საინტერესო ფაქტები მედიცინის ისტორიიდან

გააზიარე:

მედიცინა ელვის სისწრაფით ვითარდება. ის, რაც დღეს ჭეშმარიტებად მიიჩნევა, ხვალ შესაძლოა შეცდომად ჩაითვალოს. თუ მედიცინის ისტორიას თვალს გადავავლებთ, ბევრ გასაოცარ ფაქტს წავაწყდებით.


1865 წელს ამერიკელმა არქეოლოგმა ეფრაიმ ჯორჯ სკვაიერმა (Ephraim George Squier) პერუდან წამოიღო უძველესი სამხრეთამერიკელის თავის ქალა, რომელიც მას კოლექციონერმა გადასცა. ამ არტეფაქტმა ატლანტის ოკეანის გაღმა და გამოღმა არსებულ სამედიცინო წრეებში დიდი პოლემიკა გამოიწვია. საქმე ის გახლავთ, რომ ქრისტეს შობამდე 1530-1400 წლებით დათარიღებულ თავის ქალას შუბლის წილის საპროექციო არეში მართხკუთხა ხვრელი ჰქონდა. სკვაიერმა აღმოჩენა ნიუ-იორკის მედიცინის აკადემიას და ფრანგ ნეირომეცნიერ პოლ ბროკას გაუზიარა, რომელმაც არტეფაქტის შესწავლის შემდეგ დაასკვნა, რომ ხვრელი სიცოცხლის პერიოდში იყო განზრახ გაკეთებული.


ამ ტიპის ტრეპანაციას მთელ მსოფლიოში მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია აქვს. როგორც ჩანს, ეს პროცედურა ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მრავალი კულტურისთვის იყო ცნობილი. ჩნდება კითხვა: რატომ მიმართავდნენ უძველესი ადამიანები ტრეპანაციის ამ ფორმას? ბროკას მოსაზრებით, ისინი ამგვარად ცდილობდნენ სხეულიდან ავი სულის გამოდევნას. თუმცა ამგვარი თეორიები პოპულარული იყო მეცხრამეტე საუკუნის თეთრ ანთროპოლოგებს შორისაც, რომლებიც ადგილობრივ კულტურას სამეცნიერო თვალსაზრისით უმნიშვნელოდ მიიჩნევდნენ. ისიც შესაძლოა, ტრეპანაცია მოტეხილობათა სამკურნალო მეთოდი ყოფილიყო. ცნობილია, რომ უძველესი ბერძნებიც იყენებდნენ აღნიშნულ ხერხს. ცხადია, დღეს უკვე შეუძლებელია, ზუსტად გავიგოთ, რა მიზნით აკეთებდნენ თავის ქალაში ასეთ ხვრელებს, მაგრამ, სავარაუდოდ, ლოგიკა ნაკლებად ბარბაროსული იქნებოდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
შევეცადოთ, მეტი შევიტყოთ პლასტიკური ქირურგიის ისტორიის შესახებ.


გაგიკვირდებათ, მაგრამ პლასტიკური ქირურგები უძველეს დროშიც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე იდგნენ. მათ ხშირად უწევდათ ისეთი რთული ოპერაციების ჩატარება, როგორიცაა, მაგალითად, ცხვირის აღდგენა. ძველ დროში ადამიანები ხშირად კარგავდნენ ცხვირს ომში ან ამა თუ იმ დაავადების გამო. აღმოსავლეთის ქვეყნებში ზოგიერთ დამნაშავეს ცხვირის მოჭრით სჯიდნენ. ინდოელი ქირურგი სუშრუტა ჯერ კიდევ ძველი წელთაღრიცხვის 600 წელს იყენებდა სხეულის დაკარგული ნაწილის აღსადგენად კანის გადანერგვის მეთოდს. ის პაციენტის ლოყიდან იღებდა კანის ნაფლეთს და ცხვირის ადგილას აკერებდა, მერე კი მასში ამაგრებდა პატარა ლერწმის მილებს, რომლებიც ნესტოების ფუნქციას ასრულებდა.
მსგავსი მეთოდი რენესანსის პერიოდის იტალიაში ბრანკასა და ვიანეოს ქირურგთა ოჯახებმაც შეიმუშავეს. ისინი ახალ ცხვირს პაციენტის მკლავის კანისგან ქმნიდნენ. რინოპლასტიკის მათეული ტექნიკა დიდხანს საიდუმლოდ რჩებოდა. მხოლოდ 1597 წელს გააცნო ბოლონიის უნივერსიტეტის ანატომიის პროფესორმა გასპარე ტალიაკოციმ (Gaspare Tagliacozzi) ფართო საზოგადოებას ცხვირის აღდგენის აღნიშნული მეთოდი. მას სურდა, უფრო მეტ ქირურგს მიეღო ინფორმაცია რინოპლასტიკის შესახებ.
თუმცა ამ მეთოდს ტალიაკოცის სიკვდილის შემდეგაც იშვიათად იყენებდნენ. ევროპელმა ქირურგებმა მხოლოდ მეთვრამეტე საუკუნეში გაიცნეს მეთოდი, რომელსაც ინდოეთში უკვე დიდი ისტორია ჰქონდა და რომელიც რამდენიმე საუკუნით ადრე ტალიაკოციმ აღწერა.


1794 წელს ჟურნალ “Genrlman's Magazine” დაბეჭდილი სტატია მოგვითხრობს ინდოეთის არმიის წევრზე, რომლიც სულთანმა ღალატისთვის დასაჯა და ცხვირი და ხელი მოაჭრა. სტატიის თანახმად, უცნობმა ქირურგმა მაჰრატამ მოხერხებულად შექმნა ახალი ცხვირი პაციენტის შუბლის კანისგან. 1814 წელს, აღნიშნული სტატიის გაცნობის შემდეგ, ბრიტანელმა ქირურგმა კონსტანტინ კარპმა (Constantine Caprue) მუშაობა დაიწყო ანალოგიური ოპერაციის ჩასატარებლად. მისმა ნაშრომებმა ევროპის სამედიცინო წრეებში ისევ აღძრა ინტერესი რინოპლასტიკის მიმართ და დაეხმარა დასავლელ ქირურგებს, ამ საკითხში ინდოელ კოლეგებს დასწეოდნენ.
კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც ღიმილს მოგგვრით: დღევანდელ მედიცინაში სიტყვები “ჯანმრთელობა” და “სიგარეტი” შეუთავსებელია, მაგრამ იყო დრო, როდესაც სიგარეტი ჯანმრთელობისთვის სასარგებლოდ მიაჩნდათ. მეტიც – მეცხრამეტე საუკუნეში არსებობდა ე.წ. სამედიცინო სიგარეტები, რომლებიც ასთმის ინჰალაციური თერაპიის ერთ-ერთი აუცილებელი კომპონენტი იყო.


ასთმის მიზეზების შესახებ თეორიები საუკუნეების განმავლობაში იცვლებოდა. ზემოაღნიშნულ პერიოდში მიიჩნევდნენ, რომ მცენარეთა კვამლის შესუნთქვა ასთმის სამკურნალო ეფექტური ხერხი უნდა ყოფილიყო. საინტერესოა ისიც, რომ მეთვრამეტე საუკუნის მიწურულს ასთმას ნერვულ დაავადებათა რიცხვს მიაკუთვნებდნენ, მიზეზი კი სტრესის შედეგად განვითარებული ბრონქული სპაზმი ეგონათ. სწორედ ამ დროს გამოჩნდა ასპარეზზე მცენარე ლემა (datura stamonium). მას უკვე კარგად იცნობდნენ ამერიკაში, ბრიტანეთში კი მისი გამოყენება 1802-1810 წლებში დაიწყეს. ლონდონელმა ქირურგმა ჯოზეფ ტოლმინმა Joseph Toulmin) ლემა ჩაანაცვლა უფრო მეტად ხელმისაწვდომი საშუალებით, რომელიც თავად ასთმით დაავადებულ ქირურგსაც შვებას ჰგვრიდა. ახალი წამლის შესახებ დანარჩენმა მსოფლიომაც მალე გაიგო.


თავდაპირველად ლემას ჩვეულებრივი ჩიბუხით ეწეოდნენ. ნებისმიერ ადამიანს შეეძლო, თავად გაეხარებინა აღნიშნული მცენარე, გამოეშრო მისი ფესვები და ღერო (ლემას ფოთლებს გამაბრუებელი ეფექტის გამო არ იყენებოდნენ). მეცხრამეტე საუკუნის შუა წლებში მოწევა სოციალურად მისაღები ქმედება გახდა. მის მიმართ ტოლერანტული განწყობა სიგარებისა და სიგარეტების გაჩენამაც განაპირობა. ექიმები, თუმცაღა მას ასთმისგან სწრაფად განმკურნებელ საშუალებად არ მიიჩნევდნენ, პაციენტებს ურჩევდნენ მის გამოყენებას, რადგან, მათი აზრით, სიგარეტის კვამლის შესუნთქვით სამკურნალო საშუალება ორგანიზმში იოლად ხვდებოდა.


მეოცე საუკუნის დასაწყისში ასთმის განვითარების სპაზმური თეორია ალერგიულმა თეორიამ შეცვალა, რის შემდეგაც ეჭვის ქვეშ დადგა მოწევის ეფექტურობა. იმავე პერიოდში გამოჩნდა ახალი სამკურნალო საშუალება – ეფედრინი, რომელიც ჰალუცინოგენ ლემას ჭეშმარიტ კონკურენტად იქცა. ვინაიდან დროთა განმავლობაში თამბაქოს მავნებლობა უფრო თვალსაჩინო გახდა, სამედიცინო სიგარეტებმაც დაკარგა ძველი ხიბლი. მიუხედავად ამისა, ლემა ისევ გამოიყენებოდა სუნთქვის გაძნელების დროს.
დაბოლოს, მინდა, პირველი აფროამერიკელი ექიმი ქალის შესახებ გიამბოთ. 1869 წლის მაისში გაიმართა ექიმების ყოველწლიური შეკრება, რომელიც ერთ-ერთმა ექიმმა ახალი ინგლისის მონობის წინააღმდეგ მებრძოლ საზოგადოებას მიუძღვნა. მონობა ოთხი წლით ადრე, 1865 წელს გაუქმდა და ექიმმა გონებამახვილურად იწინასწარმეტყველა, რომ მათ მძიმე ჯაფა დაადგებოდათ თავიანთი უფლებების დასაცავად. გამომსვლელი გახლდათ რებეკა კრამპლერი, პირველი აფროამერიკელი ექიმი ქალი, რომელმაც საკუთარი კარიერა გაჭირვებაში მცხოვრები შავკანიანი მოსახლეობის, განსაკუთრებით – ქალებისა და ბავშვების, ჯანმრთელობას მიუძღვნა.


რებეკა (მისი ფოტოები, სამწუხაროდ, არ შემონახულა) 1831 წელს დაიბადა, 1852 წელს ვიატ ლიზე იქორწინა და მასაჩუსეტსის ქალაქ ჩარლზტაუნში დასახლდა. თავდაპირველად ის ადგილობრივი ექიმის კაბინეტში ექთნად მუშაობდა, მერე კი ახალი ინგლისის ქალთა სამედიცინო კოლეჯში დაიწყო სწავლა. 1863 წელს მეუღლე ტუბერკულოზით გარდაეცვალა, მაგრამ, დიდი მწუხარების მიუხედავად, შეუპოვრად განაგრძო სწავლა და მოზნისკენ სვლა. ერთ წელიწადში კოლეჯი წარმატებით დაასრულა და პრაქტიკა ბოსტონში დაიწყო. ბოსტონის საავადმყოფოში დიდი ხანი არ დაუყვია – გადაწყვიტა, საქმიანობა კანადაში, ნიუ-ბრუნსვიკში გაეგრძელებინა, სადაც 1965 წელს არტურ კრამპრელზე დაქორწინდა.
ამერიკის სამოქალაქო ომის შემდეგ რებეკა ლი კრამპლერი ვირჯინიაში, რიჩმონდში დაბრუნდა, რათა ფრიდმანის სამთავრობო სააგენტოში ემუშავა, რომელიც დახმარებას უწევდა გათავისუფლებულ მონებსა და გაღატაკებულ თეთრკანიან მოსახლეობას. საინტერესოა, რომ, მიუხედავად ექიმის სტატუსისა, საბუთებში რებეკა ექთნად არის მოხსენიებული. აღნიშნულია ისიც, რომ მისი თვიური გასამრჯელო 10 ამერიკული დოლარი იყო. მოგვიანებით ის თავისი კარიერის ამ ნაწილს ნამდვილ მისიონერულ საქმიანობას უწოდებდა. რებეკა ემსახურებოდა 30 000 შავკანიანს, რომლებიც მონობისგან გათავისუფლდნენ, მაგრამ კვლავაც ძალადობრივი დისკრიმინაციის მსხვერპლად რჩებოდნენ. ის განსაკუთრებით ღატაკ ოჯახებს ეხმარებოდა.
რებეკას მიერ 1883 წელს სამედიცინო დისკუსიებზე დაწერილი წიგნი იყო ერთ-ერთი პირველი სამედიცინო პუბლიკაცია, რომელიც აფროამერიკელმა გამოაქვეყნა. თუ ავტორის სქესსაც გავითვალისწინებთ, ეს განსაკუთრებულ ფაქტად შეიძლება ჩაითვალოს. კრამპლერმა ყოველთვის იცოდა, რომ ცოდნა ძალაა და რომ ქალებს სჭირდებათ გამხნევება და მხარდაჭერა, რათა იყვნენ სოციალურად უფრო აქტიურნი, საკუთარი ინტერესების დასაცავად და თავიანთი თუ შვილების ცხოვრების გასაუმჯობესებლად იბრძოლონ.

გააზიარე: