ტონუსი – რა იცით მის შესახებ?

გააზიარე:

არსებობს საკითხები, რომლებიც ერთი შეხედვით მარტივი გვეჩვენება, რომელთა შესახებ თითქოს ყველამ ყველაფერი ვიცით. აი, მაგალითად, საშვილოსნოს ტონუსის მომატება. დარწმუნებული ვარ, ყველას გაგიგონიათ, რომ ის ორსულობისას იჩენს თავს, იშვიათად იწვევს მძიმე გართულებებს და მას მაგნიუმისა და პროგესტერონის პრეპარატებით მკურნალობენ. სინამდვილეში საქმე სულაც არ ყოფილა ასე მარტივად – ამ ერთი შეხედვით უწყინარი სიმპტომის მოხსნა, თუ მან სერიოზული სახე მიიღო, საკმაოდ ძნელია. ტონუსის შესახებ მითების დასამსხვრევად და კომპეტენტური პასუხების მისაღებად საპატრიარქოს სამშობიარო სახლისა და კლინიკა “კურაციოს” ექიმ მეან-გინეკოლოგს, მედიცინის დოქტორ ნინო მაჭავარიანს ვესტუმრე.

  • რას ნიშნავს საშვილოსნოს ტონუსის მომატება?

– მინდა, თქვენს სიტყვებში მცირე შესწორება შევიტანო: ტერმინ საშვილოსნოს ტონუსის მომატებას, საშვილოსნოს ჰიპერტონუსს თანამედროვე მედიცინაში ფაქტობრივად არ იყენებენ. მსოფლიო არ ცნობს ასეთ დიაგნოზს. არათუ დიაგნოზს, ასეთი სახელწოდების სიმპტომსაც კი. მაგრამ საქართველოში ექიმები და ექოსკოპისტები, სამწუხაროდ, ძალიან ხშირად სვამენ ამ დიაგნოზს და ტარდება სრულიად უმართებულო, მიზანშეუწონელი მკურნალობა მის “მოსახსნელად”, განსაკუთრებით – ორსულობის ადრეულ ვადაზე.

  • შესაძლოა, ტერმინი მცდარი იყოს, მაგრამ, ფაქტია, ორსულთა უმეტესობა მართლაც უჩივის საშვილოსნოს დაჭიმვას, გადაძაბვას...

– ამგვარი ჩივილები მართლაც ხშირია. ისმის კითხვა: მაშ, რა აწუხებს ორსულს, რა იწვევს დისკომფორტს და როგორ აღმოვფხვრათ იგი? მოგეხსენებათ, საშვილოსნო მცირე მენჯის ღრუში იოგოვანი აპარატითაა დაფიქსირებული. ამ ორგანოს მასასთან ერთად იმატებს იოგოვანი აპარატის დატვირთვაც. იოგები იჭიმება. უმეტესად სწორედ ამის ბრალია სიმძიმისა და ქაჩვის შეგრძნება. უმეტესად, მაგრამ არა ყოველთვის. საქმე ის არის, რომ ერთგვარი “ჰიპერტონუსი” მართლაც არსებობს. მოგეხსენებათ, ნებისმიერ კუნთს აქვს აღგზნებისა და შეკუმშვის უნარი. ორსულობის დროს ორგანიზმში მომატებულია პროგესტერონის დონე – ჰორმონისა, რომელიც მთელ სხეულს ორსულობისადმი ადაპტაციაში ეხმარება. სწორედ მისი გავლენით ეშვება, განიცდის რელაქსაციას გლუვკუნთოვანი ორგანოები, მათ შორის – საშვილოსნოც. მაგრამ მიზეზთა გამო ეს მექანიზმი შესაძლოა დაირღვეს და საშვილოსნოს კუმშვითმა აქტივობამ მოიმატოს. სწორედ ამას უწოდებენ ჰიპერტონუსს, მედიცინაში კი მას საშვილოსნოს მტკივნეულ შეკუმშვას ვეძახით. კუნთის აქტივობას მატება სხვადასხვა რამემ შეიძლება გამოიწვიოს, თუმცა მიზეზის იდენტიფიცირება უმეტესად ვერ ხდება.

  • გავრცელებული მოსაზრებით, საშვილოსნოს ტონუსის მომატებას პროგესტერინული უკმარისობის ბრალია...

– დიახ, არსებობს თეორია, რომ ტონუსს ყვითელი სხეულის უკმარისობა იწვევს (სწორედ ყვითელი სხეული გამოიმუშავებს პროგესტერონს). თუმცა ეს მხოლოდ თეორიაა, რომელსაც თანამედროვე მედიცინა არ ადასტურებს. პროგესტერინული უკმარისობა როგორც ტერმინი ამოღებულია სამედიცინო სიტყვახმარებიდან და თუ წინათ პროგესტერონის განსაზღვრა აქტიურად ხდებოდა, დღეს ამან მნიშვნელობა დაკარგა. ჩვენ მტკიცებითი მედიცინის საუკუნეში ვცხოვრობთ, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მოსაზრება მოწმდება უმაღლესი დონის კვლევებით და მერეღა გამოგვაქვს საბოლოო დასკვნა. ცალკეული ექიმის (რაც არ უნდა ტიტულოვანი იყოს) პირად გამოცდილებას ეს მიდგომა არ ითვალისწინებს. ექსპერტის მოსაზრება მტკიცებითი მედიცინის პირამიდის უმდაბლეს საფეხურზეა. აქ საუბარია ისეთი დონის კვლევებზე, რომელთა სანდოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ გვაქვს. მონაცემები, რომლებიც პროგესტერინული უკმარისობის როლზე მიანიშნებს, მცირერირცხოვანია. მათ მიხედვით, ორალური პროგესტერონის (ესე იგი, ჰორმონშემცველი აბის) მიღება ორსულობის მე-7-8 კვირამდე შეიძლება გამართლებულად ჩაითვალოს, თუმცა ამ გზით მიღწეული შედეგი უფრო პლაცებო ეფექტად უნდა მივიჩნიოთ, ვიდრე წამლის რეალურ მოქმედებად. 

  • მკურნალობის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ. მანმადე სხვა რამ მინდა გკითხოთ: რა სიმპტომებით ვლინდება საშვილოსნოს კუმშვითი აქტივობის მომატება და რა გართულება შეიძლება მოჰყვეს მას?

– დამახასიათებელია მცირე ტკივილი დღის სხვადასხვა მონაკვეთში, რომელიც პოზის შეცვლისას გაივლის. ეს ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობის თანმხლები მოვლენაა და დიდ საშიშროებას არ წარმოადგენს, არც მაინცადამაინც მედიკამენტურ მკურნალობას მოითხოვს, ისევე როგორც გულისრევის შეგრძნება, საერთო სისუსტე, ჰიპოტონია. თუმცა მტკივნეული შეკუმშვები შესაძლოა გართულებათა მიზეზადაც იქცეს, ამიტომ საჭიროა ექიმის მუდმივი მეთვალყურეობა. გართულების რაობა ორსულობის ვადაზეა დამოკიდებული. ორსულობის 22-ე კვირამდე საშვილოსნოს მტკივნეულმა შეკუმშვებმა შესაძლოა გამოიწვიოს თვითნებითი აბორტი ანუ მუცლის მოშლა, 22 კვირის შემდეგ – ნაადრევი მშობიარობა. თუ ორსულს საშვილოსნოს მტკივნეული შეკუმშვები აღენიშნება, მან აუცილებლად უნდა მიმართოს გინეკოლოგს და ჩაიტაროს ულტრაბგერითი სკანირება დიაგნოზის დასადგენად. განსაკუთრებით საყურადღებოა სისხლიანი გამონადენი საშოდან. ეს სიმპტომები ორსულობის შეწყვეტის საშიშროებაზე მიუთითებს.

  • როგორია ასეთ დროს მკურნალობის ტაქტიკა, შესაძლებელია თუ არა მძიმე გართულების თავიდან აცილება?

– ორსულობის 22-ე კვირამდე გამოსაყენებელი ეფექტური ტოკოლიზური (ტონუსის მომხსნელი) საშუალება მედიცინას, სამწუხაროდ, ჯერ არ შეუქმნია, 22-ე კვირიდან კი (როგორც სისხლიანი გამონადენის, ისე მისი არარსებობის შემთხვევაში) ტოკოლიზურ საშუალებებს, მაგალითად, გინეპრალის ინფუზიას, შეუძლია, ორსულობა 2-7 დღით გაახანგრძლივოს, ამ ხნის განმავლობაში კი ესწრება კორტიკოსტეროიდებით მკურნალობა ნაყოფის ფილტვის მომწიფების მიზნით და დედის გადაყვანა მესამე დონის სამედიცინო დაწესებულებაში. ადრე მოწოდებული სპაზმოლიტური საშუალებები (პაპავერინი, ბუსკოპანი) პრაქტიკულად უარყოფილია. ასევე შეცდომაა მაგნიუმის შემცველი პრეპარატების, კერძოდ, მაგნიუმის სულფატის გამოყენება – მას აქვს ნეიროპროტექტორული მოქმედება, მისი ტონუსის მომხსნელი ეფექტი დასავლურ ლიტერატურაში არსად იხსენიება.
საზოგადოდ, დღეს მთელი მსოფლიო ორსულის დემედიკალიზაციაზე საუბრობს – რაც უფრო ნაკლებ მედკამენტს მიიღებს ორსული, მით უფრო ჯანმრთელი იქნება ნაყოფი. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც უწამლოდ წარმოუდგენელია. ამიტომ, თუ შესაბამისი კრიტერიუმებით დასტურდება ნაადრევი მშობიარობის საფრთხე ან საშვილოსნოს მტკივნეული შეკუმშვები აღინიშნება, კუმშვითი აქტივობის დასათრგუნავად პრიორიტეტულია კალციუმის არხის ბლოკერების (ნიფედიპინი) დანიშვნა. პირველი ტკივილის კუპირებისთვის შეიძლება მათი კომბინირება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებთან. მაგრამ აუცილებლად უნდა ითქვას, რომ არამიზანშეწონილია ინდომეტაცინის რექტალური სახით (სწორი ნაწლავიდან) დანიშვნა 100 მგ-ზე მეტი დოზით და 48 სააათზე მეტი ხნით. გინიპრალის ინტრავენურ ინფუზიაზე ზემოთ ვისაუბრეთ; მის ტაბლეტირებულ ფორმას, უამრავი გვერდითი ეფექტისა და რეალური შედეგის უქონლობის გამო, ცივილიზებული სამყარო აღარ იყენებს. ტრანსვაგინალური ექოსკანირებით (!)საშვილოსნოს ყელის სიგრძის განსაზღვრის შემდეგ ინიშნება პროგესტერინული პრეპარატები, მაგალითად, უტროჟესტანი, საშოს მხრივ. მისი ოპტიმალური დოზა 200 მგ-ია. სამწუხაროდ, გვყოლია პაციენტები, რომლებისთვისაც დაუნიშნავთ უტროჟესტანის სანთლები დღეში 3-4-ჯერ. სინამდვილეში დამატებითი დოზა არავითარ ეფექტს არ იძლევა. 
ვიდრე მედიკამენტური მკურნალობა დაიწყება, აუცილებელია მოსალოდნელი ნაადრევი მშობიარობის კრიტერიუმების დადგენა. ერთ-ერთი მათგანი საშვილოსნოს ყელის დამოკლებაა, რომლის დიაგნოსტიკაც აუცილებლად ულტრასონოგრაფიით, ტრანსვაგინალური ტრანსდუსერით უნდა მოხდეს. ბევრი ამას აბდომინალური (მუცლის მხრივ) მიდგომით აკეთებს, რაც სრულიად დაუშვებელია.

  • ასეთი მანიპულაცია საშიში ხომ არ არის ორსულისთვის?

– მინდა, ხმამაღლა გითხრათ და ძალიან კარგი იქნება, თუ ამას ორსულებიც მოისმენენ: ჩვენთან ხშირად მოდიან ნამშობიარები ქალები, რომლებმაც ისე განვლეს ორსულობა, რომ ექიმს საშვილოსნოს ყელი სარკეებით არ დაუთვალიერებია, თანაც მკაცრად გაუფრთხილებია, სხვაგან არ გაებედათ ამის გაკეთება, რადგან ეს ორსულობის შეწყვეტას გამოიწვევდა. სრულიად უმართებულო შეხედულებაა! ეს დიაგნოსტიკური გამოკვლევა ორსულობისთვის საფრთხეს არ შეიცავს!

  • ნაყოფს თუ ემუქრება საფრთხე? გამიგონია, ტონუსის მომატებამ შესაძლოა მისი განვითარება შეაფერხოსო...

– არა, ამ მხრივ გართულება პრაქტიკულად არ არის მოსალოდნელი, “მომატებული ტონუსი” თავისთავად ნამდვილად არ აფერხებს ნაყოფის ზრდასა და განვითარებას.

  • რას ურჩევდით ორსულებს, როგორ შეამცირონ საშვილოსნოს გადაძაბვით გამოწვეული ჩივილები?

– ჩვენ ყველა ორსულს ვუხსნით, რომ ისინი არ არიან ავად და ვურჩევთ, ცხოვრება მეტ-ნაკლებად იმავე რიტმით გააგრძელონ, რომლითაც მანამდე ცხოვრობდნენ, ცხადია, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ქალი აქტიურად მისდევდა სპორტს ან სხვა ფიზიკურ აქტივობას. ორსულისთვის აუცილებელია მშვიდი, გაწონასწორებული გარემო, შრომითი რეჟიმი, რომელიც ღამისთევას არ მოითხოვს, არ ეკრძალება მსუბუქი სპორტული აქტივობა (ცურვა, მსუბუქი აერობიკა ორსულთათვის), სქესობრივი ცხოვრება. პაციენტებს, რომლებსაც სამსახურში დიდხანს უწევთ ჯდომა ან დგომა, ვურჩევთ, ხშირად იცვალონ პოზა, ადგნენ, გაიარ-გამოიარონ... ეს აუცილებელია ვენური სტაზის პრევენციისთვის. ორსულები უნდა ერიდონ საკვებს, რომელიც ნაწლავთა პერისტალტიკის გააქტიურებას, მეტეორიზმს ან დიარეას გამოიწვევს. ასეთია ძალზე ცხიმიანი კერძები, ქუჩის საკვები, კონსერვები, თერმულად დაუმუშავებელი თევზი და ხორცი... ბევრი გვთხოვს, ყავის დალევის უფლება მივცეთ. დღეში ერთი ან ორი ფინჯანი ყავა, მით უმეტეს, დაბალკოფეინიანი ან უკოფეინო, არავითარ პრობლემას არ შეუქმნის ორსულს.

  • შესაძლოა თუ არა, სქესობრივი ცხოვრება იქცეს საშვილოსნოს მტკივნეული შეკუმშვების მიზეზად?

– გარკვეულწილად შესაძლოა, რადგან ორგაზმის მომენტში საშვილოსნოს კუმშვითი აქტივობა იმატებს. როცა ორსულობა ნორმალურად მიმდინარეობს, ზომიერი სქესობრივი ცხოვრება ნებადართულია, მაგრამ თუ მას რაიმე ტიპის პაათოლოგია სდევს თან, ანდა მომატებულია აბორტისა თუ ნაადრევი მშობიარობის ალბათობა, ცხადია, ყოველგვარი აქტივობა, მათ შორის – სქესობრივიც, იზღუდება. აქვე მინდა ვთქვა ისიც, რომ ასეთ შემთხვევებში სრულიად გაუმართლებელია მკაცრი წოლითი რეჟიმი, რომელიც ფაქტობრივად ყოველგვარი მოძრაობის შეზღუდვას გულისხმობს – ეს ქალს ფსიქოლოგიურად ძლიერ თრგუნავს და, რაც მთავარია, არც ორსულობის პროგნოზს აუმჯობესებს. ასე რომ, სირთულეთა არსებობისას ორსულმა უნდა მიმართოს არა მკაცრ წოლით, არამედ დაცვით რეჟიმს, რაც ფიზიკური აქტივობის არა აკრძალვას, არამედ უსაფრთხო, ნებადართულ მინიმუმამდე დაყვანას გულისხმობს.


გვანცა გოგოლაძე

გააზიარე: