მუსიკის გაკვეთილი – დამთრგუნველი ვალდებულება თუ სიამოვნების წყარო?

გააზიარე:

მიუხედავად იმ უდიდესი სიამოვნებისა, რასაც მუსიკა ანიჭებს ადამიანს, მკითხველთა დიდ ნაწილს ალბათ კარგად ახსოვს ბავშვობის წლები და ტანჯვით დამთავრებული  მუსიკალური სასწავლებელი. რისი ბრალია, რომ მოსწავლეთა უმრავლესობა საკუთარი ნებით კი არ დადის მუსიკაზე, არამედ დედის, ბებიის ან რომელიმე ახლო ნათესავის დაჟინებული მოთხოვნით? თუ თქვენს ოჯახშიც ხშირადაა დავიდარაბა ამის გამო და თქვენ და თქვენი პატარა გაუთავებლად იბრძვით მუსიკის გაკვეთილზე წასვლა-არწასვლისთვის, სტატია სწორედ სათქვენოა.
ვიზრუნოთ ამთავითვე
ბავშვის ადრეული განვითარების მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ  6-7 წლამდე  მუსიკალურ სკოლაში შეყვანა მიზანშეწონილი არ არის, მაგრამ სიმღერისა და მელოდიის მოსმენას ბავშვი მცირე ასაკიდანვე  უნდა მივაჩვიოთ. პატარა, რომელიც ახლა იდგამს ენას, სიამოვნებით ბაძავს მოსმენილ მელოდიას და უფროსების ხმას, ეს კი ხელს უწყობს მეტყველების განვითარებას. საზოგადოდ, მიიჩნევა, რომ 6 თვემდე პერიოდი მუსიკალური განვითარების პირველი საფეხურია. მშობლებმა უნდა გაუღვივონ  ბავშვს მუსიკისადმი ინტერესი და  ყველაზე ბუნებრივი და სასურველი ხერხი ამისთვის დედის ან მამის სიმღერაა. უმღერეთ პატარას მხიარული სიმღერები დღისით და იავნანა ძილის წინ, მასთან ერთად უსმინეთ მხიარულ საბავშვო სიმღერებს, ფოლკლორს, კლასიკურ მუსიკას – ფსიქოლოგებმა დიდი ხანია შეამჩნიეს, რომ სხვადასხვა მელოდია სრულიად სხვადასხვანაირად მოქმედებს ბავშვის განწყობაზე, ხოლო როცა ის მუდმივ ფონად იქცევა, თავისებურ გავლენას ახდენს პიროვნების ჩამოყალიბებაზეც.
ალბათ გაგიგონიათ იმ კვლევების შესახებაც, რომლებიც ჩვილებისთვის შესაფერისი მუსიკალური რეპერტუარის შესარჩევად განხორციელდა. სწორედ ამ კვლევებმა ცხადყო, რომ  სამ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის არ არის რეკომენდებული ნაღვლიანი, მშფოთვარე და ტრაგიკული მელოდიების მოსმენა, რაც უნდა მომაჯადოებელი იყოს მათი ჟღერადობა.  პატარა მელომანები, წესისამებრ, ნათელ, მშვიდ და ოპტიმისტურ ინტონაციებს ამჯობინებენ – ფსიქოლოგების აზრით, სწორედ ასეთი მუსიკა უქმნის ბავშვებს  დადებით განწყობას და ეხმარება, შეიგრძნონ სამყაროს სილამაზე.
სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ მცირე ასაკის ბავშვებისთვის ყველაზე შესაფერისი კომპოზიტორია ვოლფგან ამადეუს მოცარტი. კვლევებმა აჩვენა, რომ მისი ჰარმონიული, ლაღი, დახვეწილი და უბრალო მუსიკა დადებით გავლენას ახდენს ბავშვის ფსიქიკის, შემოქმედებითი უნარებისა და ინტელექტის განვითარებაზე.  ეს არჩევანი არცაა გასაკვირი – მოცარტმა, რომელმაც ოთხი წლის ასაკში დაიწყო მუსიკის წერა, თავის ნაწარმოებებში გადაიტანა სამყაროს სუფთა, ბავშვური აღქმა. აღმოჩნდა, რომ  ბავშვებს განსაკუთრებით  მოსწონთ მისი “ღამის პატარა სერენადა”, “თურქული მარში”, არიები ოპერებიდან “ჯადოსნური ფლეიტა”, “დონ ჟუანი”, “ფიგაროს ქორწინება”.  საბავშვო პლეილისტში შეგიძლიათ ჩართოთ ასევე ფრაგმენტები ჩაიკოვსკის   შემოქმედებიდან. მიიჩნევა, რომ მისი მუსიკა “აქტიური მოსმენის” საუკეთესო  პირობაა –  ნაწყვეტები ბალეტებიდან “მძინარე მზეთუნახავი”, “მაკნატუნა”, “გედების ტბა” მსმენელს წარმოსახვის გააქტიურებისკენ უბიძგებს. ბავშვები ამ მუსიკის მოსმენისას ხშირად თხზავენ ისტორიებს, აღწერენ ბუნებას, ჰყვებიან მშვენიერ საცეკვაო მელოდიებს...
მუსიკალური განათლების უპირატესობები
ბავშვები, რომლებიც რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრას სწავლობენ, უფრო იოლად ახერხებენ სივრცეში ორიენტაციას; მუსიკალურ ინსტრუმენტთან სისტემატური მეცადინეობა პატარას უვითარებს წვრილ მოტორიკას, მეცნიერულმა კვლევებმა კი ცხადყო, რომ ადამიანის თავის ტვინის ის უბანი, რომელიც მეტყველებას განაგებს, ძალიან ახლოს არის უბანთან, რომელიც ხელის თითების მოძრაობას უზრუნველყოფს, ასე რომ, ხელის თითების მიზანმიმართული ვარჯიში მეტყველების და სხვა მეზობელ უბნებსაც ააქტიურებს; საბოლოო ჯამში, უმჯობესდება აღქმისა და გადმოცემის უნარი, უმჯობესდება ყურადღება და მეხსიერება, აბსტრაქტული, სოციალური და ლოგიკური აზროვნება. 
სტრატეგია პირველი – როგორ შევარჩიოთ ინსტრუმენტი
“მუსიკალური ინსტრუმენტის დაუფლება საკმაოდ რთული და შრომატევადი საქმეა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საწყისი ეტაპი – სწორედ ამ საფეხურზე უნდა მოხდეს მოსწავლის უნარების სწორად განვითარება. წესისამებრ, ბავშვებს ყველაზე მეტად ამ საფეხურის გადალახვა უჭირთ. მოგვიანებით, როცა ინსტრუმენტი ასე თუ ისე ათვისებულია, იღვიძებს სხვა ემოციაც – ბავშვებს სიამოვნებთ მიღებული ცოდნისა და გამოცდილების პრაქტიკაში გამოყენება, მეგობრებისა და ახლობლებისთვის საკუთარი მიღწევების ჩვენება…  ოღონდ აქამდე რომ მივიდეთ, უწინარესად, მნიშვნელოვანია, სწორად შევურჩიოთ ბავშვს მუსიკალური ინსტრუმენტი. აქ მრავალი ფაქტორის გათვალისწინებაა საჭირო:  გადაავლეთ თვალი ბავშვის დღის რეჟიმს, გაითვალისწინეთ, რომ ფორტეპიანოსთან მან ყოველდღე ერთი საათი მაინც უნდა გაატაროს – თუკი, ცხადია, ნორმალურ შედეგზე ვიქნებით ორიენტირებული. ბავშვებისთვის, რომლებსაც სასუნთქი გზების დაავადებები აქვთ, მიზანშეწონილია ჩასაბერი ინსტრუმენტები – ფლეიტა, საქსოფონი, კლარნეტი, ვალტორნა სასუნთქ ორგანოებს ავარჯიშებს და აძლიერებს. ჩასაბერი ინსტრუმენტების დაუფლება საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისთვისაც  სასარგებლოა, რადგან სწორად დგომის ჩვევასაც აყალიბებს. კარგად ავითარებს კოორდინაციას დასარტყამი ინსტრუმენტები. ბიჭებს ეს ინსტრუმენტები განსაკუთრებით მოსწონთ. მთავარია, ოჯახის წევრები და მეზობლები გაგებით მოეკიდონ სახლში შესასრულებელ სავალდებულო სავარჯიშოებს. დაბოლოს, მთავარია, შერჩეული ინსტრუმენტი ბავშვისთვისაც სასურველი და საინტერესო იყოს. სხვაგვარად მის პროტესტს ვერ ასცდებით და, ნაცვლად მუსიკის სიყვარულისა, სრულიად საპირისპირო  შედეგს მიიღებთ”, – გვიზიარებს თავის გამოცდილებას მუსიკის თეორეტიკოსი და პედაგოგი ლია ხარებავა.
სტრატეგია მეორე – როგორ შევარჩიოთ პედაგოგი
მუსიკალურ სასწავლებელში მიღებამდე, როგორც წესი, ბავშვს გასაუბრებას უტარებენ – პედაგოგი მას რამდენიმე მარტივი დავალების შესრულებას სთხოვს და არკვევს, აქვს თუ არა სმენა, რიტმის შეგრძნება, სწავლის სურვილი. “გასაუბრებაზე ბავშვს მარტივი, ყველასთვის ნაცნობი სიმღერების წაღიღინებას, ინსტრუმენტზე აღებული ნოტების ტონალობის გამეორებას, ტაშით რიტმის გამეორებას სთხოვენ, ტაქტილურ შეგრძნებებს უმოწმებენ, მაგრამ არ იფიქროთ, რომ თუ ბავშვმა დავალებას თავი ვერ გაართვა, პედაგოგს უფლება აქვს, მას მეცადინეობაზე უარი უთხრას. ბავშვს შეუძლია გამოიმუშაოს ინსტრუმენტთან ურთიერთობის უნარი. მთავარია სურვილი და შრომისმოყვარეობა. ამ შემთხვევაში მიზანს აუცილებლად მიაღწევთ”, – გვირჩევს ქალბატონი ლია.
პრაქტიკული სახელმძღვანელო მშობლებისა და პედაგოგებისთვის
დავაძალოთ თუ მოვანდომოთ?
სტატიის დასაწყისში ნახსენებ პრობლემაზე სასაუბროდ “ავერსი” ფსიქოლოგსაც დაუკავშირდა. პრაქტიკულ რეკომენდაციებს ფსიქოლოგი ლელა შანიძე გვაწვდის:
– მშობლები და პედაგოგები ხშირად თანხმდებიან, რომ მიუხედავად წინააღმდეგობისა, მუსიკის გაკვეთილებზე ბავშვის ტარება მაინც ღირს, რადგან ეს ხელს შეუწყობს მის ჰარმონიულ განვითარებას. არადა, რამდენიმე მარტივი პირობის დაცვით ამ პრობლემის მოგვარება სავსებით შესაძლებელია. 
პირველ რიგში, იზრუნეთ იმაზე, რომ სამეცადინო სივრცე ბავშვისთვის სასიამოვნო და მიმზიდველი იყოს. ეს ადგილი მისი გემოვნებისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით მოაწყვეთ და გააფორმეთ. გამართეთ საჩვენებელი “კონცერტები” ახლობლებისა და მეგობრებისთვის, მცირე წარმატების შემთხვევაშიც კი  არ დაიშუროთ ქება და წახალისება –ბავშვისთვის ეს ერთგვარი დადებითი განმამტკიცებელი იქნება. აუცილებლად ატარეთ ბავშვი კლასიკური მუსიკის კონცერტებზე ან აჩვენეთ ჩანაწერები, სადაც მისი თანატოლები უკრავენ. შეგიძლიათ გააკეთოთ მისი გაკვეთილებისა და საჩვენებელი კონცერტების ვიდეოჩანაწერებიც.
მოტივაციის ასამაღლებლად ფსიქოლოგები ხშირად ურჩევენ მშობლებს “წარმატებების დღიურის“ წარმოებას – პერიოდულად ამ ჩანაწერების გადაკითხვა ბავშვს ერთმნიშვნელოვნად აუმაღლებს მოტივაციას. ასევე მნიშვნელოვანია იმ სირთულეებზე გულწრფელი საუბარიც, რაც სწავლასა და ხანგრძლივ მეცადინეობას ახლავს თან. აუცილებელია პედაგოგთან შეთანხმებაც და რეპერტუარის ისე შერჩევა, რომ სამეცადინო მასალა ბავშვისთვის მისაღები და სასიამოვნო იყოს.  სთხოვეთ პედაგოგს, წინასწარ მოასმენინოს ბავშვს რამდენიმე კომპოზიცია და თავად აარჩევინოს. ასე მოსწავლე მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდება საქმეს და შედეგიც უკეთესი იქნება. სამწუხაროდ, ბევრი ბავშვისგან გამიგონია, რომ ტიპური პროგრამა, რომელსაც მას სასწავლებელში სთავაზობენ, მისთვის უინტერესოა. შესაძლებელია ასეთი შეთანხმებაც: ერთი ნაწარმოები – პროგრამის მიხედვით, ერთი – ბავშვის არჩევანით, თუნდაც საყვარელი შემსრულებლის ინსტრუმენტისთვის ადაპტირებული ვერსია – ინტერნეტში უამრავი მასალის მოპოვება შეიძლება.
მცირე სასკოლო ასაკში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მუსიკის გაკვეთილების თამაშის ფორმით წარმართვა. არსებობს მრავალი ისეთი თამაში, რომელიც ტაქტილურ შეგრძნებასაც განუვითარებს ბავშვს და გაართობს კიდეც. არსებობს კოორდინაციის გასაუმჯობესელი  მოძრავი თამაშებიც. ეს მოსწავლისთვის გაკვეთილზე ერთგვარი განტვირთვაც იქნება. ურიგო არ იქნება, ეს მეთოდი შინაც დანერგოთ. წინასწარ შეუთანხმდით ბავშვს, რომ ორმოცწუთიანი მეცადინეობის შემდეგ თქვენთან ერთად რამე საინტერესო თამაშს ითამაშებს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოსწავლისადმი პედაგოგის დამოკიდებულებას. თუ ბავშვს გაკვეთილზე წასვლა იმიტომ არ სურს, რომ პედაგოგი შეურაცხყოფს ან ხელით ეხება მას, საფიქრალიც არაფერია – აუცილებლად უნდა გაესაუბროთ მასწავლებელს და განმეორების შემთხვევაში ზომებსაც უნდა მიმართოთ. თუ ბავშვს, მიუხედავად ყველაფრისა, არ სურს მუსიკაზე სიარული, დაფიქრდით, ხომ არ ჯობია, დროებით შეწყვიტოთ მეცადინეობა? შესვენების პერიოდი  კი, შეეცადეთ, სასიკეთოდ გამოიყენოთ და იმ რეკომენდაციებს მისდიოთ, რომლებიც ბავშვის მუსიკით დაინტერესებაში დაგეხმარებათ.

გააზიარე: