დილა სტრესის გარეშე

გააზიარე:

 

თუ ბაღის ან სკოლის მოსწავლის დედა ხართ და, ამასთანავე, სრულ განაკვეთზე მუშაობთ, თქვენთვის ალბათ კარგადაა ნაცნობი დილით, საწოლიდან ფეხის გადმოდგმისთანავე დაწყებული აურზაური: თქვენც უნდა გაემზადოთ და ბავშვსაც მიეხმაროთ ჩაცმასა თუ მოწესრიგებაში, ცალკე საუზმე გაქვთ მოსამზადებელი, ლანჩი ჩასალაგებელი თქვენთვის, ბავშვისთვის, მეუღლისთვის... მოკლედ, საქმე ბევრია, დრო კი ცოტა, რაც თქვენთვისაც და ბავშვისთვისაც სტრესულ სიტუაციას ქმნის.

დილის აურზაური ბევრი ოჯახისთვის ყოველდღიური რუტინის ნაწილია, ამიტომ მინდა შემოგთავაზოთ გამოცდილი დედების  რჩევები იმის თაობაზე, როგორ აიცილოთ თავიდან სტრესი და დილის სამზადისი სასიამოვნო პროცესად აქციოთ.

 

დაიწყეთ მზადება წინა ღამეს

ეს უსტრესო დილის პირველი წესია. რაც უფრო მეტს მოასწრებთ წინა ღამეს, მით უფრო ნაკლებსტრესული იქნება დილა.

* გაამზადეთ ლანჩი. თუ სამსახურსა და სკოლაში ლანჩი დაგაქვთ, დაწოლამდე გაამზადეთ ყველასთვის, ჩაალაგეთ კონტეინერებში და მაცივარში შეაწყვეთ.

შეგიძლიათ, პროცესში ბავშვებიც ჩართოთ. მოიმარაგეთ ჯანსაღი პროდუქტები და აარჩევინეთ, რის წაღებას ისურვებდნენ სკოლაში. თუ იმ ასაკისანი არიან, რომ თავადაც შეძლებენ ლანჩის მომზადებას, მიეცით ამის უფლება. ეს მოტივაციასაც შემატებთ, ჯანსაღად იკვებონ და თქვენც გაგიადვილებთ საქმეს.

* წინასწარ აარჩიეთ ტანსაცმელი მომდევნო დილისთვის ან მთელი კვირისთვის. ეს მშვიდი დილის მეორე მთავარი პუნქტია და თუ ერთხელ მაინც სცდით, დაინახავთ, როგორ გაგიადვილდებათ ცხოვრება, როდესაც დილაობით მთელ სახლში არ მოგიწევთ ტანსაცმლის ძებნა. გაამზადეთ ყველაფერი, წინდებით დაწყებული, ფეხსაცმელებით და ქუდით დამთავრებული. რაც მეტს გაამზადებთ, მით მეტი დრო დაგეზოგებათ.

ქალების უმეტესობა დილაობით ჩაცმულობის არჩევაში ძალიან ბევრ დროს ხარჯავს. თუ თქვენთვის ჯერ არ აგირჩევიათ ლუქი, ეს შეგიძლიათ გააკეთოთ, სანამ ბავშვი მისთვის გამზადებულ ტანსაცმელს იცვამს. მასაც მიაღებინეთ მონაწილეობა არჩევანში, რათა იმ დღეს ჩასაცმელი მაისური, შარვალი ან ქურთუკი არ გააპროტესტოს. მის წასახალისებლად შეგიძლიათ “საკუთარი თავის გამოხატვის დღეც” დააწესოთ. ეს იქნება კვირის რომელიმე დღე, როდესაც ბავშვი დამოუკიდებლად არჩეულ ტანსაცმელს ჩაიცვამს. რა თქმა უნდა, ამინდის შესაბამისად.

* წინასწარ მოიფიქრეთ, რით ისაუზმებთ, ნაცვლად იმისა, რომ დილით იფიქროთ, რის გაკეთებას მოასწრებთ ან ელოდოთ, ახალგაღვიძებული ბავშვი რას მოისურვებს. მოიმარაგეთ ჯანსაღი პროდუქტები, აამუშავეთ წარმოსახვა და მოიფიქრეთ მარტივი, სწრაფად მოსამზადებელი საუზმის რეცეპტები. თუ კულინარია გიტაცებთ და მზადება გეხალისებათ, კვირის ყოველი დღისთვის სხვადასხვა კერძის არჩევაც ძალიან გაახალისებს დილას. მაგალითად, ორშაბათი შეიძლება შვრიის ფაფის დღე იყოს, სამშაბათი – კარაქიანი და თაფლიანი ტოსტებისა და ასე შემდეგ.

შეგიძლიათ, ინტერნეტიც დაიხმაროთ, სადაც უამრავი მარტივი და გემრიელი საუზმის რეცეპტს იპოვით. მაგალითად, ძალიან კარგ რეცეპტებს ნახავთ ამ ვებგვერდზე: ჰტტპს://წწწ.სუპერჰეალტჰყკიდს.ცომ/მეალ-პლანს/ჰეალტჰყ-ბრეაკფასტ-როტატიონ-სცჰედულე/

* წინა ღამესვე ჩაალაგებინეთ ბავშვს ზურგჩანთა და მიეხმარეთ ყველა სასკოლო ნივთის მწყობრში მოყვანაში. ასე თავიდან აიცილებთ დილით საშინაო დავალების ან საყვარელი პენალის ძებნის აურზაურს. ბავშვიც უფრო მშვიდად მოემზადება, როდესაც ეცოდინება, რომ ჩანთა მზად აქვს და დარწმუნებული იქნება, რომ არაფერი დაავიწყდება.

 

შეიმუშავეთ ძილის რუტინა

გამოძინებული ადამიანი ყველაფერს უფრო სწრაფად, ხარისხიანად და ხალისით აკეთებს. თუ ბავშვი კარგად გამოიძინებს, დილით ენერგიული და ხალისიანი იქნება, აღარც თვითონ დაისტრესება და აღარც თქვენ მოგიწევთ მისი ჯუჯღუნის მოსმენა იმის თაობაზე, რომ ძილი დააკლდა ან ჩაცმა ეზარება.

ჯანსაღი ძილის რუტინისთვის აუცილებელია:

* საკმარისი ძილი. 6-დან 13 წლამდე ასაკის ბავშვს დღე-ღამეში 9-11 საათი უნდა ეძინოს, ხოლო 14-დან 17 წლამდე ასაკის მოზარდს – 8-10 საათი.

* რიტუალი. ძილის დასარეგულირებლად აუცილებელია რიტუალი, რომელსაც, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, არ გადაუხვევთ. გაითვალისწინეთ, რომ უქმეები გამონაკლისი არ არის!

* სათანადო გარემო. შეუქმენით ბავშვს ძილისთვის ხელსაყრელი პირობები. ნუ აყურებინებთ ძილის წინ ტელევიზორს, ნუ მისცემთ კომპიუტერზე ან სხვა გაჯეტებზე თამაშის უფლებას – ეს აღაგზნებს და ჩაძინებაში ხელს შეუშლის. ნაცვლად ამისა, წაუკითხეთ წიგნი ან უბრალოდ ესაუბრეთ დღის მნიშვნელოვან ამბებზე. ერთად დასახეთ მეორე დღის გეგმები.

 

ნუ გადაუხვევთ დილის რუტინას

ყველა ბავშვს სხვადასხვა შესაძლებლობები, მოთხოვნილებები და სურვილები აქვს, ამიტომ დილის რუტინაც თითოეული მათგანისთვის პერსონალურად უნდა შეიმუშაოთ, თუმცა ასაკის მიხედვით მაინც შეიძლება ზოგადი რჩევების მოცემა, რომლებიც ყველა ბავშვს მიესადაგება.

 

ბაღისა და სკოლამდელი ასაკი

ამ ასაკის ბავშვების მოტივაციაზე ძალიან კარგად მოქმედებს ფერადი, მოხატული ცხრილი, რომელიც შეგიძლიათ კედელზე გაუკრათ. ვერტიკალურად ჩამოწერეთ კვირის დღეები, ხოლო ჰორიზონტალურად – დილის რუტინისთვის შესასრულებელი დავალებები, რომლებსაც შესრულების შემდეგ ბავშვი სტიკერებს დააკრავს ან ნიშანს დაუსვამს. მაგალითად, გაღვიძება, კბილების გახეხვა, ჩანთის ჩალაგება...

ეს ძალიან სახალისო მეთოდია, რომელიც ძლიერ მოტივაციას აძლევს ამ ასაკის ბავშვებს – ბოლო ნიშნის დასმისას და რუტინის სრულფასოვნად შესრულებისას ისინი, როგორც წესი, დიდ კმაყოფილებას განიცდიან, რაც საწინდარია იმისა, რომ მეორე დილითაც იმავე ენთუზიაზმით შეასრულებენ დავალებებს.

 

პირველიდან მეხუთე კლასამდე

ცხრილი ამ ასაკშიც ამართლებს, ოღონდ შეგიძლიათ, მასში დამატებითი დავალებებიც შეიტანოთ, რასაც სკოლამდელ ასაკის ბავშვს ვერ მოსთხოვთ. მაგალითად, საწოლის გასწორება, ჩანთის შემოწმება – ყველაფერი აწყვია თუ არა.

თუ ოჯახში რამდენიმე ბავშვია, შეიძლება, ყველას თავ-თავისი ცხრილი ჰქონდეს ან შესრულებული დავალებები საერთო ცხრილზე სხვადასხვა სტიკერით ან სხვადასხვა ფერის მარკერით მონიშნონ.

 

დასაჩუქრება წასახალისებლად

მცირე საჩუქრით ბავშვის წახალისება ყოველთვის ეფექტურია. უბრალოდ, ეცადეთ, ჯილდო მატერიალური არ იყოს – უმჯობესია, რამე სასიამოვნო აქტივობით დააჯილდოოთ. მაგალითად, თუ იმ დილის რუტინა ბავშვმა კარგად შეასრულა და შინიდან ყოველგვარი წუწუნის გარეშე, დროულად გახვედით, საღამოს საყვარელი წიგნი წაუკითხეთ, პარკში გაასეირნეთ ან მისი საყვარელი თამაში ეთამაშეთ.

თუ მთელი კვირა არ გადაუხვია რუტინას და მთელი კვირა ორგანიზებულად და დროულად გადიოდით შინიდან, ჯილდოდ შეიძლება პარასკევ საღამოს გასართობ ცენტრში წასვლა, გვიან დაძინება ან შაბათ-კვირის მისი სურვილისამებრ გატარება შესთავაზოთ.

 

და, რა თქმა უნდა, მეტი მხიარულება!

ისეც ხდება, რომ ყველაფერს ზედმიწევნით აკეთებთ, მაგრამ რაღაც მაინც ვერ არის რიგზე. სწორედ ამიტომაა საჭირო დილის რუტინაში ერთ-ერთი მთავარი კომპონენტის – მხიარულების შემოტანა. დაიწყეთ დღე საყვარელი მელოდიით, ბავშვების საყვარელი მულტფილმის ან ფილმის საუნდტრეკით, ააყოლეთ ტანი რიტმს და ბავშვებიც აიყოლიეთ.

მოუყევით ერთმანეთს, ყველაზე მეტად რას ელით იმ დღეს, რა სასიამოვნო აქტივობები გაქვთ დაგეგმილი სამსახურში და მოუსმინეთ ბავშვსაც, როდესაც მისთვის მნიშვნელოვან მოლოდინებს გაგიზიარებთ.

ლიკა ქათამაძე

გააზიარე: