ჭირვეული სიბრძნის კბილები

გააზიარე:

სიბრძნის კბილებს ასე იმიტომ ეწოდა, რომ შედარებით მოწიფულ ასაკში – 17-დან 21 წლამდე ამოიჭრება, თუმცა ცნობილია უფრო გვიან ამოჭრის შემთხვევებიც. მაგალითად, გინესის რეკორდების წიგნში შესულია ადამიანი, რომელსაც სიბრძნის კბილი 94 წლის ასაკში ამოეჭრა.

მართალია,  ამ კბილებს სიბრძნესთან არაფერი აკავშირებთ, მაგრამ პირნათლად ასრულებენ თავიანთ ფუნქციას – საჭმელს აქუცმაცებენ, რომ გადაყლაპვა და მონელება გაგვიადვილოს.

ზრდასრულ ადამიანს 32 კბილი აქვს. სიბრძნის კბილები მერვე წყვილად არის განლაგებული ზედა და ქვედა ყბებზე. მათ მიაკუთვნებენ ყველაზე ძლიერი და ფართო – დიდი ძირითადი – კბილების ჯგუფს, რომლებსაც მთავარი როლი აკისრია საკვების დაქუცმაცებაში.

სიბრძნის კბილების ამოჭრამ შესაძლოა მცირე დისკომფორტი გამოიწვიოს. ეს ნორმალურია. მაგრამ ხდება ისეც, რომ პირის ღრუში არ არის საკმარისი ადგილი და კბილები არასწორი მიმართულებით ამოდის, ხან კი სულაც არ ამოიჭრება – ყბის ძვალში რჩება და პრობლემებს უდებს სათავეს. მედიცინაში ამას რეტენცია ეწოდება.

რა იწვევს სიბრძნის კბილის რეტენციას

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, სიბრძნის კბილის რეტენცია საუკუნეების განმავლობაში ადამიანის ცხოვრების წესის, კვებითი ჩვევების და, დასასრულს, ყბების ფორმის შეცვლის შედეგია.

რეტენცია შეიძლება იყოს ნაწილობრივიც, როდესაც კბილის გვირგვინის გარკვეული ნაწილი ხილულია, და სრულიც, როდესაც კბილი საერთოდ არ ჩანს. რეტენირებული კბილი შესაძლოა განლაგებული იყოს ვერტიკალურად, ჰორიზონტალურად, კუთხით.

რეტენირებული სიბრძნის კბილები ყოველთვის არ იწვევს ჩივილებს, მაგრამ თუ დაინფიცირდა ან სხვა კბილებს მიაწვა, თავს იჩენს ღრძილების შეშუპება, სიწითლე, მოიმატებს მათი მგრძნობელობა, დაიწყება სისხლდენა, ყბის ტკივილი, გაჩნდება არასასიამოვნო სუნი ან გემო პირის ღრუში. თუ რეტენირებულ კბილზე ან მის სიახლოვეს ცისტა განვითარდა, შესაძლოა, მეზობელი კბილის ფესვი ან ყბის ძვალიც დაზიანდეს.

გართულებები

რეტენირებული სიბრძნის კბილები, როგორც უკვე ვთქვით, არაერთი პრობლემის სათავეა. მეზობლად მდებარე, მეორე დიდ ძირითად კბილზე ზეწოლა ხშირად მის დაზიანებას იწვევს, ასეთ დროს იზრდება ინფექციის განვითარების რისკიც. ხოლო თუ კბილების თანწყობა დაირღვა, ორთოდონტიული დახმარებაა აუცილებელი.

სიბრძნის კბილი ვითარდება ყბის ძვლის პარკში, რომელიც შესაძლოა სითხით ამოივსოს და წარმოიქმნას ცისტა, რომელიც ყბის ძვალს, კბილებსა და ნერვებს დააზიანებს. იშვიათად ვითარდება სიმსივნური, თუმცა, როგორც წესი კეთილთვისებიანი წარმონაქმნიც, ეს გართულება კი შესაძლოა ქსოვილებისა და ძვლის ნაწილის მოცილების მიზეზადაც იქცეს.

ნაწილობრივ რეტენირებული სიბრძნის კბილი კარიესის საფრთხესაც უქმნის მეზობელ კბილებს. სავარაუდოდ, ასე იმიტომ ხდება, რომ სიბრძნის კბილების გახეხვა მათი ლოკალიზაციის გამო შედარებით ძნელია და საკვების ნარჩენები და ბაქტერიები ადვილად გროვდება ღრძილებსა და ნაწილობრივ ამოჭრილ კბილებს შორის.

ნაწილობრივ ამოჭრილი სიბრძნის კბილები და მათ წმენდასთან დაკავშირებული სირთულეები ზრდის ღრძილების ანთების – პერიკორონიტის საფრთხეს.

პრევენცია

მართალია, კბილების რეტენციას ხელს ვერ შევუშლით, მაგრამ სტომატოლოგები გვირჩევენ, რეგულარულად, 6 თვეში ერთხელ ვესტუმროთ მათ კბილების შესამოწმებლად და გასაწმენდად. ეს ექიმს საშუალებას მისცემს, დააკვირდეს სიბრძნის კბილების ზრდას და პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში დროულად მიიღოს სათანადო ზომები. რენტგენოგრაფიული გამოკვლევით კი რეტენირებულ კბილს სიმპტომების გამოვლენამდე აღმოაჩენენ.

მკურნალობა

მკურნალობის პროცესში სტომატოლოგთან ერთად ზოგჯერ ქირურგის ჩართვაც საჭიროა.  თუ რეტენირებული სიბრძნის კბილი არ იწვევს ჩივილებს, არ უკავშირდება სხვა კბილების ხილულ პრობლემებს, მას ასიმპტომურს უწოდებენ. ასიმპტომური სიბრძნის კბილის მართვის თაობაზე სტომატოლოგების აზრი ორად იყოფა. არც კვლევები აჩვენებს რომელიმე სტრატეგიის ერთმნიშვნელოვან უპირატესობას.

ზოგიერთი სტომატოლოგი და პირის ღრუს ქირურგი რეკომენდაციას უწევს ასიმპტომური სიბრძნის კბილების ამოღებას მომავალში პრობლემების თავიდან თავიდან ასაცილებლად. ამ მიდგომას ისინი იმით ხსიან, რომ ახალგაზრდა ასაკში ოპერაციის სერიოზული გართულებები შედარებით იშვიათია, ხოლო მოგვიანებით ოპერაცია მეტ გართულებას იწვევს. შედარებით კონსერვატიული მიდგომის მომხრეები კი ვერ ხედავენ ვერავითარ წინაპირობას, რეტენირებულმა სიბრძნის კბილმა, თუ ახალგაზრდობაში არ იწვევდა პრობლემებს, მოგვიანებით წარმოშვას სირთულეები. ამასთანავე, ქირურგიული ჩარევის თანმხლები რისკი და ხარჯი მოსალოდნელ სარგებელს არ შეესაბამება.

კონსერვატიული მიდგომის შემთხვევაში სტომატოლოგი დააკვირდება კბილს, რათა არ განვითარდეს კარიესი, ღრძილების დაავადება ან სხვა გართულება და მხოლოდ პრობლემის აღმოჩენისას გირჩევთ ქირურგიულ ჩარევას.

რა საჭიროა სიბრძნის კბილის ამოღება

რეტენირებული სიბრძნის კბილი, რომელიც პრობლემებს იწვევს, ქირურგიული გზით ამოღებას ანუ ექსტრაქციას ექვემდებარება. ექსტრაქცია უმეტესად მაშინ არის საჭირო, როცა: სიბრძნის კბილის რეტენციას თან ახლავს ინფექცია ან ღრძილების (პერიოდონტული) დაავადება; ნაწილობრივ ამოჭრილ სიბრძნის კბილზე ჩნდება კარიესი; ვითარდება ცისტა ან სიმსივნური წარმონაქმნი; ზიანდება რეტენირებულის მეზობლად მდებარე კბილები. გადაწყვეტილების მიღებამდე მკურნალი ექიმი ათვალიერებს პირის ღრუს და იღებს რენტგენოგრამას.

ექსტრაქცია, წესისამებრ, ამბულატორიულ პირობებში ანესთეზიით ტარდება და პაციენტი იმავე დღეს ბრუნდება შინ.  შესაძლებელია მისი ჩატარება ადგილობრივი ანესთეზიით, რომელიც პირის ღრუს დაბუჟებას იწვევს, სედაციური ანესთეზიით, რომელიც ცნობიერებას თრგუნავს და ზოგადი ანესთეზიით, რაც ცნობიერების სრულ გათიშვას გულისხმობს. ექსტრაქციის დროს ქირურგი გაკვეთს ღრძილს, ზოგჯერ – ძვალსაც, თუ კბილის ფესვთან მიდგომა სხვანაირად ვერ ხერხდება, კბილის ამოღების შემდეგ კი ჭრილობა იხურება, ედება ნაკერი და ცარიელი სივრცე დოლბანდის ტამპონით იფარება.

სიბრძნის კბილის ამოღებას თან ახლავს ტკივილი, სისხლდენა, ყბის შეშუპება. ზოგს რამდენიმე ხანს პირის ფართოდ გაღებაც უჭირს. ქირურგიული პროცედურის შემდგომ პაციენტს ეძლევა ინსტრუქცია იმის თაობაზე, როგორ მოუაროს ჭრილობას, მართოს ტკივილი და შეშუპება. მოსალოდნელია, თუმცა იშვიათი, ირგვლივ მდებარე კბილების, ნერვების, ყბის ან სინუსების დაზიანება. არ არის გამორიცხული ნაჭრილობევ ადგილას ინფექციის შეჭრა საკვების ნარჩენების დაგროვებისა და ბაქტერიების გამრავლების გამო.

შინ მოვლა

ოპერაციის დღეს მოსალოდნელია მცირე სისხლდენა. შესაძლოა, რამდენიმე დღე გაგრძელდეს ტკივილი და შეშუპება. პირველი 24 საათის განმავლობაში არ არის რეკომენდებული კბილების გახეხვა და წყლის გამოვლება, მეორე დღიდან კი ერთი კვირის განმავლობაში 2 საათში ერთხელ ფრთხილად უნდა ივლოთ თბილი მარილიანი წყალი.

პაციენტი ყოველდღიურ სამქიანობას მეორე დღესვე უბრუნდება, შეხორცების დასაჩქარებლად და ტკივილის შესამსუბუქებლად კი რეკომენდებულია:

* ნაოპერაციევ ყბაზე, გარედან, დაიდოთ ცივი კომპრესი – ეს ტკივილსა და  შეშუპებას შეამცირებს.

* ხშირად არ გადააფურთხოთ, რათა ნაჭრილობევზე წარმოქმნილი სისხლის კოლტი არ მოწყდეს და სისხლდენა არ დაიწყოს.

* სვათ ბევრი წყალი.

* პირველი 24 საათის განმავლობაში ერიდოთ ალკოჰოლიან, გაზიან, ცხელ სასმელებს.

პირველი კვირის განმავლობაში პირის ბოლომდე გაღება გაგიჭირდებათ, ამიტომ მიირთვით რბილი საკვები, რომ ზედმეტად არ გააღიზიანოთ ნაოპერაციევი არე.

აუცილებლად მიმართეთ ექიმს, თუ ოპერაციის შემდეგ გიჭირთ სუნთქვა ან ყლაპვა, მეორე დღეა, სისხლი არ დედდება ან ტკივილი კვირაზე მეტია გრძელდება, რამდენიმე დღეა შეშუპებულია სახე ან ყბაომატებულია ტემპერატურა, შეინიშნება დაბუჟების შეგრძნება,  ჩირქის ან სხვა არასასიამოვნო სუნი.

მარიამ რამაზაშვილი

გააზიარე: