უშაქრო დიაბეტი

გააზიარე:

წყურვილი ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა. სიცხეში, მლაშე საკვების მიღების შემდეგ, ფიზიკური დატვირთვისა და მაღალი ტემპერატურის დროს ეს შეგრძნება მძაფრდება, რაც სავსებით ბუნებრივია, მაგრამ არის შემთხვევები, როდესაც მუდმივი და ძლიერი წყურვილი პათოლოგიაზე მიუთითებს. კერძოდ, გაძლიერებული წყურვილი უშაქრო დიაბეტის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია. საინტერესოა, რომ ბავშვებში ღამის უნებლიე შარდვის მიზეზი ხშირად სწორედ უშაქრო დიაბეტია. ამ დაავადების შესახებ გვესაუბრება აკადემიკოს ნ. ყიფშიძის სახ. ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ქეთევან ხითარიშვილი.

–უშაქრო დიაბეტი (უშდ) ქრონიკული დაავადებაა, რომელსაც იწვევს ვაზოპრესინის – ორგანიზმის წყალმარილოვანი ცვლის მარეგულირებელი ერთ-ერთი მთავარი ჰორმონის – გამომუშავების შემცირება ან თირკმელზე მისი პერიფერიული ზემოქმედების დათრგუნვა. შარდსაწინააღმდეგო მოქმედების გამო ვაზოპრესინს ანტიდიურეზულ ჰორმონს (ადჰ) უწოდებენ (“ანტი” – წინააღმდეგ, “დიურეზი” – შარდვა).

უშაქრო დიაბეტს გაძლიერებული შარდვა და წყლის უხვი სმა ავლენს. მისი სინონიმებია უშაქრო ხშირი შარდვა, ინსიპიდური (გემოს გარეშე) დიაბეტი – diabetes isipidus. საბედნიეროდ, უშაქრო დიაბეტი არცთუ ისე გავრცელებულია. ენდოკრინულ დაავადებებს შორის მისი პროცენტული მაჩვენებელი 0,5-0,7-ს უდრის (15 000-17 000-დან 1 შემთხვევა). ყოველწლიურად 1 000 000 კაცზე დაავადების ერთი ახალი შემთხვევა ვლინდება. უმეტესად მამაკაცები ავადდებიან. ბავშვებში უშაქრო დიაბეტი უპირატესად 12 წლის ასაკიდან გვხვდება.

უშაქრო დიაბეტის არსის გასაგებად, ურიგო არ იქნება, შარდის წარმოქმნის პროცესს გადავავლოთ თვალი. მოგეხსენებათ, ორგანიზმიდან სითხის გამომყოფი მთავარი ორგანო თირკმელია. შარდის გამოყოფა საკმაოდ რთული პროცესია და რეაქციათა მთელ წყებას მოიცავს. თავდაპირველად სისხლი თირკმლის გორგლებში იფილტრება და წარმოიქმნება პირველადი შარდი, რომლის მოცულობა საბოლოო შარდის მოცულობაზე ბევრად მეტია. მომდევნო ეტაპზე ხდება რეაბსორბცია – თირკმლის კლაკნილი და შემკრები მილაკების საშუალებით პირველადი შარდიდან სითხე უკანვე შეიწოვება – და საბოლოოდ იმ ოდენობის შარდი წარმოიქმნება, რომელიც სხეულიდან გამოიყოფა.

ანტიდიურეზული ჰორმონი პროცესის მეორე ეტაპში უშუალოდ მონაწილეობს. იგი პირველადი შარდიდან დიდი ოდენობის სითხის (და არა ელექტროლიტების) უკუშეწოვას განაპირობებს. ამ პროცესის ნორმალური მიმდინარეობისთვის ანტიდიურეზული ჰორმონი თირკმლის მილაკების სპეციფიკურ რეცეპტორებს უკავშირდება. მხოლოდ ამის შემდეგ ვლინდება მისი ბიოლოგიური ეფექტი – სითხის უკუშეწოვა და საბოლოო შარდის წარმოქმნა. ამრიგად, ადჰ-ის ნორმალური ფუნქციონირებისთვის აუცილებელია, ერთი მხრივ, მისი ნორმალური ოდენობით გამომუშავება და სისხლში გამოყოფა, და, მეორე მხრივ, თირკმელებში ოპტიმალური რაოდენობის შესაბამისი რეცეპტორების არსებობა. სხვაგვარად საბოლოო შარდის წარმოქმნა დაირღვევა, ორგანიზმი ვერ შეიკავებს მიღებულ სითხეს და დიდი ოდენობის შარდს გამოყოფს. ეს დაარღვევს პლაზმის ოსმოსურ წნევას, რაც განსაზღვრულ რეცეპტორებზე ზემოქმედებით წყურვილის შეგრძნებას ბადებს. მის საკომპენსაციოდ პაციენტი წყალს ჭარბი რაოდენობით სვამს.

განურჩევლად ფორმისა, დაავადება ან შთამომავლობითია, ან შეძენილი. ცენტრალური შეძენილი უშაქრო დიაბეტის მიზეზები გახლავთ ჰიპოფიზის სრული ან ნაწილობრივი ამოკვეთა, ჰიპოფიზის სიმსივნის ოპერაციული მოცილება, ინფექციური აგენტები, ტრავმა, აუტოიმუნური ფაქტორი, რომელიც ორგანიზმში აკრძალული ცილის სინთეზით არის განპირობებული.

თირკმლისმიერ შეძენილ უშაქრო დიაბეტს იწვევს: თირკმლის ქრონიკული დაავადებები (მაგალითად, პიელონეფრიტი); ჰიპოკალემია – სისხლში კალიუმის ნაკლებობა; ცილოვანი შიმშილი – ცილების მიღების მკვეთრი შეზღუდვა; ჰიპერკალცემია – სისხლში კალციუმის სიჭარბე; ზოგირთი მედიკამენტი, მაგალითად ლითიუმის პრეპარატები, გენტამიცინი, ვინბლასტინი, კოლხიცინი, თალაზამიდი, ფუროსემიდი და სხვა.

ცნობილია იდიოპათიური უშაქრო დიაბეტიც. ასე უწოდებენ დაავადებას, რომელიც სპონტანურად ან დაუდგენელი მიზეზით ვითარდება. დაავადების ყველაზე მძიმე ფორმაა ცენტრალური უშდ, რომელსაც ახასიათებს საკმაოდ მძიმე ფსიქონევროლოგიური ნიშნები: უძილობა, უგუნებობა, აგზნებადობა, თავის ტკივილი, შრომის უნარის მკვეთრი დაქვეთება. შედარებით მსუბუქად მიმდინარობს თირკმლისმიერი უშაქრო დიაბეტი.

როდესაც ავადმყოფს აღენიშნება უშაქრო დიაბეტის ძირითადი კლინიკური გამოვლინებები – გაძლიერებული შარდვა და წყურვილი, რაც აიძულებს, დღე-ღამეში 3-დან 20 ლიტრამდე სითხე მიიღოს, ინიშნება სათანადო გამოკვლევები: განისაზღვრება შარდის ხვედრითი წონა, სისხლისა და შარდის ოსმოლარობა, სისხლში ადჰ-ის ოდენობა. ტარდება შიმშილის ტესტი. ცენტრალური უშაქრო დიაბეტის შემთხვევაში მივმართავთ ჰიპოფიზის კომპიუტერულ ტომოგრაფიას ან მაგნიტურ-რეზონანსულ კვლევას.

საჭიროა უშაქრო დიაბეტის დიფერენცირება ნერვული პოლიდიფსიისგან, რომელიც შედარებით იშვიათია და პათოლოგიური წყურვილის სინდრომს წარმოადგენს. ამ დიაგნოზის დადასტურება შესაძლებელია, როდესაც სადიაგნოსტიკო კრიტერიუმები უშაქრო დიაბეტს გამორიცხავს. ასეთი სახის დარღვევას უფრო ფსიქოგენური ხასიათი აქვს და შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, შესაბამისად, მოითხოვს ძირითადი დაავადების მკურნალობას.
ბავშვთა ენურეზი – ღამის უნებლიე შარდვა, რომელიც საკმაოდ არის გავრცელებული, ხშირად სწორედ უშაქრო დიაბეტით არის განპირობებული. ღამის ენურეზის გამო ბავშვები თავდაპირველად პედიატრ-უროლოგთან მიჰყავთ, რომელიც პრობლემის სხვა მიზეზებისგან დიფერენცირების მიზნით ენდოკრინოლოგს მიმართავს.

უშაქრო დიაბეტის დროს ბავშვები უჩივიან თავის ტკივილს, ცუდად სძინავთ, აწუხებთ კანის სიმშრალე, უმადობა, არ იმატებენ წონას, ჩამორჩებიან ფიზიკური განვითარებით.

ბავშვთა ენურეზის სამკურნალოდ, პირველ ყოვლისა, მივმართავთ რეფლექსოთერაპიას, რომელსაც საკმაოდ კარგი შედეგი აქვს. ხშირად ენურეზი ასაკთან ერთად თავისთავად გაივლის. უფრო მძიმე შემთხვევებში შესაძლოა, დროებით დაინიშნოს მედიკამენტი.

ცენტრალური უშდ-ის მკურნალობის პრინციპია ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია მთელი სიცოცხლის მანძილზე. ამისთვის გამოიყენება სინთეზირებული ადჰ (დესმოპრესინი, ვაზოპრესინი, არგიპრესინი, ლიპრესინი), რომლებსაც ცხვირში იწვეთებენ ან შეისუნთქავენ. არსებობს ასევე ანტიდიურეზული საშუალება ტაბლეტების სახით (მინირინი), რომელიც საქართველოშიც არის რეგისტრირებული.

როდესაც სამკურნალო საშუალება ადეკვატური დოზით არის შერჩეული, პაციენტები შრომისუნარიანობას მეტწილად მთლიანად ინარჩუნებენ.
თირკმლისმიერი უშაქრო დიაბეტის სამურნალოდ შეიძლება გამოიყენებულ იქნას შარდმდენი საშუალებები (მათი პარადოქსული მოქმედების ეფექტის გამო), აგრეთვე პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორები (იბუპროფენი, ინდომეტაცინი, ასპირინი). მათვე იყენებენ ცენტრალური და თირკმლისმიერი უშაქრო დიაბეტის დიფერენცირებისთვის. დიურეტიკებს დადებითი ეფექტი მხოლოდ თირკმლისმიერი უშაქრო დიაბეტის შემთხვევაში აქვს.

დაავადება ადამიანის ცხოვრების წესზე გარკვეულწილად მოქმედებს, ვინაიდან ნებისმიერი ფორმის უშაქრო დიაბეტის შემთხვევაში ავადმყოფს ყოველგვარი ალკოჰოლური სასმელი ეკრძალება, ლუდიც კი.

ამგვარად, როდესაც ადამიანი იწყებს არადეკვატური ოდენობის შარდის გამოყოფას და/ან არაადეკვატური ოდენობის სითხის მიღებას, უშაქრო დიაბეტის არსებობა უნდა ვიეჭვოთ და კონსულტაციისთვის დაუყოვნებლივ მივმართოთ სპეციალისტს. იგივე ითქმის ბავშვებში ღამის უნებლიე შარდვისა და ჭარბი სითხის უმიზეზო მიღების შემთხვევებზეც.

გააზიარე: