შაქრიანი დიაბეტის მკურნალობა

გააზიარე:

მეშვიდე წელია, ამა თუ იმ დაავადებაზე საუბარს სწორედ აქ ვწყვეტდით – მედიკამენტური თერაპია, თუ საქმე ურეცეპტოდ გასაცემ წამლებს არ ეხება, იმდენად რთული და კომპლექსური საკითხია, რომ სცილდება პოპულარული სამედიცინო პუბლიცისტიკის კომპეტენციას. ამჯერად კი გადავწყვიტეთ, შაქრის დამწევ მედიკამენტთა ჯგუფებზე გიამბოთ. ამთავითვე დავაზუსტებთ: ერთი სტატია ვერ შეცვლის სამედიცინო უნივერსიტეტში თუ კლინიკური პრაქტიკის დროს შეძენილ ცოდნას. რა შთაბეჭდილებაც არ უნდა დაგრჩეთ, არავითარ შემთხვევაში არ 
გაქვთ უფლება, შეცვალოთ ექიმის მიერ დანიშნული წამალი. სამაგიეროდ, უფლება გაქვთ იცოდეთ, როგორია თანამედროვე სამედიცინო საზოგადოების მიდგომა თქვენი დაავადების მკურნალობისადმი, უფლება გაქვთ, ექიმს იმის ახსნა სთხოვოთ, რატომ მიაჩნია უმჯობესად ეს (და არა სხვა) სქემა. ქვემოთ მოყვანილი ინფორმაცია კი, ვფიქრობთ, ასეთი საუბრის წარმართვაში დაგეხმარებათ.
კიდევ ერთი ზოგადი განმარტება: ნებისმიერ წამალს კომერციულ სახელთან (ბრენდთან) ერთად საერთაშორისო სახელი – ე.წ ჯენერიკიც აქვს. ვინაიდან ბრენდი ძალიან ბევრია, შეფუთვაზე ყოველთვის არის მითითებული მედიკამენტის ჯენერიული დასახელებაც. ასე, მაგალითად: სიორალის კოლოფზე შეგიძლიათ ამოიკითხოთ ჯენერიკიმეტფორმინი. ქვემოთ წამლების მხოლოდ საერთაშორისო დასახელებებს შევეხებით.
შაქრიანი დიაბეტის მანიფესტაციისთანავე ცხოვრების წესის გაჯანსაღებასთან ერთად (დიეტა და მეტი ფიზიკური აქტივობა) ინიშნება მედიკამენტური თერაპია, სადაც, მსოფლიოს წამყვანი ენდოკრინოლოგების რეკომენდაციით, არჩევანი მეტფორმინის სასარგებლოდ კეთდება. ეს პრეპარატი აქვეითებს ინსულინრეზისტენტობას, ხელს უწყობს პერიფერიულ ქსოვილებს, უპირველეს ყოვლისა – კუნთებს, გლუკოზა შეითვისონ; ხელს უშლის ღვიძლში არსებული მარაგიდან გლუკოზის გამოთავისუფლებას, რაც უზმოზე სისხლში გლუკოზის დონის ნორმალიზაციას უწყობს ხელს; ააქტიურებს გლუკოზის ჟანგბადის გარეშე დაშლას და ამცირებს წვრილ ნაწლავში მის შეწოვას. ამავე დროს მეტფორმინი არ ასტიმულირებს ინსულინის პროდუქციას პანკრეასის β უჯრედების მიერ; ამ პრეპარატის მიღების ფონზე გლუკოზის დონე ნორმაზე მეტად არ მცირდება. პრეპარატი არც წონის მატებას უწყობს ხელს.
მეტფორმინით მკურნალობა ასევე ხელს უწყობს ლიპიდური პროფილის გაუმჯობესებას, რის გამოც დადებით ეფექტს ახდენს გულ-სისხლძარღვთა სისტემის მდგომარეობაზე.
თუ ასეთი მკურნალობით გლუკოზის დონისა და გლიკოზირებული ჰემოგლობინის სამიზნე მაჩვენებლებს ვერ მივაღწიეთ, მკურნალობის გაძლიერება გვიხდება. ცხოვრების სტილის მოდიფიკაციასა და მეტფორმინს სხვა –  ჩვეულებრივ, სულფანილშარდოვანას ჯგუფის – პრეპარატს ვუმატებთ. სულფანილშარდოვანას ჯგუფის პრეპარატები აძლიერებენ პანკრეასის β უჯრედების მიერ ინსულინის გამოყოფას. მათ საკმაოდ გამოხატული შაქარდამწევი ეფექტი აქვთ და შესწევთ უნარი, გლიკოზირებული ჰემოგლობინი საშუალოდ 1,5%-ით დააქვეითონ. მაგრამ სულფანილშარდოვანას ჯგუფის პრეპარატებით მკურნალობის ფონზე მიღწეული ნახშირწყლოვანი ცვლის კომპენსაციის ხანგრძლივობა შედარებით დაბალია. ამ ჯგუფის პრეპარატების მიღება მეტ-ნაკლებად უკავშირდება წონის მატებას (დაახლოებით 2 კგ-ით) და ჰიპოგლიკემიის (სისხლში შაქრის ნორმაზე მეტად დაწევის) ეპიზოდების განვითარებას. აღსანიშნავია ისიც, რომ პანკრეასის β უჯრედების ქრონიკული სტიმულაცია ხელს უწყობს მათ თანდათანობით გამოფიტვას და რამდენიმე წლის შემდეგ გამოხატული ინსულინდეფიციტის განვითარების საფრთხეს ქმნის.
არსებობს ალტერნატივაც: სულფანილშარდოვანას პრეპარატის ნაცვლად ცხოვრების სტილის მოდიფიკაციასა და მეტფორმინს ხანგრძლივი მოქმედების ინსულინის ინექციები დავამატოთ. ხაზს ვუსვამ: არ არის მართებული, გართულებების ჩამოყალიბებას დაველოდოთ და ინსულინი მაშინღა დავნიშნოთ, როცა სხვა ყველა გზა ამოწურულია. სავსებით გასაგებია, რომ მრავალ პაციენტს ინექციას აბი ურჩევნია, მაგრამ შიში ამ პრეპარატის წინაშე სრულიად უსაფუძვლოა. არის შემთხვევები, როდესაც დაავადების დადგენისთანავე ინსულინთერაპიის დანიშვნა ჯობს. მაგალითად, მაშინ, როცა გლიკოზირებული ჰემოგლობინი 10%-ზე მეტია, პლაზმური გლუკოზის კონცენტრაცია უზმოზე 250 მგ/დლ-ს (13,9 მმოლ/ლ-ს) აღემატება ან პაციენტმა უმიზეზოდ დაიკლო წონა.
მეტფორმინიც, სულფანილშარდოვანას პრეპარატებიც და ინსულინიც დროის მიერ არის გამოცდილი, მათი ძლიერი თუ სუსტი მხარეების შესახებ მეტი ვიცით და ამიტომაც გვირჩევენ ექსპერტები, არჩევანი პირველ რიგში მათზე შევაჩეროთ. ამავე დროს ბაზარზე გამუდმებით შემოდის ახალი პრეპარატები, ექიმები გამუდმებით ვეძიებთ მკურნალობის უკეთეს მეთოდებს, მაგრამ ძველზე უარს მხოლდ მაშინ ვამბობთ, როცა დამტკიცდება, რომ ნოვაცია ნამდვილად უკეთესია. ამ ერთგვარ კონსერვატიზმს სწორედ უკეთესის მიგნებისა და პაციენტთა კეთილდღეობის სურვილი უდევს საფუძვლად.
შედარებით ახალი პრეპარატებია გლუკაგონის მსგავსი პეპტიდი 1 ანალოგების (ინკრეტინების) ჯგუფი. ეს მედიკამენტები პანკრეასის β უჯრედებს გლუკოზის დონის მომატებისას ინსულინის გამოყოფაში ეხმარება. გლიკემიის კონტროლთან ერთად ინკრეტინები ხელს უწყობენ წონის კლებას, ლიპიდური პროფილის გაუმჯობესებას, არტერიული წნევის დაქვეითებს და, სავარაუდოდ, ამცირებენ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა განვითარების რისკს. ინკრეტინები კი არ ფიტავენ პანკრეასის β უჯრედებს, არამედ პირიქით, ხელს უწყობენ მათ შენარჩუნებას, ისევე როგორც ღვიძლის ცხიმოვანი დაზიანების უკუგანვითარებას. მოქმედების ნატიფი მექანიზმის წყალობით ინკრეტინებით მკურნალობის ფონზე ჰიპოგლიკემიის განვითარების (შაქრის დონის დაცემის) რისკი ძალიან დაბალია.
მიუხედავად ესოდენ სახარბიელო წინასწარი მონაცემებისა, წლებია საჭირო, რომ გამოცდილება დაგროვდეს და საბოლოო დასკვნის გაკეთება შევძლოთ. პრეპარატთა ეს ჯგუფი საქართველოში რეგისტრირებული არ არის.
დიდი შეცდომაა, რომ როცა ვერ აღწევენ გლიკემიისა და გლიკოზირებული ჰემოგლობინის სამიზნე მაჩვენებლებს, მკურნალობის სქემაში საჭირო კორექტივები დროულად არ შეაქვთ. თუ პრეპარატების დანიშნული კომბინაციით სათანადო შედეგი ვერ მიიღწევა, მკურნალობის კორექცია დაახლოებით 3 თვეში უნდა მოხდეს. ინსულინთერაპიის დროული დანიშვნა პაციენტს შაქრიანი დიაბეტის ქრონიკული გართულებების განვითარებისგან იცავს.

ყველაფერი კარგად იქნება
“მე დამოკიდებული ვარ დიაბეტზე, მაგრამ სრულიად დამოუკიდებელი ვარ ცხოვრებაში”, – ხშირად ამბობენ შაქრიანი დიაბეტის მქონე ადამიანები,  რომელთა შორის ბევრი სიცოცხლით სავსე და პერსპექტიული ახალგაზრდაა. ზუსტად ისეთი, როგორიც ჩვენი სტუმარი ბექა გიორგაძე გახლავთ.
15 წლამდე თანატოლებივით ცხოვრობდა –  სკოლაში დადიოდა, კალათბურთს თამაშობდა... ერთ ზამთარს კი მადა დაკარგა და გახდა. მხოლოდ წყალს ეძალებოდა. ექიმთან მიიყვანეს. ანალიზებმა შაქრის ძალიან მაღალი შემცველობა – 312 აჩვენა...
ბექამ იოლად შეეგუა იმ აზრს, რომ მისი დიაგნოზი – შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1 – სამუდამო დიეტას, ნემსებს და ცხოვრების სრულიად ახალ რეჟიმს ნიშნავდა. პროფესიულ სპორტს თავი დაანება (ეს ნაბიჯიც შეგნებულად და მშვიდად გადადგა), თუმცა აქტიურ ცხოვრებაზე უარი არ უთქვამს –  ცურავდა, დარბოდა. “არავითარი დეპრესია, კომპლექსი, იმედგაცრუება... დიაბეტი წარმოვიდგინე ცხოვრების ჩვეულებრივ, თუმცა ადრინდელისგან ოდნავ განსხვავებულ, უფრო ჯანსაღ წესად, რომელიც საკუთარი თავის მიმართ მეტ ყურადღებას, მეტ მზრუნველობას მოითხოვს”.
შემდეგ ინსულინთერაპია დაუნიშნეს. ინსულინის წყალობით მადაც მოემატა. თავდაპირველად ჰორმონის დიდ დოზას იღებდა, შემდეგ შეუმცირეს.
დიაბეტი რომ აღმოაჩნდა, დედაც მალევე გარდაეცვალა. ვეკითხები: “არ გაგიჭირდა დამოუკიდებლობას მიუჩვეველს, ჯერ კიდევ ბავშვს, ამ რთული  რეჟიმის დაცვა?” მპასუხობს: “თავადაც ძალიან მონდომებული ვიყავი, მაგრამ მამაჩემმა სასწაული ჩაიდინა –  იყიდა უამრავი რვეული, სადაც დაწვრილებით იწერდა ჩემს მონაცემებს. ინსულინის გაკეთებისა და კვების საათებს ლამის წამებში აკონტროლებდა. ბებიამაც უდიდესი წვლილი შეიტანა ამ ყველაფერში. გავიზარდე და მამაჩემიც შედარებით დამშვიდდა, ძველებურად აღარ დამკანკალებს თავს, მაგრამ ბებია  დღემდე ძალიან ბევრს აკეთებს ჩემი ჯანმრთელობისთვის. დღეში რამდენჯერმე მირეკავს, ჭამისა და წამლის გაკეთების დროს მახსენებს, საჭმელს მიმზადებს, თან მყვება”.
ამასობაში დაამთავრა სკოლა, პირველსავე წელს ჩაირიცხა სახელმწიფო უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე. დაამთავრა მაგისტრატურაც. სწავლის პერიოდშივე დაიწყო მუშაობა. მას შემდეგ, როგორც თვითონ მითხრა, მუშაობს და მუშაობს. ახლა 26 წლისაა და ეკონომიკის სამინისტროს ერთ-ერთი შპს-ის იურისტია.
სიტყვამ მოიტანა და ერთ კურიოზსაც მომიყვა ღიმილით: “შპრიცი, რომლითაც ინსულინს ვიკეთებ, კალამს ჰგავს, ერთი შეხედვით ვერც კი მიხვდებით, რომ შპრიცია, მაგრამ ადრე, სანამ ასეთი კალმები შემოვიდოდა, ჩვეულებრივ ინსულინის შპრიცს ვხმარობდი. ერთხელ სტადიონზე ვიყავი. ნემსის გაკეთების დრო რომ მომივიდა, ავდექი და გამოვედი, კიბესთან გავჩერდი და ნემსი ამოვიღე. გასაკეთებლად მოვემზადე და მეცნენ კიდეც ფორმიანები –  რას შვრებიო. ინსულინის ვიკეთებ-მეთქი. ვიცით, ვიცით, რა ინსულინიც არისო, ირონიულად მიპასუხეს. ჩემდა ბედად, ერთ-ერთმა მათგანმა წამლის სახელწოდება წაიკითხა და სიმართლეც გაირკვა. დიდი ბოდიშები მიხადეს და თავი დამანებეს. ერთი კი ვუთხარი – თქვე კაი ხალხო, ნარკოტიკის გაკეთება რომ მინდოდეს, სამოცი ათასი კაცის თვალწინ გავიკეთებდი-მეთქი?!”
თურმე ათი წელი იცვლიდა ექიმებს, მაგრამ შაქარი ვერც ერთმა ვერ დაურეგულირა. ”ამას ფიზიკურადაც ვგრძნობდი – დაღლილობა, სისუსტე, უხასიათობა დამჩემდა. დავდიოდი ასე,  ერთი ექიმისგან მეორესთან და ბოლოს ნინო ექიმმა მომცა ის, რაც ჩემს ჯანმრთელობას სჭირდებოდა”.
“ნინო ექიმი” “ავერსის კლინიკის” ენდოკრინოლოგი ნინო გაბიძაშვილი გახლავთ. ბექა მასთან საკუთარი დის რჩევით მოხვდა. “ჩემი და, გვანცა, “ავერსის კლინიკის” ნევროლოგია. ნინოზე მითხრა, ძალიან კარგი სპეციალისტიაო. მეც მივედი და არც მინანია. ახალი და უფრო ეფექტური მკურნალობა დამინიშნა და შაქარი თვალის დახამხამებაში მომიწესრიგა. თვითონვე ვატყობ, რომ უკეთ ვარ. რაც მთავარია, არავითარი საკვები არ მეკრძალება. წამლის დოზას პურის ერთეულების (საკვებში ნახშირწყლების რაოდენობის დათვლის მოხერხებული და მარტივი სისტემის) მიხედვით ვსაზღვრავ. მაქვს შაქრის საზომი აპარატი, რომელსაც სულ თან ვატარებ, დღეში ოთხჯერ თავად ვიზომავ შაქარს და ვიკეთებ ინსულინს. ამ პროცედურას მაქსიმუმ სამი წუთი მიაქვს. ასეთმა რეჟიმმა ენერგიაც შემმატა. თვეში ათ დღეს სპორტს ვუთმობ. ზედმეტი წონა მქონდა, მაგრამ რაც ინსულინის დოზები დავარეგულირეთ, წონაც ნორმაში ჩადგა.
ბედმა გამიღიმა, რომ ასეთი ექიმი შემხვდა. ძალიან სასიამოვნო პიროვნებაა, საოცრად თბილი, დახვეწილი. ამდენი ექიმი გამოვიცვალე, მაგრამ თურმე ისიც არ მცოდნია, რა მჭირდა, ნინომ კი პირველსავე კონსულტაციაზე მარტივად და გასაგებად ამიხსნა, რა არის დიაბეტი. დამაჯერა, რომ ეს უკეთესი, მოწესრიგებული და ჯანსაღი ცხოვრების საწინდარია.
მკურნალობა რომ დავიწყეთ, დღეში სამ-ოთხჯერ ვურეკავდი; მე თუ არ დავურეკავდი, თვითონ მეხმიანებოდა. უცხოეთში, კონფერენციაზე რომ იყო, მაშინაც კი პოულობდა დროს, მიკავშირდებოდა და რჩევებს მაძლევდა. ყველაფერი გააკეთა ჩემი ჯანმრთელობისთვის. რასაც შემპირდა, შეასრულა... გინდ დაიჯერეთ, გინდ არა – რაც ნინოსთან დავიწყე მკურნალობა, თითქოს ჩემი ცხოვრებაც უფრო და უფრო უკეთ წარიმართა.
დიაბეტით დაავადებულებს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც დიაგნოზი ახლახან დაუსვეს, მინდა ერთი რამ ვუთხრა: მიიღეთ დიაგნოზი როგორც ცხოვრების მორიგი გამოწვევა და არა როგორც განაჩენი. თუ ნებისყოფას მოიკრებთ, დაავადებას კარგად გაიცნობთ და მის მართვას ისწავლით, დიაბეტი თქვენს ცხოვრებისეულ გეგმებს ხელს ვერ შეუშლის. უკვე აქტიური სპორტისთვის თავის დანებებაც აღარ არის აუცილებელი. ის კი არა, დიაბეტით დაავადებულები ოლიმპიადებშიც იმარჯვებენ... ერთი სიტყვით, ნუ შეშინდებით. ყველაფერი კარგად იქნება”.

გააზიარე: