თავის ტკივილის მიზეზები

გააზიარე:

ალბათ არ არსებობს ადამიანი (თუ ტიგრან გულოიანს არ ჩავთვლით), თავის ტკივილი რომ არ გამოეცადოს.. საკმარისია, ერთი დაიწუწუნოთ, – საქმეში ჩახედულნი იმწამსვე ათასი შეკითხვით გაგაწამებენ. ამას თქვენსავე სასიკეთოდ ვჩადით, ამიტომ ნუ გაგვიბრაზდებით, გეთაყვა, და ტკივილის ლოკალიზაციას რომ გკითხავთ, ჩრდილო-დასავლეთითო, ნუ გვიპასუხებთ...

თავი ერთია, მაგრამ შეიძლება, უამრავმა რამემ აგატკივოთ. მიზეზის დადგენა არც ისე ადვილია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. ვეცდებით, მიმართულება გიჩვენოთ, ოღონდ გაითვალისწინეთ, ეს მხოლოდ ზოგადი სქემაა, ამიტომაც ყოველთვის არ გამოდგება, ვერც ექიმის რჩევას შეგიცვლით.

სიმპტომები

1. ხომ არ გაქვთ სიცხე, გაწუხებთ ყელის ტკივილი, სურდო, ხველა (ე.წ. გაციების სიმპტომები) ანდა გულისრევა და ფაღარათი?
2. კისერს ვერ ხრით, აღებინებთ, ჩვეულებრივი შუქი კი თვალებს გტკენთ?
3. ამ ბოლო ხანებში თავი რამისთვის ხომ არ მიგირტყამთ, წაქცეულხართ ან გიჩხუბიათ?
4. ხომ არ გრძნობთ დაბუჟებას, ჩხვლეტას ანდა სისუსტეს კიდურებში?
5. თვალის ირგვლივ ზეწოლას გრძნობთ, გაქვთ სურდო მოყვითალო-მომწვანო გამონადენით, ყელის ტკივილი და სიცხე?
6. საფეთქლების მიდამოში ტკივილი მსუბუქი ან საშუალო ინტენსივობისაა და უმეტესად სტრესის ანდა ერთ პოზაში დიდხანს ჯდომის შემდეგ აღმოცენდება?
7. გაწუხებთ ძლიერი მფეთქავი ტკივილი, ხშირად – გულისრევასა და ღებინებასთან ერთად, ტკივილს კი ზოგჯერ მოციმციმე სინათლის დანახვა უძღვის წინ?
8. ტკივილი თავს იჩენს კითხვის, ტელევიზორის ყურების ანდა კომპიუტერთან მუშაობის შემდეგ?
9. ტკივილი არამყარ სიარულსა და სისუსტესთან ერთად მაშინ გახსენებთ თავს, როცა კვებას გამოტოვებთ?
10. ცდილობთ, შეამციროთ მიღებული კოფეინის, ალკოჰოლის, ან რომელიმე წამლის რაოდენობა?
მეტი ინფორმაციისთვის ექიმს მიმართეთ.

შესაძლო დიაგნოზი

1. ზედა სასუნთქი გზების ვირუსული ინფექცია (გაციება, გრიპი) ანდა ვირუსული გასტროენტერიტი 
2. მენინგიტი, თავისა და ზურგის ტვინის გარსების ინფექცია ანდა ინტრაკრანიალური ჰემორაგია, სისხლდენა ტვინის ქსოვილში 
3. ტვინის შერყევა ანდა სუბდურული ჰემატომა, როცა ჩაქცეული სისხლი ტვინის ქსოვილს აწვება
4. ინსულტი
5. სინუსური ინფექცია
6. დაჭიმულობის თავის ტკივილი
7. შაკიკი
8. მხედველობის პრობლემები
9. ჰიპოგლიკემია
10 აღკვეთის სინდრომი

ქცევის წესები

1. დაისვენეთ და რაც შეიძლება მეტი სითხე სვით, შემაწუხებელ სიმპტომებთან ბრძოლისთვის კი სათანადო მედიკამენტები მოიშველიეთ: სიცხის დასაწევად და გაციების სხვა ნიშნების მოსახსნელად – ეფექტი ფლუ, პიროსალი, ყელის ტკივილისთვის – ნეოანგინი, ხველისთვის – ეხინასალი, ლაზოლვანი, ნაწლავთა სპაზმის საწინააღმდეგოდ – ანბერი, ფაღარათისას – ეუკარბონი...
2. დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება ანდა წადით საავადმყოფოში.
3. რაც შეიძლება სწრაფად მიმართეთ ექიმს
4. დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება ანდა წადით  საავადმყოფოში.
5. სიცხეს, თავისა და ყელის ტკივილს რეცეპტის გარეშე გასაცემი მედიკამენტები (ეფექტი ფლუ, დიკლოფეროლი, ნეოანგინი) მოგიხსნით, ცხვირში ჩასაწვეთებლად შეგიძლიათ სპეციალური წვეთები ანდა ფიზიოლოგიური ხსნარი გამოიყენოთ. თუ ცხელება სამ დღეზე მეტ ხანს გაგრძელდა ანდა ტკივილი ძალიან ძლიერია მიმართეთ ექიმს.
6. მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი (დიკლოფეროლი, კეტოლონგი). ზოგს დასვენება, ცხელი შხაპი ანდა მტკივნეულ უბნებზე ყინულის მიდებაც შველის.
7. მიმართეთ ექიმს. თუ მართლაც შაკიკი აღმოგაჩნდათ, შესაბამის კურსს დაგინიშნავენ. მანამდე მიიღეთ დიკლოფეროლი, კეტოლონგი, ანბერი. სიმპტომებს ამცირებს ბნელ ოთახში დასვენება და მტკივან ადგილებზე ყინულის დადებაც.
8. მიმართეთ ოფთალმოლოგს, რათა გაარკვიოთ, გჭირდებათ თუ არა სათვალის ანდა კონტაქტური ლინზების ხმარება.
9. სცადეთ, 3-ჯერ მაძღრისად დანაყრების ნაცვლად 6-ჯერ მსუბუქად წაიხემსოთ. ასე სისხლში გლუკოზის სტაბილურ დონეს უფრო ადვილად შეინარჩუნებთ. მიმართეთ ექიმს ზუსტი მიზეზის დასადგენად.
10. დალიეთ ტკივილგამაყუჩებელი (დიკლოფეროლი, კეტოლონგი). ეს სიმპტომები რამდენიმე დღეში გაივლის. მძიმე პერიოდს, უბრალოდ, მოთმენა სჭირდება. მავნე ჩვევას ნუ დაუბრუნდებით.

გააზიარე: