საცხობი ფორმები

გააზიარე:

ცხობა ბევრ ქალს უყვარს. მართლაც, რა ჯობია იმის ყურებას, როგორ იქცევა ინგრედიენტების უფორმო ნარევი არომატულ, ფუმფულა კექსად და რა გემრიელად შეექცევიან შენს ნახელავს ოჯახის წევრები... რანაირ საცხობ ფორმას არ შეხვდებით ასეთი დიასახლისების სამზარეულოში: სილიკონისას, ფოლგისას, ალუმინისას, შუშისას... ყველა მათგანს სხვადასხვა დანიშნულება აქვს და სხვადასხვანაირი მოვლა სჭირდება.

ცხობა თქვენი ჰობი არ არის? იმედი გვაქვს, სტატიაში მოყვანილი ინფორმაცია მაინც გამოგადგებათ, რადგან არავინ იცის, როდის მოგიწევთ კულინარიის ამ მიმართულების ათვისება – საბავშვო წვეულებისთვის, საოჯახო ვახშმისთვის თუ სულაც საკუთარი სიამოვნებისთვის, რადგან შემთხვევით აღმოჩენილ მიმზიდველ რეცეპტს გვერდს ვერ აუვლით.

ცხობის დაწყებამდე უნდა დარწმუნდეთ, რომ ნამდვილად გაქვთ საჭირო საცხობი ფორმა, რადგან ფორმის ტიპზე ბევრადაა დამოკიდებული, რამდენად სრულყოფილი გამოვა ნამცხვარი.

ზომა

საცხობი ფორმა მრავალნაირია: მრგვალი, ოთხკუთხედი, კასეროლი... თუ ზუსტად რეცეპტში მითითებული ტიპისა არ გაქვთ, შეგიძლიათ, სხვა, იმავე ზომისა გამოიყენოთ.

თუ ზუსტად იმ ზომის ფორმას აიღებთ, რომელიც რეცეპტშია მითითებული, ცხობის ტემპერატურა და დროც ზუსტად რეცეპტის მიხედვით უნდა მიუთითოთ.

სიღრმის გასაზომავად საზომი ლენტი ფორმაში ჩაყავით და ზემოთ აუყევით. თუ ფორმას დახრილი გვერდები აქვს, ლენტი გვერდებს არ აააყოლოთ, ფსკერის პერპენდიკულარულად აიტანეთ ზემოთ, კედლის ბოლომდე.

შეგიძლიათ, ფორმა წყლით ავსოთ, მერე კი წყალი დანაყოფებიან ჭურჭელში გადაასხათ და გაიგოთ, შეესაბამება თუ არა თქვენი ფორმის ტევადობა რეცეპტში მითითებულს.

ფორმაში ცომის ჩასხმისას ყოველთვის გახსოვდეთ, რომ მას უნდა დარჩეს ადგილი ამოსაფუვებლად, შესაბამისად, ფორმა ბოლომდე არ უნდა აავსოთ – კიდეებამდე თითის ფალანგისოდენა ადგილი აუცილებლად უნდა დარჩეს. 

მასალა

ფორმასა და ზომასთან ერთად ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რა მასალისგანაა დამზადებული ფორმა, რადგან სხვადასხვა მასალა ცხობის პროცესზე სხვადასხვანაირ გავლენას ახდენს. მაგალითად, მუქი ფორმა ცომს მოყავისფრო შეფერილობას აძლევს, რადგან მთლიანად იწოვს ღუმლის სიმხურვალეს; ალუმინის ფორმა სითბოს თანაბრად ანაწილებს, მაგრამ მისი მბზინავი ზედაპირი ენერგიას ირეკლავს და ცომიც ნაკლებად იფერება.

მოდი, უფრო დაწვრილებით განვიხილოთ საცხობი ფორმების მასალები.

ალუმინი

ალუმინი ძალიან კარგი საცხობი მასალაა, რადგან, როგორც უკვე გითხარით, თანაბრად ანაწილებს სითბოს. ასეთ ფორმაში ცომი თანაბრად ცხვება, მაგრამ ვინაიდან ალუმინის ზედაპირი სითბოს მთლიანად არ შთანთქავს და ირეკლავს, ნამცხვარი ძნელად იღებს ყავისფერს. ასე რომ, ბისკვიტის ბაცმა ფერმა არ მოგატყუოთ და არ გეგონოთ, რომ ჯერაც გამოუმცხვარია.

ალუმინი დიდხანს ძლებს და არ იჟანგება. ოღონდ საუკეთესოა მძიმე, მყარი ფორმა და არა თხელგვერდებიანი და თხელძირიანი. მართალია, თხელი ალუმინის ფორმები უფრო იაფია, მაგრამ შესაძლოა, მაღალ ტემპერატურაზე დასკდეს.

გაითვალისწინეთ, რომ ალუმინის ფორმაში არ უნდა მომზადდეს მჟავას შემცველი პროდუქტები – მჟავა და ალუმინი რეაქციაში შედის ერთმანეთთან და ბისკვიტი არასასიამოვნო გემოს იღებს.

ალუმინის საცხობი ფორმა ცხელი წყლით და ჭურჭლის სარეცხი საშუალებით უნდა გარეცხოთ. თუ საჭიროა, ჩაალბეთ. თუ კიდეებზე ცომი ან სხვა პროდუქტი აქვს მიმხმარი, არავითარ შემთხვევაში არ ააფხიკოთ ლითონის ან სხვა მყარი მასალის საგნით – ჩაალბეთ ცხელ საპნიან წყალში, მერე აიღეთ ალუმინისა და უჟანგავი ფოლადისთვის განკუთვნილი სარეცხი საშუალება, დაასხით ღრუბელს და ნაზად მოაშორეთ ფორმის კიდეებს მიმხმარი მასა.

შუშა

შუშის საცხობი ფორმები საგანგებოდაა შექმნილი ისეთი სქელი შუშისგან, რომ ღუმლის სიმხურვალეს გაუძლოს. მათში გამომცხვარი ცომი ძალიან ადვილად იღებს ყავისფერს. ასეთ ფორმებში შეგიძლიათ მოამზადოთ მჟავას შემცველი პროდუქტებიც, რადგან შუშა მჟავასთან რეაქციაში არ შედის. დაბოლოს, ის ადვილად ირეცხება და თითქმის არასდროს ცომს.

შუშის ფორმით პროდუქტების მაცივარში ან საყინულეში შენახვაც შეიძლება და გამოღებისთანავე ღუმელში მოთავსებაც, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ღუმლიდან გამოღებულ ფორმას მაცივარში ან საყინულეში შედგმამდე გაგრილება უნდა აცადოთ.

ვინაიდან შუშის ფორმა ძალიან სწრაფად ცხელდება და სხვა მასალის ფორმებთან შედარებით უფრო მეტხანს ინარჩუნებს სითბოს, სასურველია, ცხობისას რეცეპტში მითითებულ ტემპერატურას ოდნავ დაუკლოთ.

შუშის ფორმა ადვილად ირეცხება ცხელი წყლით და ჭურჭლის სარეცხი საშუალებით, მიმხმარი ცომი კი ღრუბლით სცილდება. არ გამოიყენოთ მის ასაფხეკად მეტალის საგნები, თორემ შუშას დაჩხაპნით.

სილიკონი

სილიკონის საცხობი ფორმა ძალიან მოხერხებულია, რადგან თვითონ არ ცხელდება და ხელს არ დაგწვავთ, თანაც მისი შედგმა ღუმელშიც შეიძლება და საყინულეშიც. ის მთლიანად არ შთანთქავს სითბოს, მაგრამ ძალიან კარგად ანაწილებს და ბისკვიტი თანაბრად ცხვება, ხოლო ცხობის პროცესს ღუმლიდან გამოღებისთანავე წყვეტს.

ასეთი ფორმა ადვილი შესანახიცაა, რადგან იკეცება და მცირე ადგილს იკავებს.

სილიკონის ფორმის შერჩევისას ფრთხილად უნდა იყოთ, რადგან ბაზარი უხარისხო ნაწარმითაა სავსე. შეფუთვაზე აუცილებლად უნდა იყოს აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) ან ევროკავშირის (ჩE) ნიშნული. ეს მარკირება ნიშნავს, რომ პროდუქტი უსაფრთხოა.

სილიკონის ფორმა ცხელი წყლითა და ჭურჭლის სარეცხი საშუალებით ირეცხება. გარეცხვა ხელითაც შეიძლება და ჭურჭლის სარეცხი მანქანითაც.

ქვა

ქვის საცხობი ფორმები ძალიან მაღალ ტემპერატურაზე გამომწვარი ქვისგან მზადდება. ისინი სითბოს თანაბრად ანაწილებენ და, ამასთან, დიდხანსაც ინარჩუნებენ ნამცხვრის ღუმლიდან გამოღების შემდეგ. მაგრამ გაითვალისწინეთ: ქვის ფორმები სხვა მასალის ფორმებზე გაცილებით ნელა ცხელდება, ამიტომ თუ ისეთ ნამცხვარს აცხობთ, რომელიც ძალიან მალე ცხვება, დროის ათვლა ცომის გაცხელებიდან უნდა დაიწყოთ.

ქვის საცხობი ფორმის გასარეცხად ნუ გამოიყენებთ ჭურჭლის სარეცხ საშუალებას, მხოლოდ ცხელი წყლითა და რბილი ღრუბლით გარეცხეთ.

ალუმინის შემცველი ფოლგა

ალუმინის ფოლგის ფორმაში თითქმის ყველაფრის გამოცხობა შეიძლება: კექსის, პიცის, პურის, ბოსტნეულის, ხორცის... სამწუხაროდ, ეს ფორმები უმეტესად ერთჯერადია და გამოყენებისთანავე გადასაგდებადაა განკუთვნილი, მაგრამ თუ ცხობის დასასრულს შეამჩნიეთ, რომ ყალიბი არ დაზიანებულა, არ გატეხილა, არ დაჭყლეტილა, შეგიძლიათ, კარგად გარეცხოთ და კიდევ ერთხელ გამოიყენოთ.

ფოლგის ყალიბის გარეცხვას ცხელი წყლით და ჭურჭლის სარეცხი საშუალებით გირჩევთ, შენახვისას კი კარგად დააკვირდით, რომ არ მოიღუნოს, არ გადატყდეს, ფორმა არ დაკარგოს.

ფოლგის საცხობი ფორმა, სილიკონის ფორმის მსგავსად, ჭურჭლის სარეცხ მანქანაშიც ირეცხება, ოღონდ ზემოდან მძიმე ჭურჭელი არ დააწყოთ, თორემ შესაძლოა დაზიანდეს და გამოუსადეგარი გახდეს.

 ლიკა ქათამაძე

გააზიარე: