რა მოვუხერხოთ აგრესიას

გააზიარე:

სიცოცხლის პირველ თვეებში ბავშვი გარემო ფაქტორებსა და გამღიზიანებლებზე ორგვარ რეაქციას გამოხატავს: ის ან კმაყოფილია და ტკბილად ღუღუნებს, ან, რაღაცით გაღიზიანებული, ხმამაღლა ტირის და უფროსებს საშველად იხმობს. ასაკის მატებას ემოციების გამოხატვის მრავალფეროვნება მოსდევს, უკვე ერთი წლის ასაკიდან კი ემოციებისა და მათი გამოხატვის ფორმების ჩამონათვალში შესაძლოა გაჩნდეს უსიამოვნო რამ – აგრესია, აგრესიული ქცევა. რა შეიძლება მივიჩნიოთ აგრესიულ ქცევად და რა – ბავშვის ბუნებრივ რეაქციად? როგორ განმარტავენ სპეციალისტები აგრესიას და რა შეგვიძლია ვიღონოთ ამ უსიამოვნების აღსაკვეთად? ამ საკითხებზე სასაუბროდ ფსიქოლოგ მალინა საჯაიას მივმართეთ.
– თავდაპირველად ტერმინის დეფინიციაზე შევთანხმდეთ – როგორ განიმარტება აგრესია? რა შეიძლება მივიჩნიოთ აგრესიად?
– “აგრესია” ლათინური სიტყვაა და თავდასხმას ნიშნავს. ფსიქოლოგიაში ეს ცნება ქმედებათა ფართო სპექტრს მოიცავს. ფსიქოლოგები აგრესიას განმარტავენ როგორც ნებისმიერ ქცევას, რომლის მიზანია სხვა ადამიანისთვის ზიანის მიყენება. აგრესიულ ქცევად შეიძლება ჩაითვალოს სიტყვიერი შეურაცხყოფა, იგნორირება, მუქარა, ცემა. მაგალითად, თუ გიორგიმ იცის, რომ ბექას სწყინს, როცა “სათვალიანს” ეძახიან და მაინც ეძახის, ესეც აგრესიაა. განასხვავებენ ორი ტიპის აგრესიას. ინსტრუმენტული აგრესიის დროს აგრესია მიზანი კი არა, რაღაცის მოპოვების საშუალებაა. მაგალითად, როცა ბავშვი ურტყამს მეგობარს, რომელმაც მისი სათამაშო აიღო, ამით ის ცდილობს, დაიბრუნოს საკუთარი ნივთი. მტრული აგრესიის დროს კი მიზანია ადამიანისთვის ზიანის მიყენება. აგრესიის ეს ტიპიც, თავის მხრივ, ორგვარია: პირდაპირი და ირიბი. ირიბი აგრესიის შემთხვევად შეგვიძლია მივიჩნიოთ ჭორების გავრცელებაც იმ ადამიანის შესახებ, ვისი წყენინებაც გვინდა და ერთგვარი შანტაჟიც – არის შემთხვევები, როცა ბავშვები ერთმანეთს ემუქრებიან: “თუ ნინიკოსთან ითამაშებ, მე შენ აღარ გემეგობრები!” 
– რამ შეიძლება გამოიწვიოს აგრესიული ქცევა?
– უპირველესად, ამ კუთხით ძალზე მნიშვნელოვანია სოციალური ფაქტორი – ოჯახი, ბაღი, სკოლა, მეგობრები, წიგნები, რომლებსაც უკითხავენ ან თავად კითხულობენ ბავშვები, ფილმები, რომლებსაც უყურებენ... ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს მათი ხასიათის ჩამოყალიბებაზე. სკოლამდელ ასაკში ბავშვებს ახასიათებთ მიბაძვა. მისაბაძი ობიექტი შეიძლება იყოს აღმზრდელი, მულტფილმის გმირი, მეზობელი... რამდენიმე წლის წინ ტელევიზიით აჩვენებდნენ ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ რეკლამას, სადაც ნაჩვენები იყო, როგორ ჩხუბობენ მშობლები და როგორ უყვირის და ხელს ჰკრავს მათი შვილი თოჯინას. სამი წლის ნინომ ამ რეკლამის ნახვის შემდეგ დათუნია სკამზე დასვა და ზუსტად იმ სიტყვებით მიმართა, რომლებიც რეკლამაში მოისმინა მისივე ასაკის გოგონასაგან. არსებობს მოსაზრება, რომ კონფლიქტურ ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს უფრო მეტად უყალიბდებათ სამყაროზე ძალადობრივი წარმოდგენა. ისინი საფრთხეს ხედავენ იქ, სადაც ის არ არის, ნებისმიერ წარუმატებლობას, თანატოლების მხრივ თუნდაც ნეიტრალურ დამოკიდებულებას მტრულ განზრახვად აღიქვამენ და აგრესიას იყენებენ როგორც თავდაცვის საშუალებას, თუმცა მათ არავინ ემუქრება. “ყველა მე მეჩხუბება და ამიტომ ვჩხუბობ”, – ასე იმართლებენ თავს. როცა შინ ფიზიკურად სჯიან, ისინი სწავლობენ, რომ ცემა არის სირთულის დაძლევის წარმატებული გზა. აგრესიის გამომწვევი კიდევ ერთი ფაქტორია გადაჭარბებული ან დაქვეითებული თვითშეფასება. ამ შემთხვევაში ბავშვი აგრესიულ ქცევას იყენებს სხვებზე ბატონობისთვის და უგულებელყოფს მსხვერპლის ტკივილს. იმედგაცრუება, გეგმების ჩაშლაც იწვევს აგრესიულ ქცევას. ბავშვი შესაძლოა გაბრაზდეს იმის გამო, რომ დედამ ეზოში არ ჩაუშვა და ჯავრი უმცროს დაზე ან ძმაზე იყაროს. 
– როგორ ამჟღავნებენ აგრესიას მცირეწლოვანი ბავშვები ყველაზე ხშირად?
– სკოლამდელ ასაკში უმთავრესად ინსტრუმენტული აგრესიაა გავრცელებული. კბენა, ხელის კვრა, ნივთების სროლა, ყვირილი – ეს ყველაფერი შეიძლება მოჰყვეს საყვარელი სათამაშოს წართმევას ან ბავშვისთვის მიუღებელ ნებისმიერ ქმედებას, თუნდაც ისეთს, რომელიც მისივე უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვისაა გამიზნული.
– როგორი რეაქცია უნდა გვქონდეს მშობლებს? რა შეიძლება და რა – არა ასეთ დროს?
– აგრესიული ქცევის შემჩნევისთანავე საჭიროა მისი აღმოფხვრა და საუბარი იმის შესახებ, რატომ არის ასეთი ქცევა მიუღებელი. საუბარი სამომავლოდ არ უნდა გადავდოთ, რადგან ბავშვი შესაძლოა ვერ მიხვდეს, მისი რომელი საქციელი არ მოეწონათ. მშობელი აუცილებლად უნდა ესაუბროს შვილს სხვისი ტკივილის შესახებ. თუ ბავშვი თავად დედის მიმართ გამოხატავს აგრესიას, სცემს ან კბენს მას, მშობელმა უნდა აჩვენოს რეალური რეაქცია, რომელიც ამას მოჰყვება: “შენ მიკბინე, მე კი ძალიან მეწყინა და მეტკინა. შეხედე, როგორ გამიწითლდა ნაკბენი, ძალიან გთხოვ, ასე აღარ მოიქცე”, – და ა.შ. მშობელმა უნდა მიაწოდოს შვილს ინფორმაცია ურთიერთობების მოგვარების სხვა, უფრო მისაღებ ფორმებზეც. მაგალითად: “სთხოვე შენს მეგობარს, დაგიბრუნოს სათამაშო”, ან “სანამ ის მანქანით თამაშობს, შენ თოჯინას ეთამაშე”.
რა თქმა უნდა, არ შეიძლება, თავადაც აგრესიული ტონით მივცეთ შენიშვნა ბავშვს და მოვთხოვოთ, ასე აღარ მოიქცეს. გარდა ამისა, აკრძალვა უნდა იყოს დასაბუთებული, სიტყვიერი შეურაცხყოფისა და სხვა უხეში სადამსჯელო ღონისძიებების ნაცვლად მოიძებნოს უფრო ეფექტური მეთოდები, მაგალითად, აგრესიული ქცევის განმეორების შემთხვევაში ბავშვისთვის სასიამოვნო აქტივობის (ეზოში ჩასვლა, პარკში გასეირნება, მულტფილმის ყურება) მოკლება, ხოლო მისაღები ქცევის შემთხვევაში – დაჯილდოება. მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად გულისხმიერები არიან თავად მშობლები სხვა ადამიანების მიმართ.
– როდის არის რეკომენდებული სპეციალისტთან მისვლა და კერძოდ ვის კომპეტენციაში შედის ამ პრობლემაზე მუშაობა?
– როდესაც მშობელი ხვდება, რომ თავად ვერ უმკლავდება შვილის აგრესიას, აუცილებლად უნდა მიმართოს ფსიქოლოგს. ნერვული დაძაბულობა, აღგზნება, ხშირი ისტერიკა, აგრესიული ქცევის თანმხლები ძილისა თუ კვების დარღვევები ასევე დამაფიქრებელი სიმპტომებია მშობლებისთვის.
– თქვენი დაკვირვებით, არებობს თუ არა რაიმე თავისებურება, ქართველი მშობლებისა და ბავშვებისთვის რომ იყოს დამახასიათებელი?
– ყოველდღიურად ვაწყდები, რომ მშობლები ნებით თუ უნებლიეთ თვითონვე უბიძგებენ ბავშვებს აგრესიული ქცევისკენ, განსაკუთრებით – ბიჭებს. ხშირად გამიგონია, როგორ მოუწოდებდნენ მათ მშობლები, განსაკუთრებით კი მამები, სხვა ბავშვებზე ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ძალადობისკენ საკუთარი უპირატესობის დასამტკიცებლად. 
პრაქტიკული რჩევები მშობლებს
* ეცადეთ, მოარიდოთ ბავშვი გადაცემებს, მულტფილმებს, ზღაპრებს, რომლებშიც ძალადობა გამართლებულია.
* აკონტროლეთ საკუთარი მეტყველება და ემოციები, განსაკუთრებით – ბავშვებთან საუბრისას.
* ბავშვების ყურადღება გადაიტანეთ პროსოციალურ ქცევაზე. დაანახვეთ, რომ მნიშვნელოვანია სხვისი აზრის გათვალისწინება, სხვისი დახმარება.
* თუ ბავშვმა გაბრაზებისას დაამტვრია ან მიყარ-მოყარა თავისი ნივთები, სთხოვეთ, თავისი ნამოქმედარი აალაგოს. ნუ მისცემთ ამას სადამსჯელო დატვირთვას; უბრალოდ, ბავშვმა უნდა ისწავლოს პასუხისმგებლობა თავისი საქციელის შედეგის გამო.
* აუცილებლად აღნიშნეთ, შეაქეთ და წაახალისეთ ბავშვის კარგი საქციელი. თუ დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ ბავშვებს უმეტესად საყვედურით მიმართავენ და უკვე ჩადენილი ქმედებისთვის სთხოვენ პასუხს ან უკრძალავენ რაიმეს. ნუ გაამახვილებთ ყურადღებას მხოლოდ უარყოფით მხარეებზე, აუცილებლად შეაქეთ და მოიწონეთ ღირსებებიც, თუნდაც ერთი შეხედვით უმნიშვნელო, მაგალითად, თუ ბავშვი მოთმინებით ელოდება საკუთარ რიგს თამაშის დროს ან უთმობს თავის სათამაშოს სხვას.
* სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის აუცილებელია დღის საგანგებო რეჟიმი. ის საკმაო დროს უნდა ატარებდეს სუფთა ჰაერზე, კარგად ისვენებდეს და ახერხებდეს გამოძინებას, ხარჯავდეს საკმარის ენერგიას მისი ფიზიკური განვითარებისთვის სასარგებლო აქტივობებში.
ნინო ლომიძე

გააზიარე: