც შორს იყო სამშობლოდან – უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ საფრანგეთში წავიდა და იქვე დარჩა, იურიდიული განათლება მიიღო და საფრანგეთის ახალგაზრდა იურისტთა საერთაშორისო საზოგადოების დაარსებაშიც მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ხელოვნება უფრო ძლიერი აღმოჩნდა – ივანემ თავი მიანება იურისპრუდენციას და აბსტრაქციონისტულ მხატვრობაზე გადაერთო. მისი ცხოვრების თანამგზავრი იყო ცნობილი მხატვარი ვერა ფაღავა.

მატილდამ კი გიორგი ნინუაზე იქორწინა 1935 წელს. წყვილს ერთადერთი შვილი შეეძინა – ნინული.

გიორგი ნინუა სამამულო ომის პირველივე დღეებიდან წინა ხაზზე იბრძოდა. ომის მთელი ქარცეცხლი გამოიარა, ბერლინშიც შევიდა...

ნინული ნინუა:

– 9 მაისს მამისგან დეპეშა მივიღეთ, კარგად ვარო... საღამოს გამარჯვება იზეიმეს, იქეიფეს... რამდენიმე ჯარისკაცმა გამარჯვების სიხარული სროლით გამოხატა. ბრმა ტყვია მამაჩემს მოხვდა და სიცოცხლეს გამოასალმა. 

ნინულიზე სამი ქალი ზრუნავდა: დედა, ბებია და დეიდა. დღესაც იტყვის ხოლმე ქალბატონი ნინული – სამი დედა მყავდაო.

ალბათ ობოლი დისშვილის მიმართ პასუხისმგებლობაც იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სოფიომ ჩრდილოეთ ოსეთის სამედიცინო ინსტიტუტის ნევროლოგიის კათედრის გამგეობაზე უარი თქვა. მოგვიანებით საქართველოს კურორტოლოგიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად მიიწვიეს. იქ გაატარა 1946-1953 წლები. პარალელურად იმავე ინსტიტუტის ნევროლოგიურ განყოფილებასაც განაგებდა. შეისწავლა და უამრავი ნაშრომი მიუძღვნა საქართველოს კურორტებისა და ბალნეოლოგიური ფაქტორების მოქმედებას ნერვულ სისტემაზე ზოგიერთი დაავადების დროს.

პირადი ცხოვრება

46 წლის სოფიომ ყოფილ პაციენტზე, ივანე ლიხოვიდოვზე – ამიერკაკასიის სამხედრო პროკურორზე, იუსტიციის გენერალ-მაიორზე – იქორწინა. შეყვარებულ ივანეს მთელი ინსტიტუტი გულშემატკივრობდა. ბოლოს სოფიოსაც მოულბა გული.

ნინული ნინუა:

_ ივანე პირველ ცოლთან გაყრილი იყო. ქალიშვილი აქ, საქართველოში, ტუბერკულოზით გარდაცვლოდა. წარმოსადეგი კაცი იყო, ქუჩაში შენდა უნებურად თვალს გააყოლებდი... უზომოდ უყვარდა ქართველები და საქართველო. ბებიასთან და დედასთან ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, უყვარდა ოჯახური თავყრილობები. ყოველთვის მზად იყო სხვის დასახმარებლად. მეც ბევრჯერ დამდგომია მხარში.

1952 წელს მეგრელთა საქმე დაიწყო, რომელსაც ივანე ლიხოვიდოვი და მისდამი დაქვემდებარებული სამსახური უძღვებოდნენ. იმ პერიოდში ივანემ ბევრი ქართული ოჯახი გადაარჩინა გადასახლებას,  რამაც ზემდგომი პირების უკმაყოფილება გამოიწვია. იმ საბაბით, რომ მეგრელი მეუღლე ჰყავდა და მეგრელ ნათესავებთან ცხოვრობდა, ივანე საქმეს ჩამოაშორეს და იმიერკავკასიის სამხედრო პროკურორად გადაიყვანეს. ის მოსკოვში გადავიდა საცხოვრებლად, სოფიკო კი თბილისში დარჩა _ მოხუცი დედა, და და დისშვილი ვერ მიატოვა.

ცხოვრების შემოდგომა

1953 წელს სოფიო ფსიქიატრიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ვეგეტოპათოლოგიის განყოფილების გამგე გახდა. ინსტიტუტს აკადემიკოსი ავლიპი ზურაბაშვილი ხელმძღვანელობდა, რომელმაც მოგვიანებით ასე შეაფასა სოფიოს შრომა: "მან შემოქმედებითად დააკავშირა ერთმანეთთან კლინიკური ფსიქოლოგია და ორგანული ნევროლოგია და შექმნა მეცნიერულ-ორგანიზაციული წინაპირობა ამ მიმართულების განვითარებისთვის".

1959 წელს სოფიო მოსკოვში გაემგზავრა, აკადემიკოს ალექსანდრ მიასნიკოვთან, სამედიცინო მეცნიერებათა საკავშირო აკადემიის თერაპიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორთან სამუშაოდ. მიასნიკოვის მამა ერთხანს საქართველოში მსახურობდა, ამიტომ ალექსანდრეს თბილისის გიმნაზია ჰქონდა დამთავრებული. მისი მითითებისამებრ, სოფიომ ბრწყინვალე ფიზიოლოგ ლუბა ილინასთან ერთად დაამუშავა ჰიპერტონიული კრიზის პათოფიზიოლოგიური მექანიზმები, მისი ნევროლოგიური გართულებები და სხვა მსგავსი საკითხები. ამ ნაშრომებს საბჭოთა კავშირშიც და მის ფარგლებს გარეთაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

ეს პერიოდი ცოლ-ქმარმა ერთად გაატარა, მაგრამ 1960 წელს ისევ დაშორდნენ – სოფიო საქართველოში დაბრუნდა თსსუ-ს პედიატრიის, სანჰიგიენისა და სტომატოლოგიის ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრის პროფესორად. კათედრას ნიკონ ფოფხაძე ხელმძღვანელობდა. 1966 წელს, ფოფხაძის გარდაცვალების შემდეგ, მისი ადგილი სოფიომ დაიკავა.

1961 წელს სოფიო საფრანგეთში მონატრებულ ძმას შეხვდა, მხატვრობისთვის თავის დანებება და სამშობლოში დაბრუნება სთხოვა – იურისპრუდენციაში ასეთი ცოდნით ბევრს მიაღწევო, მაგრამ უარი მიიღო. მხოლოდ დამოუკიდებელ საქართველოში დავბრუნდებიო.

1963 წელს 63 წლის ივანე ლიხოვიდოვიც გარდაიცვალა.

ნინული ნინუა:

_  მოსკოვიდან ცხედარს არ გვატანდნენ. ჩემმა ქმარმა ბევრი იწვალა ნებართვის მისაღებად. ბოლოს გაჭრა იმ არგუმენტმა, რომ გარდაცვლილს ცოლიც აქ ჰყავდა და ქალიშვილის საფლავიც აქ ჰქონდა... კრემლიდან გამოასვენეს. თან სამხედრო პირებისა და მოხელეების ესკორტი ჩამოჰყვა. ვაკეში დაკრძალეს დიდი პატივით.

კათედრის მუშაობა დუღდა და გადმოდუღდა, იწერებოდა ნაშრომები, იზრდებოდნენ თაობები. სოფიო მოწაფეებს ხშირად ეუბნებოდა: გამომიყენეთ, სანამ ცოცხალი ვარო. თავაზიანი, მოკრძალებული, თავმდაბალი იყო, მაგრამ იმავდროულად მტკიცე, ურყევი, მომთხოვნი და პრინციპული. დროის უმეტეს ნაწილს კაბინეტად ქცეულ საოჯახო ბიბლიოთეკაში ატარებდა. როგორც ქალბატონი ნინული ამბობს, თავისებური "უწესრიგო წესრიგი" ჰქონდა და ითხოვდა, ნუ დაალაგებთ – ნუ აურევთო.

სოფიო 135 სამეცნიერო ნაშრომის ავტორია, მრავალი სამეცნიერო საზოგადოების წევრი, რამდენიმე ორდენის კავალერი, უამრავი მედლისა და სიგელის მფლობელი. 1972 წელს საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება მიენიჭა.

გარდაიცვალა 1983 წლის  20 ივნისს, 78 წლისა. დაკრძალულია ვაკის სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით.

დეიდა და კოლეგა

ნინული ნინუა:

_ ხელსაწყოს დენის წყაროდან რომ გამორთავ, ისე გამოირთო სოფიო, როცა კათედრის დატოვება მოუხდა. მღელვარებისგან სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა განუვითარდა.

ჩემში ის საკუთარი თავის გაგრძელებას ხედავდა. ცხოვრება სანახევროდ მე შემომწირა, სანახევროდ კი მეცნიერებას. მისით ვარ, რაც ვარ. მან მასწავლა ნევროლოგია.

სულ გვერდით ვყავდი, ახალგაზრდობა, ფაქტობრივად, არ მიგრძნია. ჩემი ოჯახის შექმნაშიც კი იაქტიურა. დარდობდა, თვითონ რომ არ ჰყავდა შვილები და არ უნდოდა, მეც მხოლოდ ნევროლოგიისთვის გადამედო თავი.

მუშაობდა და მუშაობდა. მისი გარდაცვალების შემდეგ ოთხი მანქანა ხელნაწერი გადავყარე. მართლაც რომ ნევროლოგიას შეეწირა.

საოცარია, რომ მეც მისი გზა გავიარე, თითქმის ყველგან მომიწია მუშაობა, სადაც მას ჰქონდა ნამუშევარი, ბოლოს ნევროლოგიის კათედრის გამგეც გავხდი.

ნანა გელაძე, ბავშვთა ნევროლოგი, პროფესორი:

– 1971 წელს თეთრ წყაროში დავასრულე სავალდებულო სამედიცინო სამწლიანი სამსახური და თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული სტომატოლოგიური და სანჰიგიენური ფაკულტეტის ნერვულ სნეულებათა კათედრაზე უფროს ლაბორანტად დავიწყე მუშაობა. კათედრას იმ პერიოდში პროფესორი სოფიო ენუქიძე ხელმძღვანელობდა. შვილივით მიმიღო. ცხრა წელი მქონდა მასთან მუშაობის ბედნიერება. თუ სადმე რამე კონფერენცია ან სიმპოზიუმი იმართებოდა – თბილისში, მოსკოვში, ლენინგრადში თუ სხვაგან,  – ყველგან მგზავნიდა. მასწავლიდა, როგორ უნდა გამოიყურებოდეს ექიმი, როგორ მეტყველებდეს, მასწავლიდა ადამიანებთან, განსაკუთრებით კი პაციენტებთან ურთიერთობას. თვითონ ძალიან ყურადღებიანი ექიმი იყო. თუ შეამჩნევდა, რომ პაციენტს პატრონი არ ჰყავდა, კერძები, ნამცხვრები, მურაბები მოჰქონდა მისთვის.

ნევროლოგად ჩემს ჩამოყალიბებაში სოფიოსთან ერთად არანაკლებია მისი დისშვილის, პროფესორ ნინული ნინუას წვლილი.

სოფიო ენუქიძე ჩემთვის კლასიკური მაგალითია იმისა, როგორი უნდა იყოს პროფესორი, მასწავლებელი, კათედრის ხელმძღვანელი, ექიმი. ბევრი რამ ვისწავლე მისგან და თუ დღეს რამეს წარმოვადგენ, ვარ მედიცინის დოქტორი და ნევროლოგიის იმავე კათედრის (ამჟამად – ბავშთა ნევროლოგიის დეპარტამენტის) ხელმძღვანელი, რომელსაც სოფიო განაგებდა, მისი დამსახურებაა.

მარი აშუღაშვილი

გააზიარე: