შარდის საერთო ანალიზი

გააზიარე:

 ექიმებს რომ ძნელად გასარჩევი ხელწერა აქვთ, არავინ დავობს, მაგრამ კიდევ უფრო რთული გასაგებია ლაბორატორიული ანალიზის პასუხში მოყვანილი სამედიცინო ტერმინები. ამჯერად “ავერსის კლინიკის” ექიმ ლაბორანტ თამარ ხიდაშელთან ერთად შარდის საერთო ანალიზზე ვისაუბრებთ და ვეცდებით, ნათელი მოვფინოთ ამ ტერმინების მნიშვნელობას.
– რა წესები უნდა დავიცვათ ანალიზისთვის შარდის აღებისას?
– შარდი უნდა აიღოთ საფუძვლიანი ტუალეტის შემდეგ, სპეციალურ, სტერილურ კონტეინერში, შუა ულუფა. თანამედროვე თვალთახედვით, შარდის აღება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეიძლება, მაგრამ ანალიზისთვის მაინც დილის შარდი ჯობს. ჰიგიენური პროცედურების დაუცველობამ შესაძლოა შეცდომაში შეგვიყვანოს. მცდარ მონაცემებს ვიღებთ მენსტრუაციის დროსაც, ამიტომ, თუ განსაკუთრებით მწვავე შემთხვევა არ არის, ამ პერიოდში შარდის ანალიზისგან თავს ვიკავებთ.
ანალიზი შარდის აღებიდან ორი საათის განმავლობაში უნდა ჩატარდეს. თუ მეტი ხანი გავიდა, პასუხი ნაკლებად სანდოა. 
– რის გაგება შეიძლება შარდის საერთო ანალიზით?
– საერთო ანალიზით ფასდება შარდის ფიზიკური და ქიმიური თვისებები და მისი ნალექი.
შარდის ფიზიკურ თვისებებს განეკუთვნება რაოდენობა, ფერი, სუნი, რეაქცია, ხვედრითი წონა. თითოეულ ამ მაჩვენებელს თავისი სადიაგნოსტიკო ღირებულება აქვს.
შარდს ფერს მასში გახსნილი პიგმენტები – ურობილინი და უროქრომი აძლევს. ნორმალური შარდი ყვითელია. მის ფერზე გავლენას ახდენს საკვები (მაგალითად, ჭარხალი) და ზოგიერთი მედიკამენტი. შარდი ფერს იცვლის ზოგიერთი პათოლოგიის დროსაც. თუ ის წითელია და მღვრიე, სავარაუდოა სისიხლდენა შარდის ბუშტიდან და შარდსადინარიდან; თუ წითელია და გამჭვირვალე – თირკმლიდან; ბილირუბინის არსებობისას შარდი მუქი ლუდის ფერია, მოყვითალო-მოთეთრო და მღვრიე შესახედაობა კი შარდში ბაქტერიებისა და ლეიკოციტების არსებობაზე მიანიშნებს.
ინფორმაციულია სუნიც. ნორმალურ შარდს სპეციფიკური სუნი აქვს. სიდამპლის მძაფრი სუნი მასში ლეიკოციტებისა და ბაქტერიების არსებობასა და, შესაბამისად, ანთებით პროცესზე მიუთითებს. კეტონური სხეულები შარდს აცეტონის სუნს აძლევს.
შარდის ხვედრითი წონა დამოკიდებულია მასში გახსნილ და შეწონილ ნივთიერებებზე. მაგალითად, გლუკოზის არსებობა ზრდის ხვედრით წონას, თირკმლის მიერ კონცენტრაციის უნარის დაკარგვისას კი ის მკვეთრად მცირდება.
საერთო ანალიზით ფასდება შარდის რეაქციაც. ნორმალური შარდის რეაქცია სუსტი ტუტედან სუსტ მჟავამდეა. მცენარეული საკვები ტუტიანობის მატებას იწვევს, ცილოვანი კი – მჟავიანობისას. ძლიერი მჟავა რეაქცია გვხვდება დიაბეტის, თირკმლისა და შარდის ბუშტის ტუბერკულოზის, შარდში კეტონური სხეულების არსებობის დროს. ტუტე რეაქცია დამახასიათებელია შარდის ბუშტის ქრონიკული დავადებებისთვის, ცისტიტისთვის, გინეკოლოგიური დაავადებებისთვის, კუჭ-ნაწლავის დაავადებებისა და ჰემატურიისთვის.
– რა ინფორმაციას გვაწვდის შარდის რაოდენობა და როგორია მისი ნორმა?
– ადამიანისთვის ნორმალურია დღე-ღამეში 1,5 ლიტრამდე შარდის გამოყოფა, დღისა და ღამის დიურეზის თანაფარდობა კი 3`1 უნდა იყოს. შარდის რაოდენობა, უწინარესად, დამოკიდებულია მიღებულ საკვებსა და სითხეზე, თუმცა მასზე გავლენას ახდენს პათოლოგიებიც. შარდის რაოდენობის მომატებას პოლიურიას ვუწოდებთ. ის უმთავრესად შაქრიანი დიაბეტისთვის არის დამახასიათებელი. შარდის რაოდენობის შემცირება (ოლიგურია) ან მისი გამოყოფის შეწყვეტა (ანურია) თირკმლის მძიმე პათოლოგიებზე მეტყველებს და საგანგაშო ნიშანია.
– რას ნიშნავს პროტეინურია და რა ინფორმაციას გვაწვდის ის?
– პროტეინურია შარდში ცილის არსებობაა. ნორმაში შარდში ცილა იმდენად ცოტაა, რომ მას სპეციალური ტესტჩხირები ვერ აფიქსირებს, ამიტომ მიიჩნევა, რომ შარდში ცილა არ არის. მისი გაჩენა პათოლოგიაზე მიუთითებს. განასხვავებენ არათირკმლისმიერ და თირკმლისმიერ პროტეინურიას. არათირკმლისმიერი პროტეინურიიის დროს შარდში ცილა შარდსასქესო ორგანოებიდან ხვდება, უმეტესად – პროსტატიტის, ურეთრიტის და სხვა ანთებითი პროცესების დროს. რაც შეეხება თირკმლისმიერ პროტეინურიას, ის ფუნქციურიც შეიძლება იყოს და ორგანულიც. ფუნქციური თირკმლისმიერი პროტეინურიის დროს თირკმლის პარენქიმა დაზაიანებული არ არის; უბრალოდ, ამა თუ იმ გამღიზიანებელი ფაქტორის საპასუხოდ იმატებს თირკმლის ფილტრის განვლადობა, რაც შარდში ცილის გადასვლას უწყობს ხელს. ეს ფაქტორებია მძიმე ფიზიკური შრომა, ხანგრძლივი ვარჯიში. ორგანული პროტეინურია ვითარდება თირკმლის ქსოვილის დაზიანებისას, რაც თირკმლის მძიმე დაავადებებს ახლავს თან. 24-საათიან შარდში 3 გრამზე მეტი ცილის აღმოჩენა ნეფროიდულ სინდრომზე მეტყველებს.
ნორმალურ შარდში არც გლუკოზა და კეტონური სხეულები ჩანს. მათი მატება უმთავრესად შაქრიანი დიაბეტისთვის არის დამახასიათებელი. როდესაც თირკმლის ნეფრონში ირღვევა ფილტრაციისა და რეაბსორბციის პროცესები, ვითარდება თირკმლისმიერი გლუკოზურია, ამიტომ როდესაც შარდში გლუკოზა ჩნდება, აუცილებელია სისხლში მისი კონცენტრაციის განსაზღვრა. ფიზიოლოგიური გლუკოზურია ვითარდება დიდი რაოდენობით ნახშირწყლების მიღებისას, ასევე – მძიმე ემოციური დატვირთვისას. კეტონური სხეულები შარდში გვხვდება დიაბეტის, ხანგრძლივი შიმშილის, პირღებინების დროს.
საერთო ანალიზით ფასდება შარდში ბილირუბინისა და ურობილინის არსებობაც. ბილირუბინი ჩნდება ობტურაციული, მექანიკური სიყვითლის, ღვიძლის პარენქიმის დაზიანების დროს (ბოტკინის დაავადება, ციროზი, ქრონიკული ჰეპატიტები). ჰემოლიზური სიყვითლის დროს კი შარდში გვხვდება არა ბილირუბინი, არამედ დიდი რაოდენობით ურობილინი. სწორედ ეს გახლავთ სხვადასხვა ეტიოლოგიის სიყვითლის ერთ-ერთი სადიფერენციაციო ნიშანი.
– რაზე მიანიშნებს შარდში ეპითელიუმისა და ლეიკოციტების არსებობა?
– ვინაიდან მთელი შარდსასქესო სისტემა ამოფენილია ეპითელური უჯრედებით, შარდში განსაზღვრული რაოდენობის ეპითელიუმი ყოველთვის არის. განასხვავებენ ბრტყელ, გარდამავალ და თირკმლის ეპითელიუმს. ეპითელიოციტები, ეპითელუმის უჯრედები, შარდში ხვდება საშარდე გზებიდან, სასქესო ორგანოებიდან კენჭოვანი დაავადებების დროს. ლეიკოციტების მატება, ლეიკოციტურია, თირკმლისა და შარდის ბუშტის ანთებაზე, ინფექციებზე მიუთითებს.
– რას ნიშნავს ჰემატურია?
– ჰემატურია შარდში ერითროცეიტების არსებობაა. შარდში ორგვარი ერითროციტები გვხვდება: შეცვლილი, რომლებშიც ჰემოგლობინი აღარ არის და შეუცვლელი, რომლებიც სავსეა ჰემოგლობინით. ჰემატურია თირკმლისმიერიც შეიძლება იყოს და არათირკმლისმიერიც. არათირკმლისმიერი ჰემატურია ვითარდება ტრავმის, მძიმე ფიზიკური შრომის, ხანგრძლივი ვარჯიშის დროს. თირკმლისმიერი ჰემატურიის მიზეზებია შარდკენჭოვანი დაავადება, გლომერულონეფრიტი, პიელონეფრიტი, თირკმლის დაწევა და სხვა.
საერთო ანალიზით ფასდება შარდში ცილინდრების არსებობაც. ცილინდრები ცილოვანი წარმოშობის სხეულებია – მარცვლოვანი, ჰიალინური და ცვილისებრი. შარდში მათი გაჩენა თირკმლის მძიმე პათოლოგიებზე მიუთითებს.
შარდის არაორგანიზებული ნალექი მოიცავს მარილებს, მჟავე შარდში – ოქსალატებს, მჟაუნმჟავას, ურატებს, ტუტე შარდში –ტრიპელფოსფატებს, ამორფულ ფოსფატებს, ამონიუმის მარილებს.
თუ შარდში ბაქტერიებია, აუცილებელია შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა ინფექციის დასაზუსტებლად.
გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: