ბავშვს ახველებს

გააზიარე:

ხველა პედიატრთან ვიზიტის ხუთიდან ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მიზეზია, განსაკუთრებით – გვიან შემოდგომაზე და ზამთარში. ორგანიზმის ეს დამცველობითი რეფლექსი ხშირად სასუნთქი გზების ვირუსულ დაავადებას ახლავს თან. ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის მონაცემებით, ვირუსული ინფექციით, რომელიც საშუალოდ 8-10 დღე გრძელდება, ბავშვი წელიწადში 10-12-ჯერ ანუ თვეში ორჯერ ავადდება. ბავშვების ხშირ ავადმყოფობას ოჯახის წევრების მრავალრიცხოვნება და საბავშვო ბაღში ვირუსული ინფექციის წყაროსთან მუდმივი კონტაქტი განაპირობებს.

მყეფავი ხველა

ბავშვი გაჭედილი ცხვირით დაწვა. რამდენიმე საათი მშვიდად ეძინა, მერე კი მისი საძინებლიდან უეცრად ყეფისმაგვარი ხმა მოისმა.

სავარაუდო მიზეზი: კრუპი

კრუპი რესპირატორული (მაშასადამე, სასუნთქ სისტემასთან დაკავშირებული) სინდრომია. მას საფუძვლად უდევს სასუნთქი გზების ანთება, რომელსაც ზედა სასუნთქი გზების შევიწროებამდე მივყავართ. მყეფავი ხველაც ამ მდგომარეობის გამოხატულებაა.

კრუპი ორგვარია: ჭეშმარიტი და ცრუ. ჭეშმარიტი კრუპი დიფთერიის შემდეგ ვითარდება, ცრუს მიზეზი კი, წესისამებრ, სასუნთქი გზების მწვავე ვირუსული ინფექციაა. აქვე უნდა ითქვას, რომ უკანასკნელ წლებში, ვაქცინაციის დამსახურებით, დიფთერიის მხოლოდ ერთეული შემთხვევები აღირიცხება.

ცრუ კრუპი, ჩვეულებრივ, 6 თვიდან 3 წლამდე გვხვდება. შეტევა საღამოს იწყება, ღამით კი მძაფრდება. შესაძლოა, გამოვლინდეს სტრიდორი – ხმაურიანი, გაძნელებული, გახანგრძლივებული ჩასუნთქვა, რომელიც კრუპის ყველაზე საშიშ სიმპტომად მიიჩნევა. ზოგიერთ ბავშვს კრუპი ვირუსით გამოწვეული ყოველი გაციების დროს უვითარდება.

როგორ მოვიქცეთ

ბავშვი ხელში აიყვანეთ, დაამშვიდეთ, ფანჯარა გამოაღეთ და სუფთა ჰაერი ასუნთქეთ. ცრუ კრუპი თავისთავად გაივლის ხოლმე, მაგრამ თუ ბავშვს სუნთქვა ძალიან უჭირს, სტრიდორი ყოველ ჩასუნთქვაზე იმატებს ან ხუთ წუთზე მეტია გრძელდება, უმჯობესია, 112-ზე დარეკოთ.

კრუპის შეტევას უმეტესად ფიზიოლოგიური ხსნარის ინჰალაციაც ხსნის, შედარებით მძიმე შემთხვევებში კი მედიკამენტებს იყენებენ (წესისამებრ, ეპინეფრინს`ადრენალინს და დექსამეტაზონს). იშვიათად, ძალიან ძლიერი შეტევის დროს, შესაძლოა, ჰოსპიტალიზაციაც გახდეს საჭირო.

სველი ხველა

თუ სველ ანუ ნახველიან ხველას თან ახლავს სურდო, ყელის ტკივილი, ცრემლდენა და უმადობა, მიზეზი, სავარაუდოდ, სასუნთქი გზების ვირუსული ინფექციაა. ის ერთიდან ორ კვირამდე გრძელდება, პირველ დღეებში მძიმე მიმდინარეობა ახასიათებს და ძალიან გადამდებია.

მკურნალობა

ზედა სასუნთქი გზების ვირუსული დაავადებით გამოწვეული ხველის დროს ანტიბიოტიკებით თერაპია უშედეგოა. მკურნალობის მთავარი მიზანი სასუნთქი გზების ჭარბი ლორწოსგან გათავისუფლებაა. თუ ბავშვს ცხვირის დამოუკიდებლად მოხოცვა არ შეუძლია, დააწვინეთ, თავქვეშ ბალიში ამოუდეთ და თითოეულ ნესტოში ჩააწვეთეთ 2-3 წვეთი მარილიანი სითხე (ფიზიოლოგიური ხსნარი ან ზღვის წყალი), მერე მუცელზე გადააბრუნეთ და ლორწოს გამოყოფას დაელოდეთ. შეიძლება სპეციალური ასპირატორის – ე.წ. ბოლქვის გამოყენებაც. ექიმის დანიშნულების გარეშე არ მისცეთ ბავშვს ამოსახველებელი საშუალება! თუ ცხვირიდან გამონადენი გამწვანდა და გახანგრძლივებული ცხელება დაერთო, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რადგან მიზეზი შესაძლოა მწვავე ბაქტერიული სინუსიტი (ცხვირის დანამატი წიაღების ანთება) იყოს.

ღამის ქრონიკული ხველა

თუ ბავშვს მთელი სეზონის განმავლობაში შემაწუხებლად ახველებს, ხველა ძლიერდება ღამღამობით და სირბილის დროს, სავარაუდო მიზეზი ასთმაა.

ასთმა ქრონიკული დაავადებაა, რომლის დროსაც სასუნთქი გზების ანთებასა და შევიწროებას თან ახლავს ჭარბი ლორწოს წარმოქმნა. ბევრს ასთმის მთავარი ნიშანი მსტვენი სუნთქვა ჰგონია, მაგრამ ისიც შესაძლოა, მშრალი ხველა ამ დაავადების ერთადერთი სიმპტომი იყოს. პედიატრები განმარტავენ, რომ ჭარბად გამოყოფილი ლორწო ბრონქებში ღიტინის შეგრძნებას იწვევს და ხველაც სწორედ ამის ბრალია.

ხველას პროვოცირებას უწევს ვარჯიში, ალერგია, გაციება, ცივი ჰაერი. თუ ბავშვი ძალიან პატარა ან გამხდარია, შესაძლოა, სუნთქვის დროს გულმკერდი შესამჩნევად ჩაეზნიქოს.

როგორ მკურნალობენ

ასთმის სრულყოფილი დიაგნოსტიკისთვის სპირომეტრიაა საჭირო: ბავშვს სპეციალურ აპარატში ჩაასუნთქებენ, მონაცემებს კომპიუტერულად ამუშავებენ და სხვადასხვა კალიბრის ბრონქების შევიწროების ხარისხს ადგენენ. თუმცა მისი ჩატარება მხოლოდ ხუთი წლიდან შეიძლება. მცირეწლოვანი ბავშვებისთვის დიაგნოზის დასასმელად ექიმები, როგორც წესი, ეყრდნობიან გასინჯვას, მშობლების მონათხრობს, ასთმის ან ალერგიის ოჯახურ ისტორიას.

მკურნალობამ შედეგი რომ გამოიღოს, მშობლები სათანადოდ უნდა იყვნენ ინფორმირებულნი. საჭიროა ასთმის მაპროვოცირებელი ფაქტორების (კატის ბეწვი, მწეველი ოჯახის წევრი, ემოცია, ტენიანობის ცვლილება, მტვერი, ფიზიკური დატვირთვა) ამოცნობა და მოშორება. თუ ასეთ ფაქტორს ვერ მივაგენით, მკურნალობა უშედეგოდ ჩაივლის. მსუბუქი ასთმის დროს ბრონქოდილატაციური (ბრონქების გამაფართოებელი) საშუალებების გამოყენება საკმარისია შეტევის დროს, ხოლო საშუალო და მძიმე ასთმა მედიკამენტების ყოველდღიურ მიღებას მოითხოვს (რა თქმა უნდა, ექიმის დანიშნულებისამებრ).

მსტვენი ხველა

წლამდე ასაკის ბავშვებთან მსტვენი ხველის მთავარი მიზეზი ბრონქიოლიტია, რომელსაც რესპირატორული სინციტიური ვირუსი (RSV) იწვევს. დაავადება გაციების მსგავსი სიმპტომებით იწყება, მაგრამ რამდენიმე დღეში ბრონქიოლების შეშუპას და ლორწოთი ავსებას სუნთქვის დარღვევამდე მივყავართ. ჩასუნთქვა ჭირს, სუნთქვა ჩქარია, ხმაურიანი (ხიხინიანი), თან ახლავს ხველა და ცხელება. ბავშვი ნაკლებს ჭამს, შესაძლოა, ძილად მივარდეს.

როგორ მკურნალობენ

დაუყოვნებლივ დაუკავშირდით პედიატრს, თუ თქვენს შვილს სუნთქვა ან ყლაპვა უჭირს. ექიმს შეუძლია, გასინჯვისა და ავადმყოფობის ისტორიის გამოკითხვის საფუძველზე დასვას ბრონქიოლიტის დიაგნოზი. მიეცით ბავშვს დასვენების საშუალება, ასვით სითხე. გაიდლაინების თანახმად, პაციენტების უმრავლესობას მედიკამენტური მკურნალობა არ სჭირდება. მძიმე შემთხვევებში კი ბავშვი საავადმყოფოში გადაჰყავთ, სადაც ჟანგბადით, სითხით და მედიკამენტებით შესაბამისად მკურნალობენ.

ყივანახველა

ბავშვი კვირაზე მეტია გაციებულია და ახლაღა დაეწყო კრუნჩხვითი ხასიათის შეტევითი ხველა? თუ შეტევა იწყება 2-3 ღრმა ჩახველებით, ბიძგების მოკლე სერიით გრძელდება და ღრმა სტვენითი ჩასუნთქვით მთავრდება, ყივანახველა უნდა ვივარაუდოთ.

ყივანახველაც სასუნთქი სისტემის ინფექციური დაავადებაა. მისი გამომწვევია ბაქტერია Bordetella pertussis. ის აზიანებს სასუნთქი გზების ამომფენ ლორწოვან გარსს და იწვევს მწვავე ანთებით პროცესს, რომელიც ავიწროებს და ზოგჯერ ახშობს კიდეც სასუნთქ გზებს.

მიუხედავად ბავშვების აქტიური ვაქცინაციისა, ბოლო ხანს ყივანახველას გახშირება შეინიშნება, ამიტომ კიდევ ერთხელ გირჩევთ, აცრა არავითარ შემთხვევაში არ გამოტოვოთ.

დიფტერია-ტეტანუსი-ყივანახველა-პოლიომიელიტის ვაქცინა კეთდება 2 თვის, 4 თვის, 6 თვის ასაკში, 15-დან 18 თვემდე და 4-დან 6 წლამდე. თუ იმუნიზაცია ბოლომდე არ მივიყვანეთ, დიდია ალბათობა, ბავშვს ყივანახველა მაინც შეხვდეს.

ყველაზე დიდი საფრთხე 6 თვემდე ასაკის პატარებს ემუქრებათ: მათ არ შესწევთ ყივანახველისთვის დამახასიათებელი ხმიანობის გამოცემის უნარი, ამიტომ მშობლები ხშირად სწორად ვერ აფასებენ მდგომარეობას.

ჩვილებთან ყივანახველა შესაძლოა გამოვლინდეს წყვეტილი ხველით, რომელსაც გულისრევა და`ან პირღებინება მოჰყვება. შესაძლოა, ბავშვმა უეცრად შეწყვიტოს სუნთქვა და ჟანგბადის ნაკლებობის გამო ტუჩები გაულურჯდეს.

როგორ მოვიქცეთ

თუ ყივანახველას ეჭვობთ, დაუყოვნებლივ დაურეკეთ ექიმს. 6 თვემდე ასაკის ბავშვების ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია. მკურნალობენ ანტიბიოტიკით. მათ, ვისაც ინფიცირებულთან კონტაქტი ჰქონდა, პრევენციული ანტიბიოტიკოთერაპია და დამატებითი ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ – ყივანახველა ძალიან გადამდებია, იმუნიტეტი კი ვაქცინაციიდან 5 წლის შემდეგ სუსტდება.

დროულად დაწყებული ანტიბიოტიკოთერაპია ინფექციას დაახლოებით 5 დღეში აალაგებს, თუმცა ხველა შესაძლოა თვეობით გაგრძელდეს და სასუნთქი სისტემის ნებისმიერი ინფექციის დროს იჩინოს თავი.

უხეში სველი ხველა

მთელი კვირაა, ბავშვი გაციებულია და სიმპტომები უფრო და უფრო მწვავდება? თუ ხველა ნახველიანი (სველი) გახდა, ხოლო სუნთქვა – ჩვეულებრივზე უფრო აჩქარებული, სავარაუდოდ, საქმე გვაქვს პნევმონიასთან. ამ დროს ფილტვებში ვირუსით ან ბაქტერიით გამოწვეული ანთებითი პროცესი მიმდინარეობს და ანთებითი სითხე გროვდება. იმის გამო, რომ ბავშვი ფილტვებიდან სითხის ამოღებას ცდილობს, პნევმონიის ხველა საკმაოდ უსიამოვნოა.

მკურნალობა

პნევმონიის დიაგნოზი პედიატრმა შესაძლოა გასინჯვის საფუძველზეც დასვას, მაგრამ ზოგჯერ რენტგენოგრაფია აუცილებელია. თუ ანალიზმა ბაქტერიული პნევმონია დაადასტურა, ინიშნება ანტიბიოტიკები, ვირუსული პნევმონია კი სიმპტომურ თერაპიას მოითხოვს.

პნევმონიის მკურნალობა სახლშიც შესაძლებელია, მაგრამ მწვავე შემთხვევაში რეკომენდებულია, ავადმყოფმა რამდენიმე დღე საავადმყოფოში, ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ გაატაროს.

მშრალი ხველა

თუ ბავშვს არ აქვს თამაშის ხალისი, მივარდნილია, სუსტად, ხრინწიანად ახველებს, აქვს მაღალი ტემპერატურა, სტკივა კუნთები და სრუტუნებს, შესაძლოა გრიპი ჰქონდეს.

გრიპს ხანგრძლივი საინკუბაციო პერიოდი აქვს, ასე რომ, ინფიცირებულმა ბავშვმა ერთი დაცემინებითაც კი შეიძლება უხვად "დაასაჩუქროს" ვირუსით ოჯახის წევრები და თანაკლასელები.

როგორ ვმკურნალობთ

გრიპის თერაპიაში უმთავრესია ავადმყოფის სითხით დატვირთვა, საჭიროებისამებრ კი აცეტამინოფენის ან (6 თვეზე უფროსი ასაკის ბავშვებთან) იბუპროფენის მიცემა სიცხის დასაწევად და ტკივილის მოსახსნელად.

მშობლებო, იზრუნეთ ბავშვების სეზონურ ვაქცინაციაზე! რა თქმა უნდა, ეს პანაცეა არ არის, ვაქცინა ნულამდე ვერ დაიყვანს ავად გახდომის რისკს, მაგრამ 60%-ით ნამდვილად შეამცირებს მას და გართულებებისგანაც დაგვაზღვევს.

კორონავირუსული ხველა

ბავშვებთან ახალი კორონავირუსული ინფექცია (COVID-19) მსუბუქად მიმდინარეობს: უმეტესობასთან – უსიმპტომოდ, სხვებთან – გაციებისმაგვარი სიმპტომებით (სიცხე, სურდო და ხველა). კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ხველა, როგორც წესი, მშრალია, მაგრამ არც სველი, ნახველიანი ხველის განვითარებაა გამორიცხული.

თუ თქვენს შვილს გამოაჩნდა COVID-19-ის სიმპტომები ან გართულება, რომელსაც ექსპერტები მულტისისტემურ ანთებით სინდრომს (მას) უწოდებენ, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს.

მულტისისტემური ანთებითი სინდრომი სხვადასხვა ორგანოს (გულის, ფილტვების, თირკმელების, ტვინის, კანის, თვალების, კუჭ-ნაწლავის) ანთებით გამოიხატება. მულტისისტემური ანთებითი სინდრომის მიზეზი ჯერ ზუსტად არ არის დადგენილი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ სინდრომის მქონე ბავშვთა უმრავლესობას COVID-19 აქვს გადატანილი.

მულტისისტემური ანთებითი სინდრომი მძიმე მდგომარეობაა და ზოგჯერ ლეტალური შედეგითაც სრულდება, მაგრამ იმ ბავშვების უმეტესობა, რომლებსაც აღნიშნული დიაგნოზი დაუსვეს, სამედიცინო ჩარევის შემდეგ გამოჯანმრთელდა.

ქრონიკული ხველა – ცისტური ფიბროზი?!

ქრონიკული ან გახანგრძლივებული ხველა იშვიათად შეიძლება ისეთი სერიოზული მდგომარეობის ნიშანიც იყოს, როგორიც ცისტური ფიბროზია.

ეს გახლავთ პროგრესირებადი გენეტიკური დაავადება, რომელიც ფილტვების მუდმივ ინფექციებს იწვევს. ამ დროს ორგანიზმის მიერ წარმოქმნილი სქელი ლორწო ახშობს სასუნთქ გზებს, რაც რეფლექსურად იწვევს ხველას.

ხანგრძლივმა ხველამ უნდა დაგვაეჭვოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბავშვი ბევრს ჭამს, წონას კი არ იმატებს. ხანგრძლივ და ძლიერ ხველას შესაძლოა მოჰყვეს ისეთი გართულება, როგორიცაა ჰემოპტოზი – სისხლიანი ხველა სისხლძარღვების დაზიანების გამო.

ცისტური ფიბროზის სიმპტომებს შორისაა ნაწლავთა ჭარბი მოქმედება და განმეორებითი` ქრონიკული რინოსინუსიტი (სინუსური გარსის შეშუპება და გაღიზიანება).

როგორ მკურნალობენ

ცისტური ფიბროზის დროს ქრონიკული ხველის სამკურნალოდ ინიშნება ბრონქების გამაფართოებელი საშუალებები, საჭიროებისამებრ, ანტიბიოტიკები, ლორწოს გამათხელებლები, სასუნთქი გზების გამწმენდი პროცედურები, ჰორმონები, ვარჯიში.

ასპირაცია

ჭამის ან სმის დროს დაწყებული ხველა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ბავშვმა უკვე ორჯერ ან მეტჯერ გადაიტანა პნევმონია (ფილტვების ანთება), შესაძლოა ასპირაციის ნიშანი იყოს. ასპირაცია მიღებული საკვების ან სითხის ნაწილაკის ფილტვებში მოხვედრას გულისხმობს. ის შესაძლოა გამოიწვიოს ხმოვანი იოგების დამბლამ და სხვა ნევროლოგიურმა მდგომარეობებმა, რომლებსაც ზედა სასუნთქი გზების მგრძნობელობის დაქვეითება ახლავს თან.

თუ ეჭვი გაქვთ, რომ ქრონიკული ხველის მიზეზი ასპირაციაა, მიიყვანეთ შვილი სპეციალისტთან –შესაძლოა, დიაგნოზის დასადასტურებლად სპეციალური ინსტრუმენტული კვლევები დასჭირდეს.

გასტროეზოფაგური რეფლუქსი

ყველამ იცის, რომ საყლაპავ მილში კუჭის წვენის მოხვედრა კუჭის ტკივილს, გულძმარვას, პირღებინებას იწვევს. ალბათ, გაცილებით ნაკლებს წარმოუდგენია, რომ მას ქრონიკული ხველის გამწვავებაც შეუძლია.

გასტროეზოფაგური რეფლუქსის დროს საყლაპავში მოხვედრილი კუჭის მჟავე წვენი ხველის რეფლექსს აღძრავს. რეფლუქსთან დაკავშირებული ხველა, წესისამებრ, მშრალია და ვლინდება: დღისით, როცა ფეხზე ხართ; ჭამის შემდეგ; სიცილისა და სიმღერის დროს.

სასუნთქი გზების დახშობა

ქრონიკული ხველა ზოგჯერ იმის მანიშნებელია, რომ ბავშვს სასუნთქ გზებში უცხო სხეული გადასცდა. თუ თქვენს მცირეწლოვან შვილს, რომელსაც პატარა ნივთების პირში ჩადება ან ნესტოებში შეტენა უყვარს, ერთი შეხედვით უმიზეზო ქრონიკული ხველა დაეწყო, მიმართეთ ექიმს.

ხველა როგორც მავნე ჩვევა

ზოგჯერ ხველა უმიზეზოა. ამ ტიპის ხველა უმეტესად დღის განმავლობაში შეინიშნება, ძილის დროს კი გაივლის. თუ ქრონიკული ხველის სხვა მიზეზი გამოირიცხა, რეკომენდებულია მეტყველებისა და ქცევის თერაპია პათოლოგიური ხველის რეფლექსის აღმოსაფხვრელად. ხველის დაუოკებელი სურვილის დროს წყლის შეთავაზებაც მიღებული პრაქტიკაა.

ალერგიული რინიტი და სინუსიტი

რინიტი ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთებაა, ხოლო სინუსიტი – ცხვირის დანამატი წიაღების ანთება. ორივე შემთხვევაში ლორწოვანი გამონადენი ხახაში გადადის და პოზის შეცვლისას ხველას იწვევს. ამ დროს მშობლები ხშირად მიუთითებენ, რომ ბავშვის დაწოლისას ხველა მძაფრდება.

ურეცეპტოდ მიღებული წამლები

ექიმის დანიშნულების გარეშე მიღებული "ხველის სამკურნალო" წამლებისგან სარგებლის მოლოდინი ნუ გექნებათ. ზოგჯერ ამ მედიკამენტებს ზიანი უფრო მეტი მოაქვთ, განსაკუთრებით მაშინ, როცა რეკომენდებულ დოზას არ იცავთ. გარდა ამისა, ექვს წლამდე ამ წამლების უმეტესობა არ შეიძლება, ექვსიდან თორმეტ წლამდე კი – მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით. ხანმოკლე ხველის სამკურნალო ყველაზე მარტივი და იაფი საშუალება თაფლისა და ლიმონის ნაზავია. თაფლი ყელს ამშვიდებს და ხველებით გამოწვეულ გაღიზიანებას ამსუბუქებს, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ადამიანს შესაძლოა ამ ნუგბარზე ალერგია აღმოაჩნდეს. ასევე სარისკოა თაფლის მიცემა წლამდე ასაკის ბავშვებისთვის, რადგან მაღალი აქვთ ბოტულიზმის რისკი.

მარი მარღანია

 

გააზიარე: