ბექა ხუცურაულის მზის შუქით სავსე სამყარო

გააზიარე:

 

ბექა ხუცურაულის ფერწერას მრავალფეროვანი და ნათელი ფერთა პალიტრით ამოიცნობთ. ხატვა პირველად ათი წლის წინ სცადა. თვითნასწავლი მხატვრის გამოფენებს დღეს უამრავი დამთვალიერებელი ჰყავს.

 

ავტობიოგრაფია

– თელავში დავიბადე, პირველი საშუალო სკოლა დავამთავრე და სწავლა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ეკონომიკურ-ტექნიკურ ფაკულტეტზე განვაგრძე. შვიდი წელი ვიმუშავე თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის სამსახურში. ამჟამად ვმუშაობ “მთავარ არხზე”, ფროდაქშენის მთავარი პროდიუსერი გახლავართ, და მეამაყება, რომ, დღიდან მისი დაბადებისა, წვლილი შემაქვს მეგაპროექტ “მხოლოდ ქართულის” განხორციელებაში.

 

პირველი ნაბიჯები

– როდესაც ბავშვობის მეგობრები მეუბნებიან, არ ვიცოდით, თუ ხატავდიო, ვპასუხობ: “არც მე ვიცოდი...” ერთი რამ კი შემიძლია ვთქვა: რომ მხატვრობა ბავშვობიდან მიყვარდა. სადმე სტუმრად მისულს თუ კედელზე ნახატი დამხვდებოდა, სხვას ვეღარაფერს ვამჩნევდი... მოგვიანებით, სრულიად მოულოდნელად და დაუგეგმავად, უბრალოდ ვცადე... პირველ ცდაზე რომ არ გამომივიდა, გავუჯიუტდი, არ დავნებდი. დავირწმუნე თავი, რომ შემეძლო. ათი წელი დამჭირდა, რომ რაღაცისთვის მიმეღწია და უბედნიერესი ვარ, რომ შევძელი. ასე რომ, მთავარია, მოინდომო – აუცილებლად გამოგივა! მინდა, მადლობა ვუთხრა ყველას, ვინც ამ ხნის განმავლობაში გვერდით მედგა, მარწმუნებდა, რომ კარგად ვხატავ და მეტ სიმაღლეზე ასვლა შემიძლია.

 

დებიუტი

– ჩემი პირველი პერსონალური გამოფენა თელავის ისტორიულ მუზეუმში გაიმართა და მიეძღვნა მეფე ერეკლეს საიუბილეო თარიღს. უამრავი ხალხი მოვიდა კახეთიდან, თბილისიდან, სხვა რეგიონებიდან. ექსპოზიცია ათი დღე გაგრძელდა. არ ველოდი ასეთ გამოხმაურებას, ასეთ შეფასებებს...

ყველაფერი თავისთავად მოხდა. ხატვის დაწყებიდან რამდენიმე წელიწადში, როდესაც ოსტატობის გარკვეულ საფეხურზე ავედი, გაიზარდა ინტერესი ჩემი ნამუშევრების მიმართ. მნახველები ერთხმად სვამდნენ აქცენტს ფერებზე.

მივხვდი, რომ ჩემმა შრომამ შედეგი გამოიღო...

 

ფერით შექმნილი სამყარო

– მხატვრობა უნიკალურია იმით, რომ ნებისმიერ დროს შეგიძლია, შეიქმნა ფერადი სამყარო და რეალურსა თუ ირეალურში იმოგზაურო. თუ ჩანაფიქრმა გაამართლა, ტილოზე ხელახლა იბადები.

 

– ჩემი აზრით, ხელოვანს, უპირველესად, უნდა უყვარდეს ადამიანები, რომელთათვისაც იხარჯება და, ბუნებრივია, უყვარდეს ის, რასაც აკეთებს! ნუ შეგშურდება შენზე უკეთესის, პირიქით, ისწავლე მისგან. არასოდეს მიეცე კმაყოფილებას საკუთარი შემოქმედებით, ეცადე, გამუდმებით იზრდებოდე.

 

ხელოვანის ბედი

– ვფიქრობ, სახელმწიფო მეტ ყურადღებას უნდა აქცევდეს ხელოვნებას. მარტივი საგრანტო პროგრამებია საჭირო, რომ ყველას შეეძლოს მასალების შეძენა, სახელოსნოს მოწყობა, გამოფენებში მონაწილეობა საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, კატალოგების გამოცემა...

ბევრი ფიროსმანია დღეს საქართველოში. კარგი იქნებოდა, არსებობდეს ხელოვნებათმცოდნეთა გუნდი, რომელიც სათანადოდ შეაფასებდა ახალბედა თუ უკვე ცნობილ ხელოვანთა შემოქმედებას, რის შემდეგაც პერსპექტიულ მხატვარს სახელმწიფო დაეხმარებოდა თუნდაც ვებგვერდის შექმნაში და მის სწორ პოზიციონირებაში, ფოტოსესიის მაღალპროფესიულ დონეზე ჩატარებაში, კატალოგის გამოცემასა და გავრცელებაში. ამასთან ერთად, სასურველია არსებობდეს უფასო საექსპოზიციო დარბაზიც, სადაც ექსკურსიამძღოლები ტურისტულ ჯგუფებს თანამედროვე ქართულ მხატვრობას დაათვალიერებინებდნენ.

 

ოჯახი

– დავიბადე და გავიზარდე თელავში, თბილისის ქუჩაზე, ტრადიციულ ქართულ ოჯახში. ყველაზე მკაფიოდ ის მახსოვს, რომ ჩემ გარშემო ყველას ძალიან უყვარდა ერთმანეთი, ზრუნავდა სხვებზე. განსაკუთრებულად მიყვარდა პაპა-ბებიები. მათგან ბევრი რამ ვისწავლე, მათთან გატარებული ბევრი დღე მახსენდება ტკბილად.

დედაჩემი, ნინო ელიზბარაშვილი, თავდადებული ქართველი დედაა: მზრუნველი, ყურადღებიანი… მამა, გიორგი ხუცურაული, მშვიდი, დინჯი, გაწონასწორებული პიროვნებაა. გვქონდა მძიმე პერიოდებიც 90-იან წლებში, მაგრამ მშობლებს არასოდეს უგრძნობინებიათ ჩვენთვის, რომ განიცდიდნენ, დარდობდნენ. დღემდე ასეთი პოზიტიურები არიან. უყვართ სტუმრები და მხიარულება.

ჩემი უმცროსი ძმა, კახა, წარმატებული ფინანსისტია. ყველაფერს თავად მიაღწია, შრომით და პასუხისმგებლობის გრძნობით. სხვათა შორის, მისი ვაჟი, გიგა, თორმეტი წლისაა და უკვე არაჩვეულებრივად ხატავს. ვიცი, რომ ძალიან ვუყვარვარ და ამაყობს ჩემი წარმატებით.

მეუღლე, ირინა ნოზაძე, უკვე ცამეტი წელია ჩემი საუკეთესო მეგობარია. თავად წარმატებით მუშაობს მინანქარზე, მინისაამქროც აქვს სახლში. ძალიან უყვარს ცხოველები.

ორი შვილი მყავს: ნიკოლოზი, დაბადებიდან ინტელიგენტი, არისტოკრატი, და ნინუცა – საოცრად მოსიყვარულე და თბილი. სახლიდან ვერ გავალ, რამდენჯერმე თუ არ ჩამეხუტა და მაკოცა, მთელი დღის განმავლობაში კი უამრავ ხმოვან შეტყობინებას მიგზავნის: “ბექა, მიყვარხაარ!”

ეს იმ ადამიანების მცირე ნაწილია, ვისთვისაც ვცხოვრობ და ვის გამოც მიხარია ყოველი დღე. ჰო, არ გამომრჩეს ორი უსაყვარლესი არსება – ჯესი და ლაქი, ჩემი მესამე და მეოთხე “შვილები”. მათ გარეშე სიცოცხლე უკვე ვეღარ წარმომიდგენია.

 

ავტოპორტრეტი

– ჩემი ნახატები ალბათ უკეთესად აღწერენ ჩემს პორტეტს. ორი სიტყვით კი იმის თქმა შემიძლია, რომ ვარ ერთგული, არა მარტო ადამიანების, არამედ საქმის მიმართაც. ზერელედ არაფრის კეთება არ შემიძლია. ბავშვობაში ისეთ სათამაშოებს ვარჩევდი, რომლებიც იშლებოდა, უკანასკნელ დეტალამდე ვშლიდი და ხელახლა ვაწყობდი.

მიყვარს ღიმილი და ადამიანების გახარება. მიყვარს წესრიგი, მაგრამ როგორც კი ტილოს, ფუნჯებს და საღებავებს მივუახლოვდები, ჩემს გონებაში სრული ქაოსი იწყება. საოცარი შეგრძნებაა!

არ მიყვარს თვალთმაქცობა და ვერიდები ფარისევლებს. პირდაპირი ვარ და სხვებისგანაც ამას მოვითხოვ.

ჩემს ყველაზე დიდ მიღწევად ის მიმაჩნია, რომ არასოდეს არსად მისწავლია, წვალებით, შრომით, ღამეების თენებით, მრავალი წარუმატებლობის ხარჯზე ვისწავლე ხატვა და დღეს ჩემი ორი ნამუშევარი, “შემოდგომის მასპინძლობა” და “კადრი გომბორიდან”, ჩემს მშობლიურ ქალაქში, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმის მუდმივ საექსპოზიციო დარბაზში, გიგო გაბაშვილის, ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის, ჯემალ ხუციშვილის, სერგო ასლანიშვილის და სხვა ქართველი თუ უცხოელი მხატვრების გვერდითაა გამოფენილი. ეს უდიდესი ჯილდოა ჩემთვის, მაგრამ ამის გამო უფრო მეტ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობ და უფრო მეტს მინდა მივაღწიო.

– სამომავლო გეგმებზეც ხომ არ მოუყვებოდი ჩვენს მკითხველს?

– ბევრი მთავაზობს, გამოფენა გავმართო თბილისში. ითხოვენ გამოფენას სხვა ქალაქებშიც: ბათუმში, ქუთაისში... უცხოეთიდანაც იყო რამდენიმე ზარი, მაგრამ ეს ყველაფერი საკმაოდ დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული, ვნახოთ...

თბილისში გამოფენას ალბათ გაზაფხულზე მოვაწყობ. ძალიან მახარებს, ჩემს ნახატებს რომ ცნობენ, ეს დიდი სტიმულია.

მიუღწეველი არაფერია! მთავარია, არ იფიქრო, რომ “ამას ვერ შეძლებ”. ხშირად მესმის ფრაზები: “წრესაც ვერ შემოვხაზავ”, “სწორ ხაზსაც ვერ გავავლებ” და ა.შ. სწორი ხაზის გავლება არ არის ხატვა! შეარჩიე ფერები, მოირგე ფუნჯი, ყური მიუგდე ქვეცნობიერს და ნახავ, რომ წრეც შემოიხაზება და ხაზიც გაევლება! “მთავარია, გრძნობდე ფერებს”, – ოდესღაც ეს სიტყვები მითხრა უნიჭიერესმა ხელოვანმა ცისანა მარინდაშვილმა, რაც ჩემთვის ყველაზე დიდი გაკვეთილი აღმოჩნდა.

– როგორ ხედავ შენს მომავალს, რაზე ოცნებობ?

– ვოცნებობ, მქონდეს ნათელი სახელოსნო დიდი ფანჯრებით, ზღვის ხედით, კარგი მუსიკალური აპარატურით...

ვიდრე შემეძლება, დავხატავ. ეს არის საქმე, რომელიც ჩემია. თუმცა პროფესიულ კარიერაზე უარს არ ვიტყვი, რადგან ეს საქმეც ძალიან მიყვარს.

– რა არის შენი კრედო?

– ვაკეთოთ სიკეთე დაუღალავად, უანგაროდ, სიყვარულით!

– რა არის შენთვის შთაგონების წყარო?

– ყველაფერი, რაც მოდის უფლისგან და დაკავშირებულია ბუნებასთან. მზე და სამყარო. მზე ხომ ყველა სულიერ თუ უსულო არსებაშია, როგორც უფალი. მიყვარს მზიანი დღეები, ბუნებაში სეირნობა, განსაკუთრებით – დილის ზღვა და საღამოს ტყე.

– რა არის შენთვის ბედნიერება?

– ჩემთვის ძვირფასი ადამიანების თვალებში ანთებული სიხარული. მინდა, ყველგან მხოლოდ ბედნიერ თვალებს ვხედავდე.

– შენი ჯანმრთელობის რეცეპტსაც გაგვანდობ?

– პირველი: დილით ადრე ადგომა. შეუდარებელია დილის ჰაერი, ფერწერული რიჟრაჟი, ჩიტების ხმა. გარდა ამისა, მიმაჩნია, რომ როდესაც დილით 7-8 საათზე დგები, 12 საათამდე გაქვს კიდევ ერთი დღე. ბევრი რამის მოსწრება შეიძლება.

მეორე – ეს არის სპორტი, რომლისთვისაც, სამწუხაროდ, ხშირად ვერ ვიცლი, მაგრამ როგორც კი დროს გამოვნახავ, აუზზე გავრბივარ. წყალი დიდი ენერგიის წყაროა.

მესამე – საყვარელი საქმის კეთება, დღეში თუნდაც რამდენიმე საათი!

დაბოლოს, სწორი და ზომიერი კვება. ვერიდები ტკბილეულს, ცხიმიანს, შემწვარს, მიყვარს ხილი, თაფლი… თუმცა ყოველთვის წესრიგის შენარჩუნება ძნელია.

ვფიქრობ, ცხოვრების ჯანსაღ წესს პოპულარიზაცია არ აკლია; უბრალოდ, დროის სიმცირის გამო ადამიანები ვერ ვაკეთებთ იმას, რაც აუცილებელია ჩვენი ჯანმრთელობისთვის და გვრჩება მხოლოდ ვალდებულებები, რომლებსაც თავს ვერ ვარიდებთ. თუ შევძელით და ამ ვალდებულებათა ნუსხაში ჯანსაღი კვება თუ ვარჯიშიც ჩავსვით, ყველაფერი სასიკეთოდ შეიცვლება.

ძალიან მნიშვნელოვანია ბუნებასთან სიახლოვე. ჩვენი გონება დიდი ხანია დაშორდა ბუნებრივ, მიწიერ ხმაურს და მხოლოდ ტექნიკური, ხელოვნური ხმები გვესმის. ტყეში ხეტიალი, განმარტოება, კვირაში თუნდაც ერთი დღე, მომენტალურად ალაგებს ყველაფერს. ბუნებასთან ჰარმონიაში ისვენებს გონება, დასვენებული გონება კი დადებითი განცდების წყაროა.

ყველაფერი ჩვენი გონებიდან მოდის, ცუდიც და კარგიც. ყველაფრის საფუძველი განწყობაა. რამდენიმე წლის წინ დავესწარი ტრენინგს, რომელსაც უძღვებოდა მაიკლ ბენგი, საერთაშორისო ბიზნესტრენერი, მსოფლიოში ცნობილი 5-შტარ შალეს & შერვიცე სკოლის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. მან კურსი დადებით, მხიარულ ატმოსფეროში ჩაატარა. ცდილობდა, აქცენტი დაესვა ადამიანის განწყობასა და თავდაჯერებაზე, მთავარი მესიჯი კი ასეთი იყო: “მე შემიძლია!” ეს სიტყვები კრედოდ იქცა ჩემთვის. მართლაც, დღითი დღე მემატებოდა თავდაჯერება, ვხვდებოდი, რომ უფრო და უფრო მეტი შემეძლო და ამან შედეგიც გამოიღო.

სემინარმა დამანახა, რომ ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი პრობლემა ხვალინდელი დღის რწმენის ნაკლებობაა, უიმედობა, არასტაბილურობის განცდა. ხელოვნება კი საუკეთესო საშუალებაა ადამიანის განწყობის ასამაღლებლად. კოტე მარჯანიშვილი ამბობს: “ხელოვნების მიზანი სულ უბრალოა – მიანიჭოს ადამიანს სიხარული და შთაბეროს მას მხნეობა”.

– რა არის შენი მთავარი სათქმელი?

– არანაირი ჩარჩო ხელოვნებაში! გაიფერადე ცხოვრება და გაეცი მეტი პოზიტივი.

 

თამარ ციბალაშვილი

 

 

 

 

 

 

გააზიარე: