საკვერცხის პოლიკისტოზი

გააზიარე:

ახალი სიცოცხლის ჩასახვისთვის საკვერცხე ჯეროვნად ემზადება: გამოზრდის კვერცხუჯრედებს, მოამწიფებს, მერე ფოლიკული გასკდება და მიკროსკოპული უჯრედი მზად არის მეორე ნახევართან შესახვედრად. მაგრამ ყოველთვის ასე როდი ხდება. ამ პროცესს ხშირად უშლის ხელს შტეინ-ლევენტალის სინდრომი, მარტივად – პოლიკისტოზი, ზოგჯერ კი – საკვერცხის სხვა სახის კისტებიც.
ხსენებულ პათოლოგიებზე გვესაუბრება კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ოპერატიული გინეკოლოგიის განყოფილების უფროსი ირაკლი თოდუა.

საკვერცხეების პოლიკისტოზს შტეინ-ლევენტალის სინდრომი ეწოდება. 60 წლის წინ ამ ორმა მეცნიერმა აღწერა ტრიადა – სამი სიმპტომის ერთობლიობა, რომელიც გამოიხატებოდა ჭარბი წონით, ანდროგენული (მამაკაცური) ტიპის ჭარბთმიანობითა და უშვილობის გამომწვევი ამენორეით (ციკლის დარღვევით). ეს ყველაფერი ერთვოდა დიდი ზომის საკვერცხეებს, რომლებსაც გარედან – სქელი გარსი, შიგნით კი მრავალი კისტა ჰქონდა. იმ დროს არ არსებობდა არც ექოსკოპია, არც დახვეწილი ლაბორატორიული კვლევები, ამიტომ ამ სინდრომს სადიაგნოსტიკო მუცელკვეთის – ლაპაროტომიის მეშვეობით ადგენდნენ.
დროთა განმავლობაში დიაგნოსტიკა დაიხვეწა, შტეინ-ლევენტალის სინდრომის კვლევაში ჩაერთო თანამედროვე ლაბორატორიული მეთოდები და ექოსკოპია.
საკვერცხეების პოლიკისტოზის ჩამოყალიბების უამრავ მიზეზს ვარაუდობენ, მაგრამ ეს თეორიები ჯერ კიდევ ჰიპოთეზად რჩება. დაბეჯითებით მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ პათოლოგია განპირობებულია არა ერთი გამომწვევი ფაქტორით, არამედ ფაქტორთა ვარიაციული კრებულით. სხვადასხვაგვარია მისი სიმპტომების კომბინაციაც. იშვიათია კლასიკური შემთხვევა, როდესაც ერთსა და იმავე  პაციენტს ყველა სიმპტომი აღენიშნება.
დაავადების სიმპტომებს შორის ყველაზე ხშირად (ათიდან 7 შემთხვევაში) გვხვდება ჭარბთმიანობა გვხვდება. დაავადებულთა დაახლოებით 40%-ს ჭარბი წონა აღენიშნება, 40-50%-ს კი – ციკლის დარღვევა და უშვილობა. ციკლის დარღვევა გულისხმობს სპანიომენორეას – ძალზე იშვიათ მენსტრუაციას, რომელიც ორ-სამ თვეში ერთხელ აღირიცხება, ან ამენორეას – მენსტრუაციის არარსებობას. ეს, ბუნებრივია, უშვილობას იწვევს, ვინაიდან საქმე გვაქვს ანოვულაციასთან – მდგომარეობასთან, როდესაც კვერცხუჯრედი საკვერცხის გარსიდან ვერ გამოდის.
საინტერესოა, რომ ჭარბი წონის პრობლემები უკავშირდება შტეინ-ლევენტალის სინდრომის კიდევ ერთ სიმპტომს, რომელიც ლაბორატორიულად ვლინდება. ეს გახლავთ ინსულინრეზისტენტობა.

შტეინ-ლევენტალის სინდრომის თანამედროვე დიაგნოსტიკა შემდეგი გზით ხდება: პირველ ყოვლისა, ექიმი ისმენს პაციენტის ჩივილს, თვალით და გასინჯვით აფასებს მის მდგომარეობას. თუ სიმპტომების ანალიზი

 ამ პათოლოგიის არსებობაში დააეჭვებს, პაციენტს ექოსკოპიურ და ლაბორატორიულ კვლევაზე გაგზავნის. ჰორმონული კვლევები შტეინ-ლევენტალის სინდრომის დიაგნოსტიკის საფუძველია. მათი მეშვეობით განისაზღვრება, როგორია საკვერცხეების დაზიანების დონე, რამდენად არის გამოხატული სინდრომი, აღინიშნება თუ არა ანდროგენიზაცია, ნამდვილად შტეინ-ლევენტალის სინდრომთან გვაქვს საქმე თუ სხვა მსგავს პათოლოგიასთან, ხოლო მეორეული შტეინ-ლევენტალის სინდრომის შემთხვევაში დგინდება მისი პირველადი მიზეზი, რაც შეიძლება იყოს თირკმელზედა ჯირკვალთან დაკავშირებული დარღვევები, ნივთიერებათა ცვლის მოშლა ჰიპოთალამუს-ჰიპოფიზის სისტემაში, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგია და საკვერცხის სიმსივნეები, რომლებიც ანდროგენების გამომუშავებას და პაციენტის ვირილიზაციას  იწვევს.
დიაგნოსტიკის მესამე ბურჯია ექოსკოპია, რომელიც გვაჩვენებს საკვერცხეების სტრუქტურას, საშვილოსნოს მდგომარეობას და ა.შ.
პოლიკისტოზი სხვა კისტებისგან ექოსკოპიურადაც განსხვავდება: ამ დროს აღინიშნება მრავალი პატარა კისტა, რომელთა დიამეტრი ერთ სანტიმეტრს არ აღემატება; საკვერცხის პარენქიმის ნორმალური ქსოვილი ჩანაცვლებულია კისტების კრებულით, რომლებიც, თავის მხრივ, გაუმსკდარ ფოლიკულებს წარმოადგენს.
სხვა შემთხვევაში კისტა შეიძლება იყოს ფუნქციონალური, როგორიც არის ყვითელი სხეულის კისტა, ენდომეტრიომა, ცისტადენომა და მრავალი სხვა.
როდესაც კისტების დიფერენციაციაზე ვსაუბრობთ, რამდენიმე მნიშვნელოვანი მომენტია ყურადსაღები. პირველ ყოვლისა, უნდა განვასხვაოთ ფუნქციონალური კისტა, რომელიც კეთილთვისებიანია და ოპერაციულ ჩარევას არ ითხოვს. ის რამდენიმე ხანში თავისთავად ან ხანმოკლე მკურნალობის შედეგად განიწოვება. ასეთ კისტას ვაკვირდებით: სამი თვის შემდეგ ექოსკოპიას ვიმეორებთ და ვხვდებით, გაიწოვება თუ არა ის თავისთავად.
ზოგ შემთხვევაში კისტა მასში წარმოქმნილი უჯრედების არაკონტროლირებადი ზრდის შედეგია, ამიტომ მომდევნო საკითხი წარმონაქმნის ბუნების დადგენაა – უნდა გაირკვეს, არის თუ არა იგი პოტენციურად ავთვისებიანი. დადებითი პასუხის შემთხვევაში, განურჩევლად იმისა, აწუხებს თუ არა იგი პაციენტს, მისი დატოვება, რაღა თქმა უნდა, დაუშვებელია. დასასრულ, განისაზღვრება, ამოიკვეთოს თუ არა საკვერცხე – ხომ არ გამოიწვევს მისი დატოვება კისტის რეციდივს, მის მოთესვას და ა.შ.
პოლიკისტოზის მკურნალობისას დიდი მნიშვნელობა აქვს კვებას. დიეტოლოგია დიდ შანსს აძლევს პაციენტს, ციკლიც მოუწესრიგდეს და შვილოსნობის უნარიც დაუბრუნდეს. დიეტა მიმართულია წონის კლებისკენ. პროგრამა-მინიმუმი სხეულის მასის 15%-ის მოცილებაა (ეს იმ შემთხვევებს ეხება, როდესაც შტეინ-ლევენტალის სინდრომი ჭარბი წონითაც არის გამოვლენილი).
თუ პაციენტს ანდროგენები არ აქვს მომატებული, ჰორმონული ბალანსის აღსადგენად პროგესტერონის ჯგუფის პრეპარატს ვუნიშნავთ. ჰორმონული ბალანსის აღდგენა ციკლისა და ოვულაციის აღდგენასაც განაპირობებს. ანდროგენების სიჭარბისას, რასაც ჭარბი, მამაკაცური ტიპის თმიანობა და სხვა ნიშნები ავლენს, ინიშნება მათი დონის დამაქვეითებელი პრეპარატები. განსაკურნებლად ზოგჯერ დეზანდროგენიზაციაც საკმარისია.
XX საუკუნის 90-იან წლებამდე მეტად პოპულარული იყო საკვერცხის ე.წ. სოლისებრი ამოკვეთა. სხვათა შორის, ეს მეთოდი შედეგიანიც გახლდათ – პაციენტთა 65-70% იკურნებოდა, ციკლი აღდგებოდა (მართალია, დროებით, მაგრამ მაინც) და ქალს შვილოსნობის უნარი უბრუნდებოდა. თუმცა ამ ოპერაციას ნაკლიც ჰქონდა. ჯერ ერთი, მუცელკვეთით ტარდებოდა, მეორე – იწვევდა საკვერცხესთან ნაწლავების ძლიერ შეხორცებას.
მოგეხსენებათ, შტეინ-ლევენტალის სინდრომის დროს გასქელებულია საკვერცხის გარსი და სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ფოლიკული ოვულაციას ვერ ახერხებს. ლაპაროსკოპიის დროს ტარდება ელექტროკაუტერიზაცია – საკვერცხის გარსს ელექტროდით ჩხვლეტენ (კეთდება ოცამდე ნაჩვრეტი). დარღვეული გარსი შემდგომში აღარ ხორცდება და საკვერცხეს მუშაობის, ოვულაციის აღდგენის საშუალებას აძლევს.
ბოლო ხანს ლაპაროსკოპიამ მედიცინის მრავალ დარგში დაიმკვიდრა ადგილი. თანამედროვე გინეკოლოგია ხომ მის გარეშე წარმოუდგენელია. ეს მეთოდი გვაძლევს საშუალებას, პაციენტს ბევრად უფრო იოლად გადავატანინოთ ქირურგიული ჩარევა, ვიდრე ეს ლაპაროტომიით ხერხდებოდა.

გააზიარე: