"კათარზისში" "ავერსისა" და ვ. ბოჭორიშვილის კლინიკის ერთობლივი აქცია გაიმართა

  • 2019-09-20

20 სექტემბერს სათნოების სახლ "კათარზისში" "ავერსი-ფარმასა" და აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ერთობლივი აქცია გაიმართა. კლინიკის ექიმებმა ხანდაზმულები გასინჯეს, რჩევა-დარიგება მისცეს და რეცეპტით გათვალისწინებული წამლები გადასცეს.

კომპანია "ავერსის" რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძემ აღნიშნა, რომ "ავერსს" "კათარზისთან" მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს:

- აქციის მიზანი იმ ხანდაზმულებზე ზრუნვაა, რომლებსაც მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო ექიმთან მისვლა და წამლების შეძენა უჭირთ. "ავერსი" ხშირად მართავს მსგავს აქციებს და სოციალურად დაუცველ მოხუცებს საჭირო მედიკამენტებით უზრუნველყოფს.

მაკა სოლოღაშვილმა, ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, აღნიშნა, რომ "კათარზისში" სამედიცინო კონსულტაციები უკვე ტრადიციად იქცა:

- პაციენტები ჩვენმა თერაპევტმა, ნევროლოგმა, კარდიოლოგმა და ქირურგმა გასინჯეს. ჩატარდა ულტრასონოგრაფიული და ექოკარდიოგრაფიული კვლევებიც. წინამორბედი აქციის შემდეგ "კათარზისის" არაერთმა ბენეფიციარმა ჩვენს კლინიკაში გაიარა სტაციონარული მკურნალობა. თავად სათნოების სახლში კი ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის შემოწირულობით უფასო სადილები იმართება.

ვესაუბრეთ აქციის მონაწილეებსაც:

- ადამიანი ასაკში რომ შედის, ავადმყოფობაც აწვება ტვირთად, ამიტომ ძალიან გაგვახარა "ავერსისა" და ბოჭორიშვილის კლინიკის ინიციატივამ. სასიხარულოა, რომ ჩვენს ჯანმრთელობაზე ასეთი კარგი, პროფესიონალი ხალხი ზრუნავს, - გვითხრა ქალბატონმა ნანა მაღალაშვილმა, "კათარზისის" ბენეფიციარმა.

მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა, 94 წლის გიორგი ჩიტაიშვილმა, აღნიშნა, რომ ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის წინამორბედი აქციის ფარგლებში უკვე მიიღო სამედიცინო მომსახურება. ექიმებმა მას კლინიკაში მისვლა შესთავაზეს, სადაც სრული გამოკვლევა ჩაუტარეს, სწორი დიაგნოზი დაუსვეს და სათანადო მკურნალობაც დაუნიშნეს. განმეორებით აქციაზეც იმავე სითბოთი და ყურადღებით მიიღეს.

აქციის შესახებ კომენტარი "კათარზისის" პრეზიდენტის თანაშემწემ გულიკო რომანიშვილმაც გააკეთა:

- ხანდაზმულებს განსაკუთრებით უყვართ სამედიცინო პერსონალთან ურთიერთობა, ამიტომ სიხარულით შეხვდნენ "ავერსისა" და ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ექიმებს... გვინდა, უდიდესი მადლიერება გამოვხატოთ სიკეთისთვის, თანადგომისთვის, მზრუნველობისთვის. 

"ავერსის" და ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის ერთობლივი აქციები ტრადიციად იქცა და მსგავსი პროექტები სამომავლოდაც გაგრძელდება.

გააზიარე: