ოსტეოპოროზის ჩუმი ეპიდემია

გააზიარე:

ასაკთან ერთად ადამიანს უამრავი პრობლემა ატყდება თავს: ორგანიზმი იფიტება, სუსტდება, ძველი სნეულებები მწვავდება, ახლები ჩნდება... ერთ-ერთი მათგანია ოსტეოპოროზი – ძვლოვანი სისტემის დაავადება. თუმცა არ გეგონოთ, რომ ოსტეოპოროზი მხოლოდ ასაკოვანთა საზრუნავია; ამ დაავადების პრევენცია ბავშვობიდანვე იწყება.
ოსტეოპოროზის შესახებ კლინიკა ”ჯანმრთელი ცხოვრების” ენდოკრინოლოგები გვესაუბრებიან.

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელენე გიორგაძე: – ოსტეოპოროზი ჩონჩხის სისტემური დაავადებაა,  რომელსაც ძვლის  სიმკვრივის შემცირება და სტრუქტურის შეცვლა ახასიათებს. ამ ცვლილებათა გამო ძვლის სიმყიფე იზრდება და, რაც მთავარია, საგრძნობლად იმატებს მოტეხილობის რისკი. ოსტეოპოროზის დროს მცირე ტრავმასაც კი შეიძლება მოტეხილობა მოჰყვეს. დაავადება თანდათან ვითარდება და ხშირად მხოლოდ მოტეხილობის შემდეგ ვლინდება, რის გამოც მას ჩუმ ეპიდემიას უწოდებენ.
ოსტეოპოროზი მედიცინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემაა. ჩვენი კლინიკა უკვე ხუთი წელია ამ პრობლემით არის დაკავებული. ოსტეოპოროზი  დღეს ისევე აქტუალურია, როგორც ონკოლოგიური და კარდიოლოგიური დაავადებები.
ჩვენს კლინიკაში ოსტეოპოროზზე მედიცინის დოქტორი მარინა ცაგარელი მუშაობს. თქვენს მომდევნო შეკითხვებს სწორედ ის უპასუხებს.

მედიცინის დოქტორი მარინა ცაგარელი:
– ცხოვრების დონის გაუმჯობესებასთან ერთად მთელ მსოფლიოში იზრდება ასაკოვანი მოსახლეობის ხვედრითი წილი, რის  გამოც   ოსტეოპოროზის პრობლემა სულ უფრო მეტ აქტუალობას იძენს.
ასაკთან დაკავშირებულ დაავადებებს შორის ოსტეოპოროზი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული დაავადებაა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ოსტეოპოროზით უკვე 200 მილიონი ადამიანია ავად.  50 წელს გადაცილებულთა შორის ის სამიდან ერთ ქალს და ხუთიდან ერთ მამაკაცს აღენიშნება. სავარაუდოდ, 2050 წლისთვის ბარძაყის მოტეხილობა 6 მილიონამდე ადამიანს ექნება.
ამჟამად დადგენილია, რომ ოსტეოპოროზის საწყისები ახალგაზრდობაში უნდა ვეძებოთ. ბავშვობისა და მოზარდ ასაკში, განსაკუთრებით – სქესობრივი მომწიფების პერიოდში, ინტენსიურად იზრდება ძვლოვანი ქსოვილის მასა, ხოლო 25-30 წლისთვის პიკურ მნიშვნელობას აღწევს. პიკური ძვლოვანი მასის ფორმირება ჩონჩხის ასაკობრივი განვითარების უმნიშვნელოვანესი ეტაპია და მთელი შემდგომი სიცოცხლის მანძილზე განსაზღვრავს ძვლის სიმტკიცეს. პიკური ძვლოვანი მასის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს გენეტიკური ფაქტორები, ჰორმონული სპექტრი, კვება და ცხოვრების სტილი.
როდესაც პიკური მასა ვერ აღწევს ინდივიდისთვის გენეტიკურად განსაზღვრულ მნიშვნელობას, ძვლის ფიზიოლოგიური, ასაკობრივი კარგვის შედეგად იზრდება ოსტეოპოროზის განვითარების რისკი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ პროცესს არასასურველი ფაქტორების ზემოქმედება ერთვის. ამიტომ ოსტეოპოროზის პრევენცია ბავშვობის ასაკშივე უნდა დავიწყოთ.
სრულფასოვანი კვება და ცხოვრების ჯანსაღი წესი ამცირებს ოსტეოპოროზის განვითარების რისკს, ამიტომ აუცილებელია, სისტემატურად მივიღოთ კალციუმით მდიდარი საკვები, მათ შორის – რძე და რძის ნაწარმი. ხშირად აუცილებელია კალციუმის შემცველი პრეპარატების მიღება. დიდი მნიშვნელობა  ენიჭება ფიზიკურ აქტივობას, რომელიც ძვლოვან ქსოვილს ამაგრებს, განსაკუთრებით – ჩონჩხის კუნთების გასამაგრებელ ვარჯიშებს.
აუცილებელია ოსტეოპოროზის განვითარების რისკფაქტორების ცოდნა. მათი არსებობისა და თანხვედრის  შემთხვევაში პერიოდულად უნდა ჩატარდეს გამოკვლევები. დროული დიაგნოსტიკა საშუალებას მოგვცემს, ოსტეოპოროზი და ოსტეოპოროზული მოტეხილობა თავიდან ავიცილოთ.
 – ოსტეოპოროზის რისკფაქტორები ახსენეთ. კერძოდ, რა ზრდის ამ დაავადების განვითარების რისკს?
– ოსტეოპოროზის რისკფაქტორებად მიიჩნევა ევროპული და აზიური რასა, მემკვიდრეობა, ჰორმონული დარღვევები, კალციუმის, D ვიტამინის, ცილების დეფიციტი, ცხოვრების არასწორი წესი – ჰიპოდინამია, თამბაქოს წევა, ალკოჰოლიზმი, ასევე – დაავადებების მთელი წყება (ენდოკრინული, რევმატული, საჭმლის მომნელებელი სისტემის, თირკმლის დაავადებები და სხვა) და ზოგიერთი მედიკამენტი.
ოსტეოპოროზით უმეტესად ქალები ავადდებიან, მაგრამ არანაკლებ აქტუალურია მამაკაცთა ოსტეოპოროზის პრობლემა. ქალებში ოსტეოპოროზის განვითარების რისკი განსაკუთრებით მაღალია პოსტმენოპაუზურ პერიოდში, როდესაც ორგანიზმში სასქესო ჰორმონების ოდენობა მცირდება. დადგენილია, რომ სასქესო ჰორმონები ძვლოვანი სისტემის პროტექტორებს წარმოადგენენ. ყოველგვარი ჰორმონული დისბალანსი როგორც ქალებში, ისე მამაკაცებში ძვლის სიმტკიცის შემცირებას იწვევს. მამაკაცების პიკური ძვლოვანი მასა იმთავითვე უფრო მაღალია, რაც მათ ფიზიკურ განვითარებას უკავშირდება, ამიტომ ძვლის ასაკობრივი, ფიზიოლოგიური კარგვის შედეგად ოსტეოპოროზის განვითარების რისკი მამაკაცებს უფრო ნაკლები აქვთ. გარდა ამისა, ქალებს სიცოცხლის მანძილზე აქვთ ისეთი კრიტიკული პერიოდები, როგორიც არის ორსულობა, ლაქტაცია და მენოპაუზა, როდესაც ძვლოვანი მასის შენარჩუნებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.
ამ დაავადების ერთ-ერთი კლასიკური გამოვლინებაა ხერხემლის მალების მოტეხილობა, რაც იწვევს ზურგის მწვავე ან ქრონიკულ ტკივილებს, ტანადობის შეცვლას, სიმაღლის დაკლებას. ეს უარყოფით გავლენას ახდენს ფილტვების ფუნქციაზე. ხშირია წონის კლება. უარესდება ცხოვრების ხარისხი, ადამიანი ანალგეტიკებზე ხდება დამოკიდებული, ეწყება დეპრესია. შესაძლებელია გაფანტული ტკივილი პერიფერიულ ძვლებში.
ბოლო დრომდე ოსტეოპოროზის დიაგნოზს დაგვიანებით სვამდნენ ნაკლებად ინფორმაციული რენტგენოლოგიური გამოკვლევის საფუძველზე – მაშინ, როცა ძვლის 30-40% უკვე დაკარგული იყო. ახლა უკვე შეგვიძლია, ოსტეოპოროზი ადრეულ სტადიაზე, კლინიკურ გამოვლინებამდე აღმოვაჩინოთ.
ოსტეოდენსიტომეტრიის განვითარებამ შესაძლებელი გახადა, ძვლის სიმკვრივის შემცირება ადრეულ ეტაპზევე იქნეს შემჩნეული და დაიწყოს პროფილაქტიკა. ამ მეთოდის საშუალებით მაქსიმალური სიზუსტით ფასდება ძვლოვანი ქსოვილის რაოდენობრივი მაჩვენებლები, მისი მინერალიზაციის ხარისხი და მოტეხილობის რისკი.
გარდა დენსიტომეტრიული კვლევისა, ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკური კომპლექსი მოიცავს ლაბორატორიულ გამოკვლევებს: კალციუმისა და კალციუმის ცვლაში მონაწილე ჰორმონების, აგრეთვე – ძვლის მეტაბოლიზმის მარკერების განსაზღვრას, რის საფუძველზეც შეირჩევა მკურნალობა და ხორციელდება მკურნალობის მონიტორინგი.
სამწუხაროდ, დაავადების დიაგნოსტიკა მთელ მსოფლიოში ასიდან მხოლოდ 50 შემთხვევაში ხდება, საქართველოში კი არადიაგნოსტირებულ შემთხვევათა რიცხვი უფრო დიდია.
ოსტეოპოროზის დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტად ორმაგენერგეტიკული რენტგენული აბსორბციომეტრია (DEXA) მიიჩნევა. ეს ძალიან მგრძნობიარე და ზუსტი დენსიტომეტრიული მეთოდია, რომელიც განსაზღვრავს ძვალში ფართობის ერთეულზე მინერალის შემცველობას არა მხოლოდ ჩონჩხის პერიფერიულ ნაწილებში, არამედ ხერხემალშიც. ამ მეთოდის საშუალებით ძვლის სიმკვრივე განისაზღვრება ბარძაყისა და წინამხრის ძვლებშიც – იმ ადგილებში, რომლებიც ოსტრეოპოროზის შედეგად ყველაზე მეტად ზიანდება. ჩვენს კლინიკაში  ახლახან დამონტაჟებული ბოლო თაობის ორმაგენერგეტიკული რენტგენული აბსორბციომეტრი  Lunar Prodigy Primo სტანდარტულ პროგრამებთან ერთად აღჭურვილია სპეციალური პედიატრიული, ორთოპედიული და სხვა პროგრამებით. პედიატრიული პროგრამის მეშვეობით შეიძლება განისაზღვროს ძვლოვანი მასა და ძვლის სიმკვრივე ბავშვებში, რაც ჩონჩხის ნორმალური ზრდისა და განვითარების პროგნოზირების საშუალებას იძლევა. ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო მკურნალობის მონიტორინგიც სწორედ  DEXA-ს საშუალებით უნდა მოხდეს. 
საბედნიეროდ, საქართველოში უკვე ხელმისაწვდომია ოსტეოპოროზის სამკურნალო ხარისხიანი პრეპარატები. მათი მოქმედების მექანიზმი სხვადასხვაა. მიღების რეჟიმიც განსხვავებულია: არის როგორც ყოველდღიური, ისე თვეში ერთხელ და წელიწადში ერთხელ მისაღები ფორმები.
ყველა პრეპარატს თავისი ჩვენება აქვს. მკურნალობა კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევების საფუძველზე კვალიფიციურმა სპეციალისტმა ინდივიდუალურად უნდა შეარჩიოს, სხვაგვარად იგი უშედეგო იქნება.
ოსტეოპოროზით დაავადებულთათვის რეკომენდებულია ცხოვრების აქტიური, ჯანსაღი წესი, ზომიერი ფიზიკური დატვირთვა. უნდა ერიდონ მკვეთრ მოძრაობებს, მძიმე საგნების აწევას, წაქცევას. საცხოვრებელი ადგილი ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ მინიმუმამდე შემცირდეს წაქცევის ალბათობა. კვების რაციონი მაქსიმალურად უნდა გამდიდრდეს კალციუმის შემცველი პროდუქტებით. უნდა შეიზღუდოს ალკოჰოლის, ყავის, სიგარეტის მოხმარება.

გააზიარე: