უფრო ტანადი, უფრო ლამაზი

გააზიარე:

ანატომია-ბიოლოგიის სახელმძღვანელოებში კარგად არის ნაჩვენები, როგორი ევოლუცია განიცადა ადამიანმა: ჯერ სხვა ძუძუმწოვრებივით ოთხზე დადიოდა, შემდეგ წამოიმართა, მოგვიანებით წელში გასწორდა და ახლა, მხრებში გაშლილი და თავაწეული, ამაყად დაიარება. განვითარების ამავე გზას გაივლის თითოეული ჩვენგანი დაბადებიდან მოწიფულობამდე: ჯერ ოთხზე დაფოფხავს, ხერხემლისა და კუნთების სისუსტის გამო დგომა უჭირს, მერე პირველ ნაბიჯებს დგამს, ბოლოს კი მტკიცე ნაბიჯით გაუყვება ხოლმე ცხოვრების გზას. თუ დავაკვირდებით, იოლად შევამჩნევთ, რომ ამ “ევოლუციის” ღერძი ხერხემალია, რომელსაც კვალდაკვალ მიჰყვება ძვალსახსროვანი და კუნთოვანი სისტემები.
იმ დროისთვის, როდესაც ბავშვი სკოლაში შედის, მისი ძვლები და კუნთები მეტ-ნაკლებად განვითარებულია, თუმცა სრულ სიმწიფემდე ჯერ კიდევ ბევრი აკლია და მოუმწიფებელი ხერხემალი ხშირად გამოდის მწყობრიდან, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პატარა მოწაფე საათობით უზის მერხს ან სამუშაო მაგიდას. სწორედ ამ დროს იჩენს თავს ტანადობის დარღვევები.
რა იწვევს სკოლიოზს?
სტატისტიკის თანახმად, ტანადობის დარღვევა ასიდან 60-70 ბავშვს აღენიშნება. თუმცა ეს იმას როდი ნიშნავს, რომ ყველას სკოლიოზი აქვს. უმეტესად გამოხატულია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის, კერძოდ, ხერხემლის სისუსტე, არასტაბილური ტანდეგობა და ბავშვს სწორად ჯდომა და დგომა არ შეუძლია. კუნთოვანი სისტემის არასათანადო განვითარების გამო მოზარდი იძულებით მდგომარეობას იღებს – უნებლიეთ იხრება წელში, დროთა განმავლობაში კი მოხრა ჩვევად ექცევა. ყოველივე ამის შედეგად მყესები და იოგები არასწორად ვითარდება: ზოგან მოკლე რჩება, ზოგან კი ზომაზე მეტად გრძელდება.
ამრიგად, ტანადობის დარღვევის დროს წამყვანია ძვალსახსროვანი და კუნთოვანი სისტემების სისუსტე, რომლის გამოსწორება იოლია და აუცილებელიც კი, რათა შემდგომ სკოლიოზი არ ჩამოყალიბდეს.
ტანადობის დარღვევა და სკოლიოზური დაავადება სხვადასხვა ცნებებია. ტანადობის დარღვევა დაავადების წინაპირობას წარმოადგენს, თავად სკოლიოზური დაავადება კი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის თანდაყოლილი განუვითარებლობაა – ამ დროს გამოხატულია შემაერთებელი ქსოვილის დისპლაზიური ცვლილებები, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი ჯეროვნად არ არის განვითარებული.
სკოლიოზური დაავადების დროს, რომელიც დისპლაზიის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს, ვლინდება ტრიადა: ბრტყელი ტერფი, ხერხემლის სხვადასხვა ხარისხის გამრუდება და სისტოლური შუილი მიტრალურ სარქველზე. შუილი იმიტომ ისმის, რომ დისპლაზიური ცვლილებები გულშიც, კერძოდ, მის შემაერთებელქსოვილოვან სტრუქტურაშიც აღინიშნება. შესაძლოა, ეს ხმიანობა დროთა განმავლობაში გაქრეს, რადგან გულის შემაერთებელი ქსოვილი თანდათანობით ვითარდება.
რას უნდა ველოდეთ
სკოლიოზური დაავადება პროგრესირებს. არსებობს ძლიერ აგრესიული ფორმებიც, რომელთა დროსაც სულ მოკლე ხანში, მაგალითად, ორიოდე თვეში, ხერხემლის გამრუდების პირველი ხარისხი შეიძლება მეორეში გადაიზარდოს.
პათოლოგია განსაკუთრებით აქტიურდება გარდატეხის ასაკისთვის, რომელიც დაახლოებით 10-11 წლიდან იწყება. ამ დროს ორგანიზმი აქტიურად იზრდება, კუნთოვანი სისტემის განვითარება კი ამ ტემპს ყოველთვის ვერ უწყობს ფეხს და ხშირად ჩამორჩება ხოლმე. განვითარების ამგვარი ასინქრონიზმი უპირატესად იმ ბავშვებშია გამოხატული, რომლებიც ცოტას მოძრაობენ, უმეტესად ტელევიზორთან ან კომპიუტერთან  სხედან ან ბევრს მეცადინეობენ და სათამაშოდაც კი ვერ იცლიან. ამას ისიც ერთვის, რომ ზოგიერთ სკოლაში ფიზკულტურის გაკვეთილებს სათანადო ყურადღება არ ეთმობა.
არსებობს საკმაოდ დამაჯერებელი მონაცემები, რომ 18 წლის ასაკში – ფიზიკური განვითარების პიკზე, როდესაც ზრდა თითქმის დასრულებულია – მსოფლიოს მოსახლეობის 40%-ს ასაკის შესაბამისი კუნთოვანი სისტემა არ გააჩნია.
პრობლემის თავიდან ასაცილებლად პროფილაქტიკა დაბადებისთანავე უნდა დავიწყოთ. არამც და არამც არ შეიძლება, ტანადობის დარღვევაში  მხოლოდ მერხს დავდოთ ბრალი, თუმცა მერხსა თუ საწერ მაგიდასთან სწორ პოზაში ჯდომას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ვავლენთ სკოლიოზს
სკოლიოზის დასადგენად ექიმი თავდაპირველად მოზარდის სხეულს ათვალიერებს. შემდეგ მეტი სანდოობისთვის რენტგენოლოგიური კვლევის ჩატარებას გვთავაზობს. სასურველია, ხერხემალი რენტგენოლოგიურად შეფასდეს დგომშიც, როდესაც ორგანიზმი ფუნქციურად დატვირთულია და მწოლიარე მდგომარეობაშიც, როცა ხერხემალი ფუნქციურად განიტვირთება. შემდეგ ერთმანაეთს ადარებენ გამრუდების კუთხეს: წოლში მიღებული მონაცემი რეალურია, ხოლო დგომში რეალურს ემატება ფუნქციური დატვირთვის შედეგად წარმოქმნილი გამრუდების მაჩვენებელი. ვთქვათ, წოლში გამრუდების კუთხეა 7%, დგომში – 11%. ამგვარად, 4% ის რეზერვია, რომელიც უნდა გამოსწორდეს. ამისთვის ხერხემლის ირგვლივ ძლიერი კუნთოვანი სისტემა – ერთგვარი კუნთოვანი კორსეტი უნდა შეიქმნას. უხეშად რომ ვთქვათ, თუ საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მთელი ფუნქცია 100%-ს უტოლდება, აქედან კუნთების წილად მისი 35% მოდის. ამრიგად, იოლი მისახვედრია, რომ თუ კუნთოვანი სისტემა სუსტია, ტანადობა დაირღვევა. სკოლიოზით დაავადებულ ბავშვებში, გარდა პათოლოგიის უკვე ჩამოთვლილი გამოვლინებებისა, ხშირია თანკბილვის დარღვევაც. სკოლებში ჩატარებულმა გამოკვლევებმა აჩვენა, რომ თანკბილვის დარღვევა აქვს IV ხარისხის სკოლიოზის მქონე ყველა მოსწავლეს, III ხარისხის სკოლიოზის მქონეთა 70-80%-ს და II ხარისხის სკოლიოზის მქონეთა 70-60%-ს. ამდენად, ხერხემლის მკურნალობის დროს თანკბილვასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება.

ვარჯიშისა და მასაჟის ეფექტი
ამთავითვე შევთანხმდეთ: პირველ ხანებში პრობლემა იოლი მოსაგვარებელია, თუმცა პროფილაქტიკა მაინც საუკეთესო გზაა საიმისოდ, რომ ტანადობის დარღვევებს გვერდი ავუაროთ.

 პრობლემის მოგვარება სამეცადინო კუთხისა და საწოლის მოწესრიგებით უნდა დავიწყოთ.
 მოზარდის საწოლი, რომელშიც ბავშვი  დაახლოებით 10 საათს ატარებს, ხმელი უნდა იყოს. არაფრით არ შეიძლება ზამბარებიან ლეიბზე ბავშვის დაწვენა. თუ საწოლი მყარი არ არის, სასურველია, მასზე ფიცარი დავდოთ, ზემოდან კი 10 სმ სისქის ლეიბი დავაგოთ. ბავშვი თავიდანვე უნდა შევაჩვიოთ ზურგზე წოლას, მით უმეტეს – თუ კიფოზისკენ არის მიდრეკილი. ჩავარდნილ საწოლში ხერხემალი დიდხანს იმყოფება არასწორ მდგომარეობაში და მრუდდება.
ბალიში, სასურველია, კარგად იყოს მორგებული სხეულს, მხრებიდან იწყებოდეს, კეფასა და ზურგის ნადრეკებს შორის არსებულ სივრცეს ავსებდეს და ბავშვს თავი ისე ედოს, რომ არც წამოწეული ჰქონდეს და არც უკან გადავარდნილი.
თუ მოზარდს ხერხემლის პრობლემები არ აწუხებს, უბალიშოდაც დაწვება, მაგრამ თუ ტანადობის პრობლემა აქვს, თავი უთუოდ კომფორტულად უნდა ედოს ბალიშზე. უამისოდ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევა დაერღვევა და შესაძლოა, საშინელი სიზმრებიც კი ნახოს. მერხსა და საწერ მაგიდასთან ბავშვი გამართული უნდა იჯდეს, ხელები მაგიდაზე ეწყოს.
ტანადობის დარღვევისა და სკოლიოზის დროს  წამყვანი მეთოდი სამკურნალო ტანვარჯიშია, რომლის წყალობითაც კუნთები სათანადოდ ვითარდება.
შედეგიანია მასაჟიც, მაგრამ ის პასიური მეთოდი გახლავთ და მხოლოდ დამხმარე საშუალებად იყენებენ.
გაითვალისწინეთ: 10 მასაჟი და 10 ვარჯიში ნამდვილად არ არის საკმარისი; კუნთი რომ განვითარდეს, ბავშვმა სამი თვე მაინც უნდა ივარჯიშოს, მასაჟი კი სასურველია 15-20-ჯერ ჩავუტაროთ.
ზურგდამჭერის (კორსეტის) ტარებას არ გირჩევთ – მის იმედზე დარჩენილი კუნთები ზარმაცდება და განვითარებას წყვეტს. კუნთოვანი სისტემა ადეკვატურად რომ ჩამოყალიბდეს, მოზარდმა თავისუფლად უნდა იმოძრაოს.
ზურგდამჭერის ტარება მხოლოდ  მაშინ არის გამართლებული, როდესაც ბავშვს ზურგის ტკივილი აწუხებს, პროგრესირებადი სკოლიოზი აქვს ან ხერხემალს მეტისმეტად დიდი დატვირთვა ადგება (მაგალითად, ბავშვი დიდხანს მეცადინეობს ფორტეპიანოზე). ამ შემთხვევაში ზურგდამჭერი ბავშვს შეიძლება 1-1,5 საათით გავუკეთოთ. თუ ბავშვს პირველი ხარისხის სკოლიოზი აქვს და ძალიან უნდა ცეკვა, ექიმისა და მწვრთნელის ერთობლივი დაკვირვების ქვეშ უნდა იმეცადინოს.
მეორე ხარისხის სკოლიოზის შემთხვევაში ბავშვი სასურველია მოვარიდოთ სპორტის იმ სახეობებს, რომლებიც აქტიურ, მკვეთრ მოძრაობებს მოითხოვს (მაგალითად, კალათბურთს, ფრენბურთს, ფეხბურთს, ბატუტზე ხტომას). იგივე შეიძლება ითქვას ქართულ ცეკვებზეც. აქვე უნდა ითქვას, რომ ქართულ ცეკვებში მოცეკვავე ქალები ვაჟებზე დამზოგველ მოძრაობებს ასრულებენ, ამიტომ ცეკვა მათთვის ისეთი საშიში არ არის.
კარგია ცურვაც, მაგრამ იგი მოქნილობას უფრო ავითარებს, ამიტომ უმჯობესია  ჯერ, კუნთები გავამაგროთ და მოქნილობის განვითარებაზე მერე ვიზრუნოთ.
თუ ბავშვს სუსტი ხერხემალი აქვს, მოარიდეთ ძლიერ ფიზიკურ დატვირთვას. ზურგჩანთის ტარება აკრძალული არ არის, ოღონდ ბავშვს ის ზურგზე უნდა ეკიდოს და არა ცალ მხარზე.
დასასრულ, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ: თუ ბავშვი სწორად არ ზის, ფეხებს სწორად არ დგამს, იხრება, იოლად იღლება და ხშირად უჩნდება წამოწოლის სურვილი, აუცილებლად აჩვენეთ სპეციალისტს.
ბრტყელი თუ თაღოვანი
როცა ამას ადამიანის ტერფის შესახებ ვკითხულობთ, პასუხი ერთმნიშვნელოვანია: რაღა თქმა უნდა, თაღოვანი! სწორედ ასეთი ფორმა აქვს ჯანმრთელ ტერფს. დაწეული თაღი მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა კი არ არის, არამედ ჯანმრთელობასაც ვნებს.
ბრტყელტერფიანობა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. სტატისტიკის თანახმად, მას სასკოლო ასაკის ბავშვების 65%-ზე მეტი იძენს. ბავშვის ძვლოვანი ქსოვილი რბილი და ელასტიკურია, სუსტად არის განვითარებული კუნთოვანი სისტემაც, ტერფის ძვლის ფორმირება კი 5-6 წლამდე გრძელდება.
ტერფის ძვლები ერთმანეთთან შეკავშირებით წარმოქმნის გასწვრივ და განივ თაღებს, რომელთა დანიშნულებაა სხეულის ამორტიზება სიარულისა თუ სირბილის დროს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ეს თაღები ერთგვარი ზამბარების როლს, რომლებიც მოძრაობას აადვილებს. ბრტყელტერფიანობა თანდაყოლილიც შეიძლება იყოს და შეძენილიც. თანდაყოლილი ბრტყელტერფიანობა შედარებით იშვიათია და ხშირად არის შერწყმული სხვა თანდაყოლილ დეფორმაციასთან, რომლის დროსაც ტერფის შიგნითა კიდე ძლიერ დაშვებულია. თანდაყოლილი ბრტყელტერფიანობის დიაგნოზს, წესისამებრ, სამშობიარო სახლშივე სვამენ და მკურნალობასაც იქვე იწყებენ, შეძენილმა ბრტყელტერფიანობამ კი ნებისმიერ ასაკში შეიძლება იჩინოს თავი.
შეძენილი ბრტყელტერფიანობა სხვადასხვა წარმოშობისაა: ტრავმული – გამოწვეული ძვლების არასწორი შეხორცებით ან ამა თუ იმ (კოჭ-წვივის, მუხლის, მენჯ-ბარძაყის, ხერხემლის) სახსრის დაზიანებით; პარალიზური, რომელიც ნერვული სისტემის დაზიანების შედეგად (ხშირად – პოლიომიელიტის გადატანის შემდეგ) ვითარდება; რაქიტული – აღენიშნებათ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, რომლებიც რაქიტით არიან ავად (მათ ხშირად სხვა რაქიტული დეფორმაციებიც აქვთ). ამ დროს ბრტყელტერფიანობას იწვევს კალციუმისა და ფოსფორის ცვლის დარღვევა, ძვლების სირბილე, კუნთოვანი და მყესიოგოვანი აპარატის საერთო სისუსტე. ყველაზე გავრცელებული ფორმა კი სტატიკური ბრტყელტერფიანობაა. მისი მიზეზი შეიძლება იყოს გენეტიკური განწყობა, შემაერთებელი ქსოვილის დისპლაზია, კუნთების ტონუსის დაქვეითება და მყესების სისუსტე, რომელსაც იწვევს ფიზიკური დატვირთვის უკმარისობა და ზოგიერთი პროფესია, რომლებიც დიდხანს ჯდომას ან დგომას მოითხოვს. სტატიკური ბრტყელტერფიანობის განვითარებაში ასევე მიუძღვის ბრალი ჭარბ წონას, პროფესიულ სპორტს, რომლის გამო ტერფი ზომაზე მეტად იტვირთება, მოუხერხებელ ფეხსაცმელს, ორსულობას და სხვა.
ბრტყელტერფიანობა შეიძლება იყოს გასწვრივიც, როდესაც გასადავებულია გასწვრივი თაღი, და განივიც, როდესაც განივი თაღია გასადავებული. გასწვრივი და განივი თაღების ერთდროული გასადავების შემთხვევაში კომბინირებულ ბრტყელტერფიანობაზე ლაპარაკობენ.
როგორ ამოვიცნოთ
გასწვრივი ბრტყელტერფიანობის დროს ტერფი გრძელდება, განივის დროს კი მოკლდება და წინ მარაოსავით იშლება.
ასეთი დეტალური შეფასება არასპეციალისტს შესაძლოა გაუჭირდეს, მაგრამ ტერფის არასწორ ფორმას უთუოდ შეამჩნევს.
გარდა ვიზუალური დეფექტისა, ბრტყელტერფიანობაზე მიგვანიშნებს ადვილად დაღლა, ტერფისა და კოჭ-წვივის სახსრების ტკივილი სიარულისა და დიდხანს დგომის დროს, კოჭ-წვივის მიდამოს შესივება. თუ ბრტყელტერფიანობა დიდხანს დაგვრჩა უყურადღებოდ, თავს იჩენს სხვა სიმპტომებიც: ფეხების ტკივილი, განსაკუთრებით – ღამით, სიარულის მანერის შეცვლა. გასწვრივი ბრტელტერფიანობის დროს შესაძლოა მუხლის სახსრებმა ფორმა იცვალოს და ფეხები X-ისებრი გახდეს. ამ დროს ფეხსაცმელი შიგნითა კიდესთან ცვდება – შესაძლოა, პირველად სწორედ ამან გვაფიქრებინოს, რომ ტერფს რაღაც უჭირს. განივი ბრტყელტერფიანობის დროს კი ცვლილებები სხვაგვარია: ტერფი ფართოვდება, პირველი თითი დეფორმაციას განიცდის, მეორე და მესამე ჩაქუჩისებური ხდება. დროთა განმავლობაში ვითარდება ტერფის წვრილი სახსრების ართროზი.
უცხო თვალით
ბრტყელტერფიანობის დასადგენად სხვადასხვა ტესტს იყენებენ. არსებობს შედარებით მარტივი მეთოდები, მაგალითად, პლანტოგრამა, რომელიც ბინაზეც შეიძლება ჩატარდეს: ბავშვს ტერფზე წაუსვამთ რომელიმე ცხიმიან კრემს და სუფთა ქაღალდზე დააყენებთ. უნდა იდგეს გამართული, ფეხებმიტყუპებული, მყარად. თუ ანაბეჭდმა მთელი ტერფის 1`3 დაიკავა, ტერფი ნორმალურია, თუ ნახევარი – ტერფი ბრტყელია და ორთოპედს უნდა მიმართოთ.
გასწვრივი ბრტყელტერფიანობის ხარისხის დასადგენად რენტგენოდიაგნოსტიკას მიმართავენ.
რენტგენოდიაგნოსტიკას უმთავრესად მოზრდილებს უტარებენ. მცირე ასაკის ბავშვებში მსუბუქი ბრტყელტერფიანობის დროს პლანტოგრამაც საკმაო ინფორმაციას იძლევა.
ტერფის ნაკლოვანებათა დასადგენად და მართებული მკურნალობის დასანიშნავად თანამედროვე მეთოდს – ტერფის კომპიუტერულ დიაგნოსტიკასაც მიმართავენ. მისი მეშვეობით ექიმი ადგენს ტერფის ბიომექანიკურ მაჩვენებლებს: სიარულისას თითოეულ სანტიმეტრზე წარმოქმნილ წნევას, ძალას თავად ნაბიჯის გადადგმის დროს. კვლევა დინამიკურია – პედოგრამა (ტერფის კომპიუტერული გამოსახულება) სიარულის დროს იწერება. შედეგად ვიღებთ ინფორმაციას ტერფის ფორმის, სასიარულო ღერძის მდებარეობის, ყრდნობის უბნების შესახებ და სხვა. თუ რომელიმე პარამეტრი დარღვეული აღმოჩნდა, ექიმი დანიშნავს სამკურნალო-საკორექციო ღაბაშს (ხალხში სუპინატორს რომ უწოდებენ). ეს უკანასკნელიც კომპიუტერულ რეჟიმში პედოგრაფიული მონაცემების საფუძველზე მზადდება. ამრიგად, თითოეულ პაციენტს ტერფის ინდივიდუალური საკორექციო საშუალება ენიშნება. ბრმად, დეტალური კვლევის გარეშე უნივერსალური სუპინატორის გამოყენება არამც და არამც არ შეიძლება. არასწორად შერჩეულმა ღაბაშმა შესაძლოა პრობლემა კიდევ უფრო გაამძაფროს. ღაბაში ტერფის ერთგვარი ანტაგონისტია, რომელიც ადამიანს აიძულებს, გადადგას ნორმალური ბიჯი. ამრიგად, ადამიანი დადის და თან მკურნალობს.
კორექციის დასაწყებად საუკეთესოა ასაკი 4-დან 8 წლამდე. ძვლოვანი სტრუქტურა სწორედ ამ პერიოდში ყალიბდება, ამიტომ ჩარევაც განსაკუთრებით ეფექტურია.
ღაბაშით კორექციასთან ერთად ბავშვს ენიშნება სპეციალური ვარჯიშები, ცურვა.
სასურველია, ბავშვმა სუპინატორიანი ფეხსაცმელი მოწიფულობამდე ატაროს – მანამდე, სანამ ძვლის სტრუქტურა ბოლომდე არ ჩამოყალიბდება. შესაძლოა, ბავშვს ტერფი ერთ-ორ წელიწადში გაუსწორდეს, მაგრამ ღაბაშზე უარის თქმას ნუ იჩქარებთ – მიღწეული შედეგის შესანარჩუნებლად სასურველია, მაკორეგირებელი მკურნალობა ზრდის დასრულებამდე გაგრძელდეს.
ღაბაშს მხოლოდ ბრტყელტერფიანობის დროს როდი იყენებენ; მას უნიშნავენ ისეთი პათოლოგიების დროსაც, როგორიც არის დიაბეტური ტერფი, ლიმფოვენური უკმარისობა, მძიმე ფეხის სინდრომი, სკოლიოზი. განსაკუთრებით კარგია სუპინატორი იმ ბავშვებისთვის, რომლებიც სპორტულ მისდევენ ან ცეკვავენ და ტერფი ზომაზე მეტად ეტვირებათ. ღაბაში ტერფს ზოგავს, ტკივილებს აქრობს და ნორჩ სპორტსმენსა თუ მოცეკვავეს დატვირთვის ატანაში ეხმარება.
ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, ჩონჩხის თანდაყოლილი ანომალია ახალშობილთა 13-18 პროცენტს აღენიშნება. საქართველოში საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის თანდაყოლილი დაავადებების დიაგნოზს ბავშვთა 5-10%-ს უსვამენ. ასაკთან ერთად ეს დაავადებები პროგრესირებს და ხერხემლის სვეტისა და კიდურების სხვადასხვა დეფორმაციას იწვევს.
მნიშვნელოვანია ფეხსაცმელი
ბრტყელტერფიანობის პროფილაქტიკისთვის და მის შესამსუბუქებლად ფეხსაცმლის შერჩევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. სწორად შერჩეული ფეხსაცმელი უზრუნველყოფს ტერფის ნორმალურ ყრდნობას როგორც დგომის, ასევე სიარულის დროს.
როდესაც ბავშვი ფეხს იდგამს, უნდა ეცვას მაღალყელიანი, რბილი ტყავისგან შეკერილი, ფართოცხვირიანი და დრეკადლანჩიანი ფეხსაცმელი. პატარა ბავშვის ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლე 1-1.5 სმ უნდა იყოს, მოზრდილისა – 2-4 სმ. ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, ფეხსაცმელი ტერფზე ზუსტად იყოს მორგებული – ზომაზე დიდი ფეხსაცმელი აღიზიანებს კანს, აჩენს კოჟიჟებს, ხოლო ვიწრო ფეხის თითების დეფორმაციას, სისხლის მიმოქცევის მოშლას და ფრჩხილის ჩაზრდას განაპირობებს.
თუ სამ წლამდე ასაკის ბავშვს ბრტყელტერფიანობა არ აქვს გამოხატული, უნდა ჩავაცვათ ჩვეულებრივი ფეხსაცმელი, რომელშიც სტანდარტული ღაბაშია ჩაკერებული. ინდივიდუალური სუპინატორი მხოლოდ გამოხატული ბრტყელტერფიანობის დროს ინიშნება.
რა ვუშველოთ
ბრტყელტერფიანობის მკურნალობა აუცილებელია და ის დროულად უნდა დავიწყოთ. მკურნალობა ხსნის ტკივილს, სწევს კუნთებისა და მყესიოგოვანი სისტემის ტონუსს, აუმჯობესებს ქსოვილებში სისხლის მიმოქცევას. ძირითადი მეთოდებია სამკურნალო ფიზკულტურა და მასაჟი, რომელსაც ექიმი ორთოპედი ბრტყელტერფიანობის ფორმისა და ხარისხის, ასევე – პაციენტის ასაკის გათვალისწინებით შეარჩევს. ვარჯიშებსა და მასაჟთან ერთად ტარდება ფიზიოპროცედურები, ფეხის თბილი აბაზანები ზღვის მარილით. ინდივიდუალურად შერჩეული ორთოპედიული ღაბაში განტვირთავს ტერფის მტკივან ადგილებს, აუმჯობესებს სიარულის მანერას და ხელს უშლის დეფორმაციის პროგრესირებას.
გაითვალისწინეთ: 5-6 წლის ასაკში ბრტყელტერფიანობის განკურნება ჯერ კიდევ შესაძლებელია, შემდგომ კი მხოლოდ მისი პროგრესირების შეჩერება თუ მოხერხდება. ამდენად, რაც უფრო ადრე გამოვავლენთ ბრტყელტერფიანობის ნიშნებს და დავიწყებთ მკურნალობას, მით უფრო ადვილად მოხერხდება პროგრესირების შეჩერება და დეფორმაციის აღმოფხვრა.
ორიანივით მოხრილი
სწორედ მოწაფეებისთვის საძულველ ამ ციფრს ადარებენ მხრებსა და წელში მოხრილ ადამიანს. ბევრს ჰგონია, რომ ასეთი ტანდეგობა უმთავრესად მოზარდებისა და მოხუცებისთვის არის დამახასიათებელი. სინამდვილეში ამ პრობლემას ნებისმიერი ასაკის ადამიანი შეიძლება შეეჯახოს.
კიფოზი ტანდეგობის დარღვევა, რომელიც კუზისმაგვარ ცვლილებებს იწვევს. მის განვითარებას საფუძვლად უდევს:
. ხერხემლის მალების დეგენერაციული ცვლილებები, მაგალითად, ართრიტი;
. ოსტეოპოროზი;
. ტრავმა;
. ერთი მალის მეორის მიმართ აცურება (დისკის ამოვარდნა);
.  შემაერთებელქსოვილოვანი დარღვევები;
. ზოგიერთი ენდოკრინული პათოლოგია;
. ტუბერკულოზი;
. კუნთოვანი დისტროფია;
. ნეიროფიბრომატოზი;

. პეჯეტის დაავადება;
 . სიმსივნე;
. პოლიომიელიტი.

 კიფოზი ხშირად სკოლიოზთან არის შერწყმული.
განასხვავებენ კიფოზის სამ ძირითად ფორმას: პოსტურულ კიფოზს, შერმანის დაავადებას და კონგენიტურ კიფოზს.

 ყველაზე ხშირად პოსტურული კიფოზი გვხვდება. ის უპირატესად გარდატეხის ასაკში იჩენს თავს და ძვალკუნთოვანი სისტემის სისუსტით არის განპირობებული. ამ დროს შემაერთებელი ქსოვილი არასათანადოდ მყარია, მყესები და იოგები ისეა მოდუნებული, რომ ხერხემლის დაჭერა უჭირს. ასეთი კიფოზი, წესისამებრ, არ პროგრესირებს. მოზარდს აწუხებს ზოგადი დისკომოფორტი “გამრუდებულ” უბანში, კუნთების ძლიერი სისუსტე.
შერმანის კიფოზიც მოზარდ ასაკში იჩენს თავს. მისი მიზეზი უმეტესად მალების სტრუქტურული დეფორმაციაა. დაავადება ხშირად სკოლიოზთან არის შერწყმული. დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია რენტგენოლოგიური გამოკვლევა, რომელმაც, სულ მცირე, სამი მომიჯნავე მალის დონეზე ხუთგრადუსიანი ცვლილება უნდა გამოავლინოს. ამ ცვლილების მიზეზი უცნობია, თუმცა სადიაგნოზო კრიტერიუმად გამოიყენება.
კონგენიტური კიფოზი ამ დაავადების ყველაზე იშვიათი ფორმაა და მალების თანდაყოლილი დეფორმაციის შედეგია. ამ დროს შესაძლოა რამდენიმე მალა ერთმანეთთან იყოს შეზრდილი.
კიფოზის ეს ფორმები პირველადია, ანუ უშუალოდ ხერხემლის დეფორმაციით არის გამოწვეული. ზრდასრულ ასაკში კიფოზს ხშირად მეორეული ხასიათი აქვს და განსაზღვრული დაავადებების ფონზე ვითარდება. ისინი უკვე ჩამოვთვალეთ, ამიტომ აქ მათზე აღარ შევჩერდებით.
როგორ ვლინდება
გარდა ტანდეგობის დარღვევისა, კიფოზის დროს თავს სხვა სიმპტომებიც იჩენს: მოთენთილობა, ზურგის ტკივილი, დაჭიმულობა ხერხემლის გასწვრივ, შორს წასულ შემთხვევებში_ სუნთქვის გაძნელება.
კიფოზის სწრაფი პროგრესირება იშვიათია, მაგრამ თუ ასე მოხდა, მდგომარეობა საკმაოდ მძიმდება. გარდა მკვეთრად გამოხატული კუზისა, დეფორმაციამ შესაძლოა ზურგის ტვინზე ზეწოლა გამოიწვიოს, რასაც ნაწლავთა მოქმედებისა და შარდვის ფუნქციის მოშლა _ უნებლიე დეფეკაცია და დიურეზი მოჰყვება. გარდა ამისა, ზურგის ტვინის დეკომპრესია ძლიერ სისუსტესა და სხეულის სხვადასხვა უბანში მგრძნობელობის მოშლასაც იწვევს. ყველაზე მძიმე გართულება მაინც სუნთქვის შეზღუდვაა, რომელსაც გულმკერდის ტკივილიც ერთვის.
როგორ მკურნალობენ
მკურნალობის ტაქტიკა მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული კიფოზის მიზეზსა და ტიპზე. მაგალითად, პოსტურული ფორმის დროს, რომელიც არ პროგრესირებს, მთავარი კუნთების გამაგრება და ტანდეგობის გასწორებაა. ოპერაციული ჩარევა საჭიროდ არ მიიჩნევა. შერმანის დაავადების დროს ინიშნება ფიზიოთერაპია, ვარჯიშები, სუსტი ტკივილგამაყუჩებელი და ანთების საწინააღმდეგო მედიკამენტები. თუ პაციენტი მოზარდია, შესაძლოა, ექიმმა სპეციალური კორსეტის ტარება ურჩიოს, რომელიც ზრდის დასრულებისთანავე უნდა მოიხსნას. იშვიათად კეთდება ოპერაცია _წესისამებრ, მაშინ, როდესაც მოხრის კუთხე 75 გრადუსს აღემატება, ადამიანს ძლიერი ტკივილი აწუხებს და სხვა გართულებებიც ვითარდება.
ოპერაცია საჭიროა ხერხემლის ყველა სხვა სახის გამრუდების დროს, მძიმე გართულების შემთხვევაში, მაგალითად, მაშინ, როდესაც პაციენტს უჭირს სუნთქვა, აწუხებს ძლიერი ტკივილი...
ოპერაციის ტაქტიკა ცვლილების დონეზე, ლოკალიზაციასა და სხვა ფაქტორებზეა დამოკიდებული. ქირურგიული ჩარევა შეიძლება განხორციელდეს როგორც გულმკერდიდან, ისე ზურგიდან და ერთდროულად ორივე მხრიდანაც კი (კომბინირებული მიდგომა). გადამწყვეტია ხერხემლის მოქნილობის ხარისხი, რომელიც რენტგენოლოგიურად განისაზღვრება. თუ ხერხემალი სათანადოდ მოქნილია, ყველაზე მეტად მისაღებია ზურგიდან ოპერირება. მცირე მოქნილობის შემთხვევაში ჩარევა წინიდან (გულმკერდიდან) ან კომბინირებულად ხდება. ზოგჯერ ქირურგი ხერხემლის გასამაგრებლად სხეულში სპეციალურ დამჭერებს ამონტაჟებს.
ოსტეოპოროზით გამოწვეული კიფოზის მკურნალობა შესაძლებელია ლიფოპლასტიკის საშუალებით: სპეციალური ბუშტისმაგვარი მოწყობილობა ივსება სითხით (მეთილმეტაკრილატით) და დაზიანებული მალის ადგილას იდგმება.
ოპერაცია იშვიათად რთულდება და უმეტესად შედეგიანია. არ არის გამორიცხული სისხლძარღვებისა და ნერვების დაზიანება, მაგრამ ასეთი რამ, როგორც გითხარით,ძალზე იშვიათია.
უჩვეულოდ ბრტყელი
ბრტყელტერფიანობამ ზრდასრულ ასაკშიც შეიძლება იჩინოს თავი. პათოლოგია თითქმის ისევე ვლინდება, როგორც ბავშვებში. მისი სიმპტომებია:
. ტერფების ტკივილი, რომელიც მძაფრდება ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარებისას ან მაღალქუსლიანიდან დაბალქუსლიანზე გადასვლისას;
. ფეხის წვერებზე დგომის სირთულე;
. ხშირი შეშუპება კოჭის არეში.
ზრდასრულ ასაკში ბრტყელტერფიანობის მიზეზად შეიძლება იქცეს: 
. ჭარბი წონა;
. ტერფის ან ქუსლის ტრავმული დაზიანება;
. რევმატოიდული ართრიტი;
. დაბერების ბუნებრივი პროცესი.
როგორ ხდება დიაგნოსტიკა
ექიმი თავდაპირველად ტერფს დაათვალიერებს, მერე კი შესაძლოა რენტგენის გადაღება და სხვა გამოკვლევების ჩატარებაც გირჩიოთ. შესაძლოა, თქვენს ფეხსაცმელსაც დააკვირდეს – ის საკმაოდ ბევრს მოუთხრობს სპეციალისტს პრობლემის შესახებ.
პრობლემის შესამსუბუქებლად ღაბაში ინიშნება. ექიმი ან უნივერსალური სუპინატორის შეძენას გირჩევთ, რომელიც ნებისმიერ აფთიაქში იყიდება და ნებისმიერი ფორმის ტერფს მიესადაგება, ან ინდივიდუალურისს დამზადებას შემიგთავაზებთ.
მდგომარეობის შესამსუბუქებლად კიდევ ერთი მეთოდია ვარჯიში. არანაკლებ ეფექტურია სპეციალური მასაჟი, რომელიც თავადაც შეიძლება შეისწავლოთ და გაიკეთოთ. ეს საუკეთესო გამოსავალია, რადგან ზრდასრულ ასაკში ჩამოყალიბებული ბრტყელტერფიანობა არ ქრება, პერიოდულად მწვავდება და შემამსუბუქებელ ვარჯიშებსა და მასაჟებს მოითხოვს. ოღონდ გაითვალისწინეთ, რომ არასწორად ჩატარებულმა ვარჯიშმა და მასაჟმა შესაძლოა უფრო მეტად გავნოთ.
ტერფის თაღის აწევა ოპერაციითაც შესაძლებელია. ქირურგიული ჩარევა შედეგიანია, მაგალითად, ტრავმის შედეგად მყესის დაზიანების დროს. მყესის მთლიანობის აღდგენის შემდეგ ტერფი უწინდებურად თაღოვანი ხდება.
ბრტყელტერფიანობით გამოწვეული დისკომფორტი რომ შეიმსუბუქოთ, ასე მოიქეცით:
. ხშირად დაასვენეთ ფეხები. ექიმს ჰკითხეთ, შეიძლება თუ არა,მისდიოთ სპორტს, ითამაშოთ ფეხბურთი, იცეკვოთ. შესაძლოა, ექიმმა გარკვეული ხნით შეზღუდვა დაგიწესოთ. თუ დეფექტი მკვეთრად არის გამოხატული, შეზღუდვა შესაძლოა სამუდამო იყოს.
. ტერფის ტკივილს იოლად აყუჩებს ტკივილგამაყუჩებელი მედიკამენტები, თუმცა მათი ხშირი გამოყენება მიზანშეწონილი არ არის. თუ ტკივილმა მუდმივი ხასიათი მიიღო, უთუოდ აცნობეთ ექიმს.
. კიდევ ერთი გზა დისკომფორტის შესამსუბუქებლად წონის დაკლებაა. რაღა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, როდესაც ტერფის ტკივილისა და შეშუპების გამომწვევი ფაქტორი სიმსუქნეა.
რამდენს უნდა იწონიდეს სასკოლო ჩანთა?

მშობლებს აშფოთებთ, რომ დღევანდელი მოწაფის სასკოლო ჩანთა დასაშვებზე მძიმეა. როგორი წონა მიიიჩნევა ბავშვისთვის მძიმედ და რა საფრთხეს უქმნის მოწაფეს მძიმე ჩანთის რეგულარული ტარება? ამ კითხვებზე “ავერსის კლინიკის” ორთოპედი მარინა მაჭავარიანი გვიპასუხებს:
– მძიმე ჩანთის ტარება ბავშვებისთვის რეკომენდებული არ არის. მართალია, მოწაფეები უმეტესად ზურგჩანთებით დადიან და ასეც უნდა იყოს, რათა სიმძიმე ორივე მხარეს თანაბრად გადანაწილდეს, მაგრამ მისი რეგულარული ტარება არასასურველია, კისრის, მხრების ტკივილს იწვევს. სიმძიმე ბავშვს უკან ძალავს, რის საკომპენსაციოდაც იგი წინ იხრება, ეს კი ხერხემალს არაბუნებრივ მდგომარეობაში აყენებს. თუ ბავშვი ჩანთას ცალ მხარზე იკიდებს, შესაძლოა, ამ სიმპტომებს ზურგის ტკივილიც დაერთოს. ჩანთის სიმძიმე ორივე მხარზე თანაბრად უნდა გადანაწილდეს.
უმჯობესია, ჩანთას ორთოპედიული ზურგი და სქელი ღვედები ჰქონდეს. წვრილი ღვედები ხორცში ჩაეჭირება და აწვება მხრების მიდამოში არსებულ სისხლძარღვებსა და ნერვებს, რამაც ხელებში შესაძლოა ჩხვლეტა, დაბუჟება, სისუსტე გამოიწვიოს.
სასკოლო ჩანთის წონა, რასაკვირველია, შეზღუდული უნდა იყოს, მაგრამ სტანდარტის დადგენა, ვფიქრობ, არ იქნება მართებული, რადგან ბავშვები აღნაგობითა და წონით ერთმანეთისგან განსხვავდებიან. სკოლის ჩანთის სიმძიმის ზღვარი ინდივიდუალურად უნდა დავადგინოთ. ამერიკელ ექიმთა უმეტესობა გვირჩევს, ჩანთის სიმძიმე არ აღემატებოდეს ბავშვის წონის 10-15%-ს, სხვა მონაცემებით – 1`8-ს. თუ ჩანთა ამაზე მძიმე გამოვიდა, ჯობს, პედაგოგებთან შეთანხმებით წიგნები ნაწილებად დაშალოთ.
თუ ბავშვს სკოლიოზი აქვს, მსუბუქი ჩანთა უნდა ატაროს. თუ საჭირო გახდა, ექიმს შეუძლია გასცეს ცნობა, რომ ბავშვისთვის მძიმე ჩანთის ტარება არ შეიძლება.
მშობლებს ვურჩევდი, ხანდახან შეამოწმონ ჩანთის შიგთავსი – ზოგჯერ ბავშვები მას ზედმეტი, უსარგებლო ნივთებითაც ამძიმებენ.

გააზიარე: