როგორ ვითარდება პატარა- 8-დან 12 თვემდე

გააზიარე:

(I ნაწილი)

რვა თვიდან ერთ წლამდე ბავშვის ცხოვრებაში ხდება საოცარი მნიშვნელობის ცვლილებები, რომლებიც მომავალში მის პიროვნებას განსაზღვრავს.

ამ ასაკში ბავშვი მოძრავი და აქტიური ხდება. პირველად ამ დროს აღიქვამს ის თავის დამოუკიდებლობას.

ბავშვის დამოუკიდებელი მოძრაობა მშობლებისთვის დამატებითი მღელვარების წყაროა, მით უმეტეს, ამ ასაკის ბავშვებმა არ იციან, რა არის შიში, არც მეხსიერება აქვთ სათანადოდ განვითარებული და არც უფროსების რჩევა-დარიგება ამახსოვრდებათ.

პირველი, რაც ამ პერიოდში უნდა გააკეთოთ, ის არის, რომ სახლი ბავშვისთვის უსაფრთხო გახადოთ – ავეჯის კუთხეებზე დაამაგროთ დამარბილებლები, დენის წყაროები პლასტმასის დამცავებით დაახშოთ და ა.შ., რათა პატარებს ასპარეზი არ შეუზღუდოთ.

ნუ დატოვებთ ბავშვს მარტო. მან არ იცის, როგორ გაართვას თავი ახალ სიტუაციებში თავჩენილ პრობლემებს – თქვენ უნდა ასწავლოთ. თუ ბურთი სავარძლის ქვეშ შეუგორდა ან დგომისგან ფეხები ეტკინა, მოხერხებულად კი ვერ ჯდება, აჩვენეთ, როგორ კეთდება ეს და რომ მასაც შეუძლია, მომავალში იგივე გააკეთოს თქვენი დახმარების გარეშე.

გახსოვდეთ, რაც უფრო მეტ სიახლეს გააცნობთ, მით უფრო თავდაჯერებული და თავგადასავლების მოყვარული გაიზრდება თქვენი შვილი.

ზრდა-განვითარება

მერვედან მეთორმეტე თვემდე პატარები ისევ სწრაფად იზრდებიან – რვა თვისთვის უკვე 8-10 კილოგრამს იწონიან (გოგონები ბიჭებთან შედარებით საშუალოდ 0,5-0,8 კგ-ით ნაკლებს). პირველი დაბადების დღისთვის მათი წონა უკვე სამჯერ აღემატება დაბადებისას, ხოლო სიმაღლე 71-81 სმ-ს აღწევს.

თავის გარშემოწერილობის ზრდის ტემპი სიცოცხლის პირველ ექვს თვესთან შედარებით იკლებს: 8 თვისთვის თავის გარშემოწერილობა საშუალოდ 44,5 სმ-ია, ხოლო ერთი წლისთვის – 46 სმ.

წამოდგომა

ამ ასაკში ბავშვები წამოდგომას სწავლობენ. შესაძლოა, მათი დგომის მანერა უცნაური მოგეჩვენოთ: მუცელი წინ აქვთ გამობზეკილი, საჯდომი – უკან, ტანით კი წინ და უკან ქანაობენ. ეს სასაცილო პოზა განვითარების ამ პერიოდისთვის ნორმალურია. ორი წლისთვის ბავშვი ბალანსირებას მიეჩვევა და მისი დგომის მანერა ზრდასრული ადამიანისას დაემსგავსება.

სიარულისას მოგეჩვენებათ, რომ ბავშვის თეძოები გარეთ ტრიალდება. ეს სუსტად განვითარებული იოგების ბრალია და ამავე ასაკისთვისაა დამახასიათებელი.

18 თვისთვის ქვედა კიდურების იოგოვანი აპარატი ისე გაძლიერდება, რომ პატარა გამართულად ივლის.

შესაძლოა, უცნაური მოგეჩვენოთ ბავშვის ტერფებიც. დგომისას ტერფის ძირი, ნაცვლად თაღოვანისა, ბრტყელი ჩანს. ეს ჭარბად განვითარებული ცხიმოვანი ქსოვილის ბრალია. სიცოცხლის მეორე-მესამე წლისთვის ცხიმოვანი ქსოვილი ნელ-ნელა განილევა და ტერფის თაღიც გამოჩნდება.

მოძრაობა

რვა თვეს მიღწეული ბავშვი უკვე დაუხმარებლად იწყებს ჯდომას. დროდადრო შესაძლოა გადაყირავდეს, თუმცა ხელებით შეიმაგრებს თავს და გასწორდება. ტორსის კუნთების განვითარებასთან ერთად დახრასაც დაიწყებს, რათა სათამაშოს ან მისთვის საინტერესო სხვა ნივთს მისწვდეს. საბოლოო ჯამში კი ისწავლის, როგორ დაწვეს მუცელზე და შემდეგ ისევ წამოჯდეს.

ბავშვი წოლის დროსაც გამუდმებით იმოძრავებს. მუცელზე წოლისას თავს წამოსწევს, რომ გარემო მოათვალიეროს, ზურგზე წოლისას კი ტერფის პირში ჩადებას შეეცდება. ნუ დატოვებთ ამ პერიოდში უყურადღებოდ.

ცოცვა-ფოფხვა

ვინაიდან ხელის კუნთები უფრო ადრე ვითარდება, ვიდრე ფეხისა, პატარა ხელებზე დაყრდნობით ეცდება წამოდგომას და შესაძლოა, წინ წასვლის მაგივრად უკან გადაყირავდეს, თუმცა თანდათან ცოცვასაც ისწავლის.

ყველა ბავშვი როდი დაცოცავს – ზოგი გადაადგილების ალტერნატიულ ხერხს პოულობს: მუცელზე ხოხვას ან მჯდომარე დუნდულებით ფორთხვას. თუ პატარა კარგად იცავს წონასწორობას და ორივე ხელსა და ფეხს კარგად ხმარობს, საშიში არაფერია. მთავარია, რომ ჩვილი გარემოს იკვლევს და სიარულისთვის ემზადება.

მშობელს შეუძლია, წაახალისოს ბავშვის ეს ადრეული აქტივობები. მაგალითად, მოშორებით დაუწყოს სათამაშოები, რომ პატარა მათკენ გახოხდეს; ბალიშებით თუ მუყაოს ყუთებით პატარ-პატარა დაბრკოლებები მოუწყოს სათამაშო მოედანზე, რომ გვერდი აუაროს მათ ან ზემოდან გადაცოცდეს. შეიძლება ამ ანტურაჟში დამალობას თამაშიც. ნურც ასეთ გარემოში დატოვებთ ბავშვს უყურადღებოდ – შესაძლოა, ბალიშებს შორის ჩავარდეს ან ყუთი დაემხოს თავზე და დამოუკიდებლად ვერ გამოძვრეს.

სიარული

მიუხედავად იმისა, რომ ცოცვა კარგი გასართობია, პატარას ის არ ეყოფა – როცა მიხვდება, რომ მის გარშემო უფროსებს სიარული შეუძლიათ, მასაც მოუნდება წამოდგომა და გავლა, ამისთვის კი ყველა შესაფერის ნივთს გამოიყენებს.

წამოდგომა უფრო ადვილია, ვიდრე შემდეგ დაჯდომა: ბავშვმა არ იცის, როგორ დაჯდეს ისე, რომ არ გადაყირავდეს და რამე არ იტკინოს, ამიტომ როცა დგომა მობეზრდება ან დაიღლება, შესაძლოა ატირდეს. დაამშვიდეთ, აჩვენეთ, როგორ მოხაროს მუხლები და უმტკივნეულოდ დაეშვას დუნდულებზე.

როცა ადგომას და დაჯდომას ისწავლის, გავლაც მოუნდება. თუ უფროსები ახლოს არ იქნებიან, კედელ-კედელ ან ავეჯზე დაყრდნობით გადაადგილდება, ამიტომ ეცადეთ, ბავშვის სიმაღლეზე მდებარე ყველა საგანი (მაგიდა, თარო, სკამი) მყარად იდგეს თუ ეკიდოს, რომ დაყრდნობისთანავე არ წაიქცეს.

როცა წონასწორობის შენარჩუნებას ისწავლის, ბავშვს საყრდენის გარეშე მოუნდება სივრცეში გადაადგილება. პირველ ნაბიჯებს ფრთხილად, ერთგვარი შიშით გადადგამს. შესაძლოა, პირველი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ წაიქცეს. ამ დროს აუცილებლად შეუქეთ საქციელი და წაახალისეთ. თქვენდა გასაკვირად, აღმოაჩენთ, რომ სულ რამდენიმე დღეში ბავშვი უკვე რამდენიმე ნაბიჯს დგამს დაუხმარებლად.

რა უსაფრთხოც არ უნდა იყოს გარემო, წაქცევით გამოწვეულ ტკივილს, დაჟეჟილობებს და კოპებს გვერდს ვერ აუვლით. ჩაეხუტეთ წაქცეულ პატარას, მოეფერეთ, ეხუმრეთ, გაუღიმეთ. გახსოვდეთ, ბავშვი წაქცევას ტრაგედიად არ აღიქვამს, თუ თქვენ არ შეაშინებთ თქვენი რეაქციით.

როგორ მოვიქცეთ?

სიარულის მცდელობის შემჩნევისთანავე მშობლების უმრავლესობა ბავშვს ჭოჭინაში სვამს. ეს უკანასკნელი, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვს სიარულში ეხმარება, სიარულის სწავლას მაინცდამაინც ვერ უწყობს ხელს. მეტიც – სიარულის სურვილსაც კი უქრობს პატარას. სახიფათოც კია – შესაძლოა, ბავშვმა, მაგალითად, ფეხი წამოჰკრას ძირს დაგდებულ სათამაშოს ან ჭოჭინას ძირი წამოედოს ზღურბლს. ამ და სხვა მიზეზების გამო ამერიკის პედიატრთა აკადემია მშობლებს მოძრავი ჭოჭინის გამოყენებას არ ურჩევს.

უკეთესი ვარიანტია სტაციონარული (უძრავი) ჭოჭინა. მას ბორბლები არ აქვს, მაგრამ სკამი ტრიალებს და პატარას მასში ხტუნვაც შეუძლია.

გარეთ სეირნობა

პროფესიონალები გვირჩევენ, ბავშვს თავდაპირველად ფეხშიშველა სიარულის საშუალება მივცეთ. ვიდრე ისწავლის, როგორ მოეჭიდოს იატაკს პატარა თითებით და მოახდინოს ნაბიჯების კოორდინირება, ძვლები და კუნთები კარგად განუვითარდება.

როცა პატარა მტკიცე ნაბიჯით გაივლის ოთახში და გარეთ გასეირნების დრო დადგება, პირველი ფეხსაცმელი უნდა შეურჩიოთ.

* პირველი წესი: ფეხსაცმელს არ უნდა ჰქონდეს სრიალა ძირი.

* მეორე: კალაპოტი კარგად უნდა იყოს მომდგარი ტერფზე, ხოლო ყელი – კოჭზე. მაღალი ყელით კოჭის ფიქსირება ბავშვს ფეხის გადაბრუნებისგან აზღვევს, თუმცა შედარებით დაბალყელიანიც გამოდგება, თუ კარგად აკავებს კოჭის სახსარს.

* როცა ბავშვს ფეხსაცმელს ჩააცმევთ, ცერა თითი წვერზე დააჭირეთ. ფეხსაცმლის წვერსა და ბავშვის ცერს შორის დაახლოებით 1 სმ უნდა იყოს.

* ბავშვის ქუსლსა და ფეხსაცმლის საქუსარს შორის თქვენი ნეკი უნდა ეტეოდეს.

* როცა ბავშვს ფეხსაცმელს გახდით, დააკვირდით, ხომ არ აქვს ტერფებზე მოჭერისგან გაჩენილი წითელი ლაქები.

* დააკვირდით, როგორ დადის ახალი ფეხსაცმლით – თუ კოჭლობს ან უხერხულად იშმუშნება, სავარაუდოდ, ცუდად მორგებული ფეხსაცმელი აცვია.

* ეცადეთ, ფეხსაცმელი ადვილი ჩასაცმელი და გასახდელი იყოს, მაგრამ ადვილად არ ძვრებოდეს ფეხიდან.

* ეცადეთ, ფეხსაცმლის ასარჩევად დღის მეორე ნახევარში წახვიდეთ – დილით ბავშვს ფეხი უფრო თხელი აქვს, დღის განმავლობაში კი შეუმჩნევლად უშუპდება. ეს ნორმალურია. უბრალოდ, გაითვალისწინეთ ფეხსაცმლის შეძენისას, რომ დილით მორგებულმა კალაპოტმა საღამოს არ მოუჭიროს.

* არ ჩააცვათ ბავშვს სხვისი ნაცვამი ფეხსაცმელი! მას უკვე მიღებული ექნება წინა პატრონის ფეხის ფორმა, ეს კი ტერფის განვითარებისათვის ცუდია.

ბავშვები ამ ასაკში სწრაფად იზრდებიან და იცვლებიან, ასე რომ, პირველმა წყვილმა შესაძლოა სულ 2-3 თვე გაგიძლოთ.

სიარული კარგია!

პირველ ნაბიჯებს ბავშვი სიცოცხლის პირველი წლისთვის დგამს, ზოგი – ცოტა უფრო ადრე, ზოგი კი ოდნავ უფრო გვიან. თავდაპირველად შეამჩნევთ, რომ პატარა განიგან დგამს ფეხებს. ეს იმისთვის, რომ წონასწორობა უკეთ დაიცვას. რამდენიმე დღის ან კვირის შემდეგ შეამჩნევთ, რომ თავისდა უნებურად სწრაფად დადის, თითქმის დარბის და გაჩერებისას იქცევა. თავდაჯერება თანდათან მოემატება, ისწავლის, როგორ გაჩერდეს და შეიცვალოს მიმართულება. მალე სიარულის დროს დახრას, ნივთის აღებას და წელში გამართვასაც ისწავლის. შესაძლოა, ეს პროცესი იმდენად მოეწონოს, რომ ნივთის იატაკიდან აღება, მოსროლა და ისევ აღება ერთხანს მის საყვარელ თამაშად იქცეს.

ხელები

ამ პერიოდში ხელის მოძრაობები უფრო დახვეწილი ხდება. ბავშვი ცერა და საჩვენებელი (ან შუა) თითებით პატარა საგნების აღებას სწავლობს.

პარალელურად უვითარდება მსხვილი მოტორული უნარებიც – სათამაშოს აღება, ხელიდან ხელში გადატანა, მასზე დასაკვირვებლად სახესთან მიტანა და, რაც მთავარია, გადაგდება (ან დაგდება).

თამაშები

ამ ასაკის ბავშვისთვის ბევრი ისეთი თამაშის მოფიქრება შეიძლება, რომელიც გაართობს კიდეც პატარას და იმავდროულად სასარგებლო უნარ-ჩვევებსაც განუვითარებს.

* გაუგორეთ ბურთი. თავდაპირველად შესაძლოა დაიბნეს და ვერ მიხვდეს, რას სთხოვთ. თუ აუხსნით და აჩვენებთ, ბურთი თქვენკენ როგორ გამოაგოროს, მალე ხალისით ჩაებმება თამაშში.

ამ ასაკის ბავშვებს ძალიან მოსწონთ ტრიალაბორბლებიანი, გასაწევ-გამოსაწევდეტალებიანი სათამაშოები, ასევე – სათამაშოები, რომლებსაც ხვრელები აქვს, სადაც შეიძლება თითები ჩაყო ან პატარა საგნები ჩაყარო.

მოტორული ფუნქციების განვითარებასთან ერთად კუბები პატარების საყვარელი თავშესაქცევი ხდება. თავდაპირველად აშენებულის დანგრევა ართობთ, მერე და მერე კი თვითონვე ცდილობენ კუბებისგან კოშკების აშენებას.

მეტყველება

ერთი წლისთვის პატარა აქტიურად იწყებს კომუნიკაციას, მარტივი ჟესტებით – სასურველ საგანზე მითითებით ან მასთან მიცოცებით – გამცნობთ, რა უნდა. ამასთან, იწყებს იმ ჟესტების გამეორებას, რომლებსაც უფროსები იყენებენ საუბრისას. ეს არავერბალური კომუნიკაცია, რა თქმა უნდა, დროებითია – ბავშვი ნელ-ნელა ისწავლის თავისი გზავნილების სიტყვებად გარდაქმნას.

განვითარების ადრეულ ეტაპზე პატარა თუ “აღუს” ამბობდა ან ლუღლუღებდა, ახლა უკვე მკაფიოდ წარმოთქვამს მარცვლებს (“ბა”, “გა”, “და”, “მა”...). შესაძლოა “დედა” და “მამაც” თქვას. თავდაპირველად ეს გაუცნობიერებლად მოხდება, მაგრამ როცა ბავშვი მიხვდება, რომ ამით მშობლების ყურადღებას იპყრობს, უკვე განზრახ დაიწყებს მათ დაძახებას. ნუ გაგიკვირდებათ, თუ ერთი სიტყვა ამოიჩემა და მთელი დღე იმეორა – ის ვარჯიშობს, თანაც ძალიან სიამოვნებს, თქვენს ყურადღებას რომ იპყრობს.

მიუხედავად იმისა, რომ პატარას დაბადების დღიდან ესმის თქვენი ხმა, გვიანი ჩვილობის ასაკში მეტყველება მისთვის სხვა მნიშვნელობას იძენს. მას უკვე ესმის სიტყვების შინაარსი და ცნობს საგნებს, რომლებსაც ხშირად ასახელებთ (მაგალითად, საყვარელ სათამაშოს), თუმცაღა ჯერ ვერ ლაპარაკობს.

მეტყველების განვითარებას ხელი რომ შეუწყოთ, ბევრი ესაუბრეთ მარტივი, გასაგები წინადადებებით – მოუყევით ამბებს, უკითხეთ ლექსები ან უბრალოდ აუწერეთ, რას აკეთებთ. ეცადეთ, იშვიათად გამოიყენოთ სინონიმები, რომ ბავშვი არ დაიბნეს. მაგალითად, შინაურ ცხოველს ხან კატას და ხან ფისოს ნუ დაუძახებთ.

დიდი მნიშვნელობა აქვს კითხვას. შეარჩიეთ წიგნები მარტივი, ფერადი, ბავშვისთვის ადვილად აღსაქმელი ილუსტრაციებით. გირჩევთ, ვინილის ან მუყაოსფურცლებიანი წიგნები იყიდოთ, რომ ბავშვმა თვალიერებისას ადვილად არ დააზიანოს.

რაც უფრო მეტს ესაუბრებით და უკითხავთ პატარას, მით უფრო ადრე მოინდომებს, თვითონაც ჩაერთოს საუბარში. დაუსვით კითხვები და დაელოდეთ პასუხს. როცა იტყვის: “გაგაგა” ან “ბაბაბა”, – თქვენც იგივე გაუმეორეთ და რეაქციას დაელოდეთ. ამ გზით პატარა გააცნობიერებს, რომ კომუნიკაცია ორმხრივი პროცესია, ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია მეტყველების განვითარებისთვის.

ამ ასაკისთვის დამახასიათებელია ახალი სიტყვების წარმოქმნა, რომლებიც შესაძლოა არც კი ჰგავდეს ბავშვის მშობლიურ ენაში არსებულ სიტყვებს. დაკვირვების შედეგად ადვილად მიხვდებით, რომელ საგანს, მოვლენას თუ პიროვნებას ეძახის პატარა ამ ახალ სახელს.

პატივისცემით მოეპყარით ბავშვის მიერ გამოგონილ სიტყვებს, მაგრამ თავად ენის მოჩლექით ნუ დაელაპარაკებით. მაგალითად, თუ პატარა წყალს “ნტას” ეძახის, ნუ შეუსწორებთ, მაგრამ როცა თქვენ თვითონ ჰკითხავთ, უნდა თუ არა წყალი, აუცილებლად სწორი ფორმა გამოიყენეთ. საბოლოოდ პატარა დაინახავს კავშირს თავის გამოგონილ სიტყვასა და საგნის რეალურ სახელს შორის.

ორენოვანი ოჯახები

თუ ოჯახში ორ ენაზე საუბრობთ, იმაზე ნუ იდარდებთ, რომ ბავშვი ამის გამო სირთულეებს შეეჯახება. კვლევებზე დაყრდნობით და უამრავი მშობლის გამოცდილების საფუძველზე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ასეთ პირობებში გაზრდილი ბავშვები ორივე ენას ერთდროულად სწავლობენ. მართალია, პირველ ხანებში შესაძლოა, ერთ ენაზე საუბრისას ბავშვი მეორე ენის სიტყვებს იყენებდეს, მაგრამ დროთა განმავლობაში ენებს შორის განსხვავებას დაინახავს და ერთმანეთში აღარ აურევს. ცხადია, ორივე ენის სწავლა უნდა წაახალისოთ. რაც უფრო ადრეულ ასაკში გაეცნობა პატარა უცხო ენას, მით უფრო საფუძვლიანად და ძალდაუტანებლად ისწავლის მას.

კოგნიტიური განვითარება

რვა თვის ბავშვს ყველაფერი აინტერესებს, მაგრამ ვინაიდან მეხსიერება და კონცენტრაციის უნარი ჯერ სათანადოდ არ აქვს განვითარებული, ერთსა და იმავე საქმიანობას ძალიან ცოტა ხანს უთმობს, რამდენიმე წუთის შემდეგ ახალ გასართობს ეძებს.

სათამაშოები

მაღაზიები დღეს სავსეა სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის შესაფერისი სათამაშოებით, თუმცა 8-დან 12 თვემდე ასაკის პატარებს საყოფაცხოვრებო ნივთები უფრო აინტერესებთ: ხის კოვზები, პლასტმასის კონტეინერები... საზოგადოდ, ამ ასაკში განსაკუთრებულ ინტერესს ამჟღავნებენ ისეთი საგნების მიმართ, რომლებიც მათთვის აქამდე ნაცნობი ნივთებისგან განსხვავდება.

როცა პატარას უჯრებიდან კონტეინერების ამოლაგება-ჩალაგება მობეზრდება, აჩვენეთ, რომ სხვადასხვა ზომის კონტეინერები ერთმანეთში იდება, რომ კონტეინერებში მისი სათამაშოების მოთავსებაც შეიძლება.

როცა ფეხს აიდგამს და სახლში დამოუკიდებლად გადაადგილებას დაიწყებს, თქვენი დახმარება შესაძლოა აღარც დასჭირდეს – თვითონვე აღმოაჩენს საინტერესო ახალი ნივთების სამყაროს, დააკვირდება მათ ფორმას, ზომას, ტექსტურას და, რაღა თქმა უნდა, გემოსაც გაუსინჯავს.

თამაშს ნუ დაუშლით, უბრალოდ, მოაცილეთ მისი თვალთახედვის არეს ყველა მსხვრევადი, მჭრელი და ისეთი პატარა ზომის ნივთი, რომ გადაეყლაპოს.

 სესილი ცირეკიძე

გააზიარე: