“მამა, წიგნი წამიკითხე”

გააზიარე:

მამაკაცების 70%-ს მიაჩნია, რომ ოჯახის დაგეგმვა ქალის საქმეა, თუმცა 10-დან 8 ოჯახში გადამწყვეტი სიტყვა კაცს ეკუთვნის. მათივე აღიარებით, 78% არ ალაგებს სახლს, 67% არ ამზადებს საჭმელს. მიუხედავად ამისა, მამაკაცების 54% მიიჩნევს, რომ საქართველოში გენდერული თანასწორობაა...

“კაცები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში” – ასე ჰქვია კვლევას, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდმა 2013 წელს გამოაქვეყნა. კვლევის თანახმად, ამგვარი სტერეოტიპები თაობიდან თაობას გადაეცემა. მიზეზი ერთია – მამები აქტიურად არ მონაწილეობენ შვილების აღზრდაში. მათ მიაჩნიათ, რომ შვილების აღზრდა დედის საქმეა, თავად კი ოჯახი ფინანსურად უნდა უზრუნველყონ.

ამ აზრს არ ეთანხმება ფსიქოლოგი თამარ არჩვაძე. ის ამბობს, რომ სწორედ ბავშვობიდან იწყება გაუცხოება მამასა და შვილს შორის. მერე კი, როცა შვილი თავად ხდება მშობელი, უმეტესად ისევე იქცევა, როგორც მამამისი იქცეოდა. ასე გრძელდება ეს ჯაჭვი და საბოლოოდ ვეებერთელა სტერეოტიპს ვეჯახებით.

– მშობლები ხშირად ჩივიან, რომ აგრესიული შვილები ჰყავთ, რომლებიც სიტყვიერთან ერთად ფიზიკურ შეურაცხყოფასაც აყენებენ. პირველი კითხვა, რასაც ამ დროს მშობლებს ვუსვამ, ის არის, როგორი ურთიერთობა ჰქონდათ შვილთან, სანამ ის აგრესიულ ქცევას გამოამჟღავნებდა, თანაბრად მეგობრობდა თუ არა დედ-მამასთან. მიზეზი უმეტესად თავად მშობლები არიან. მაგალითად, დედები ხშირად აშინებენ პატარებს – თუ ცუდად მოიქცევი, მამას ვეტყვიო. ამ დროს მამა უცხო, საშიში სუბიექტი ხდება, რომელიც ბავშვის დამსჯელადაა მოაზრებული. დედებს მიაჩნიათ, რომ ამით შვილებს მამების მიმართ რიდსა და მოწიწებას უღვივებენ, სინამდვილეში კი პატარები უფრო ღიზიანდებიან,  უჩნდებათ პროტესტის გრძნობა დედის მიმართ, აგრესია მამის მიმართ, საბოლოოდ კი, აშკარად თუ ფარულად, ყოველთვის აკეთებენ იმას, რისი გაკეთებაც სურთ, – ამბობს თამარ არჩვაძე.

ხშირად გაიგონებთ, როგორ ეუბნებიან დედები და მამები შვილებს: “შენ კაცი ხარ და ძლიერი უნდა იყო”; “რა გატირებს, გოგო ხომ არა ხარ?”; “თუ ვინმემ დაგარტყა, უპასუხე”. ამგვარი დამოკიდებულებები მოზარდ ვაჟს სტერეოტიპულ აზროვნებას უყალიბებს და ის, უკვე ზრდასრული, აუცილებლად შეეცდება, საპირისპირო სქესს დომინანტობა დაუმტკიცოს. აქ მთავრდება ციკლი, რომელიც მშობლის მიერ შვილისთვის “ნამდვილი მამაკაცის” სტერეოტიპის შექმნით დაიწყო და მოძალადის ჩამოყალიბებით დასრულდა.

პროცესი, რომლიც კვლევაშია აღწერილი, ასე გამოიყურება:

რა ხდება, როცა ოჯახში ვაჟი იბადება?

მამების 80%-ზე მეტი შვილებს 6 წლამდე:

* არ უკითხავს წიგნებს;

* არ უმზადებს საჭმელს;

7-დან 12 წლამდე:

* არ დაჰყავს სკოლაში ან გასართობად;

* არ ესაუბრება მის მასწავლებლებს;

* არ უმზადებს საჭმელს.

13 წლიდან მოზარდებს მრავალი კითხვა უჩნდებათ:

* რა არის შიდსი?

* ნარკოტიკები?

* ცხოვრების ჯანსაღი წესი?

* სქესობრივი კავშირი?

* ოჯახი? სამეგობრო?

მამების თითქმის 58% შვილებს ყოველდღე არ ესაუბრება.

ვაჟი უკვე სრულწლოვანია, ცხოვრება – მრავალფეროვანი, თუმცა მან უსაფრთხო ქცევის შესახებ ბევრი არაფერი იცის. ის ქორწინდება.

* მამაკაცების 54% მეუღლეს კონსულტაციაზე დაჰყვება. აქედან მშობიარობას მხოლოდ 5% ესწრება.

თამარ არჩვაძე ამბობს, რომ პრობლემის მთავარი მიზეზი სოციალური ფონია:

– მამები ხშირად იმით იმართლებენ თავს, რომ მთელი დღე სამსახურში არიან, შინ დაბუნებულებს კი დასვენება უნდათ. მე სხვაგვარად ვფიქრობ. სამუშაო დედასაც არანაკლები აქვს – ისიც მუშაობს და თუ არ მუშაობს, შინ საქმიანობს. ჯობს, შინ დაბრუნებულმა მამებმა ორიოდე საათი მაინც გაატარონ შვილებთან, უკეთ გაიცნონ ისინი, დაეხმარონ გაკვეთილების მომზადებაში, ეთამაშონ, დაბანონ ან დესერტი მოუმზადონ, ისწავლონ მათთან ერთად და განვითარდნენ. ასე შვილების საუკეთესო მეგობრები გახდებიან.

 

კვლევის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გაეროს მოსახლეობის ფონდმა თავად სცადა საზოგადოებაში მყარად ფესვგადგმული სტერეოტიპების შემსუბუქება. საამისოდ მან ახალი პროექტი წამოიწყო, რომელსაც “მამა, წიგნი წამიკითხე” ჰქვია.

პროექტის ორგანიზატორი სოფო დათუაშვილი ყოველდღე ეძებს ქართველ მამებს, რომლებიც აქტიურად არიან ჩართულნი შვილების აღზრდაში, მერე მათ ისტორიებს გვიამბობს, ფოტოებს უღებს და სპეციალურ გვერდზე ტვირთავს. მიზანი ერთია: მოსიყვარულე მამებისა და შვილების ისტორიები რაც შეიძლება მეტმა ხალხმა გაიცნოს:

– ჩვენ გვსურს, დაინგრეს სტერეოტიპი, რომ ბავშვის აღზრდა მხოლოდ დედის მოვალეობაა. მიზნად ვისახავთ, მშობლებს, განსაკუთრებით – მამებს, მივაწოდოთ ინფორმაცია ბავშვის აღზრდაში მამების ჩართულობის, შვილებთან ინტენსიური ურთიერთობის, თამაშის, წიგნების კითხვის აუცილებლობისა და მნიშვნელობის შესახებ. თუ გსურთ, თქვენს შვილს ბედნიერი ბავშვობა ჰქონდეს და გაიზარდოს თავდაჯერებულ პიროვნებად, შემოგვიერთდით, – ამბობს სოფო დათუაშვილი.

გაეროს მოსახლეობის ფონდის კომუნიკაციების სპეციალისტი მირიან ჯუღელი პრობლემაზე საუბრისას მნიშვნელოვან ასპექტს გამოყოფს:

– პრობლემა ის კი არ არის, რომ მამებს შვილების მოსავლელად არ სცალიათ, არამედ ის, რომ, მათი აზრით, ეს დედების საქმეა. ჩვენი მიზანია, კიდევ ერთხელ დავაფიქროთ მამები, მართებულია თუ არა მათი მსჯელობა, მართებულია თუ არა, რომ მამების დანიშნულება მხოლოდ შვილების ფინანსური უზრუნველყოფაა. პროექტი “მამა, წიგნი წამიკითხე” ორ თვეზე იყო გათვლილი, მაგრამ ხალხის ინტერესი იმდენად დიდი აღმოჩნდა, რომ ვგეგმავთ, სექტემბერში მუშაობა გავაგრძელოთ და ყველა მშობელს მივაწვდინოთ ხმა, რომ მამების მონაწილეობა შვილის აღზრდაში ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორიც დედებისა, – ამბობს მირიან ჯუღელი.

 

თუ თქვენ ახალბედა მამა ხართ და ჯერ არ იცით, როგორ ემეგობროთ პატარა შვილიკოს, სასარგებლო რჩევებს შემოგთავაზებთ:

* უპირველეს ყოვლისა, ეცადეთ, რაც შეიძლება მეტი დრო გაატაროთ შვილთან და არ განასხვაოთ დედისა და მამის მოვალეობები – დაბანეთ, მოუმზადეთ საჭმელი, დაეხმარეთ სწავლაში.

* აბა, დაფიქრდით, როდის გვჭირდება ყველაზე მეტად მხარდაჭერა და გამხნევება?– როდესაც რამე არ გამოგვდის, შეცდომას ვუშვებთ და საკუთარი თავის რწმენას ვკარგავთ. რა გასაკვირია,  რომ ბავშვებიც ასე არიან. ნუ დასჯით მათ, თუ რამე არ გამოუვიდათ, შეეშალათ, დააზიანეს. ჯობს, საკუთარი შეცდომის გაანალიზებაში დაეხმაროთ.

* დაეხმარეთ შვილებს საყოფაცხოვრებო საქმეების ათვისებაში. როცა თავად ხართ დაკავებული სახლის დალაგებითა თუ სადილის მომზადებით, სთხოვეთ დახმარება პატარებს. ასე ისინი თავადაც ისწავლიან საოჯახო საქმეების კეთებას და უფრო დამოუკიდებლები გახდებიან.

* რას იზამთ, თუ გიბრძანეს არ იფიქროთ, მაგალითად, სპილოზე? ბუნებრივია, ძალაუნებურად დაიწყებთ სპილოზე ფიქრს. ასე იქცევიან ბავშვებიც. აკრძალვებს “არ შეიძლება”, “არ გააკეთო”, “ხელი არ ახლო” სჯობია, შვილს თავის შესაქცევად რაიმე პოზიტიური ალტერნატივა შესთავაზოთ.

* ფსიქოლოგებს მიაჩნიათ, რომ აბეზარი ბავშვები არ არსებობენ. უბრალოდ, ისინი მშობლებისგან არასწორ გზავნილებს იღებენ ხოლმე. ბავშვებს ყურადღება სჭირდებათ და თავიანთი წილის მისაღებად ყველაფერს აკეთებენ. მაგალითად, თუ თქვენ მხოლოდ მაშინ აქცევთ ბავშვს ყურადღებას, როდესაც ის “უწესოდ” და “ცუდად” იქცევა, ის აუცილებლად განაგრძობს იმავე გზით თქვენი ყურადღების მიპყრობას. ამიტომ, გირჩევთ, მეტად გაანებივროთ პატარა ყურადღებით, კარგი ქცევისთვის კი შეაქოთ ან დააჯილდოოთ. ერთი სიტყვით, შეამჩნიოთ ის, სანამ ამას თავად გაიძულებთ.

* “ეს შენი ცხოვრების საუკეთესო წლებია!” – ამ სიტყვებს მშობლები ხშირად ეუბნებიან თავიანთ მოზარდ შვილებს. ფსიქოლოგები კი გვირჩევენ, სანამ ამას ვიტყვით, კარგად დავფიქრდეთ. მოზარდები მიდრეკილი არიან დეპრესიისკენ.  თუ ირწმუნეს, რომ საუკეთესო წლები ხელიდან ეცლებათ, ამას კარგი არაფერი მოჰყვება. პირიქით, უნდა დაარწმუნოთ ისინი, რომ ყველა ასაკს თავისი ხიბლი და გამოწვევები აქვს, რომ, სირთულეების მიუხედავად, ცხოვრებაში ბევრი პოზიტიური და საინტერესო რამ ხდება.

 

ძვირფასო მამებო, თქვენი ძალისხმევა შედეგს აუცილებლად გამოიღებს. თქვენს პატარებში ამგვარად დაბანდებული ინვესტიცია მომავალში წარმატებას მოუტანს მათ. კითხვა ავითარებს მეხსიერებას, ცნობისმოყვარეობასა და ფანტაზიას. ჰოდა, რაღას ელით, წაუკითხეთ წიგნები შვილებს!

ნინია მაჭარაშვილი

გააზიარე: