ნამდვილად მენიერია?

გააზიარე:

რამდენიმე ნომრის წინ დაგპირდით, რომ მენიერის დაავადებაზეც ვისაუბრებდით. პრობლემა მართლაც აქტუალურია. არა იმიტომ, რომ დაავადებაა მეტისმეტად გავრცელებული, არამედ იმიტომ, რომ მის დიაგნოზს ხშირად შეცდომით სვამენ. არადა, ჩვენი რესპონდენტის, სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ნევროლოგიური დეპარტამენტის ექიმ ნეიროოტოლოგის, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, ნანა თევზაძის თქმით, მენიერის დაავადება საყურადღებო, საკმაოდ დამთრგუნველი მდგომარეობაა. არსებობს უამრავი სხვა ვესტიბულური დარღვევა, რომელთა სიმპტომებსაც შეცდომით მენიერს მიაკუთვნებენ ხოლმე, ამიტომ ურიგო არ იქნება გავარკვიოთ, სინამდვილეში რას წარმოადგენს ეს დაავადება.
– 1861 წელს პროსპერ მენიერმა პარიზის სამედიცინო აკადემიას წარუდგინა სტატია, რომელშიც აღწერილი იყო შიგნითა ყურის დაზიანების სიმპტომოკომპლექსით მიმდინარე დაავადება: ეპიზოდური ვერტიგო (თავბრუხვევა), სმენის ფლუქტუირებადი (გარდამავალი) დაქვეითება და შუილი და ზეწოლის შეგრძნება ყურებში. მას შემდეგ მრავალი წელი გავიდა, მაგრამ ფრანგი მეცნიერის მიერ აღწერილი ტრიადა დღემდე მისივე სახელობის დაავადების კლასიკურ სიმპტომებად ითვლება.
სიხშირის მხრივ მენიერის დაავადებას ვესტიბულურ დარღვევებს შორის მეოთხე ადგილი უკავია კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პერიფერიული თავბრუხვევის, ფობიური პოსტურალური თავბრუხვევისა და ვესტიბულური ნევრიტის შემდეგ. მისი სიხშირე 50-ია 100 000 კაცზე. ქალები და მამაკაცები თანაბრად ავადდებიან. თავს იჩენს 20-30 წლიდან (უმეტესად – 30-50 წლის ასაკში), იშვიათია ბავშვებში და არ იწყება ხანდაზმულ ასაკში.
– რა იწვევს მენიერის დაავადებას და რა ცვლილებები ვითარდება შიგნითა ყურში?
– დაავადების აღმოჩენიდან საკმაოდ დიდი ხანი გავიდა, საზღვარგარეთ უამრავი ცენტრი არსებობს, რომლებიც მხოლოდ მენიერის დაავადებას იკვლევენ, ადგენენ მის ფორმებს, აკვირდებიან კლინიკურ მიმდინარეობას, შეიმუშავებენ მკურნალობის ეფექტურ მეთოდებს, ზრუნავენ დაავადებულთა ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად, მაგრამ უშუალო  მიზეზისთვის ვერ მიუგნიათ. დაავადება შეიძლება იყოს იდიოპათიური (როდესაც გამომწვევი უცნობია), თანდაყოლილი, აუტოიმუნური, გენეტიკური, ტრავმული წარმოშობისა, ასევე – ვირუსული ან ბაქტრიული ლაბირინთიტის შედეგი. 
მენიერის დაავადებას სხვაგვარად იდიოპათიური ენდოლიმფური ჰიდროფსი (ლაბირინთის წყალმანკი) ეწოდება. შიგნითა ყურში გაურკვეველი მიზეზის გამო ირღვევა ენდოლიმფის შეწოვა, რის გამოც მისი მოცულობა იმატებს, ენდოლიმფურ სივრცეში იზრდება წნევა, შედეგად ლაბირინთში აპკისებრი სტრუქტურები იხლიჩება, შიგნითა ყურის სითხეები, ენდოლიმფა და პერილიმფა, იმღვრევა, ერთმანეთს ერევა, რაც შეტევით ვლინდება. 
– როგორია ეს შეტევა?
– შეტევას გარკვეული პროდრომი აქვს, ანუ პაციენტი გრძნობს მის მოახლოებას. შიგნითა ყურში წნევის მატება ზეწოლის შეგრძნებას იწვევს. ის სხვადასხვა ინტენსივობისა და ლოკალიზაციისაა: ყურის ტკივილი და დაცობის შეგრძნება, ზეწოლა კისერში, თავის ტკივილი. ამ დროს სმენაც ქვეითდება, ადამიანი ძალიან წუხს. თავბრუხვევის შეტევა 20 წუთიდან რამდენიმე საათამდე, ზოგჯერ 1-2 დღეც კი გრძელდება. 
შეტევები სხვადასხვა სიხშირით მეორდება. თავბრუხვევა ძლიერდება თავის მოძრაობის დროს და თან ახლავს გულისრევა, ღებინება და ნისტაგმი (თვალის კაკლების უნებლიე მოძრაობა). იმავდროულად, შეინიშნება გულისცემის აჩქარება, დაღლილობა.
შესაძლოა, პაციენტს შეტევის შემდეგ დიდხანს დარჩეს წონასწორობის დარღვევის ან მსუბუქი თავბრუხვევის შეგრძნება. სასურველია, შეტევის დროს პაციენტმა წოლითი რეჟიმი დაიცვას, რათა წონასწორობის დარღვევის გამო არ დაზიანდეს.
– როგორ პროგრესირებს სმენის დაქვეითება?
– წესისამებრ, სმენის დაქვეითება თავდაპირველად ცალმხრივი და ფლუქტუირებადია – თავს იჩენს შეტევის დროს, ხოლო შეტევათა შორის პერიოდში არასრულად აღდგება, მაგრამ მომდევნო სტადიებში ყალიბდება მყარი ნეიროსენსორული ტიპის სმენის დაქვეითება, რომელიც სრულ სიყრუემდე პროგრესირებს. სმენის დაქვეითების მიხედვით განასხვავებენ ოთხ სტადიას: I – სმენა 25 დბ-ზე ნაკლებია, II – 26-40 დბ, III – 41-70 დბ, IV – 70 დბ და მეტი. ყურის შუილი ხშირად დაბალი ტონალობისაა და სმენის დაქვეითების მხარეს წარმოიშობა.
მენიერის დაავადების დამახასიათებელი სიმპტომები კი ჩამოვთვალეთ, მაგრამ ერთდროულად ყველა მათგანი იშვიათად იჩენს თავს. შეტევების ინტენსივობასთან ერთად იმატებს აუდიოვესტიბულური სიმპტომატიკა (სმენის დაქვეითება, თვბრუხვევა), ანუ რაც მეტი იქნება შეტევა, მით უფრო დაქვეითდება სმენა. პირველი შეტევის დროს ხშირად აღმოცენდება თავბრუხვევა და შუილი. აღსანიშნავია, რომ ტოტალური სიყრუის ჩამოყალიბებასთან ერთად თავბრუხვევის ინტენსივობა მცირდება. საკმაოდ ხშირად, შემთხვევათა 30%-60%-ში, პროცესი მეორე ლაბირინთშიც ვითარდება.
მენიერის დაავადება ხშირად ატიპურადაც მიმდინარეობს. გამოყოფენ მის რამდენიე ფორმას:

  • ვესტიბულურს – თავბრუხვევა სიყრუისა და შუილის გარეშე;
  • კოხლეარულს – სიყრუე და შუილი თავბრუხვევის გარეშე;
  • ლერმუას სინდრომს – თავბრუხვევის შეტევები სმენის გაუმჯობესებით;
  • ტუმარკინის კრიზს – უეცარი ძლიერი ვერტიგო, თავბრუხვევა-წონასწორობის დარღვევის ისეთი შეტევა, რომელიც ადამიანის წაქცევას იწვევს (ეს ძალიან იშვიათი ფორმაა).

– როგორ ხდება მენიერის დაავადების დადასტურება და მისი გამიჯვნა სხვა ვესტიბულური დარღვევებისგან?
– მენიერის დაავადების დიაგნოზის დასმა საკმაოდ რთულია. ის მრავალი დაავადებისგან უნდა გაიმიჯნოს. უნდა გამოირიცხოს: ვესტიბულური შაკიკი, ვესტიბულური ატელექტაზი, ვესტიბულური ნევრიტი, კეთილთვისებიანი პაროქსიზმული პოზიციური თავბრუხვევა, ვესტიბულური პაროქსიზმია, ასევე – პერილიმფური ფისტულა, ტრანზიტორული იშემიური შეტევა, კოგანის სინდრომი, სიფილისური ლაბირინთიტი, სისხლის სიბლანტის მომატების სინდრომი და სხვა. ყოფილა შემთხვევები, რომ მენიერის საბოლოო დიაგნოზი ჰისტოპათოლოგიურად, გვამის სექციის შემდეგ დადასტურებულა. ეს იმას ნიშნავს, რომ მის დიაგნოზს მარტივად და ხელაღებით ვერ დავსვამთ. მე პირადად მენეირის სინდრომს ყოველთვის კითხვის ნიშნის ქვეშ ვსვამ. პაციენტები დღიურში იწერენ დაავადებასთან დაკავშირებულ ყველა მოვლენას და ზოგჯერ მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ შემიძლია იმის დაბეჯითებით თქმა, რომ მას მენიერის დაავადება აქვს. არადა, პროცესის სტაბილიზაციისა და ადრეული კონსერვატიული თერაპიის დაწყებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება დაავადების დროულ დიაგნოსტირებას და სხვა დაავადებებისგან დიფერენცირებას.
– მაშ, როგორ ხერხდება ეს?
– მართალია, დღემდე არ არსებობს მენიერის დაავადების დიაგნოზის დამადასტურებელი პათოგნომური ტესტი, მაგრამ გაიდლაინებით მოწოდებულია შემდეგი სადიაგნოსტიკო კლასიფიკაცია, რომელსაც შეიძლება დავეყრდნოთ. დაავადება არის:

  • უეჭველი – სიცოცხლეში დადგენილი მენიერის დაავადება შემდგომი ჰისტოპათოლოგიური დადასტურებით (სექციაზე);
  • დადგენილი – როდესაც აღინიშნება ორი ან მეტი ვერტიგოს კრიზი, რომელიც გრძელდება არანაკლებ ოცი წუთისა, შეტევის დროს აუდიომეტრიულად დადასტურებულია სმენის დაქვეითება (ერთ შემთხვევაში მაინც), აღინიშნება შუილი ან ზეწოლის შეგრძნება ყურში;
  • მოსალოდნელი – თავბრუხვევის ერთი დადგენილი ეპიზოდი, შეტევის დროს აუდიომეტრიულად დოკუმენტირებული სმენის დაქვეითება, შუილი ან ზეწოლის შეგრძნება ყურში;
  • შესაძლო – ეპიზოდური ვერტიგო სმენის დაქვეითების დოკუმენტაციის გარეშე, ფლუქტუირებული ან ფიქსირებული ნეიროსენსორული სმენის დაქვეითება გარკვეული ეპიზოდურობის გარეშე.
  • სამწუხაროდ, ჩვენში ამგვარ სიფრთხილეს იშვიათად იჩენენ და მენიერის დაავადების დიაგნოზს მეტისმეტად ადვილად და გადაჭრით სვამენ. არადა, ეს საკმაოდ რთული, შემაწუხებელი და დამთრგუნველი დაავადებაა: სმენა ქვეითდება, შეტევების დროს წონასწორობა ირღვევა, შრომის უნარი საგრძნობლად იკლებს...

– როგორ მკურნალობენ მენიერის დაავადებას და რამდენად ეფექტურია მკურნლობა?
– მენიერის დაავადების მწვავე შეტევას სიმპტომურად მკურნალობენ, ხოლო პროფილაქტიკა მიმართულია შემდგომი შეტევების თავიდან აცილებისკენ, სმენისა და ვესტიბულური ფუნქციის შენარჩუნებისკენ ან გაუმჯობესებისკენ, ორმხრივი პროცესის განვითარების პრევენციისკენ. მედიკამენტური მკურნალობისთვის გამოიყენება ტრანკვილიზატორები, შარდმდენები და გულისრევის საწინააღმდეგო საშუალებები. პირველი რიგის არჩევის პრეპარატია პერიფერიული სისხლძარღვების გამაფართოებელი საშუალება – ბეტაჰისტინი.
ძალიან იშვიათად, მენიერის რეზისტენტული (მდგრადი) ფორმებისას, როდესაც სმენის დეფიციტი მყარია, ხოლო შეტევები – მეტისმეტად შემაწუხებელი, მიმართავენ მედიკამენტურ ლაბირინთექტომიას – ლაბირინთის დესტრუქციას, განადგურებას, რასაც შიგნითა ყურში ოტოტოქსიკური ანტიბიოტიკების შეყვანით იწვევენ. მართალია, ეს პროცედურა შეტევებს ამცირებს და ასუსტებს, მაგრამ მაინც ნაკლებსასურველია, რადგან ადამიანი ერთი ლაბირინთის ამარა რჩება.
მძიმე შემთხვევების დროს დაავადებას ქირურგიულად მკურნალობენ. ოპერაციული ჩარევა მოიცავს ენდოლიმფური ტომრის დეკომპრესიას ან შუნტირებას, ლაბირინთექტომიას და ვესტიბულურ ნეიროექტომიას.
– გარდა მედიკამენტური მკურნალობისა, როგორ შეიძლება დაავადების შეტევების პრევენცია?
– მენიერის დაავადების პროფილაქტიკა ცხოვრების სტილის შეცვლასაც გულისხმობს. ადამიანი უნდა ერიდოს სტრესებს, ფიზიკურად იაქტიუროს, დაიცვას დიეტა – შეზღუდოს ყავის, ალკოჰოლის, თამბაქოს მოხმარება, მიიღოს ბევრი სითხე, მაგრამ შეამციროს მარილის რაოდენობა, რაც ორგანიზმს მიღებული სითხისგან ადვილად გათავისუფლებაში დაეხმარება. მარილის შეზღუდვა ენდოლიმფის მოცულობაზეც დადებითად აისახება. ამიტომ რეკომენდებულია, მიღებული მარილის დღიური რაოდენობა არ აღემატებოდეს 3-5 გრამს. 
ხშირად მხოლოდ ამ რეკომენდაციების დაცვაც საკმარისია მენიერის დაავადების შეტევების შესამცირებლად.


მარი აშუღაშვილი

გააზიარე: