რა სარგებლობა მოაქვს ტალახს?

გააზიარე:

ორი კურორტი, რომელთა შესახებაც ახლა გიამბობთ, ძალიან ჰგავს ერთმანეთს. უმთავრესად – ტალახით. სამკურნალო ტალახი ის სიმდიდრეა, რომლის წყალობითაც ახტალასა და კუმისს მთელი საქართველო იცნობს. ტალახით მკურნალობის იდეა ერთი შეხედვით შესაძლოა უცნაური მოგეჩვენოთ, ამიტომ ვიდრე კურორტებზე გადავიდოდეთ, მოდი, ერთად გავიგოთ, რა სარგებლობა მოაქვს ტალახს. ტრადიციისამებრ, კითხვებზე კვალიფიციური პასუხების მისაღებად თბილისის ბალნოლოგიური კურორტის “თბილისი სპას”, საქართველოს ფიზიოთერაპიის, კურორტოლოგიის, რეაბილიტაციიისა და სამკურნალო ტურიზმის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ექიმს, მედიცინის აკადემიურ დოქტორ მანანა ტაბიძეს ვესტუმრეთ. 
როგორც ქალბატონმა მანანამ აგვიხსნა, ტალახით მკურნალობას, პელოიდოთერაპიას, ისეთივე დიდი ხნის ისტორია ჰქონია, როგორიც თავად მედიცინას. ისტორიული წყაროების თანახმად, მკურნალობის ამ მეთოდს ჯერ კიდევ ეგვიპტეში იცნობდნენ. იქ ამისთვის ნილოსის ტალახს იყენებდნენ. ინდოეთის უძველეს სამედიცინო ტრაქტატებში აღწერილია ტალახით მკურნალობა გინეკოლოგიური დაავადებების დროს. დიდი ტრადიცია აქვს პელოიდოთერაპიას რუსეთში, იტალიაში, საფრანგეთში, გერმანიაში, შვეიცარიაში. მკურნალობის ამ უძველეს მეთოდს აქტუალობა არც ჩვენს დროში დაუკარგავს.

  • როგორ მოქმედებს ტალახი

– პელოიდოთერაპია კურორტულ მედიცინაში ყველაზე აქტიურ მეთოდად ითვლება. ტალახის პროცედურა ადამიანის ორგანიზმზე მოქმედებს კანში არსებული ნერვული დაბოლოებების, რეცეპტორების, ქიმიური, სითბური, მექანიკური და ელექტრული გაღიზიანების გზით. ქიმიური ზემოქმედების მექანიზმი ასეთია: პროცედურის დროს კანი იწოვს ტალახის შემადგენლობაში შემავალ აირებს, რომლებიც ორგანიზმზე სამკურნალო გავლენას ახდენს. ასევე შეიწოვება ბიოლოგიურად აქტიური და რადიაქტიური ნივთიერებები, ესტროგენული ნაერთები (რომლებიც სასქესო ჯირკვლების ფუნქციას აწესრიგებს). ტალახში აღმოჩენილი ზოგიერთი ბაქტერიოფაგი ინფექციას ებრძვის. პელოიდოთერაპიის დროს ფართოვდება სისხლძარღვები, ჩქარდება პულსი და სუნთქვა. აპლიკაციას აქვს მასაჟის მსგავსი ეფექტი, რაც ლიმფის დრენაჟს, კაპილარების გააქტიურებას, გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაძლიერებას უწყობს ხელს. 


ტალახის ფიზიკური თვისებებიდან პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს თბოგამტარობას და თბოტევადობას. გამჭვირვალობის კოეფიციენტი ტალახის მიერ სხივური ენერგიის შთანთქმის უნარზე მიუთითებს. რაც უფრო შავია ტალახი, მით მეტ სხივურ ენერგიას შთანთქავს და ჩქარა თბება. ამავე დროს, რაც უფრო მეტია მასში ნატრიუმის ქლორიდი, მით უფრო მალე თბება იგი. ტალახის მექანიკური ზემოქმედება თავისებურია. ამის წყალობით, თუ ადამიანი 40 გრადუსი ტემპერატურის წყალს ვერ იტანს, 42-44 გრადუსამდე გამთბარ ტალახის აბაზანას ან ადგილობრივ პროცედურას ადვილად იტანს, პირიქით, ესიამოვნება კიდეც. 

  • ყველა ტალახი სასარგებლოა?

– სამკურნალო ტალახი წარმოშობის მიხედვით ოთხი ტიპისაა: ლამის სულფიდური, ტორფის, სობკის, საპროპელი. ლამის სულფიდური ტალახი მარილიანი ტბებისა და ლიმანის ფსკერზე წარმოიქმნება. მასში მინერალური კომპონენტები სჭარბობს ორგანულ ნივთიერებებს (მათი შემცველობა 10%-ზე ნაკლებია). ამ ტიპის ტალახი მდიდარია რკინის სულფიდით, რომელიც მას შავ ფერს აძლევს. საქართველოში ლამის ტალახი მოიპოვება კუმისის ტბისა და ზოგიერთი მლაშე ტბის ნაპირებთან.


ტორფის ტალახი მცენარეული და ნაწილობრივ ცხოველური ბუნების ორგანულ ნივთიერებათა ხანგრძლივი ხრწნის პროცესში წარმოიქმნება. მისი ძირითადი კომპონენტია ორგანული ნივთიერებები, რომლებსაც იგი ჰუმუსის სახით შეიცავს. საქართველოში ტორფის ტალახი გვხვდება ქობულეთში, ფოთში, მაგრამ სამკურნალოდ არ გამოიყენება. სობკის ტალახი რუხი, ნახევრად თხიერი, თიხისებური წარმონაქმნია. იგი დედამიწის ზედაპირზე აირთან (მეთანი, ნახშირორჟანგი, წყალბადი და სხვ.) ერთად ამოდის. შეიცავს ჰიდროკარბონატს, ნატრიუმის ქლორიდს. მისი მინერალიზაცია 10-20 გრ`ლ-ია. ბევრია მასში ბრომი, იოდი, ბორი და სხვა ელემენტები. ამ ტიპისაა ახტალის ტალახი. საპროპელის ტალახი მტკნარ წყლებში წარმოიქმნება ცხოველური და მცენარეული ნაშთების სხვადასხვა მიკროორგანიზმებით გამოწვეული ხრწნის შედეგად. მასში უხვადაა (10%-ზე მეტია) ორგანული ნივთიერებები და არ არის გოგირდწყალბადი. დიდი რაოდენობით შეიცავს წყალს, მრავალ მიკროელემენტს (კობალტს, მანგანუმს, ტყვიას, ბრომს, იოდს, მოლიბდენს), B1, C, B12, B6, D ვიტამინებს, ანტიბიოტიკებს, ჰორმონებს. პლასტიკურია. ორგანიზმზე მოქმედებს მსუბუქად. 

 

  • პელოიდოთერაპიის სახეები

განასხვავებენ ტალახის ზოგად და ადგილობრივ პროცედურებს. ზოგადს ეკუთვნის ტალახის აბაზანა და ტალახის ზოგადი აპლიკაცია, ადგილობრივს – აპლიკაციები დაავადების ადგილზე, კომპრესები, ტამპონები და ადგილობრივი აბაზანები.
ზოგადი აბაზანისთვის ტალახის სათანადო ტემპერატურამდე ათბობენ და ხსნიან მინერალურ, ტბის ან ლიმანის თბილ წყალში თანაფარდობით 2:1, 1:1, 1:2, ავადმყოფის ზოგადი მდგომარეობის გათვალისწინებით. აბაზანის ტემპერატურა 36-38 გრადუსია, ხანგრძლივობა – 10-12 წუთი. კურსი საშუალოდ 10-12 აბაზანას მოიცავს. ზოგადი აპლიკაციის დროს პაციენტს მთელ სხეულზე უსვამენ 40-42 გრადუსამდე გამთბარ ტალახს და 20 წუთის განმავლობაში ასე ტოვებენ. ტალახის ზოგადი პროცედურები გამოიყენება სახსრების მრავლობითი დაზიანებისას; უკუნაჩვენებია გულ-სისხლძარღვთა სისტემის გამოხატული დისფუნქციის შემთხვევაში, ვინაიდან ძლიერმოქმედია.


ადგილობრივი აპლიკაციის დროს 38-42 გრადუსამდე გამთბარ ტალახს 20 წუთით ათავსებენ საჭირო უბანზე. კურსი მოიცავს 14-16 პროცედურას. გინეკოლოგიური და უროლოგიური დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება ტალახის ვაგინალური და რექტალური ტამპონადა. პროცედურა 15-20 წუთს გრძელდება. კურსი მოიცავს 12-15 პროცედურას.
ფართოდ გამოიყენება ტალახი ფიზიოპროცედურებისთვის – გალვანოპელოიდოთერაპიისთვის, ელექტოფორეზისა და პელოიდოინდუქტოფორეზისთვის და სხვა.

  • პელოიდოთერაპიის ჩვენებებია:

* ძვალ-სახსართა სისტემის დაავადებები – რევმატოიდული და რევმატული, ინფექციური და არასპეციფიკური პოლიართრიტი; ხერხემლის ოსტეოქონდროზი, დისტროფიული ოსტეოართროზი, სპონდილოართროზი, მიოზიტი, ფიბროზიტი არააქტიურ ფაზაში;
* ნერვული სისტემის დაავადებები – რადიკულონევრიტი, პლექსიტი, ნევრიტი, ნეიროფიბრომიოზიტი; პერიფერიული ნერვული სისტემის ჭრილობები, ტრავმები; ცნს-ის დაავადებები, პოლიმიელიტის ნარჩენი მოვლენები, ზურგის ტვინის ჭრილობები, ტრავმები (თუ ავადმყოფს შეუძლია დამოუკიდებელი მოძრაობა და ფუნქციური აღდგენა ჯერ კიდევ გრძელდება), ნეიროლუესი;
* გინეკოლოგიური დაავადებები – სალპინგიტი, ოოფორიტი, ამენორეა, უშვილობა, მენოპაუზა, კლიმაქტერიული პერიოდი;
• უროლოგიური დაავადებები – ქრონიკული პროსტატიტი, ვეზიკულიტი (არატუბერკულოზური ხასიათისა);
• კანის დაავადებები – ქრონიკული ფსორიაზი, ნეიროდერმიტი სკლეროდერმია, ქრონიკული ეგზემის მშრალი ფორმა;
• სისხლძარღვთა დაავადებები – თრომბოფლებიტის ნარჩენი მოვლენები;
• მუცლის ღრუს ანთებითი პროცესის შედეგები – პერიგასტრიტი, პერიდუოდენიტი და სხვა.


უკუჩვენებაა ყველა დაავადება მწვავე პერიოდში, ყოველგვარი სახის ტუბერკულოზი, ნეფრიტი, ნეფროზი, პოლიართრიტი გამწვავების ფაზაში კონტრაქტურებითა და შეუქცევადი ცვლილებებით, ნერვული სისტემის დაავადებები – ეპილეფსია, ფსიქოზი, ისტერია და სხვა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები დეკომპენსაციის სტადიაში, ჰიპერტონია II სტადიიდან, ავთვისებიანი სიმსივნე, ორსულობა 2 თვის შემდეგ.

  • გვერდითი ეფექტი


პელოიდოთერაპიის დროს მოსალოდნელია დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნება (ეს ტალახისადმი ზოგადი რეაქციაა), ტემპერატურის, ტკივილის მომატება დაავადებულ ადგილებში (ეს ადგილობრივი რეაქცია გახლავთ), სისხლში ლეიკოციტების მატება, ნივთიერებათა ცვლის, ქსოვილთა ტროფიკის გაძლიერება; 3-5 პროცედურის შემდეგ ხშირია ბალნეორეაქცია – მოთენთილობა, საერთო სისუსტე, ძილიანობა, პროცესის გამწვავება. დაავადების ასეთი გამწვავება დადებითი მოვლენაა და პათოლოგიური პროცესის ერთგვარ გარდატეხაზე მიანიშნებს, ამიტომ მისი გამოვლენისას მკურნალობას არ წყვეტენ. ბალნეორეაქციას რამდენიმე დღეში საერთო და ადგილობრივი მდგომარეობის გაუმჯობესება მოჰყვება. 

  • ახტალა

კურორტი ახტალა გურჯაანის რაიონში, თბილისიდან 130 კმ-ზე, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირზე, ზღვის დონიდან 412 მ სიმაღლეზე მდებარეობს. ზაფხული აქ ცხელია, ზამთარი კი თბილი და მშრალი. კლიმატი ზომიერად კონტინენტურია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 1 გრადუსია, აგვისტოსი – 23 გრადუსი. ნალექების რაოდენობა წელიწადში 714 მმ-ს აღწევს, ჰაერის საშუალო ფარდობითი ტენიანობა კი 72%-ია.


კურორტი პირველად ვახუშტი ბაგრატიონის ნაშრომებსა და მემუარებში იხსენიება. მის სამკურნალო თვისებებს აღწერს ექიმი მესხიშვილიც. ეს დოკუმენტები XVIII-XIX საუკუნეებით თარიღდება. ახტალის ტალახის სამკურნალო თვისებების შესწავლა კი XX საუკუნეში დაიწყო კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში. ამჟამად ახტალაში ფუნქციობს სამკურნალო დაწესებულებები, პოლიკლინიკა და პანსიონატი. ახტალაში საკურორტო სეზონი აპრილიდან ოქტომბრის ბოლომდე გრძელდება. იქ მოსახვედრად დიდი გარჯა არ დაგჭირდებათ – საკუთარი ავტომანქანით სულ ორ საათში-ორსაათსნახევარში ჩახვალთ. დადიან ავტობუსებიც მეტროსადგურ “დიდუბის” მიმდებარე ავტოსადგურიდან. კურორტზე, სურვილისამებრ, იქირავებთ სახლს ან ოთახს ერთჯერადი, ორჯერადი ან სამჯერადი კვებითურთ. ახტალის ერთ-ერთი მთავარი ღირსშესანიშნაობაა ღვინის ქარხანა, სადაც უგემრიელეს კახურ ღვინოს დააჭაშნიკებთ. თუ აქაურობას შემოდგომაზე ესტუმრეთ, ხელიდან ნუ გაუშვებთ რთველში მონაწილეობის შანსს – ეს არასოდეს დაგავიწყდებათ. აუცილებლად მოინახულეთ ახტალის მონასტერი. საეპისკოპოსო კათედრა აქ ვახტანგ გორგასალს დაუარსებია. ახტალის საეპისკოპოსო დიდხანს იყო ამ მხარის უმნიშვნელოვანესი სასულიერო ცენტრი.

  • კუმისი

კუმისი გარდაბნის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, თბილისი-მარნეულის საავტომობილო გზაზე. გარდაბნიდან იქ დაახლოებით 15 წუთში ჩახვალთ. კუმისი ისტორიულ წყაროებში პირველად XV საუკუნეში იხსენიება – 1462 წელს აქ ქართველებმა სასტიკად დაამარცხეს თურქმანთა ჯარი. კუმისის კლიმატი რბილია, კონტინენტური, ზამთარი მცირეთოვლიანია, ზაფხული – ცხელი, მშრალი. იანვრის საშუალო ტემპერატურა ნული გრადუსია, აგვისტოსი – 24. ნალექების წლიური რაოდენობა 550 მმ-ს აღწევს, ჰაერის საშუალო წლიური ფარდობითი ტენიანობა კი 68%-ია. მზის ნათების ხანგრძლივობა წელიწადში 2200 საათია. ფლორა შედარებით ღარიბია. აქ უმთავრესად ველური მცნარეულობა ხარობს.


კუმისში საკურორტო ობიექტი არ არის, აქაური ტალახი თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტზე და სხვა სამკურნალო დაწესებულებებში ჩამოაქვთ.
კუმისშია ორბელიანთა საგვარეულო სასახლე, მაგრამ მისი მთავარი ღირსშესანიშნაობა მაინც ტბაა, რომლის ფსკერი სამკურნალო თვისების მქონე ტალახითაა მოფენილი. კუმისის ტბა ქართველი მეთევზეების მექაა. აქ იჭერენ სარკისებრ კობრს, თეთრ ამურს, ხრამულს, წვერას, ჭანარს, გველანას, გამბუზიას...
კუმისის ტბაზე ყოველი წლის სექტემბერში იმართება ოჩოპინტრეობა – მეთევზეები ერთად თევზაობენ, დაჭერილ თევზს ერთად ამზადებენ და მთელი ღამე ილხენენ.
თუ თქვენც გადაწყვეტთ სათევზაოდ წასვლას, გაითვალისწინეთ – ტბის შემოგარენი სავსეა კოღოებით, ამიტომ ისე ჩაიცვით, რომ არ დაგკბინონ ან სხეული რეპელენტით – მწერების საწინააღმდეგო სითხით – დაიმუშავეთ.


ნინია მაჭარაშვილი
გვანცა გოგოლაძე 

გააზიარე: