გადაუდებელი და კომფორტული კონტრაცეფცია

გააზიარე:

კონტრაცეფციის ეს ფორმა სიცოცხლეში ერთხელ მაინც შეიძლება ნებისმიერ ქალს დასჭირდეს. მიმიხვდით – გადაუდებელ კონტრაცეფციას ვგულისხმობ.

გადაუდებელი კონტრაცეფცია გამოიყენება დაუცველი სქესობრივი კავშირის შემდეგ ორსულობის თავიდან ასაცილებლად, ამიტომ მას ზოგჯერ “მეორე დილის აბებსა” და “პოსტკოიტალურ კონტრაცეფციასაც” უწოდებენ, მაგრამ ჯობს, ტერმინი “გადაუდებელი კონტრაცეფცია” გამოვიყენოთ, რომელიც უკეთესად გამოხატავს მეთოდის არსს. ეს ტერმინი მიანიშნებს, რომ კონტრაცეფციის ამ სახეობის ხშირი გამოყენება არ შეიძლება და არ გვიქმნის მცდარ წარმოდგენას, თითქოს აბები აუცილებლად სქესობრივი კონტაქტის მეორე დილას ან სქესობრივი აქტის დამთავრებისთანავე უნდა მივიღოთ.

გადაუდებელი კონტრაცეფციისთვის იყენებენ:

* პროგესტინულ აბს;

* კოკს (კომბინირებულ ორალურ კონტრაცეპტივს);

* მიფეპრისტონს;

* საშვილოსნოსშიდა საშუალებას.

გადაუდებელი კონტრაცეფციისთვის გამოსაყენებელი აბების მოქმედების ზუსტი მექანიზმი უცნობია. კვლევებმა აჩვენა, რომ მათი უმრავლესობა ოვულაციის დათრგუნვას, 5-7 დღით გადაწევას იწვევს, ამ ხნის განმავლობაში კი ქალის რეპროდუქციულ ტრაქტში მოხვედრილი სპერმატოზოიდები კარგავს განაყოფიერების უნარს.

ექიმები გვარწმუნებენ, რომ გადაუდებელი კონტრაცეფციის არც ერთი მეთოდი არ ახდენს ზემოქმედებას უკვე დამდგარ ორსულობაზე და არ იწვევს თვითნებით აბორტს.

პროგესტინული აბების ეფექტურობა დაუცველი სქესობრივი აქტიდან 72 საათის შემდეგ 60-93%-ს უტოლდება, ხოლო კოკ-ისა — 56-93%-ს. გადაუდებელი კონტრაცეფციისთვის ჰორმონული აბების გამოყენება არასასურველი ორსულობის რისკს საშუალოდ 75%-ით ამცირებს. საშვილოსნოსშიდა საშუალების კონტრაცეფციული ეფექტურობა კი 99%-ია.

გადაუდებელი კონტრაცეფცია უსაფრთხო მეთოდია. უკვე 20 წელიწადზე მეტია, რაც მას იყენებენ, მაგრამ სიკვდილიანობა ან რაიმე სერიოზული სამედიცინო გართულება არ მოჰყოლია. ასევე არ დადასტურებულა კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების კავშირი ნაყოფის სიმახინჯეებთან, თანდაყოლილ დეფექტებთან. გადაუდებელი კონტრაცეფცია არც ექტოპიური ორსულობის რისკს ზრდის.

ვინც ასეთ გამოუვალ სიტუაციაში ჩავარდნილა, ალბათ დამეთანხმება, რომ გადაუდებელ კონტრაცეფციას ბევრი დადებითი მხარე აქვს:

* სრულიად უსაფრთხოა;

* იოლად ხელმისაწვდომია;

* ამცირებს აბორტის საჭიროებას;

* ამცირებს არასასურველი ორსულობის რისკს;

* გამოიყენება ახალგაზრდებთან, რომლებიც, ნაკლებად სავარაუდოა, პირველი სქესობრივი კავშირისთვის იყვნენ მომზადებულნი.

გადაუდებელი კონტრაცეფცია არასასურველი ორსულობის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება ისეთ შემთხვევებში, როგორებიცაა:

* სქესობრივი კავშირი კონტრაცეფციული საშუალების გარეშე;

* კონტრაცეპტივის გამოყენებასთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი შემთხვევა – კონდომის გახევა ან ჩამოცურება, ასევე – ზედიზედ ორი ჩასახვის საწინააღმდეგო აბის გამოტოვება, სქესობრივი აქტის წარუმატებელი შეწყვეტა, ციკლის ფერტილური დღის არასწორი გამოთვლა, საშვილოსნოსშიდა საშუალების გამოვარდნა და სხვა;

* სქესობრივი ძალადობისას, როდესაც ქალი არ იყო დაცული კონტრაცეფციული მეთოდით.

მათი გამოყენების წესები ოდნავ განსხვავდება ერთმანეთისგან. დაუცველი სქესობრივი აქტის შემდეგ პაციენტმა რაც შეიძლება სწრაფად (არა უგვიანეს 72 საათისა) უნდა მიიღოს:

* 1,5 მგ ლევონორგესტრელის შემცველი ერთი აბი ერთჯერადად;

* 0,75 მგ ლევონორგესტრელის შემცველი ერთი აბი; 12 საათის შემდეგ – 0,75 მგ ლევონორგესტრელის შემცველი კიდევ ერთი აბილ

* 0,075 მგ ნორგესტრელის შემცველი ორი აბი; 12 საათის შემდეგ – 0,075 მგ ნორგესტრელის შემცველი კიდევ ორი აბი;

* ოთხი აბი მცირედოზიანი კოკი (30-35 მგ ეთინილ ესტრადიოლი); 12 საათის შემდეგ – კიდევ ოთხი აბი;

* ორი აბი დიდდოზიანი კოკი (50 მკგ ეთინილ ესტრადიოლი); 12 საათის შემდეგ – კიდევ ორი;

* ან რაც შეიძლება სწრაფად (არა უგვიანეს 12 საათისა) – 10 მგ მიფეპრისტონი.

გადაუდებელმა კონტრაცეფციამ შესაძლოა გამოიწვიოს გულისრევა და ღებინებაც კი, განსაკუთრებით – კომბინირებული ორალური კონტრაცეპტივების მიღების შემთხვევაში, მაგრამ გვერდითი მოვლენები 24 საათზე მეტხანს არ უნდა გაგრძელდეს. რაც მთავარია, კონტრაცეფციის ამ მეთოდის რეგულარული გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

 

პროგესტაგენული საინექციო კონტრაცეპტივი

კონტრაცეფციის ეს მეთოდი ცოტას თუ გაუგონია. ქართველი ქალები მას რატომღაც არ სწყალობენ. არადა, ჩემი აზრით, ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული საშუალებაა, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ბავშვის გაჩენას აღარ აპირებს. დასავლეთის ქვეყნებში ქალბატონები აქტიურად მიმართავენ კონტრაცეფციის ამ მეთოდს. თუ ჩასახვის საწინაღმდეგო აბის ყოველდღე მიღება გავიწყდებათ და არც თქვენი პარტნორია თანახმა ბარიერული საშუალების გამოყენებაზე, პროგესტაგენული ინექცია საუკეთესო გამოსავალია.

პროგესტაგენული საინექციო კონტრაცეპტივი (პსკ) შედგება სინთეზური სტეროიდისგან, რომელიც ქალის პროგესტერონს ჰგავს. საინექციო პრეპარატი ინექციის ადგილიდან ნელა შეიწოვება სისხლში და 2-3 თვის განმავლობაში მაღალ კონტრაცეფციულ ეფექტს ახდენს. არსებობს მისი რამდენიმე სახეობა:

* დეპო-პროვერა (დეპო-მედროქსი პროგესტერონაცეტატი) – მიკროკრისტალური წყლიანი სუსპენზია, რომელიც 3 თვეში ერთხელ კეთდება კუნთში;

* ნეთ-ენ (ნორეთისტერონ-ენანტატი) – ზეთოვანი სუსპენზია, რომელიც 2 თვეში ერთხელ კეთდება კუნთში.

ალბათ გაინტერესებთ, როგორ ხდება, რომ ერთი ნემსი 2-3 თვე გვიცავს არასასურველი ორსულობისგან. პრეპარატის მოქმედების მექანიზმი, ისევე როგორც ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებათა უმრავლესობისა, კომპლექსურია. პსკ ამცირებს ადამიანის თავის ტვინის, კერძოდ, ჰიპოფიზის მიერ გამომუშავებული ზოგიერთი სასქესო ჰორმონის დონეს, რასაც ოვულაციის პროცესის დათრგუნვამდე მივყავართ (ალბათ გახსოვთ, ოვულაციის გარეშე დაორსულება შეუძლებელია). ოვულაციის დათრგუნვასთან ერთად სქელდება ცერვიკალური (საშვილოსნოს ყელის) ლორწოც, რის შედეგადაც ფერხდება სპერმატოზოიდების გადაადგილება. განსაზღვრული ცვლილებები ენდომეტრიუმშიც ხდება, რაც ხელს უშლის ჩანასახის იმპლანტაციას.

პსკ-ს მრავალი უპირატესობა აქვს. მისი უმთავრესი ღირსება ეფექტურობაა. მისი გამოყენებისას 100 ქალზე წელიწადში ორსულობის მხოლოდ 0,3-3 შემთხვევა მოდის. ის ხელს არ უშლის სქესობრივ კავშირს და ერთ-ერთი ყველაზე კონფიდენციალური მეთოდია. გარდა ამისა, არ მოითხოვს მარაგის შექმნას და, რაც მთავარია, შექცევადია – როცა მზად იქნებით, დაგეგმილად, ყოველგვარი სიურპრიზის გარეშე მოახერხებთ დაორსულებას. ფერტილობა პრეპარატის გამოყენების შეწყვეტიდან 4-9 თვის განმავლობაში აღდგება. პსკ-ის კიდევ ერთი დიდი ღირსება ის არის, რომ ხელსაყრელია მეძუძური დედებისთვის (მისი შეყვანა მშობიარობიდან 6 კვირის შემდეგ შეიძლება).

ამ მეთოდის გამოყენებაზე სერიოზულად დაფიქრდებით, როცა მის სხვა ღირსებებსაც გაეცნობით. პსკ-ს კონტრაცეფციასთან ერთად სხვა სიკეთის მოტანაც შეუძლია. ის ამცირებს ან აქრობს დისმენორეის (მტკივნეული მენსტრუაციის) სიმტომებს, მენსტრუალურ სისხლდენას, იცავს ექტოპიური, ე.წ. საშვილოსნოსგარე ორსულობისგან, ხელს უშლის საკვერცხის ცისტების წარმოქმნას, იცავს ენდომეტრიუმის კიბოსგან, ამცირებს კანდიდოზური ვულვოვაგინიტის სიხშირეს, მცირე მენჯის ღრუს ანთებითი დაავადებების რისკს, იცავს რკინადეფიციტური ანემიისგან, ამცირებს ნამგლისებრუჯრედოვანი დაავადების კრიზისსა და სიხშირეს, ენდომეტრიოზის სიმპტომებს (დეპო-პროვერა ენდომეტრიოზის სამკურნალოდაც გამოიყენება), ეპილეფსიური შეტევების სიხშირეს ეპილეფსიით დაავადებულ ქალებთან (დეპო-პროვერა).

მაგრამ ვიდრე კონტრაცეფციის ამ მეთოდს მიმართავდეთ, მისი ნაკლოვანებების შესახებაც უნდა შეიტყოთ: პსკ ცვლის მენტრუალური ციკლის ხასიათს; ინექციის გასაკეთებლად აუცილებელია ექიმთან ვიზიტი 2-3 თვეში ერთხელ; იწვევს წონის მცირედ (წელიწადში 2-4 კგ-ით) მატებას, რაც განსაკუთრებით დამახასიათებელია დეპო-პროვერასთვის, ხოლო ფერტილობის აღსადგენად განსაზღვრული დროა საჭირო.

ვისთვისაა მოხერხებული პსკ?

პსკ შეიძლება გამოიყენონ:

* ქალებმა, რომელთაც ჰყავთ სასურველი რაოდენობის შვილი, მაგრამ არ სურთ ისარგებლონ ნებაყოფლობითი ქირურგიული სტერილიზაციის მეთოდით;

* ქალებმა, რომლებიც იღებენ კრუნჩხვის საწინააღმდეგო (ბარბიტურატები და სხვა) ან ტუბერკულოზის საწინააღმდეგო (რიფამპიცინი და სხვა) პრეპარატებს;

* ქალებმა, რომელთათვისაც რეკომენდებული არ არის ესტროგენშემცველი კონტრაცეფცია;

* ქალებმა, რომელთაც ავიწყდებათ აბების ყოველდღიური მიღება.

პსკ-ის გამოყენება არ შეიძლება ღრმა ვენების თრომბოზის, თრომბოემბოლიის, ინსულტის, გულის იშემიური დაავადების, გულის სარქველთა დაავადების, ჰიპერტონიის, ვირუსული ჰეპატიტის, ღვიძლის ავთვისებიანი სიმსივნის, ორსულობის, სარძევე ჯირკვლის კიბოსა და სასქესო გზებიდან დაუდგენელი გენეზის სისხლდენის დროს.

პსკ-ის გამოყენების დროს მნიშვნელოვანია ინექციის გაკეთების დრო: დეპო-პროვერასა და ნეთ-ენ-ის ინექცია კეთდება მენსტრუალური ციკლის პირველი 7 დღის განმავლობაში ან მენსტრუალური ციკლის ნებისმიერი დღიდან, თუ საკმარისი საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ ქალი ორსულად არ არის. ამ შემთხვევაში რეკომენდებულია, ინექციიდან 7 დღის განმავლობაში ქალმა თავი არიდოს სქესობრივ კავშირს ან გამოიყენოს კონტრაცეფციის სხვა მეთოდი (კონდომი`სპერმიციდი).

დეპო-პროვერას შემთხვევაში განმეორებითი ინექცია 3 თვეში (12 კვირაში) ერთხელაა საჭირო, ხოლო ნეთ-ენ-ის შემთხვევაში – 2 თვეში (8 კვირაში) ერთხელ. თუ ქალი ნაადრევად მივიდა ექიმთან, ინექციის გაკეთება შეიძლება დადგენილ დროზე 2 კვირით ადრე; თუ ქალი დროულად არ მივიდა, ინექციის გაკეთება შეიძლება დადგენილ დროზე 2 კვირით გვიან, კონტრაცეფციის დამატებითი მეთოდის გამოყენება კი საჭირო არ არის. თუ ქალმა 2 კვირაზე მეტი დააგვიანა, საჭიროა ორსულობის გამორიცხვა. თუ ორსულობა გამოირიცხა, ინექციის გაკეთება იმავე დღეს შეიძლება, მაგრამ რეკომენდებულია ერთხანს სქესობრივი კავშირისგან თავის შეკავება ან კონტრაფეცფიის სხვა მეთოდის (კონდომის) გამოყენება.

ინექცია კეთდება ღრმად, მხრის დელტისებურ კუნთში ან დუნდულა კუნთში. დეპო-პროვერას ამპულა გამოყენებამდე კარგად უნდა შევანჯღრიოთ. ნეთ-ენ-ის ამპულა, თუ დაბალ ტემპერატურაზე იყო შენახული, სხეულის ტემპერატურამდე თბება. გახსოვდეთ, საინექციო ადგილის დაზელა მიზანშეწონილი არ არის – შესაძლოა, ამან სტეროიდის შეწოვა დააჩქაროს.

გახსოვდეთ, გამოსავალი ყოველგვარი ვითარებიდან არსებობს, მთავარია, ამის შესახებ იცოდეთ. ეცადეთ, არ დაგჭირდეთ გადაუდებელი კონტრაცეფციის გამოყენება, მაგრამ თუ მაინც აღმოჩნდით გამოუვალ მდგომარეობაში, უკვე იცით, როგორ მოიქცეთ.

გააზიარე: