პირველი დახმარება
გააზიარე:
გულ-ფილტვის რეანიმაცია
ალბათ, ერთხელ მაინც მოხვედრილხართ სიტუაციაში, როდესაც ვისიმე ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა და მისი ბედი თქვენს დაუყოვნებელ მოქმედებაზე იყო დამოკიდებული. არ მოხვედრილხართ? არის შანსი, ოდესმე მოხვდეთ. ამგვარი შემთხვევებისთვის ადამიანები სპეციალურ კურსებს გადიან. ჩვენც გადავწყვიტეთ, ჟურნალის მეშვეობით შეძლებისდაგვარად გაგაცნოთ პირველი დახმარების ელემენტები, რისთვისაც მ. იაშვილის ბავშვთა კლინიკური საავადმყოფოს გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სასწავლო ცენტრს მივმართეთ. ვინაიდან უეცარ სიკვდილს უმეტესად გულის გაჩერება იწვევს, გადაწყდა, პირველი გაკვეთილი გულ-ფილტვის რეანიმაციას დათმობოდა. როგორც ცენტრის ინსტრუქტორმა ქეთევან ველიაშვილმა გვითხრა, ეს ღონისძიება ძალზე ეფექტურია გულის უეცარი გაჩერების დროს. მსოფლიო გამოცდილებით, რეანიმაციის შედეგად ადამიანის გადარჩენის შანსი 70%-ს აღწევს. გადაუდებელი დახმარების პირველ გაკვეთილს სწორედ ქალბატონი ქეთევანი ჩაგვიტარებს.
–პირველი დახმარების უმთავრესი მიზანი ადამიანისთვის სიცოცხლის შენარჩუნებაა. ამისთვის საჭიროა შემთხვევის ადგილზე განსაზღვრულ მოქმედებათა განსაზღვრული თანმიმდევრობით შესრულება, რასაც პირველ დახმარებაში სიცოცხლის გადარჩენის ჯაჭვი ეწოდება. მნიშვნელოვანია, ეს თანმიმდევრობა არ დაირღვეს. მაგალითად, თუ გულის უეცარი გაჩერება იეჭვეთ, ჯერ სასწრაფო დახმარება უნდა გამოიძახოთ და მერეღა დაიწყოთ გულ-ფილტვის რეანიმაციის ჩატარება.
როგორ ამოვიცნოთ გულის გაჩერება
გულის უეცარი გაჩერება უნდა ვივარაუდოთ, თუ:
* ადამიანმა (მით უფრო – მოზრდილმა) თქვენ თვალწინ უეცრად დაკარგა გონი და ჰორიზონტალური მდგომარეობის მიღების შემდეგ, გულის წასვლისგან განსხვავებით, ცნობიერება არ დაუბრუნდა;
* გონის დაკარგვას მოჰყვა კრუნჩხვის ხანმოკლე ეპიზოდი და აგონიური სუნთქვა – ძალიან გაიშვიათებული და ხმაურიანი ორი-სამი ჩასუნთქვა ერთი წუთის განამვლობაში, მაშინ როდესაც სუნთქვის ნორმალური სიხშირეა 12-20 წუთში.
* გონდაკარგული თქვენი ნაცნობია და იცით, რომ მას გული აწუხებს – აქვს რაიმე კარდიული პრობლემა, ან გადატანილი აქვს ინფარქტი.
გულის უეცარი გაჩერების მიზეზი უმეტესად პარკუჭოვანი ფირბრილაციაა: გულის კუნთის ცალკეული ბოჭკოები უწესრიგოდ და სწრაფად იკუიმშებიან, გული ფართხალებს. ამ დროს, გულის მასაჟსა და ხელოვნურ სუნთქვასთან ერთად, საჭიროა დეფიბრილაციაც. ამიტომაც არის აუცილებელი სასწრაფოს დროული გამოძახება – დეფიბრილაციის ერთი წუთით დაგვიანება 7-10%-ით ზრდის ლეტალური დასასრულის რისკს.
თუ ადამიანი წაიქცა, ცნობიერება შეუმოწმეთ და დარწმუნდით, რომ გონზე არ არის და, ამასთან, არც სუნთქავს, უნდა ივარაუდოთ, რომ მას გული გაუჩერდა.
– როგორ გავიგოთ, არის თუ არა ადამიანი გონზე?
– ამისთვის ცალი ხელით თავს ვუფიქსირებთ (გამორიცხული არ არის, წაქცევისას კისრის ტრავმა მიეღო; თავის დაფიქსირება საჭიროა, რათა ჩვენკენ არ მოაბრუნოს), მეორეს მხარზე მოვკიდებთ, შევანჯღრევთ და თან ყურში გარკვევით, ხმამაღლა ჩავძახებთ: “როგორ ხარ?” ამრიგად, ვიყენებთ ორ გამღიზიანებელს – ხმოვანს და შეხებითს. თუ წაქცეული რეაქციას არ ამჟღავნებს, არც ინძრევა და არც ხმას იღებს, ვასკვნით, რომ ის უგონოდაა (სურ. 1).
ამის შემდეგ უნდა გავარკვიოთ, სუნთქავს თუ არა იგი: ყური ცხვირ-პირთან უნდა მივუტანოთ ისე, რომ გულმკერდისკენ ვიყურებოდეთ და ათი წამის განმავლობაში დავაკვირდეთ. თუ არც სუნთქვა გვესმის, ვერც ჰაერის ნაკადს ვგრძნობთ და ვერც გულმკერდის მოძრაობას ვხედავთ, შეიძლება დავასკვნათ, რომ სუნთქვა გაჩერებულია.
თუ ადამიანი არ სუნთქავს, ვგულისხმობთ, რომ გულიც გაჩერებულია (ასეთი გაიგივება უფრო მარტივია არაექიმებისთვის) და სასწრაფო მოქმედებაა საჭირო.
რას ვაკეთებთ
უპირველესად, ვიძახებთ სასწრაფო დახმარებას. თუ გვერდით ვინმე სხვაც გვყავს, სასწრაფოს გამოსაძახებლად მას ვგზავნით, ჩვენ კი გონდაკარგულთან ვრჩებით; თუ ახლომახლო ჩვენ გარდა არავინ არის, ჯერ ვიძახებთ სამედიცინო ბრიგადას, მერე კი ვბრუნდებით ავადმყოფთან, თუ ის რბილ ზედაპირზე წევს, გადაგვყავს მაგარზე (იატაკზე) და გულ-ფილტვის რეანიმაციას ვიწყებთ.
ამერიკის გულის ასოციაციის მიერ გამოქვეყნებული უახლესი (2010 წლის) გაიდლაინის მიხედვით, უგონო მდგომარეობისა და სუნთქვის გაჩერებისას გულ-ფილტვის რეანიმაცია გულის არაპირდაპირი მასაჟით იწყება.
გულის არაპირდაპირი მასაჟი
გონდაკარგულს უნდა მოვუშიშვლოთ გულმკერდი და მოვძებნოთ ზეწოლის ადგილი.
მამაკაცებთან ეს უფრო ადვილია: ზეწოლა ხდება ძუძუსთავების შემაერთებელი ხაზის შუა წერტილზე, მკერდის ძვალზე.
ქალებს, სარძევე ჯირკვლის სიდიდის გამო, ეს ადგილი სხვაგვარად ეძებნებათ: ორი თითით უნდა მოვძებნოთ ნეკნების შეერთება, ამ თითების გვერდით (ზემოდან) მოვათავსოთ მეორე ხელის ნები (მტევნის უკანა ნაწილი) და მხოლოდ ამის შემდეგ ავიღოთ პირველი. როდესაც ხელი უკვე ზეწოლის ადგილზეა, მას ზემოდან ჩავჭიდებთ მეორე ხელს, ხელებს გავმართავთ, ისე დავდგებით, რომ მკერდის ძვალსა და ჩვენს ხელებს შორის შევქმნათ მართი (90-გრადუსიანი) კუთხე და ვიწყებთ რიტმულ ზეწოლას მკერდის ძვალზე (სურ. 2-3). ზეწოლა სათანადო სიხშირისა და სიღრმისა უნდა იყოს. სიხშირე ისე უნდა გავთვალოთ, რომ წუთში, სულ მცირე, 100 გამოვიდეს (ეს გულისცემის ნორმალური სიხშირის ზედა ზღვარია). მკერდის ძვალს ვაწვებით 30-ჯერ ასეთი სიხშირით. ზეწოლის სიღრმე მოზრდილებში, სულ ცოტა, ხუთ სანტიმეტრს უნდა აღწევდეს, ესე იგი მკერდის ძვალი ხუთი სანტიმეტრით ჩავიდეს ქვევით. ამ დროს გული მასა და ხერხემლის მალებს შორის იჭყლიტება და იძულებული ხდება, სისხლი თავის ტვინისა და გულის კუნთის მკვებავი სისხლძარღვებისკენ გადაისროლოს.
ჩვენი მიზანიც სწორედ ეს არის – ნერვულ ქსოვილს, რომელიც კვების გარეშე მალე იწყებს კვდომას, ამის საშუალება არ მივცეთ. ზეწოლის მოხსნისას გული იბრუნებს საწყის ფორმას და ივსება სისხლით. ასე ვიწვევთ სისხლის ცირკულაციას ხელოვნურად. ამის შემდეგ, თუ მარტო ხართ, უნდა გადაინაცვლოთ გონდაკარგულის თავთან, გაუხსნათ სასუნთქი გზები და ჩაუტაროთ ხელოვნური სუნთქვა.
სასუნთქი გზების გახსნა
არსებობს გამოთქმა – ადამიანს ენა გადაეყლაპაო. ასეთი რამ პრაქტიკულად შეუძლებელია, თუმცა ენა ნამდვილად აფერხებს სუნთქვას. უგონოდ მყოფი ადამიანის ყველა კუნთი, მათ შორის – ენისაც, მოდუნებულია. როდესაც ის ზურგზე წევს, მოდუნებული ენა იმგვარად გადადგილდება, რომ სასუნთქ გზებს ახშობს და ხელს უშლის ჰაერის მოძრაობას. სასუნთქი გზების გასახსნელად უგონოდ მყოფს ხელისგულს შუბლზე ვადებთ, მეორე ხელის ორ თითს კი ნიკაპის ძვალზე ამოვდებთ და თავს უკან გადავაწევინებთ. თავის უკან გადაწევისას ენა შორდება სასუნთქ გზებს (სურ. 4).
ხელოვნური სუნთქვა
იმ ხელის თითებით, რომელიც შუბლზე გვიდევს, ვახშობთ ნესტოებს, რათა ჩაბერილი ჰაერი ცხვირიდან არ გამოვიდეს (სურ. 5).
გონდაკარგულს ტუჩებზე ვაფარებთ სპეციალურ ბარიერულ მოწყობილობას, რომელიც ინფექციისგან დაგვიცავს. თუ ასეთი აღჭურვილობა არ გვაქვს, ამ მიზნით ვიყენებთ ცხვირსახოცს ან ტანსაცმლის კიდეს.
პირით მთლიანად ვფარავთ გონდაკარგულის ტუჩებს, თანაც ჰერმეტულად, რათა ჩაბერვისას ტუჩებს შორის არსებული ნაპრალიდან ჰაერმა არ გამოაღწიოს. სულ ორჯერ ჩავბერავთ. თითო ჩაბერვის ხანგრძლივობაა ერთი წამი. ჩაბერვის პარალელურად ვუყურებთ, როგორ იბერება გულმკერდი ჰაერით. შემდეგ ტუჩებს ვაშორებთ და გულმკერდს პასიური ამოსუნთქვის საშუალებას ვაძლევთ. როცა დავრწმუნდებით, რომ გულმკერდი ბოლომდე დაეშვა, ხელმეორედ ჩავბერავთ (სურ. 6).
30 ზეწოლა და 2 ჩაბერვა არის გულ-ფილტვის რეანიმაციის ერთი ციკლი. ასე ვაგრძელებთ, სანამ არ მოვა დამხმარე ან სასწრაფო დახმარების ბრიგადა, ანდა არ მივიღებთ დადებით შედეგს ანუ გონდაკარგული დამოუკიდებლად არ დაიწყებს სუნთქვას, რაც იმის ნიშანია, რომ გულიც ამუშავდა, შემთხვევის ადგილზე საფრთხე არ შეექმნება ჩვენს სიცოცხლეს (თუ ასე მოხდა, შემთხვევის ადგილი უნდა დავტოვოთ) ან ამის უნარი შეგვწევს, ანუ ფიზიკურად გამოვიფიტებით.
რეანიმაციის ჩატარებას აზრი აქვს 40-45 წუთის განამვლობაში, ამის შემდეგ ის, პრაქტიკულად, უშედეგოა.
თუ გვერდით მეორე ადამიანიც გყავთ, გულ-ფილტვის რეანიმაციაში დაიხმარეთ. დგებით ერთმანეთის პირისპირ, ერთი – გულმკერდის პროექციაზე, მეორე – თავთან. ერთი ზეწოლას ახდენს, მეორე – ჩაბერვას, ოღონდ მონაცვლეობით – როდესაც ერთი თავის საქმეს გააკეთებს და გაჩერდება, მეორე იწყებს და პირიქით. რაკი ზეწოლები ფიზიკურად უფრო ძნელი შესასრულებელია, ყოველი ხუთი ციკლის შემდეგ ერთმანეთს ენაცვლებით – ვინც თავთან იდგა, გადაინაცვლებს გულმკერდთან იმავე მხარეს, ვინც გულმკერდთან იდგა – გადადის თავთან (სურ. 7). ვინაიდან ციკლი ჩაბერვით მთავრდება, ვინც მეხუთე ციკლს ამით ასრულებს, ისვე განაგრძობს ზეწოლებით ახალ ციკლს. ასე აგრძელებთ, სანამ მოვა სასწრაფო დახმარება, მიიღებთ სასურველ შედეგს ან დარწმუნდებით, რომ რეანიმაციას აზრი აღარ აქვს.
მარი აშუღაშვილი