ასთმის მკურნალობის თავისებურებანი

გააზიარე:

ასთმა დაავადებაა, – წესისამებრ, ქრონიკული, – რომელიც სასუნთქ გზებში ჰაერის დინების გაძნელებით ვლინდება. ჰაერგამტარი გზების უეცარი სპაზმი სულხუთვას იწვევს. სპაზმს ერთვის ავტომატის ჯერივით ხშირი ხველის შეტევა... მართლაც მძიმე მდგომარეობა დავხატეთ, მაგრამ შთაბეჭდილების გასანეიტრალებლად აქვე მოგახსენებთ: ასთმა იკურნება!
აშშ-ში ასთმა 22 მილიონ ადამიანს აწუხებს. აქედან 6 მილიონი ბავშვია. 
ყოველი წამოხველება?!
რა თქმა უნდა, ყოველი წამოხველების დროს არ არის საჭირო, პატარა ექიმთან გავაქანოთ.  ასთმა შეიძლება ვივარაუდოთ, როდესაც აღინიშნება:
. ხველის ძლიერი შეტევა;
. სტვენისმაგვარი ხმა ამოსუნთქვის დროს;
. სულხუთვა;
. გულმკერდის შებოჭილობის შეგრძნება.
ხშირად ხველა ფიზიკური დატვირთვის – სირბილის, ვარჯიშის, კიბეზე არბენის – შემდეგ იჩენს თავს. არც ის არის გამორიცხული, პაწიას ხველა და სულხუთვა ტირილის, სიცილის, ძლიერი განცდის ფონზე დაეწყოს.
ასთმიან ბავშვებს ბრონქიტი, წესისამებრ, უხანგრძლივდებათ. გრიპის დროსაც შემაწუხებელი ხველა ტანჯავთ, ხველის, სულხუთვის გამო დაძინება უჭირთ... ისეც ხდება, რომ დაავადების სიმპტომები ძალზე მსუბუქად არის გამოხატული, დიდი-დიდი, პატარას ვარჯიშის შემდეგ წამოახველოს, რასაც მშობლები ყურადღებას არც კი აქცევენ, არც სტვენა ახლავს ამოსუნთქვას და ასე შემდეგ.


ნეტავ რატომ?
ასთმა ის დაავადება არ არის, თავი არ გასცეს და თავისი ბნელი საქმეები მალულად აკეთოს. საკმარისია, ბავშვი გრიპით გახდეს ავად, რომ ასთმაც მთელი თავისი ბრწყინვალებით წარმოგვიდგება. თუმცა გრიპის ვირუსი ერთადერთი ფაქტორი არ არის, რომელიც ბრონქების სპაზმს და მისი ამომფენი ლორწოვანი გარსის შეშუპებას იწვევს. ასთმის ინიციატორები არიან:
. ალერგენები: ოთახის მტვერი, ცხოველის ქერტლი, მცენარეული მტვერი, ხავსი... შესაძლოა (მაგრამ არა აუცილებელი), ბავშვი ასთმისკენ იყოს მიდრეკილი, თუ აღენიშნება ალერგიული გამონაყარი, საკვებისმიერი ალერგია ან პოლინოზი (ალერგია მცენარის მტვერზე, რომელიც ძირითადად სეზონური ხასიათისაა);
. სიგარეტის კვამლი ან სხვა სახის გამონაბოლქვი;
. ვარჯიში ან სხვა სახის ფიზიკური დატვირთვა;
. ცივი ჰაერი.
ასთმისკენ მიდრეკილნი არიან ის ბავშვები, რომელთა მშობლებსაც ანალოგიური პრობლემა ან უბრალოდ ალერგია აწუხებთ, ასევე ისინი, ვინც ჭარბ წონას უჩივიან ან მცირე წონისანი დაიბადნენ. სპეციალისტები ასთმას უკავშირებენ სინუსიტს (წიაღების ანთება), გასტროეზოფაგურ რეფლუქსს (ამოქაფებით ვლინდება) და ქრონიკულ რინიტს (სურდოს) – თუ პაწიას ამგვარი პრობლემები აწუხებს, არსებობს ალბათობა, ადრე თუ გვიან ასთმამ წამოყოს თავი.

რომელი ჯობია?
ექვსი წლიდან დიაგნოზის დასმა გაცილებით იოლია, რადგან ტესტი, რომელსაც სპირომეტრია ჰქვია და ფილტვების ფუნქციას ამოწმებს, მცირე ასაკში ძნელი ჩასატარებელია. თუმცა დიაგნოსტიკა ნებისმიერ შემთხვევაში არ არის რთული. აი, მკურნალობა კი ხშირად ერთგვარ დისკომფორტს უკავშირდება – ბავშვი ხშირად იძულებულია, ინჰალატორი (აეროზოლი, ნებულაიზერი) გამოიყენოს.
. აეროზოლი დოზატორით (Metered Dose Inhaler – MDI) ასთმიანებს შორის ძალზე პოპულარულია. მასში შედის წამლით სავსე მომცრო ჭურჭელი, კანისტრა, და პლასტმასის კონტეინერი, რომელშიც ეს კანისტრა თავსდება. პლასტმასის ნაწილს აქვს პირში ჩასადები ბოლო და ღილაკი, რომელზე დაჭერის დროსაც მედიკამენტი სასუნთქ გზებში ხვდება.

MDI-ს გამოყენების წესი ასეთია:
ბავშვი ფეხზე დააყენეთ ან სკამზე დასვით. ყურადღება მიაქციეთ, რომ თავი სწორად ეჭიროს. აეროზოლი პირიდან ორ თითზე დაიკავეთ ან, თუ ბავშვი დაჭერას შეძლებს, თავად მას მიეცით ხელში. სთხოვეთ, ძლიერად ამოისუნთქოს და ჩასუნთქვას რომ დაიწყებს, ღილაკს დააჭიროს, ბოლომდე შეისუნთქოს და სუნთქვა 10 წამით შეიკავოს. თუ ამდენ ხანს ვერ მოახერხებს – მანამდე, სადამდეც შეძლებს. თუ ბავშვს მედიკამენტის კიდევ ერთი დოზა დასჭირდა, გაიმეოროს ეს ყველაფერი ერთი წუთის შემდეგ.

. აეროზოლი დოზატორითა და სპეისერით (MDI with Spacer) უფრო უკეთ უზრუნველყოფს სასუნთქ გზებში წამლის სრული დოზის მოხვედრას. ღილაკზე თითის დაჭერის შემდეგ გამოფრქვეული წამალი ჯერ სპეისერში ხვდება, შემდეგ კი ბავშვი მას ნელ-ნელა მთლიანად შეისუნთქავს. სპეისერი ინჰალატორს მოჰყვება, ზოგჯერ კი ცალკე უნდა შეიძინოთ და მოარგოთ. ბავშვებისთვის კიდევ უფრო მოხერხებულია ნიღბიანი აეროზოლი, რომელიც სპეისერზე მაგრდება.
. ფხვნილის ინჰალატორი. მას მოზრდილი ბავშვები იყენებენ. ამ ტიპის ინჰალატორის გამოყენების დროს არც დოზის კონტროლი ხდება, არც ღილაკის საშუალებით გამოიფრქვევა მედიკამენტი; ადამიანი თავად ირგებს პირთან ინჰალატორს და ღრმად შეისუნთქავს. 
. ნებულაიზერი. ეს მოწყობილობა მედიკამენტს ორთქლად აქცევს, რომელსაც ადამიანი ნიღბის საშუალებით შეისუნთქავს. ნებულაიზერი ძალზე მოხერხებულია ბავშვებისთვის.
ინჰალატორი სჭირდება პატარას თუ ნებულაიზერი, ექიმი დაადგენს, თუმცა რა გზით მოხვდება ფილტვებში მედიკამენტი, ამას ჯამში არც ისე დიდი მნიშვნელობა აქვს; მთავარია, ბავშვისთვის იყოს მოხერხებული.
ინჰალატორი უფრო მცირე ზომისაა და მისი საშუალებით მედიკამენტის საჭირო დოზის ათვისება უფრო სწრაფად შეიძლება. მცირე ასაკის პაწიებისთვის გაცილებით მოხერხებულია სპეისერიანი და ნიღბიანი ინჰალატორი. კიდევ უფრო მოხერხებული კი ნებულაიზერია. ასაკთან ერთად ფხვნილის ინჰალატორის ხმარება უფრო იოლი ხდება: მისი გამოყენებისას მედიკამენტის სუნთქვის რიტმთან შეთანხმებით ათვისება საჭირო არ არის.

იგრძენი შვება
ბავშვი ასთმის შეტევებმა რომ არ გააწვალოს, დედიკომ ჯანსაღი გარემოც უნდა შეუქმნას. ვიქცევით ასე:
. ოთახში, სადაც ბავშვს დიდხანს უხდება ყოფნა, სიმშრალეს ვინარჩუნებთ. ნესტიანი გარემო ფილტვებს აღიზიანებს. კონდიციონერის გამოყენება ხშირად შედეგიანია.
. შესაძლოა, პატარას განსაცდელის მიზეზი ოთახის მტვერი იყოს. ამ შემთხვევაში ბინის სველი წესით დალაგებას გირჩევთ. გარდა ამისა, გადამალეთ პლუშის სათამაშოები, ხალიჩები, ხშირად გაფერთხეთ ნაჭრის ავეჯი, ლეიბები, შალითები.
. თუ ბავშვს ასთმური ხველის შეტევები განსაზღვრულ სეზონზე ეწყება, შეძლებისდაგვარად მოარიდეთ ალერგენს (გარკვეული ხნის განმავლობაში აუკრძალეთ ეზოში თამაში), შინ კი ფანჯრები საგულდაგულოდ დახურეთ.
. თუ ასთმის სიმპტომები სიცივეში მძაფრდება, შინიდან გასვლისას ბავშვს ცხვირ-პირზე კაშნე შემოახვიეთ.
. შესაძლოა, ხველის შეტევა ფიზიკური დატვირთვის შემდეგ იჩენდეს თავს. მკურნალობის ფონზე ამგვარი დისკომფორტი, წესისამებრ, ქრება, ასე რომ, ნუ გააზარმაცებთ პატარას, მიეცით საშუალება, ივარჯიშოს, ირბინოს... ფიზიკური აქტიურობა ორგანიზმის მოსაძლიერებლად აუცილებელია.
. აკონტროლეთ წნევა. ჭარბი წონა ასთმიანს სასიკეთოდ ნამდვილად არ წაადგება.
. ყურადღებით შეარჩიეთ კვების რაციონი. მეტად მარგებელია ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების შემცველი საკვები (უმთავრესად თევზი), C ვიტამინი, სელენი, ანტიოქსიდანტებით მდიდარი საკვები (ხილი, ბოსტნეული). თუ ექიმი გირჩევთ, მიეცით პაწიას ვიტამინებისა და მინერალების კომპლექსიც. 

გააზიარე: