ბუნებრივი ბოჭკოების ლექსიკონი

გააზიარე:

როცა ირგვლივ თანამედროვე სამოსის მრავალფეროვანი არჩევანია, ბევრს არ ვფიქრობთ: ლამაზია, მოდურია, ჩემი ზომაა, – და ულამაზესი კაბა ჩვენს ჩანთაში იდებს ბინას. უმეტესობას აზრადაც არ მოუვა იკითხოს, ბუნებრივი ბოჭკოა გამოყენებული მის შესაქმნელად თუ სინთეტიკური.

ბაზარზე ბოჭკოების უზარმაზარი არჩევანია და თითოეულ მათგანს თავისი ნაკლი და ღირსება აქვს.

რა არის ბოჭკო

ბოჭკო წვრილი ძაფისებრი წარმონაქმნია, რომელსაც მცენარეული ან ცხოველული ნედლეულისგან იღებენ ან ხელოვნურად ქმნიან. შესაბამისად, არსებობს მცენარეული, ცხოველური და ქიმიური – ცელულოზის და სინთეტიკური – ბოჭკოები.

ნატურალური ქსოვილები სწორედ მცენარეული და ცხოველური ბოჭკოებისგან მზადდება.

საუკუნეების წინათ

მცენარეული ბოჭკოსგან ქსოვილის დამზადება ათასეულობით წლის წინ დაიწყეს. სხვათა შორის, სელის ბოჭკოს უძველესი ნიმუშები ჩვენთან, დასავლეთ საქართველოშია აღმოჩენილი. დაახლოებით 30 000 წლის წინ მისგან ძაფს და თოკს გრეხდნენ. ტანსაცმლის ინდუსტრიაში ახალი ეპოქა ნეოლითის ხანაში დაიწყო, როცა მწყემსებმა აღმოაჩინეს, რომ ცხვრის მატყლი იდეალური საშუალება იყო ძაფისა და ქსოვილის წარმოებისთვის.

ბუნებრივი ქსოვილები

ნატურალური ბოჭკოს ყველაზე გავცელებული ქსოვილებია:

ტილო (Linen, LI) – მას სელის ბოჭკოსგან ამზადებენ. რაც უფრო გრძელია ბოჭკო, მით უფრო ხარისხიანია ქსოვილი. ტილო მტკიცეა, სინათლის მიმართ გამძლე, ბუნებრივად ანტისტატიკური და ანტიალერგიული. აქვს გლუვი ზედაპირი და ძნელად იბურძგნება, თუმცა ადვილად იჭმუჭნება. ტილოს ქსოვილი საუკეთესოა ზაფხულში, რადგან მსუბუქი და ჰაეროვანია. მას ხშირად ბამბას ან ქიმიურ ბოჭკოსაც ურევენ და სხვადასხვა ტიპის ქსოვილს – ნახევრად ტილოს – იღებენ.

ტილო ადვილი მოსავლელია, სარეცხ მანქანაშიც ირეცხება და მაღალ ტემპერატურასაც (95 გრადუსს) უძლებს, მაგრამ შეღებილ ტილოს 40 გრადუსზე მაღალი ტემპერატურის წყალში ნუ გარეცხავთ, გააუთოეთ დაბალ სიმხურვალეზე, ნუ გააშრობთ საშრობში.

ბამბა (CO) – ეს უნივერსალური ქსოვილია. კარგად ატარებს ჰაერს, კარგად არეგულირებს სითბოსა და ტენიანობას, ანტიალერგულია, რბილია და მსუბუქი. ელასტიკურობა თითქმის არ ახასიათებს, ამიტომ ადვილად იჭმუჭნება, დასველებისას მძიმდება და ნელა შრება.

უძლებს ძალიან მაღალ (95 გრადუს) ტემპერატურას. კარგად ირეცხება სარეცხ მანქანაში. იწურება მაღალი ბრუნვით და უთოვდება მაღალ ტმპერატურაზე.

რაც უფრო გრძელია ბოჭკო, მით უფრო ხარისხიანია ქსოვილი. ხარისხი ბამბის კრეფის მეთოდზეცაა დამოკიდებული. ხელით დაკრეფილი ბამბისგან დამზადებული ქსოვილი უკეთესი ხარისხისაა, რადგან ხელით მხოლოდ კარგად მოსული ბამბა იკრიფება.

შეძენისას დააკვირდით ეტიკეტს. იმისთვის, რომ ქსოვილს სხვა თვისებები შესძინონ, ბამბას ხშირად ვისკოზას, სელს ან ელასტანს ურევენ.

ბამბის თვისებები მისი ფიზიკური თუ ქიმიური დამუშავების შედეგადაც იცვლება. მაგალითად, მერსერიზაციის (ტუტის მაგარი ხსნარით დამუშავების) შედეგად ის აბრეშუმისმაგვარ ბზინვარებას და სიმტკიცეს იძენს.

სხვადასხვანაირი დამუშავებით და სხვადასხვა ბოჭკოს შერევით იღებენ ბამბის სხვადასხვა თვისების მქონე ქსოვილს: სატინას (Satin), დენიმს (Denim), პლისეს (Corduroy), დამასტს ან ქამხას (Damask), გაბარდინს (Gabardine), ბატისტს (Batist).

აბრეშუმი (SE, ST) – აბრეშუმის ბოჭკოს აბრეშუმის პარკისგან იღებენ, რომელსაც აბრეშუმის ჭია გარშემო იკეთებს. აბრეშუმი ყველაზე ძვირფასი ქსოვილია, მტკიცე, ელასტიკური, ჰაერგამტარი, მსუბუქი და ანტიალერგიული. ის ისრუტავს სხეულის ტენს და გარეთ გამოყოფს. ამასთან, მალე შრება. სასიამოვნოა როგორც ზაფხულში, ის ზამთარშიც, რადგან სიცივეში ათბობს, სიცხეში კი აგრილებს.

აბრეშუმი ფაქიზი მოსავლელია. ოფლის და პარფიუმერიის ზემოქმედებით ადვილად ზიანდება და იცვლის ფერს. ის ხელით უნდა გარეცხოთ დაბალ ტემპერატურაზე. უმჯობესია, სპეციალური სარეცხი საშუალებით. არამც და არამც არ გაწუროთ. არ დაკიდოთ, გააშრეთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. დააუთოვეთ დაბალ სიმხურვალეზე, უმჯობესია, ნოტიო. მზის სხივებს მოარიდეთ.

სხვა ბოჭკოებს აბრეშუმსაც ურევენ სხვადასხვა ქსოვილის მისაღებად. აბრეშუმის ქსოვილებია ორგანზა (Organza), თავთა (Taffeta), სარჟი (Twill), ატლასი (Satin), შიფონი (Chiffon).

შალი (WO) – ის ცხვრის რბილი მატყლისგან მზადდება. ჰაერგამტარი, გამძლე, ელასტიკური და მოქნილია, ამიტომ ადვილად არ იჭმუჭნება, თუმცა ადვილად იბურძგნება და ჯდება. ახასიათებს თერმორეგულაციის თვისება. ადვილად იღებება.

მატყლი, რომლისგანაც შალი მზადდება, სხვადასხვა სისქისა და ხარისხისაა. შესაბამისად, შალიც სხვადასხვანაირია. ზოგიერთი სახეობა უსიამოვნოდ იკბინება.

რაც უფრო რბილი და ნაზია მატყლი, მით უფრო ხარისხიანია ქსოვილი. მაგალითად, ცხვრის ფეხის ბეწვი უფრო უხეში და მოკლეა, ამიტომ დაბალი ხარისხისად მიიჩნევა. დამუშავების შედეგად მისგან სხვადასხვა თვისების მქონე ქსოვილს იღებენ, მაგალითად, თექას ან ქეჩას (Felt), მაუდს (Loden), ფლანელს (Flannel), ტვიდს (Tweed), ბუკლეს (Boukle').

შალი ხელით ირეცხება, 30 გრადუსამდე ტემპერატურის წყალში. გასარეცხად უმჯობესია შალის სარეცხად განკუთვნილი სპეციალური თხევადი საშუალება გამოიყენოთ. არ მოსრისოთ და გაწუროთ, თორემ ადვილად დაკარგავს ფორმას. ბოლოს კარგად გაავლეთ გამდინარე წყალში. გააშრეთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. არასოდეს გააშროთ მზეზე ან რადიატორზე. ორთქლით გააუთოეთ საშუალო ტემპერატურაზე.

ქაშმირი (WS) – იქსოვება ქაშმირული თხის ნაზი, ძვირფასი ბეწვისგან. სუფთა ქაშმირი გლუვია და არ ბზინავს. აქვს ყველაზე მაღალი თბოიზოლაციის უნარი. კარგი ჰაერგამტარია, რბილია და მსუბუქი, თუმცა შესაძლოა ადვილად აიბურძგნოს.

ქაშმირი ძალიან ფაქიზია და ასევე უნდა მოეპყროთ. უმჯობესია, რეცხოთ თხევადი საშუალებით, რომელიც დაბალ ტემპერატურაზე რეცხვისთვისაა განკუთვნილი, ხელით, თბილ წყალში (მაქსიმუმ 30 გრადუსზე). არ გახეხოთ, თორემ ადვილად აიბურძგნება. არ გააშროთ საშრობში. უმჯობესია, პირსახოცზე გაფენილი გაშრეს.

შალს ეძახიან ქაშმირის, აქლემის, ალპაკას, იაკის ბეწვისგან დამზადებულ ქსოვილსაც.

მოხერი (WM) – ანგორული თხის ბეწვისგან მზადდება. ძალიან რბილია, მსუბუქი და სასიამოვნო. აქვს ბუნებრივი ბრწყინვალება. ადვილად არ სველდება, თუმცა კარგად იწოვს ნესტს. მოხერის ქსოვილს ზაფხულში გამაგრილებელი ეფექტი აქვს, ზამთარში კი ათბობს. ადვილად არ იჭმუჭნება.

მოხერის ტანსაცმელს ინსტრუქციის მიხედვით უნდა მოუაროთ. რეცხოთ თბილ (30-გრადუსიან) წყალში ხელით, შალისთვის განკუთვნილი სარეცხი საშუალებით. წყალში დიდხანს არ ჩაალბოთ.

ძაფს სხვა ბუნებრივი მასალისგანაც ამზადებენ. მაგალითად, ჯუთის (JU Jute) ღეროს, ბამბუკისა და კანაფის ღეროს ბოჭკოებისგან.

რატომ ბუნებრივი?

თუ  სინთეტიკურ ქსოვილს შეუძლია, ავნოს ჩვენს ჯანმრთელობას, ნატურალური, პირიქით, უხდება. ბუნებრივი ქსოვილების უმრავლესობა კარგი ჰაერგამტარი, ბუნებრივად ანტისტატიკური და სასიამოვნოა. კარგად არეგულირებს სითბოსა და სინესტეს და, თქვენ წარმოიდგინეთ, სამკურნალო თვისებებიც აქვს – ხელს უშლის ბაქტერიული და სოკოვანი დაავადებების განვითარებას. სასიკეთოდ მოქმედებს ნივთიერებათა ცვლასა და სისხლის მიმოქცევაზე. ჰიპოალერგენულია, ამშვიდებს და თავისუფლად სუნთქვის საშუალებას აძლევს კანს.

სპეციალისტები გვირჩევენ, უმეტესად ბუნებრივი ქსოვილის სამოსი ვატაროთ, დღისა თუ ღამის თეთრეული კი ყოველთვის ნატურალური ბოჭკოსი გვეცვას. მათ, ვისაც დერმატიტი, ეგზემა, აკნე, ფსორიაზი, კანის ინფექციური დაავადებები აწუხებთ, მხოლოდ ბუნებრივი ქსოვილის სამოსზე უნდა შეაჩერონ არჩევანი.

 ჯილდა გაჩეჩილაძე

გააზიარე: