გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს!

სიახლეები

20.11.2017
"ავერსმა" ყველაზე წარმატებული და იღბლიანი ფარმაცევტები გამოავლინა...

  1. სამედიცინო თემები >
  2. ორსულობა
  3. ჟურნალში დაბრუნება >

Print Page Digg Twitter Google ვაკონტროლებთ წნევას
ვაკონტროლებთ წნევას

ვაკონტროლებთ წნევას

წნევის ცვლილება ორსულობის თანმხლები უსიამოვნებაა. თავბრუხვევა, სისუსტე, გულის წასვლა ორსულობასთან ისე მჭიდროდ ასოცირდება, რომ ამ მდგომარეობაზე ეჭვი ხშირად სწორედ მათი წყალობით მიაქვთ. თვით ეს სიმპტომები კი წნევის დაქვეითების ბრალია. ისიც შესაძლოა, წნევამ, პირიქით, მოიმატოს და ორსულობა მძიმე პათოლოგიით – პრეეკლამფსია-ეკლამფსიით გართულდეს. სტატისტიკური მონაცემების თანახმად, პრეეკლამფსია ორსულთა 3-14%-ს უვითარდება. შემთხვევათა 75% მსუბუქად მიმდინარეობს, 25% კი მძიმედ. მძიმე ფორმა არა მხოლოდ ნაყოფის, არამედ დედის სიცოცხლესაც უქადის საფრთხეს.

ვფიქრობთ, პრობლემის მასშტაბი ნათელია. ორსულობის დროს წნევის ცვლილებასა და ამით გამოწვეულ საფრთხეზე “ავერსის კლინიკა – ახალი სიცოცხლის” ექიმი, მეან-გინეკოლოგი ქეთი იორდანიშვილი გვესაუბრება.

 

  • როგორ და რა სიხშირით უნდა გაიზომოს ორსულმა წნევა?

– წნევის სწორად გაზომვას დიდი მნიშვნელობა აქვს. წნევა იზომება მჯდომარე პოზიციაში, გულის დონეზე, ორ-ორჯერ ორივე ხელზე, ათწუთიანი ინტერვალით. იდაყვისა და მხრის ძვლები ამ დროს 45-გრადუსიან კუთხეს უნდა ქმნიდეს. სარწმუნოდ მიიჩნევა უდიდესი მაჩვენებელი. წნევის გაზომვამდე საჭიროა დასვენება – არ შეიძლება გაზომვა სიარულის, სირბილის, ჭამის შემდეგ, სტრესულ სიტუაციაში.

დაბალი თუ მაღალი წნევის ერთხელ გამოვლენა დიაგნოზისთვის საკმარისი არ არის. მისი აწევა თუ დაწევა არაერთმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. მედიცინაში ცნობილია თეთრი ხალათის ფენომენიც, როდესაც წნევის აწევა ექიმთან ყოფნით გამოწვეული უხერხულობის ბრალია. თუ წნევა მოსვენების დროსაც დაბალი ან მაღალი აღმოჩნდა, თანაც არაერთხელ, პრობლემაზე ვსაუბრობთ.

უნდა ითქვას, რომ წნევის ცვლილება ყოველთვის არ იწვევს სუბიექტურ ჩივილებს, მაგრამ დედისა თუ ნაყოფის ორგანიზმზე გავლენას მაინც ახდენს, მართვა მაინც სჭირდება, ამიტომ ექიმთან ვიზიტის დროს წნევას ყველა ორსულს უზომავენ, თუმცა არც ის არის ნორმალური, როცა ქალს მთელი დღე აპარატი უჭირავს ხელში და წნევას განუწყვეტლივ იზომავს.

  • რისი ბრალია ორსულობისას წნევის ცვლილება და ყოველთვის პათოლოგიაა თუ არა ეს?

– ორსულობისას წნევის ცვლილება ჩვეულებრივი რამაა. წნევა უმეტესად დაბლა იწევს, რაც ქალის ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებების შედეგია და განსაზღვრულ ეტაპამდე ორსულობის თანმხლებ ფიზიოლოგიურ მოვლენად მიიჩნევა. დაორსულების შემდეგ საშვილოსნოს ადეკვატური კვების უზრუნველსაყოფად იმატებს მცირე მენჯის ღრუში სისხლის მიწოდება. იზრდება მოცირკულირე სისხლის რაოდენობაც, ამიტომ გულს გაძლიერებული მუშაობა უწევს. შესაძლოა, მან ამ დატვირთვას ვერ გაუძლოს და წნევამ დაიწიოს. 90-60 მმ ვწყ. სვ. ჯერ კიდევ ნორმად ითვლება. თუ მაჩვენებელი ამ ნიშნულს ჩამოსცდა, ჰიპოტენზიაზე ვსაუბრობთ.

წნევის დაწევას შესაძლოა ზოგიერთმა დამატებითმა ფაქტორმაც შეუწყოს ხელი. უპირველეს ყოვლისა, ტოქსიკოზმა, განსაკუთრებით – მძიმე ფორმისამ. როდესაც ქალს დღეში რამდენიმეჯერ აღებინებს, ვერაფერს ჭამს, ბევრ სითხეს კარგავს, ცხადია, სუსტდება და წნევაც დაბლა იწევს. ჰიპოტენზია ვითარდება ანემიის ფონზეც, რომელიც ორსულობის თანმხლები კიდევ ერთი გავრცელებული პრობლემაა. თუ ქალს ისედაც დაბალი წნევა აქვს, უფრო მეტია ალბათობა, ორსულობისას ჰიპოტენზია განუვითარდეს. წნევის დაქვეითებას ხელს უწყობს ადინამია და ძილის დარღვევაც.

  • როგორ ვლინდება დაბალი წნევა?

– ჰიპოტენზია, მიუხედავად იმისა, რომ მისი პროგნოზი კეთილსაიმედოა, მეტად შემაწუხებელია ორსულისთვის. იწვევს სისუსტეს, დაღლილობას, მოთენთილობას, ყურების შუილს, თავის ტკივილს, გულისცემის აჩქარებას, შრომის უნარის დაქვეითებას... გამორიცხული არ არის, ჰიპოტენზია რომელიმე დაავადების სიმპტომიც იყოს, რომელმაც პირველად სწორედ ორსულობისას იჩინა თავი, ამიტომ მისი უგულებელყოფა არ შეიძლება. თუ პროცესი გაღრმავდა, აიწევს ფეტოპლაცენტური უკმარისობისა და ნაყოფის ზრდის შეფერხების სინდრომის განვითარების რისკი.

  • მკურნალობის რა მეთოდები არსებობს?

– ჰიპოტენზიის მკურნალობა, უწინარეს ყოვლისა, ცხოვრების წესის შეცვლას და სხვა არასამედიცინო ღონისძიებებებს გულისხმობს. ორსულმა უნდა მოიწესრიგოს კვების რეჟიმი და რაციონი – მიიღოს ცილით მდიდარი საკვები, ბევრი ბოსტნეული, ხილი, ერიდოს მარილს, ცომეულს, სვას ბევრი წყალი – დღეში 2-3 ლიტრი, ისეირნოს სუფთა ჰაერზე, ზომიერად დაიტვირთოს ფიზიკურად, მოიწესრიგოს ძილი – ეძინოს დღე-ღამეში, სულ მცირე, 10-12 საათი. ყოველივე ეს, საუკეთესო შემთხვევაში, წნევის ნორმალიზებამდე მიგვიყვანს, უარესში კი მის ოპტიმალურ ნიშნულზე გაჩერებას შეუწყობს ხელს. თუ ჰიპოტენზია ტოქსიკოზის შედეგია და ქალი ვერ იღებს სათანადო რაოდენობის სითხეს, ტარდება ტრანსფუზიული თერაპია – ეგრეთ წოდებული გადასხმა. შეიძლება, მკურნალობაში ჩაერთოს ვიტამინები და სისხლის მიმოქცევის გამაძლიერებელი საშუალებებიც.

  • რას გვეტყვით ორსულობისას განვითარებულ ჰიპერტენზიაზე? ესეც ფიზიოლოგიური მექანიზმებით აიხსნება?

– ჰიპერტენზია ნაკლებადაა ფიზიოლოგიური ცვლილებების შედეგი. წნევის აწევა ორსულობამდელი პათოლოგიითაც შეიძლება იყოს გამოწვეული – ამ შემთხვევაში ვსაუბრობთ ქრონიკულ ჰიპერტენზიაზე – და თავად ორსულობის შედეგიც იყოს. ეს უკვე ორსულთა ჰიპერტენზიაა. განასხვავებენ მის რამდენიმე ფორმას: ტრანზიტორულ ჰიპერტენზიას, პრეეკლამფსიას და ეკლამფსიას.

ტრანზიტორული, იგივე გარდამავალი ჰიპერტენზია ორსულობის მე-20 კვირიდან იჩენს თავს და მშობიარობის შემდეგ ექვსიოდე კვირაში გაივლის (ქრონიკული ჰიპერტენზიისგან განსხვავებით, რომელიც მე-20 კვირამდე მჟღავნდება და მშობიარობიდან 6 კვირის შემდეგაც რჩება). ამ დროს წნევა არ აღემატება 150„100 მმ ვწყ. სვ-ს, არ შეინიშნება პოლიორგანული უკმარისობა, შეშუპება თუ სხვა სიმპტომები.

პრეეკლამფსია ორსულთა ჰიპერტენზიის მძიმე ფორმაა. ამ დროს მაღალ წნევას შარდში ცილა და შეშუპება ერთვის. დაავადების პროგრესირებას უმძიმეს გართულებამდე – ეკლამფსიამდე მივყავართ. ამ დროს აღნიშნულ ჩივილებს ემატება კრუნჩხვა, ცნობიერების დაბინდვა და ფსიქიკური სფეროს სხვა პრობლემები.

  • რა იწვევს პრეეკლამფსიას?

– მიზეზი, სამწუხაროდ, უცნობია. პრეეკლამფსიის პათოგენეზის მთავარი რგოლია პლაცენტასა და საშვილოსნოს შორის სისხლის მიმოქცევის დარღვევა, რაც თრომბოზს, სისხლჩაქცევებს იწვევს. დაავადება ითრევს ფაქტობრივად ყველა ორგანოსა და სისტემას – ნერვულ, საშარდე, გულ-სისხლძარღვთა სისტემებს, ღვიძლს... შესაძლოა, საქმე ნაყოფის ან დედის სიკვდილამდეც კი მივიდეს. სტატისტიკური მონაცემებით, პრეეკლამფსიით ყოველწლიურად 100 000 ქალი კვდება. მძიმე პრეეკლამფსია-ეკლამფსიის ფონზე ხუთჯერ იმატებს პერინატალური სიკვდილობა და 9,6- ჯერ – მკვდრადშობადობა.

მართალია, დაავადების წარმომშობი ფაქტორი უცნობია, მაგრამ ვიცით, რა სწევს მაღლა მისი განვითარების რისკს. რისკის ჯგუფში შემავალ ქალებს განსაკუთრებული მეთვალყურეობა და მონიტორინგი სჭირდებათ.

რისკფაქტორებია:

  • ასაკი – 18 წელზე ნაკლები და 35 წელზე მეტი;
  • გენეტიკური წარგანწყობა;
  • მრავალნაყოფიანი ორსულობა;
  • ქრონიკული ჰიპერტენზია;
  • ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი;
  • პრეეკლამფსიის ისტორია წინა ორსულობისას;
  • 35-ზე მაღალი სხეულის მასის ინდექსი (წონა„სიმაღლე2);
  • გენიტალური პათოლოგიები – მენსტრუალური ციკლის დარღვევები, ანთებითი დაავადებები, სასქესო ორგანოთა ანომალიები, მრავალი გადატანილი აბორტი;
  • ექსტრაგენიტალური პათოლოგიები – თირკმელების, გულ-სისხლძარღვთა სისტემის, ენდოკრინული სისტემის, ფარისებრი ჯირკვლის, თირკმელზედა ჯირკვლების დაავადებები, შაქრიანი დიაბეტი;
  • სოციალური ფაქტორები – კლიმატური და ეკოლოგიური ფაქტორები, ჰაერის დაბინძურება, გამონაბოლქვი, მავნე ჩვევები: თამბაქოს წევა, ალკოჰოლისადმი მიდრეკილება და სხვა.
  • ოგორ ვლინდება დააავდება, გარდა მაღალი წნევისა, რას უჩივის ქალი?

– პრეეკლამფსიისა და ეკლამფსიის დიაგნოზის დასმის საფუძველს იძლევა შემდეგი სიმპტომები:

  • თავის ტკივილი;
  • საერთო სისუსტე;
  • შეშუპება (იწყება ტერფებიდან და მიიწევს ზემოთ; გენერალიზებული შეშუპება მძიმე ფორმაზე მიუთითებს);
  • მხედველობის დარღვევა;
  • ტკივილი მარჯვენა ფერდქვეშა არეში;
  • ოლიგურია (შარდის შემცირება)
  • ციანოზი;
  • გულყრა (ეკლამფსიის შემთხვევაში).

  • კიდევ რა არის საჭირო დიაგნოზის დასადასტურებლად?

– კლინიკურ სურათს თან უნდა ახლდეს სათანადო ლაბორატორიული მონაცემებიც. პირველი ნიშანია პროტეინურია ანუ ცილა შარდში. გარდა ამისა, კეთდება სისხლის საერთო ანალიზი, კოაგულოგრამა. ნაყოფის მდგომარეობის გასაგებად ტარდება ექოსკოპიური გამოკვლევა, რომლითაც ფასდება ნაყოფის სავარაუდო წონა, სანაყოფე წყლების რაოდენობა, ჭიპლარის არტერიაში სისხლის დინების სიჩქარე. სწორედ ამ მონაცემების საფუძველზე ვადგენთ სამედიცინო ჩარევის ურგენტულობის ხარისხს.

  • რას გულისხმობს სამედიცინო ჩარევა?

– დღეისათვის მკურნალობის ერთადერთი მეთოდი მშობიარობაა. ექიმის ტაქტიკა, უპირველეს ყოვლისა, ორსულობის ვადაზეა დამოკიდებული. მაქსიმალურად ვცდილობთ ორსულობის გახანგრძლივებას და ნაყოფის სათანადოდ მომზადებას. ორსულობის ვადისა და ნაყოფის მდგომარეობის მიხედვით განისაზღვრება ჩარევის სახეობა – მშობიარობის აღძვრა ან საკეისრო კვეთა. 32-ე კვირამდე არჩევანს საკეისრო კვეთაზე ვაჩერებთ. 34-ე კვირიდან შესაძლებელია მშობიარობის ინდუქციაც. აქვე გეტყვით, რომ პრეეკლამფსია-ეკლამფსიის დროს ზოგჯერ საათებიც კი გადამწყვეტია. თუ ქალის მდგომარეობა საშუალებას გვაძლევს, ნაყოფს ვუკეთებთ დექსამეტაზონის ინექციას ფილტვების მოსამწიფებლად. წამალს მოქმედებისთვის 48 საათი სჭირდება. როდესაც ორსულს გულყრები აქვს, მთავარი ამოცანა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა და ორსულობის ზემოთ ჩამოთვლილი მეთოდებით დასრულებაა.

  • არსებობს თუ არა პრევენციის საშუალება?

– სამწუხაროდ, ამ მდგომარეობის თავიდან აცილების უტყუარი მეთოდი არ არსებობს. პრევენციის არსი ორსულობის მაქსიმალურად გახანგრძლივება და სიმპტომების რაც შეიძლება მეტხანს შეკევბაა. ამ მიზნით რისკის ჯგუფის ორსულებს ვუნიშნავთ ანტიაგრეგანტს, ასპირინს მცირე დოზით. ეს 19%-ით ამცირებს ეკლამფსიის განვითარების რისკს. პრევენციისთვის გამოიყენება სუფთა კალციუმიც, ვინაიდან კრუნჩხვებს ჰიპოკალციემიაც უდევს საფუძვლად. ეს პრეეკლამფსიის განვითარების რისკს ზოგად პოპულაციაში 50%-ით აქვეითებს, რისკჯგუფებში კი – 75%-ით. თუ სისლის წნევა 160„100 მმ ვწყ. სვ-ს ასცდა, ვიწყებთ ანტიჰიპერტენზუილ თერაპიას. ქალის საერთო მდგომარეობიდან გამომდინარე, მისი უფრო ადრე დაწყებაც შეიძლება. მკურნალობის მიზანი თავის ტვინში სისხლის ჩაქცევის თავიდან აცილებაა. ეკლამფსიური გულყრების პრევენციისა და მკურნალობისთვის გამოიყენება მაგნეზიური თერაპია – მაგნიუმის სულფატის ინტრავენური ინფუზია.

  • ჰოსპიტალიზაცია აუცილებელია?

– პრეეკლამფსიის მსუბუქი ფორმა ამბულატორიულად იმართება. ამ დროს ჰოსპიტალიზაცია მხოლოდ დიაგნოსტიკისთვისაა საჭირო. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ მსუბუქმა ფორმამაც შეიძლება განიცადოს სწრაფი პროგრესი და მძიმე პრეეკლამფსიაში გადაიზარდოს, ამიტომ მკაცრი მონიტორინგი აუცილებელია: ორსული დღეში ორჯერ იზომავს წნევას, კვირაში ერთხელ განისაზღვრება ცილა შარდში, სამ დღეში ერთხელ მოწმდება ღვიძლის ფერმენტები, კვირაში ორჯერ ტარდება ულტრასონოგრაფია, ორ კვირაში ერთხელ – დოპლეროგრაფია.

მსუბუქი პრეეკლამფსიის დროს მაგნეზიური თერაპია არ ტარდება. მშობიარობა რეკომენდებულია 3 კვირის ვადაზე.

მძიმე პრეეკლამფსიას მხოლოდ სტაციონარში მკურნალობენ. იწყება მაგნეზიური თერაპია, მცირდება გადასასხმელი სითხის ოდენობა და ა.შ. თუ ქალს გულყრები აქვს, შესაძლოა, ფიზიკურადაც დაშავდეს, ამიტომ მისი მარტო დატოვება არ შეიძლება. როგორც კი პაციენტის მდგომარეობა დასტაბილურდება, მშობიარობას ვგეგმავთ.

  • გამიგონია, რომ მაგნეზიური თერაპია თავადაც იწვევს პრობლემებს...

– დიახ, არცთუ იშვიათია მაგნიუმის სულფატით ინტოქსიკაცია. მისი ნიშნებია მუხლის რეფლექსის არარსებობა, ტკივილი გულმკერდის არეში და სუნთქვის გაიშვიათება. ინტოქსიკაციის დროს ვწყვეტთ მაგნიუმის სულფატის ინფუზიას და მისი ანტიდოტი – გლუკონატი შეგვყავს.

  • როგორ იმართება მშობიარობის შემდგომი პერიოდი?


– ფიზიოლოგიური მშობიარობის ან საკეისრო კვეთის დროს ქალს 48-72 საათით ტოვებენ სამშობიარო სახლში, პრეეკლამფსიის ფონზე დაგეგმილი ჩარევის შემდეგ კი – სულ მცირე, 4 დღით. ამ ხნის განმავლობაში ინტენსიურად კონტროლდება წნევა, ცილა შარდში, თირკმლისა და ღვიძლის მაჩვენებლები. ანტიჰიპერტენზიული მკურნალობა მშობიარობის შემდეგაც გრძელდება, განურჩევლად იმისა, დაიკლებს თუ არა წნევა – 24 საათის შემდეგ ის, წესისამებრ, ისევ მაღლა იწევს. ანტიჰიპერტენზიული თერაპია ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა შეწყდეს. მდგომარეობის მოწესრიგებას დაახლოებით 3 თვე სჭირდება. ძუძუს წოვება უკუნაჩვენები არ არის.

გვანცა გოგოლაძე


Print Page Digg Twitter Google ვაკონტროლებთ წნევას




ზემოთ