გივი ბახტაძე - ექიმი, რომელმაც ბევრ სტუდენტს თერაპევტობა გადააწყვეტინა

გააზიარე:

არსებობენ ადამიანები, რომლებიც მხოლოდ დიდი სიყვარულით კი არ აკეთებენ თავიანთ საქმეს, არამედ შეუძლიათ, სხვებსაც შეაყვარონ ის. სწორედ ასეთი გახლდათ თერაპევტი გივი ბახტაძე – კაცი, რომელმაც მიხეილ წინამძღვრიშვილის, ლევან ანჯაფარიძის, გიორგი მხეიძის შემდეგ ძველი დიდება დაუბრუნა თერაპიას, რომლის გავლენით სამედიცინო ინსტიტუტის არაერთმა ნიჭიერმა სტუდენტმა აირჩია შინაგანი მედიცინა.

დიდი თერაპევტის შესახებ გასტროენტეროლოგმა ხუტა პაჭკორიამ და გივი ბახტაძის მოწაფემ, პროფესორმა ალექსანდრე ქისტაურმა გვიამბეს.

 

ხუტა პაჭკორია:

_ მე მერგო პატივი, გივი ბახტაძის შესანიშნავ ლექციებს დავსწრებოდი. სხვა ლექტორები კათედრიდან ელაპარაკებოდნენ მდუმარე აუდიტორიას, ბატონი გივი კი მოგვიჯდებოდა ხოლმე გვერდით, ასისტენტს დაავადებაზე ინფორმაციას წააკითხებდა, მერე კი სადისკუსიოდ გვიწვევდა. ეს იყო სრულიად ახალი, უცხო მეთოდი, რომელიც ძალიან მოგვწონდა.

ბიოგრაფიული ცნობები

– გივი (გრიგოლ) ბახტაძე თბილისში დაიბადა 1923 წლის 25 თებერვალს. მამამისს, გრიგოლს, ტუბერკულოზი შეეყარა და ისე გარდაიცვალა აბასთუმანში, ვერც კი ჩაიხუტა შვილი... დედა, ქეთევან ლოლუა, ახლანდელ ალადაშვილის კლინიკაში რენტგენოლოგად მუშაობდა. გივი ქიაჩელის ქუჩაზე გაიზარდა, იმავე სახლში, რომელშიც ცნობილი ფიზიოლოგის დიმიტრი გედევანიშვილის ოჯახი ცხოვრობდა. დიმიტრი ცნობილი მსახიობის თამარ ციციშვილის მეუღლე იყო. მათ ოჯახში ხშირად იკრიბებოდა თბილისის ელიტა, რომელთან ურთიერთობამ წარუშლელი კვალი დააჩნია გივის სულს.

ალექსანდრე ქისტაური:

_ დიმიტრი გედევანიშვილის ოჯახთან გივის ძალიან ახლო ურთიერთობა ჰქონდა. იმდენად ახლო, რომ დიმიტრის შვილიშვილის ქორწილში თამადად მიიწვიეს.

ასისტენტობის პერიოდში კარდიოლოგიით ვიყავი დაინტერესებული. დიმიტრი გედევანიშვილს გული აწუხებდა და ერთხელ გივიმ მასთან სახლში წამიყვანა კარდიოგრამის გადასაღებად. დამშვიდობებისას ბატონმა დიმიტრიმ ელექტროკარდიოგრაფიის შესახებ წიგნი მაჩუქა წარწერით. ამ საჩუქარს დღემდე ვინახავ...

ხუტა პაჭკორია:

– გივი ბახტაძემ 1944 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. ამის შემდეგ იყო სტომატოლოგიის ინსტიტუტის ფიზიოლოგიის კათედრის ასისტენტი, სამკურნალო ფაკულტეტის საფაკულტეტო თერაპიის კათედრის ორდინატორი აკადემიკოს ალექსანდრე ალადაშვილის კლინიკაში, კლინიკური და ექსპერიმენტული კარდიოლოგიის ინსტიტუტის ასპირანტი, სადაც მისი ხელმძღვანელი აკადემიკოსი მიხეილ წინამძღვრიშვილი გახლდათ, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის ასისტენტი, დოცენტი, პროფესორი და ბოლოს – კათედრის გამგე. 1960-1969 წლებში პარალელურად ხელმძღვანელობდა სამხედრო-საველე თერაპიის კურსსაც. 1968 წელს სადოქტორო დისერტაცია დაიცვა.

1973-1974 სასწავლო წელს ჰოსპიტალური თერაპიის კათედრა ორად გაიყო. ერთის გამგედ დარჩა უდიდესი თერაპევტი კოტე ვირსალაძე, მეორის ხელმძღვანელად კი გივი ბახტაძე აირჩიეს. ამ კათედრამ რკინიგზის საავადმყოფოში დაიდო ბინა და გივი მას 1993 წლამდე ედგა სათავეში. 1983 წელს გივი ბახტაძეს საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწის წოდება მიანიჭეს, 1994 წელს კი საქართველოს სამედიცინო-ბიოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი გახდა.

სამაგალითო მასწავლებელი

– გივის შესანიშნავად უჭრიდა კალამი. გარდა სამეცნიერო ნაშრომებისა, გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე ცნობილი ექიმის ბიოგრაფია, ჩინეთში მოგზაურობის შთაბეჭდილებები და წიგნი „ექიმობა ჩემი პროფესიაა“, რომელიც მედიცინის ეთიკურ ასპექტებს ეხება. გივი იზიარებდა ცნობილი გერმანელი თერაპევტის ჰერმან ნოთნაგელის თვალთახედვას იმის თაობაზე, რომ ბოროტი, შურიანი, ორპირა, კარიერისტი ადამიანი კარგი ექიმი ვერ გახდება, რომ ავადმყოფის ბედი არ უნდა იყოს დამოკიდებული მკურნალის პირადი უსიამოვნებებით გამოწვეულ ცუდ განწყობაზე. ეს პრობლემა ლექციებზეც არაერთხელ წამოუჭრია. მაგალითად ნაპოლეონ ბონაპარტე მოჰყავდა, რომელსაც მძიმე შეკრულობა აწუხებდა და რომლის კუჭის მოქმედებაც წყვეტდა ევროპის ხალხების ბედს.

თეორიულ ცოდნაზე მეტად გივი გამჭრიახობას, თანაგრძნობის უნარს, დისციპლინას და სხვა ადამიანურ ღირსებებს აფასებდა. თავად ნიჭიერი, ენციკლოპედიურად განათლებული და ავადმყოფებისთვის თავდადებული ექიმი იყო. კონსულტაციაზე უარს არავის ეუბნებოდა, საქართველოს ყველა კუთხე-კუნჭულში დადიოდა მანქანით თუ ვერტმფრენით. სტუდენტებსაც ხშირად დაჰყვებოდა ავადმყოფი მშობლების გასასინჯად.

სტუდენტებთან განსაკუთრებული სიახლოვე აკავშირებდა. ხშირად გვიწვევდა თავის კაბინეტში, მამაშვილურად გვესაუბრებოდა. არც ჩვენ გვერიდებოდა მასთან მისვლა რამის საკითხავად თუ სათხოვნელად. იმ დროს სტუდენტებისა და პროფესორის ასეთი ურთიერთობა იმდენად უჩვეულო იყო, ყველას უკვირდა. მისი კლინიკური შემოვლებიც გვიყვარდა. სტუდენტების უმეტესობა ქირურგობაზე ოცნებობდა, მაგრამ, გივი ბახტაძის შემხედვარემ, ბევრმა თერაპიაში მუშაობა ამჯობინა. გივის დამსახურებით თერაპია როგორც დისციპლინა ერთიორად პოპულარული გახდა. შეიძლება ითქვას, რომ მან თერაპიის ახალ მიმართულებას დაუდო სათავე.

იმ დროს დიაგნოსტიკაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭებოდა ანამნეზს და გამოკვლევის ფიზიკურ მეთოდებს: ინსპექციას (დათვალიერებას), აუსკულტაციას (მოსმენას) და პერკუსიას (სხეულზე დაკაკუნების შედეგად მიღებული ხმის შეფასებას). ეს მეთოდები გივიმ ზედმიწევნით იცოდა და ეს ცოდნა თავის სტუდენტებსაც გადასცა. 

მუდამ მოწიწებით იხსენიებდა თავის მაწავლებლებს. მათზე მოგონებებიც აქვს გამოცემული. საინტერესო ამბავი შემოგვინახა ალექსანდრე ალადაშვილზე, რომელიც უშიშრად გამოექომაგა ხალხის მტრად შერაცხულ დიდ თერაპევტს შალვა მიქელაძეს ინსტიტუტში გამართულ სამარცხვინო კრებაზე, რომელზეც მის მოწაფეებს მასწავლებლის დაგმობა აიძულეს. საკვირველია, როგორ არ დახვრიტეს ამისთვის... მოგონებები მიუძღვნა მიხეილ წინამძღვრიშვილსაც. დაწერა წიგნი დიდი თერაპევტის იოსებ პარმას ცხოვრებაზე...

აქტიურად იყო ჩართული სტუდენტებისა და ახალგაზრდა ექიმების სამეცნიერო ცხოვრებაში: მონაწილეობდა ბაკურიანში გამართულ ახალგაზრდა მედიკოსთა კონფერენციებში, ქუთაისში გამართულ ინტერნების კონფერენციებში, თავად უწევდა ორგანიზებას ამიერკავკასიის რკინიგზის ახალგაზრდა ექიმთა კონფერენციებს... ნიჭიერ ახალგაზრდებს თანამშრომლობას სთავაზობდა. ბევრი ახალბედა ექიმი წაიყვანა თავისთან და დააკვალიანა. მათი წარმატება ახარებდა.

ალექსანდრე ქისტაური:

– თეთრი წყაროს სასწრაფო დახმარების სადგურში ვმუშაობდი და თავისუფალ დროს – რკინიგზის საავადმყოფოშიც, უხელფასოდ. მომკიდებდა ხელს, წამიყვანდა რკინიგზის სამედიცინო სანიტარიული სამსახურის უფროსთან ბატონ რეზო ჩხეიძესთან, რომელსაც კადრების საკითხი ეხებოდა და ეტყოდა: ეს კაცი აუცილებლად უნდა ავიყვანოთო. ასე, მისი რეკომენდაციით დამასაქმეს.

მემკვიდრეობა

ხუტა პაჭკორია:

– გივიმ საფუძვლიანად შეისწავლა ბრონქული ასთმის, არტერიული ჰიპერტონიის, შაქრიანი დიაბეტის, წამლისმიერი დაავადებების, თირკმლისმიერი დაავადებების, სამკურნალო ფიზკულტურის საკითხები, აღწერა მდებარეობითი ჰიპოტონია, დაადგინა გლიკოზიდების ზემოქმედება ინტერორეცეპტორებსა და უმაღლეს ნერვულ სისტემაზე. მონოგრაფიაში "ქრონიკული არტერიული ჰიპოტონია" კომპლექსურად შეისწავლა დაბალი არტერიული წნევა. შემოიღო ტერმინი "არტერიული ჰიპოტონიური დაავადება", შეიმუშავა მისი კლასიფიკაცია, ტიპები. განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო პოსტურალურ ანუ მდებარეობით ჰიპოტონიას, რაც გულისხმობს წნევის უეცარ დაცემას საწოლიდან წამოდგომისას. გივი ბახტაძის ნაშრომი ერთ-ერთი პირველი იყო ამ მიმართულებით და მის ციტირებას დღესაც ახდენენ.

ცალკე ყურადღების ღირსია შინაგან სნეულებათა სახელმძღვანელო, რომელშიც თირკმლის დაავადებებია განხილული. ეს წიგნი ნეფროლოგიაში დღესაც ერთ-ერთ საუკეთესო ნაშრომად მიიჩნევა.

ალექსანდრე ქისტაური:

_ გივიმ საფუძველი ჩაუყარა განახლებულ კათედრას, შექმნა საუკეთესო თერაპიული სკოლა, რომელშიც თვალსაჩინო ადგილი უკავია აკადემიკოს ბონდო ქობულიას – კაცს, რომელმაც კლინიკურ მედიცინაში პირველმა გამოიყენა სისხლსა და ქსოვილებში ჟანგბადის შემცველობის განსაზღვრის დღეს უკვე ფართოდ აღიარებული არაინვაზიური მეთოდი ჰუკის ელექტროდით (მანამდე მას მხოლოდ პედიატრიულ პრაქტიკაში იყენებდნენ), დანერგა მთელი სხეულის პლეტიზმოგრაფიის მეთოდი.

თავად მეც გივი ბახტაძის თაოსნობით დავაარსე საქართველოში პირველი ინტენსიური თერაპიის სამსახური – დღევანდელი გადაუდებელი დახმარების, ემერჯენსის მსგავსი განყოფილება. მანამდე ინტენსიური თერაპია მხოლოდ კარდიოლოგიურ, ინფარქტიან პაციენტებს უტარდებოდათ. ჩვენ მივიჩნიეთ, რომ ასეთი თერაპია საჭირო იყო ბრონქული ასთმის, ჰიპერტონიული კრიზის, დიაბეტური კომის და სხვა გადაუდებელი მძიმე მდგომარეობების დროსაც.

ჩვენი ინტენსიურისთვის აპარატურა საგანგებოდ შევიძინე. ამისთვის თანხა მოიძიეს და გამოგვიყვეს საქართველოს რკინიგზის სამედიცინო სამსახურის უფროსმა ზეზვა ღუღუნიშვილმა და მთავარმა ექიმმა ჯემალ ქარუმიძემ. ბევრი ვიბრძოლეთ. თავაპირველად ცალკე შტატის დაშვებაზე უარი გვითხრეს – შემოგვთავაზეს, ყველა ექიმს თვეში ერთხელ ემორიგევა, მაგრამ ამაზე ბევრი არ დათანხმდა. ზოგს დეფიბრილაციისაც კი ეშინოდა, დენს დაგვარტყამსო. როგორც იქნა, გამოყვეს შტატი... ცოტა ხანში ჩვენი ინტენსიური იმდენად პოპულარული გახდა, ნევროლოგიურ პაციენტებსაც ჩვენთან აწვენდნენ. მერე ნევროლოგებმაც შექმნეს ასეთივე განყოფილება.

ხუტა პაჭკორია:

– ალექსანდრე ქისტაურთან ერთად გივიმ რამდენიმე წიგნი დაწერა. შეადგინეს შინაგანი მედიცინის სემიოლოგიური ლექსიკონი, გაგა ბახტაძის თანაავტორობით გამოსცეს თერაპიული ლექსიკონი "სინდრომები, სახელობითი სიმპტომები და დაავადებები", რომელშიც შვიდი ათასამდე სიმპტომი და დაავადებაა განხილული. წიგნი თითქმის ყველა იშვიათ თუ გავრცელებულ პათოლოგიას მოიცავს.

სხვა შტრიხები

– გივი არასდროს დარიდებია სიმართლისთვის ბრძოლას. ოპონენტის თანამდებობას მისთვის მნიშვნელობა არ ჰქონდა, თუმცა არც ტაქტი ღალატობდა. მისი შეშინება შეუძლებელი იყო. მართალი, პატიოსანი, თავდაჭერილი, სტუდენტების მოყვარული – ასეთი მახსოვს გივი ბახტაძე.

ცხოვრების ჯანსაღ წესს მისდევდა. ქიაჩელის ქუჩიდან ყოველდღე ფეხით ჩამოივლიდა ხოლმე ელბაქიძის დაღმართს და ისე მიდიოდა მიხეილის საავადმყოფოში. ფეხით სიარულში სხვებიც აიყოლია.

შესანიშნავი ოჯახი ჰქონდა. მისი მეუღლე, გულიკო ყასაბაშვილი, ჟურნალ "დროშის" პასუხისმგებელი მდივანი გახლდათ ჯანსუღ ჩარკვიანის მთავარი რედაქტორობის წლებში. ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა გივის მეგობრებსა და თანამშრომლებთან. გივის განუყრელი მეგობრები იყვნენ ნევროლოგები ავთანდილ ლაჭყებიანი და ნოდარ ქავთარაძე, თერაპევტი ვახტანგ წინამძღვრიშვილი (მიხეილ წინამძღვრიშვილის ვაჟი)...

ალექსანდრე ქისტაური:

_ გულიკო ნოდარ დუმბაძესთან ერთად მუშაობდა სატირულ-იუმორისტულ ჟურნალ "ნიანგში". სწორედ მაშინ გაიცნო გივიმ ნოდარი და დაუმეგობრდა.

რკინიგზის ახალი საავადმყოფო რომ გაიხსნა, მე განყოფილების ხელმძღვანელად დამნიშნეს. ჩემმა რუსმა ექთანმა საერთო საქმეში წვლილის შეტანა მოინდომა და ოფიცერ ქმარს დაამზადებინა კაბინეტის კარებზე გასაკრავი წარწერები, ოღონდ... რუსულად. გივიმ რომ დაინახა, გადაირია, ახლავე მოაშორეთო. ჩამოვხსენით და ნახევარ საათში მთავარმა ექიმმაც დაგვიბარა – უკვე დაერეკათ შესაბამისი ორგანოებიდან... ბრძოლა ქართული წარწერების გამარჯვებით დასრულდა. ჩვენს კლინიკაში ავადმყოფობის ისტორიებიც კი მხოლოდ ქართულად იწერებოდა, რაც მიხეილ წინამძღვრიშვილის დამსახურება იყო.

გივის ძალიან შესტკიოდა გული ქვეყანაზე. მოესწრო საქართველოს დამოუკიდებლობას. თავგამოდებით ქომაგობდა ზვიად გამსახურდიას...

ვიცოდით, რომ ჰიპერტონიული დაავადება ჰქონდა, მაგრამ მაინც მოულოდნელი აღმოჩნდა მისი გარდაცვალება. 1996 წელს ათენში საქართველოს საკალათბურთო ნაკრები საბერძნეთისას ეთამაშებოდა, ვიგებდით. გახარებულმა დამირეკა, შეხედე, ჩვენი ბიჭები რას შვრებიანო. დადო ყურმილი და... ოც წუთში გულიკოს ზარიც გაისმა – მიშველე, გაითიშაო. თამაშის ყურებისას დაემართა ჰიპერტონიული კრიზი და მეორე დღეს გარდაიცვალა.

 

 მარი აშუღაშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

გააზიარე: