გაფანტული სკლეროზი
გააზიარე:
ვიდრე ახალგაზრდა და სიცოცხლით სავსე ხარ, გგონია, მუდამ ასე იქნება. სანამ არ შეიტყობ, რომ შენს ნაცნობს მძიმე დაავადება აღმოაჩნდა. სწორედ მაშინ დაფიქრდები პირველად: “ხომ შეიძლებოდა, მეც დამმართნოდა?”
იცოდით, რომ გაფანტული სკლეროზი ახალგაზრდების დაავადებაა? მე ვიცოდი. მიუხედავად ამისა, არასოდეს დავფიქრებულვარ ამაზე, სანამ...
ცნობილია, რომ ნებისმიერი დაავადება ადრეული დიაგნოსტიკის შემთხვევაში უკეთ ემორჩილება მკურნალობას, ამიტომ გადავწყვიტე, გაფანტული სკლეროზის ადრეული ნიშნებისა და მკურნალობის თანამედროვე მიდგომების შესახებ ნევროლოგს, პროფესორ მაია ბერიძეს გავსაუბრებოდი:
– ქალბატონო მაია, რა არის გაფანტული სკლეროზი და რა იწვევს მას?
– გაფანტული სკლეროზი აუტოიმუნური ხასიათის ქრონიკული დაავადებაა. ის უმთავრესად 17-18-დან 40 წლამდე ასაკში გვხვდება. იშვიათია მისი ადრეული და გვიანი ფორმები. ეპიდემიოლოგიური მონაცემებით, გაფანტული სკლეროზი ქალებს სამჯერ უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს. დაავადების განვითარებაში მრავალი ფაქტორი მონაწილეობს, თუმცა მისი უშუალო მიზეზი ჯერჯერობით, სამწუხაროდ, უცნობია. ამის შესახებ მხოლოდ ვარაუდები არსებობს. ერთ-ერთი, ყველაზე საფუძვლიანი ვარაუდის მიხედვით, მას ე.წ. ნელი ინფექციები (წითელა, წითურა, ჩუტყვავილა, ჰერპესი და სხვა) იწვევს. მოგეხსენებათ, ამ ინფექციათა გამომწვევები ორგანიზმში დიდხანს რჩებიან, ხელსაყრელ პირობებში აქტიურდებიან და გაფანტული სკლეროზისთვის დამახასიათებელ აუტოიმუნურ პროცესებს რთავენ. ამას ისიც ადასტურებს, რომ ვისკონსინის უნივერსიტეტის ლაბორატორიაში (აშშ), ჯაჭვურ-პოლიმერაზული მეთოდით შესწავლისას, გაფანტული სკლეროზით გარდაცვლილთა ტვინში ბორელია, მიკოპლაზმა და ჰერპესის ტიპის ვირუსების გენეტიკური მასალა (Herper simplex, Varicella zoster, ციტომეგალოვირუსი და მეექვსე ტიპის ჰერპესვირუსი) აღმოაჩინეს. თუმცა ვირუსისა თუ ბაქტერიის მატარებელი ბევრია, გაფანტული სკლეროზი კი მხოლოდ ზოგიერთ მათგანს ემართება. ცხადია, რომ დაავადების განვითარებაში სხვა ფაქტორებიც მონაწილეობს.
მნიშვნელოვანი ფაქტორია გეოგრაფიული გარემო. ჩრდილოეთ ზონებში (ინგლისი, კანადა, ჩრდილოეთ რუსეთი) დაავადების ინსიდენსი (წლის განმავლობაში გამოვლენილი ახალი შემთხვევების რიცხვი) გაცილებით მაღალია, ვიდრე სხვაგან. საქმე ის გახლავთ, რომ რაც უფრო ჩრდილოეთით ცხოვრობს ადამიანი, მით ნაკლებ მზის სხივს იღებს, შესაბამისად მის ორგანიზმში ნაკლები D ვიტამინი გამომუშავდება. D ვიტამინს სხვა მნიშვნელოვან ფუნქციებთან ერთად ჰორმონული თვისებებიც აქვს და, მკვლევართა აზრით, გარკვეულ როლს ასრულებს ორგანიზმის იმუნური პასუხის ჩამოყალიბებაში – მისი დეფიციტის დროს იმუნური პასუხი უფრო აგრესიულია, ხოლო დაავადების მიმდინარეობა – უფრო მძიმე. საინტერესო ფაქტია, რომ ინუიტებში (ესკიმოსებში) და ჩრდილოეთის ზოგიერთ პოპულაციაში, რომლებიც მზის სხივების მუდმივ დეფიციტს განიცდიან, ეს დაავადება საერთოდ არ გვხვდება. საქმე ის არის, რომ მათი ძირითადი საკვები თევზეულია, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს D ვიტამინს. ეკვატორის ახლოს მდებარე ზონებში დაავადება ნაკლებგავრცელებულია. ჩვენს ქვეყანაში ზუსტი სტატისტიკა არ არსებობს, თუმცა, პირადი დაკვირვებით, უკანასკნელ ხანს გაფანტული სკლეროზის შემთხვევებმა საგრძნობლად იმატა. ვერ გეტყვით, ეს დიაგნოსტიკის დახვეწის შედეგია თუ დაავადება რეალურად გახშირდა. ფაქტია, დაბინძურებული გარემო, კლიმატის ცვლილება (გლობალური დათბობა) და 90-იანი წლებიდან მოყოლებული სტრესული გარემო ხელს უწყობს აუტოიმუნური პათოლოგიების განვითარებას. გენეტიკაც მნიშვნელოვანია – აღმოჩენილია გენების პაკეტი, რომელიც არა დაავადებას, არამედ მის მიმართ განწყობას უჭერს მხარს.
– რა ხდება გაფანტული სკლეროზის დროს ორგანიზმში?
– ზემოთ ჩამოთვლილი და სხვა ფაქტორების გავლენით იმუნური სისტემა იწყებს აგრესიას მიელინის ქსოვილის მიმართ. მიელინი ტვინის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ მიელინის გარსით არის დაფარული ნერვების უდიდესი ნაწილი. აღნიშნული აგრესიის შედეგად იწყება დემიელინიზაცია, მიელინის დაშლა, და თავისა და ზურგის ტვინში ანთებითი უბნები წარმოიქმნება. თუ მწვავე ანთებას არ ვუმკურნალეთ, რამდენიმე ხნისნ შემდეგ იგი თვითონვე ჩაქრება და ტვინის შესატყვისი უბანი დანაწიბურდება. ნაწიბური ტვინის ქერქიდან წამოსული იმპულსის გავრცელებას აფერხებს, შესაბამისად, განსაზღვრული ნევროლოგიური ფუნქცია გამოვარდება. პროცესი ეტაპობრივად მოიცავს ტვინის სხვადასხვა უბანს და საბოლოოდ გროვდება ბევრი დაზიანებული უბანი, სიმპტომები ერთმანეთს ემატება და პაციენტი თანდათანობით ინვალიდდება.
– როგორი მიმდინარეობა ახასიათებს გაფანტულ სკლეროზს ?
– არსებობს დაავადების რამდენიმე ფორმა:
• რეციდიულ-რემისიული ფორმა ყველაზე ხშირია (80-85%) და შედარებით კეთილთვისებიანი. დაავადება პერიოდულად მწვავდება, ტვინის რომელიმე უბანში ჩნდება ანთება, ერთხანს გრძელდება, მერე კი ცხრება. თუ ამ დროს მივეშველეთ და ვუმკურნალეთ, შესაძლოა მიელინის გარსი სრულად ან ნაწილობრივ გადარჩეს და აღდგეს კიდეც, რის შემდეგაც დაავადება რემისიის ფაზაში გადადის. რემისია რამდენიმე თვიდან რამდენიმე წლამდე გრძელდება. ათწლიანი რემისიის შემთხვევებიც გვქონია. გამწვავების ხელშემწყობი ფაქტორები კვლავაც ვირუსული ინფექციები და სტრესია.
• მეორეულად პროგრესული ფორმა – ნებისმიერი გამწვავება-რემისიული ფორმა გარკვეული ხნის (10-15 წლის) შემდეგ მეორეულად პროგრესულ ფორმაში გადადის, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადება განუხრელად, თანდათანობით პროგრესირებს, რეციდივი აღარ დგება, პაციენტი მძიმდება და ინვალიდდება. ფიქრობენ, რომ ამის მიზეზი დროთა განმავლობაში ანტიოქსიდანტური დაცვის დასუსტება და ანთებითი პროცესების შედეგად დაგროვილი თავისუფალი რადიკალებია.
• პირველადად პროგრესული ფორმა – ასეთია შემთხვევათა 15-20%. დაავადება თავიდანვე პროგრესულად მიმდინარეობს, რემისიები არ ახასიათებს და პაციენტი თანდათან მძიმდება, ინვალიდდება. საინტერესოა ისიც, რომ ამ დროს სისხლში არავითარი იმუნოლოგიური ცვლილება არ შეინიშნება. მეცნიერთა შორის გაჩნდა მოსაზრება, საერთოდ გაფანტული სკლეროზია ეს თუ რაღაც სხვა ნეიროდეგენრაციულ დაავადებასთან გვაქვს საქმე.
– რა გავლენას ახდენს ორსულობა დაავადების მიმდინარეობაზე?
– ცნობილია, რომ ნაყოფისადმი აუტოაგრესიის თავიდან ასაცილებლად ორსულის იმუნური სისტემა ტოლერანტული ხდება, მათ შორის – ამ დაავადების მიმართაც. ამიტომ ორსულობის პერიოდში დაავადების ინსიდენსი მცირდება, თუმცა, მშობიარობიდან რამდენიმე თვეში მისი სიხშირე რამდენჯერმე იზრდება. ამ დროს განსაკუთრებით ხშირდება დაავადების გამწვავების შემთხვევები და, წესისამებრ, უფრო აგრესიული ფორმითაც მიმდინარეობს, ვიდრე მანამდე. ასე რომ, ჩვენ ვუფრთხით არა ორსულობას, არამედ მის შემდგომ პერიოდს.
– კლინიკურად როგორ ვლინდება გაფანტული სკლეროზი?
– გაფანტული სკლეროზი სიმპტომების მრავალფეროვნებით გამოირჩევა, თუმცა შედარებით გავრცელებული ფორმებიც არსებობს. ასეთია ოპტიკური ნევრიტი, როდესაც ახალგაზრდა ასაკში უეცრად მკვეთრად ქვეითდება მხედველობა, ზოგჯერ – სიბრმავემდეც კი. განივი მიელიტის დროს ანთებითი უბანი ზურგის ტვინშია, რის გამოც პაციენტს შესაძლოა ფეხები ან ოთხივე კიდურიც კი წაერთვას (ამას, შესაბამისად, ქვედა პარაპარეზს და ტეტრაპარეზს უწოდებენ). ზოგიერთს მხედეველობის გაორება ახასიათებს, ზოგს კი კოორდინაციის დარღვევა. დაავადების გაშლილი ფორმებიც არსებობს, როცა სხვადასხვა სიმპტომი ერთდროულად იჩენს თავს. წესისამებრ, დაავადება ერთი სიმტპომით იწყება და დროთა განმავლობაში, მას შემდეგ, რაც თავის ტვინის რამდენიმე უბანი დაზიანდება, გამოვლინებაც მრავალფეროვანი ხდება. საბოლოოდ კი ამ ყველაფერს ინვალიდობამდე მივყავართ.
– დაავადების დიაგნოსტიკა რთულია?
– თანამედროვე მედიცინის პირობებში დიაგნოზის დასმა ძნელი აღარ არის. თუ პაციენტს რომელიმე ზემოთ ჩამოთვლილი გამოვლინება აქვს, აუცილებლად ნევროლოგს უნდა მიმართოს. ნევროლოგიურ გასინჯვასთან ერთად, დიდ ინფორმაციას გვაწვდის თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსური ტომოგრაფია. ტომოგრაფიით ვხედავთ დაავადებისთვის დამახასიათებელ დემიელინიზაციის უბნებს, რომლებიც თავისა და ზურგის ტვინის ნებისმიერ უბანში შეიძლება შეგვხვდეს. თუმცა ასეთი კერები სხვა დაავადებებსაც (გართულებული შაკიკი, სისხლძარღვოვანი პათოლოგიები, გადატანილი ნეიროინფექციები) ახასიათებს. დიფერენცირებაში გვეხმარება მაღალსპეციფიკური და სენსიტიური გამოკვლევა – ოლიგოკლონური ჩანართების განსაზღვრა თავ-ზურგტვინის სითხეში. სამწუხაროდ, ეს გამოკვლევა ჩვენთან არ ტარდება და მასალის გერმანულ ლაბორატორიებში გაგზავნა გვიწევს. ანალიზის საფუძველზე დანამდვილებით შეგვიძლია დიაგნოზის დასმა. მნიშვნელოვანია ადრეული დიაგნოსტიკა, დროულად დაწყებული მკურნალობა უკეთეს შედეგს გვაძლევს.
– როგორ მკურნალობენ?
– მკურნალობა ორ ეტაპად ტარდება. პირველია გამწვავების მკურნალობა. მთელ მსოფლიოში მიღებულია ერთიანი გაიდლაინი – პულსთერაპია, რომელიც გულისხმობს წონის მიხედვით ინტრავენურად სტეროიდის (მეთილპრედნიზოლონი) გადასხმას. სტეროიდი ძლიერი ანტიანთებითი პრეპარატია და ეფექტურად აცხრობს ანთებით პროცესს, რის შედეგადაც დაავადება რემისიის ფაზაში გადადის.
რემისიის პერიოდში ტარდება იმუნომოდულაციური მკურნალობა. პირველი ჯგუფის ანუ ოქროს ხაზის პრეპარატია ინტერფერონი, მაგალითად, ინტერფერონი ბეტა, ალფა (ავონექსი), რებიფი, ბეტასერონი. მათ ანტივირუსული მოქმედება აქვთ, იმავდროულად შეუძლიათ იმუნიტეტის გადაწყობა აგრესიულიდან ნაკლებაგრესიულ პასუხზე, რის შედეგადაც გამწვავებათა სიხშირე და ძალა მცირდება, რემისია ხანგრძლივდება. ასევე პირველი რიგის პრეპარატი კოპაქსონი (გლატიმერ აცეტატი) ე.წ. იმუნური მატყუარაა. მას ისეთივე ქიმიური ფორმულა აქვს, როგორიც მიელინის საბაზისო პროტეინს, რის გამოც იმუნური აგრესია მის მიმართ მჟღავნდება, მიელინი კი მარტივად რომ ვთქვათ იზოგება. კოპაქსონი ძალიან ეფექტური პრეპარატია.
სამწუხაროდ, გაფანტული სკლეროზის განკურნება ჯერჯერობით ვერ ხერხდება, თუმცა მთელი მსოფლიო ინტენსიურად მუშაობს ამ საკითხზე. ღეროვანი უჯრედებით მკურნალობაც სრულიად ახალი, ძვირად ღირებული მიდგომაა, რის გამოც ჯერჯერობით ფართოდ არ არის გავრცელებული – სულ რამდენიმე ადამიანზეა გამოცდილი. ამ დროს იმუნიტეტის სრული ჩანაცვლება ხდება – პაციენტი სპეციალურ ჰერმეტულ ბოქსებში თავსდება, ჯერ იმუნოკომპრემეტირებულ მდგომარეობაში გადაყავთ, მერე კი ღეროვანი უჯრედების შეყვანით ახალ იმუნიტეტს უქმნიან. გრძელვადიანი შედეგების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ მოიპოვება. კიდევ ერთი ახალი მიდგომაა მონოკლონური ანტისხეულებით მკურნალობა. ეს ანტისხეულები დაავადების განვითარების ჯაჭვის ერთ-ერთ რგოლს ბლოკავს და ანთების განვითარებას აღკვეთს. აგრესიული ფორმების დროს მსოფლიოში უკვე ინტენსიურად იყენებენ მონოკლონურ ანტისხეულებს.
– გაფანტული სკლეროზის მკურნალობის ჩვენს ქვეყანაში არსებული პროგრამების შესახებ რას გვეტყვით?
– ჩვენთან, კლინიკა “დეკაში”, ამჟამად სამი მესამე ფაზის კლინიკური კვლევა მიმდინარეობს: ავონექსისა, კოპაქსონისა და ლაქვინიმოდის. პირველი ორი უკვე დახურულია, ხოლო ლაქვინიმოდის პროგრამაში ჩართვის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არის. სამივე პროგრამა ნაწილია მესამე ფაზის სერიოზული კლინიკური კვლევისა, რომელიც მთელ მსოფლიოში მიმდინარეობს. კვლევის ფარგლებში პაციენტები სრულიად უსასყიდლოდ იღებენ ახალ, ეფექტურ და იმავდროულად ძალიან ძვირად ღირებულ პრეპარატებს, იტარებენ გამოკვლევებს, მათ შორის – მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიასაც. აღნიშნული პრეპარატები ჩვენი მოსახლეობითვის მიუწვდომელია (თვეში 2000-3000 დოლარი). სამწუხაროდ, მედიკამეტების ოდენობა შეზღუდულია, ამიტომ პროგრამაში ჩასართავად პაციენტი მკაცრ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს: თავად უნდა სურდეს მკურნალობა, არ უნდა იყოს 55 წელზე მეტის, დაავადების დაწყებიდან 10-12 წელზე მეტი არ უნდა იყოს გასული, პაციენტი უნდა იყოს მოსიარულე, არ უნდა ჰქონდეს მძიმე სომატური დაავადება, C, B ჰეპატიტი ან შიდსი და ორსულობისგან თავი უნდა დაიცვას, რადგან აღნიშნული პრეპარატები ნაყოფზე მოქმედებს. ასევეთივე პროგრამები (მე-3 ფაზის კლინიკური კვლევები) ხორციელდება თბილისის რამდენიმე სხვა კლინიკაშიც.
თამარ არქანია