მტკივანი მუხლები
გააზიარე:
თქვენმა ვაჟმა ტანი სწრაფად აიყარა? ალბათ გიხარიათ. ცხადია, შვილის სიმაღლეში ზრდა ყველა დედას გაახარებს. ამ პერიოდში მშობლები ვაჟს სპორტის რომელიმე სახეობაზე მიიყვანენ ხოლმე, აქაოდა, მაღალთან ერთად ღონიერიც გაიზარდოსო, მაგრამ გადის ხანი და ახალგაზრდა სპორტსმენს ფეხების ტკივილი ეწყება, დღითი დღე უფრო და უფრო დაღლილი და დაღვრემილი ბრუნდება ვარჯიშიდან. თქვენც, როგორც ყველა ნორმალური დედა, შვილს ექიმთან მიაქანებთ, ექიმი კი უცნაურ დიაგნოზს სვამს: ოსგუდ-შლატერის დაავადება, – თანაც გამშვიდებთ, საშიში არაფერიაო, მაგრამ ეს თქვენთვის დიდი ვერაფერი შეღავათია.
საქმეში ჩაუხედავი ადამიანი სახელწოდებამ შესაძლოა მართლაც შეაშინოს, მაგრამ თქვენ ნუ შეშინდებით – ჩვენ ხომ სწორედ იმისთვის ვართ, რომ ასეთ დროს საჭირო ინფორმაცია მოგაწოდოთ.
რა არის ოსგუდ-შლატერის დაავადება?
ეს დაავადება პირველად ექიმებს რობერტ ოსგუდსა და კარლ შლატერს აღუწერიათ 1903 წელს. ალბათ მიხვდით – სწორედ მათ პატივსაცემად დაერქვა ასეთი “საშიში” სახელი. რობერტს და კარლს ისიც დაუდგენიათ, რომ პრობლემა ზრდის პროცესს უკავშირდება და უმეტესად ახალგაზრდა, ათლეტური აღნაგობის ბიჭებს აწუხებთ, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ერთბაშად აიყარა ტანი.
ოსგუდ-შლატერის დაავადება მუხლის სახსრის გადაჭარბებული დატვირთვით გამოწვეული დაზიანებაა. ჭარბი დატვირთვა სახსრის იმ უბნის ანთებას იწვევს, სადაც კვირისტავიდან გამოსული მყესი დიდი წვივის ძვალს უერთდება. ანთებას შესივება და ტკივილი ახლავს თან. იშვიათად შესაძლოა დიდი წვივის ძვლის უმნიშვნელო მოტეხილობამდეც კი მივიდეს საქმე. უმეტესად ცალი მუხლის სახსარი ზიანდება, შედარებით იშვიათად – ორივე.
ტკივილი ძლიერდება ვარჯიშის, ხტომის, სირბილის, საზოგადოდ, სპორტული აქტივობის დროს. განსაკუთრებით ცუდ დღეში არიან ახალგაზრდა კალათბურთელები, ფრენბურთელები, მოციგურავეები, ფეხბურთელები და ტანმოვარჯიშეები.
ოსგუდ-შლატერის დაავადება ვაჟებში უფრო ხშირადაა აღწერილი, ვიდრე გოგონებში. ალბათ იმიტომ, რომ მშვენიერი სქესი ამ ასაკში სპორტით იშვიათად თუ ინტერესდება. თუმცა დაკვირვებები მოწმობს, რომ ბოლო ხანს იმატა ოსგუდ-შლატერით დაავადებული გოგონების რიცხვმა. ცხადია, ეს სპორტის პოპულარიზაციას უნდა მივაწეროთ.
როგორ ამოვიცნოთ?
მისი ამოცნობა ძნელი არ არის. ოსგუდ-შლატერის დაავადებისთვის დამახასიათებელია:
• ტკივილი, შესივება ან მტკივნეულობა მუხლის ქვედა არეში;
• ტკივილი, რომელიც ფიზიკური აქტივობის (მაგალითად, სირბილისა და ხტუნვის) შემდეგ ძლიერდება;
• კოჭლობა ფიზიკური დატვირთვის შემდეგ;
• დასვენების შემდეგ სიმპტომების გაქრობა ან შემსუბუქება.
ესენი ოსგუდ-შლატერის დაავადების უცილობელი ნიშნებია, თუმცა ზოგიერთ პაციენტს სხვა სიმპტომებიც აწუხებს, რაც დაავადების სიმწვავესა და ხარისხზეა დამოკიდებული. საწყის სტადიაში მოზარდს შესაძლოა მხოლოდ ვარჯიშის ან სპორტული თამაშის დროს შეახსენოს თავი ზომიერმა ტკივილმა, ზოგს კი გამუდმებით სტკივა მუხლი და ფიზიკური აქტივობისას ტკივილი უფრო მეტად უძლიერდება.
როგორ მოვიქცეთ?
აუცილებლად მიმართეთ ოჯახის ექიმს ან ტრავმატოლოგს. თუ თქვენმა ექიმმა ეჭვი ოსგუდ-შლატერის დაავადებაზე მიიტანა, იგი საგულდაგულოდ გასინჯავს თქვენს ვაჟს და შესაძლოა, დიაგნოზის დასაზუსტებლად მუხლის სახსრის რენტგენოგრაფიაც დაგინიშნოთ. გკითხავთ, რას უკავშირებთ ტკივილს და ბოლოს სათანადო რჩევებსაც მოგცემთ.
თუ ტკივილი აუტანელია, ექიმმა შესაძლოა სპორტისგან ხანმოკლე ტაიმ-აუტის აღება ან დატვირთვის შემცირება გირჩიოთ. განსაკუთრებით უნდა ერიდოთ სირბილს და ხტომას. გარდა ამისა, ექიმი აუცილებად გირჩევთ სპეციალურ ვარჯიშებს ტკივილის შესამსუბუქებლად. მძიმე შემთხვევები მეტ დასვენებას მოითხოვს. ამ დროს კი ნამდვილად მოგიწევთ ყოველგვარი სპორტული აქტივობისთვის თავის დანებება. აქტიური ადამიანებისთვის ეს განაჩენის ტოლფასია, მაგრამ რას იზამთ, დასვენების გარეშე თქვენი მუხლი ვერ გამოკეთდება. ზოგიერთი ექიმი განსაკუთრებით მოუსვენარ პაციენტებს მუხლზე სპეციალურ სახვევსაც კი უკეთებს, რათა ამგვარად მაინც უზრუნველყოს მუხლის უმოძრაოდ ყოფნა.
ოსგუდ-შლატერის დაავადების შორეული გართულებები იშვიათია. ზოგჯერ ბიჭებს დაზიანებულ უბანში, წვივის ძვალზე, მცირე ზომის უმტკივნეულო გამონაზარდი, ბორცვი უჩნდებათ. თუ ეს წარმონაქმნი დისკომფორტს ან ტკივილს იწვევს, სასურველია, ქირურგიულად მოშორდეს.
რა ეშველება სპორტულ კარიერას?
ნუ შეშინდებით. მართალია, თქვენი სპორტული კარიერა გამოცდის წინაშეა, მაგრამ სწორი მიდგომით ყველაფერი მოგვარდება. დროა, სანუგეშო ამბავიც გითხრათ: როცა ახალგაზრდა სიმაღლეში ზრდას დაასრულებს, დაავადება თავისთავად გაივლის, უმეტესად – დაწყებიდან 12-24 თვის შემდეგ. ზუსტი ასაკის დასახელება ძნელია, თუმცა მეტწილად ყველაფერი 14-18 წლისთვის მთავრდება, რის შემდეგაც თამამად შეგიძლიათ სპორტს დაუბრუნდეთ.
თამარ არქანია