ფსიქიკური დარღვევები გაურკვეველი განწყობა

გააზიარე:
უიმედობა ჯობს თუ უსაფუძვლო ოპტიმიზმი? მეტისმეტი სიმშვიდე, რომელიც ეჭვს ბადებს თუ რეაქტიულ-აქტიური ყოფა, რომელიც არანაკლები ეჭვის საფუძველია? თურმე შეიძლება, ხასიათის მკვეთრ ცვალებადობას პათოლოგიური საფუძველი ედოს, რაც იმის მანიშნებელია, რომ მისგან თავის დაღწევა მხოლოდ და მხოლოდ სამედიცინო ჩარევით არის შესაძლებელი. უფრო მარტივად რომ გითხრათ, ხასიათის უსაფუძვლო, მკვეთრი ცვალებადობის შემთხვევაში აუცილებელია მკურნალობა.

ხასიათის მკვეთრ ცვალებადობას ბიპოლარულ აშლილობას უწოდებენ. ამ დროს ამაღლებულ განწყობილებას უეცარი აპათია ცვლის. საუკეთესო შემთხვევაში, ასეთი რამ შესაძლოა წელიწადში რამდენიმეჯერ მოხდეს. ხდება ისეც, რომ დეპრესიამორეულ ადამიანს მანიაკურად ამაღლებული განწყობილება დღეში რამდენჯერმე ეუფლება. სპეციალისტები იმასაც კი ამბობენ, რომ ამ ორმა, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულმა მდგომარეობამ შესაძლოა ერთდროულადაც იჩინოს თავი. ბიპოლარული აშლილობის მეორე სახელწოდება, მანიაკურ-დეპრესიული სინდრომი, ზუსტად ასახავს პათოლოგიური მდგომარეობის არსს.
მოგზაურობა პოლუსებს შორის
ბიპოლარული აშლილობა რამდენიმე ტიპისაა. მათ შორის სამ ძირითად ვარიანტს გამოყოფენ:
I ვარიანტი – განწყობა ისე მკვეთრად იცვლება, რომ შეუძლებელი ხდება მუშაობა, სწავლა და, საზოგადოდ, ცხოვრების ჩვეული რეჟიმის შენარჩუნება, რთულდება ახლობლებთან ურთიერთობა, მანიაკურმა შეტევებმა შესაძლოა მეტისმეტად საშიში სახე მიიღოს.
II ვარიანტი – ხასიათის ცვალებადობა ნაკლებად მძაფრია. დეპრესიული ეპიზოდები გაცილებით ხანგრძლივია, ვიდრე მანიაკური, ამიტომ ადამიანს მოვალეობებისთვის თავის გართმევა მაინცდამაინც არ უჭირს.
II ვარიანტი – ციკლოთიმიური აშლილობა, ციკლოთიმია. ეს მანიაკურ-დეპრესიული სინდრომის ყველაზე მსუბუქი გამოვლინებაა.
ბიპოლარული აშლილობა ყველას ერთნაირად არ უვლინდება. ზოგს მანიაკური შეტევები უფრო აწუხებს, ზოგს – დაუძლეველი დეპრესია. როგორც უკვე მოგახსენეთ, ისეც ხდება, რომ ორივე მდგომარეობის ნიშნები ერთდროულად იჩენს თავს. ამ მდგომარეობას შერეულ აშლილობას უწოდებენ.
მანიაკური ფაზის ნიშნებია:
. ეიფორია;
. გამძაფრებული თვითშეფასება;
. განსჯისა და შეფასების უნარის დაკნინება;
. სწრაფი მეტყველება;
. აგრესიული ქცევა;
. აგიტაციური, გამაღიზიანებელი მოქმედება;
. გაძლიერებული ფიზიკური აქტიურობა;
. სარისკო ქცევა;
. ფულის უგუნური ხარჯვა;
. მიზნის მისაღწევად ყველა ხერხის ხმარება;
. ძილის სურვილის შესუსტება;
. ალკოჰოლისკენ, ნარკოტიკებისკენ სწრაფვა;
. გაკვეთილების, სამუშაოს ხშირი გაცდენა, მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული სირთულეები;
. რეალობის შეგრძნების დაქვეითება.
დეპრესიული ფაზის ნიშნებია:
. ძლიერი სევდა და მოწყენილობა;
. უიმედობა;
. სუიციდური აზრები, ქმედებები;
. სიანჩხლე;
. დანაშაულის გამძაფრებული განცდა;
. ძილის დარღვევა;
. მადის დაქვეითება ან მოჭარბება;
. იმ საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვა, რომელიც ადრე სიამოვნებას ჰგვრიდა ავადმყოფს;
. პრობლემებზე მეტისმეტი ფოკუსირება;

. იოლად გაღიზიანება;
. ქრონიკული ტკივილი, უმთავრესად – უმიზეზო;
. გაკვეთილების, სამუშაოს ხშირი გაცდენა, მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებული სირთულეები.

კიდევ რა უნდა ვიცოდეთგარდა ზემოთ ჩამოთვლილი ნიშნებისა, ბიპოლარულ აშლილობას ახასიათებს: 
. ხასიათის სეზონური ცვალებადობა. მანიაკური შეტევები უმეტესად გაზაფხულობით ან ზაფხულობით იჩენს თავს, ხოლო შემოდგომაზე და ზამთარში ადამიანს აპათია და დეპრესია ეუფლება. ხდება პირიქითაც.

. ხასიათის ექსტრემალურად სწრაფი ცვლილება. ხასიათის მკვეთრი ცვლილების ეპიზოდი უმეტესად წელიწადში 4 და მეტია, თუმცა არსებობს იმდენად სწრაფი ფორმებიც, რომ ადამიანს ხასიათი სულ რაღაც ერთ საათში ეცვლება.
. ფსიქოზი. ის ვლინდება მკვეთრად გამოხატული მანიაკური და დეპრესიული შეტევების ფონზე, როდესაც ადამიანი რეალობის შეგრძნებას კარგავს. ამ დროს ხშირია ჰალუცინაციებიც.
როგორ ვლინდება ბიპოლარული აშლილობა არასრულწლოვნებში?

მოზარდი უფრო აგრესიულია, ვიდრე ზრდასრული ადამიანი, სწრაფად ეცვლება განწყობა და მკვეთრად ჩამოყალიბებული დეპრესიული და მანიაკური შეტევების ნაცვლად უფრო მათი სწრაფი მონაცვლეობა აღენიშნება. შესაძლოა, განწყობა ერთ საათში ან უფრო მოკლე ხანში შეეცვალოს – გაღიზიანებას, სევდასა და ტირილს უეცრად დაუოკებელი სიანჩხლე მოჰყვეს.
რატომ, რატომ?
ბიპოლარული აშლილობის ზუსტი მიზეზი უცნობია, თუმცა არსებობს მეცნიერულად დადასტურებული თეორიები, უფრო სწორად, ვარაუდები, რომელთა თანახმად, აშლილობას იწვევს:
. თავის ტვინში მიმდინარე ბიოლოგიური ცვლილებები. ასეთი ცვლილებები ყოველთვის არ დასტურდება, თუმცა აშლილობის მიზეზებთან მებრძოლი მეცნიერებისთვის ერთ-ერთი ხელჩასაჭიდი ფაქტორია.
. ნეიროტრანსმიტერების ცვლილება. ეს ზემოხსენებული თეორიის ერთგვარი გაგრძელებაა, თუმცა უფრო კონკრეტულ მიზეზზე ამახვილებს ყურადღებას, კერძოდ, ტვინში არსებული ქიმიური ნაერთების, ნეიროტრანსმიტერების, სინთეზის ცვლილებაზე. ასეთი ცვლილება არაერთხელ დაუკავშირეს არა მარტო ბიპოლარულ, არამედ ფსიქიკის სხვა ტიპის აშლილობებსაც.
. ჰორმონები. მათი ბალანსის დარღვევა ფსიქიკაზე უშუალო გავლენას ახდენს.
. მემკვიდრეობა. თუ რომელიმე სისხლით ნათესავს ბიპოლარული აშლილობა ჰქონდა ან აქვს, მისი ჩამოყალიბების ალბათობა უფრო მეტია. მეცნიერები ცდილობენ იმ გენის აღმოჩენას, რომლის მუტაციასაც მანიაკურ-დეპრესიული სინდრომის განვითარებაში მიუძღვის ბრალი.

. გარემო პირობები. სტრესმა, ძალადობამ, დიდმა დანაკარგმა შესაძლოა ბიპოლარული აშლილობის ჩამოყალიბებას მისცეს ბიძგი.
იცით თუ არა, რომ...
ბიპოლარულ აშლილობას ხშირად ფსიქიკის სხვა პრობლემებიც ერთვის. ამ პათოლოგიებმა მანიაკურ-დეპრესიული სინდრომის გამოვლენამდეც შეიძლება იჩინოს თავი და მის შემდეგაც. ნებისმიერ შემთხვევაში, მათი მკურნალობა აუცილებელია, რადგან შესაძლოა, ბიპოლარული აშლილობა დაამძიმონ.  ეს თანმხლები პათოლოგიებია:
. ყურადღების დეფიციტის`ჰიპერაქტივობის სინდრომი. ხდება ისეც, რომ მანიაკურ-დეპრესიული სინდრომისგან მისი გარჩევა ჭირს, ამიტომ მცდარ დიაგნოზს სვამენ, თუმცა სპეციალისტის გამოცდილ თვალს ამ ორი პათოლოგიური მდგომარეობის თანაარსებობა არ გამოეპარება.
. ადიქცია ანუ მავნე ნივთიერებებზე პათოლოგიური დამოკიდებულება. ბიპოლარული აშლილობის მქონე ბევრ ადამიანს აღენიშნება ალკოჰოლისადმი ან ნარკოტიკული ნივთიერებებისადმი პათოლოგიური მისწრაფება. არც აზარტულ თამაშებზე პათოლოგიური დამოკიდებულებაა გამორიცხული. ნებისმიერ შემთხვევაში, ერთი შეხედვით “მომადუნებელი” ნივთიერებები ფსიქიკურ აშლილობას ამძაფრებს, ეპიზოდების დამძიმებასა და გახანგრძლივებას უწყობს ხელს.
. ჯანმრთელობის არაფსიქიკური პრობლემები, რომლებსაც უმეტესად ქრონიკული ხასიათი აქვს, მაგალითად, გულის, ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, სიმსუქნე.
გაითვალისწინეთ: ისევე, როგორც ყველა დაავადებას, ბიპოლარულ აშლილობასაც ახასიათებს გართულებები. განსხვავება ის არის, რომ სხვა დაავადებებისთვის უფრო ფიზიკური გართულებებია დამახასიათებელი, მაშინ როდესაც ბიპოლარულ აშლილობას უფრო სოციალური ხასიათის პრობლემები მოჰყვება: უთანხმოება კანონთან, ოჯახის წევრებთან, მეგობრებთან, კოლეგებთან, ფინანსური სირთულეები, იზოლაცია და მარტოობა და ბოლოს – სუიციდი. 
როგორ ამოვიცნოთ? რა მოვუხერხოთ?
მანიაკურ-დეპრესიული სინდრომი არცთუ ისე ძნელი ამოსაცნობია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მძაფრად არის გამოხატული. მიუხედავად ამისა, სპეციალისტები უტყუარი დიაგნოზისთვის სხვადასხვა ტიპის გამოკვლევას მიმართავენ. ხშირად საქმეში ფსიქოთერაპევტიც ერთვება. საზღვარგარეთ აპრობირებული მეთოდია ოჯახის წევრების დახმარებით დღიურის წარმოება, რომელშიც დეტალურად აღიწერება ხასიათის ცვლილება, მისი მიზეზები და სხვა.
ბიპოლარული აშლილობა მუდმივ მკურნალობას მოითხოვს. მედიკამენტები ადამიანმა მაშინაც კი უნდა მიიღოს, როდესაც პათოლოგია ერთი შეხედვით უკან იხევს. ყველაზე ხშირად ინიშნება ლითიუმის, ბენზოდიაზეპინის ჯგუფის პრეპარატები, ანტიკონვულსანტები, ანტიდეპრესანტები.
გაითვალისწინეთ: მედიკამენტის შერჩევა ადვილი არ არის, უეფექტობის შემთხვევაში შესაძლოა მისი შეცვლა გახდეს საჭირო. ისიც დაიხსომეთ: წამლის სმამ შედეგი რომ გამოიღოს, გარკვეული ხანი უნდა გავიდეს, ზოგჯერ – ერთი თვეც კი.
ბიპოლარული აშლილობის სამკურნალო მედიკამენტთა უმრავლესობა ორსულთათვის სახიფათოა – შესაძლოა, ნაყოფის განვითარების მანკი გამოიწვიოს. ისიც გაითვალისწინეთ, რომ თუ ამ ტიპის მედიკამენტების პარალელურად კონტრაცეპტივებსაც იღებთ, შესაძლოა მათი სამკურნალო ეფექტი შესუსტდეს. საზოგადოდ კი, გირჩევთ, დაორსულებამდე რჩევისთვის და მეტ-ნაკლებად უსაფრთხო სამკურნალო საშუალების შესარჩევად ექიმს მიმართოთ. ასევე დიდი სიფრთხილე გმართებთ ლაქტაციის პერიოდში, რადგან ეს მედიკამენტები დედისგან ჩვილს იოლად გადაეცემა.
ბიპოლარული აშლილობის სამკურნალოდ ზოგჯერ ისეთ მეთოდებსაც მიმართავენ, რომელთა ეფექტურობა ჯერ კიდევ არ არის დადასტურებული, თუმცა გარკვეული მტკიცებულებები არსებობს. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს.
ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა თავის ტვინის იმ ფუნქციას აუმჯობესებს, რომლის დარღვევასაც ბიპოლარული აშლილობა მოსდევს. მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ იმ რეგიონებში, სადაც მოსახლეობა ამ ცხიმოვანი მჟავათი გაჯერებულ თევზს მიირთმევს, მანიაკურ-დეპრესიული სინდრომი იშვიათია. მარგებელი ყოფილა მანგანუმიც, რომლის მიღებაც მანიაკური ფაზის შემოკლებას და ბიპოლარული აშლილობის სწრაფი ფორმის “გახანგრძლივებას” (ანუ ეპიზოდების გაიშვიათებას) უწყობს ხელს.
ფიტოთერაპია თავისთავად არ კურნავს, თუმცა მეცნიერთა ნაწილი ემხრობა მოსაზრებას, რომ შესაძლოა, ზოგიერთმა მცენარეულმა ნაყენმა მდგომარეობის გაუმჯობესება გამოიწვიოს. ლოგიკურად იბადება კითხვა: ნუთუ შესაძლებელია ისეთი მცენარეული ნაკრების შერჩევა, რომელიც როგორც მანიაკური, ისე დეპრესიული შეტევისას ერთნაირად შედეგიანი იქნება?!
აკუპუნქტურა, იოგა, მასაჟი მოშვება-მოდუნებასა და განწყობის გამოკეთებაში დაგეხმარებათ, მაგრამ მხოლოდ მათ იმედზე ყოფნა არამც და არამც არ შეიძლება. ექიმის რჩევის ზედმიწევნით შესრულება, ყველა მედიკამენტის დროული მიღება მეტად მნიშვნელოვანია.
სენი სახელად უიმედობა
როგორც არ უნდა გამოვლინდეს დეპრესია, იგი უბრალო, ყოველდღიური მოწყენილობისგან განსხვავებული მდგომარეობაა, რომელიც ცვლის პიროვნების შრომის, სწავლის, სიამოვნების განცდის უნარს, მადას, ძილს. დეპრესიის დროს ხშირია უმწეობისა და უსარგებლობის განცდა. უფრო მეტიც – დეპრესია შესაძლოა თვითმკვლელობის წინამორბედადაც კი იქცეს.
ბევრს დეპრესია სისუსტის ნიშნად მიაჩნია, ამიტომ მალავს მას, ზოგიერთი კი მიიჩნევს, რომ პრობლემას ექიმის დაუხმარებლადაც მოერევა. სინამდვილეში დეპრესია ქრონიკული დაავადებაა, ისევე როგორც შაქრიანი დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა და სხვა. მას შეიძლება ემსხვერპლოს ნებისმიერი ჩვენგანი: კაცი თუ ქალი, ხნიერი თუ ახალგაზრდა...
მართალია, ბიპოლარულ აშლილობას მანიაკური შეტევებიც ახასიათებს, მაგრამ დეპრესიული განწყობა გაცილებით ხშირად გვხვდება. ამასთან, გუნება-განწყობილების დაქვეითებას, განურჩევლად მიზეზისა, ხალხში დეპრესიას უწოდებენ. მოდი, გავარკვიოთ, დეპრესიაა თუ არა ყოველგვარი უგუნებობა.
დეპრესიის სახეები
დეპრესიას მრავალი ფორმა აქვს. მოკლედ მიმოვიხილოთ თითოეული მათგანი.
დიდი დეპრესია. დიდი დეპრესიის დროს სიმპტომები ყოველდღიურია ან თითქმის ყოველდღიური, ინტენსიური, მძიმე. ისინი იმდენად აშკარაა, რომ ამჩნევენ სამსახურში, სკოლაში, გარეშე ადამიანებთან ურთიერთობისას... სიმპტომები ორი კვირა მაინც უნდა გაგრძელდეს, რომ დიაგნოზი დაისვას, ხოლო თუ ადამიანი მკურნალობის გარეშე დარჩა, ეს მდგომარეობა 6 თვეს და მეტხანსაც გასტანს. ზოგიერთს დეპრესიის მხოლოდ ერთი ეპიზოდი აქვს, დიდი დეპრესია კი, ჩვეულებრივ, განმეორებადია. დიაგნოზის დასასმელად აუცილებელია იმ ფაქტორების გამორიცხვა, რომლებიც უშუალოდ იწვევს დეპრესიას. ასეთია, მაგალითად, ჰიპოთირეოზი, ფსიქოლოგიური სტრესი, ნარკოტიკების მოხმარება, ალკოჰოლიზმი. თუ ეს 
ფაქტორები დადასტურდა, დიდი დეპრესიის დიაგნოზი არ დაისმება.ატიპური დეპრესია. მიუხედავად სახელწოდებისა, ატიპური დეპრესია იშვიათი არ არის. იგი გავრცელებულია მოზარდებსა და ქალებს შორის. დეპრესიის ამ ფორმას, ნაცვლად უმადობისა და უძილობისა, ახასიათებს მადის გაძლიერება, წონის მატება და გადაჭარბებული ძილიანობა, ასევე – სიმძიმის შეგრძნება ხელ-ფეხში. პაციენტები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან კრიტიკის, წარუმატებლობისა და უარყოფის მიმართ. იმავდროულად მათი ცხოვრება სავსეა კონფლიქტებით, უჭირთ ურთიერთობის დიდხანს შენარჩუნება. უარყოფისა და წარუმატებლობის შიშის გამო შესაძლოა ურთიერთობაზე უარიც კი თქვან. დროდადრო, კარგი ამბის გაგებისას ან მეგობრების წრეში, დეპრესიული განწყობა ქრება, მაგრამ გავა ხანი და დეპრესიის სიმპტომები ხელახლა იჩენს თავს. დისთიმია. დისთიმია დეპრესიის მსუბუქი ფორმაა, თუმცა ესეც ქრონიკული მდგომარეობაა. დისთიმიის დროს სიმპტომები ისე მკაფიოდ არ არის გამოხატული, როგორც დიდი დეპრესიის შემთხვევაში, თუმცა ორ წელიწადს მაინც გრძელდება, ხშირად – უფრო მეტხანსაც. ასეთი ხანგრძლივობის გამო დისთიმია არღვევს ადამიანის ცხოვრების ნორმალურ რიტმს. წლობით მიმდინარე მსუბუქი დეპრესიის დროს ადამიანი კარგავს ინტერესს სხვადასხვა ცხოვრებისეული აქტივობის მიმართ, მისი პროდუქტიულობა და თვითშეფასება ეცემა. სხვების თვალში ასეთი ადამიანები ზედმეტად კრიტიკულები არიან, გამუდმებით წუწუნებენ და სიხარულის განცდის უნარი არ გააჩნიათ. თუ დისთიმია მკურნალობის გარეშე დავტოვეთ, მას შეიძლება დიდი დეპრესიის ეპიზოდიც დაერთოს, რასაც ორმაგი დეპრესია ეწოდება. როდესაც ადამიანს დისთიმია აქვს, ისეთი განცდა ეუფლება, თითქოს მუდამ დეპრესიული იყო. მიუხედავად ამისა, დისთიმია იკურნება, მაშინაც კი, თუ წლების განმავლობაში არც დიაგნოზი დასმულა და არც მკურნალობა ჩატარებულა.სეზონური აფექტური აშლილობა. დეპრესიის ეს ფორმა ციკლური და სეზონურია. იგი წელიწადის ერთსა და იმავე დროს აღმოცენდება. დეპრესიის სიმპტომები უმეტესად შემოდგომაზე იჩენს თავს და მთელი ზამთარი გრძელდება, მაგრამ არც ის არის გამორიცხული, გაზაფხულზე ან ზაფხულის დამდეგს დაიწყოს.
შემოდგომა-ზამთრის დეპრესიის სიმპტომები გაზაფხულ-ზაფხულის დეპრესიის სიმპტომებისგან განსხვავდება. პირველ შემთხვევაში თუ შესამჩნევია უიმედობა, ენერგიის გამოლევა, ძილიანობა, მადის მოჭარბება, მეორე შემთხვევაში წამყვანია გაღიზიანებადობა, შფოთვა, უძილობა, უმადობა და წონის კლება. საზოგადოდ, განწყობა ამინდთან ერთად იცვლება, მაგრამ თუ ემოციური ლაბილურობა მთელი ერთი ან ორი სეზონი გაგრძელდა, ეს შესაძლოა სეზონური აფექტური აშლილობა იყოს – აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
რატომ ერჩის ქალებს
თურმე სუსტი სქესი ორჯერ უფრო ხშირად ხვდება დეპრესიის კლანჭებში და ეს თანაფარდობა, განურჩევლად რასობრივი და ეთნიკური კუთვნილებისა თუ საზოგადოებრივ-ეკონომიკური მდგომარეობისა, ერთი და იგივეა. მეცნიერები ამ კანონზომიერებას რამდენიმე ფაქტორით ხსნიან. ბიოლოგიური ფაქტორები. ქალის სასქესო ჰორმონების ყოველთვიური ცვალებადობა, რომელიც მენსტრუალურ ციკლს უდევს საფუძვლად, იმავდროულად ერთობ გავრცელებული მენსტრუაციამდელი სინდრომის მიზეზადაც გვევლინება. დეპრესიის რისკი იმატებს პერიმენოპაუზის პერიოდში (მენოპაუზის დაწყებამდე, თვით მენოპაუზის დროს და მის შემდეგ), როცა ქალის ორგანიზმში ასევე მკვეთრად მერყეობს სასქესო ჰორმონების დონე. იმ ქალებს, რომლებსაც ადრეც ჰქონიათ დეპრესია, მენოპაუზის დადგომასთან ერთად მისი ხელახლა აღმოცენების დიდი ალბათობა აქვთ. განსაკუთრებით მაღალი რისკი ემუქრებათ მარტოხელა დედებს. კვლევები მოწმობს, რომ მარტოხელა დედებს შორის დეპრესია სამჯერ უფრო ხშირია, ვიდრე დაოჯახებულ ქალებს შორის. საზოგადოებაში ქალები მამაკაცებთან შედარებით ნაკლები ძალაუფლებით სარგებლობენ, ამიტომ განსაზღვრულ შემთხვევებში მათ შესაძლოა გაუჩნდეთ დაუცველობის განცდა და ეს დეპრესიის მიზეზად ექცეთ.
ზოგიერთი გამოკვლევა იმაზე მეტყველებს, რომ ქალებს დეპრესიისთვის მამაკაცებთან შედარებით მცირე სტრესიც ჰყოფნით. გარდა ამისა, განსხვავებულია ქალების ფიზიოლოგიური რეაქცია სტრესული ფაქტორების მიმართ. ქალის ორგანიზმში უფრო მეტი სტრესული ჰორმონი გამომუშავდება, ვიდრე მამაკაცისაში, ხოლო ქალის სასქესო ჰორმონი პროგესტერონი ხელს უშლის სტრესული ჰორმონის ნორმალური დონის აღდგენას. ბუნებრივია, ყოველივე ეს ქალს უფრო მეტად განაწყობს დეპრესიის მიმართ.
დეპრესიის სეზონურობა უფრო მეტად ქალებისთვის არის დამახასიათებელი. როგორც უკვე ვთქვით, მათ უფრო ხშირად აღენიშნებათ ატიპური დეპრესია და დანაშაულის განცდაც უფრო მკვეთრად აქვთ გამოხატული.
ქალებში დეპრესიის ერთ-ერთი გავრცელებული ფორმა მშობიარობის შემდგომი დეპრესიაა.  მის აღმოცენებას საფუძვლად უდევს ჰორმონული, ემოციური და ცხოვრებისეული ფაქტორები. მშობიარობის შემდეგ ორგანიზმში მკვეთრად მცირდება ქალის სასქესო და ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონე, იცვლება არტერიული წნევა, იმუნური მდგომარეობა და მეტაბოლიზმი. ყოველივე ეს სტრესია ქალის ორგანიზმისთვის და ემოციურ ლაბილურობას იწვევს. არასასურველ გავლენას ახდენს უძილობა და რეგულარული ღამისთევაც. ზოგიერთ დედას შიში ეუფლება, ვაითუ ბავშვს სათანადოდ ვერ მოვუაროო, ზოგიერთისთვის სტრესია უჩვეულო ცხოვრების რიტმი. ყოველივე ამას შესაძლოა დაერთოს ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული თუ ფინანსური სირთულეები, მარტოობა... შესაძლო მიზეზად მოიაზრებენ გენეტიკურ განწყობასაც. დეპრესიის ტიპურ ნიშნებთან ერთად მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დროს გვხვდება ისეთი უჩვეულო სიმპტომებიც, როგორებიცაა ახალშობილის მიმართ ინტერესის დაკარგვა, ნეგატიური ფიქრები მის შესახებ, მისთვის ზიანის მიყენების სურვილიც კი. ასეთი დედები, ჩვეულებრივ, ძუძუს არ აწოვებენ და არ ეთამაშებიან პატარას. ისეც ხდება, რომ დედა ხან ზრუნავს შვილზე, ხან კი საერთოდ არ აქცევს ყურადღებას და აღიზიანებს კიდეც იგი. 
ნუ გეგონებათ, რომ ასეთი ქალები ცუდი დედები არიან; მშობიარობის შემდგომი დეპრესია დაავადებაა და მკურნალობას მოითხოვს. სხვაგვარად ეს მდგომარეობა ავნებს როგორც დედას, ასევე ბავშვსაც. მშობიარობის შემდგომი დეპრესიის დროს მკურნალობის სტანდარტულ მეთოდებთან ერთად ზოგჯერ გამოიყენება ქალის სასქესო ჰორმონების ჩანაცვლებითი თერაპიაც.
მამაკაცებსაც?!
მიიჩნევა, რომ მამაკაცი ძლიერია და იოლად მართავს თავის ემოციებს. სინამდვილეში კი დეპრესია მამაკაცებს შორისაც საკმაოდ არის გავრცელებული. ის გავლენას ახდენს შრომისა და სწავლის უნარზე, ადამიანებთან ურთიერთობაზე; იცვლება ჩვეულებები, ქრება სიხარულის განცდა. დადგენილია, რომ დეპრესიის გამო მამაკაცები ქალებზე ოთხჯერ ხშირად იკლავენ თავს.
სამწუხაროდ, მამაკაცების დეპრესია ხშირად შეუმჩნეველი რჩება, ვინაიდან ძლიერ სქესს უჭირს საკუთარ გრძნობებზე საუბარი. ნაცვლად იმისა, რომ სულიერ განცდებზე გაამახვილონ ყურადღება, ისინი ამჯობინებენ, ისაუბრონ ფიზიკურ სიმპტომებზე, რომლებიც ხშირად ახლავს თან დეპრესიას: ზურგის ტკივილზე, თავის ტკივილზე, ძილის დარღვევაზე, სქესობრივ პრობლემებზე... შედეგად კი ძირითადი პრობლემა იჩქმალება და მკურნალობის გარეშე რჩება. ყოველივე ამას შესაძლოა მძიმე შედეგი მოჰყვეს, მაგალითად, მდგომარეობიდან გამოსავლის ძიებისას პაციენტმა თვითმკვლელობაზე დაიწყოს ფიქრი.
ზოგიერთ მამაკაცს თუ დეპრესია სტანდარტული სიმპტომებით – სევდით, მეგობრებისა და საყვარელი საქმიანობისადმი ინტერესის დაკარგვით გამოაჩნდება, ზოგი შესაძლოა აგრესიული გახდეს, დაიწყოს თავდაუზოგავი მუშაობა, სმა, თამაში ან ხელი მიჰყოს სარისკო საქმიანობას.
მამაკაცთა დეპრესიისთვის ყველაზე მეტად დამახასიათებელია სამი ნიშან-თვისება:

. ფიზიკური დისკომფორტი. დეპრესიის დროს მამაკაცი შესაძლოა უჩიოდეს ზურგის ტკივილს, თავის ტკივილს, ძილის დარღვევას, სქესობრივ დისფუნქციას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სიმპტომებს, რომლებიც შესაბამის მკურნალობას არ ექვემდებარება.
. ბრაზი, გაღიზიანებადობა, აგრესიული მოქმედება, ხშირად – ძალადობაც კი. ზოგიერთი მამაკაცი მეუღლისთვის, შვილებისა და საყვარელი ადამიანებისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებასაც კი იწყებს.
. აზარტულობა. ზოგიერთი მამაკაცი თავდავიწყების მიზნით ექსტრემალურ სპორტს, აზარტულ თამაშებს, სასმელს, ნარკოტიკებს ეძალება, ზოგიერთი ანგარიშმიუცემლად მართავს მანქანას და სხვა.
გაითვალისწინეთ, რომ ანტიდეპრესიული მეთოდები, როგორც წესი, საკმაოდ ეფექტურია მამაკაცთა დეპრესიის მოსახსნელად, რაშიც ყველაზე სკეპტიკოსი მამაკაცებიც კი არაერთხელ დარწმუნებულან.
ვებრძვით დეპრესიას 
დეპრესიის მკურნალობა სხვადასხვა მეთოდით არის შესაძლებელი. მკურნალობის ძირითადი მიმართულებებია მედიკამენტური თერაპია და ფსიქოთერაპია. ორივე მეთოდი ეფექტურია, ხოლო მათი კომბინირებული გამოყენების შემთხვევაში შედეგი საუკეთესოა.
ანტიდეპრესიულ პრეპარატებთან ერთად ექიმმა შეიძლება გამოიყენოს სხვა ჯგუფის მედიკამენტებიც – მასტიმულირებელი, სედაციური, ანტიფსიქოზური... ყოველი ადამიანი ინდივიდია, რის გამოც ამა თუ იმ პაციენტისთვის სწორი მკურნალობის შერჩევას შესაძლოა განსაზღვრული დრო და ძალისხმევა დასჭირდეს. აღსანიშნავია ასევე, რომ ანტიდეპრესიული პრეპარატების მოქმედების შედეგი მხოლოდ რამდენიმე კვირის შემდეგ (3-დან 8 კვირამდე) ხდება თვალსაჩინო. ამდენად, მკურნალობის შეწყვეტა ექიმის მიერ მითითებულ ვადაზე ადრე არასასურველია. გვერდითი მოვლენების აღმოცენების შემთხვევაში ნუ შეწყვეტთ მკურნალობას, დაუკავშირდით ექიმს და აცნობეთ მას ამ მოვლენების შესახებ. შესაძლოა, პრეპარატის შეწყვეტა სულაც არ იყოს საჭირო და გვერდითი ეფექტის შესამცირებლად დოზის კორექციაც საკმარისი აღმოჩნდეს. გახსოვდეთ ისიც, რომ ანტიდეპრესიული პრეპარატი ერთბაშად არ უნდა მოიხსნას – ამან შესაძლოა მოხსნის სინდრომი გამოიწვიოს. ანტიდეპრესიული პრეპარატის დოზა თანდათანობით უნდა შემცირდეს და მიღება ამგვარად შეწყდესფსიქოთერაპია დეპრესიის მკურნალობის არამედიკამენტური ალტერნატივაა, რომელიც მიზნად ისახავს, პაციენტის პრობლემების განხილვითა და საუბრით მიაღწიოს სასურველ შედეგს. ასეთი საუბრები პაციენტს ეხმარება, უკეთ გაარკვიოს თავისი დეპრესიული მდგომარეობის მიზეზი, უფრო ადვილად იპოვოს გამოსავა
ლი, გაუმკლავდეს უარყოფით ემოციებსა თუ ფიქრებს.
დეპრესიას დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდებით, მაგრამ არსებობს წესები, რომელთა დაცვით მნიშვნელოვან დახმარებას გაუწევთ საკუთარ თავს:
. სურვილისამებრ ნუ შეწყვეტთ ანტიდეპრესიული პრეპარატების მიღებას და ფსიქოთერაპიულ სეანსებს. მკურნალობის უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში დეპრესია ისევ მოგერევათ.
- ივარჯიშეთ! ფიზიკური აქტივობა ამცირებს დეპრესიის სიმპტომებს. ისეირნეთ, ირბინეთ, იცურეთ. შეარჩიეთ ისეთი აქტივობა, რომელიც სიამოვნებას მოგგვრით.
- ერიდეთ ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს. მათ მიერ მოგვრილი შვება დროებითი და მაცდურია. სინამდვილეში ალკოჰოლი და ნარკოტიკები ადამიანს დეპრესიაში უფრო ღრმად ითრევს.
- მოიწესრიგეთ ძილის რეჟიმი. სრულფასოვანი ძილი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დეპრესიის სიმპტომების უკუგანვითარებისთვის. თუ ცუდად გძინავთ, აუცილებლად აცნობეთ ამის თაობაზე ექიმს.
- ნუ ჩაიკეტებით საკუთარ თავში. ნუ დაიგროვებთ გულში უარყოფით ემოციებს. მოუყევით თქვენი პრობლემების შესახებ ახლო მეგობარს. მოიწვიეთ მეგობრები შინ ან თავად ესტუმრეთ მათ. გაიჩინეთ ახალი ნაცნობები. შესაძლოა, საამისო განწყობა არ გქონდეთ, მაგრამ ეცადეთ, საზოგადოებისგან არ გაირიყოთ. შეინარჩუნეთ ურთიერთობები, თუნდაც ძალისხმევის ფასად.
- მიეცით თავს მცირედი ფუფუნების უფლება: გაატარეთ თავისუფალი დრო ბუნების წიაღში, უყურეთ მხიარულ ფილმებს, დიდხანს ინებივრეთ აბაზანაში, მოუსმინეთ მუსიკას, წერეთ დღიური (თუ ეს თქვენთვის მისაღებია), გამონახეთ დრო საყვარელი საქმიანობისთვის, რომლისთვისაც ბოლო ხანს ვერ იცლიდით.
- მიიღეთ სრულფასოვანი საკვები. ეს აუცილებელია ენერგიისა და ჯანმრთელობისთვის. 
უეცარი გაორება
შიზოფრენია ფსიქიკური აშლილობაა, რომლის დროსაც ტვინში მომხდარი ცვლილებების ფონზე ადამიანი რეალობის შეგრძნებას კარგავს, აწუხებს ჰალუცინაციები, ეცვლება ქცევა, ერღვევა აზროვნება.
ამთავითვე მოგახსენებთ, რომ შიზოფრენია არ იკურნება, თუმცა დროული და სწორი მკურნალობის შემთხვევაში შეტევები დიდი ხნით მიეცემა დავიწყებას.
მამაკაცებში შიზოფრენია უმეტესად მოზარდ ასაკში ან დაახლოებით 20 წლისთვის იღებს სტარტს, ქალებში – ოდნავ მოგვიანებით, 20- 30 წლისთვის. ბავშვებსა და 45 წელს გადაცილებულ ზრდასრულებში შიზოფრენია იშვიათია.
შიზოფრენიის სიმპტომები სამ ძირითად ჯგუფად იყოფა: პოზიტიურად, ნეგატიურად და კოგნიტურად.

პოზიტიურებს უწოდებენ სიმპტომებს, რომლებიც ნორმალურზე მძაფრად არის გამოხატული ან სულაც გაუკუღმართებული სახით იჩენს თავს ანუ რეალობას არის მოწყვეტილი. მათ შორისაა: 
. დელუზია ანუ ბოდვითი იდეები – რეალობას სრულიად მოწყვეტილი ქმედება და მსჯელობა, რომელიც ნორმალური აზროვნებისგან რადიკალურად განსხვავდება. ადამიანი კარგავს ლოგიკური განსჯისა და ქმედების უნარს.
. ჰალუცინაციები – ამ დროს ადამიანი ხედავს არარსებულს და ესმის არასებული ხმები. შიზოფრენიას ყველაზე მეტად სწორედ სმენითი ჰალუცინაციები ახასიათებს, თუმცა არც სხვა ტიპის უცნაური, არარსებული შეგრძნებების გაჩენაა გამორიცხული. 
. აზროვნების მოშლა – ამ დროს ადამიანი ვეღარ ახერხებს აზრის ზუსტად გამოხატვას, თავს ვეღარ უყრის სიტყვებს, წინადადებას შუაში წყვეტს ან კონტექსტიდან ამოვარდნილ სიტყვებს იშველიებს. ამ მდგომარეობას ხატოვნად “სიტყვების ვინეგრეტს” უწოდებენ. 
. არაორგანიზებული ქცევა – რაც შესაძლოა ნებისმიერ არაადეკვატურ ქმედებას ასახავდეს, ბავშვური საქციელით დაწყებული, უსაფუძვლო, უადგილო აგიტაციით დამთავრებული.
ნეგატიური სიმპტომები უმთავრესად ნორმალური ნიშნების დაკნინებითა და გაქრობით ვლინდება და პოზიტიურ სიმპტომებთან ერთად ან მათ გარეშე იჩენს თავს. ესენია:
. ყოველდღიური აქტივობებისადმი ინტერესის, მათი განხორციელების უნარის დაკარგვა;
. ემოციების გასადავება;
. პირადი ჰიგიენის უგულებელყოფა;
. საზოგადოებისგან მოწყვეტა;
. მოტივაციის დაკარგვა.
კოგნიტური სიმპტომები უმთავრესად აზროვნების შეცვლით, გონებრივი შესაძლებლობების დაქვეითებით გამოიხატება და წინა ორი ტიპის სიმპტომების პარალელურად ან მათგან დამოუკიდებლად იჩენს თავს. ეს ნიშნებია:
. ინფორმაციის არასწორი აღქმა;
. ყურადღების კონცენტრირების გაძნელება;
. მეხსიერების პრობლემები.
შიზოფრენიის გავრცელება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დაახლოებით ერთნაირია – ყოველ 1000 კაცზე 8-12 შემთხვევა.

 მაინც, რა იწვევს?
ამ შეკითხვაზე ზუსტი პასუხი არ არსებობს. როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, შიზოფრენიის ჩამოყალიბებაში ბრალი მიუძღვის გენეტიკური და გარეგანი ფაქტორების კომბინაციას.
ისევე, როგორც მრავალი სხვა დაავადების დროს, მემკვიდრეობითი ფაქტორი გარკვეულ როლს აქაც ასრულებს. მიიჩნევენ, რომ არსებობს ეგრეთ წოდებული წინასწარი განწყობა, რომლის რეალიზაციაც ან მოხდება, ან არა. ისიც შესაძლოა, პათოლოგიამ სხვა თაობაში იჩინოს თავი. და მაინც, შიზოფრენიას გენეტიკურ დაავადებათა რიცხვს არ მიაკუთვნებენ. მისი ბუნება ჯერ კიდევ უცნობია, თუმცა რისკი მით უფრო მაღალია, რაც უფრო ახლო ნათესავია ავად იმავე სნეულებით.
შიზოფრენიის დროს განსაზღვრული ცვლილებები ვითარდება ტვინის სტრუქტურასა და იმ ჰორმონების სინთეზში, რომლებიც აუცილებელია ცენტრალური ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციობისთვის. 
მემკვიდრეობით განწყობასთან ერთად, შიზოფრენიის ჩამოყალიბებას ხელს უწყობს შემდეგი ფაქტორები:
. მუცლადყოფნის პერიოდში, განსაკუთრებით – პირველ და მეორე ტრიმესტრში, ნაყოფზე ვირუსებისა და ტოქსინების ზემოქმედება, კვების დეფიციტი;
. სტრესით აღსავსე ცხოვრება;
. ფსიქოაქტიური მედიკამენტების მიღება მოზარდ ასაკში. 
რას ითვალისწინებს მკურნალობა
ვინაიდან შიზოფრენიის მიზეზი დღესდღეობით უცნობია, წამლები მის გამოვლინებათა წინააღმდეგ არის მიმართული. ანტიშიზოფრენიული მედიკამენტი არ არსებობს. იგივე წამლები ზოგჯერ სხვა პათოლოგიების დროსაც გამოიყენება.
“ხმების”, ჰალუცინაციების, აღგზნების, მცდარი (ბოდვითი) აზრების მოსახსნელად ნეიროლეფსიურ პრეპარატებს იყენებენ. სწორედ ისინი წარმოადგენენ მკურნალობის ბაზისს. მიუხედავად მათდამი საზოგადოების ნაწილის ნეგატიური დამოკიდებულებისა, ამ პრეპარატების გამოყენება აუცილებელია (აქვე გეტყვით, რომ გასული საუკუნის 50-იან წლებში მათი შექმნა ფსიქიატრიაში რევოლუციური გარდატეხის ტოლფასი იყო). მკურნალობის პროცესში თავჩენილი გვერდითი ეფექტების (შებოჭილობის, მოუსვენრობის) შესამცირებლად თერაპიაში ხშირად სხვა ჯგუფის (მაგალითად, ანტიპარკინსონული) პრეპარატებიც ერთვება.
ყოველდღიურად ჩნდება ახალი თაობის ნაკლებად ტოქსიკური, ეფექტური ფსიქოტროპული პრეპარატები. დამშვიდებასთან, ჰალუცინაციის მოხსნასთან ერთად ისინი გავლენას ახდენენ ეგრეთ წოდებულ ნეგატიურ სიმპტომატიკაზე (ემოციური გასადავება, აპათია), აუმჯობესებენ ცხოვრების ხარისხს, უადვილებენ ადამიანს საზოგადოებაში დაბრუნებას. მათი მთავარი ნაკლი მაღალი ფასია, რაც მძიმე ტვირთად აწვება ავადმყოფის ოჯახს.
და კიდევ...
შიზოფრენიის დროს მედიკამენტური მკურნალობა წამყვანია, მაგრამ არა ერთადერთი. არანაკლებ მნიშვნელოვანია ფსიქოთერაპიული მეთოდების გამოყენება, დაწყებული ზოგადი ფსიქოთერაპიით, რაც პაციენტისთვის კომფორტული გარემოს შექმნას და ექიმთან სწორი დამოკიდებულების ჩამოყალიბებას გულისხმობს. გარკვეული ეტაპიდან მნიშვნელობას იძენს სხვა ფსიქოთერაპიული მეთოდები, რომლებსაც სარეაბილიტაციო ცენტრებში იყენებენ. 
ელექტროშოკით მკურნალობის მეთოდმა გარკვეულწილად იცვალა სახე, მაგრამ მნიშვნელობა არ დაუკარგავს. მაგალითად, საფრანგეთში მას იყენებენ შეკავების (სტუპორის), დეპრესიის დროს. ჩვენ ამ მეთოდის გამოყენების შესაძლებლობას დღესდღეობით მოკლებულნი ვართ – საქართველოში არსებული ელექტროკრუნჩხვითი თერაპიის აპარატურა მოძველებულია.
შინ თუ საავადმყოფოში
ავადმყოფთა განსაზღვრულ კონტინგენტს სტაციონარული მკურნალობა სჭირდება, თუმცა მათი დიდი ნაწილი სარგებლობს ამბულატორიული დახმარებით სპეციალიზებულ ფსიქონევროლოგიურ დისპანსერულ ქსელში, რომელიც საქართველოს ყველა ქალაქში ფუნქციონირებს, და ეს იმიტომ, რომ არსებობს პრეპარატები, რომელთა მეშვეობითაც თუ გამოჯანსაღება არა, მდგომარეობის გაუმჯობესება მაინც შესაძლებელია. ასე რომ, საავადმყოფოში შედარებით ნაკლებ ადამიანს უხდება დაწოლა. მან, ვისაც წამლის სისტემატური მიღება სჭირდება, მაგრამ შეუძლია იყოს ოჯახში, ჩაერთოს შრომით საქმიანობაში, არ უქმნის საფრთხეს საკუთარ თავს და ირგვლივ მყოფებს, უმჯობესია, მკურნალობა ამბულატორიულ პირობებში განაგრძოს. საზოგადოდ, პაციენტი საავადმყოფოში ინტენსიური მკურნალობისთვის თავსდება. ზოგიერთ შემთხვევაში ეს იმ ავადმყოფთა იზოლირებასაც გულისხმობს, რომლებიც შესაძლოა საფრთხეს უქმნიდნენ სხვებს ან საკუთარ თავს. ასეთი რამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დეპრესიების დროს. ჩვენში ჯერ კიდევ არის ძველი პრაქტიკა – ხშირად ავადმყოფმა არც კი იცის, რა სპეციალიზაციის ექიმთან მიდის. ეს შეცდომაა. ავადმყოფმა უნდა იცოდეს, რომ ფსიქიატრთან არის მიღებაზე. განსაზღვრულ ეტაპზე ისიც უნდა შეიტყოს, რა სჭირს და მიხვდეს, რომ მკურნალობა აუცილებელია.
ფსიქიატრიული მომსახურება საქართველოში
ფსიქიკური აშლილობით მსოფლიოში დაახლოებით 450 მილიონი კაცია დაავადებული, თუმცა ფსიქიკური გადახრები უფრო მეტს აღენიშნება. ცხოვრების თანამედროვე სტილი, დაძაბულობა, სოციალური გარემოს სწრაფი ცვალებადობა ადამიანის ფსიქიკაზე დიდ გავლენას ახდენს.როგორ ავიცილოთ თავიდან გართულებები, როდის და რატომ არის აუცილებელი მაინცდამაინც ფსიქიატრის კონსულტაცია და იცავენ თუ არა საქართველოში პაციენტთა უფლებებს? ამ და სხვა კითხვებზე კომპეტენტური პასუხის მისაღებად ფსიქიატრ დავით ზურაბიშვილს ვესტუმრეთ.
– როგორია საქართველოში ფსიქიატრიულ დაავადებათა სტატისტიკა? მატების ან კლების ტენდენცია ხომ არ შეინიშნება?
– სტატისტიკა მთელ მსოფლიოში თითქმის ერთნაირია, თუმცა რაც უფრო მეტად ვითარდება ჩვენი ქვეყანა, ავადობის მაჩვენებელიც იმატებს. ამაში ბრალი მიუძღვის თანამედროვე ყოფის თანმხლებ დაძაბულობას, სტრესს, ცხოვრების არაჯანსაღ წესს. ისიც სათქმელია, რომ უკანასკნელ ხანს ფსიქიატრიაში გატარდა რეფორმა, ამაღლდა მომსახურების დონე და, შესაბამისად, პაციენტებიც მომრავლდნენ, წინათ კი ფსიქიატრიული სერვისის დაბალი დონის გამო მომართვიანობა მცირე იყო. ასე რომ, მართებული იქნება, თუ  ვიტყვით, რომ ავადობამ კი არ მოიმატა, არამედ აღრიცხვიანობამ.
– რა ტიპის ჩივილებით მოგმართავენ პაციენტები?
– ფსიქიატრია ის სფეროა, სადაც პაციენტები მოდიან უკვე სხვა სპეციალობის ექიმების კონსულტაციის  შემდეგ. სამწუხაროდ, მოსახლეობას ჯერჯერობით არ აქვს საკმარისი ფსიქიატრიული განათლება, ამიტომ ნერვული პრობლემების დროს ნევროპათოლოგს მიმართავენ, რაც დროის ამაო კარგვაა. რამდენიმე ხნის შემდეგ პაციენტი უმეტესად მაინც ხვდება ფსიქიატრთან, თანაც უკვე ღრმა ცვლილებებით, რომლებიც ძნელად ემორჩილება მკურნალობას. პაციენტები დროულად რომ მოგვმართავდნენ, მკურნალობის ეფექტიცა და გამოჯანმრთელების სისწრაფეც გაცილებით მაღალი იქნებოდა.
რამდენიმე თვის წინ მოსახლეობაში ჩატარდა გამოკითხვა, რომლის დროსაც დაახლოებით 30-35%-მა აღნიშნა, რომ პრობლემის შემთხვევაში აუცილებლად მიმართავდნენ არა ნევროლოგს, არამედ ფსიქიატრს. ეს იმაზე მეტყველებს, რომ ნეგატიური განწყობა ფსიქიატრიის მიმართ ნელ-ნელა ქრება.
რაც შეეხება სიმპტომებს, მოგვმართავენ ყოველგვარი პრობლემით, რაც კი ადამიანს გარემოსთან ადაპტაციაში უშლის ხელს. არსებობს ფსიქოლოგიური, გენეტიკური და პირადი ფაქტორები, რომლებიც ცალკეულ პირებს ფსიქიკური დაავადებების მიმართ უფრო მგრძნობიარეს ხდის.
– როგორ ხდება პაციენტთა მომართვა?
– არსებობს მომართვის რამდენიმე გზა:
პირველი – პაციენტი თვითონ მოდის საავადმყოფოში, ითხოვს კონსულტაციას. ფსიქიატრი გაესაუბრება მას და წყვეტს, სჭირდება თუ არა მას მკურნალობა.
. მეორე – პაციენტს დაქვეითებული აქვს კრიტიკა, თავი ჯანმრთელად მიაჩნია და ოჯახის წევრები აიძულებენ ექიმთან მისვლას. ამ შემთხვევაში კონსულტაციას ვუწევთ არა მხოლოდ პაციენტს, არამედ მისი ოჯახის წევრებსაც, მერე კი ვთავაზობთ სტაციონარულ, ამბულატორიულ ან კრიზისული ინტერვენციის (დღის სტაციონარი) სერვისს. ეს უკანასკნელი რამდენიმე თვის წინ დაინერგა: დღის პირველ ნახევარს პაციენტი სტაციონარში ატარებს, იღებს პრეპარატებს, ფსიქოლოგიურ დახმარებას, ხოლო დღის მეორე ნახევარში შინ ბრუნდება.
. მესამე – პაციენტს მოშლილი აქვს კრიტიკა, საშიშია როგორც საკუთარი თავისთვის, ისე გარშემო მყოფთათვისაც. ამ შემთხვევაში იგი მოჰყავს სასწრაფო დახმარების სამსახურს, თუ ვერ დაიმორჩილეს – პატრულის დახმარებით. ექიმი წყვეტს, პაციენტი სტაციონარში დატოვოს თუ გაუშვას.
 – რისი უფლება აქვს პაციენტს?
– თუ ექიმმა გადაწყვიტა, რომ მკურნალობა საჭიროა, პაციენტი კი არ არის თანახმა, ექიმი იძახებს მოსამართლეს; მას მოყვებიან ადვოკატი, ოჯახის წევრები და ხდება დასაბუთება, რატომ უნდა დარჩეს პაციენტი სტაციონარში.
პაციენტს არავითარი უფლება არ ჩამოერთმევა. იგი სარგებლობს ყველა იმ უფლებით, რომლითაც ნებისმიერი სხვა ადამიანი. უფრო მეტიც – საგანგებოდ გამოყოფილი სოციალური მუშაკი შინაც კი ამოწმებს, როგორ იცავენ მის უფლებებს. აქვე გეტყვით, რომ კანონით გათვალისწინებული და დაცულია ფსიქიატრიის დარგის მუშაკთა უფლებებიც.
– როდის თავსდება პაციენტი სტაციონარში?
– არის ისეთი შემთხვევებიც, როდესაც პაციენტი სტაციონარში საკუთარი ნებით რჩება და ისეთიც, როდესაც მას მისი ნება-სურვილის გარეშე ვათავსებთ იქ. ეს მაშინ, როდესაც პაციენტი სოციალურად საშიშია და საფრთხეს უქმნის გარშემო მყოფებსა და საკუთარ თავს.
– როდის არის საჭირო ექიმის კონსულტაცია?
– მაშინ, როდესაც გვერდით მყოფი ადამიანი ამჩნევს ჩვენს ნერვულ პრობლემებს და გვეუბნება, რომ რაღაც არ გვაქვს რიგზე და მაშინ, როდესაც ამ პრობლემებს თვითონვე ვგრძნობთ.
– უმთავრესად რა ასაკის პაციენტები მოგმართავენ?
– თითქმის ყველა ასაკისა. მოზარდებს გარდატეხის ასაკში ხშირად აქვთ ფსიქიკური პრობლემები.
– როგორია მკურნალობის პრინციპები? ხორციელდება თუ არა მონიტორინგი სტაციონარიდან გაწერის შემდეგ?
– ჩვენს ქვეყანაში, ისევე როგორც უცხოეთში, მკურნალობის ძირითადი მეთოდი მედიკამენტურია. ამას ემატება ფსიქოთერაპევტის კონსულტაცია, რომლის ფუნქციასაც ჩვენთან ფსიქიატრი ასრულებს. პაციენტს სტაციონარში მწვავე მდგომარეობის მოხსნამდე ვტოვებთ; როდესაც იგი ხდება კრიტიკული, აღარ ეწინააღმდეგება საკუთარ თავს და თანახმაა შესაბამის მკურნალობაზე, ეწერება სახლში და მკურნალობას ამბულატორიულად აგრძელებს. ზოგ შემთხვევაში სტაციონარში მკურნალობა ხანმოკლეა, ზოგ შემთხვევაში – ხანგრძლივი. ეს თითოეულ ინდივიდსა და მის სიმპტომატიკაზეა დამოკიდებული.
მნიშვნელოვანია ოჯახის წევრთა დამოკიდებულება, განსაკუთრებით – სტაციონარიდან გაწერის შემდეგ, ამიტომ ხშირად კონსულტაციებს ვუტარებთ არა მარტო პაციენტებს, არამედ მათი ოჯახის წევრებსაც და ორივე მხარეს ვასწავლით, როგორ იცხოვრონ ერთად.
გაწერის შემდეგ პაციენტებს ამბულატორიაზე მომაგრებას ვთავაზობთ – მათ შეუძლიათ, თვეში ერთხელ მოვიდნენ, გაიარონ შემოწმება და თუ საჭიროა, წამალიც მიიღონ. 
– რა სახელმწიფო პროგრამა მოქმედებს ფსიქიატრიაში?
– ყოველგვარი ფსიქიატრიული მომსახურება: სტაციონარი, პრეპარატები, კვება თუ სხვა – არის სრულიად უფასო, სახელმწიფო დაფინანსებაზე. თუმცა პაციენტი თანხმდება არა მარტო ფასს, არამედ კომფორტსა და ხარისხსაც.
– როგორ ავიცილოთ თავიდან ფსიქიატრიული პრობლემები?
– პრევენციის საუკეთესო გზაა ცხოვრების ჯანსაღი წესის შენარჩუნება, მავნე ჩვევების (სმა, თამბაქოს წევა, ნარკომანია და სხვა) უარყოფა, სპორტული და გამაჯანსაღებელი აქტივობა.
ფიზიკური ჯანმრთელობის შესახებ ბევრი რამ ვიცით და მისი შენარჩუნებაც გაცილებით ადვილია. რაც შეეხება ფსიქიკურ ჯანმრთელობას, აქ რამდენიმე მომენტს გავუსვამდი ხაზს:
. უმნიშვნელოვანესია ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებით ცხოვრება, რომლებსაც ქადაგებს მრავალი რელიგია – ქრისტიანობა, მუსულმანობა...
. ადამიანი ლაღი უნდა იყოს და არა ბოღმიანი. ამ შემთხვევაში მას ადეკვატური რეაქცია ექნება ყველაფერზე, რაც ცხოვრების გზაზე შეხვდება.
დღეს, როდესაც დაზღვევა თითქმის ყველას აქვს, ურიგო არ იქნება, წელიწადში ერთხელ მივიდეთ ექიმთან და ფიზიკური თუ ფსიქიკური მდგომარეობა შევიმოწმოთ. გვახსოვდეს: ჯანმრთელი ფსიქიკის გარეშე ჯანმრთელობა არ არსებობს.
საუბრის დასასრულს, მივმართავ აბიტურიენტებსა და სტუდენტებს, რომელთაც სპეციალობა ჯერ არ აურჩევიათ: ფსიქიატრიაში, განსაკუთრებით – ბავშვთა ფსიქიატრიაში, დღეს კადრების დიდი დეფიციტია და მოხარული ვიქნებით, თუ ახალგაზრდები ამ შრომატევად, მაგრამ საინტერესო სფეროზე შეაჩერებენ არჩევანს.
მარი ზაზაშვილი

გააზიარე: