ზაფხულის ტვირთი - როგორ ვებრძოლოთ ფეხების დამძიმებას და შეშუპებას

გააზიარე:

წლის ყველაზე აქტიური დრო ბევრს სულაც არ ენატრება, მეტიც – ზაფხული მისთვის უსიამოვნო შეგრძნებების წყაროა.

იქნებ სიცხეში თქვენც შეგსივებიათ ფეხები ან სიმძიმეს შეუწუხებიხართ დიდხანს ჯდომის ან სიარულის დროს?

ზაფხულის ცხელ დღეებში ფეხების შეშუპება ზოგჯერ უწყინარი მოვლენაა, ზოგჯერ კი განგაშის სიგნალი. შეშუპებისგან თავის დაღწევის გზებს ქვემოთ შემოგთავაზებთ, მანამდე კი, მოდი, გავარკვიოთ, რა იწვევს მას.

მიზეზები

ფეხების შეშუპება და სიმძიმე არაერთ დაავადებას ახასიათებს, თუმცა ყოველთვის არ არის ავადმყოფობის ბრალი და არც მხოლოდ ზაფხულობით იჩენს თავს. მათი ერთ-ერთი მიზეზი, რომლის აღმოფხვრაც ჩვენ ხელთაა, დიდხანს გაუნძრევლად ჯდომა ან დგომაა.

სისხლის გულში დაბრუნებას, როგორც იცით, ვენები უზრუნველყოფს. სისხლმა გულისკენ რომ იდინოს, დახმარება სჭირდება. დამხმარის როლს კუნთები ითავსებენ. შეკუმშვისას ისინი ვენის კედელს აწვებიან და სისხლს მოძრაობას აიძულებენ. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ უძრავ სხეულში სისხლის მოძრაობა ფერხდება, სიმძიმის ძალის ზემოქმედებით კი ის ქვედა კიდურების ვენებში გროვდება. მით უმეტეს, როცა ვენები უწინდებურად ელასტიკური აღარ არის და ვეღაც სარქველები ფუნქციობს ადრინდელივით.

ზაფხულობით კი ამ ყველაფერს მაღალი ტემპერატურაც ემატება. სხეული რომ არ გადახურდეს, სითბო უნდა გასცეს. ეს, სხვა ფაქტორებთან ერთად, სისხლძარღვების გაფართოების ხარჯზეც ხდება, გაფართოებულ ვენებში კი წნევა იკლებს, რის შედეგადაც ვენური სისხლის მიმოქცევა კიდევ უფრო ირღვევა.

სიცხეში ნელდება ქსოვილებიდან ლიმფის გადასვლაც ლიმფურ სადინარებსა და კვანძებში, ამიტომ ფეხები, განსაკუთრებით – წვივებისა და კოჭების არე, დღის ბოლოს შუპდება და სიმძიმის, სიმხურვალის, დაჭიმულობისა და დაღლილობის შეგრძნება იჩენს თავს.

ფეხების შეშუპება და უსიამოვნო შეგრძნებები უმთავრესად ქალების ხვედრია. მათ, კაცებისგან განსხვავებით, სუსტი შემაერთებელი ქსოვილი აქვთ, ამიტომ ვენებიც უფრი ადვილად უფართოვდებათ. ამას სხვა ფაქტორებიც უწყობს ხელს: ორსულობა, ზედმეტი წონა, ზედმეტი მარილი, წყლის ნაკლებობა და, როგორც გითხარით, ერთსა და იმავე პოზაში დიდხანს გაჩერება.

ეს უსიამოვნებები თავიდან რომ აიცილოთ, ვენებს უნდა გაუფრთხილდეთ.

მოიქეცით ასე:

*საკმარისი იმოძრავეთ

საუკეთესო სტრატეგია ფეხების შეშუპებასთან საბრძოლველად მოძრაობაა, ოღონდ სიცხეში მეტისმეტ დატვირთვას არ გირჩევთ. უმჯობესია, აქტივობა საღამოსთვის გადაიტანოთ. ოპტიმალურია ცურვა, რადგან ამ დროს სხეული ბუნებრივად გრილდება, წყლის წინაღობა კი ფეხებს მსუბუქად ამასაჟებს და ხელს უშლის სითხის დაგროვებას.

ველოსიპედით დადიხართ, ფეხით თუ ძაღლს ასეირნებთ, სულერთია; მთავარია, ეს რეგულარულად აკეთოთ. სიარული ხელს უწყობს ფეხის კუნთების გაძლიერებას, რაც ვენებს საქმეს უადვილებს. ფეხები რომ არ გააზარმაცოთ, ლიფტის ნაცვლად კიბით ისარგებლეთ.

*შემოაწყვეთ ფეხები მაღლა

თუ სამსახურში დიდხანს გიწევთ ჯდომა ან დგომა, გირჩევთ, დროდადრო ფეხები მაღლა შემოაწყოთ, რომ სისხლი ნელ-ნელა გულისკენ დაიძრას. დღის ბოლოსაც რამდენიმე წუთი დაუთმეთ ვენებს: დაწექით და ფეხები გულის სიმაღლეზე შემოაწყვეთ, ან ისე ამოძრავეთ ჰაერში, თითქოს ველოსიპედით დადიხართ, ან უბრალოდ კედელს მიაბჯინეთ.

თუ ძილის დროს ფეხებს დაახლოებით 15 სმ-ით მაღლა შემოაწყობთ, – მაგალითად, ბალიშზე, – დილით დამცხრალი ფეხებით გაიღვიძებთ.

*ავარჯიშეთ ვენები

ვენებს დიდი ჯაფა რომ ადგათ, უკვე გითხარით: ისინი დღეში 7000 ლიტრამდე სისიხლს ატარებენ მიზიდულობის ძალის საპირისპიროდ. მწყობრიდან მალე რომ არ გამოვიდნენ, უნდა დავეხმაროთ. ხანგრძლივი დგომისას ხშირად აიწიეთ ფეხის წვერებზე და ისევ დაეშვით, ჯდომისას კი ფეხები გაშალეთ და ტერფები ჯერ გაჭიმეთ, მერე მოხარეთ. შეიძლება ასეც:

* ფეხები მტკიცედ დადგით იატაკზე, ისე, რომ მუხლებში მართობულად გქონდეთ მოხრილი.

* ჯერ წვერებზე აიწიეთ, მერე – ქუსლებზე.

* ტერფებით რამდენჯერმე წრე შემოხაზეთ.

უკეთესი იქნება, ეს ყველაფერი ფეხშიშველმა გააკეთოთ.

ეცადეთ, ჯდომისას ფეხები არ გადააჯვარედინოთ.

*იარეთ წეროს ნაბიჯებით

რამდენიმე წუთი იარეთ ოთახში ფეხის წვერებზე. ნაბიჯის გადადგმისას მუხლი შეძლებისდაგვარად მაღლა ასწიეთ. იდეალურია წეროს ნაბიჯებით აუზში სიარულიც.

*მიიღეთ ცივი შხაპი

დაღლილ, შეშუპებულ ფეხებს ცივი შხაპი აცოცხლებს. განსაკუთრებით ეფექტურია ცივ შხაპთან ერთად ფეხების ვარჯიში. თუ საშხაპეში შესვლას ვერ ახერხებთ, ცივი (8-18 გრადუსი ტემპერატურის) წყლით აავსეთ მაღალი სათლი და შიგ ჩადექით. რომ არ მოცურდეს, ქვეშ ტილო დაუფინეთ ან ხელით მოეჭიდეთ რამე მყარს. ასე გაჩერდით 2 წუთი, მერე ამოდით, 2 წუთი შეისვენეთ და ისევ ჩადექით. პროცედურა 2-3–ჯერ გაიმეორეთ.

*მიიღეთ ინგლისური მარილის აბაზანა

ინგლისური მარილი ამცირებს შეშუპებას. ნახევარი ჭიქა მარილი თბილ წყალში გახსენით და 15 წუთით ჩაყავით ფეხები.

*დაიდეთ ცივი საფენები

თუ აბაზანა თქვენთვის მოუხერხებელია, შეგიძლიათ, ფეხებზე უბრალოდ ცივი საფენები დაიწყოთ. ჯამში წყალი ჩაასხით და ყინული ჩაყარეთ. აიღეთ პატარა პირსახოცი, კარგად დაასველეთ, გაწურეთ და 2 წუთით დაიფინეთ ფეხებზე. გაიმეორეთ რამდენჯერმე.

*გამოაცოცხლეთ

შეკარით მუშტი და მსუბუქად ირტყით თეძოდან ტერფისკენ ფეხის ჯერ გარეთა, მერე შიდა მხარეს.

*გაიკეთეთ მდოგვის ზეთის მასაჟი

მდოგვის ზეთი ააქტიურებს ლიმფის მოძრაობას. ცოტაოდენი შეათბეთ, დაისხით ხელისგულზე და დაიზილეთ ფეხები ტერფიდან გულისკენ.

*გაიკეთეთ მასაჟი ცივი და ცხელი წყლის შხაპით

ცივი წყალი ვენებს კუმშავს, ცხელი კი აფართოებს, რაც სისხლს მოძრაობაში ეხმარება. წყლის ჭავლი ტერფიდან მუხლისკენ აიტარეთ. თითო წუთი დაუთმეთ ცივს და ცხელს. რამდენჯერმე გაიმეორეთ.

*სწორად შეარჩიეთ ფეხსაცმელი

თუ ჰაერგაუმტარი სპორტულების ნაცვლად ჰაეროვან სანდლებს ან მაშიებს ჩაიცვამთ, ფეხებს დიდ შვებას მისცემთ. ზაფხულობით განსაკუთრებით ერიდეთ მჭიდრო ფეხსაცმელს.

*იკვებეთ ჯანსაღად

სიცხეში ორგანიზმს ისედაც დიდი ჯაფა ადგას. უფრო მეტად ნუ დატვირთავთ მას მძიმე საკვებით და ალკოჰოლით. ბოსტნეული და ხილი ამ დროს საუკეთესო არჩევანია. მიირთვით ფლავონოიდებით მდიდარი საკვები: ვაშლი, ყურძენი, ბროკოლი, წითელი ჭარხალი... ერთი სიტყვით, ყველაფერი, რაც ხელს შეუწყობს სისხლის მოძრაობის გააქტიურებას.

ბაბუაწვერას ჩაი უხდება თირკმელებს, მდიდარია კალციუმით, კალიუმით, რკინით, მაგნიუმით. მიიღეთ დღეში 1-2 ფინჯანი. ამასთან ერთად, სვით საკმარისი რაოდენობის წყალიც.

როდის მივმართოთ ექიმს

თუ სიმპტომები ხშირად ჩნდება და დიდხანს გრძელდება, შეშუპებული ადგილი კი მტკივნეული ხდება, ექიმთან წასვლას ნუ დააყოვნებთ. უყურადღებობამ შესაძლოა ობობასებრ სისხლძარღვებამდე, ვარიკოზამდე, ვენების ანთებით დაავადებამდე მიგიყვანოთ.

შეშუპება ზოგჯერ გულის უკმარისობაზე, ფილტვის, თირკმლის, ღვიძლის პათოლოგიაზე, ლიმფური სისტემის პრობლემებზე მიუთითებს.

თუ ფეხებთან ერთად ხელებიც მუდმივად შეშუპებული გაქვთ, თანაც შეშუპება სიმეტრიულია, შესაძლოა, ის ცხიმოვანი წარმოშობისა იყოს.

თუ, მიუხედავად ყოველგვარი მცდელობისა, ფეხები არ დაგიცხრათ, სიმძიმისა და დაღლილობის შეგრძნებამ არ გაგიარათ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

 ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: