მამაკაცის უნაყოფობის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა

გააზიარე:

თანამედროვე წყვილებისთვის უკვე აღარ არის მოულოდნელი, რომ უშვილობის შემთხვევაში გამოკვლევების ჩატარება ორივეს მოუწევს. მამაკაცთა რეპროდუქციული რეაბილიტაციისთვის მედიცინაში აქტიურად ინერგება დამხმარე ტექნოლოგიები, მათი ფუნქციობა კი სრულყოფილ ლაბორატორიულ გამოკვლევებს მოითხოვს. იმის შესახებ, რა გამოკვლევების ჩატარება უწევს მამკაცს უნაყოფობის დიაგნოსტიკისთვის, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ლაბორატორიული დიაგნოსტიკის ხელმძღვანელი, ბიოლოგიის დოქტორი რუსუდან გვენეტაძე გვესაუბრება.

– რაზეა დამოკიდებული მამაკაცის ნაყოფიერება და რა ინფორმაციას გვაწვდის სპერმოგრამა?
– მიზეზები, რომლებსაც სპერმის ხარისხის დაქვეითებისკენ მივყავართ, თანამედროვე მედიცინაში ჯერ კიდევ შესწავლის საგანია. მიღებულია ჩაითვალოს, რომ ცხოვრების წესთან დაკავშირებული მრავალი ფაქტორი – სტრესი, კვება, ალკოჰოლი – უარყოფით გავლენას ახდენს მამაკაცის რეპროდუქციულ სისტემაზე. ამავე დროს, არსებობს გარემოს ქიმიური ფაქტორების – ქსენოესტროგენების – და მამაკაცის ენდოკრინული სისტემის ურთიერთქმედების ჰიპოთეზაც. აქედან გამომდინარე, მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის დაავადებათა ხარისხიანი დიაგნოსტიკა ძალზე მნიშვნელოვანია. მამაკაცის ფერტილობისა და რეპროდუქციული სისტემის ფუნქციური მდგომარეობის შეფასებისას ლაბორატორიულ-ინსტრუმენტულ კვლევებს შორის უმთავრესია ეაკულატის გამოკვლევა. მამაკაცის ნაყოფიერება მთლიანად სპერმის ხარისხსა და რაოდენობაზეა დამოკიდებული და არა მის სქესობრივ აქტივობაზე. მამაკაცის უნაყოფობის მთავარი მიზეზი სპერმატოზოიდების წარმოქმნისა და მომწიფების პროცესის – სპერმატოგენეზის დარღვევაა. სპერმატოგენეზის მდგომარეობა ყოველთვის აისახება სპერმოგრამაში – სპერმის ანალიზში. კერძოდ, ის აჩვენებს, რომ შეცვლილია სპერმატოზოიდების რაოდენობა, მათი მოძრაობის ხარისხი, არსებობს დეფექტიანი, მაგალითად, უკუდო სპერმატოზოიდები და სხვა. ამიტომ მამაკაცის უნაყოფობის ლაბორატორიული დიაგნოსტიკა, წესისამებრ, სპერმის ანალიზით იწყება. 
სპერმატოგენეზის პროცესს, თავის მხრივ, არეგულირებს რეპროდუქციული სისტემის ენდოკრინულ-ჰორმონული სტატუსი. ამის კვალობაზე, კვლევის მეორე და ძალზე მნიშვნელოვანი ეტაპია რეპროდუქციული სისტემის ენდოკრინულ-ჰორმონული სტატუსის განსაზღვრა. ეს საშუალებას გვაძლევს, ვიმსჯელოთ არა მარტო სასქესო ჯირკვლებში მიმდინარე პროცესებზე, არამედ ამ პროცესებზე პასუხისმგებელ-მარეგულირებელი ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის ფუნქციობაზეც. ჰიპოფიზის ან ჰიპოთალამუსის არასრულფასოვანი მუშაობის შედეგია ჰიპო- და ჰიპერგონადოტროპული ჰიპოგონადიზმი (ტესტოსტერონის დეფიციტი, ჰიპერპროლაქტინემია და ა.შ.). 
მამაკაცის ჰორმონული სტატუსის განსაზღვრა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თუ მას ზრდა-განვითარებისა და სქესობრივი მომწიფების შეფერხება ადრეულ ასაკში აღენიშნებოდა.

– როგორ იკვლევთ მამაკაცის ჰორმონულ ცვლილებებს?
– რეპროდუქციული სისტემის ჰორმონული სტატუსის შესასწავლად საჭიროა ჰორმონების, მათი მედიატორებისა და მეტაბოლიტების თანმიმდევრული და ზუსტი ლაბორატორიული გამოკვლევა.
მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის ჰორმონული სტატუსის საკვლევ ძირითად ლაბორატორიულ ტესტებად განიხილება გონადოტროპინების – ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის (FSH), მალუთეინიზებელი ჰორმონის (LH), პროლაქტინის (PRL) და ტესტოსტერონის (T. Testosterone) განსაზღვრა.

– რას წარმოადგენენ ისინი?
– FSH, LH გონადოტროპინები ჰიპოფიზში გამომუშავდება და სასქესო ჯირკვლებში შესაბამისი სასქესო ჰორმონების ბიოსინთეზს არეგულირებს.
ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორომონი FSH აკონტროლებს სპერმატოგენეზს სერტოლის უჯრედებში (სათესლე მილაკების უჯრედებში), ასტიმულირებს სისხლში ტესტოსტერონის სეკრეციას, რითაც ხელს უწყობს სპერმატოზოიდების წარმოქმნასა და მომწიფებას. ანდროგენები, თავის მხრივ, უარყოფითი უკუკავშირის პრინციპით არეგულირებენ FSH-ის სეკრეციას. FSH-ის ჭარბი სეკრეცია სისხლში სპერმატოზოიდების პროდუქციის უარყოფით პროგნოზზე მიუთითებს – სასქესო ჯირკვლებში სპერმატოზოიდები არ გამომუშავდება ან გამომუშავდება ძალიან მცირე რაოდენობით. ამასთანავე, სხვა კლინიკურ კვლევებთან ერთად ის მკურნალობის ჩატარების მიზანშეწონილობასაც განსაზღვრავს.
ფოლიკულმასტიმულირებელი ჰორმონის შემცირებული სეკრეცია შედარებით იშვიათია და ჰიპოფიზის პირველად ჰიპოფუნქციაზე მიუთითებს (გონადო-ლიბერინის დეფიციტი), რასაც თან სდევს სასქესო ჯირკვლების განუვითარებლობა, სპერმატოგენეზის შეფერხება, ზრდისა და საერთო განვითარების დარღვევა, მეორეული სასქესო ნიშნების არასრულყოფილი გამოვლენა.

მალუთეინიზებელი ჰორმონი LH არეგულირებს სასქესო ჯირკვლების ფუნქციობას, ასტიმულირებს ლეიდიგის უჯრედების (სათესლე ჯირკვლის უჯრედების) მიერ ტესტოსტერონის გამომუშავებასა და სექსჰორმონშემბოჭველი ცილის წარმოქმნას. გარდა ამისა, ზრდის ტესტოსტერონის მიმართ სათესლე არხების შეღწევადობას, რის შედეგადაც სისხლში იმატებს ტესტოსტერონის დონე და, შესაბამისად, სპერმატოზოიდების მომწიფების ნორმალური პროცესი მიმდინარეობს (მამაკაცის სისხლში ტესტოსტერონის დონე მუდმივია, ქალებთან კი ციკლური ხასიათი აქვს და 60-65 წლიდან იმატებს). სისხლში LH ჰორმონის დონის მატება მიუთითებს სასქესო ჯირკვლების ფუნქციის უკმარისობაზე, ჰიპოფიზის სიმსივნეზე. მოსალოდნელია შიმშილისა და სპორტული ვარჯიშის დროსაც. გარდა ამისა, გონადებსა და ჰიპოთალამუსს შორის უარყოფითი უკუკავშირის დარღვევაზეც მეტყველებს. მამაკაცის სისხლში LH-ის დონის სხვადასხვა ფაქტორით გამოწვეული დაქვეითება ჰიპოგონადიზმს იწვევს, რომელიც სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირებით ვლინდება.

– უშვილობის დროს ქალებს ხშირად უმოწმებენ პროლაქტინს. ცნობილია, რომ ეს ჰორმონი ბავშვის ძუძუთი კვების დროს იმატებს და ერთგვარად ქალის ჰორმონებთან ასოცირდება. რა დანიშნულება აქვს მას მამაკაცის რეპროდუქციული სისტემისთვის?
– პროლაქტინი მამაკაცის რეპროდუქციული სისტემისთვის აუცილებელი კიდევ ერთი ჰიპოფიზური ჰორმონია. მართალია, სასქესო ჯირკვლებზე ის უშუალო გავლენას არ ახდენს, მაგრამ სისხლში მისი დონე ჰიპოთალამუსისა და ჰიპოფიზის მდგომარეობას ასახავს, ამ ჯირკვლებში კი სხვა ჰორმონების უმეტესი წილი გამომუშავდება. მამაკაცის ორგანიზმში პროლაქტინი არეგულირებს სასქესო ჰორმონების სეკრეციას, სპერმატოზოიდების წარმოქმნასა და ნორმალურ განვითარებას, ხელს უწყობს ტესტოსტერონის გამომუშავებას. მისმა მომატებამ შესაძლოა გამოიწვიოს მამაკაცის უნაყოფობა, სასქესო ჰორმონების დონის დაქვეითება და სპერმატოზოიდების შემცირება, პოტენციის დაქვეითება და ერექციული დისფუნქცია, ესტროგენების მომატება, სარძევე ჯირკვლების ქალური ტიპის ზრდა, დეპრესია.

მამაკაცის ორგანიზმში პროლაქტინის დონე უშუალოდ უკავშირდება ესტროგენების დონეს, ამ ორ ჰორმონს კი, თავის მხრივ, უკუპროპორციული კავშირი აქვს ტესტოსტერონთან. რაც უფრო მაღალია ტესტოსტერონის დონე, მით უკეთ ექვემდებარება კონტროლს პროლაქტინი და ესტროგენი. პროლაქტინი აფერხებს დოფამინის მოქმედებას, რომელიც სქესობრივ აგზნებადობაზე აგებს პასუხს.
პროლაქტინს ახასიათებს სეკრეციის სადღეღამისო რიტმი, ამიტომ საანალიზოდ სისხლის აღება საჭიროა დილით, უზმოზე, გაღვიძებიდან 3 საათის შემდეგ. ანალიზის წინა დღეს რეკომენდებულია თავი ვარიდოთ სპირტიან სასმელებს, საუნას, სტრესს.

ტესტოსტერონი მამაკაცის სასქესო ჰორმონების, ანდროგენების, ძირითადი წარმომადგენელია. ის სასქესო ჯირკვლებსა და თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვან შრეში გამომუშავდება და ტესტოსტერონი პასუხს აგებს სასქესო ორგანოების ზრდასა და განვითარებაზე, მეორეული სასქესო ნიშნების გამოვლენაზე, აკონტროლებს პროსტატისა და პოტენციის ფუნქციას და ააქტიურებს სპერმატოზოიდების წარმოქმნას, ორივე სქესის პირებში ასტიმულირებს ლიბიდოს, განაპირობებს კუნთოვანი მასისა და ძვლოვანი სისტემის განვითარებას, გავლენას ახდენს თმის ზრდასა და ხმის ტემბრზე. სწორედ ტესტოსტერონი აქცევს მამაკაცს მამაკაცად. 

სისხლში განასხვავებენ ტესტოსტერონის აქტიურ და არააქტიურ ფრაქციებს. ტესტოსტერონის ძირითად ეფექტებზე პასუხს აგებს აქტიური ტესტოსტერონი. ტესტოსტერონის ანალიზი გვაჩვენებს ნორმიდან მის გადახრას, რაც შესაძლოა საფუძვლად დაედოს სხვადასხვა ორგანოსა და სისტემის დაავადებებს. ტესტოსტერონის სინთეზსა და სეკრეციას არეგულირებს FSH და LH ჰორმონები. თავად ტესტოსტერონი ბიოლოგიურად ნაკლებაქტიურია, ის პროჰორმონია და ფერმენტ 5-α რედუქტაზის გავლენით გადადის აქტიურ ფორმაში – დიჰიდროტესტოსტერონში. ამ უკანასკნელის შესწავლაც რეპროდუქციული სისტემის საკვლევ მნიშვნელოვან ლაბორატორიულ ტესტს წარმოადგენს.
მამაკაცის ორგანიზმში ტესტოსტერონს ახასიათებს სეკრეციის სადღეღამისო რიტმი. მისი დონე დღის განმავლობაში იცვლება – დილით მომატებულია, საღამოს კი იკლებს. 

ვაჟებში ჰიპერანდროგენიზმი – ანდროგენების (ტესტოსტერონის, დიჰიდროტესტოსტერონისა და ანდროსტენდიოლის) ჭარბი გამომუშავება – შესაძლოა გამოიწვიოს თირკმელზედა ჯირკვლების ფუნქციის მოშლამ. ორივე სქესის პირთა თირკმელზედა ჯირკვალში სინთეზდება DHEA-S-ის, დეჰიდროეპიანდროსტერონ-სულფატის, 95% (5% საკვერცხეებში გამომუშავდება), გამოიყოფა შარდის მეშვეობით და წარმოადგენს 17-კეტოსტეროიდების ძირითად ფრაქციას. სისხლში მისი კონცენტრაციის განსაზღვრით შეიძლება შეიცვალოს შარდში 17-კეტოსტეროიდების განმსაზღვრელი კვლევა. აქედან გამომდინარე, მამაკაცის უნაყოფობის ლაბორატორიული კვლევისას სისხლში ტესტოსტერონთან ერთად განისაზღვრება დიჰიდროეპიანდროსტერონ-სულფატის, DHEA-S-ის, დონეც როგორც თირკმელზედა ჯირკვლის ანდროგენმასინთეზებელი ფუნქციის მაჩვენებელი. მას სუსტად გამოხატული ანდროგენური აქტივობა ახასიათებს და არ ახდენს გავლენას სქესობრივი მომწიფების პროცესზე. მხოლოდ პერიფერიულ ქსოვილებში გარდაიქმნება აქტიურ ანდროგენებად (ტესტოსტერონად, დიჰიდროტესტოსტერონად, ანდროსტენდიონად). სისხლში DHEA-S-ის დაბალი შემცველობა სქესობრივი განვითარების შეფერხებაზე მეტყველებს, მომატება კი ნაადრევ სქესობრივ განვითარებაზე. გარდა ამისა, რეპროდუქციულ ენდოკრინოლოგიაში DHEA-S-ის გასაზღვრით ანდროგენების სინთეზის ადგილს ადგენენ.

ყოველივე ზემოთქმულიდან ნათლად ჩანს, რომ ჰორმონების დისბალანსი საგრძნობ გვლენას ახდენს მამაკაცის სქესობრივი განვითარებისა და შთამომავლობის წარმოქმნის ურთულეს პროცესებზე. მამაკაცის სქესობრივი მომწიფების შენელების, უნაყოფობისა და იმპოტენციის მიზეზებს მსოფლიოს წამყვანი მეცნიერები სწავლობენ. იმედია, მკითხველს ჩვენი საუბარიც დაარწმუნებს, რომ მამაკაცის უნაყოფობის წარმატებული მკურნალობა მნიშვნელოვანწილად სწორად წარმართულ ლაბორატორიულ კვლევებზეა დამოკიდებული.


მარი აშუღაშვილი

გააზიარე: