ბაღში მიგვეჩქარება

გააზიარე:

“დე, დღეს ბაღში ხომ არ წამიყვან?” – ამ სიტყვებით იწყება დღე მათთვის, ვისაც სკოლამდელი ასაკის შვილი ჰყავს. ყველასთვის თუ არა, უმრავლესობისთვის მაინც. ალბათ, ყველა დედა სიამოვნებით ეტყოდა თავის პატარას, რა თქმა უნდა, არ წაგიყვანო, მაგრამ რა ვქნათ, როცა სამსახური გვიხმობს, ბავშვის დამტოვებელი კი არავინ გვყავს? თანაც უკვე აღარავინ დავობს იმის თაობაზე, რომ ბავშვის განვითარებისა და პიროვნებად ჩამოყალიბებისთვის საბავშვო ბაღს დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ბაღში უყალიბდებათ ჩვენს პატარებს პირველი სოციალური ჩვევები, სწავლობენ უცნობ ადამიანებთან ურთიერთობას, იძენენ პირველ მეგობრებს... ამიტომ პრობლემის გასაღები ბავშვის სურვილის უპირობო შესრულებაში კი არ უნდა ვეძებოთ, არამედ ვეცადოთ, ისე შევაჩვიოთ პატარა ბაღს, რომ ყოველ დილით სიხარულით მოგვყვებოდეს.
შესაძლოა, ეს ერთი შეხედვით დაუძლეველ ამოცანად მოგეჩვენოთ, მაგრამ, როგორც ფსიქოლოგები გვიმტკიცებენ, შეუძლებელი არაფერია. მთავარია, საკითხს მოთმინებითა და გაგებით მოეკიდოთ.
სწორად შეარჩიეთ ასაკი
ბავშვი საბავშვო ბაღს იოლად რომ შევაგუოთ, უამრავი ნიუანსი უნდა გავითვალისწინოთ, მათ შორის – ასაკიც. რაც უფრო მცირე ასაკისაა თქვენი პატარა, მით უფრო იოლად შეეუება ის ახალ გარემოსა და ადამიანებს. ორ წლამდე ბავშვის ბაღში მიბარება არ ღირს – ამ ასაკში პატარა ჯერ კიდევ არ არის მზად დამოუკიდებელი ქმედებებისთვის, უჭირს დამოუკიდებლად ჭამა, ჯერ კიდევ არ არის გადაჩვეული საფენებს, შესაბამისად, სჭირდება ინდივიდუალური მზრუნველობა, რომელსაც საბავშვო ბაღში ხშირად ვერ უზრუნველყოფენ. თუმცა არც დაგვიანება გვარგებს, რადგან 4-5 წლის ასაკში ბავშვები ბაღს ძნელად ეგუებიან, მშობლებსა და ძიძებს მიჯაჭვულებს უჭირთ ახალი ურთიერთობების აგება, მეგობრების შეძენა, მათთვის სათამაშოების განაწილება... საბავშვო ბაღში მისაყვანად ყველაზე ოპტიმალურ ასაკად ფსიქოლოგები 2,5-3,5 წელს მიიჩნევენ. ამ ასაკში პატარების უმრავლესობას უკვე აქვს გამომუშავებული დამოუკიდებლობის ელემენტები, ცდილობს დაუხმარებლად ჭამას და ჩაცმას, უკვე აღარ ატარებს საფენებს, გამართულად ლაპარაკობს და გადმოსცემს აზრს. 
დაიჭირეთ თადარიგი
ძალზე მნიშვნელოვანია, ბავშვი წინასწარ შევაგუოთ იმ აზრს, რომ მალე ბაღში წასვლა მოუწევს. მოუყევთ საბავშვო ბაღის შესახებ. გაუზვიადებლად აუხსენით, რა დახვდება იქ. გაამახვილეთ ყურადღება საბავშვო ბაღის დადებით მხარეებზე, თუმცა პატარა იმედგაცრუებული რომ არ დარჩეს, მას ზღაპრულ ფერებში ნუ დაუხატავთ.
ბავშვი ბაღის რეჟიმს ადვილად რომ შეეგუოს, სახლშიც ასეთივე გარემო შეუქმენით. ასაუზმეთ და ასადილეთ იმ დროს, რა დროსაც ბაღში მიირთმევენ. მიაჩვიეთ კოვზისა და ჩანგლის დაჭერას, სადილის შემდეგ დაძინებას, ასწავლეთ, როგორ უნდა მოითხოვოს საპირფარეშოში შესვლა და ა.შ.
მიაქციეთ ყურადღება, როგორ იქცევა თქვენი პატარა თანატოლებთან თამაშის დროს. ასწავლეთ სათამაშოების სხვა ბავშვებთან განაწილება. დააკვირდით, ხომ არ ამჟღავნებს აგრესიას სხვა ბავშვების მიმართ, როცა სასურველ სათამაშოს არ აძლევენ. მშვიდად აუხსენით, რომ თუ რამის მიღება სურს, კი არ უნდა მოითხოვოს, არამედ ითხოვოს.
საბავშვო ბაღისთვის მომზადებისას რაციონშიც მოგიწევთ კორექტივების შეტანა. პატარა ბაღის საკვებს ადვილად რომ შეეჩვიოს, სახლშიც ასეთივე ტიპის კერძები მოუმზადეთ და იმ რეჟიმით აჭამეთ, როგორითაც ბაღში მიირთმევენ.
შესაძლოა, ბაღში სიარულის პირველ დღეებში ბავშვს მადაც კი დაეკარგოს. ეს ნუ შეგაშფოთებთ – რამდენიმედღიანი ადაპტაციის შემდეგ პატარას მადა აუცილებლად დაუბრუნდება.
ვიმოსებით ბაღისათვის
ბავშვი ბაღს უფრო იოლად შეეჩვევა, თუ თავს კომფორტულად იგრძნობს. ამიტომ სამოსი გულისყურით შეურჩიეთ. ის აუცილებლად ნატურალური ქსოვილისა უნდა იყოს, მოხერხებული, იოლად ჩასაცმელ-გასახდელი, ჰქონდეს რაც შეიძლება ნაკლები ღილი, მათ ნაცვლად ფხრიწით ან ელვაშესაკრავით იკვრებოდეს. თუ სამოსი ლამაზიც არის, ეს კიდევ ერთი სტიმული იქნება, რომ პატარა ბაღში ხალისით წავიდეს. 
ნაბიჯ-ნაბიჯ
თუ ბავშვი საბავშვო ბაღში პირველად მიგყავთ, არამც და არამც არ გამოეპაროთ და არ დატოვოთ უცხო გარემოში გაუფრთხილებლად – ეს მას ძლიერ ტრავმას მიაყენებს. პირველ დღეს მასთან ერთად შედით ჯგუფში, რამდენიმე წუთს გაჩერდით, ხოლო როდესაც პატარა ბავშვებისა და სათამაშოებისკენ გაიწევს, აუხსენით, რომ აუცილებლად უნდა წახვიდეთ, მაგრამ მალე დაბრუნდებით.
პირველ და მეორე დღეს პატარას ბაღში ორ საათზე მეტხანს ნუ დატოვებთ, მესამე-მეოთხე დღეს ეს დრო შეიძლება სამ-ოთხ საათამდე გაზარდოთ, ორი კვირის შემდეგ კი სცადეთ, მთელი დღით დატოვოთ ბავშვი ბაღში. 
არ დაიზაროთ წახალისება
თუ ყველაფერი იღონეთ, მაგრამ პატარას საბავშვო ბაღში წასვლა ვერა და ვერ მოანდომეთ, სცადეთ, წახალისების მეთოდს მიმართოთ. აუხსენით, რომ ბაღი მისი სამსახურია, ისევე, როგორც დედიკოს და მამიკოს აქვთ სამსახური; უთხარით, რომ თუ მთელი დღე კარგად მოიქცევა, მასწავლებელს დაუჯერებს და, რაც მთავარია, არ იტირებს, “სამსახურში” აუცილებლად მისცემენ საბავშვო “ხელფასს” – ტკბილეულს ან სათამაშოს. ოღონდ ეს “ხელფასი” მან აუცილებლად უნდ დაიმსახუროს.
დღის ბოლოს გამოჰკითხეთ ბაღის ამბები და არ დაიზაროთ შექება, თუ არ იტირა და კარგად მოიქცა. მოუწონეთ ბაღში დახატული ნახატი, ნასწავლი ლექსი და გამოძერწილი ნივთი.
შეარჩიეთ საბავშვო ბაღი
დიდი მნიშვნელობა აქვს თავად საბავშვო ბაღსაც. დღეს საქართველოში მათი დიდი არჩევანია. მუნიციპალური, ანუ სახელმწიფო ბაღების გარდა არსებობს კერძოც: ბაღები განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისთვის, უცხოენოვანი საბავშვო ბაღები, ბაღები მუსიკალური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვებისთვის და სხვა. არჩევანი იმდენად დიდია, რომ მშობლებს ხშირად ვერ გადაუწყვეტიათ, რომელს მიანიჭონ უპირატესობა. თუმცა არსებობს მოთხოვნები, რომლებიც ყველა ბაღისთვის საერთოა. ერთ-ერთი ასეთი მოთხოვნაა ჯგუფში აღმზრდელთა რაოდენობა. წლინახევრიდან ორწლინახევრამდე ასაკის ბავშვებს გაცილებით მეტი ყურადღება და მზრუნველობა სჭირდებათ, ვიდრე შედარებით მოზრდილებს, რადგან თავის დამოუკიდებლად მოვლის ჩვევები მათ ჯერ კიდევ არ აქვთ განვითარებული. ამ ასაკში ყოველ ოთხ-ხუთ ბავშვზე ერთი ძიძაა საჭირო. ოხი-ხუთი წლის ბავშვები კი თავს უმეტესად თვითონ უვლიან, აქტიურად ეკონტაქტებიან ერთმანეთს, თამაშობენ, ამიტომ ამ ასაკში 15-20 ბავშვზე ერთი ძიძა და ერთი აღმზრდელი სავსებით საკმარისია. პაწიების ენის მოჩლექით საუბარი უფროსებს ძალიანაც მოგვწონს, არც ვუსწორებთ და საგანგაშოსაც ვერაფერს ვხედავთ, მაგრამ მეტყველების დეფექტი ბავშვს ზრდასრულ ასაკშიც რომ არ გაჰყვეს, ხშირად ლოგოპედის ჩარევაა აუცილებელი. ლოგოპედი ყველა საბავშვო ბაღს უნდა ჰყავდეს. ასევე აუცილებელია საბავშვო ბაღისთვის სამედიცინო კაბინეტისა და ექთნის ყოლაც.
დღეს ბევრი ბაღი ამაყობს იმით, რომ მათთან კვალიფიციური ბავშვთა ფსიქოლოგი მუშაობს და არცთუ უსაფუძვლოდ. ბავშვები, ისევე როგორც ზრდასრული ადამიანები, ერთმანეთისგან განსხვავდებიან: ზოგი მეტად გახსნილია, კომუნიკაბელური, თანატოლებთან კონტაქტში ადვილად შედის, ზოგი გულჩათხრობილია, მორცხვი, საკუთარ თავში ჩაკეტილი, აგრესიული. ასეთ პატარებს არც ბაღი მოსწონთ, ვერც მეგობრებს იჩენენ, ვერც ახალ გარემოსა და პედაგოგებს ეგუებიან. სწორედ ფსიქოლოგმა უნდა გაარკვიოს, რა პრობლემა აქვთ ასეთ ბავშვებს და მათ სირთულეების დაძლევაში დაეხმაროს, საჭიროების შემთხვევაში კი მშობლებიც ჩააყენოს საქმის კურსში.
პატარებს უყვართ ეზოში თამაში. ეს მათი ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა, ამიტომ საბავშვო ბაღს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ეზო და სათამაშო მოედანი.
თუ არც ერთმა ხერხმა არ გაჭრა და ბავშვი ბაღში წასვლისას ისტერიულად ტირის, არამც და არამც არ დააძალოთ, მით უმეტეს არ ეჩხუბოთ და არ დასაჯოთ ამის გამო. უმჯობესია გაარკვიოთ, რატომ სძულს თქვენს პატარას საბავშვო ბაღი. ფრთხილად ჰკითხეთ, ვინმე ხომ არ აბრაზებს იქ ან ხომ არ დასცინის, მასწავლებელი ხომ არ სჯის, თანატოლებთან ხომ არ აქვს კონფლიქტი... აუცილებლად გაესაუბრეთ საბავშვო ბაღის აღმზრდელსა და ფსიქოლოგსაც. ხშირად ბაღის მიმართ ბავშვის სიძულვილი უმნიშვნელო წვრილმანებით არის განპირობებული, რაც ბავშვთა ფსიქოლოგის დახმარებით ადვილი გამოსასწორებელია.

გააზიარე: