როგორ მოვიშოროთ შილაკი და ხელოვნური წამწამები საკუთარი ხელით

გააზიარე:

დღეს, როდესაც ექიმები მილიონობით ადამიანის გადასარჩენად იბრძვიან, ჩვენ მხოლოდ ის მოგვეთხოვება, შინ დავრჩეთ. ერთი შეხედვით, არც ისე ძნელია, არა? სინამდვილეში კი სოციალური იზოლირების პოლიტიკამ უამრავი ახალი პრობლემა წარმოშვა. სალონები და ესთეტიკური ცენტრები დაიკეტა და ქალები საკუთარი თავის ამარა დავრჩით, ფრჩხილებში ჩამჯდარი შილაკით და ხელოვნური წამწამებით, რომლებსაც, თუ დაუდევრად მოიძრობ, დიდი შანსია, საკუთარიც თან გააყოლო.

სიამოვნებით გასწავლით, როგორ გაართვათ თავი ამ ორ პრობლემას სახლის პირობებში ისე, რომ არც ფრჩხილები დაიზიანოთ და არც წამწამები.

 

ოთხი ნაბიჯი შილაკის მოსაშორებლად

ნუნების ზეთი

პირველი ეტაპი ფრჩხილების, უფრო ზუსტად, ნუნების და მათი მიდამოს დატენიანებაა. ამისთვის ნუნების ზეთი გამოიყენეთ. წაისვით ნუნებზე და კარგად შეიზილეთ. თუ სალონს სტუმრობთ ხოლმე, გეცოდინებათ, რომ ნუნების ზეთი ის პროდუქტია, რომელსაც ფრჩხილების ყველა სპეციალისტი იყენებს. ის ნუნებს ატენიანებს, არბილებს და მისი შეძენა ნებისმიერ აფთიაქშია შესაძლებელი. ზეთი ფრჩხილებზე დამცავ საფარველს ქმნის და აცეტონის დამაზიანებელი მოქმედებისგან იცავს.

აცეტონი

მეორე ნაბიჯი სწორედ აცეტონია. ყველაზე უკეთესი ეფექტი სუფთა აცეტონს ექნება. მართალია, ის ძალიან ძლიერია, ფრჩხილებს აზიანებს და კანს აშრობს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ შილაკის სახლში მოცილება მეტად ალბათ აღარ მოგოწევთ, სანერვიულო ბევრი არაფერია.

ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ ლაქის მოსაშორებელი სითხე, რომელშიც აცეტონის შემცველობა 60% ან მეტია.

უაცეტონო ან აცეტონის ძალიან დაბალი შემცველობის ლაქის მოსაშორებელი საშუალებები შილაკის მოსაშორებლად არ გამოგადგებათ.

აცეტონი დაბალ, ფართო ფიალაში ჩაასხით – ისეთში, რომელშიც ხელის ხუთივე თითის წვერი ჩაგეტევათ.

ვისველებთ ფრჩხილებს

ჩაყავით თითის წვერები აცეტონში. თითები კარგად გაშალეთ, რომ ხუთივე ფრჩხილი კარგად დასველდეს. ასე დარჩით 10 წუთი. ეცადეთ, კანზე აცეტონი რაც შეიძლება ნაკლებად მოგხვდეთ.

შესაძლოა, 10 წუთის გასვლამდე შეამჩნიოთ, რომ ალაგ-ალაგ შილაკი გძვრებათ, მაგრამ თითებს ნუ ამოიღებთ – ფრჩხილების სათანადოდ დასასველებლად 10 წუთი აუცილებელია.

ვიცილებთ შილაკს

10 წუთი რომ გავა, თითები აცეტონიდან ამოიღეთ. დაინახავთ, რომ შილაკის გვერდები აწეულია. მოიმარჯვეთ სპეციალური ჩხირი, სასურველია, ბამბუკისა (უკიდურეს შემთხვევაში ლითონისაც გამოდგება) და შილაკი ფრთხილად აიფხიკეთ ფრჩხილებიდან.

დაიდეთ ჩხირის ბრტყელი მხარე ფრჩხილის ძირზე, ნუნის ახლოს, შილაკის ქვეშ შეაცურეთ და ოდნავი დაწოლით აუყევით ზემოთ. შილაკიც ნელ-ნელა აგყვებათ.

თუ შეატყობთ, რომ ზოგან შილაკი ისეა ჩამჯდარი, რომ არ ძვრება, ფრჩხილები ცოტა ხნით კიდევ ჩაყავით აცეტონში ან აცეტონიანი ბამბით და ფოლგით შეიფუთეთ.

შეფუთვა კიდევ ერთი გზაა შილაკის მოსაშორებლად: შეგიძლიათ, აცეტონში დასველების ნაცვლად თითის წვერებზე აცეტონიანი ბამბის დისკოები შემოიხვიოთ, ფოლგით შეიფუთოთ და 15 წუთი გაიჩეროთ. მერე კი ყველაფერს ისევე აკეთებთ, როგორც აცეტონით დასველების შემდეგ.

ვიბანთ და ვიტენიანებთ ხელებს

პროცედურის შემდეგ ხელები თბილი წყლით და საპნით დაიბანეთ, მერე კი კარგად დაიტენიანეთ კრემით, რომ აცეტონისგან გამომშრალმა ფრჩხილებმა და კანმა სინოტივე აღიდგინოს, ხოლო ნუნებზე ნუნების ზეთი წაისვით და კარგად შეიზილეთ.

 

ხელოვნური წამწამების მოშორება

რა ლამაზადაც უნდა გამოიყურებოდეს დაგრძელებული წამწამები, მოდის დრო, როდესაც მათი ნაწილი ბუნებრივად ძვრება და თვალებიც კარგავს პირვანდელ მომხიბლაობას. სწორედ ამ დროს მივდივართ ხოლმე სალონში და ან ვისწორებთ წამწამებს, ან ვიშორებთ.

თუ ამ პროცედურის ჩატარება სახლში გიწევთ, უპირველეს ყოვლისა, უნდა გახსოვდეთ, რომ დიდი სიფრთხილე მოგეთხოვებათ – თუ ბუნებრივი წამწამები ამოიძრეთ, მათ ხელახლა გაზრდას საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება.

ხელოვნური წამწამები ისეთი წებოთია მიკრული ბუნებრივზე, რომელიც უძლებს წყალს, საპონს და ოფლს, შესაბამისად, მათი მოძრობა საკმაოდ რთულია.

წამწამების მოსაშორებელი გელი

დაგჭირდებათ სპეციალური გელი, რომელსაც ასევე აფთიაქში შეიძენთ (თუ სახლთან ახლოს ვერ იპოვეთ, მოიძიეთ სხვა აფთიაქებში ან ონლაინმაღაზიებში და ისარგებლეთ შინ მიტანის სერვისით), ქაღალდის ხელსახოცები და ტუშის ერთი ან ორი სუფთა ფუნჯი.

ქაღალდის ხელსახოცი ზედა და ქვედა წამწამებს შორის მოიქციეთ და თვალი მაგრად დახუჭეთ, რომ გელი არ ჩაგივიდეთ.

დაიტანეთ გელი ფუნჯზე და ფუნჯით – წამწამებზე. ეცადეთ, იმ ადგილას მოახვედროთ, სადაც ხელოვნური ღერები წებოთი ეკვრის თქვენს ბუნებრივ წამწამებს.

დაელოდეთ 3 წუთი.

აიღეთ მეორე, სუფთა (ან იგივე, ოღონდ კარგად გარეცხილი) ფუნჯი და ოდნავი დაწოლით გადაიტარეთ წამწამებზე ძირიდან წვერებისკენ. ხელოვნური ღერები თავისუფლად უნდა მოგშორდეთ. თუ რამდენიმე ცალი დარჩა, შეგიძლიათ, პროცედურა გაიმეოროთ.

ბოლოს ცივი წყლით კარგად ჩამოიბანეთ თვალები, რომ გელი მთლიანად მოგშორდეთ.

ეცადეთ, თვალი პროცედურის დასრულებამდე არ გაახილოთ.

თუ ფუნჯით საკმაო ოდენობის გელი ვერ წაისვით, სხვა ხერხი მოსინჯეთ: გელით ბამბის დისკო გაჟღინთეთ და ასე დაიტანეთ წამწამებზე. გაიჩერეთ 2-3 წუთი და შემდეგ ხელოვნური ღერები ტუშის ფუნჯით მოიშორეთ.

თუ წამწამები ახალი დაგრძელებული გაქვთ და მათ მოძრობას ალერგიული რეაქციის ან უბრალოდ დისკომფორტის გამო აპირებთ, ამის გაკეთება გელის გარეშეც შეიძლება:

* გააცხელეთ წყალი და ღრმა ჭურჭელში ჩაასხით. თავი დახარეთ, სახე ჭურჭლიდან ამომავალ ორთქლს მიუშვირეთ, გადაიფარეთ პირსახოცი და ასე გაჩერდით 15 წუთი.

შემდეგ დაასველეთ ბამბის დისკო მაკიაჟის მოსაშორებელი სპეციალური ზეთით (ზეთი ასუსტებს წებოს მოქმედებას, მით უმეტეს – თუ ის ახალი დატანილია წამწამებზე) და ნელა, ოდნავი დაწოლით მოიშორეთ ხელოვნური ღერები.

გაითვალისწინეთ: ეს პროცედურა მეტ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს, ვიდრე წამწამების სპეციალური გელით მოშორება, მაგრამ ახალდაგრძელებულ წამწამებზე ეს ხერხიც ძალიან კარგად ჭრის.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: