რა არის პასუხისმგებლობა და რა ასაკში ყალიბდება ის?

გააზიარე:

მშობლები და პედაგოგები ხშირად ჩივიან, რომ თანამედროვე თინეიჯერებს სათანადოდ არ აქვთ განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა. მოზარდებში პასუხისმგებლობის ნაკლებობა მართლაც ხშირად შეინიშნება. ამის პასუხად ფსიქოლოგები რეკომენდაციების გრძელ სიას და ბავშვისთვის პასუხისმგებლობის გაღვივების ათასგვარ მეთოდს გვთავაზობენ. რა გასაკვირიც უნდა იყოს, ისეთ ბავშვებსაც წააწყდებით, რომლებსაც ეს გრძნობა საჭიროზე მეტი აქვთ, თუმცა მშობლები და მასწავლებლები ამას პრობლემად არ მიიჩნევენ.

იმის შესახებ, სახიფათოა თუ არა ბავშვისთვის ზედმეტად განვითარებული პასუხისმგებლობა და საკუთარი თავისადმი მომთხოვნელობა, ბავშვთა ფსიქოლოგ ნინო ჯანაშიას და პედაგოგს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელ თამარ ბარისაშვილს ვესაუბრეთ.

 

– ქალბატონო ნინო, რა არის პასუხისმგებლობა და რა ასაკში ყალიბდება ის?

ნინო ჯანაშია:

– პასუხისმგებლობა ადამიანის პიროვნული თვისებაა, რომელიც ჩვენი ქცევით და მისი განხორციელებისადმი ჩვენი დამოკიდებულებით ვლინდება. მისი განვითარების განსაზღვრულ ასაკს ვერავინ დაგისახელებთ – ეს დამოკიდებულია ბავშვის სხვა პიროვნულ თვისებებზე, გარემოზე, ოჯახზე, ღირებულებებზე, რომლებიც პრიორიტეტულია მისი ოჯახისთვის და ა.შ.

– როგორი პიროვნული თვისებების, როგორი ტემპერამენტის მქონე ბავშვები არიან უფრო მეტად მიდრეკილნი გადაჭარბებული პასუხისმგებლობისკენ და საშიშია თუ არა ეს ბავშვისთვის?

– გადაჭარბებული პასუხისმგებლობის გრძნობა და საკუთარი თავისადმი ზედმეტი მომთხოვნელობა უფრო მეტად მელანქოლიურ, საკუთარ თავში ჩაკეტილ ადამიანებს ახასიათებთ. ასეთი ტემპერამენტის მქონე ბავშვები ემოციურობით გამოირჩევიან. წესისამებრ, ისინი საკმაოდ ნიჭიერები არიან, აქვთ დიდი შემოქმედებითი პოტენციალი და არც სიბეჯითე აკლიათ, მაგრამ ეს ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ყველა მელანქოლიკ და ნიჭიერ ბავშვს გადაჭარბებული პასუხისმგებლობის გრძნობა ახასიათებდეს. ბევრი რამ არის დამოკიდებული ოჯახზე. ბავშვის ხასიათზე უდიდეს გავლენას ახდენს მისდამი მშობლების დამოკიდებულება. თუ დედ-მამა შვილს სათანადო დროს უთმობს და მისი სურვილების მიმართ ინტერეს იჩენს, ბავშვს უჩნდება ნდობა როგორც სხვების, ისე საკუთარი თავის მიმართაც, საპირისპირო შემთხვევაში კი მისგან ყალიბდება ჩაკეტილი ტიპის პიროვნება. გადაჭარბებული პასუხისმგებლობა მოზარდს ხშირად სწორედ მშობლების წყალობით უვითარდება, რომლებიც ბევრს მოითხოვენ მისგან. არ არის გამორიცხული, მოზარდი ჩაიკეტოს საკუთარ თავში, დაუქვეითდეს თვითშეფასება და საკუთარი თავის რწმენა, თუ ვერ გადალახა მაღალი თამასა, რომელიც საკუთარ თავს დაუწესა. გარდა ამისა, ასეთი ბავშვები, როგორც გითხარით, ზედმეტად ემოციურები არიან და ეს ხშირად იწვევს ფიზიოლოგიურ პრობლემებს.

– როგორ უნდა მიხვდეს მშობელი, რომ მის შვილს პასუხისმგებლობის გრძნობა ჭარბად აქვს განვითარებული?

– ასეთი ბავშვები შინ თუ გარეთ პირნათლად ასრულებენ თავიანთ მოვალეობას, არიან ბეჯითები, მოწესრიგებულები, ესმით, რომ თავიანთ საქციელზე თავად უნდა აგონ პასუხი, ამიტომ, როცა ცდებიან, აღიარებენ ამას, ბოდიშს იხდიან და მზად არიან გამოსასწორებლად, თუმცა, ამასთანავე, ძალზე მტკივნეულად აღიქვამენ ყოველგვარ შეცდომას. ისინი ბევრს სთხოვენ საკუთარ თავსაც და სხვებსაც. ამიტომაც უჭირთ თანატოლებთან ურთურთიერთობა.

– როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, რომლის შვილსაც პასუხისმგებლობის გრძნობა ჭარბად აქვს განვითარებული? როგორ დაეხმაროს შვილს, როგორ დაიცვას სტრესისგან?

– მშობლები შვილებს ხშირად სთხოვენ შეუსაბამოდ ბევრს, ტვირთავენ სწავლითა თუ სპორტით და უგულებელყოფენ მათ სურვილებს. თუ გვსურს, ბავშვს არ დაეკარგოს საკუთარი თავის რწმენა, სწორად უნდა შევაფასოთ მისი შესაძლებლობები, გავითვალისწინოთ ასაკი და ინტერესები, მივცეთ მეტი თავისუფლება და არჩევანი. ამასთან, მეტი ყურადღება დავუთმოთ, დავეხმაროთ პრობლემების მოგვარებაში, ვასწავლოთ, რომ ყოველგვარი სირთულის გადალახვა შესაძლებელია. გახსოვდეთ, პრობლემის მოგვარების უნარი თანდაყოლილი არ არის, ბავშვები ადვილად ნებდებიან. უნდა ავუხსნათ მათ, რომ პრობლემის მოგვარებას ძალისხმევა სჭირდება, მოვიფიქროთ თამაშები, რომელთა მეშვეობითაც ამ უნარს გამოვუმუშავებთ.

 

– ქალბატონო თამარ, როგორ ფიქრობთ რაზეა დამოკიდებული ბავშვებში პასუხისმგებლობის განვითარება?

თამარ ბარისაშვილი:

– პასუხისმგებლობა ადამიანის ხასიათის ერთ-ერთი თვისებაა და ეს თვისება სხვადასხვა ხარისხით აქვთ როგორც ზრდასრულებს, ისე მოზარდებსაც. მე მიმაჩნია და პრაქტიკული გამოცდილებაც მაძლევს უფლებას, ვიფიქრო, რომ ბავშვის პასუხისმგებლობის გრძნობა უდიდესწილად ოჯახზეა დამოკიდებული, თუმცა არამხოლოდ მასზე. შესაძლოა, პასუხისმგებლობის გრძნობა თანდაყოლილიც იყოს, გარემო კი ამ თვისებას ან აძლიერებს, ან, პირიქით,  ასუსტებს.

– რამდენად აქვთ განვითარებული თანამედროვე მოზარდებს პასუხისმგებლობის გრძნობა და თუ შეგხვედრიათ ამ თვისებით გამორჩეული ბავშვები?

– როდესაც სხვადასხვა კლასი გაბარია, უფრო ადვილია იმაზე დაკვირვება, რომელ ასაკში როგორ აქვთ განვითარებული ბავშვებს პასუხისმგებლობის გრძნობა. წელს, მაგალითად, მეხუთეკლასელები ჩავიბარე და დავინახე, რომ მათ უმეტესობას ეს თვისება აქვს. რა თქმა უნდა, ზოგს – მეტად, ზოგს – ნაკლებად. ზომიერი პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, კარგია, აუცილებელიც კი, მაგრამ არიან მოზარდები, რომლებსაც ეს თვისება ზედმეტად აქვთ განვითარებული და ეს, არა მგონია, კარგი იყოს, თუმცა ყველა ჩემსავით არ ფიქრობს. როდესაც ამის შესახებ კოლეგებს ვესაუბრე, მითხრეს: ამას რა სჯობია, გაიზრდება, გაძლიერდება და პასუხისმგებლობის გრძნობა თავისი უნარების რეალიზებაში დაეხმარებაო, – მაგრამ მე მაინც მიმაჩნია, რომ ბავშვს ეს თვისება უნდა დავაძლევინოთ.

– რატომ? რა საფრთხეს შეიცავს გადაჭარბებული პასუხისმგებლობის გრძნობა?

– ბავშვები, რომლებიც მეტისმეტად ბევრს სთხოვენ საკუთარ თავს, ძალზე მგრძნობიარედ ეკიდებიან ყოველგვარ მარცხს და დიდია საფრთხე, დაითრგუნონ და საკუთარ თავში ჩაიკეტონ, გაუჩნდეთ რომელიმე დისციპლინის შიში, ეს შიში კომპლექსში გადაეზარდოთ და მიიჩნიონ, რომ ამ საგნის შესწავლა არ შეუძლიათ. თუ მოზარდი თავს ვერ ართმევს სწავლას, ამის გამო არ უნდა ვუსაყვედუროთ, არ უნდა დავსაჯოთ. უმჯობესია, დავეხმაროთ სირთულეების გადალახვაში და დავანახვოთ, რომ გადაულახავი დაბრკოლება არ არსებობს. ეს ბავშვს არა მარტო სწავლაში, არამედ, საზოგადოდ, ცხოვრებაშიც დაეხმარება.

თუ რომელიმე დისციპლინა ბავშვს ნაკლებად აინტერესებს, ეს იმას ნიშნავს, რომ მოზარდის შესაძლებლობები ამ მიმართულებით ბოლომდე გახსნილი არ არის. როდესაც კლასში ოცდაათი მოსწავლეა, მასწავლებელს უჭირს, ინდივიდუალურად მიუდგეს ყველა მათგანს. მშობლებიც უნდა დაგვეხმარონ, რათა ეს საგანი უკეთ გავაგებინოთ მოზარდს და დავაინტერესოთ.

ხშირად მშობლები მეტისმეტად ბევრს სთხოვენ შვილს, განსაკუთრებით მაშინ, თუ მას გამორჩეული უნარი შეატყვეს. მესმის, რომ შვილისთვის კარგი უნდათ, მაგრამ ზომიერება აუცილებელია. ბავშვის შესაძლებლობები განუზომელი არ არის. შესაძლოა, გადაღლილობისგან თავი არ ასტკივდეს, მაგრამ ემოციურად ისე გადაიძაბოს, შესძულდეს კიდეც ის დისციპლინა, რომლის მიმართაც მიდრეკილება აქვს და საერთოდ აიღოს ხელი მის შესწავლაზე. სამწუხაროდ, ასეთი რამ ხდება და ამის მაგალითებიც უხვად გვაქვს.

– დაბოლოს, როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები, რომელთა შვილებიც გადაჭარბებული პასუხისმგებლობით გამოირჩევიან? როგორც პედაგოგი, რას ურჩევთ მათ?

– ეცადონ, მეტი თავისუფლება მისცენ შვილს, მეტად გაალაღონ იგი. სწორედ სილაღეა ის, რისკენაც უნდა ისწრაფოდეს ადამიანი. ლაღი პიროვნება ყოველთვის უფრო წარმატებულია, რადგან ყოველგვარ დაბრკოლებას მეტი მზაობით ხვდება. ამასთანავე, ბავშვები, რომლებსაც გადაჭარბებული პასუხისმგებლობის გამო საკუთარი თავის რწმენა აკლიათ, სასურველია, დავტვირთოთ ისეთი აქტივობებით, რომლებიც უკეთ გამოსდით, რომელთა შესრულებაც სიამოვნებთ და რომლებიც აპოვნინებთ საკუთარ თავს. ეს მათ თვითშეფასებას აუმაღლებს და დაანახვებს, რამდენად ღირებულნი არიან.

ნინო ბაზერაშვილი

გააზიარე: