ცისტიტი და მისი გართულებები

გააზიარე:

ცისტიტი შარდსასქესო სისტემის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ხშირად ის უმნიშვნელო პრობლემა ჰგონიათ და უყურადღებოდ ტოვებენ, რამაც შესაძლოა ძალიან მძიმე გართულებამდე მიგვიყვანოს. რატომ უნდა მივმართოთ დროულად ექიმს ან როგორ ავიცილოთ თავიდან მძიმე გართულებები – ამ და სხვა საკითხებზე “ავერსის კლინიკის” უროლოგი ეკა უგლავა გვესაუბრება.

  • – რა დაავადებაა ცისტიტი?

– ცისტიტი შარდის ბუშტის კედლის (უმთავრესად – მისი ლორწოვანი გარსის) ინფექციურ-ანთებითი პროცესია. იგი გვხვდება ორივე სქესისა და ყველა ასაკის ადამიანებთან, უმთავრესად ქალებთან, რაც მათი შარდსასქესო ორგანოების ანატომიური და ფიზიოლოგიური თავისებურებებით აიხსნება. კერძოდ, მოკლე საშარდე მილით და ამ უკანასკნელის გარეთა ხვრელის სიახლოვით საშოსა და სწორ ნაწლავთან. მამაკაცებში ცისტიტი იშვიათია. მათთან ის უმეტესად წინამდებარე ჯირკვალში, სათესლე ჯირკვლებსა და საშარდე მილში მიმდინარე ანთებით პროცესთანაა დაკავშირებული.

  • – რა იწვევს ამ დაავადებას?

– შარდის ბუშტის ანთების საფუძველია ინფექცია, უმეტესად მას იწვევს ნაწლავის ჩხირი, სტაფილოკოკი, სტრეპტოკოკი, იშვიათად – სხვა მიკრობები. შარდის ბუშტში ინფექცია შეიძლება მოხვდეს შარდსადენი მილიდან, თირკმლიდან, მცირე მენჯის ორგანოებიდან ჰემატოგენური ან ლიმფოგენური გზით და გავრცელდეს. ხშირად ინფიცირება შარდის ბუშტის კათეტერიზაციის ან მისი ინსტრუმენტული გამოკვლევის დროს ხდება. თუმცა მიკრობის შეჭრა არ არის საკმარისი ანთებითი პროცესის განსავითარებლად – ამას ხელს უწყობს შარდის ბუშტის ლაბილურობაც (ადვილად შეღწევადობა) ინფექციის მიმართ, მაგალითად, შარდის ბუშტის ლორწოვანის დაზიანება, კენჭი, უცხო სხეული, სიმსივნე, წინამდებარე ჯირკვლის ანთება, დიაბეტი, ავიტამინოზი, ალერგიული ფონი.

  • – რა ფორმები აქვს ცისტიტს და რა სიმპტომებით გამოვლინდება?

– მიმდინარეობის მიხედვით განასხვავებენ ცისტიტის მწვავე და ქრონიკულ ფორმებს. შარდის ბუშტის მწვავე ანთების დროს გამოხატულია სამი ძირითადი ნიშანი: გახშირებული შარდვა(პოლაკიურია), გაძნელებული და მტკივნეული შარდვა (დიზურია) და შარდში პათოლოგიური ელემენტების არსებობა. მწვავე ცისტიტი, ჩვეულებრივ, უცბად ვითარდება გაციებიდან ან სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორების ზემოქმედებიდან რამდენიმე საათში. ავადმყოფი უჩივის:

  • შარდის ბუშტის საპროექციო (გასასინჯ) არეში ტკივილს, რომელიც ძლიერდება მოშარდვის წინ ან მის შემდეგ; ხშირად ტკივილი ჭინთვითია და შარდის უკანასკნელ წვეთებს შეიძლება სისხლიც გამოჰყვეს;
  • დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას მოშარდვის შემდეგ;
  • მღვრიე შარდს, რაც მასში დიდი რაოდენობის ლეიკოციტების, ერითროციტების, ბაქტერიებისა და ეპითელიუმის უჯრედების არსებობითაა გამოწვეული.

იშვიათად ცისტიტი მიმდინარეობს სხეულის ტემპერატურის მომატებით. თუ პროცესს თან ახლავს მაღალი სიცხე და შემცივნება, ეს მიუთითებს ანთებითი პროცესის თირკმელში გავრცელებაზე (პიელონეფრიტი).
ქრონიკული ცისტიტი იშვიათადაა დამოუკიდებელი დაავადება, უმეტესად ის მეორეულია. მისთვის დამახასიათებელია შარდის ბუშტის არეში ზომიერი ტკივილი, რომელიც ხელით გასინჯვისას ძლიერდება. ქრონიკული პროცესის დროს შარდის ბუშტის კედელში ღრმა სტრუქტურული ცვლილებების განვითარებაა მოსალოდნელი. ანთებითი პროცესი შესაძლოა კუნთოვან შრეზე გავრცელდეს და მისი ატროფია და დანაწიბურება გამოიწვიოს. ამ დროს შარდის ბუშტი კარგავს ელასტიკურობას და მისი ტევადობა მცირდება. ეს მდგომარეონა მიკროცისტიტის სახელწოდებითაა ცნობილი. 

  • – როგორ ხდება დიაგნოსტიკა?

– ქრონიკული ცისტიტის დიაგნოსტიკისათვის აუცილებელია ცისტოსკოპია – ინსტრუმენტული გამოკვლევა, რომლის საშუალებითაც ხდება შარდის ბუშტის ვიზუალური დათვალიერება. ის საშუალებას გვაძლევს, ვნახოთ შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ცვლილება და ზოგ შემთხვევაში დავადგინოთ მიზეზიც (წყლული, კენჭი, და სხვა), რომელიც ინფექციას იწვევს. ასევე აუცილებელია ზემოთა საშარდე ტრაქტის (თირკმელი, შარდსაწვეთი) რენტგენოლოგიური გამოკვლევა.

  • – როგორ მკურნალობენ?

– შარდის ბუშტის მწვავე ანთების მკურნალობა კომპლექსურია. პაციენტს ენიშნება წოლითი რეჟიმი. დიდი ყურადღება ეთმობა დიეტას. რაციონიდან უნდა გამოირიცხოს ცხარე და, საზოგადოდ, გამაღიზიანებელი პროდუქტები, ყველანაირი გაზიანი სასმელი. ანთების გამომწვევის ორგანიზმიდან გამოსადევნად პაციენტმა დღეში 2-3 ლიტრი სითხე უნდა მიიღოს. შვების მომგვრელია შარდის ბუშტის საპროექციო არეში თბილი სათბურის დადება და ცხელი აბაზანა. ანტიბაქტერიულ თერაპიას ავადმყოფი 3-4 დღეში საგრძნობ უკეთესობამდე მიჰყავს. მკურნალობის კურსში შეიძლება ჩაირთოს სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატები. ცისტიტი მთელს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადება, რომლის გამომწვევი 80-90%-ში ნაწლავის ჩხირი და დღეისათვის მათ სამკურნალოდ არსებობს ბუნებრივი პრეპარატები, რომელსაც მრავალ ქვეყანაში იყენებენ. მკურნალობისას გამოიყენება ასევე მასტიმულირებელი პრეპარატები – ვიტამინოთერაპია და სხვა.

  • – როგორ ავიცილოთ თავიდან ეს დაავადება?

– ვინაიდან ცისტიტი უმეტესად ქალებს ემართებათ, ყურადღება უნდა მიექცეს ქალის სასქესო ორგანოთა ინფექციებს, რომლებიც საშარდე სისტემაში ადვილად ვრცელდება. აქედან გამომდინარე, აუცილებელია გინეკოლოგთან რეგულარულად სიარული. ყურადღება უნდა მივაქციოთ ორგანიზმის გაციებასაც, რაც ცისტიტის ჩამოყალიბების ხელშემწყობი ფაქტორია. ზოგიერთს ეს უმნიშვნელო დაავადებად მიაჩნია, ამიტომ თვითმკურნალობას იტარებს, ხშირად – არასწორად, რაც პროცესის გაქრონიკულებას იწვევს. შედეგად მოსალოდნელია ინფექციის აღმავალი გზით გავრცელება შარდსაწვეთსა და თირკმელში.

  • – რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ცისტიტს?

– ცისტიტის დროს თირკმელში ინფექცია შეიძლება მოხვდეს ჰემატოგენური გზით, რაც პიელონეფრიტის არსებითი წყარო და ცისტიტის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულებაა. მწვავე ცისტიტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანის გართულებაა პარაცისტიტი, შარდის ბუშტის ირგვლივ მდებარე ფაშარი ქსოვილის ჩირქოვანი ანთება. მის ადრეულ პერიოდში ავადმყოფს ენიშნება წოლითი რეჟიმი და ფართო სპექტრის ანტიბიოტიკოთერაპია, ხოლო თუ ჩირქგროვა შეწოვისადმი ტენდენციას არ ამჟღავნებს, საჭიროა ოპერაციული მკურნალობა, რაც დრენირებას გულისხმობს. როგორც აღვნიშნე, ცისტიტის ერთ-ერთი ხშირი გართულებაა პიელონეფრიტი. ეს არის თირკმელების არასპეციფიკური ინფექციური დაავადება, მიმდინარეობს თირკმლის ქსოვილების, მენჯისა და ფიალების დაზიანებით. პიელონეფრიტი შეიძლება იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი, პირველადი და მეორეული, მწვავე, ქრონიკული და მორეციდივე.  ყველაზე ხშირად პიელონეფრიტის გამომწვევია ნაწლავის ჩხირი, ენტეროკოკი, სტაფილოკოკოკი, სტრეპტოკოკი. ინფექცია თირკმელში, მენჯსა და მის ფიალებში აღწევს ჰემატოგენური ან ლიმფოგენური გზით, ქვედა საშარდე გზებიდან შარდსაწვეთის კედლით, მისი სანათურით – შარდის ბუშტ-შარდსაწვეთის რეფლუქსის არსებობისას. პიელონეფრიტის განვითარებისთვის საჭიროა წინასწარი ფაქტორების არსებობა, რომლებიც, თავის მხრივ, ზოგად და ადგილობრივ ფაქტორებად იყოფა. ზოგად ფაქტორთაგან უმნიშვნელოვანესია იმუნოლოგიური რეაქტიულობა (იგი შეიძლება დაქვეითებული ჰქონდეთ დუნედ მიმდინარე ქრონიკული ანთებითი დაავადებების მქონე პაციენტებს, აგრეთვე – შაქრიანი დიაბრტით დაავადებულებს, ორსულებს, ხანდაზმულებს), ჰოსპიტალური ინფექცია, ადგილობრივთაგან – საშარდე გზების ფუნქციური და ანატომიური ანომალიები, ურეთრის კათეტერი, საშარდე გზებზე წარმოებული ჩარევები – ცისტოსკოპია და სხვ.

  • – რა განსხვავებაა მწვავე და ქრონიკულ პიელონეფრიტს შორის და როგორი მიმდინარეობა ახასიათებთ მათ?

– მწვავე პიელონეფრიტი იწყება მწვავედ, მაღალი (40 0C-მდე) ტემპერატურით, შემცივნებით, ძლიერი ოფლიანობით, წელის არეში ტკივილით; დაზიანებული თირკმლის მხარეს შეინიშნება მუცლის წინა კედლის დაჭიმულობა, მკვეთრი მტკივნეულობა ნეკნ-ხერხემლის კუთხეში, საერთო სისუსტე, წყურვილი, დიზურია, შემდეგ ამას ერთვის თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, რაც სწრაფად მზარდ ინტოქსიკაციაზე მიუთითებს. ორმხრივი მწვავე პიელონეფრიტის დროს ხშირად ვლინდება თირკმელების უკმარისობის ნიშნები. ქრონიკული პიელონეფრიტი შეიძლება იყოს პირველად-ქრონიკულიც, ანუ მიმდინარეობდეს მწვავე მოვლენების გარეშე, და არანამკურნალევი მწვავე პიელონეფრიტის შედეგიც. ქრონიკული პიელონეფრიტი ბავშვობის ასაკში ვითარდება. ავადმყოფთა მესამედთან მისი დიაგნოსტირება ჩვეულებრივი გამოკვლევით ვერ ხერხდება. ქრონიკულ პიელონეფრიტზე ხშირად მხოლოდ აუხსნელი ცხელების პერიოდები მიანიშნებს. ქრონიკული პიელონეფრიტისთვის დამახასიათებელია ყრუ, მუდმივი ტკივილი დაზიანებული თირკმლის მხარეს. დიზურიული მოვლენები ავადმყოფთა უმრავლესობას არ აღენიშნება. გამწვავების პერიოდში მხოლოდ ავადმყოფთა 20% უჩივის ტემპერატურის მომატებას. შარდის ნალექში ჭარბობს ლეიკოციტები. არტერიული ჰიპერტენზია ხშირად წარმოადგენს ქრონიკული პიელონეფრიტის, განსაკუთრებით – ორმხრივის, სიმპტომს.

  • – როგორ ტარდება დიაგნოსტიკა და მკურნალობა?

– დიაგნოსტიკაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს ანამნეზი – ახლო წარსულში გადატანილი მწვავე ჩირქოვანი პროცესი ან ქრონიკული დაავადება. დამახასიათებელია ცხელებისა და დიზურიის შერწყმა, ტკივილი წელის არეში, ოლიგურია – შარდის რაოდენობის შემცირება, შარდის საერთო ანალიზი აჩვენებს პიურიას – შარდში ჩირქის არსებობას, პროტეინურიას – შარდში ცილის არსებობას, ჰემატურიას – სისხლიან შარდს, ბაქტერიურიას, შარდის მაღალ ხვედრით წონას. ასევე აუცილებელია შარდისა და სისხლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, საშარდე სისტემის ულტრაბგერითი გამოკვლევა, შესაძლოა ჩატარდეს საშარდე გზების მიმოხილვითი რენტგენოგრაფია. მორეციდივე ინფექციის შემთხვევაში – კომპიუტერული ტომოგრაფია.
მწვავე პელონეფრიტის მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს ამბულატორულად და გაგრძელდეს 7-14 დღე. ქრონიკული პიელონეფრიტის მკურნალობა დიდხანს გრძელდება. დაავადების გამწვავებისას გამოიყენება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები. მკურნალობის ხანგრძლივობა 14-21 დღეა. მწვავე პერიოდში პაციენტმა დღეში უნდა მიიღოს 2-2,5 ლ. სითხე, ტკივილების შესამცირებლად ინიშნება სითბური პროცედურები. თუ ტკივილი არ დაცხრა, იყენებენ სპაზმოლიტიკებს. ტარდება ანტიბაქტერიული თერაპია. ავადმყოფთა უმრავლესობას შარდში ცვლილებები უქრება, მაგრამ ანტიბაქტერიული თერაპია უნდა გაგრძელდეს.
გამწვავების პერიოდში სასურველია სტაციონარული მკურნალობა, ანტიბიოტიკების დანიშვნას წინ უნდა უძღოდეს მისდამი გამომწვევის მგრძნობელობის დადგენა. პროფილაქტიკური მკურნალობა, რომელიც ითვალისწინებს ანტიმიკრობული პრეპარატის მიღებას მცირე დოზით ძილის წინ, 95%-ით ამცირებს ინფექციის განვითარების რისკს.
პროფილაქტიკური მკურნალობის ხანგრძლივობა 6 თვიდან ერთ წლამდეა. 

  • – რა ითვალისწინებს ცისტიტის პროფილაქტიკა?

– ეგებ ვერც კი წარმოგედგინოთ, რომ ამ დაავადებას თავიდან აიცილებთ მარტივი წესების დაცვით:

  • ეცადეთ, გამორეცხოთ ბაქტერიები საშარდე სისტემიდან, არ მისცეთ მათ იქ დაბუდებისა და გამრავლების საშუალება. ამისთვის აუცილებელია, მიიღოთ დღეში 2-3 ლიტრი სითხე, თანაც 0,5 ლიტრი აუცილებლად წყალი უნდა იყოს. ეს უზრუნველყოფს შარდის წარმოქმნას და საშარდე სისტემის ორგანოებში მის განახლებას, თანაც ეს ღონისძიება შარდკენჭოვანი დაავადების, პიელონეფრიტის ერთ-ერთი უმთავრესი პროვოკატორის, პროფილაქტიკაც არის.
  • გამუდმებით სვით C ვიტამინით მდიდარი მჟავე წვენები. ისინი ხელს უწყობენ შარდის შემჟავებას, მჟავა არეში კი ბაქტერიების გამრავლება ფერხდება.
  • შორისის მიდამოს ჰიგიენის დროს ქალებს უნდა ახსოვდეთ, რომ დაბანა და გამშრალება საჭიროა წინიდან უკან და დაუშვებელია პირიქით. ამ გზით მცირდება განავლის მიკროორგანიზმების სწორი ნაწლავიდან საშარდე გზებში მოხვედრის რისკი.
  • სქესობრივი კავშირის წინ აუცილებელია გარეთა სასქესო ორგანოების ტუალეტი, რაც ამცირებს საშარდე გზებში ბაქტერიების მოხვედრის ალბათობას. სქესობრივი კონტაქტის შემდეგ მოშარდვა ხელს უწყობს საშარდე გზებში მოხვედრილი ბაქტერიების გამოდევნას.
  • დაბოლოს, არავითარ შემთხვევაში არ ჩაიტაროთ თვითმკურნალობა, რომელიც შესაძლოა არასწორი აღმოჩნდეს და უფრო მძიმე გართულებამდე მიგიყვანოთ!
გააზიარე: